სამშაბათი, 29 ივლისი, 2014 თბილისის დრო 20:47

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

ირაკლი ოქრუაშვილი: ”რობაქიძის მკვლელობის დროს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, რა ხდებოდა შსს-ში”

x

მულტიმედია

აუდიო
  • ირაკლი ოქრუაშვილი: ”რობაქიძის მკვლელობის დროს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, რა ხდებოდა შსს-ში”

დაკითხავენ თუ არა ხელახლა ბუტა რობაქიძის საქმეზე მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, ამის შესახებ პროკურატურა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა თავად ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმესთან რაიმე ტიპის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. მან ეს განცხადება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ “მეცხრე არხის” ეთერში გააკეთა. მეტიც, მისი თქმით, იმის გამო, რომ იმ დროს  პოსტს იცვლიდა და თავდაცვის მინისტრად ინიშნებოდა, ის ”ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, რა ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში”. ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ამ ფაქტით, ჩანს, უწყების დაბალმა რგოლმა ისარგებლა და ”თვითშემოქმედებას მიმართა”.

”პირდაპირ ვიტყვი, ეს საქმე ჩემი სამწლიანი მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი შავი ლაქაა”, -  განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმის თაობაზე ზუსტად ერთი თვის წინ „მეცხრე არხის“ ეთერში.  2004 წლის 24 ნოემბერს - მაშინ, როდესაც წერეთლის გამზირზე 19 წლის ბუტა რობაქიძე პატრულის ტყვიას ემსხვერპლა - ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ეს თანამდებობა მან ორ კვირაში თავდაცვის მინისტრობით ჩაანაცვლა. როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში გადაბარგების პროცესში მას არ ჰქონდა დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებისთვის თვალყური ედევნებინა:

”ამ დროს, ანუ გადასვლამდე ორი კვირით ადრე, მთლიანად, ასე ვთქვათ, ჩემოდნების რეჟიმში ვიყავი და, სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი რა ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამის გამოც არის, რომ ბევრი დეტალი არც მახსოვს და არც შეხება მქონია”, - ირწმუნება ყოფილი შს მინისტრი.
პირდაპირ გეტყვით, ეს უფრო მეტად იყო შედეგი იმისა, რომ ჩემი ამ გადასვლის პროცესის გამო დაბალმა დონემ თავი იგრძნო სრულიად თავისუფლად...


და თუკი ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებს ლოგიკურად მივყვებით, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში განვითარებული მოვლენებისათვის მინისტრს არ ეცალა, უწყებაში მთელი რიგი პროცესები მის გარეშე ვითარდებოდა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ეხმიანება ვარაუდს და ეჭვს იმის შესახებ, რომ ”ვიდეოპატრულის” მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები იარაღი, რომელიც გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის გვერდით ეგდო, შესაძლოა თავად სამართალდამცავების მიერ იყო შემთხვევის ადგილზე მიტანილი. ის ირწმუნება, რომ პირადად მინისტრი იარაღის ჩადება-არჩადების გადაწყვეტილებას არ იღებდა. ”როგორც ჩანს, ჩემი მოუცლელობის პერიოდში დაბალმა რგოლმა თვითშემოქმედებას მიმართაო”, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „მეცხრე არხის“ ეთერში ზუსტად ერთი თვის წინ და ამით შეეცადა გაექარწყლებინა ეჭვი ბუტა რობაქიძის საქმესთან მისი კავშირის თაობაზე.

”იარაღის ჩადება არ ხდება მინისტრთან შეთანხმებით. თუკი თეორიულად ასეთი რამე, ასეთი ტენდენცია, ასეთი გადაწყვეტილება, ასეთი პოლიტიკა არსებობს, ამისთვის კონკრეტული შეთანხმებები ხდება გაცილებით დაბალი რგოლის ადამიანებთან, იქიდან გამომდინარე, თუ რა პოლიტიკური ტენდენციები მოდის ზემოდან. ასეთი რამე ჩემ დროს არ მომხდარა. პირდაპირ გეტყვით, ეს უფრო მეტად იყო შედეგი იმისა, რომ ჩემი ამ გადასვლის პროცესის გამო დაბალმა დონემ თავი იგრძნო სრულიად თავისუფლად”, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „მეცხრე არხის“ ეთერში 18 იანვარს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას.
მეორე დღეს, როცა ბიჭები მოვიდნენ პანაშვიდზე, მითხრეს, გვიჭერენო, რადგან ეს იყო ადეიშვილის და ოქრუაშვილის ბრძანება. შარაძეს კიდევ რაც უთხრეს, ეს განაჩენი სად წაეღო, იმას ვერ გავიმეორებ...


ბუტა რობაქიძის საქმესთან მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კავშირზე სრულიად სხვა ინფორმაციას ავრცელებს თავად გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა, სოსო რობაქიძე. ის ირწმუნება, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გამთენიისას, წერეთლის გამზირზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ ბუტა რობაქიძესთან ერთად მყოფი სხვა ხუთი ახალგაზრდის დაკავების ბრძანება უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა გასცეს. ის ამბობს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მან 19 თებერვალს მოიპოვა:

”დღეს მოვიპოვე მასალა. მოსამართლე ნინო შარაძემ პირველივე დღეს ეს ბიჭები გაათავისუფლა, რადგან იარაღზე ვერც ერთი მათგანის თითის ანაბეჭდი ვერ ნახა. მეორე დღეს, როცა ბიჭები მოვიდნენ პანაშვიდზე, მითხრეს, გვიჭერენო, რადგან ეს იყო ადეიშვილის და ოქრუაშვილის ბრძანება. შარაძეს კიდევ რაც უთხრეს, ეს განაჩენი სად წაეღო, იმას ვერ გავიმეორებ”, - აცხადებს სოსო რობაქიძე.

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილმა პროკურატურას ჩვენება 16 იანვარს მისცა. დაიკითხება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი კიდევ ერთხელ, პროკურატურაში ამის შესახებ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, იმ კადრებში, რომელიც 19 თებერვალს ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ გაავრცელა და სადაც ჩანს, თუ როგორ პოულობენ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ერთ პისტოლეტს, არ ფიგურირებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ამიტომ ამ ეტაპზე კახა კოჟორიძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, მისი თქმით, რა თქმა უნდა, გამოძიება მიიღებს.
კახა კოჟორიძეკახა კოჟორიძე
x
კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

”ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით მოქმედებდა თუ არა ვინმე, ამ კადრებში ნახსენები არ არის. არის თუ არა სხვა რამ ისეთი გარემოება, რომელიც დამატებით დაკითხვას საჭიროებს, ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს. მხოლოდ ამ კადრებით, დამატებით დაკითხვის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ”, - ამბობს კახა კოჟორიძე.

რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” მის მეგობარ ზვიად კორძაძეზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ის საქართველოში მარტის დასაწყისში დაბრუნდება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
20.02.2013 20:32
საერთოდ მაღალდიპლომირებული და მაღალჩინოსანი ქართველები ყურადღებას არ აქცევდნენ თუ რას ჩურჩულებედნენ, ტლიკინებდნენ და წერდნენ აკადემიკოსი სახაროვი და მისიანები და აი...

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული