Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მხატვარი და ბორის ნემცოვის პორტრეტი


ლენა ჰეიდესი მხატვარია. ციმბირში დაიბადა, მზის დაბნელების დღეს. ბოლო ხანს სახელი გაითქვა მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, პორტრეტების ხატვით. ​ნემცოვის მოკვლიდან დღემდე 56 წლის მხატვარმა ოთხასი პორტრეტი შექმნა. მისი ეს პროექტი, რომელიც ძალადობრივი რეპრესიის ყველა მსხვერპლს ეძღვნება, ახალ ფაზაში შედის. ხუთშაბათს, სამ მარტს, მხატვარმა პორტრეტებზე მუშაობა დაასრულა.

„ალზო შპრახ ცარატუსტრა“, „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ - გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშეს, ამ ნაშრომის დასურათება, მის მიხედვით ნახატების ციკლზე მუშაობა ახალი დამთავრებული ჰქონდა ლენა ჰეიდესს, როცა მოსკოვის კრემლის მახლობლად, ხიდზე, ბორის ნემცოვი მოკლეს. მხატვარმა იმ საღამოს გამოაქვეყნა ნახატი - სისხლიან ფონზე გამოსახული დაკლული ხარი, რომელსაც კაცის სხეული ჰქონდა და უსიცოცხლო თვალებით იყურებოდა.

„პოლიტიკიდან შორს ვიყავი. კი მაინტერესებდა, მაგრამ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საპროტესტო გამოსვლაში და არ ვყოფილვარ ოპოზიციურ მოძრაობაში. დაკავებული ვიყავი ჩემი ხელოვნებით. იმ საღამოს, ასე ათი საათისთვის, გამოვაქვეყნე ის ნახატი, ხარის თავით. საათ-ნახევრის მერე ვიღაცამ მომწერა: ლენა, შენ წინასწარმეტყველი ხარ, ნემცოვი მოკლეს, შენს ნახატზე ისაა გამოსახულიო“.

მისი გულწრფელობა, ის ძალიან გახსნილია, ქარიზმატულია, კეთილგანწყობილია. ეს ის თვისებებია, რომლებსაც ერთობ ვაფასებ. მისგან ვსწავლობ, ასე ვთქვათ, სამყაროს ოპტიმისტურად ხედვას და ეს ძალიან მომწონს...
ლენა ჰეიდესი

იმ საღამოს ჰეიდესის არაერთმა ნაცნობმა სოციალური მედიით გაავრცელა ფოტო, მოკლული ნემცოვის გვამის გამოსახულებით, რაც ჰეიდესის ნახატის ექოს წარმოადგენდა. მოგვიანებით ლენა ჰეიდესმა შეიტყო, რომ ბორის ნემცოვის პოლიტიკური პარტიის, „პარნასის“, სიმბოლო ხარი იყო.მას მაშინ არც უფიქრია, რომ ეს დამთხვევა უბიძგებდა ეხატა ბორის ნემცოვის პორტრეტები და მთელი წელიწადი მოუწევდა მის თვალებში ყურება. 3 მარტს დაიწყო მან მოკლული პოლიტიკოსის პორტრეტების ხატვა, ეგრეთ წოდებული ხელოვნების მარათონი, რომელიც ნემცოვის ხსოვნას მიუძღვნა:

„სამ მარტს გამოვაცხადე, რომ ვიწყებდი ხელოვნების მარათონს, რომელიც ნემცოვს ეძღვნებოდა. სამ მარტს უკვე რვა ნამუშევარი გავაკეთე. მას მერე ყოველდღე ვხატავდი, ვკითხულობდი მასზე, მის გამოსვლებს ვუსმენდი, ყურში სულ მისი ხმა მესმოდა“.

ჰეიდესმა აღმოაჩინა სხვა არაერთი დამთხვევა, რომლებიც მას და ნემცოვს ერთმანეთთან აკავშირებდა: დაბადებულნი არიან ერთსა და იმავე კვირაში; ორივე შესანიშნავი სტუდენტი იყო, დაინტერესებული ბუნების მეტყველებით; ორივეს ახალგაზრდობიდანვე ლიდერობის ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა; ორივემ შეიცვალა კარიერის სფერო: ნემცოვი მეცნიერებიდან პოლიტიკაში მოვიდა, ჰეიდესი - ხელოვნებაში. ერთადერთი, რაც განგვასხვავებს მე და ნემცოვს, ისაა, რომ ის კაცია და მე ქალიო, უთხრა რადიო თავისუფლებას ჰეიდესმა, რომელიც 35 წლისა იყო, როცა მხატვრობა დაიწყო და დღემდე 70-მდე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. მისი ნამუშევრები ინახება მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ასევე იგორ მარკინის მუზეუმში, კერძო კოლექციებში.

​ჰეიდესი კი ამბობს, პოლიტიკაში არ ვერევიო, მაგრამ როცა „პუსი რაიოტის“ წევრები დააპატიმრეს და მათ შიმშილობა დაიწყეს, ლენა ჰეიდესმა, სოლიდარობის ნიშნად, ასევე შეწყვიტა საკვების მიღება. ის ავტორია „ქიმერების“ სერიისა - დაწყებული „ქიმერის დაბადებიდან“, დამთავრებული „აშშ-ის ოცნების ქიმერით“, რომელზეც კოსმოსური ხომალდის, დიდნისკარტა ფრინველის, თავისუფლების ქანდაკების და კიდევ ვინ იცის, რისი ნაზავი მახინჯი ფიგურა მაკდონალდსის სასადილოებით სავსე ლანდშაფტში დგას. მხატვარს შექმნილი აქვს კაპიტალისტური ქიმერა, მართლმადიდებლობის ქიმერა, მართლწესრიგის ქიმერა. ის კრიტიკის სამიზნე გახდა, როცა შექმნა „იდუმალი რუსული სულის ქიმერა“. ნამუშევარზე, რომელიც მოსკოვის ბიენალეზე იყო გამოფენილი 2005 წელს, გამოსახულია საშინელი ურჩხული, ერთ ხელში არყის ბოთლით, მეორეში - დოსტოევსკის წიგნით, მესამეში - კოსმოსური თანამგზავრით და გარმონით. ნაციონალისტებმა ეს ნახატი სახელმწიფო გერბის პაროდიად აღიქვეს და ის ქვეყნისა და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფად იქნა მიჩნეული. მეორე ნახატი, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“, წარმოადგენს რუსული ხასიათის შეულამაზებელ სურათს: ესაა აგრესიული არსება, რომლიც, ამავე დროს, საოცრად ღვთისმოშიშია. ამ ნამუშევრების გამო მას პროკურატურაში უჩივლეს. ლენა ჰეიდესს დახატული აქვს „სახელმწიფოს ქიმერა“, რომელზეც ვლადიმირ პუტინია გამოსახული, უზარმაზარი წვეტიანი ცხვირით; ახლა, სამ მარტს, მარათონი დასრულდა. შექმნილია ნემცოვის 400-მდე პორტრეტი. ლენა ჰეიდესი ფიქრობს ნამუშევრებით იმოგზაუროს და ისინი რუსეთსა და უცხოეთში გამოფინოს:

„მსურდა ხალხის ყურადღება მიმეპყრო ძალადობის თემაზე, იმაზე, რომ ავტორიტარული რეჟიმების კრიტიკოსებს ხოცავენ, მე კი, როგორც მოქალაქე, ფემინისტი, მხატვარი, ადამიანი, ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგი ვარ“.

მთელი წლის განმავლობაში ნემცოვის პორტრეტების ხატვას, ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია. ლენა ჰეიდესი ახლაც ისე ლაპარაკობს ბორის ნემცოვზე, თითქოს პოლიტიკოსი ცოცხალი იყოს.

„მისი გულწრფელობა, ის ძალიან გახსნილია, ქარიზმატულია, კეთილგანწყობილია. ეს ის თვისებებია, რომლებსაც ერთობ ვაფასებ. მისგან ვსწავლობ, ასე ვთქვათ, სამყაროს ოპტიმისტურად ხედვას და ეს ძალიან მომწონს“.

ნემცოვის პორტრეტების პროექტი ახალ ფაზაში შედის და ლენა ჰეიდესი იწყებს სხვას, ახალ პროექტს, რომელიც მიეძღვნება საბჭოთა ხანაში, იოსებ სტალინის მმართველობის წლებში, ბანაკებში დაღუპულ ხელოვანებსა და ინტელექტუალებს.

„ეს იქნება გაგრძელება ნემცოვის თემისა, ნემცოვისა, რომელიც ასევე ტოტალიტარულმა რეჟიმმა მოკლა. მე ნელ-ნელა გადავდივარ ამ პროექტზე, რომელიც ეძღვნება „სტალინურ ბანაკებს“. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და მასზე დიდხანს და სერიოზულად ვაპირებ ვიმუშაო. თავიდან რასაც ვაპირებ გავაკეთო, ისაა, რომ მივალ ბუტოვსკის პოლიგონზე, სადაც ბევრი ადამიანი მოკვდა“, გაგვანდო თავისი გეგმები რუსმა მხატვარმა ლენა ჰეიდესმა, რომელმაც 3 მარტს დაასრულა „ხელოვნების მარათონი“, რუსი პოლიტიკოსის, მოსკოვში შარშან მოკლული ბორის ნემცოვის, მრავალრიცხოვანი პორტრეტების სერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG