შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

ელენე, შენი ჭირიმე, აღარ გვინდა ბავშვობა!

26.01.2010
ამას წინათ ჩემს ძმისშვილს გავუჯავრდი. რაღაცაზე მითხრა, მაგ სფეროში ბადალი არ მყავსო... აგერ დავბერდი კაცი, მაგრამ ასეთი რამე არა თუ არ მითქვამს, არც მიფიქრია-მეთქი! მერე გამახსენდა, რომ არც ასეა საქმე. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩემზე უკეთ არავინ იცის... ფიგურული სრიალი!

რაც გინდათ, ის იფიქრეთ ჩემზე. გამიჯავრდით ისე, როგორც მე გავუჯავრდი ნიკას! რა ვქნა, მჯერა, რომ ასეა, რადგან სპორტის ამ სახეობასთან წლები მაკავშირებს. ბავშვობიდან ერთი შეჯიბრებაც კი არ გამომიტოვებია. ძალიან თუ მოვიწყინე, ან შემეშინდა, ლოცვის ნაცვლად ჯეინ ტორვილისა და კრისტოფერ დინის ”რუმბას” ჩავრთავ ხოლმე და ყველაფერი ნეგატიური ეგრევე გამდის. ახლაც, ამ ევროპის ჩემპიონატმა ტალინში დიდი დარდი გადამატანინა.

ამისათვის მადლობა ელენე გედევანიშვილს!

ახლა ჩნდება შანსი, მესტიაში თუ არა, ბათუმში მაინც აშენდეს ნორმალური ყინულის მოედანი და საქართველოში დაიწყოს სპორტის იმ სახეობის პოპულარიზაცია, რომელიც ერთნაირად ავითარებს ტვინსაც, სხეულსაც და გულსაც.

მიხეილ სააკაშვილსაც ყვარებია ფიგურული სრიალი. შეიძლება ბატონი პრეზიდენტი ჩემსავით, ბავშვობიდან ადევნებდა თვალყურს ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებს და ახლა ტალინში სწორედ ბავშვობა გაიხსენა, როცა მოკლე პროგრამით, ქალების შეჯიბრებას დაესწრო და კულტურის მინისტრის ხელით ლამაზი თაიგულიც გადასცა ელენეს. თუმცა, ვიცით რა, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილისთვის ყველაფერი, რასაც ”პიარი” ჰქვია, არაა გამორიცხული, ეს თაიგული ჰოლივუდური სიუჟეტის ერთი პატარა დეტალი იყოს მხოლოდ - იყო და არა იყო რა თბილისელი გოგონა ელენე გედევანიშვილი. 5 წლისა იყო, ფიგურული სრიალის ცენტრში რომ მიაბარეს... მაგრამ ასეთი ნიჭიერი ბავშვებისთვის თბილისის ყინულის მოედანი მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა, ამიტომ ელენე მოსკოვში გადავიდა და ცსკა-ს სტადიონზე, ელენა ვოდორეზოვასთან დაიწყო ვარჯიში, წარმატებებსაც მიაღწია - 2006 წელს მეხუთე იყო ევროპის ჩემპიონატზე, ლიონში. მომდევნო წელს შეიძლებოდა სამეულშიც მოხვედრილიყო, რომ არა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა. ელენეს დედა მოსკოვის მილიციამ ქუჩაში გააჩერა, საბუთები დაუწუნა და მეორე დღეს ქვეყნიდან გამოასახლა. საქართველოს ხელისუფლებამ ელენე გედევანიშვილის სწავლა-განათლება თავის თავზე აიღო - შეერთებულ შტატებში გააგზავნა გოგონა, რომელმაც იქ დღემდე 3 მწვრთნელი გამოიცვალა... და აი შედეგიც, ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია!

ელენე გედევანიშვილი და მისი მაშინდელი მწვრთნელი ელენა ვოდორეზოვა ტურინის 2006 წლის "თეთრ ოლიმპიადაზე".
გულის გახეთქვამდე ვნებიანი ამბავია! ყოველი მოქმედი გმირის უკან დიდი ისტორიაა - ერთი მხრივ, ამაღელვებელი სამკუთხედი, საქართველო-რუსეთი-შეერთებული შტატები; ფიგურისტი, რომელიც ”ბოროტების პოსტიმპერიიდან” გამოაძევეს, მაგრამ სამშობლომ დაუფასა ღვაწლი და მეგობარი-ამერიკის დახმარებით გზა გაუკაფა ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისკენ... და, მეორე მხრივ, ბავშვი, უმანკო გოგონა, რომელიც Kiss&Cry-ის დივანზე უწინ რუსულ-ქართულად ესალმებოდა თაყვანისმცემელს, ახლა კი ინგლისურ-ქართულად... რაღაც საოცრად სუფთა არსება, პატარა ელენე, რომელმაც საქართველოს დროშა ააწევინა ტალინში ისუს, ე.ი. მოციგურავეთა საერთაშორისო ფედერაციას!

ჰოდა, ამ სუფთა არსებას ბიზეს ”კარმენის” მუსიკაზე რომ დაუდგეს თავისუფალი პროგრამა, ესაა პრობლემა. სად კარმენი და სად ელენე? პირადად მე ნერვიულობისგან წამებს ვითვლიდი - ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა პროგრამა. და თუ არ ვცდები, ელენესაც.

მადლობა ღმერთს, ელენეს კონკურენტებმა არ ივარგეს. მოხვდე პრიზიორებს შორის სამად სამი სამმაგი ნახტომით... ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა ევროპის ჩემპიონატებზე!

ახლა მეტყვით, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. როგორ გეკადრებათ, მე აბა რა მოსამართლე ვარ?! აკი გითხარით, ელენეს გამარჯვებამ დიდი დარდი გადამატანინა მეთქი. მაგრამ ისეთი ნიჭის სპორტსმენი, როგორიც ელენე გედევანიშვილია, არ იმსახურებს სრულიად შეთითხნილ ”სტატუსს” კონკიასი, რომელიც ვიღაცეებისთვის პოლიტიკური თამაშის საბაბი შეიძლება გახდეს... არ იმსახურებს, მესამე ადგილს ცუდ ჩემპიონატზე და რაც მთავარია იმიჯს ”მარად უმანკო ბავშვისა”, რომლისგან განთავისუფლება ვერც ”კარმენის” მუსიკით და ვერც ელენეს, შესამჩნევად გაზრდილი ფორმებით გახდა შესაძლებელი (სხვათა შორის, ამ ფორმებმა სრიალის ტექნიკაზეც იმოქმედა - ელენეს აშკარად უჭირს ისეთი მნიშვნელოვანი ნახტომები, როგორებიც ფლიპი და რიტბერგერია, ტულუპების კომბინაციით კი შორს ვერ წახვალ).

შეიძლება ელენეს ახალ მწვრთნელს, რობინ ვაგნერს სწორედაც რომ უმანკოების ამ ”სტიგმის” მოშორება უნდოდა, როცა თავისუფალი პროგრამა ბიზეს მუსიკაზე დადგა. მაგრამ რამდენად გაიაზრა ეს თავად ელენემ? და თუ გაიაზრა, რატომ იქცეოდა ისევ ბავშვივით?

ელენე გედევანიშვილი ხომ უკვე 20 წლის ხდება, მეგობრებო! 20 წლის ქალი არ შეიძლება, ამავე დროს, ბავშვი იყოს... თუკი ბავშვობაში ყოფნის სურვილი უკურნებელი ქართული სენია (ასე ძლიერ რომ ბობოქრობს ყველგან - პარლამენტში, მთავრობაში, მედიაში, სასამართლოში), იქნებ ამ ძალიან ნიჭიერ სპორტსმენს მაინც ავაცილოთ თავიდან ეს ვირუსი, მივცეთ გაზრდის, საკუთარ თავზე მუშაობის, გაღრმავების საშუალება. რათა მერე, მისი გამოსვლების შემხედვარე კი არ ვილოცოთ, ”ღმერთო, მალე დამთავრდეს პროგრამა, ღმერთო არ დაეცეს!”, არამედ ვისიამოვნოთ... უფრო მეტიც, ტორვილისა და დინის ”რუმბის” არ იყოს, ამ გამოსვლებმა ყველაფერი ნეგატიურისგან გაგვათავისუფლოს.

ელენეც დამეთანხმება ალბათ, რომ ფიგურული სრიალი სხეულს, ტვინსა და გულს ერთნაირად ავითარებს.

ჰოდა, მიდი, ელენე. გაიზარდე, შენი ჭირიმე!
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: shorena საიდან გვწერთ: tbilisi
23.02.2010 15:25
ბატონო გოგი,თქვენს მასალებს იმიტომ ვკითხულობ და ვუსმენ,რომ გვახარიაა ავტირი,თქვენი ცინიზმი სამართლიანად თუ უსამართლოდ ლაიტმოტივად გასდევს,თითქმის ყველა მასალას,ალბათ სწორედ ეს არის თქვენი მაგიური ძალა,რითაც ასე იზიდავთ მსმენელსაც და მკიტხველსაც.ტთუმცა ამ შემთხვევაში გადამეტებული ცინიზმი იყო,დაანებეთ იმ ბავშვა თავი,ელენე ხომ ჯერ მაეთლაც ბავშვია.გარეგნობაც რა ბავშური აქვს.ველი თქვენა ცინიკურ პასუხს.

ავტორი: Magarava საიდან გვწერთ: Trier
23.02.2010 02:10
შეფასების სისტემის, შეფასების კრიტერიუმების შესახებ ვაჟთა შორის ფიგურულ სრიალში:

http://www.echo.msk.ru/blog/video/658555-echo/

ავტორი: nucrucuna საიდან გვწერთ: tbilisi
16.02.2010 19:32
ყველა კომენტარი წავიკითხე და გაკვირვებული ვარ ზოგიერთის აზროვნებით..რა უბედურებაა ეს შური ..რას გადაეკიდეთ ელენეს,თუ მომატებული აქვს და ა.შ ეს რა ჩვენი საქმეა.აშკარად დაიხვეწა და მომავალშიც დიდი იმედი მაქვს რომ უფრო გვასახელებს..თუ ასე ძალიან განერვიულებთ მისი გამოსვლა სულ ნუ უყურებთ:):)

ავტორი: tamriko საიდან გვწერთ: brussels
16.02.2010 09:37
გოგი, არაკავა იაპონიას წარმოადგენდა ხოლმე. წარმოშობით არის კორეელი თუ ჩვენ გვეუბნებოდნენ კორეელიაო? :-)

ავტორი: lana gibradze საიდან გვწერთ: qutaisidan
15.02.2010 12:32
ბატონი გოგის სტატიებს სიამოვნებით ვკითხულობ,ეს სტატიაც ძალიან მომეწონა,ბატონი გოგისი რა ბრალია გედევანიშვილი გასუქებული და გაფუებული რომ არის...განა დიდი ილია არ გვასწავლის `მოყვარეს პირში უძრახე და მტერს პირის უკანაო...`ჰოდა რატომ გვწყინს ეს# პირშიზრახვა#,

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
13.02.2010 13:22
ნოდარ კუმარიტაშვილის სული გაანათლოს ღმერთმა!
ტრასა იტჳლებოდა საშიშად და წინასწარ ამაზე დისკუსიებიც ყოფილა. ამ შემთხვევის შემდეგ კი ეს დისკუსია აქტუალური გახდა. 144 კმ. სიჩქარით ბოლო მე-16 მოსახვევი საბედისწერო აღმოჩდა ნოდარ კუმარიტაშვილისათვის. ბევრი მწვრთნელი აპროტესტებდა დასასრულს სიჩქარის შენელების შეუძლებლობას ამ ტრასაზე. სხვა შემთხვევებიც არსებულა გართულებული დასასრულით, თუმცა არა სასიკვდილო.
ეხლა ეზოტერობა არ დამწამოთ... თითქოს მხოლოდ სპორტსმენი და კარგი ბიჭი არ დაგვეღუპა...

ავტორი: Tiko საიდან გვწერთ: Tbilisi
13.02.2010 03:14
ეს წერილი შემთხვევით წავიკითხე. ფიგურულ სრიალში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთმა რაღაცამ დამაინტერესა. ბატონო გოგი, თუ ასე არ მოგეწონათ გედევანიშვილის გამოსვლა, როგორც აღნიშნეთ, ერთი სული გქონდათ, თქვენც და ელენესაც, როდის დამთავრდებოდა მუსიკა, როგორ დაგეხმარათ ეს ნომერი დიდი დარდის გადატანაში?

ავტორი: თათა საიდან გვწერთ: საოცრებათა ქვეყნიდან
12.02.2010 20:44
მალე დაასრულოს სრიალი-მეც სულ ეს შეგრძნება მქონდა..მართალია,ამპლუაც აშკარად შესაცვლელია და საერთოდ,გეთანხმებით,ბატონო გოგი..

ავტორი: dea საიდან გვწერთ: Tbilisidan
12.02.2010 19:17
``ისეთი ნიჭის სპორტსმენი, როგორიც ელენე გედევანიშვილია, არ იმსახურებს სრულიად შეთითხნილ ”სტატუსს” კონკიასი, რომელიც ვიღაცეებისთვის პოლიტიკური თამაშის საბაბი შეიძლება გახდეს..``

მე ეს მომეჩვენა მთავარი...
ნუ გააკრავთ გოგი გვახარიას ჯვარზე, ისე თქვით, რასაც ფიქრობთ. :)))

ავტორი: სულიკო საიდან გვწერთ: დაკარგულიყოდან
07.02.2010 18:19
გუშინდელ "წითელ ზონაზე" ვიტყვი, რის გამოც ვწერ დღეს:
გოგი, თქვენ ბრძანეთ (შინაარსი ასეთი იყო, თუ არ ვცდები), რომ ენჯეოები დიდ გრანტებს იღებენ ძალადობისგან ადამიანთა დაცვაში და რატომღაც ხმას არ იღებენ, როცა აშკარად სახეზეა ჟურნალისტისაგან ბავშვის მიმართ ძალადობა.
არ მეშლება, მგონი.
მეწყინა ჩემთვის.
თუ ცივი წყლის დასალევად არ გამამწესებთ წყენის სამკურნალოდ, ჩემი, როგორც "ენჯეოშნიკის" გამოცდილების შესახებ მოგიყვებოდით ზუსტად ამ საკითხზე.

ავტორი: სულიკო საიდან გვწერთ: დაკარგულიყოდან
07.02.2010 18:02
გოგი ბატონო,
პირველად ვწერ თქვენს ბლოგზე, თუმცა კითხვით სულ ვკითხულობ აქაურობას.
უწინარესად, ვიტყვი, რომ ელენე გედევანიშვილს ძალიან გაუმართლა, თქვენნაირი გულშემატკივარი რომ ჰყავს.

ავტორი: georgiangirl საიდან გვწერთ: Tbilisi
06.02.2010 18:31
გუშინ წითელ ზონას ვუყურე და ნინია კაკაბაძის დიდი მადლიერი ვარ. როგორც იქნა ერთმა ადამიანმა მაინც ხმამაღლა გამოთქვა საღი აზრი ქართულ ტელე-შოუებზე. ძალიან მაღიზიანებ ვითომდა პოპულარული თემები, უფრო ხელოვნურად შექმნილ უნიჭო ჭორებს დავარქმევდი, თავს შეურაცყოფილად ვგრძნოდ და ვბრაზდები ამ გადაცემების ავტორებზე, თუმცა უფრო მეტად დღევანდელ საზოგადოებაზე. ჯერ 25 წლის ვარ და რომ წარმოვიდგენ რომ "ასეთ" ხალხში მომიწევს ცხოვრება ღრმა სასოწარკვეთა მიპყრობს, არ ვამეტებ, მართლა ასეა. როგორ ბედავს ნანუკა ჟორჟოლიანი რომ გამოდის და ელენ დეჯენერისს ედრება? მაინტერესებს გულის სიღრმეში მაინც თუ რცხვენია? თუ ეს უბრალოდ პიარია? და ბოლოს მაინტერესებს ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში საზოგადოება თუ უკვე მასად ვიქეცით?

ავტორი: Elene
06.02.2010 02:57
დარწმუნებული ნამდვიალდ არ ვარ, რომ საქართველოში ჩემზე უკეთ არავინ იცის ფიგურული სრიალი, მაგრამ ამ სპორტში საკმაოდ კარგად ვერკვევი...მართალია, ელენეს პროგრამა ტექნიკურად არ იყო რთული,თუმცა ტექნიკაში უმაღლესი ქულით შეაფასეს,მიუხედავად იმისა,რომ არც მისი პროგრამა იყო სუფთა...და ჩემი აზრით საკმაოდ კარგადაც მოირგო კარმენის როლი...მისი სრიალის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა,თუნდაც მაშინ,როდესაც ტექნიკური ელემენტები,ამ შემთხვევაში ნახტომები, არ გამოსდის,აქვს საკუთარი სტილი,კარგი პლასტიკა,მისი სპირალის კომბინაცია ერთერთ საუკეთესოდ ითვლება.რაც შეეხება მის ბავშვურობას,ამაშიც ვერ დაგეთანხმებით.ვფიქრობ, ძალიან ქალური სრიალი აქვს და საკმაოდ სექსუალურიცაა.ის ჯერ კიდევ სულ პატარა იყო როდესაც,ერთერთ ურთულეს კასკადს 3 ფლიპს და 3 ტულუპს აკეთებდა,არ ვიცი რამდენად შეუშალა ხელი ელენეს ფორმების ზრდამ მის ტექნიკას,მაგრამ ბევრი ფიგურისტი მინახავს,ელენეზე დიდი სხეულის ფორმებით,რომლებიც აკეთებენ ურთულეს ნახტომებს...ელენე სულ რაღაც ერთი სეზონია, რაც რობინ ვაგნერთან ვარჯიშობს.ხდება ხოლმე,როდესაც სპორტსმენი შუა სეზონში მწვრთნელს იცლის,თავიდან მწვრთნელი ცდილობს პროგრამა არ დათვირტოს რთული ტექნიკური ელემენტებით,ხოლო შემდეგ პროგრამას ართულებს,ვნახოთ რა იქნება,ერთი კი ვიცი ელენეს სრიალის დროს არასდროს მითქვამს ნეტავ მალე დამთავრდესმეთქი....

ავტორი: irma
06.02.2010 00:27
სამაგიეროდ ზვიადი მაგარია:)

ავტორი: irma
06.02.2010 00:26
ეხლა წითელ ზონას ვუყურებ და ნინიას მოწვევა ზედმეტი იყო,რაში გჭირდებოდათ? თუმცაღა მე ზოგადად მომწონს ეგ გოგო,მაგრამ ამ გადაცემაში არასაინერესოა.

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
05.02.2010 14:49
გოგი, შენი ჭირიმე, წითელი ზონა სოლიკო ვირსალაძეზე გიორგი მაისურაძეს მოასმენინე რა! ქართული ტრადიცია ხელის მოჭრაა რომაა, რომ იძახის. კონტექსტი სულ მკიდია, რაცა თქვა... ესა თქვა...

ავტორი: maro საიდან გვწერთ: droebit amerika
05.02.2010 09:59
კომენტარებს ზირითადად არასდროს ვუყურებ ხოლმე იმდენია ყველას რა წაიკიტხავს მარა ცოტას გადავხედე დგეს და ერტის არ იკოს მეც გავოგნდი როგორ შეგვიძლია ადამიანებს კუდების მობმა და თუ რამე ერთაზროვნად არ წერია მტრისას.ამდენი ერთმანეტის გამომრიცხველი ბრალდების მიზეზი მე თუ მკითხავ ისაა რომ შენი ნაწერი ყოველთვის ფიქრის პროცესიაა და პირდაპირ არ წერია რადიკალურ ამას ან იმას ვფიქქრობო. ეგ ახალი ამბავი არაა რაც მეტ სიმართლეს ეძებ და პირდაპირ ამბობ სათქმელს მით მეტი ადამიანი ვერ გაიგებს.ერთის თქმის არ იყოს თამაშგარე მდგომარეობიდან მგონი რო ცერდა მეც ეგრე გავიგე ეს წერილი კარგი სურვილები ელენესთვის მაგრამ თავის არ მოტყუება რო ასე შორს წავალთ პირიქიტ იმისტვის რო არ დაიჯეროს რო ყველაფერს მიაღწია უკვე და გასაუმჯობესებელი ბევრი რამ არ არის.ესეა მგონი ქვეყანაც როცა ბევრს ვლაპარაკობთ და თავს ვიტყუებთ რო თავი კარგად ვიგრზნოთ და ვტრაბახობთ მიღწევებით მაშინ არის ცუდად საქმე და ამ კმაყოფილების და რეალობაზე თვალის დახუჭვისგან უნდა შევიკავოთ თავი.მგონია რო სწორად გავიგე და რავიცი.

ავტორი: maro საიდან გვწერთ: amjamad amerika
05.02.2010 09:38
ამ ბლოგთან არაფერ შუაშია მარა მაინც.ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე შენს ბლოგს იმიტო რო ვიცი რო ყოველის წაკითხვის შემდეგ რაგაც საინტერესო ფიქრებამდე მივალ ხოლმე.ამას წინათ ვუყურე ნეკრასოვის რუსულის გაკვეთილებს და მაგის მერე ყოველდგე ველოდები რო ამაზე შენს კომენტარს დაწერ და დაწერე რა.ვიცი ბლოგს არ უკვეთენ მარა მაინც.

ავტორი: :)
04.02.2010 20:15
გოგი, კეთილი მგზავრობა :)

ავტორი: Nino საიდან გვწერთ: Tbilisi
03.02.2010 13:17
ბატონო გოგი, რამდენიმე წლის წინ, გადაცემა "ფსიქო"-ში, თქვენ უჩვენეთ "კლერის მუხლი" და მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გემოვნება და ფერები". თუ არ შეწუხდებით, იქნებ მომწეროთ "გემოვნება და ფერები"-ს ორიგინალური სათაური, რომ ინტერნეტში მოვძებნო. წინასწარ გიხდით მადლობას

ავტორი: na_natro საიდან გვწერთ: tbilisi
03.02.2010 13:03
გამიხარდა ფიგურული სრიალი რო მოგწონთ ბატონო გოგი.
ბავშვობიდან დიდი სიამოვნებით ვუყურებ სამწუხაროდ არ მქონდა შესაძლებლობა მევლო ამ სპორტის სახეობაზე : (
რაც შეეხება სტატიას სურვილი გამიჩინა ელენეს გამოსვლები ვნახო.
ერთი კია დიდი ბავშვების სინდრომი არ ახალია ჩვენთვის და სამწუხაროდ საშიშიც

ავტორი: nato საიდან გვწერთ: vake
01.02.2010 22:46
მე, ჩვენი ბლოგის ავტორისგან განსხვავებით სრულებითაც არ მიყვარს ფიგურულის სრიალის ყურება ( მაგონდება საბჭოთა დრო, როდესაც მხოლოდ ეს ერთი სანახაობა გვქონდა და შეიძლება იმიტომ?, არ ვიცი!) მაგრამ გოგიმ ისე იცის ინტრიგის ჩახვევა თავის ბლოგში, რომ იუ- თუბზე წავედი და ვნახე ელენე კარმენის როლში. წარმოიდგინეთ სრულებით განსხვავებული ემოცია დამიტოვა ელენეს სრიალმა! ფანტასტიური ენერგეტიკა მოაქვს მის სრიალს და ეს უფრო მთავარია ჩემთვის ( ალბათ ჟიურისთვისაც) ვიდრე რაღაც არაესთეტიკური ბვშვური მომენტები, რომლებიც სრულიად გაუგებარია სად დაინახა გოგიმ. წადით იუ-თუბზე და ნახეთ ელენე მერილინ მონროს როლში და კიდევ უფრო დაწრმუნდებით, რომ ძალიან სექსუალურიც არის და ქარიზმატული!!
In Response

ავტორი: tamriko საიდან გვწერთ: Brussels
05.02.2010 10:34
აბა? როგორ ჩაახვევს ხოლმე... ამ სტატიის მერე მგონია პანდემიას თავი დავანებო და არენაზე გავიდე. ვუყურე ელენესაც, ტორვილსაც, კორეელ საოცრებასაც... ნატო, "ფანტასტიური ენერგეტიკა" არ გვაკლია ქართველებს. ცოტა მეტი (სუ ცოტათი მეტი) ჰარმონიულობა, პროფესიონალიზმიც რომ მივაყოლოთ ზედ ურიგო არ იქნებოდა. რა მოხდება ამ ბაღანამ მარტივად.. რჩევად მიიღოს გოგის სტატია?
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
01.02.2010 23:46
აი, ზუსტად. და კარმენზე ამდენი, რომ იბჭეს და მერე თურმე რაღაცა კარმენის თემების პოპური, რომ ყოფილა არანჟირებული, რა უაზრობაა და ფიგურულის კი არა მუსიკის არცოდნაც!

ავტორი: :))))))))))
01.02.2010 20:19
გოგი
ოოხ შე ეშმაკო მეგრელო. კახური სიტლანქე მოგწონს არა :))
მტყუნის ? :)))

ავტორი: გეიშა
01.02.2010 18:39
გოგი, გულახდილად გვითხარით, ეს გოგონა რომ არ მოგეწონა - გასაგებია. რაღაცნაირად კახური ტიპის ტლანქი გარეგნობა აქვს.
საინტერესოა, ეს გოგო რომ შენი ნათესავი ყოფილიყო, ამას ხომ არ დაწერდი? იქნებოდა ეს შენთვის მნიშვნელოვანი, სათქმელი მაინც რომ გეთქვა?

გეიშა
In Response

ავტორი: g.o.
02.02.2010 15:25
ნარნარი და თვალწარბწამწამიანი რომ ბრძანდებით სახელზეც გატყობთ და ალბათ ინწელექტუალის საპატიო წოდებაზეც არ ამბობთ უარს, მაგრამ სად გამოარკვიეთ რომ სიტლანქესაც აქვს კუთხურობა? ალბათ სტერეოტიპული ყანწიანი მიხოს ხატება გედგათ თვალწინ ამას რომ წერდით.
ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ადამიანს რომელიც სამმაგ სალტოს აკეთებს (და არამარტო) ტლანქს უწოდებენ...
საერთოდ კი ჯობია ფიგურა იყოს ტლანქი ვიდრე სული...
In Response

ავტორი: ანონიმი
01.02.2010 20:06
გეიშა, გოგი ჩვენია სამეგრელოსი
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
01.02.2010 19:05
მე ძალიან მომწონს ”კახური ტიპის ტლანქი გარეგნობა” და იმას ნუ მომაწერთ, რაც არ მითქვამს. ყველაფერს აქვს საზღვარი
უკაცრავად

ავტორი: 20
01.02.2010 01:51
ბატონო გოგი youtube-ზე ველოდები ვიდეოს "თავისუფლების თეორემის დახურვა" :)

ავტორი: ნანი ბენდელიანი საიდან გვწერთ: The Hague
01.02.2010 01:14
მართალია ისე ვერ ვერკვევი ფიგურულ სრიალში როგორც ამ ბლოგის ავტორი, მაგრამ სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს და მიხარია, როგორც იქნა ქართველი სპორტსმენის გამოჩენა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზობებზე 5-ეულში მოხვედრის შანსი აქვს და მედლის აღებისაც კი!

თუმცა უნდა დავეთანხმო ბატონ გოგის - ყოფილა ისეთი ევროპის ჩეპიონატები, სადაც ასეთი სრიალით 5-ეულს მიღმა დარჩენილან მონაწილეები. არ ვიცი სხვა სპორტსმენებმა როგორ ისირალეს, რადგან ჩემპიონატს თვალი ვერ მივადევნე და მხოლოდ ელენეს სრიალი ვნახე. ერთია, როდესაც სპორტსმენს არ უნდა ემოციურად გაიზარდოს, მაგრამ მეორეს მხრივ, მწვრთნელმა და ქორეოგრაფმაც ცოტა უნდა იფიქრონ, რაც დგამენ, რამდენად შეძლებს მოციგურავე რთული ხასიათის "შესრულებას". მით უმეტეს, როცა არსებობს კარმენის ევგენი პლუშენკოს (2002-ის ოლიმპიადა) ვერსია და მუსიკა მუდმივ ასოციაციას იწვევს. მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც იაპონელები და ამერიკელები დაემატებიან, ძალიან გაჭირდება კონკურენციის გაწევა ამ პროგრამით. ვნახოთ, ტურინში რა მოხდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ძალიან კარგია ქართველი რომ გვყავს ევროპის მედალოსანი, იმედია მომავალში სხვა ქართველი სპორტსმენებიც გამოჩნდებიან.

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა
31.01.2010 20:57
ამ შესანიშნავი დისკუსიის თემას კი სცდება, მაგრამ მართლმსაჯულება არა და არ ანებებს თავს რომან პოლანსკის, აშშ-ს სასამართლომ უარი თქვა მის დაუსწრებლად საქმის განხილვაზე და დაჟინებით მოითხოვს ექსტრადიციას.
In Response

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
04.02.2010 13:20
პოლანსკის მართლმსჯულება თავს არ ანებებს, რამდენადაც ვიცი, მისივე გამონათქვამის გამო, აზიელ ბავშვთან მეჭირა საქმეო, რომ დაუტრაბახია ერთხელ საქვეყნოდ. გერმანულ პრესაში ეწერა.

ავტორი: დაფნა საიდან გვწერთ: თბილისი
30.01.2010 20:33
ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგი...
არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს სატიტია არაა მხოლოდ ელენეზე და ფიგურულ სრიალზე..

ავტორი: salome საიდან გვწერთ: London
30.01.2010 16:12
ბატონო გოგი, თქვენი წერილის ბოლო ნაწილი მაფიქრებინებს, რომ იგი დაწერილია არა გედევანიშვილის გულშემატკივრის, არამედ წმინდა ესთეტის პოზიციიდან. მაშინ როდესაც ფიგურული სრიალი ჯერ სპორტია და მხოლოდ შემდეგ ხელოვნება, ამიტომ ვფიქრობ აქ გადამწყვეტი მაინც უნდა იყოს გულშემტკივრის პოზიცია რომელსაც ბუნებრივია უნდა გააჩნდეს ესთეტიკური გემოვნებაც. რაც შეეხება კომენტარებს, ვფიქრობ მას მაინც და მაინც დიდი ღირებულება არ უნდა ჰქონდეს რადგანაც მეჩვენება, რომ ამ კომენატრებში უფრო პოლიტიკური მოტივი დომინირებს ვიდრე სპორტის გულშემატკივრობისა . ვფიქრობ ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება არ წაადგება არც ქართულ სპორტს და არც თვითონ (როგორც თქვენც აღნიშნავთ) უაღრესად ნიჭიერ ელენე გედევანიშვილს. სხვათა შორის მგონია, რომ ეს არც ქართულ ხელოვნებას წაადგება რადგანაც ყველაფრის პოლიტიზირება და ამ საკითხზე სააკაშვილის მოყვარე და მოძულე ბანაკების ურთიერთ დაპირისპირება არაფრისთვის და არავისთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო. მთავარი მაინც ისაა, რომ მგონია საკითხის ასეთი პოლიტიზირების საბაბს თვით თქვენი წერილის შინაარსიც იძლევა, რაც ოდნავ აუფასურებს მის უდავოდ დადებით და საყურადღებო (გასათვალისწინებელ) მომენატებსაც.
In Response

ავტორი: misha
30.01.2010 18:47
სპორტში საერთოდ და განსაკუთრებით სპორტულ შეჯიბრებებში, როგორიცაა ფიგურული სრიალი, ვფიქრობ ესთეტიკაა მნიშვნელოვანი.... ჩემი აზრით ეს ესთეტიკისთვისაა "გამოგონებული".
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
30.01.2010 19:00
და პოლიტიკაც
სამწუხაროდ

ავტორი: Ika საიდან გვწერთ: Tbilisi
29.01.2010 21:43
საზოგადოება რომელიც არ არის თავისუფალი, არაა გახსნილი, ვერასოდეს იქნება ობიექტური. ვერც სხვის ობიექტურობას დააფასებს.
ჭეშმარიტება ის იქნება რასაც პლანეტის უდიდესი ნაწილი დაეთანხმება.

ავტორი: nino dopidze
29.01.2010 15:57
ძალიან მართალი და ობიექტური სტატიაა,ისევე როგორც თავად ავტორი.

ავტორი: neo საიდან გვწერთ: kosmosidan
29.01.2010 14:47
ჭკვიანი კაცია გოგი გვახარია, მაგრამ არც ელენეა ცუდი გოგო!

ავტორი: ანონიმი
29.01.2010 13:11
გმადლობთ ბატონო გოგი ასე ძალიან კარგი პოსტისთვის
In Response

ავტორი: dato
31.01.2010 00:40
პოსტი არ არის,უფრო ბლოგია არა?:)

ავტორი: EKA საიდან გვწერთ: SAPRANGETIDAN
29.01.2010 11:16
ბატონო გიორგი ,რა უსუსური გაქცევაა შეკითხვისგან!თქვენი ჭირიმე,საერთოდ ნუ დამაკარგინებთ თკვენზე წარმოდგენას! ნუთუ ის მაინც ვერ გაიგეთ, რომ სწორედ ეს ავხსენი პასუხში,რომ ფიგურულ სრიალში,ისევე როგორს ოპერაში, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი არტისტის სახე როგორს კინოხელოვნებაში და რომ ყველა ხელოვნებას თავის განზომილება აკვს არც არავისთვის შემიდაერბია ელნე, არც მონსარატისთვის და არც მოცარტისთვის. ყველა ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელი ფენომენია და ყველას ყავს იქ, სადღგაც, სულის კუნჭულში თავის ბავშვი მიძინებული ,როგორც უდიდეს განძი და როცა გვიყვარს, როცა აღბრთოვანებას ვგრძნობთ, როცა გულით ვტირივართ,სნორედ მაშინ იღვიძებს ეს ბავშვი და მაშინ ვართ რეალურად ბედნიერები, ვირტუოზულები.რაც უფრო დიდხანს ფხიზლობს ეს ბავშვი მით უპრო ვირტუოზულია პიროვნება, მოსარტის მაგალითი იმიტომ მოგიკვანეთ ,რომ მეგონა ,როგორს პროფესიონალი გამიგებდით,რომ ფორმანს, მსოფლიო აგიარება იმიტომ კი არ მიუგია, რომ ახალი მოსარტი გამოიგონა,იმიტომ რომ ამ პერსონაჟის ფილოსოფიას ანუ ამ ვერსიას, პლანეტის უდიდესი ნასილი დაეთანხმა ანუ დაეთანხმა იმას რომ მოსარტი ალბათ ასეთ უნდა ყოფილიყო და ამიტომ აღფრთოვანდა ფორმანის ვირტუოზულობით,ხელოვნის მისიაც ეს არის, რომ გააღვიძოს ეს მიძინებული ბედნიერება,თუნდაც ერთი წამით .მეტს აგარ გავაგრძელებ, ვის სულშიც ეს ბავშვი კიდევ ცოცხალია ხელოვნებასაც აღიქვავს და ამ წერილის შინაარსსაც გაიგებს. სადაც ეს ბავშვი მოკვდა იქ სამწუხაროდ უკვე უინტერესო სიცარიელეა.
ამჯერად მშვიდობით ბატონო გიორგი
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
29.01.2010 12:55
გოგი, იმ რაღაცა ბიოლის დისკუსიების და ასეთი სისულელეების მაგივრად არ გინდა ერთი კარგი ვორკშოფი მავაწყოთ სადმე სოფელში, მინიმუმ 3 თვიანი, ყოველ 2 თვეში, დავთესოთ, მოხვნათ, საღამოს ვისაუბროთ, რას იტყვი? ინტერნეტიც იყოს, კი ბატონო...
აქ ბლოგზე, ელენეს კილოგრამების დათვლა უცოდინართა მიერ გადავდოთ. თქვი ეხლა, ცუდ რამეს მეუბნებიო! ამ "უმრავლესობის შეკვეთას" არ გაიზიარებ?
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: პლანეტის უმრავლესობა
29.01.2010 11:58
გოგი, მოიცა რა, ცალკე გადგომა და ელიტარული უმცირესობა სულ კარგი კი არ არის. უმრავლესობას და ადამიანებს უყვართ ხალისიანი, სიმეტრიული და ჰარმონიული გამოვლინებები ბუნებაში თუ ქმედებებში. შენ კი ხალისქილერი ხარ! "შენი ჭირიმე, გოგი, რა!"
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
29.01.2010 12:20
მერე ვინ ამბობს კარგიაო, შენი ჭირიმე...
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
29.01.2010 11:18
მართალი ბრძანდებით ეკა. ჩემი პრობლემა ისაა, რომ თითქმის არასდროს ვეთანხმები ”პლანეტის უმრავლესობას” და არც უმრავლესობის შეკვეთას ვიზიარებ მოცარტზე...და ელენეზეც:)

ამას ირონიის გარეშე გწერთ და მეც გემშვიდობებით

მართალი ისაა, ვისაც უყვარს. გამოდის, რომ თქვენ ხართ მართალი!

ავტორი: გიორგი
28.01.2010 23:47
Gogi,
იმედია ეს სურათები ცოტა დაგამშვიდებს. მგონი შესამჩნევი ზრდაა :)
http://digimaga.net/uploads/2008/08/7-pictures-of-pretty-elene-gedevanishvili07.jpg
http://davecskatingphoto.com/photos/2009TEB/ladies/IMG_1276a.jpg

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
28.01.2010 21:57
გოგი,

მადლობა ბლოგისათვის.

კომენტარად ჩემს პატარა ჩანაწერს შემოგთავაზებ, რომელიც ამ დღეებში გავაკეთე ფეისბუქზე.
----------------
მიხეილ სააკაშვილის ახალი პროფესია

ვულოცავ ქართველ მოციგურავეს, 20 წლის ელენე გედევანიშვილს ევროპის ჩემპინატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას და ვუსურვებ კიდევ ბევრჯერ ასე ლამაზად და მეტადაც გაეხარებინოს ქართველი ხალხი, რომელიც მან მაშინ მოგვხიბლა პირველად, როცა მოსკოვში აწყობილ სპორტულ კარიერაზე უარი თქვა და თბილისში გადმოსახლდა.

ახლა კი ბატონ მიხეილის ახალ ტალანტზე ორიოდ სიტყვა:

„ნე ვერ გლაზამ სვაიმ“ - ამბობდა ცნობილი კოზმა პრუტკოვი. გამახსენდა, რადგან სწორედაც რომ ეგ მდგომარეობა იყო - ნამდვილად ვნახე რეპორტაჟი რომელიღაც არხზე, სადაც ტრიბუნაზე იჯდა რურუაც, მაგრამ მის გვარდით იჯდა ღიაცისფერჯინსებიანი მიხ. სააკაშვილი, ხოლო მის გვერდით კი ჭრელქურთუკიანი და თმაგაშლილი სანდრა რულოვსი...

მართალია, თვალები მოვიფშვნიტე, მაგრამ ისიც გამახსენდა, რომ ორი დღეა სააკაშვილი ესტონეთს აგიჟებს - პრეზიდენტისთვის უთქვამს, აგვისტოს ომის დროს რუსეთს ატომური ბომბი ჰქონდა თქვენზე დამიზნებული და კნოპკაზე ხელი ედოო. მარტი ლაარს, რომელსაც ესტონეთის უმაღლესი ჯილდო ენატრება, რაზეა ბაზარიო და - საქართველოს უმაღლესი ჯილდო გადასცა...

და ისიც გამახსენდა, რომ სანდრა რულოვსმა ქართულ ანსამბლთან ერთად „სულიკო“ შეუსრულა წინა კვირას ესტონელებს ტალინში...

მოკლედ, ყველა გარემოება არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტი, რომლისთვისაც სრიალი და განსაკუთრებით ფიგურული სრიალი ისეთი საყვარელი სახეობაა, რომ ზუგდიდში ჩავა, მესტიაში თუ ტალინში, მხარზე გადაკიდებული ციგურები თან დააქვს და რომელიც ახალგაზრდა ლამაზ გოგონებსაც არ აკლებს ყურადღებას, ნამდვილად მონახავდა დროს და ელენე გედევანიშვილს „უბალელშჩიკებდა“ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე... ჰოდა, ან ის რა გასაკვირი იქნებოდა, თუ მას ამ დროს შემთხვევით ტალინშივე მყოფი სანდრა რულოვსი გვერდს დაუმშვენებდა?!

არა ბატონო, არაფერი მომჩვენებია, არც ჯინსები, არც კურტკა... აგერ ოფიციალური ფოტოები ისეთი წყაროებიდან (ასოშეიტედ პრესს) , ვისაც რუსთავი2-ზე ორჯერ მეტად მაინც ვენდობი...

http://topics.ocregister.com/photo/07Kv7kU2uC77D

მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რასაც გადავაწყდი. ამას წერს ინგლისური „გარდიანი“ „როიტერის“ მასალზე დაყრდნობით:

TALLINN, Jan 23 (Reuters) - Elene Gedevanishvili won Georgia's first major figure skating medal on Saturday after an unusual training session -- with her country's president, Mikheil Saakashvili.
Saakashvili was on a visit to the Estonian capital and popped in to watch the European championships, getting in the mood for the competition by having a skate-around with Gedevanishvili before she won the women's bronze medal.
"Before the short program, the Georgian president called me and we skated on the outdoor ice rink in the old town (in Tallinn)," she told reporters.
"He is a pretty good skater."
The 20-year-old was fourth after Friday's short program but a solid free skate, judged the second best of the day, allowed her to sneak on to the podium alongside champion Carolina Kostner of Italy and second-placed Finn Laura Lepisto.
(Editing by Pritha Sarkar; To comment on this story: sportsfeedback@thomsonreuters.com)

http://www.guardian.co.uk/sport/feedarticle/8913013

ასე რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრავალფეროვანი ტალანტის კიდევ ერთი გამობრწყინება დაგვანახა - სწორედ მისმა საწვრთნელმა სრიალმა და ამ დროს მიცემულმა მნიშვნელოვანმა რჩევებმა მისცა ელენე გედევანიშვილს საშუალება დაეკავებინა სანატრელი მესამე ადგილი!

აი, იმას კი ვერ ვხვდები, რატომ გაუსვეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა ხაზი ჩემპიონატზე ნიკა რურუას დასწრებას და გამოტოვეს ესოდენ საინტერესო ინფორმაცია - განა ქართველი ხალხი არ გაიხარებდა იმით, რომ მისმა სანუკვარმა პრეზიდენტმა მხედართმთავრობის, ჟურნალისტობის, რეჟისორობის, კლიპმეიკერობის, ბრალმდებლობის, პილოტობის, ავტოპილოტობის, მოთხილამურეობის, მეშახტეობის, პრარაბობის, მეჩიჩილაკეობის და სხვა მეორად პროფესიებთან ერთად კიდევ ერთი - ფიგურული სრიალის მწვრთნელის - ხელობაც გაითავისა!
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
30.01.2010 20:31
რამდენი რამე მოუჯღაბნია...! აი, მოგცლიათ რა პოლიტბრიგადაა ნამდვილი.

ავტორი: l
28.01.2010 16:42
საინტერესოა როგორ ახერხებთ ,რომ ერთ სტატიაში სააკაშვილისტობას გაბრალებენ,მეორეში ოპოზიციონერობას,ხან მემარცხენეობას რავიცი კიდევ რას არა.ჯექსონზე სტატიაში ლამის პედოფილიის პროპაგანდა დაგაბრალეს, ეხლა თურმე ბავშვურობის და გულწრფელობის წინააღმდეგიც ყოფილხართ. მემგონი ამ სტატიაში არაფერია რთულად და ჩახლართულად დაწერილი რომ ამდენი კუდები მოებას. მე როგორც მესმის ძალიან გაგიხარდათ წარმატება და კეთილ რჩევას აძლევთ, როგორც გულშემატკივარი, არ ვიცი შეიძლება მე ვცდები:))
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
28.01.2010 19:49
გოგი, ბრალდებებს აგროვებ, რომ მერე უფრო კარგად შეებრძოლო ფობიებს? როგორ მაინტერესებს, ჩემები თუ ჩაწერე? ჩემი მთავარი ბრალდება მიხვდი რომელია? თუ ვერა, მაგრად გატეხავს. ეხლა შიშმა შემიპყრო, რამე ხომ არ დამიქუცმაცეს და გამიპუსტიაკეს-თქო. "მიმთითებლის" ამბავში
In Response

ავტორი: ანონიმი
28.01.2010 17:31
და პირუტყვი არ დაგავიწყდეთ კიდე პირუტყვი :D
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
28.01.2010 16:50
დიდი მადლობა
პედოფილია არ ვიცოდი... ჩემს კოლექციაში ასეთი ბრალდება არ მახსოვს.შევიტან:)

ავტორი: რუსა საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2010 16:03
მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიხარდა ელენეს გამარჯვება, ვფიქრობ რომ ძლიერი კონკურენციის პირობებში ელენა სამეულშ ვერ მოხვდებოდა.. ნახე თუ არა ელენეს გამოსვლა, მაშინვე ავღნიშნე რამაც მეგობრების პროტესტი მოყვა. თუმცა, გარდა ცუდი კონკურენციისა მე ვთვლი რომ სააკაშვლიმა ტალინშ ჩასვლით ძლიერი ლობირება მოახდინა შეჯიბრების ისეთი შედეგით დასრულებას როგორც დასრულდა.
In Response

ავტორი: Teo საიდან გვწერთ: Tbilisi
28.01.2010 20:03
ელენე პუტკუნა კი არაა, პუტკუნად გამოიყურება. ზედმეტ წონაში არაა საქმე, უბრალოდ მას ასეთი კონსტიტუცია აქვს, ამას კი ვერანაირი დიეტა ვერ შეცვლის. რაც შეეხება წონის და აღნაგობის გავლენას უშეცდომოდ სრიალზე: წელს აშშ-ს ჩემპიონი გახდა ფიგურისტი, რომელიც ელენეზე დაბალიცაა და "პუტკუნაც".
http://www.youtube.com/watch?v=1XsVPLO9oVw

ავტორი: ნინიაააააა საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2010 15:12
გოგი, რატომ ხარ ასეთი მაგარი?????

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
28.01.2010 14:48
"ჰოდა, მიდი, ელენე. გაიზარდე, შენი ჭირიმე!"


არააა, მაინც ეს ფრაზა უნდა დავაფრთიანო! ასე დავუწერ ხოლმე ვინმეებს. მაგარია! რა თქმა უნდა ზედ მივაწერ საავტორო უფლებების დაცვით თქო.

ავტორი: eka საიდან გვწერთ: saprangetidan
28.01.2010 12:12
ბატონო გიორგი პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ,არასდროს დამიბრალებია არც ფიგურული სრიალის და არც არცერთი სხვა დარგის ექსპერტობა.მე უბრალოდ ელენესი და ფიგურული სრიალის გულშემატკივარი ვარ როდესაც ამ ცერილს ვწერ
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ისევ შეკითხვით გიპასუხებ.
რა აზრის ხართ მონსერატ კაბალიერის "კარმენზე" მისი ზედმეტი ცონა ხელს გიშლით ამ დროს მისი მოსმენისას მიგებულ სიამოვნებაზე ან თუ თქვენთვის სახეს ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ფიგურულ სრიალში ნუთუ იუნა კიმის ან მაო ასადას სახე უფრო მოუხდებოდა ან "კარმენს" ან "ტანგოს", რომელიც არაჩვეულებრივად შეასრულა კიმმა,მაგრამ ალბათ დამეთანხმებით რომ თქვენ რომ ფილმის გადაღება დაიცყოთ მას არ აირჩევდით ვნებიან ტანგოს მოცეკვავის როლში, თუმცა გემოვნებაზე ვერ ვიკამათებთ,იმაში მაინც დამეთანხმებით რომ ყველა ხელოვნებას თავის განზომილება აქვს და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. თქვენი მთავარი გატაცება ალბათ მაინც კინოხელოვნებაა და აქ არის თქვენი შეცთომის ქვეცნობიერი აზრი. რაც შეეხება თუ ვინ "მოუგონა" ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ლოგიკურად ეს შეკიღხვა მე არ მეკუთვნის .იმედი მაქვს რომ თქვენს დანაპირებს შეასრულებთ
პატივისემით ეკა
In Response

ავტორი: რუსა საიდან გვწერთ: თბილისი
28.01.2010 16:08
სახე რა შუაშია.. მარტივად რომ ვთქვათ რამდენიმე კგ დაკლებაზეა საუბარი. რაც უფრო მსუბუქია ადამიანი, უფრო ადვილად არის შესაძლებელი რიგი ილეთების შესრულება.. სხვა მონაწილეებს გადაავლეთ თვალი, არცერთია ელენესავით ჩაპუტკუნებული..
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
28.01.2010 15:05
არა გოგი, "მიმთითებლის მიმთითებელი". და თანაც რომ იცოდე, როგორი მიმტევებელიც.
In Response

ავტორი: თამაშგარე საიდან გვწერთ: თამაშგარე მდგომარეობიდან
28.01.2010 14:39
ფიგურული სრიალი, რომ სპორტია, ეს იცით კარგად?
გოგი, რა მაგარი გულშემატკივრობა იცი... ))))))
გოგი, და პრაიზვოლნის ამბავი გაირკვა?
... ცოტა მიტყდება, თორემ ერთ რამეს კიდევ გეტყოდი... 2 დღეა "თითს (ენას) კბილს ვაჭერ". მაინც არ მიყვარს "გულსატკენ" რამეებზე მითითება... (გადამეტებულად)
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
28.01.2010 14:55
”მიმთითებელი”:)
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
28.01.2010 13:51
თქვენი ნებართვით თქვენს კომენტარს უკომენტაროდ დავტოვებ. ძალიან ძნელია იმის ახსნა, რომ ფიგურული სრიალი ოპერა არ არის და აც ელენე გედევანიშვილია კაბალიე:)

და კიდევ ვიმეორებ - არა მგონია ელენეს ჩემზე მეტად ბევრი სხვა გულშემატკივრობდეს

ავტორი: Nia
28.01.2010 03:00
გოგი, მოცარტს დაიცავ? რამე რომ იყოს დაიცავ? ;))))
In Response

ავტორი: ana_jano საიდან გვწერთ: tbilisi
28.01.2010 15:17
ხო, რაღაც სასწაული ნათქვამი გამომივიდა:)))

ავტორი: Rico საიდან გვწერთ: Tbilisi
28.01.2010 02:56
მდა .. ვერაფერს იტყვი
გარდა იმისა რომ თქვენს გამბედაობას საზღვარი არაა აქვს ბატონო გოგი.
ვკიხულობ სტატიას და რატომ გამახსენდა ნერონი ან ნაბაკოვი ვერაფრით ვერ ვხვდები.?!
In Response

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
28.01.2010 21:44
ნაბაკოვი? ეგ ვინაა? ლალიტა რომ დასწერა?

თუ NHL-ის ჰაკეისტი?

ავტორი: sofia საიდან გვწერთ: tbilisi
28.01.2010 01:26
ბატონო გოგი ძალიან მიხარია რომ ასე გიყვართ ეს სპორტი. მიხუედავად იმისა რომ ჩვენ ქართველებს ამ სპორტის კულტურა არ გვაქვს , გამოდის რომ თურმე გვქონია რადგან გვყავს ელენე და ეს ძალიან მახარებს. მიხარია ისიც რომ რომ ელენემ თავისი წარმატებით ამ სპორტში ძალიან დიდი სტიმული მისცა ქართველ ბავშვებს.
მე მყავს ოთხი წლის ბიჭი და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევიყვანე ამ სპორტრზე ,მაგრამ რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს ჩემთვის ჩემ შვილს ამ სპორტის გაგონება არუნდა ,მოკლედ რომ ვთქვა მაგრად არ მოსწონს ეს სპორტი . მაგრამ მე ძალიან მიხარია ის რომ ამ სპორტზე სიარულისას გავიცანი ძალიან ნიჭიერი ბავშვები. მიუხედავად იმისა ბევრ მათგანს არ ააქვთ სახსრები რომ ყოველდღე ივარჯიშონ ყინულზე, ძალიან დიდი მინდომებით ვარჯიშობენ იმ განკუთვნილ დროში და ერთ წუთსაც კი არ ისვენებენ, ეს საუბარია ოთხი ხუთი წლის გოგონებზე და ბიჭებზე. ერთ -ერთმა მშობელმა ისიც კი მითხრა ,,რომ სრიალის შემდეგ ჩემი შვილი სახლში მისვლის თანავე ,,როლიკებს'' იცვამს და იმეორებს იგივე ილეთებს, მთელი დღეო'' მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ პატარა ბავშევების შემყურე რომ ასე გაცნობიერებულად და სიყვარულით ეკიდებიან ამ სპორტს , მშობლების მხრიდან ყოველგვარი დაძალების გარეშე.მართალია ჩემს შვილთან ამ სპორტში არაფერი არ გამომივიდა და არც ვაძალებ ,მაგრამ არსებობენ ისეთი პატარები რომელთაც ალბათ ამ სპორტის მიმართ სიყვარული სისხლში აქვთ.
In Response

ავტორი: გოგი გვახაროა
28.01.2010 01:58
გაიხარეთ!
შვილს ტელევიზორში ოლიმპიადა ანახეთ (9 თებერვალს იწყება მგონი)...იქნებ მერე მოუნდეს კიდეც
თუ არა და არაფერია... სპორტის სხვა სახეებიც არსებობს:)

ავტორი: jaba-jaba საიდან გვწერთ: saqartvelo
28.01.2010 00:22
მომეცონა სტატია.იმედია ელენე მალე გაიზრდება, ისე როგორისაც ავტორი გულისხმობს.

ავტორი: ზულფია ჩადორიანი საიდან გვწერთ: თეჰრონ, ჯუმჰურიე ესლამიე ირონ
27.01.2010 23:28
გოგი,
რუსთავი2-ის ინფორმანტების მიხედვით მიხედვით მალე საქართველოში პლაჩიდო ჩამოვა-თურმე, დომინგო ... :)
გაგვაგებინეთ თუ ღმერთი გწამთ, იმ კაცს სახელი ხომ არ გადაუკეთებია იტალიურ ყაიდაზე ? ... დავით კიკალიშვილიც ასე წარმოთქვამდა, მაგრამ მაშინ ვიფიქრე ეს მისი ჩვეულებრივი პრანჭა ბლუკ-ბლუკი არის-მეთქი.

ავტორი: Teo საიდან გვწერთ: Tbilisi
27.01.2010 20:54
მე მგონია, რომ ფორმები არაფერში შეუშლიდა ხელს ელენეს ცოტა სიმაღლეში რომ მომატებულიყო ამ 4 წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ ნახტომებისთვის უფრო სიმაღლეა გადამწყვეტი მიუხედავად იმისა ფორმებითაა ფიგურისტი თუ უფორმოდ.

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier/Luxembourg
27.01.2010 20:28
გოგი, პირველ კავკასიურზე გვითხარით რა ერთი რამე ... ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მე მგონია, არაა ეს ასე საშიშარი ტელევიზია ...
რუსეთის დაგვბომბავსო რომ გაიძახიან. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია.
პირადად მე უფრო მეტს მოველი, როდის გადაკეთებენ ამ არხს საერთაშორისო მაუწყებლობად და დაიწყებენ ინგლისურ, ფრანგულ და არაბულენოვანი საინფორმაციოების გამოშვებას (კავკასიის ხალხების ენებზეც) 24-სათიან რეჟიმში ... მე ვიცნობ სიტუაციას აღმოსავლეთ ევროპის ზოგ ქვეყანაში; ჩემი ერთ-ერთი სპეციალობათაგანი სამხრეთ სლავური ფილოლოგიაა (სერბულხორვატიული და ბულგარული ენები) და ბუნებრივია ყურადღებას ვაქცევ, რა ხდება ხსენებულ ქვეყნებში ამ მხრივაც; საერთაშორისო რადიო (და ტელე)მაუწყებლობა არსებობს ამ ქვეყნებში და თანაც არცთუ ისე ცუდი დონისა.

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumi
27.01.2010 16:39
ბატონო გოგი, ჩემი აზრით არ იქნება სწორი რუსი მოციგურავეები რომ არ ვახსენოთ, ვანკუვერში წყვილებში ისინი ფავორიტები არიან. ჰო, კიდევ ევგენი პლუშენკო რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე თითქმის უშეცდომოდ ისრიალა.
In Response

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumi
27.01.2010 17:43
თქვენ ალბათ ბრაიან ჟუბერის გულშემატკივარი ხართ:)
http://www.youtube.com/watch?v=Io8q8UkEYWg&feature=related
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
27.01.2010 17:12
ვანკუვერში წყვილებში ჩინელები გაიმარჯვებენ

არავითარი რუსები:)

პლუშჩენკო? ვნახოთ. ”ფიგურული ხტომა ყინულზე”..კატასტროფა!

ავტორი: ana_jano საიდან გვწერთ: tbilisi
27.01.2010 16:28
გოგი, რამე რომ იყოს მოცარტს არ დაიცავ, ფიროსმანის მსგავსად, "ბავშვურობის" იარლიყისგან?:))"თუკი ბავშვობაში ყოფნის სურვილი უკურნებელი ქართული სენია (ასე ძლიერ რომ ბობოქრობს ყველგან - პარლამენტში, მთავრობაში, მედიაში, სასამართლოში), იქნებ ამ ძალიან ნიჭიერ სპორტსმენს მაინც ავაცილოთ თავიდან ეს ვირუსი," მოკლედ მე მგონი აქ სხვა ტიპის ბავშვობა იგულისხმება და არა ის რომ ადამიანს "ხალასი ღიმილი” არ უნდა ჰქონდეს. მოკლედ ერთი ადამიანის სიტყვებს მოვიტან რომელსაც, მე პირადად აბსულუტურად ვეთანხმები. არ ვიცი შეიძლება გოგი სხვა რაღაცას გულისხმობდა. "პრუსტის რომანის მთავარი თემა, მდგომარეობს იმაში, როგორ ვიზრდებით, ან ვიზრდებით თუ არა საერთოდ,ანუ ვხვდებით თუ არა ზრდასრულები, კაცები( мужчина ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით). რას ნიშნავს არ იყო ზრდასრული, არ იყო კაცი? ჩათვალო რომ სამყარო შენზეა "დაცენტრილი"(центрирован), შექმნილია იმისათვის რომ ან გაგაბრაზოს, ან მოგეფეროს. გაზრდის ფილოსოფიური აქტი, ლუდვიგ ვიტგენშტეინის ნათქვამს თუ მოვიხმობთ, მდგომარეობს შემდეგში: "სამყაროს ჩვენს მიმართ არანაირი განზრახვა არ გააჩნია". ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა." მთლად კარგად ვერ ვთარგმნე მაგრამ დაახლოებით ეგრეა. მეორეს მხრივ, მე პირადად ბევრი შემხვედრია, ბავშვური "უმანკო ღიმილი" რომ აქვს, და რეალურად უბრალოდ ყალბია, თამაშობს. მათში მაინცდამაინც ელენეს არ ვგულისხმობ.
In Response

ავტორი: MAIKO
27.01.2010 21:52
გოგი, ზოგჯერ როგორი მკაცრი ხარ შეფასებებში და უკომპრომისო. (თუმცა, შესაძლოა სამართლიანიც).

ეს ხომ ფორმანისეული მოცარტია, მას აქვს უფლება ისე აჩვენოს, როგორც ხედავს და ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოდ. მიუხედავად მისი არაკონსტრუქციულობისა და მართლა ინფანტილიზმისა, ძალიან ტრაგიკულია ,,ამადეუსი". ფორმანს აქვს იმის რესურსი, რომ დაგაფიქროს და პრობლემის რესტრიქცია არ მოახდინოს.

თუმცა, როგორც იტყვიან: ,,გემოვნებაზე არ დაობენ" :)
In Response

ავტორი: გოგი გვახარია
27.01.2010 16:30
მოცარტის ინფანტილიზმი მითი მგონია მე

ფორმანის ფილმი არაა მოცარტი... მოცარტი მისი ნაწარმოებებია
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS