Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკარგული დროის ძიებაში


2007 წლის 7 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველო ამოვარდა დროის დინების ნორმალური კალაპოტიდან. მოსახლეობის ერთი ნაწილი ცდილობს, დრო დააჩქაროს, მეორე ნაწილი კი მთელ ენერგიას მის შენელებას ახმარს. პირველ ნაწილში პოლიტიკურ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს ვგულისხმობ, მეორე ნაწილში კი – ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს.

სწორედ ამ დღიდან – 7 ნოემბრიდან – დრო დაიყო მონაკვეთებად, რომლებსაც თავისი რიტმი და აბსოლუტურად სუბიექტური აღქმა აქვს:

1. 2007 წლის 7 ნოემბრიდან 2008 წლის 5 იანვრამდე (მიტინგის დარბევიდან საპრეზიდენტო არჩევნებამდე);
2. 2008 წლის 5 იანვრიდან 21 მაისამდე (საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებმდე);
3. 2008 წლის 21 მაისიდან 2008 წლის 8 აგვისტომდე (პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებიდან რუსეთთან ომამდე);
4. 2008 წლის 8 აგვისტოდან 2009 წლის 9 აპრილამდე (ომის დაწყებიდან საპროტესტო ტალღის დაწყებამდე);
5. 2009 წლის 9 აპრილიდან 2009 წლის 26 მაისამდე (საპროტესტო ტალღის დაწყებიდან მის დასრულებამდე);
6. 2009 წლის 26 მაისიდან 2010 წლის 15 თებერვლამდე (საპროტესტო ტალღის დასრულებიდან ოპოზიციური ფლანგის გააქტიურებამდე – ალასანიას და გაჩეჩილაძის ერთად გამოჩენამდე მარჯანიშვილის თეატრში);
7. 2010 წლის 15 თებერვლიდან 2010 წლის 30 მაისამდე (ოპოზიციური ფლანგის გააქტიურებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე).

ამ ერთიანი დროის ყოველი ცალკეული მონაკვეთი, აგვისტოს ომის გამოკლებით, ხელისუფლების მოგებით დასრულდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დროის დაჩქარებული აღქმა ოპოზიციაში და მის მხარდამჭერებშიც. ხელისუფლებას კი შეუქმნა ილუზია, რომ მას, ბევრ სხვა რამესთან ერთად, დროის გაწელვაც ხელეწიფება.

2007 წლის 7 ნოემბერს ვინმეს რომ ეთქვა, მიხეილ სააკაშვილი, თავის გუნდიანად, 2010 წლის გაზაფხულზეც ხელისუფლებაში იქნებაო, გამწარებულ ადამიანებს კიდევ უფრო მწარედ გააცინებდა.

2009 წლის 9 აპრილს ხომ ისეთი მოლოდინი იყო, ერთი კვირაც ენანებოდათ სააკაშვილისთვის.

26 მაისის შემდგომ დღეებშიც კი, კატასტროფით დასრულებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი ეროვნულ ფორუმს საყვედურებით ავსებდა იმის გამო, რომ პარტია მორიგ დიდ აქციას აგვისტოს ომის ორი წლისთავისთვის გეგმავდა, – აქაოდა, აგვისტომდე ისევ ამ ხელისუფლებას უნდა ვუყუროთო?!

დღეს, დროის მიმდინარე მონაკვეთში, ზუსტად აისახება განვლილი მონაკვეთების შინაარსი: ერთი მხრივ, მორიგი თარიღის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი და, მეორე მხრივ, ოპოზიციის შეცდომები, რომლებიც ბედისწერასავით თან სდევს დროის გამძაფრებულ აღქმას.

ფაქტია, რომ ოპოზიცია ძალიან ცუდი პირობებით უახლოვდება 30 მაისს – არეულ-დარეულობით და რამდენიმე კანდიდატით თბილისის მერის პოსტზე. დიდი ალბათობით, მეშვიდე რაუნდშიც გამარჯვება ხელისუფლებას დარჩება.

შემდეგი თარიღი კი 2012 წელია, როდესაც, კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ დროის აღმაში არაფერი შეიცვალა, საფიქრებელია, რომ უახლოესი ორი წელიწადიც უფრო მცირე მონაკვეთებად დანაწილდება და ახალი თარიღებით შეივსება. ეს თარიღებიც დატვირთული იქნება თავისი მოლოდინებით და დროსთან სუბიექტური მიმართებით, თავისი დრამატურგიით, ვიღაცის მოგებით და ვიღაცის წაგებით.

რეალობის ამ დეფორმაციაში, ჩვენ ვკარგავთ დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ჩვენი ცხოვრების დაკარგული ნაწილია. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დროის „გაწევ-გამოწევაში“ გადის წლები, რომლებიც უსარგებლო ხდება რაიმე ღირებულის შესაქმნელად არა მხოლოდ მათთვის, ვინც პროცესში უშუალოდ მონაწილეობს, არამედ, თითოეული ჩვენგანისთვისაც.

ხელისუფლება ოპოზიციას უხერხემლოდ კი მიიჩნევს (საკუთარი ხერხემლიანობისგან განსხვავებით), მაგრამ, სწორედ ამ ოპოზიციის გადამკიდე, დაკარგული დროის ალგორითმს თავს ვერც ხელისუფლება აღწევს. საარჩევნო თარიღების მუდმივი ცვლა, არასტაბილურობის განცდა, უკუსვლა ზოგიერთ სფეროში და, პირველ რიგში, განათლების სისტემაში, – ამის მკაფიო დასტურია.

როგორ მოვიქცეთ?

ამ კითხვაზე პასუხს ხშირად ჩიხში მივყავართ, რადგან ოპოზიცია სუსტია და ვერ ერევა ხელისუფლებას. თავის მხრივ, ხელისუფლებაც სუსტია და ვერც ის ერევა ოპოზიციას. მათ შორის ურთიერთობა, ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაცვლად, დროზე ორმხრივი ძალადობის უწყვეტი ჯაჭვია.

დროზე ძალადობას კი, როგორც ყველა სხვა შინაარსის ძალადობას, მწვავე ტკივილები ახლავს.

მაგრამ, სანამ არ გავიაზრებთ, რატომ არ შეგვიძლია, ქვეყანა ნორმალური განვითარების კალაპოტში დავაბრუნოთ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში; ან, თუ ეს შეუძლებელია, რატომ არ შეგვიძლია, შევცვალოთ ხელისუფლება, – დროის კარგვა და მასთან დაკავშირებული ტკივილები გაგრძელდება და გაგრძელდება...

სანამ დაკარგული დროის შინაარსს არ ამოვხსნით და რეალურ დროს რეალურ კალაპოტში არ დავაბრუნებთ, წინ ვერ წავალთ. მესმის, რომ თითოეული მკითხველისთვის „რეალური დროის დაბრუნება რეალურ კალაპოტში“ სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს. პირადად ჩემთვის ეს ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას სწორი საკონსტიტუციო განვითარების ჩარჩოში. რადგან დროის „შეკუმშვაც“ (ოპოზიციის მიერ) და „გაწელვაც“ (ხელისუფლების მიერ), სინამდვილეში, იწვევს დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფოს არსის დეფორმაციას. შემთხვევითად არ მიმაჩნია, რომ პირველი, რაც ახალმა ხელისუფლებამ მოიმოქმედა, ძველი კონსტიტუციის ახლით – ძალაუფლების გამახანგრძლივებელი ბერკეტით – შეცვლა იყო.

როგორ მოვიძიოთ დაკარგული დრო? როგორ დავიბრუნოთ რეალობის აღქმა? როგორ მივაგნოთ სწორი განვითარების კალაპოტს?

ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG