უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / მალხაზ ხარბედია

ზაზა ბურჭულაძის ფრთები

05.02.2010
ქართულ ლიტერატურულ ჟარგონში ახალი სიტყვა გაჩნდა, adibas-ი. მართალია, სიტყვა მანამდეც არსებობდა ყოფაში, მაგრამ ახლა იგი უკვე ლიტერატურაში გაფორმდა, სულ მალე კი ალბათ მოვა დრო, როდესაც ლევან ბრეგაძე ან ჟარგონის სხვა მკვლევრები თავიანთ ნაშრომებშიც შეიტანენ ამ სიტყვას. მით უმეტეს, ავტორს უკვე აკადემიური განმარტებაც აქვს მზად, რომელიც ეპიგრაფივით უძღვის წიგნს: “ადიბასი – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.”.

ჩემთვის წიგნის ასეთი შესავალი ძალიან საყურადღებო იყო, რადგან, როგორც მის ნაწერებს ხშირად ვატყობდი ხოლმე, ზაზა ყოველთვის ბევრს (ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც) მუშაობდა ლექსიკონებთან.

მას აქვს წიგნები, რომლებიც სავარჯიშოები უფრო გეგონება, სადაც იგი თვეების თუ წლების მანძილზე ლექსიკონებიდან ან რომელიმე ენამახვილი მთარგმნელის მარაგიდან ამოკრებილი სიტყვებითაა აწყობილი.

ზაზა თავიდანვე ძალიან ბევრს მუშაობდა ენაზე, ბევრს ეძებდა, გაუთავებლად არჩევდა სიტყვებს, შედეგად კი ხშირად გამოსდიოდა სრულიად კარიკატურული და დამღლელი კონსტრუქციები, რაც ერთი მხრივ ღვლარჭნილი ფსევდო-ქართული იყო, მეორე მხრივ კი, აზრის გადმოცემის ფსევდოაკადემიური, უმწიფარი მცდელობები.

მაგალითად, მისი პირველი რომანი, “სულთათანა” (2000) სავსეა ასეთი ენობრივი “სამშობიარო ტკივილებით”. ნებისმიერ გვერდზე შეგიძლიათ გადაშალოთ და ასეთ რამეებს შეხვდებით: “მახსოვრობის სკივრიდან ერთბაშად ამოაგონდა, დედის მომუშტული ხელის მტევანში მოჭმუჭნილი ოფლით მონამული ზეწარი როგორ მოიმჩვარა, როგორც კი მომუშტვას დედამ თავი ანება...”, “ისედაც მბჟუტავმა შუქმა სულ მთლად ჩაქრობისკენ ქნა პირი”, “ბუნებრივ კანონზომიერებათა აშკარა უგულებელყოფისა და შეუფარავი დაცინვის თვალსაჩინო ნიმუშია ის, რასაც სპილოს ძვლის კუნძულის აბორიგენები სჩადიან თავიანთ მიცვალებულებთან”.

შემდეგი ძალიან მკვეთრი ნაბიჯი იყო “წერილი დედას” (2002), სადაც პირველ პირში გულახდილად მოთხრობილმა თითქმის რეალურმა ამბავმა ცოტათი დაჩრდილა ეს “ლინგვისტური თამაშები”, თუმცა ზაზამ აღარ განავითარა ეს მიმართულება და მომდევნო რამდენიმე წელი მან არჩია სრული ტექსტუალობის გზით ევლო, წარმოედგინა წარმოუდგენელი, ეწერა იმის მიუხედავად, სათქმელი ჰქონდა თუ არა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ალბათ ზაზას სურვილი თუ ახირება, რომ მისი წიგნები საზრისის ქექვით, და რაღაც კონცეფციებით წაეკითხათ და სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ მის “მინერალურ ჯაზს” (2003) ამდენი “კომენტატორი” დაესია (თუ დაასიეს). რა თქმა უნდა, არც ზაზა იყო რობ-გრიე და არც კომენტატორები იყვნენ ბარტი-ტოდოროვი-კრისტევები. ამიტომ, როგორც ადრეც აღვნიშნე, ახალი ლიტერატურისა და ძლიერი ახალი მწერლის ასპარეზზე გამოყვანის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა (უფრო სწორად ნაჩქარევი იყო). ზაზა ბურჭულაძის ანცობები, მისი ნაგროვები ლექსიკა, ჩანიშნული სახელები და დასახელებები, ხუმრობები და უხამსობები, ქადაგებები და ხულიგნობები ხშირად ისევ ვერ ეწერებოდა წიგნის საერთო ქსოვილში და ავტორის მცდელობები თავისი მკვეთრად გამოხატული, ძლიერი იდიოლექტი შეექმნა (როგორც ეს თავის დროზე მოახერხეს, ვთქვათ, ჩაკ პალანიკმა ან ვლადიმირ სოროკინმა), უშედეგოდ მთავრდებოდა.

მოკლედ, დროებით ზაზას ნაწერი დაშორდა რეალობასაც, “აუცილებლობისა და ალბათობის” უძველეს, არისტოტელესეულ პრინციპსაც, ენასაც, რომელმაც მოგვიანებით სრულიად უშედეგოდ გაიბრძოლა “სახარება ვირისაში” (2004), ხოლო Enfant terrible-ის ხვედრი, რომელიც მან ჯერ კიდევ “სიმპსონებიდან” და “წერილი დედას”-იდან მოყოლებული აირჩია, სულ უფრო ბუნდოვანი, უშედეგო და უინტერესო ხდებოდა. ჯვარცმა და რომაელი ჯარისკაცები არსად ჩანდნენ, ზაზამ მოიწყინა.

გარკვეული პერიოდის მანძილზე, განსაკუთრებით რამდენიმე ტოკ-შოუში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პერიოდში, ბურჭულაძე გასცდა კიდეც ლიტერატურის ფარგლებს და ვიტრინაში დაიკავა ადგილი, ხოლო მისი მომდევნო მცდელობები (“ხსნადი კაფკა” (2006) და “ფონოგრამა” (2008)) მოსაცდელში სიგარეტის მოწევას უფრო დაემსგავსა.

ჰოდა, ზუსტად არ ვიცი, რომელ ღერზე იყო... და ზაზამ შექმნა ახალი საუკუნის პირველი ათწლეულის დამაგვირგვინებელი, ძალზე ზუსტი, მოქნილი და დასრულებული ტექსტი, რომელიც, მისი ძველი ნაწერებისგან განსხვავებით, სრულყოფილია. ეს მისი საუკეთესო რომანია და მირჩევნია ზაზა ბურჭულაძის ნამდვილი მწერლური ბიოგრაფია “adibas”-იდან დავიწყო.

ამ რომანში ზაზა შესანიშნავად სუნთქავს, თხრობისას არ ქოშინებს, არაფერს ამეტებს, ზუსტად ამთავრებს თავებს, უფრო ლაღია, ვიდრე ადრე. მის ნაწერში მეტია სიმკვეთრე, ყოველი მისი ხუმრობა მიზანში არტყამს: უბრალოდ-უხამსი ხუმრობაც, “ზაუმნი”-უხამსი ხუმრობაც, უკბილოც და უწყინარიც.

“adibas”-ის ჟანრულ თავისებურებებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ყველაზე ნაკლებად მასში სწორედ ლიტერატურული ჟანრები იკითხება, უფრო მეტად კი პარალიტერატურა. მაგალითად, ეს წიგნი გრაფიტივითაა, სადაც კედლებზე წარწერილ ფრაზებში მთელი ისტორიები შეგვიძლია ამოვიკითხოთ, დავინახოთ ადამიანები. გრაფიტის და სტენსილებს ახლა ყველგან შეხვდებით, ზაზას ბავშვობის პერიოდშიც ჩვეულებრივი ამბავი იყო კედლებზე უმარტივესი წარწერების გაკეთება, მაგრამ მაშინ სულ სხვა შინაარსები, სულ სხვა სურვილები იწერებოდა კედლებზე.

და რა წარწერები იყო ესენი? უმარტივესი. ესენი იყო უცხოური ფირმების დასახელებები: ადიდასი, პუმა, სონი, ჯეივისი და სხვ.

ეს წიგნი სავსეა ასეთი ბრენდებით, სახელებით, დასახელებებით და

ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ზაზამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი აღსარებით ტონალობაში კი არ დაწერა, არამედ ააჭრელა ფრონტალური, გარეგნული, მყვირალა, ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონებით, სადაც ყველაფერს რაღაც წარწერა ჰქონდა, ხოლო თუ არ ჰქონდა, ასვამდნენ ამ წარწერა-ნიშანს.

ერთ ჩემს უბნელ მეგობარს ბლოკნოტიც კი ჰქონდა სახლში, სადაც ეს ბრენდები ჰქონდა ჩამოწერილი, ანბანურად, რა თქმა უნდა, სახელები კორექტურებით იყო სავსე.

რომანის მთხრობელებს გართულება აქვთ დასახელებებზე, “ფირმებზე” (როგორც ჩემს ბავშვობაში იტყოდნენ) და ეს 80-იანებიდან გამოყოლილი ქალაქური სენი ზაზა ბურჭულაძის რომანის მამოძრავებელ ძალად იქცევა. ნაწარმოების ცენტრალურ თავში, რომელსაც, ისევე როგორც რომანს, “adibas” ჰქვია, მხოლოდ ბრენდებია ჩამოთვლილი. ყველა ესენი დიდუბის მეორადებშია თავმოყრილი, სადაც ციბრუტივით ტრიალებს ერთ-ერთი მთხრობელი, გაუთავებლად არჩევს ტანსაცმელს და სულხან-საბასავით ალაგებს სიტყვებს და სახელებს: Hermès, Comme des Garçons, Sophia Kokosalaki, Kenzo, Helmut Lang, Hussein Chalayan, Jeremy Scott, Blaak, Fendi და ა.შ.

ამ “ლექსიკოლოგიური” სამუშაოების პარალელურად, თბილისში ომია, რუსის ჯარი ქალაქშია შემოსული, ორმოცდამეორე დივიზიის მოტომსროლელი ბატალიონი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიუყვება, ბლოკ-საგუშაგოები პეკინის ქუჩის დასაწყისში და საზოგადოებრივ მაუწყებელთანაა გახსნილი, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ბომბები ცვივა, ასევე იბომბება გაგარინის მოედნისა და საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაც.

ომი ვერაფერს ცვლის ქალაქში, გმირები ისევ ისე დადიან ზეპურთა სახინკლეებში (სახინკლეს “ლურჯი ხავერდი” ჰქვია და კედლებზე ძველი ტფილისის ხედები და დევიდ ლინჩის ფილმებიდან კადრების ფოტოები კიდია), ტკბილ კაფეებში, საკონდიტროებში, სადაც გაჩხერილზე (მოწეულზე, ნაყნოსზე, ნაყლაპზე...) შეგიძლია უზომოდ ჭამო კრუასანები ალუბლის ჯემით, ქიშმიშით, ვანილის კრემით, მარციპანით, შოკოლადით, ხაჭოთი. ვაკის საცურაო აუზი სავსეა: “ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, თესლიყლაპია ბარბი-გოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით...”. აქ, ამ ქვეყანაში, მამაომ თავის მრევლს სენაკში შეიძლება კარაოკეც მოატანინოს და დიდი გრძნობით იმღეროს ბრიტნი სპირსის toxic. აქ არასდროს გავიწყდება, რომ ქართულ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობს – მხართეძოზე წოლა.

ზაზა ბურჭულაძე ბოლო რომანში კიდევ ერთხელ გადაიხარა უელბეკისკენ (“წერილი დედას”-ის შემდეგ), სექსი და პორნოგრაფია “ადიბას”-შიც ბლომადაა, ნაირ-ნაირი ხვრელები, გაჯგიმული გენიტალიები... თუმცა უელბეკისგან განსხვავებით, სექსს აქ ისეთი მწვავე მელანქოლია არ ახლავს თან. თუკი უელბეკი პიეროს სახით ეძლევა სექსს, ბურჭულაძის გმირები უფრო ჯგუფ Gorillaz-ის ანიმაციური პერსონაჟებივით გამოიყურებიან.

რომანში რა თქმა უნდა ინტერტექსტებსაც შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ციტატაა პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მოტაცების სცენა, რომელსაც თბილისის აეროპორტის გზაზე დახვდებიან, ჩემოდანში ჩასვამენ და სადღაც გააქანებენ ჩეჩნები (ბევრს შეიძლება კშიშტოფ კიშლოვსკის “სამი ფერი - წითელი”-ს ეპიზოდი გაახსენდეს).

ერთგან მთხრობელი არარსებულ ფილმს წარმოიდგენს, ეროტიკულ ვესტერნს, რომლის რეჟისორებიც ტინტო ბრასი და სერჯიო ლეონე იქნებოდნენ. ფილმში მორიკონეს მუსიკა იჟღერებდა, ბლომად ფართო პლანები იქნებოდა, რომელსაც საერთო ხედები ჩაენაცვლებოდა, შემდეგ თვალები, ბლომად ხორცები და ა.შ. როცა ამ მონაკვეთს ვკითხულობდი, მაშინ მომივიდა აზრად, რომ ზაზას ეს ბოლო, საუკეთესო რომანიც ასეთი უცნაური ნაზავია. აბა წარმოიდგინეთ, მიშელ უელბეკსა და ლაშა ბუღაძეს რომ ერთად დაეწერათ რომანი, გამოცემაზე (გნებავთ პროდუსირებაზე) კი პოპ-არტის მამას, ენდი უორჰოლს ეზრუნა. რა გამოვიდოდა? რა და “adibas”-ი.

ადრე ვხუმრობდი ხოლმე, “ერთ მშვენიერ დღეს გრეგორ ზამზამ (ზაზა ბურჭულაძის ძველი ფსევდონიმი იყო) გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ საშინელ მწერლად გადაქცეულიყო”-მეთქი. ახლა კი ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: ხოჭომ, სახელად გრეგორ ზამზა, აღმოაჩინა, რომ ბაკანქვეშ ფრთებიც აქვს და ლაღად ფრენა შეუძლია.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: megre საიდან გვწერთ: chokhatauridan
06.03.2010 00:41
არაჩვეულებრივი რეცენზია იყო, ბატონო მალხაზ (როგორც ყოველთვის), თუმცა ჩემი აზრით რომანი ამად არ ღირდა.

ავტორი: Toresa Mossy საიდან გვწერთ: irmis naxtomi
17.02.2010 12:15
"ადიბას"-ში ზაზა უკვე მწერლის პოზიციიდან უყურებს სამყაროს. ყველაფერს, რაც იქ ხდება უკვე მწერალი ხედავს. არც ერთ მის რომანში არ მიგრძვნია ეს. ადიბასში კი ეს ნათლად ჩანს.

ავტორი: ana_jano საიდან გვწერთ: tbilisi
09.02.2010 15:22
"ბურჭულაძე გასცდა კიდეც ლიტერატურის ფარგლებს და ვიტრინაში დაიკავა ადგილი, ხოლო მისი მომდევნო მცდელობები (“ხსნადი კაფკა” (2006) და “ფონოგრამა” (2008)) მოსაცდელში სიგარეტის მოწევას უფრო დაემსგავსა. "

ფონოგრამა არც მე არ მომწონს(განსაკუთრებით "7 ბრძენი"), მაგრამ ხსნად კაფკას რას ერჩით?? მართლა ძალიან მაინტერესებს. სერიოზულად ამ მოთხრობაზე არავისთან არ მიმსჯელია, არა და სულ ძირისძირობამდე ( როგორც ზაზა იტყოდა, შტუდირებით) მაქვს ნაკვლევი და დღემდე არ მომბეზრებია. მითუმეტეს, შეიძლება ითქვას რომ, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანის ერთ ფრაზაზეა აგებული მთელი ტექსტი.

ავტორი: კონფუცი საიდან გვწერთ: თბილისი
08.02.2010 11:39
ბატონო მალხაზ, წაკითხულიმაქვს თქვენი დეკემბრის ბლოგი, ჩვენ ორივეს მოგვწონს ბურჭულაძე, მაგრამ სწორედ ამიტომ, როცა აქებენ ვაკრიტიკებთ და როცა აკიტიკებენ ვიცავთ, :) თუმცა მაინც მგონია რომ ადიბასი გამობრწყინება არააა :) კიდევ წავიკითხავ რა იცი იქნებ აზრი შევიცვალო :)

ავტორი: sofia საიდან გვწერთ: tiflisi
08.02.2010 02:11
საინტერესო იყო ბატონი მალხაზის კომენტარი,მე ამას უფრო ზაზასადმი კრიტიკას კი არა უფრო მისეულ შეფასებას დავარქმევდი.
რაც შეეხება ბატონ ზაზას, მართალია ვერ დავიკვეხნი ბევრი რამ ვიცი მის შესახებ <<< ვგულისხმობ მის სშოქმედებას>... მაპატიონ მისმა ფანებმა ,მაგრამ მისი :სიმფსონების" წაკითხვა რომ დავიწყე რაგაც უშინაარსო არა მხატრული და მარაზმად მომეჩვენა.მაგრამ ზაზას რაც მართლაც რომ შეუდარებელი აქვს ეს არის შედარებების ფანტაზიის უნარი, თუნდაც რად გირს მისი ეს ფრაზა: დაბალყელიანი კაპრონის ხორცისფერი წინდები ნათურის შუქზე ამაზრზენად ულაპლაპებს.თან ცალი წინდა ისე უშნოდ ,ფუყედ ჩასჩავია,როგორც დავარდნილი ას.....დან პრეზერვატივი.........."
ძალიან მაინტერესებს მისი ბოლო წიგნი,ღმერთმა აშოროს ბოლო მაგრამ მაინც ხომ ბოლოა.
იმედია ,,გავგიჯდები,და გადავირევი"
ისე ერთ ადგილას ყური მოვკარი ზაზას ბოლო წიგნმა მართლაც რომ გადატრიალება მოახდინა ქართულ მწერლობაშიო. და ამაზე მართალაც გამეცინა ეს ყელაფერი მარაზმია და მეტი არაფერი,თუმცა არ წამიკითხავს ვაღიარებ.,,ავატანესი" არ იყოს 22 ე საუკუნის შედევრს რომ უწოდებენ.
რაც შეეხება ზოგიერთის კომენტარს უი რა ბედნიერია თურმე თანამედროვე მწერლობა მისით,არანაირად არ ვეთანხმები . რატომ იცით იმიტომ რომ შედარება არ მიყვარს არასდ და არაფერში მაგრამ მაინც.........
თანამედროვე მწერლებში მე აკა მორჩილადძე მახსენდება.თუ რატომ ?იმიტომ რომ ის მართლაც რომ წერს.
ზოგიერთი მიკთხავს ალბათ რას ერჩი რა დაგიშავაო , მე მართლაც რომ აფერი მაქვს ზაზას მიმართ საწინააღმდეგო, უბრალოდ მინდა რომ ზოგიერთი თანამედროვე მწერლები და ჩვენც მკითხელიც მათან ერთად გავიზარდოთ.

ავტორი: cnobismoyvaris tribuna
07.02.2010 16:39
რა დროს რამერუმეებია როდესაც კარზე მოგდგომიათ ნაგარჯუნა !

უსიმპატიურესი და უთანამედროვესი ევროპელი ათეისტი ფილოსოფოსი ანდრე კომტ-სპონვილის ფიქრებიდან : " ჯოჯოხეთი და სამოთხე":

"სპინოზასთან ,მისი "ეთიკის" V წიგნში ვკითხულობთ რომ ნეტარება არის მარადიული მდგომარეობა რომელიც მხოლოდ ფიქტიურად თუ შეიძლება დაიწყოს. ესაა ჩემთვის ალბათ ყველაზე ძნელი ფრაზა. ... სინათლე მომივიდა სულ სხვა მხრიდან ( რა თქმა უნდა აღმოსავლეთიდან,თუმცა სპინოზაც აღმოსავლეთიდან იყო,მაგრამ კიდო უფრო აღმოსავლეთიდან,მთარგმნელი). ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ბუდისტი მოაზროვნე და მისტიკოსი ნაგარჯუნადან (ა.წ.II ს.) . ცნობილია რომ ის რასაც სპინოზა უწოდებს "ხსნას " თუ "ნეტარებას" ბუდისტებში ცნობილია ნირვანას სახელწოდებით. და რომ ნირვანას საწინააღმდეგო რამეს, ტანჯვითა და სიკვდილით სავსე არსებობას ამავე ტრადიციაში ჰქვია სამსარა. ეს რამდენადმე ჰგავს ქრისტიანთა სამოთხეს და ჯოჯოხეთს. განსხვავება იმაშია რომ ბუდისტების აზრით ჩვენ უკვე ვართ ჯოჯოხეთში და საჭიროა იქიდან (თუ აქედან,მთარგმნელი) გაღწევა. არადა ნაგარჯუნას სტანსების გადაკითხვისას მე წავაწყდი სახელგანთქმულ დისტიქს :
" სამსარა და ნირვანა არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან;ნირვანა და სამსარა არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან".მაშ როგორ უნდა გადავიდეთ ერთიდან მეორეში? იმის გაგებით რომ ისინი შეადგენენ ერთ მთლიანობას. არ ვიცი ეს ნაგარჯუნასია თუ მისი რომელიმე მოწაფის ნათქვამი, მაგრამ ესაა სულიერების მთელი ისტორიის უძლიერესი ფორმულა : " მანამდე სანამ შენ ერთმანეთისაგან ანსხვავებ ნირვანასა და სამსარას შენ სამსარაში ხარ".

ეს ჰგავდა ღამის გამონათებას,რა საჭიროა ნირვანას ძიება როდესაც უკვე იქ ვართ? ... ხსნის სურვილი ესაა შეჩვენებულის ზმანება და ალბათ თვითონ შეჩვენება. ჩემი საწყისი კულტურის, იუდაურ-ქრისტიანული კულტურის ცნებებით ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უკვე ვართ უფლის სასუფეველში..."

საკმარისია ახალთახალ ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული ამ დიდად დამამშვიდებელი წერილის კითხვა. ჯანდაბას იქით იყოს ზოროასტრეს, მოსეს,იოანე ნათლისმცემლის და ვარსკვლავებში ქრისტეს დამნახავი წარმართი მოგვი ჯადოსნების აღმოსავლეთი. ეხლა მოდაშია ნაგარჯუნას უფრო აღმოსავლური აღმოსავლეთი საიდანაც ზოგისთვის დღეს მოდის ულუქსესი "ლუქს". ჩვენ ვერ მივმხვდარვართ რომ უკვე სამოთხეში ვართ და ვიდრე ერთმანეთისაგან ვანსხვავებთ სიკეთეს და ბოროტებას კეთილები კი არა, ბოროტები ვყოფილვართ. ასე რომ მშვიდად,მივიღოთ ეს ნარკოზი და მოვისვენოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაგარჯუნავ.

ავტორი: დანტე საიდან გვწერთ: სალხინებელი
07.02.2010 00:40
საინტერესო რეცენზიაა, მალხაზ. მგონი ცოტა პირადი ანტიპატიის სუნი ასდის... ან მე მომეჩვენა. "ადიბასს" რაც შეეხება, ბურჭულაძემ ჩემი აზრით მართლა ათიანში მოარტყა. ბოლო დროს არცერთ წიგნზე არ მიცინია ამდენი. ისე "მინერალური ჯაზი" და "ფონოგრამაც" კარგი იყო... მაგრამ "ადიბასმა" ორივე გადაწონა. ბურჭულაძის ყველა წიგნი რასაკვირველია არც მე მომწონს (ისე ყველა არც წამიკითხავს), მაგრამ ეს წიგნი ნამდვილად შემეხო. ცოტა კი გამიკვირდა ბურჭულაძისგან - "ადიბასი" სასაცილოს გარდა სევდიანიც არის.

ავტორი: Blue Note საიდან გვწერთ: Birdland
06.02.2010 19:34
მალხაზ, ძალიან კარგი რეცენზიაა (ბლოგი რამდენადაა, მაგაზე კიდევ შეიძლება დავა). მე მგონი, ზაზას წიგნზე უფრო კარგია. მასში არის რაღაც ბორხესული: საერთოდ რომ არც არსებულიყო ზაზას რომანი, მაინც (ან კიდევ უფრო) მაგარი რეცენზია იქნებოდა. ერთი რამ ცხადია, რომ ეს იმ ტიპის რეცენზიაა, რომელიც განსახილველი ტექსტის გაგებას ნამდვილად ეხმარება.

ავტორი: ბერთა მეისონი საიდან გვწერთ: სხვენიდან
06.02.2010 03:45
ვეთანხმები ავტორს, რომ ზაზას შემოქმედება პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: მტკივნეულ-ეპატაჟურ და სიტყვაკაზმულ-"ღვლარჭნილ" ტექსტებად. პირადად მე, პირველი ჯგუფის წიგნები უფრო მომწონს - განსაკუთრებით "სიმფსონები" და "წერილი დედას". თავის დროზე ორივემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - სისადავით, რადიკალურობით, სიმწარით, გულახდილობით და რაც მთავარია, ბობოქარი ვნებათაღელვით... "ადიბასის" შეფასებაში კი ბლოგის ავტორს მთლად ვერ დავეთანხმებოდი. წიგნი უდავოდ საინტერესოა, შეკრული სტილით და რამდენიმე ძალიან მაგარი სცენით - მაგრამ მაინც რაღაცნაირად "ჩამქრალი"... ზუსტად ის ყველაფერი, რასაც ბლოგის ავტორი მწერლის "ფრთების გაშლად", მის დამშვიდებად და თავდაჯერების მოპოვებად მიიჩნევს, ჩემთვის ამ წიგნის ნაკლია, რადგანაც ზაზას უწინდელი ნევროტულობა, დაძაბულობა, სიბრაზე და სიმწარე ახლა ოდნავი სწორხაზოვნებით, ნარცისიზმით და დუნე ტემპით შეიცვალა. გარდა ამისა, მეჩვენება, რომ მწერალი ცოტა მეტისმეტად გატაცდა თბილისის "სვეცკი" წრეების კრიტიკით - რაც, სხვათა შორის, "ხსნად კაფკაში" უკვე გააკეთა, თან ბევრად უფრო მწარედ, სარკასტულად და რადიკალურად. შარდენის ქუჩებზე და ვაკის ბასეინებზე ამდენი ქილიკი კი მის შემოქმედებას ლოკალურობის ელფერს სძენს. ისე კი ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია - ზაზა მაინც ძალიან მაგარია...

ავტორი: A.
06.02.2010 02:51
ძლივს კრიტიკული წერილი თანამედროვე ქართველ მწერალზე. ამისთვის დიდი მადლობა. იქნებ შეაფასოთ მისი თანამედროვეების შემოქმედებაც. ველით გაგრძელებას.

ავტორი: პროდიუსერი საიდან გვწერთ: სტუდია
06.02.2010 02:13
"ადიბასი" ჩემი აზრით სრულიად ჩავარდნილი "მინერალური ჯაზის", "ხსნადი კაფკას", "სახარება ვირისას" და "ფონოგრამის" შემდეგ ნამდვილად უკეთესი წიგნია. მეჩვენება, რომ ავტორი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, როდესაც ასე იმედისმომცემი იყო (ვგულისხმობ "სიმფსონებს" და "წერილი დედას"). თუმცა, მე მგონი, რეცენზენტმა გადააჭარბა – თანაც, ძალიან გადააჭარბა. მე "ადიბასმა" დამღალა, მიუხედავად იმისა, რომ არაა დიდი მოცულობის წიგნი. ალაგ–ალაგ ნახევარ–ნახევარ გვერდს ვახტებოდი და ისე ვკითხულობდი.
კიდევ ერთი: ახლა უკვე ველოდები ზაზას ახალ წიგნს, აქამდე ხელი მქონდა ჩაქნეული, ამისგან აწი არაფერი გამოვა–მეთქი.

ავტორი: ფიქრია
06.02.2010 01:52
არ მესმის თქვენი ირონია ”მინერალურ ჯაზზე”.მეც ვთვლი, რომ ეს ზაზას საუკეთესო რომანია..და არა მარტო იმიტომ რომ ასე აქეს ჩემთვის ძალიან საყვარელმა ადამიანებმა

ავტორი: Oh La La საიდან გვწერთ: დაბურული ტყე
06.02.2010 01:48
(ბევრს შეიძლება კშიშტოფ კიშლოვსკის “სამი ფერი - წითელი”-ს ეპიზოდი გაახსენდეს) -

"თეთრი"-ის სიუჟეტია
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
06.02.2010 02:04
ვახ, ერთი ამათი გარჩევა ვეღარ ვისწავლე რა :))

ავტორი: ზაზა ბურჭულაძე საიდან გვწერთ: Bohemia
06.02.2010 01:35
თქვენ ყველანი ჩემი თანაარსებანი ხართ!
In Response

ავტორი: ანონიმი
06.02.2010 21:36
მართლა ჩეხეთში ხართ?

ავტორი: Ika საიდან გვწერთ: Tbilisi
05.02.2010 22:16
რა ქვია ადამიანს, რომელსაც ძალიან უნდა რომ ერქვას მწერალი მაგრამ ტალანტი არ აქვს, მაგრამ მაინც წერს, იმიტომ რომ ბევრი კარგი წიგნი წაუკითხავს, აფასებს მათ, ძალიან ნანობს, რომ ისინი მისი დაწერილი არაა და იმისათვის, რომ ეს წაკითხული ტყუილად არ დაიკარგოს (ანუ მასზე რამენაირად აისახოს) და თან პლაგიატორობაც არ დააბრალონ, იღებს იმას რაც ამ წიგნებში იყო კარგი, ამატებს ზედ მეტ-ნაკლებად სწორად დანახულ ქართულ რეალობას, კარგად აჭანჭყარებს და ვიღებთ იმას რასაც ვიღებთ?

ისე ბაკნის ქვეშ მაინც შევიხედავ. უბრალოდ რომ შევამოწმო, მე და თქვენ ფრთებს ერთიდაიგივე რამეს ვეძახით თუ არა : )

ავტორი: alo საიდან გვწერთ: Tbilisi
05.02.2010 21:54
გეთანხმებით, ბატონო მალხაზ, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ზაზა ბურჭულაძე იმ იშვიათი ქართველი მწერლების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც გამართულად წერა შეუძლია, დღევანდელ სინამდვილეში კი ეს მკითხველისთვის დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. მის ადრეულ ნაშრომებს არ ვიცნობ, მაგრამ ბოლოდროინდელ ტექსტებს აშკარად ეტყობა ენის მოქნილობა და სილაღე. როგორც ჩანს ლექსიკონებზე მუშაობამ მაინც გამოიღო შედეგი, ამიტომ ალბათ იმსახურებს დავუფასოთ ეს შრომა.

ავტორი: eladosi საიდან გვწერთ: ateni
05.02.2010 19:26
ზაზას ახალი რომანი არ წამიკითხავს, მაგრამ "მინერალური ჯაზი" ჩემი საყვარელი წიგნია. მე ვფიქრობ, ბოლო წლების საუკეთესო ქართული რომანია. გონებამახვილური, მშვენიერი ენობრივი ქსოვილით და ა/შ. ბევრიც ვიცინე... "ვირის სახარებისა' და 'მინერალურის' გარდა, ამ ავტორის სხვა არაფერი წამიკითხავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი...

ავტორი: alo საიდან გვწერთ: Tbilisi
05.02.2010 18:20
ბატონო მალხაზ,
ვფიქრობ, რომ სულსწრაფობაც და თავის მოჩვენების სურვილიც მწერლის განვითარების ერთ-ერთი ჩვეულებრივი ეტაპია.
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
05.02.2010 18:29
კი ბატონო, თუმცა საქართველოშიც და მსოფლიოშიც ძალიან ბევრია (და იყო) ამ სულსწრაფობის მსხვერპლი მწერლები, რომლებიც ვერანაირად ვერ განვითარდნენ. კარგია, რომ ზაზა გამოვიდა ამ ეტაპიდან, რომელიც თითქოს უსასრულო ჩანდა (სწორედ ამიტომაა, რომ ბევრს, მათ შორის აქ მპოსტველებს, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს რომანიც მორიგი "ტუფტაა").

ავტორი: GERMANE
05.02.2010 18:04
მალხაზ, იმედი მაქვს სამართლიანი რეზენზია გამოგივიდა, რადგან, მე ამ "ადიბრასის" წაკითხვის სურვილი გამიჩნდა.
მაგრამ, ვაი თუ თბილისელი კონფუცი მართალია და ისე კარგი არაა, როგორც აქებ ამ ბოლო წიგნს?

არადა, კონფუცი თავის "ბნვ"- თი მართალია - მე ეს "გაყალბება" უფრო მაგარი შთამბეჭდავი მგონია.

ადიადასს რაც შეეხება, ჩემი ბავშვობის დროს ქუთაისის კედლებზე
ამგვარი გაყალბება უფრო იყო მოდაში "adi-das".

ავტორი: ალო საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2010 17:54
ბატონო მალხაზ, რატომ ხართ ასე კრიტიკულად განწყობილი იმ ფაქტისადმი, რომ მწერალი სწავლობდა და მუშაობდა ენაზე. ვფიქრობ, რომ დროა დავაფასოთ შრომისმოყვარე მწერლები, რომლებიც დალევის და ლიტერატურულ სალონებში ჭორაობის ნაცვლად ლექსიკონებში იქექებიან. თუნდაც!
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
05.02.2010 18:00
ალო, აბა ჩემი ეს ბლოგი რა იყო, როგორ გგონიათ? ლოთების და უსაქმურების დაფასება? :)

და კიდე, მე კრიტიკულად შრომისა და მონდომების მიმართ კიარავარ განწყობილი, არამედ ზოგიერთი ავტორის (ან მათი გულშემატკივრების) სულსწრაფობაზე და თავის მოჩვენების სურვილზე.

ავტორი: kretia patachkuvna
05.02.2010 14:10
ოო რა კაგია გაშლილ მდელოზე...

ავტორი: anushka საიდან გვწერთ: tbilisi
05.02.2010 13:57
კარგი რეცენზია იყო!

აი ვაკის საცურაო აუზის დახასიათება საერთოდ სუპერ!
მიყავრს საკუთარი თავის კრიტიკა რომ შეუძლიათ ადამიანებს

ავტორი: ნიანუ საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2010 13:53
ერთი ბურჭულაძის გენიალურობა ვერ დავინახე და მეორე ქეთი მელუასი. უკაცრავად:)
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
05.02.2010 20:00
აბა, ვინ თქვა გენიალურიო? ვახ!

ავტორი: nino საიდან გვწერთ: gori
05.02.2010 11:14
გეთანხმებით. . .გოიმობის რაღაც ნაირსახეობასთან გვაქვს საქმე. ღმერთო გვიშველე გაჭირვებულ ქართველებს.

ავტორი: კონფუცი საიდან გვწერთ: თბილისი
05.02.2010 10:25
მაინტერესებს რატომ ითვლება ,,ადიბასი,, ნოვაციად როდესაც ,,ბნვ,, უკვე არსებობს... ახლა არ მითხრათ პოსტმოდერნი იტანსო..... პოსტმოდერნი იტანს ახლებურ გააზრებას... მაგრამ თუ ახლებური გააზრება არ არის (ადიბასიც და ბნვ ეც ორივე სიყალბეს ნიშნავს) მაშინ პლაგიატს ემსგავსება :) ზაზას ყველა ნაწარმოებს ქონდა ერთი თვისება, გადაჭარბებულად აქებდნენ, რითაც კარგი წიგნიც კი იყო გამაღეზიანებელი (მაგ. მინერალური ჯაზი)რომ წაიკითხავდი იმედი გიცრუვდებოდა.... რეცენზიის მერე ისე მართლა კარგი წიგნია.... ხსნადი კაპკას ბერძენიშვილისეული პანეგერიკი ხო საერთოდ იუმორინაა, გეხეწებით ბატონო მალხაზ ტქვენც ნუ იზამთ იგივეს :) უელბაკზე და უორჰოლზე ვამბობ თორემ ბუღაძის ზაზასტან შედარება... რამდენიც გინდათ :) ამ ნაწარმოებით ფრენა რა ვიცი... ჩემზე ჭკვიანი ხალხიც მოვა აქ და იტყვიან რამდენად არის შესაძლებელი :)
In Response

ავტორი: მალხაზ ხარბედია
05.02.2010 18:21
სწორედ მაგ გადაჭარბებულ ქებაზე ვწერდი 2 თვის წინ :)

http://www.tavisupleba.org/content/blog/1898410.html

იხ. 9–ე აბზაცი.

ავტორი: A.
05.02.2010 09:32
BRAVO
     

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS