ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 21:37

ბლოგები / სალომე ასათიანი

უსამართლობის გროტესკი

x
ტექსტის ზომა - +
ამდენი მგონი არასოდეს მიწვალია სათქმელისთვის ფორმის მოსაძებნად. ამ ბლოგის დაწერას უკვე დაახლოებით ორი კვირაა ვცდილობ - მას შემდეგ, რაც ინტერნეტით ეს ვიდეო ვნახე:



მაგრამ არაფერი გამომდის. ყველა წინადადება, რასაც ვწერ, არასწორი მეჩვენება - ან ხელოვნურად რაციონალური, ან პირიქით, გადაჭარბებულად და გამაღიზიანებლად სენტიმენტალურ-ემოციური.

“ვიღაცა გაგიჟდა და თავი დაიწვა, ეს შიმშილით სიკვდილს ნიშნავს? “ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა?”

აფხაზეთიდან დევნილი ქალის, 2010 წლის შემოდგომაზე დაღუპული ნანა ფიფიას შესახებ ნათქვამი ეს ფრაზები იმდენად შემზარავია, რომ მათ გარშემო საუბარიც და მათი კრიტიკაც კი უსიამოვნო და უხერხულ განცდას ქმნის. თანაც როცა ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ავლენს - 52 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან გაბიანი. ასეთ ტლანქ სისასტიკეს რაციონალური არგუმენტებით ვერ შეედავები - ეს პოზიცია ამას უბრალოდ არ იმსახურებს, არ აქვს საამისო ლეგიტიმურობა. მასთან ემოციებით და აღელვებით დაპირისპირება კი სხვა საფრთხეებს შეიცავს - შეიძლება ვერ მოზომო, რეაქცია შეურაცხყოფაში გადაგეზარდოს და თან, შენდა უნებურად, ისე გამოჩნდე, თითქოს საკუთარი მორალური უპირატესობის დემონსტრირებას ახდენდე, როგორც კეთილი ჰუმანისტი, რომელსაც “გაჭირვებულებზე” შესტკივა გული და “ბოროტი” ხალხისგან ცდილობს მათ დაცვას.  

არადა ართქმა და იგნორირებაც არ გამოდის. პირიქით. ამ ამბის ირგვლივ ძალიან ბევრს უნდა ვლაპარაკობდეთ. იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე უკვე ითქვა და დაიწერა. ამ კონკრეტული ფრაზის შესახებ არა - ის, როგორც უკვე  ვთქვი, განხილვას არ ექვემდებარება. თან ქეთევან გაბიანმა  ბოდიში მოიხადა და მისი გაუთავებელი კრიტიკა უსამართლოც იქნება. (აქვე ამ ბლოგის მკითხველებსაც დაბეჯითებით გთხოვთ ამისაგან თავი შეიკავოთ. ერთ ადამიანზე გამუდმებული და კოლექტიური თავდასხმა არა მგონია მართებული იყოს.)

განსახილველი პრობლემა, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ღრმაა და იმ ზოგად პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ კონტექსტს უკავშირდება, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ ფრაზის წარმოთქმა საჯარო დისკუსიის დროს. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ერთ ინდივიდს უბრალოდ რაღაც აღმაშფოთებელი “წამოსცდა”. ალბათ მხოლოდ უიმედო ცინიკოსი თუ იტყვის, რომ ქალბატონ გაბიანს მისივე ლოგიკა უნდა დავუბრუნოთ და ვთქვათ, რომ უბრალოდ “სადღაც ვიღაცა გაგიჟდა” და ასეთი სისასტიკე გამოამჟღავნა ეკონომიკური სასოწარკვეთის გამო დაღუპული ადამიანის მიმართ. პირიქით - ჩემი აზრით, ეს განცხადებები რაღაც უფრო ზოგადის სიმპტომია. იმ დისკურსის, მსოფლმხედველობის და პოლიტიკის გაზვიადებული და გროტესკული გამოვლინება, რომელსაც  ჩვენს რეალობაში უკვე მყარად აქვს ფეხი მოკიდებული.

ეს ის რეალობაა, რომელშიც დევნილებს შესაბამისი სამინისტრო  შემწეობის სახით თვეში 22-დან 28 ლარამდე თანხას გამოუყოფს - და თან მთავრობა პატრიოტული სულისკვეთებით, განვითარების ტემპებით და მსოფლიოში ყველაზე მაგარი აკვაპარკებით თუ ხიდებით იწონებს თავს. ის რეალობა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი თვეში 70 ლარს იღებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ, სამწევრიან ოჯახს კი, თუ გაუმართლა და სოციალური დახმარების პროგრამაში მოხვდა, ჯამში ერიცხება 78 ლარი - მაშინ, როცა  ყველაზე ასკეტური გათვლებით, საარსებო მინიმუმი თვეში ერთი პირისთვის დაახლოებით 150 ლარს შეადგენს. და ის რეალობა, სადაც, ასეთი სოციალური უსამართლობის ფონზე, ტელეარხებით გაუთავებლად გადაცემულ ვიდეოკლიპებში თეთრ, გაპრიალებულ როიალთან ტანგოს ვცეკვავთ და ახალი კოშკების სიმაღლეებიდან დავცქერით ბრჭყვიალა შადრევნებს და მდიდრულ სასტუმროებს.

ყველაზე დამთრგუნველი კი ის არის, რომ ეს რეალობა “ჩვეულებრივად” იქცა. შესაძლოა “ბუნებრივადაც” კი. ამ კონტრასტებზე ლაპარაკი ბანალურია, ეს ისედაც ყველამ იცის. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში, რომელშიც პენსიონერებს ყოველთვიურად უწევთ ღირსების დამაკნინებელი არჩევანის გაკეთება - მწირი პენსია საკვებზე დახარჯონ თუ წამლებზე, თან ისე, რომ საჭირო რაოდენობით ვერც ერთს შეიძენენ და ვერც მეორეს - პრეზიდენტს შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს მოქალაქეებს ზარ-ზეიმით აუწყოს, რომ ხელოვნურად აარსებს “ახალ დიდ ქალაქ ლაზიკას”. ეს ექსტრავაგანტული წამოწყება კი მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს ჭეშმარიტად კომკავშირული სულისკვეთებით გააერთიანებს. იმდენად, რომ შეკითხვასაც არავინ დასვამს მაგალითად იმაზე, რა მასშტაბის თანხები შეიძლება დასჭირდეს ამ გრანდიოზულ წამოწყებას, ეკონომიკური კრიზისის პირობებში საიდან უნდა მოიძებნონ დაპირებული “საინვესტიციო ჯგუფები ევროპასა და აზიაში” და მაინც რა მოცულობის სახსრების გაღება იგეგმება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროექტის სისრულეში მოსაყვანად. 

ასეთი კონტრასტების და სოციალური უსამართლობის “გაბუნებრივებას”, ამ თემებზე დისკუსიისთვის სიმწვავის მოკლებას ალბათ რამდენიმე მიზეზი აქვს. ცხადია, ამაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ხელისუფლებას და მმართველ პოლიტიკურ კლასს - მათ რწმენას, თანაც, სავარაუდოდ, გულწრფელ რწმენას, რომ მთავრობის მხრიდან მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე განსაკუთრებული ზრუნვა “საბჭოთა გადმონაშთია”, რომელიც ხელს უშლის “მოდერნიზაციას” და “განვითარებას”. გასაგებია, რომ აქ მმართველი ძალის იმ მცირერიცხოვან ბირთვზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც თუნდაც იდეოლოგიური ფორმულებით, მაგრამ მაინც აზროვნებს - და არა იმ უსახურ ასეულებზე, რომელთა ფუნქციებიც ლიდერების უპირობო მორჩილებით და კენჭისყრისას ღილაკებზე ხელის დაჭერით შემოიფარგლება.

თუმცა, რომ არა მედია, ეს მსოფლმხედველობა ასეთი “ჩვეულებრივი” და “ბანალური” ვერ გახდებოდა. სოციალური რეალობის შესახებ დისკურსის შექმნაში მედიას უზარმაზარი როლი აქვს - მას შეუძლია საზოგადოების ყურადღება უმწვავეს პრობლემებს მიაპყროს და ხელისუფლება აიძულოს ამ პრობლემებს გამოეხმაუროს. ჩვენთან კი რა ხდება. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, მედია ან სიყვითლეში იძირება, ან თეთრ როიალთან ცეკვავს - თუ თეთრ ვარდებზე მღერის - “ტანგოს” და თან გაპრანჭული საქართველოს ბუტაფორიული  იერსახეებით გვბომბავს, ან კი, მაგალითად, ჟურნალ "ტაბულის" მსგავსად გვიმტკიცებს, რომ „თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში... ნებისმიერი დამქირავებელი სარგებლობს ზუსტად ანალოგიური უფლებით, როგორიც გააჩნია დაქირავებულს. დამქირავებელი საკუთარ კაპიტალს (ფულს) ცვლის გარკვეულ მომსახურებაში, რომელსაც მას უწევს დაქირავებული. ხოლო სამუშაოს მაძიებელს აქვს უფლება, დათანხმდეს ასეთ გაცვლაზე ან - არა. რა დამატებითი, განსაკუთრებული შრომითი უფლებები შეიძლება და უნდა გააჩნდეს დაქირავებულს, გაუგებარია.“ ამ ფორმულით გამოდის, რომ, ვთქვათ, გლობალური მასშტაბის და მულტიმილიონიანი ბრუნვის მქონე კორპორაცია და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები, სამუშაოს მაძიებელი ადამიანი  თვისებრივად ერთნაირ პოზიციებზე დგანან. მუშა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობაზე ან შრომითი უსაფრთხოების დამრღვევ მაღაროში მუშაობს და იღუპება, ამას თავისი არჩევანით აკეთებს. მას ხომ ჰქონდა უფლება არ დათანხმებულიყო ასეთ სამუშაო პირობებს? რატომ დათანხმდა? რაც მოხდა, მისი ბრალია. გაუგებარია, რატომ უნდა მოვთხოვოთ დამქირავებელს შრომითი პირობების გაუმჯობესება და დაქირავებულთა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

ეს ყველაფერი რომელიღაც განყენებულ, სქემატურ ტექსტში - ვთქვათ, ლიბერტარიანიზმის ადაპტირებულ გზამკვლევში - რომ ეწეროს, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ ჩვენი რეალობა, უმუშევარი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა “დაქირავებულების არჩევანზე” ასეთ ცივ, მშრალ და სწორხაზოვან მსჯელობას გროტესკულ ელფერს ანიჭებს. შესაძლოა არა ისე თავზარდამცემად  გროტესკულს, როგორიცაა შეკითხვა “ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა?”, მაგრამ საქმე მაინც ერთსა და იმავე მსოფლმხედველობასთან, ერთსა და იმავე ენასთან თუ დისკურსთან გვაქვს.

თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, მაინც  საზოგადოებაშია. იმაში, რომ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ფორმის შესახებ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ, პროგრესულ და საჭირო კანონს ქუჩებში ემოციამოჭარბებული და აღშფოთებული ათასები გამოყავს - ნანა ფიფიას ტრაგედიამ კი მშვიდად ჩაიარა. კი, გავბრაზდით, შევწუხდით, შეგვეცოდა - მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ისიც კი არ მოგვითხოვია, გამოეძიათ გავრცელებული ხმები, რომ ფიფია თავის დაწვამდე სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებმა მიიყვანა - მთავრობის მიერ ახალ ადგილას ჩასახლების შემდეგ თუნდაც „ბალახი ძოვეო“.

ბუაზიზი საავადმყოფოში. მარცხნიდან მეორე: პრეზიდენტი ბენ ალი
ბუაზიზი საავადმყოფოში. მარცხნიდან მეორე: პრეზიდენტი ბენ ალი
იცით, როგორ დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე “არაბული გაზაფხული?” ერთი წლის წინ - 2010 წლის 17 დეკემბერს - 26 წლის ტუნისელმა ხილის გამყიდველმა, მუჰამედ ალ ბუაზიზიმ, უკიდურესი სიღარიბის გამო ერთ-ერთი სამთავრობო დაწესებულების წინ დაიწვა თავი. მას პოლიციამ მუშაობის საშუალება არ მისცა - ხილის დახლი ჩამოართვა და უთხრა, საჭირო ლიცენზია არ გაქვსო. ყვებოდნენ, რომ ბუაზიზის პოლიციელმა გაარტყა კიდეც. სხვა ვერსიებით, მას ამ ამბის გასაჩივრების მცდელობისას დასცინეს და დაამცირეს. ასეა თუ ისე, ბენზინის შოვნა ბუაზიზიმაც მოახერხა - და საკუთარი თავის დაწვასთან ერთად, მთელ ქვეყანას, და შემდეგ უკვე რეგიონს მოსდო ცეცხლი. მისმა სასოწარკვეთილმა ნაბიჯმა ტუნისში ბიძგი მისცა ამბოხებას, რომელიც შემდეგ ეგვიპტეს, ლიბიას, სირიას, იემენს და სხვა ქვეყნებს მოედო.

თავის დაწვის შემდეგ ბუაზიზიმ 18 დღე იცოცხლა. საავადმყოფოში ის მაშინდელმა პრეზიდენტმაც კი მოინახულა - ზინე ელ აბიდინ ბენ-ალიმ, რომელიც სულ მალე სახალხო ამბოხების შედეგად დაამხეს. დღეს უკვე ფაქტია - მუჰამედ ალ ბუაზიზის საპროტესტო აქტმა ისტორია შეცვალა. მას, როგორც “არაბული გაზაფხულის” სიმბოლოს, სიკვდილის შემდეგ ევროპის პარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიაც კი მიანიჭა.

ამ პარალელის მიუხედავად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში "არაბული გაზაფხულის" ქვეყნების მსგავსი ზოგადი ვითარებაა. ცხადია, იქ განსხვავებული, ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკური გარემოა და რევოლუციებს და ამბოხებებს სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი - ფაქტორებმა, რომლებიც, საბედნიეროდ, საქართველოში არ გვხვდება. უბრალოდ, კონტრასტია თვალშისაცემი - გაჭირვებისგან სასოწარკვეთილი ადამიანის დრამატულმა ნაბიჯმა ტუნისში არა მხოლოდ თანაგრძნობა აღძრა, არამედ პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტები, აქტივისტები, იურისტები, უმუშევრები დარაზმა უსამართლობის გასაპროტესტებლად. ჩვენს გარემოში, ჩვენს კულტურულ კონტექსტში კი, როგორც დავინახეთ, ასეთივე უკიდურესი აქტის ჩამდენი, ტრაგიკული ადამიანის შესახებ შესაძლებელი ყოფილა ხმამაღლა გაიჟღეროს ფრაზამ - “ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა?” (აღარაფერს ვამბობ იმაზე, ეს გარემოება რამდენად განგვასხვავებს დასავლეთის კულტურული კონტექსტისგან. ასეთი ფორმისა და შინაარსის განცხადებით გამოსვლა მართლა ძალიან ძნელი წარმოსადგენია ევროპულ და ზოგადად, დასავლურ სივრცეში - რაც უნდა პლურალისტურ, მრავალფეროვან და დინამიურ საზოგადოებებთან გვქონდეს საქმე).

ამიტომაც მგონია, რომ პირველ რიგში სწორედ ეს ზოგადი გარემო თუ კონტექსტი უნდა შეიცვალოს. ის, რომ ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად ცხოვრობს - სასოწარკვეთაშიც კი - არ უნდა ითვლებოდეს განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის ბუნებრივ, ნორმალურ და  თავისთავად ცხად გარემოებად. გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა, გლობალური პარამეტრებით, მდიდარი არ არის - მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გამუდმებით და სერიოზულად უნდა ვლაპარაკობდეთ საზოგადოებაში რესურსების განაწილებაზე, სოციალურ სამართალზე, საბიუჯეტო თანხების მართებულად და სამართლიანად ხარჯვაზე. ხელისუფლებას, განვითარებისა და მოდერნიზაციის შესახებ მისი ენერგიული და ექსცენტრიული ნარატივების ფონზე, მუდმივად უნდა შევახსენებდეთ, რომ „ბაზრის უხილავი ხელის“ ფორმულა უსამართლობას ვერ გადაჭრის, „მშპ-ის ზრდა“ კი ავტომატურად არ ნიშნავს ღარიბი ხალხის ყოფის შემსუბუქებას. სხვა თუ არაფერი, მას, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს, რომ ყველაზე უმწეო და დაუცველი ადამიანები ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებლად მიჩნეულ თანხას მაინც იღებდნენ.

და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანაგრძნობის უნარი და ჰუმანიზმი უნდა გამოიჩინოს „გაჭირვებულების“ მიმართ.  სენტიმენტებს არავინ ითხოვს. პრობლემა რაციონალურადაც იოლი აღსაქმელია - იქ, სადაც ეკონომიკური უსამართლობა, რესურსების მწვავე უკმარისობა, სასოწარკვეთა და ნიჰილიზმი  ფართოდაა მოდებული, შეუძლებელია საუბარი პოლიტიკურ წინსვლაზე, საზოგადოების განვითარებაზე, დემოკრატიულ ჩართულობაზე და სამოქალაქო აქტივობაზე. ასეთ ვითარებაში ბუნებრივი და ლოგიკურიც არის, რომ, საზოგადოების ერთ ნაწილს თუ დავუჯერებთ, ჩვენში კვლავაც ძლიერია „მესიის და მხსნელის“ მოლოდინი - რაც, როგორც ვიცით, გამორიცხავს დემოკრატიისთვის აუცილებელ პირობებს, კრიტიკულ აზროვნებას და ძალაუფლების მიმართ სკეფსისს.

ამასობაში მართლა ძალიან გამიგრძელდა როგორც ბლოგის წერის პროცესი, ისე საკუთრივ ტექსტიც. ამის გამო მისი  გამოქვეყნება უკვე სადღესასწაულო პერიოდში მიწევს - არადა ეს მძიმე თემა არ შეესაბამება წინასაახალწლო განწყობას. თუ გეხამუშათ, შეგიძლიათ მისი წაკითხვა და, მითუმეტეს, აზრის გამოთქმა დღესასწაულების შემდგომი პერიოდისთვის გადადოთ.

ოღონდ ერთი კია. ახალი წლის ღამეს, როცა ბროლის ჭაღების, ბზინვარე დეკორაციების, მდიდრული ფასადების ფონზე მსუბუქი საოპერო არიებით, ყინულზე მოსრიალე წყვილებით და ხულიო იგლესიასის მასკულინური ვნებებით მორიგი „გრანდიოზული“ კონცერტი გაიმართება - ვიღაც კი ჩაიბუზღუნებს, პომპეზურობის ამ ილუზიის შესაქმნელად  მილიონების ხარჯვა უადგილოა იქ, სადაც უამრავ ადამიანს უკიდურესად უჭირსო - ნუ ეტყვით, რომ მისი პოზიცია სენტიმენტალური და არასწორია. და, მითუმეტეს, ნუ მიუთითებთ, რომ ასეთი კონტრასტები და სოციალური უსამართლობა რაიმე კუთხით „ჩვეულებრივი“, „ნორმალური“ ან „ბანალური“ შეიძლება იყოს.

Tags: ბლოგი, სალომე ასათიანი, გაბიანი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: თბილისი
15.01.2012 04:02
სამწუხაროა,რომ გაბიანის ნაირი ადამიანები კიდევ არსებობენ ჩვენს საზოგადოებაში.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
14.01.2012 19:00
ვპიკრობ სალომეს პოზიცია სწორია თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპული საკართველოსთვის ლიდერი თუნდაც მისირომელიმე წევრი არ უნდა ლახავდეს ადამიანი უფლება

ავტორი: ანონიმი
14.01.2012 17:31
ავტორი: GERMANE
10.01.2012 19:29

შენც და სააკაშვილიც გაბანძებული დემაგოგები ხართ.
ყოველ შენს მიმართ დაწერილ პასუხს მომდევნო დემაგოგიისთვის იყენებ.
არავის აინტერესებს შენი კომენტარები. ისევ შენ თუ წაიკითხავ.

ავტორი: GERMANE
10.01.2012 19:29
ავტორი: misha
06.01.2012 16:32

მიშიკო, მიტხარი როგორაა "მაესტრო" - ერთადერთი ნახევრად დამოუკიდებელი ტვ?
მითხარი ერთი თუ კაცი ან ქალი ხარ, რა გააკეთა საქართველოს ინტელიგენციამ, ოფიციალურად არაკორუმპირებულმა საქართველოში დემოკრატია-სამართლიანობისათვის?
მითხარი ერთი თუ კაცი ან ქალი ხარ, ამ დიქტატორმა და სისხლისმხმელმა სააკაშვილმა, ყველას რომ მისი ეშინია და მე რომ შემომჩივლეს - გერმანე, სად უშვებ ამ ხალხს ქუჩაში სადემონსტრაციოდ სააკაშვილის ხელშიო - აი სწორედ ამ სისხლისმსმელ სააკაშვილს რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციის თავკაცი უზის ციხეში? რამდენი ზის ციხეში, ვინც რადიო თავისუფლების თანამშრომელია? რამდენი ზის ციხეში ვინც პოლიტიკური პარტიის ლიდერია?
დათვალე მიშიკო რამდენი ორგანიზაცია-არასამთავრობო-პარტია-საზოგადოებაა საქართველოსი, აიღე ყველასაგან 5-5 კაცი და ის ხალხი გამოიყვანე ქუჩაში, გააგზავნე საელჩოებთან, მიიყვანე ვანო მერაბისვილის ოფისთან - რამდენჯერ მოხდა და რამდენი დაიჭირეს?

ის რაც ბურჯანაძემ ქნა და ადამიანების სიცოცხლე შეიწირა იყო აშკარა პროვოკაცია, დაგეგმილი სისხლისღვრაზე.

საქართველოში აგერ უკვე რამდენიმე საუკუნეა ელიტარული კორუფციაა - თურქები და ირანელები, მერე რუსები ყიდულობდნენ ქართულ ელიტას. მერე საბჭოეთმა ამას მასობრივად მოჰკიდა ხელი და ყველე ინტელიგენტი და კარიერის მოსურნე იყიდა - გინდ ხელოვნებაში და გინდ მეცნიერებაში. ახლაც ასეა საქართველოსი - ყველა მიეყიდა ან დასავლეთს ან რუსეთს და ან საკუტარ მუცელს.
ამის გაგონება შენ არ გინდა და მესმის რომ ამის დაჯერებაც არ გინდა. მაგრამ ასეა.
იქ სადაც მე ვარწყიე, ალბათ გაგახსენდება რატომაც.
ის რაც ქართულმა არასამთავროებმა მაესტროს მიმართ ჩაიდინეს - გაუმართლებელია.
ნაცისტების გერმანიაშიც კი იყო წინააღმდეგობა.
საქართველოსი კი ცივილური წინააღმდეგობა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობა ნულია, რადგან, ძალიან ბევრი, ძალიან და ძალიან ბევრი სიტუაციით სრულიად კმაყოფილია.
ის რომ საქართველოში პურის გამყიდბველის ქუჩიდან გაძევებას რევოლუცია მოჰყვეს გამორიცხულია - მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა განათლებული ადამიანებისა არაა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკაზე. მათთვის სულერთია რა იქნება საქართველოში.
თუკი სრული დემოკრატია დამყარდა - მათ არც სამუშაო და არც გრანტები ექნებათ -აი ესაა მათი შიში.
ის რომ ყველა წვრილი მოვაჭრე გააღატაკეს - ამაზე არავინ სწუხს - არც შენ, ჩემო მიშა, თორემ სხვაგვარად ვიკამათებდით.

ავტორი: ზონის მაყურებელი
10.01.2012 17:45
დიახ, 100%-ით გეთანხმებით! ამ თემას აუცილებლად რაციონალურად უნდა მივუდგეთ, ზედმენტი სენტიმენტების გარეშე. სენტიმენტები კი არ დავივიწყოთ, უბრალოდ მსჯელობისას დროებით გვერდზე გადავდოთ, ხელი რომ არ შეგვიშალოს...

ავტორი: დოდო საიდან გვწერთ: თბილისი
07.01.2012 17:50
არ შემიძლია არ მოგწეროთ იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც ვაზისუბნის მეორე მ.რ. ყოფილ #165 ბაგა-ბაღის შენობაში ჩასახლებულ დევნილების 36 ოჯახს აქვთ. ეს ხალხი მე-5 თვეა ყოფილი კურორტოლოგიის ინსტიტუტის შენობიდან სასწრაფოდ გადმოასახლეს. შენობა არ არის გაზიფიცირებული, არ არის ინდივიდუალური მრიცხველები დაყენებული, შენობა საჭიროებს სახურავის შეკეთებას
( აწვიმს), ასევე არ არის გამწოვები და ა.შ. რის შესახებაც შესაბამისმა სამინისტრომ იცის, მაგრამ არავითარი რეაგირება არ არის. შენობა ასევე არ არის პრივატიზებული, მაგრამ ჩასახლების დღიდან დევნილებს მოეხსნა ადრე არსებული შეღავათი ელ.ენერგიაზე. დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა არის უმუშევარი, პენსიონერი და უმწეო მდგომარეობაში. ელ. ენერგიის ტარიფი არის 0,16 თეთრი, გათბობის სხვა საშუალება ამ ხალხს არ გააჩნია. სამწუხარო რეალობა კი სრული იგნორირებაა ამ ხალხის პრობლემების. სად არის სამართალი???

ავტორი: misha
06.01.2012 16:32
ავტორი: ანტონიო საიდან გვწერთ: სან–ანტონიოდან
05.01.2012 17:56
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
გერმანე! გერმანე კი არა და ანტონიო,
არაა საჭირო ბლოგიდან ბლოგზე კომეტარების თრევა. არავის ჭირდება შენი კომენტარები. მით უმეტეს იმბლოგზე ნუ გმოჩნდები უსირცხვილოდ, ცოტა ხნის წინ გული რომ გერეოდა.
გერმანეს ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს :=))))))))))))

ავტორი: ანტონიო საიდან გვწერთ: სან–ანტონიოდან
05.01.2012 17:56
მოგესალმებით, გერმანე.
რადგანაც, თქვენი კომენტარი, „წესითა და კანონით„, „მეზობლის ბლოგს„ ეკუთვნის/და ვფიქრობ საქმისთვისაც ასე აჯობებს/, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქ გადავაკოპირებ.
აქვე მომწერეთ „ჰო„ თუ „არა„. დაგელოდებით.

ავტორი: ანონიმი
05.01.2012 13:09
"ამდენი მგონი არასოდეს მიწვალია სათქმელისთვის ფორმის მოსაძებნად. ამ ბლოგის დაწერას უკვე დაახლოებით ორი კვირაა ვცდილობ - მას შემდეგ, რაც ინტერნეტით ეს ვიდეო ვნახე:
მაგრამ არაფერი გამომდის. ყველა წინადადება, რასაც ვწერ, არასწორი მეჩვენება - ან ხელოვნურად რაციონალური, ან პირიქით, გადაჭარბებულად და გამაღიზიანებლად სენტიმენტალურ-ემოციური."
და მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ პროვოკატორ გაბიანის დაცვის მეტი!
ცალმხრივად გაშუქებაც არ არის მაინცადამაინც წესიერი საქციელი.
იმ ქალბატონის ქცევაში ფსიქიური ანომალიის დანახვა სულაც არ იყო ძნელი. ან სულაც შეიძლება ზომბირების, რაც ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა.
ის ნაშოვნი ბენზინი შეიძლებოდა მაგალითად იმ სამინისტროს კარებისთვის მიესხა და ცეცხლიც მისთვის მოეკიდებინა. პირველადი პროტესტისთვის ეს სრულიად საკმარისი არ იქნებოდა?
სოციალური გაჭირვების წარმომშობი მიზეზების შესახებაც შეიძლებოდა ალბათ დამატებით კონსტრუქციულად ორიოდე მაინც სიტყვის თქმა...........

ავტორი: GERMANE
05.01.2012 01:10
ავტორი: ანტონიო საიდან გვწერთ: სან–ანტონიოდან
03.01.2012 16:16

ანტონიო, შობა ახალ-წელს გილოცავ და მადლობა შეხსენებისათვის.
მე უბრალოდ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომ აქ არ მჭირდება ასე განსაკუთრებით ის თვისებები და ზეციური წყალობანი, საქართველოში მცხოვრებთ რომ სჭირდებათ.
აქ, გერმანიაში ცხოვრება ადვილია - აკეთე შენი საქმე უდიდესი პასუხისმგებლობით და მოტივაციით - ესაა და ეს. პოლიტიკაზე პოლიტიკოსები დაობენ. დემოკრატიაზე ფსიქოლოგები, სოციოლოგები, პოლიტიკოსები, ეკლესია და სხვა და სხვა და სხვა - გინდა შენც იდავე მათთან ერთად და გინდაც არა.
აქ პროფესიონალიზმი სუფევს.

საქართველოსი კი - პარტახია, ექსპერტების ქვეყანაა და კანონის წაკითხვაც ვერ ისწავლეს.

აი ნახეთ აქაური მეზობლის ბლოგი - თურმე სააკაშვილი უნდა გადადგეს რომ საარჩევნო სიაში ჩაიწეროსო - ამაზე დავობს ყველაზე მაღალპროფესიონალი ჟურნალისტი - ვითამდა სხვა სადავო არ იყოს საქართველოში.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს იყოს ნებისმიერი ლეგალური პარტიის წევრი.
პარტიის წევრის შეტანა პარტიის საარჩევნო სიაში ჩვეულებრივი პროცესია და კანონით არ იკრძალება, გინდაც ეს პიროვნება პრეზიდენტი ან გინდაც მსჯავრდებული იყოს.
ერთადერთი რაც პრეზიდენტს ეკრძალება არის პირდაპირი კენჭისყრით პარლამენტში მოხვედრა.
და კიდევ - პრეზიდენტს ეკრძალება პრეზიდენტობა და პარლამენტარობა - ანუ, თუკი სააკაშვილს სიით პარლამენტში მოხვედრის შანსი ექნება, მაშინ მან პრეზიდენტობა უნდა დათმოს რომ პარლამენტში სევიდეს ან კიდევ პარლამენტარობა უნდა დათმოს. ეს მოხდება არჩევნების მერე და არჩევნებამდე. ამიტომაც სადაო არაფერია. სააკაშვილს რატომ უნდა დასჭირდეს საამომრჩევლო სიის თავკაცობა? არ ეყოფა მეთხუთმეტე ადგილი სიაში?
საქართველოს სხვა პრობლემები აქვს.
მაგრამ, იმ პრობლემებზე არავინ საუბრობს - ყველაზე დიდი პრობლემა არის მთელი ინტელექტუალური ქართველობის პირდაპირი თუ ირიბი კორუფცია, ხელისუფლებაზე დამოკიდებულება, დამოუკიდებელი აზროვნების უუნარობა.
აი ესაა დღევანდელი საქართველოს პრობლემა.
მე ეს პრობლემა არ მაქვს, რადგან საქართველოსაგან 4000 კილომეტრი და მოქალაქეობა მაშორებს.

ავტორი: ანტონიო საიდან გვწერთ: სან–ანტონიოდან
03.01.2012 16:16
ავტორი: GERMANE
02.01.2012 15:56
... გისურვებთ, აზროვნების უნარი არ დაკარგოტ და საკუთარ შეცდომებზე მაინც გესწავლოთ.
გისურვებთ, მგლის შიშით ცხვარი არ ამოგეწყვიტოთ და სათქმელი ყოველგვარი კონიუნქტურის გარეშე გეთქვათ - აქ მაინც, ანონიმურად...
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
„შენი თავი მიათვალე?!„

ავტორი: david საიდან გვწერთ: usa
03.01.2012 13:30
უმთავრესი პრობლემა არის ისევ ჩვენი ქართული საზოგადოება, ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად უძველესი ცივილიცაზიის და ქრისტიანობის ქვეკანა ვიყავით და ვართ ერთი რამე რაც მნისვნელოვანია რომ ერი იკცეს სრულპასოვან ერად და ჩამოყალბდეს ის დგემდე ვერ გავითავისეთ, ჩვენ ვერ ვისწავლეტ ერთმანეტის პატივისცემა სიყვარული და თანადგომა დგემდე, ამ კველაფერს კარგად ადასტურებს წმინდა ილია მართალის ცნობილი ლექსი ,,ბედნიერი ერი" თუ რანი ვიყავით წინა დროშიც და ვფიკრობ მას შემდეგაც ასეა და ჩვენში არაფერიც არ შეცვლილა. ყოველთვის გვირჩევნია პრობლემა სხვაში ვეზებოთ და არა ჩვენში, რასაც ეს მთვარობა აკეტებს და ასე არ მოგვწონს ეს ის მთავრობაა რომელიც ისევ ქართველმა ხალხმა რევოლუციის გზით მოიკვანა და თაშს უკრავდა პირველ წლებში, ჩვენ უფრო ხშირად ვეზებთ მესიებს რომ მოვიკვანოთ და იმან იზრუნოს ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე მაგრამ ის ვისაც ასეთი მყისიერი გადაწყვეტილებით მოვიკვანთ მალევე არ მოგვეწონება იმიტომ რომ საზოგადოების ფენიდან გამოსული მთავრობაც ისეტია როგორც საზოგადოება მთლიანობაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და დამახინჯებული მენტალიტეტი პირველ რიგში ერთმანეტის სიყვარულით თანადგომით და დახმარებით და უნდა ვეცადოთ არ იკოს ჩვენს შორის სიბოროტე შური გაუტანლობა რაც სამცუხაროდ საუკუნეების მანზილზე მოგვდგავს ქართველებს, უნდა აგვზარდოთ ჩვენი შვილები სამშობლოს და მოყვასის სიყვარულით, მაპატიეთ არ მინდა ისე გამომივიდეს რომ მე ვინმეს მორალს ვუკითხავ მეც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი ვარ და ისე შემტკივა გული ჩვენს ბედზე და სამშობლოზე როგორც ყველა ქართველს ვისაც უყვარს ნამდვილად თავის ქვეყანა.
ამ ყველაფრის ნაკლებობაა დღეს ჩვენს ერში და იმიტომაც ხდება ეს უბედურება ჩვენს თავს და ვტრიალებთ წლებია უკვე ერთ მოჯადოებულ წრეში ისე რომ დაგვადგა საშველი, თუ ამ ყველაფერს ცვენი ხალხი გაიზრებს ნამდვილად და პრობლემებს პირველ რიგში ჩვენს მენტალიტეტში და შეცდომებში დაინახავს, პრობლემებიც თანდატან მოგვარდება და პოლიტიკასაც ნამდვილად დემოკრატიულს შევკმნით და აგარ იკნება ჩვენს გარშემო ამდენი უსამართლობა და გაუბედურებული ადამიანი, სხვა ბევრმა კვეკანამ დიდი ხანია გაიარა მზიმე გზა და გამოცდაც ჩააბარა წარმატებით ამ მხრივ მაგრამ ჩვენ ისევ სამწუხაროდ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით, მოდიან მთავრობები და მიდიან მაგრამ ჩვენ ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმკოფებით.

ავტორი: ნენე გიორგაძე
02.01.2012 23:52
სალომე, ჰაველის შესახებ გადაცემაში გიხილეთ, არაჩვეულებრივად საუბრობთ! თქვენსავით პროფესიონალი ჟურნალისტები დღეს წამალივით ჭირდება საქართველოს. გილოცავთ შობა-ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ!

ავტორი: GERMANE
02.01.2012 15:56
ახალ წელს გილოცავთ ყველას.
გისურვებთ, აზროვნების უნარი არ დაკარგოტ და საკუთარ შეცდომებზე მაინც გესწავლოთ.
გისურვებთ, მგლის შიშით ცხვარი არ ამოგეწყვიტოთ და სათქმელი ყოველგვარი კონიუნქტურის გარეშე გეთქვათ - აქ მაინც, ანონიმურად.

ბატონ ანონიმს კი:
"ავტორი: ანონიმი
30.12.2011 21:13"

ვერ გავიგე რა გინდა, ჩემო ბატონო:
- ქუჩაში გამოსვლას და კრიტიკას ნურავის ურჩევო
- არასამთავროები თავის საქმეს თურმე კარგად აკეთებენო
- კონკრეტულ უსამართლოებაზე ყვირილი და ბრძოლა არ ღირსო
- ვანპ მერაბიშვილი ყველას დაგიჭერთო

მე ვარ სააკაშვილის სისტემის გუნდუკისმკმეველი თუ შენ?

მიშას გადაგდება გინდათ და როგორ, არც კი იცით.
გზა ორია:
ან ზემოდან - ანუ მიშა თავისმა ხალხმა უნდა გადააგდოს, ისე როგორც ედიკას უქნეს - და ეს იმიტომ, რომ არადემოკრატიული სისტემა რომ სენარჩუნდეს, ფულების გადანაწილება მოხდეს.
ან ქვემოდან უნდა მოხდეს - ანუ ადამიანებმა, ორგანიზაციებმა, პარტიებმა ყველა მეთოდი ერთდროულად უნდა გამოიყენონ - იქნება ეს ქუჩა, მედია, ინტერნეტი, უცხოეთის საელჩოები, გრანტების გამცემი უცხოური ორგანიზაციები, სასამართლოები ყველა დონეზე და ა.შ.

სხვა გზა არ არსებობს.

მიშა დიქტატორიას ძახილით კი ვერაფერს მოიგებთ - სისტემას უნდა ებრძოლოთ.

მე ასე ვიტყოდი (თუმცა კი ვიცი მიშა რაც იყო ყოველთვის, მაგრამ მაინც!):
მიშა დემოკრატი იყო და რადგანაც შევარდნაძის სისტემა შეინარჩუნა, დახვეწა კორუფციაში და ელიოტარულ დონეზე აიყვანა - ამიტომ გახდა დიქტატორი.
ამიტომაც, ვებრძოლოთ სისტემას, რომელიც აგერ 20 წელია არ იცვლება - იცვლება მხოლოდ სახელები და წილების პროცენტები - სხვა არაფერი.
ვებრძოლოთ არა ერთადერთ პიროვნებას, არამედ სისტემას, იმ პიროვნებებს - რომელზეც ეს სისტემა დგას.
ამ სისიტემაში იმდენი ფული ტრიალებს, რომ არაა გამორიცხული თუკი მიშას გრიშათი გამოგიცვლიან და მერაბიშვილს არაგველით.

ავტორი: ნენე გიორგაძე
02.01.2012 11:49
ძალიან საჭირო და აქტუალური თემაა. გაბიანი მხოლოდ ერთი ტიპიური მაგალითია და პრობლემა გაცილებით სერიოზულია. იმისათვის რომ ქვეყანა წინ წავიდეს, შადრევნები და შუშის ხიდები კი არაა საჭირო, ანდა ექსტრავაგანტული იდეები, რისთვისაც მილიონებია საჭირო, არამედ "ბანალური" სოციალური სამართლიანობა, რაღაც დონეზე მაინც. მედიას და მთლიანად საზოგადოებას კი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება... მერამდენედ მართლდება ანდაზა "რაც ერი ის ბერიო".

სათქმელისათვის კი მშვენივრადაა ფორმა ნაპოვნი :)

ავტორი: NATIA
01.01.2012 15:48
გილოცავთ ახლ წელს, ჯანმრთელად ყოფნას და. . მეტ ობიექტურობას გისურვებთ !
სტატია კი, ცალმხრივი და არაობიექტური . . ასე მგონია თქვენც "იმას " გინდათ ასიამოვნოთ)))

ავტორი: ო"ბანა საიდან გვწერთ: კიდო-ბანიდან
31.12.2011 22:02
ეს ის გაბიანებია, რომლებიც "კიდობანის" მეწილეები, ან სულაც მფლობელები არიან და მთელი ოჯახი ერმანეთში ჩხუბით ათენებ-აღამებს -კაპიკებზე დავაში! მაგან მორალზე როგორ უნდა დაძრას სიტყვა...რა არა სამთავრობო-ესენი მუდამ იმათი მომხრენი არიან, ვისაც ძალა აქვს-საკუთარი შავი ფული რომ დაიცვან...

ავტორი: ანონიმი
30.12.2011 21:13
ავტორი: GERMANE
29.12.2011 21:30 .
მხოლოდ დასაწყისი წავიკითხე შენი პასუხის. დავიღალეთ წლების მანძილზე შენი უსირცხვილო თავის მართლებით. შენი საშველი მაინც არაა. არავის აღარ აინტერესებს შენი ჯერ ნახევრად სიმართლე და მერე სრული დემაგოგია. ამის შემდეგ კი თავის მართლება, თავის მართლება, თავის მართლება.... შენნაირ ცბიერ და უსირცხვილო ადმაიანთან ლაპარაკიც ზედმეტია.

სალომე ასათიანს მოსალოცად აქვს საქმე - ახლა ამ ბლოგზე მოგამაგრეს და მის ნერვებზე დაიწყებ თამაშს.

ავტორი: ანონიმი
30.12.2011 14:10
გაბიანს კოჭებში არ ეტყობოდა პირდაპირ ეთერში ჯდომის ფამილიარულ მანერაზე და შიგადაშიგ ინგლისურად რაღაცეების წამოძახებაში? სრულიად უბრალო ფრაზები ქართულად არ იცის თუ რა? ძაან მაგარ მდაბიო ევროპულად გამოიყურებოდა.

ავტორი: mohandas karamchandi საიდან გვწერთ: ssasityvetidan
30.12.2011 01:32
ქართული საზოგადოება ტოტალურად გულგრილია. არ არის საჭირო აღშფოთებისაგან თავის შეკავება მხოლოდ იმის შიშით, ვაითუ სენტიმენტალურები არ გამოვჩნდეთო. თუ ასეთი ფაქტი არ აღგაშფოთებს, მაშინ აღარაფრის მიმართ აღარ გექნება რეაქცია. რატომღაც პოლიტიკაზე ან რაიმე სოციალურ თემაზე საუბარი საქართველოში ჩამორჩენილობად აღიქმება, "მოდაში არ არის". ზოგი პოლიტიკაზე საუბარს იმ მოტივით გაურბის, რომ უბრალოდ თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრის გამოთქმა სრულიად უადგილოა, ხოლო ზოგი პოლიტიკას გაურბის, რომ გაექცეს "სიბინძურეს". ჭკვიანურად არის მოფიქებული."პოლიტიკა ეს ბინძური საქმეა და დაგვაცადეთ ჩვენ ვაკეთოთ, თქვენ ნუ გაისვრებითო"-გვითხრეს ქართველმა პოლიტოკოსებმა და ჩვენც სიამოვნებით დავთანხმდით. ამგვარად საზოგადოება რეალურად გამოთიშულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რომელიმე საკითხის განხილვას. შესაბამისად საახალწლო განწყობაზე საუბარიც უადგილოა. ფასები იმდენად მაღალია, რომ ქართული ოჯახების 90%-ს სადღესასწაულო სუფრა ნამდვილად არ ექნება გაშლილი ახალ წელს. "რადიო თავისუფლების" მიერ გაშუქებულ მასალებში მუდამ კგბ-ს კვალის ძებნა კი უკვე იმდენადვე მომაბეზრებელია, როგორც ქართული ოპოზიციის 99% "რუსეთის აგენტობა".

ავტორი: GERMANE
29.12.2011 21:30
ავტორი: ანონიმი
28.12.2011 19:08"

ანონიმ, აბა რა გელაპარაკო, როცა შეფასება წინასწარ ცამოყალიბებული გაქვს - მე ვარ დემაგოგი და აგენტი, თურმე, თანაც სააკაშვილის.

ანონიმ, მე დიახაც მოვიტხოვ, რომ იმ ორგანიზაციების თავკაცები (ტუ თავქალები), რომლებიც უცხოეთის საგადასახადო ფულიტ ფინანსირდება, ქუჩაში გამოვიდნენ, სასამართლოებსა და იუსტიციის სამინისტროსი მივიდნენ კონკრეტული უსამართლობის წინააღმდეგ და კონკრეტულად მოითხოვონ კონკრეტული დამნაშავეების დასჯა:
მოსამართლისა, რომელმაც ლტოლვილტა გამოსახლება დააკანონა
პოლიციელებისა, რომლებმაც ეს ხალხი საქონელივით სატვირთო მანქანაზე შეჰყარა.
იმ მოხელისა, რომელმაც თბილისში წიგნებიტ, გაზეთებიტ და კარტოფილიტ მოცაჭრეებს საკუტარი შემოსავლის საშუალება წაართვა.
იმ მოხელეებისა, რომლებმაც მარშუტკების მძღოლები მონოპოლისტური ვითომ-ბიზნესმენბის მონებად გახადეს.
იმ მოხელეებისა, რომლებმაც "ელექტრონულ ბინის წიგნში (ადრე მართლა წიგნი იყო!) მკვდარი სულები შეიტანეს
და ასე სემდეგ უთვალავი "წვრილმანი".
არცერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი არც დაუწერიათ და არც ნარკოტიკი ჩაუდიათ.
არცერთი ინტერნაციონალურად რენომირებული ორგანიზაციის წარმომადგენელი არ დაუჭერიათ.
იმ დროს, როცა ოპოზიციური პარტიები ან კორუმპირებულია და ან კიდევ უმაქნისები არიან, სწორედაც რომ არასამტავროებმა უნდა აიღონ ავანგარდის და სამოქალაქო საზოგადოების მაკონსოლიდირებელის როლი.
სოციალური პრობლემების კონკრეტიზაცია და მათი გადაწყვეტა საქართველოსი "ურირს" საქმედ ითვლება, საერთოდ არც კი ექცევა ყურადღება. როგორც ადრე, 80-იან წლებში დისიდენტური მოძრაობა გაჰყვიროდა - სოციალური პრობლემებით ნუ გამოვალტ ხალხის წინაშე, მთავარს და ურჩხულის ტავს - საბჭოთა კავშირს ვებრძოლოთო - ასეა ახლაც. ყველას ლოგიკურად მიაჩნია, რომ მთავარია სააკაშვილის პიროვნებას ვებრძოლოთ, სააკაშვილი გავაძევოტ და ყველაფერი დალაგდებაო, დემოკრატია დამყარდებაო.
ის რომ, სააკაშვილი სისტემაა, რომ ეს სისტემა ადამიანების მხრებზე დგას და ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ბევრის მომტანია, ვიდრე ერთი პიროვნების დემონიზაცია - აი ამას ბევრი არ ათავისებს. არც კი უნდათ, რადგან ის ადამიანები, ვისაც სისტემის კრიტიკა ევალებათ, თავს არცთუ ისე ცუდად გრძნობენ ამ სისტემაში. მათი არსებობის აუცილებლობა რომ გაამართლონ, ამისათვის სააკაშვილი კრიტიკა და "მიშა გადადექის" ძახილიც კმარა. მიშამაც კარგად იცის, რომ ეს "მიშა დიქტატორის" ყვირილი უბრალოდ ჭიქაში ქარიშხალია. სანამ ის ადამიანები ეყოლება, რომლის მხრებზეც დგას, მანამ იყვიროს ყველამ - რაა საშიში?

ავტორი: ანონიმი
29.12.2011 21:05
ავტორი: ანონიმი
29.12.2011 03:54
კოლეგა, გაბიანს მიშა თავხელიძე ამართლებდა გადაცემა "არგუმენტებში" - არა, არ ვამართლებ, მაგრამ ვიცი რომ კარგი ადამიანიაო! კარგი ადამიანი რატომ უნდა გავაძევოთ ჩვენი რიგებიდანო?!
ეს არის მიშა მიშმადიდებლის პასუხი, კოლეგავ!!

ავტორი: ანონიმი
29.12.2011 03:54
სალომე,
სავსებით გეთანხმები სამწუხარო სინამდვილის შენეულ ხედვაში და ერთს ვიკითხავ, ალბათ რიტორიკულად: 52 არასამთავრობო ორგანიზაციიდან რამდენმა მოითხოვა გაბიანის გაძევება თავანთი რიგებიდან რათა თავი არ გაემასხრებიათ მსგავსი ადამიანის "ევროპულობასთან" გვერდზე დგომით?

ავტორი: ანონიმი
28.12.2011 20:06
არ გრცხვენია, გერმანე? რომ უკიჟინებ, ქუჩაში გადიო, ვის უშვებ, თუ იცი?
რამდენჯერ უნდა აღიაროს გაბედულად სოლომონმა, მეშინია და ჩირგვში ვზივარო?!
აი, სხვები თუ გავლენ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით, უმალ იხილავ, რავარ მამხილბელ უსტარებს გამოაცხობს ოპერატიულად და ყოჩაღად.
ახლა, შენ როგორ გინდა, ყველგან ეს საწყალი სოლომონი იყოს?

ავტორი: ანონიმი
28.12.2011 19:08
გერმანე ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე დემაგოგი და ინტრიგანია: "მიშა არ ვარგა, მაგრამ სხვა ყველა უარესია მასზე". ხალხი მისთვის, როგორც ნაცებისთვის, საერთოდ ხალხი არ არის.

ვინ უნდა გავიდეს მერაბიშვილის წინააღმდეგ? ვინც გავიდა, მეორე დღეს ხან ნარკოტიკი აღმოუჩინეს ჯიბეში და ხანაც რისი გულისთვის დაიჭირეს ან გაატყავეს. შენ თვითონ რას აკეთებ?! იქნება გეთქვა მერაბიშვილისთვის?

გერმანეს ცინიზმს საზღვარი არ აქვს, როგორც ამ მთავრობისას -
სოზარ სუბარს, თურმე, ნავთობის ბიზნესი ჰქონია! სოლომონი ხომ საერთოდ კისერში ძვლად აქვს გაჩხერილი ამ უბედურს. ძალიან მოგვაბეზრე თავი. კარგად ვხვდებით, რა სახელებითაც შემოდიხარ აქ.
ახლა დაიწყებს "ანონიმო...." შენ ხარ აქ ანონიმი! თორემ ჩვენ ერთად ვართ. შენ მალავ აქ საკუთარ თავს, იმიტომ რომ გაიძვერა ხარ!! შენ ჩვენ გვემალები, თორემ ვანომაც და სხვებმაც კარგად იციან, ვინც ხარ!
მიშას გადაეცი ბიძინასგას:, მიშა, იძი ნა...!!!

ავტორი: ანონიმი
28.12.2011 17:25
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
26.12.2011 17:22
ევროპაში ხარ სოლომონ თუ სად ხარ მივლინებაში? შენ რომ გამუდმებით შეძრწუნებული დაიარები, იმიტომ არსებობენ შენგან დასახელებული და ამ სტატიის გმირისნაირი გახეშეშებულები.

ავტორი: ნათია საიდან გვწერთ: თბილისი
28.12.2011 17:11
სალომე, მადლობას გიხდით თქვენი წერილებისთვის! ყოველთვის მგონია, რომ ჩემს სათქმელს ამბობთ, თანაც ძალიან ზუსტად!
ორი დღის წინ ვახო სანაიას გადაცემაში გნახეთ,- არაჩვეულებრივად გამოიყურებით!

ავტორი: GERMANE
28.12.2011 12:22
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
26.12.2011 17:22

სოლომონ, ვერ გაიგე, ისევ და ისევ!

ეს ბლოგი "მიშისტებზე" კიარაა, არამედ იმ ხალხის არაქმედებაზეა თუ არასწორად ქმედებაზეა, რომლებსაც წესით მიშას, როგორც სისტემის კრიტიკა ევალებათ.

საქართველოში 200-ზე მეტი არასამთავრობოა, 58-მდე საზოგადოებრივი გაერთიანებაა და 150-მდე პარტიაა-ორგანიზაციაა.
ყველას რომ 10 კაცის მობილიზირება მოეხდინა......

მაგრამ რაფერს ამბობთ!
თქვენ ერთი ბატონის მეორეთი სეცვლა გინდათ და ასე არ გამოვა არაფერი.

რატომ არ გადიხარ ქუჩაში მერაბიშვილის წინააღმდეგ?
კორუმპირებულ-დაშინებული მოსამართლის წინააღმდეგ?

არა სოლომონ, არ ხარ გულწრფელი და იმიტომ ჰკიდია ყველას ინდივიდუალური უბედურება - ყველა შესაძრომს ეძებს.


თუკი მოდერატორი გადააქართულებს - დიდი მადლობა.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
28.12.2011 12:53
გთხოვთ, მომავალში თქვენ თვითონ გადააქართულეთ ფონტის კონვერტორით. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ. გმადლობთ.

ავტორი: karaoke საიდან გვწერთ: Georgia
27.12.2011 20:54
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
26.12.2011 17:22

ქართული ყოფიერება სოლიდარულია ოჯახის/სანათესაოს დონეზე, მაგრამ ეს სოლიდარობა პრაქტიკულად ნულის ტოლია საზოგადოების დონეზე
---------------------------------------------------
იქნებ ერი არ ვართ მთლიანი?
იქნებ სხვა ერი მთლიანია ასე ვთქვათ ერთმანეთის ნათესავი?
საქართველოს მოსახლეობაში დიდი ჩატეხილი ხიდია ასე ვთქვათ,
ჩვენ და ისინი, ისინი ერთმანეთის "ნატესავებად" თვლიან თავს
ანუ გაუცხოებას აქვს ადგილი. ისინი ალბათ ფიქრობენ , როცა მარტო ისინი დარჩებიან და სხვები მიილევიან , მერე ბურთი და მოედანი მათ დარჩებათ,ერთმანეთის მიმართ არ იქნებიან ასე გულგრილნი, არც ახლა არიან . მოკლედ "სხვა აგური კედელში" სხვები ინრძვიან ავღანეთ-ერაყში, სხვისი შვილები კვდებიან მამულისთვის... სხვები დგანან ელიავას ხიდისთავთან.სხვებს ხვდებათ ვირუსები და სხვები კვდებიან...
ასევე ამ სტატიის ერთ-ერთ მითითებულ ლინკზეც
http://www.tabula.ge/article-5736.html
"ბრი­ლი­ან­ტი, რო­მელ­საც არ­ცთუ ისე მრა­ვალ­გვა­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ე­პო­ვე­ბა, ღირს გა­ნუ­ზომ­ლად ძვი­რი, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი მას ასე აფა­სე­ბენ. ხო­ლო წყა­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის უდი­დეს ნა­წილს შე­ად­გენს და სა­სი­ცოც­ხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ღირს გა­ცი­ლე­ბით ია­ფი"

სხვისი 70% წყალი ღირს იაფი , მათი სიცოცხლე კი ძვირი...
მოკლედ ჩატეხილი ხიდია ჩვენს შორის ... ბლოგზე ჩვენი ნაწერიც მათდამი გარკვეულწილად ამის დამწერისთვის თვით შეურაცხმყოფელია. მოკლედ ვინც არ უნდა წერდეს ასეთ კომენტარს ისინი ისე გაიგებენ როგორც ცოდვა ადამიანის დაწერილს , მოკლედ დღეს სირცხვილია მშია მწყურია და ავად ვარ რო თქვა , გამოდის რო თუ ასეა გლახა ხარ და უქნარა.

ავტორი: ვახ!
27.12.2011 19:22
ავტორი: მოდერატორი
27.12.2011 14:40
მოდერატორი, :))))))
ძვირფასო მოდერატორო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! სიხარული, იუმორი და სიცილი არ მოგკლებოდეთ! :)

ავტორი: Tamuna Giorgobiani საიდან გვწერთ: Tbilisi
27.12.2011 13:45
პირველ რიგში მადლობა სალომეს ამ ბლოგისთვის.

თითოეული ჩვენგანი ხშირად თუ დავფიქრდებით ამ საკითხზე ალბათ გამოსავალს მოვძებნით. ხშირად პრობლემა თვითონ ჩვენშია, არ შეიძლება გულგრილი შეხედო სხვის საცოდავ ყოფას მაშინაც კი თუ შენ არ გეხება ეს პრობლემა.
რაც შეეხება გაუთავებელ კონცერტებს, თუ არავინ მივა კონცერტზე იქნებ მისი ორგანიზატორები დაფიქრდნენ კიდეც, რომ უაზრობაა მილიონები ხარჯო მაშინ როცა შენს გვერდით ადამიანები ბუნკერებში იქექებიან და მეტიც თავს იწვავენ გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გამო.

ავტორი: მ.
27.12.2011 09:57
სირცხვილი გაბიანს და მისნაირებს.

ავტორი: david საიდან გვწერთ: usa
27.12.2011 03:51
ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები უკიდურეს სიგატაკეში ცხოვრობენ და გამეფებულია სასოწარკვეტილება და უპერსპექტივობა, ყველაფრის მიზეზი კი ის არის რომ ადრეც და ეხლაც საზოგადოების გარკვეული ფენა არ ვგულისხმობ მხოლოდ ხელწიფის კარტან დაახლოებულ გარემოცვას მიესალმება და ეტაკვანება დგევანდელ საქარტველოს პოლიტიკას, როდესაც ქვეკანასჰი რაგაც კეტდება და 24 საატი იმას იზახიან ეს ხალხისტვის არის და ქვეკნის სასიკეთოდო სად არის მასჰინ ამ კველაფრის სჰედეგი რატომ არის ჩვენს გარსემო ამდენი გაუბედურებული ადამიანი რომლებსაც სიცოცხლეც კი აგარ უნდათ რატომ არის გამეფებული უსამართლობა ჩაგვრა და განუკითხაობა?, ის რაც ტელევიზიებით გადაიცემა კოველდგიურად და გაბრწკინებულ საქართველოს გვიჩვენებენ კველამ კარგად იცის ვისაც აზროვნების ელემენტარული უნარი აკვს რომ ეგ კველაფერი ერტი უბრალო მდარე პროპაგანდაა და მეტი არაფერი. ჩვენ მივეჩვიეთ და ჩამოგვიკალიბდა ისეთი ბუნება რომ თუ შენ და შენს ახლობელს არ აკვს ცუდად საკმე და პრობლემები მაშინ შენც არ გაქვს, აგარ არსებობს თანაგრძნობის განცდა და რაც ყველაზე ცუდია ის რომ ხალხმა ამოიგოს ხმა და დაიცვას ტავის კონსტიტუციური სოციალური დემოკრატიული თუ სხვა უფლებები, ხალხი სულიერად გატეხეს დააშინეს და დათრგუნეს, თვიტონ ხომ არიან რაც მთავარია ბედნიერები. ასეთია სამწუხაროდ ჩვენი დგევანდელი რეალობა. ვეტანხმები კველა საკითხში ქალბატონ სალომეს

ავტორი: ნინო გონაშვილი
27.12.2011 02:03
პირიქით, სალომე, ასეთ ბლოგებს და სტატიებს ყოველ უნდა ვწერდეთ, ხმამაღლა უნდა ვყვიროდეთ, ერთმანეთში უნდა განვიხილავდეთ და გამოსავალს ვეძებდეთ, ემოციებსაც უნდა გამოვხატავდეთ და თანაგრძნობასაც, უნდა მოვითხოვდეთ და უნდა გვახსოვდეს! ყოველ დღე! ყოველ დღე! იქნებ ასე მაინც მოვახერხოთ ჩვენი გაციებული და "განვითარების" არასწორ გზაზე დამდგარი საზოგადოება!!!!! მადლობა ამ სტატიისთვის

ავტორი: ვახ! საიდან გვწერთ: მიშკეკიდან
27.12.2011 01:54
ავტორი: ვახტანგი
26.12.2011 15:05

ვახტნგი რომ ვაგინე, რატომ არ გამოაქვეყნეთ?! ეს არის თქვენი დემოკრატია?!
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
27.12.2011 14:40
ჯერ ერთი, თქვენგან ვახტანგის შესახებ კომენტარი არ მოგვსვლია. მეორე - თუ მასში მართლა გინება გქონდათ, მაინც არ გამოვაქვეყნებდით.

ავტორი: მერსო
27.12.2011 01:38
ავტორი: ვახტანგი
26.12.2011 15:05

ამაზე იტყვიან ტყემალზე ზის და ატმის კურკებს ისვრისო... სხვა რამის გახსენებაც შეიძლებოდა (ერეკლესთან დაკავშირებით), მაგრამ მოდერატორის მეშინია :))

ავტორი: დუბჩეკი
27.12.2011 01:35
სოლომონს ჰაველზე გადაცემა ქალბატონი სალომეს მონაწილეობით

http://1tv.ge/video/7570

ავტორი: Don Diego საიდან გვწერთ: Canudos
27.12.2011 00:47
ჩვენი საინფორმაციოები მ.შ.პ.-ს ზრდის, ახალი ქალაქის მშენებლობის, მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე ადგილის და ა.შ. ხმებისგან განსხვავებით ამ ამბავსაც არ მოიტანენ:
http://www.mercer.com/press-releases/quality-of-living-report-2011

ავტორი: Nino საიდან გვწერთ: USA
26.12.2011 22:29
ეს ხალხი გაგიგიჟებს რა, ე.ი. სახელმწიფო რო "გაიძულებს" დაეხმარო გაჭირვებულს ანუ შენი გადახდილი გადასახადიდით ფულს უხდის გაჭირვებულს რო შიმშილლით არ მოკვდეს ეს ცუდია და ზუსტად იგივე ფული რო კონცერტებში და გაურკვეველ ძეგლებში იხარჯება და კიდევ 1000 მაიმუნობაში ეს არის კარგი?

ძალიან სწორედ აღწერს სალომე, ზუსტადაც რომ საჯარო ფიგურების უპრინციპობა და სისასტიკე, არადამიანურობა და ფასეულობების დეფიციტი, უკეთურება, სიბოროტე და ყველაზე ხშირად სიხარბე არის მიზეზი ამ ყოვლად აუტანელი და გაუსაძლისი სოციალური უსამართლობის და უთანსასწორობის.

არც პარაზიტიზმის წახალისება არ არის სწორი და ყველა ზარმაცს ვისაც სწავალა მუშაობა არ უნდა არ უნდა მიეცეს საშუალება მთელი თავისი ცხოვრება სხვის ხარჯზე გაატაროს, მაგრამ ბავშვემა, მოხუცებმა, მარტოხელა დედებმა, მარჩენალ დაკარგულებმა, უსინათლოებმა, უნარშეზღუდულებმა არაფერი არ დააშავეს იმისთვის რომ სახელმწიფომ მათი დახმარები ნაცვლად ფული ხარჯოს საკუთარ PR-ში და ისინი კი სიცივით და შიმშილით იტანჯებოდნენ.

არ ვიცი, მაინც და მაინც ჩვენ საკუტარ ოჯახებში, ჩვენს დედებს, მამაებს, დებს, ძმებს, ბებიებს, ბაბუებს, შევილებს და შვილიშვილებს უნდა შეემთხვეს მსგავსი რაც ნანა ფიფიას რომ ადამინობამ გაიღვიძოს ჩვენში?

ავტორი: tazo
26.12.2011 22:16
მიყვარხართ სალომე:)

ავტორი: ლიი
26.12.2011 20:00
გმდლობთ ამ ბლოგისთვის!
"ყველაზე დამთრგუნველი კი ის არის, რომ ეს რეალობა “ჩვეულებრივად” იქცა. შესაძლოა “ბუნებრივადაც” კი."

მეც ძალიან დათრგუნული ვარ ამით. ჩემს უახლოეს მაგობარს ვეღარ ვცნობ. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ადამიანი, რომელიც არის სამკაოდ განათლებული, რომელმაც უკიდურესი გაჭირების დროსაც კი სამშობლოში დაბრუნება არჩია - რასაც უდაოდ ვუქებ -დღეს ჩვენთან არსებულ ნებისმიერ სისასტიკეს ამართლებს და თვალში ნაცარს მაყრის: "3 000 ევრო რა არის?! დღეს ამდენი ფული საქართველოში აქვს ხალხსო."(!!! )
გამდიდრება და დაბრმავება ერთი და იგივეს ნიშნავს?! სახტად ვარ დარჩენილი!

ბლოგის კითხვისას ვფიქორბდი, გავუგზავნო თუ არა ეს წერილი. აქ ძალიან კარგად და კომპაქტურად არის ფორმულირებული აუტანელი ქართული ყოფა; ის უსირცხვილო და არაადამიანური გარემო, რომელშიც ხალხს უხდება ცხოვრება.
სამწუხაროდ, არ მგონი, ამ წერილმაც კი ჩემს მეგობარში რამე შეცვალოს.
ცხვორება დაანახებს ყველას სიმართლეს!!

ავტორი: keti საიდან გვწერთ: washingtonidan
26.12.2011 19:54
არაბული გაზაფხული იმ კონტექსტში, როგორც ის იყო ნახსენები ძალიან დროული და სწორედაც რომ "ჩასარევი" იყო. ფოტო, სადაც პრეზიდენტი თავისი ქვეყნის სასოწარკვეთილ, მომაკვდავ მოქალაქეს საავადმყოფოში ნახულობს, ძალიან კარგად უსვამს ხაზს სწორედ იმ პრობლემას, რაზეც ავტორი ბლოგში საუბრობს- რამდენად მნიშვნელოვანია (უფრო სწორედ რამდენად უმნიშვნელოა) ქართული საზოგადოების და მთავრობის აღქმაში სოცოალური უსამართლობის პრობლემა. საქართველოს პრეზიდენტი თავს ვალდებულად თვლის მხოლოდ ბრჭყვიალა შენობები მოინახულოს. მონახულება, პრობლემის აღიარებას და ალბათ გარკვეული რეაგირების ვადლებულებას წარმოშობს. ამიტომ, ლაზიკაზე მეოცნებე ხელისუფლებას ამის დრო და თავი არა აქვს.

ავტორი: natalia საიდან გვწერთ: tbilisi
26.12.2011 19:20
მე ის გამკვირვებია, რაა გასაკვირი ქ-ნი ლიდერის ნათქვამში. ეს არის ტიპიური მოხელის ტონი, ინტონაცია, საუბრის მანერა და ლოგიკა. ეს ქალბატონი უბრალოდ კარგი მაგალითია, სახეა იმისა, რა ტიპის მართველობაა ქვეყანაში და რა სამართავი პოლიტიკაა შერჩეული. ეს ტიპიური "...ფობიაა". ნორმალურ სახელმწიფოში ასეთ ლიდერებს საპასუხისმგებლო საქმიანობა ეკრძალებათ, ჩვენთან კი, ვისთვის - როგორ. ასეთი შენთხვევა - შენივე მსგავსის, ადამიანის უგულებელყოფა ტრაგიკულ განცდას ტოვებს და ყოფიერების ამტანობას კიდევ უფრო ამძიმებს. მე ვუთანაგრძნობ ქალბატონ ლიდერს გულწრფელად.
გმადლობ, სალომე, რომ ეს თემა გააშუქეთ.

ავტორი: ქეთი გურიელი
26.12.2011 18:53
ბოლო პერიოდში 2 წერილი მომეწონა, ეს და გოგი გვახარიას ოპერის მეგობრებით...."
დიდი მადლობა.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
26.12.2011 17:22
ქალბატონო სალომე,

უღრმესი მადლობა ამ ბლოგისათვის!

დიდი გრძნობით დაწერილია, და თუ შემაძრწუნებელია, ასე მგონია, ასეთი შეძრწუნება თუ გადაგვარჩენს! თორემ ერთ თქვენ კომენტატორს - ვახტანგს ასე ჰგონია, რომ ”გაბიანის ფრაზა საყოფაცხოვრებო ხასიათის რეპლიკაა”! - ამის წაკითხვის შემდეგ უნებლიედ მიჩნდება იმის ინტერესი, როგორი იქნებოდა ამ ღირსი ბატონის რეპლიკა, გარდაცვლილი ქალბატონი მისი დედა ან და რომ ყოფილიყო... ნამდვილად ჭირდება ვახტანგს შეძრწუნება, თუმცა ვშიშობ მისი მენტალიტეტი თქვენს მშვენიერ სტატიასაც აისხლიტავს, რომ ”კაპიტალიზმის გზას” არ გადასცდეს. ვახტანგი მარტო არ არის, თამარიაც უმშვენებს მხარს.

ქართული ყოფიერება სოლიდარულია ოჯახის/სანათესაოს დონეზე, მაგრამ ეს სოლიდარობა პრაქტიკულად ნულის ტოლია საზოგადოების დონეზე - სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია, თუ ეს სხვა ბიძაშვილი მაინც არაა გენეტიკურად... მეტიც, როცა ჩვენს საზოგადოების ამ ნაკლზე იწყებ ლაპარაკს, რომელიმე ვახტანგი, ქეთა ან თამარია ცინიკურად მოგაძახებს - ”წადი, შე სოციალისტოო!” და ეს ”ლიბერტარიან-სინგაპურისტები” (მაგარი ნამყნობია - ნაცმოძრაობისთვის საოცნებო კლონი) მაინც იმ აზრზე რჩებიან, რომ თუ ადამიანს ბენზინის შესაძენი ფული აქვს, ეს მისი პიროვნული თავისუფლებაა, - ”პორშეში” ჩაისხამს, თუ თავზე გადაისხამს და ასანთს გაკრავს. ხოლო მეორე ადამიანს ამაზე საყოფაცხოვრებო ხასიათის რეპლიკა თუ აღმოხდება, ესეც მისი კონსტიტუციური და შეუბღალავი უფლება ყოფილა!

მაგრამ თევზი ნამდვილად თავიდან მყრალდება - ქეთა გაბიანი და ვახტანგიც სააკაშვილის მოდერნიზებულ-გაფერადებული ”სამოთხის” აუცილებელი ელემენტები არიან - შარიკოვები, რომელთაც წინდახედული რეჟიმი რუდუნებით ზრდის ინკუბატორში და რომელიც შემდეგ ამ რეჟიმის ერთგული დამცველ-გამამართლებელი მანქურთები ხდებიან!

ჰაველზე გადაცემა საზოგადოებრივ არხზე იყო? სიამოვნებიბით ვნახავდი. მადლობა და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!


ავტორი: Katiee.Ge საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2011 16:29
ჩვენში საოცრად ძლიერია ვირთხული სინდრომი. კი თავი მოგვაქვს, ჩვენ რომ გვერდში დგომა ვიცით, ევროპელებს და ამერიკელებს სად დაესიზმრებათო, მაგრამ სინამდვილეში სოლიდარობის განცდა ზოგადად ადამიანის (და არა მაინცდამაინც ახლო ნათესავის და მეგობრის) მიმართ ძალიან დაბალია.

მართალია, მედიამ (და არა მარტო) კარგად იმუშავა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაეზომბებინა და დაეჯერებინა, რომ ჩვენ ყველანი კასრში ჩAყრილი ვირთხები ვართ და სათითაოდ უნდა გადავრჩეთ, ერთმანეთის ჩაზიხლვით და გათელვით.

ის კი ცოტას მოსდის თავში აზრად, რომ კასრიდან ამოხტომაზე ან სხვა ვირთხების 'გვამებზე' შედგომით ამოძვრომაზე საიმედო და რეალური გადარჩენა ერთმანეთისთვის ხელის შეშველებით უფროა შესაძლებელი..

ავტორი: tata საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2011 16:16
სამწუხაროა, რომ ამ უბედური ქალის მიერ თავის დაწვის შესახებ უმრავლესობამ მხოლოდ გაბიანის განცხადების შემდეგ გაიგო. გეთანხმებით, გულგრილობა საზოგადოების მხრიდან გაჭირვებული ადამიანების მიმართ ძალიან შესამჩნევია იმ ტოტალური გარეგნული, რიტუალური მორწმუნეობის ფონზე, რამაც ჩვენი საზოგადოება მოიცვა.

ავტორი: გიორგი საიდან გვწერთ: თბილისი
26.12.2011 15:43
ყველაზე სამწუხარო (რამაც თვალებზე ცრემლები მომადინა), ამ სტატიაში ის არის, რომ არც ერთი ეს ამბავი მე არ ვიცოდი :(
დიდად არ ვიწუხებ თავს საინფორმაციო გამოშვებების მოსმენით და გაზეთების კითხვით, მაგრამ მ.შ.პ.-ს ზრდის, ახალი ქალაქის მშენებლობის, მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს ადგილის და ა.შ. ხმები ჩემამდე, სულ თავისუფლად, თავისით აღწევენ. მაგრამ, სამწუხაროდ არც ერთი (ქალბატონი ნანას ტრაგედია და ეს სასტიკი კომენტარი) ეს ამბავი ჩემამდე არ მოსულა.

ავტორი: სანდრო ეული საიდან გვწერთ: ევროპიდან
26.12.2011 15:23
ეს საზოგადოება და ეს გულგრილობა ასე ერთბაშად არ ამოიფხვრება.ამას დრო უნდა, მაგრამ დღესვე თუ არ იქნა ზომები გატარებული, არც ხვალ შეიცვლება საიკეთოდ და არც-ზეგ. დღეს შეიძლება ის გაკეთდეს, რომ განათლებაში, განსაკუთრებით დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოხდეს მოსწავლეთა განათლება ადამიანის ყფლებებში, თანაგრძნობაში, ემპათიაში.. მაგალიტად, ევროპაში მოსწავლეები სწავლობენ საგანს-ეთიკა, რომელიც ყველა ჩამოთვლილს მოიცავს და არა მარტო ამას. თუ ფუნდამენტში, საძირკველში არ იქნა ჩადებული ეს ყველაფერი, შემდეგ ნაყოფს არ გამოისხამს და ისევ იტყვის ვიღაცა იმას, რაც ამ ქალბატონმა გაბიანმა თქვა. და ისევ იგივე დამოკიდებულება იქნება გაჭირვების გარშემო, როგორიც დღეს არის..
სალომემ თქვა ის, რაც ძალიან მაწუხებს მე პირადად და ვერ გამოვთქვამ ხმამაღლა სხვადასხვა მიზეზების გამო...

ავტორი: ვახტანგი
26.12.2011 15:05
ტიპიური სოციალისტური ჩანაწერია.არაბული გაზაფხული ნუ გესიზმებათ,ჩვენ სხვა გზით ვიარეთ რევოლუციის დროს და სხვა მიმართულება აქვს ქვეყანას. ნუ გესიზმრებათ "ქართული ოცნება".გაბიანის ფრაზა საყოფაცხოვრებო ხასიათის რეპლიკაა,დარწმუნებული ვარ,ბლოგის ავტორს,ან ნებისმიერ ჩვენთაგანს კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება უარესიც აღმოხდეს. კოალიციისა და არასამთავროების მიკერება ამ სიუჟეტთან რადიო თავისუფლების კაკებეშნიკური ტრადიციებიდანაა.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული