Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალტერნატიული ტფილისის ტექსტი


ჯაზით დაწყებულ თემას ვაგრძელებ. დღეს ლიტერატურის ჯერია, უფრო სწორად, ტფილისური ტექსტის. მინდა შემოგთავაზოთ "ტფილისური ტექსტის" ალტერნატიული ნიმუშები. ეს მცირე ანთოლოგია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანების მიერ სხვადასხვა თეორეტულ ჭრილში წაკითხული ქალაქია.
დავიწყოთ ბორხესით, გავხურდეთ:


ხორხე ლუის ბორხესი
ტფილისი

რა არის ტფილისი?
ეს პირველ რიგში მეიდანია, სადაც დაღლილი აქლემები კლდეს აჰყურებენ.
ესაა ცეცხლების ლაბირინთი, რომელიც მამადავითიდან გადაიშლება.
სახრჩობელა მახათაზე და ცაცხვის ხე ვაკეში, ტრამვაის წრესთან. სიკვდილი და ჩრდილი, თაკარა მზე და სიგრილე.
ქოხებიანი გრძელი ქუჩა, რომლის მოქცეულ სახურავებსაც ჩამავალი მზის ბოლო სხივები ეცემა.
ეს ფოტო 1978 წელსაა ტფილისში გადაღებული. მაშინ იტალო კალვინოსა და ხორხე ლუის ბორხესს Zakaria Chichinadze Memorial Lectures-ის ფარგლებში სამ-სამჯერ მოუწიათ ტფილისურ კათედრასთან მისვლა
ტივების მისადგომი და ბევრი, ბევრი წისქვილი მტკვრის ნაპირებთან.
ჭიშკარი ბაღის ქუჩაზე, რომლის წინაც დაყუდებულმა ერთხელ მთელი ღამე გავათიე.
ერეკლე მეფის ბრინჯაოს ძეგლი, ღამით რომ პედესტალიდან ჩამოდიოდა ხოლმე და მუხრანის ხიდთან მტკვარში ხტებოდა, სადგაფუნოდ.
ტფილისი მოგონებად ქცეული ხმალია და მიწად ქცეული გალავანი.
ვიტრინა, სადაც უკანასკნელად ჩაიხედა ვაკელმა მაიამ.
დაკეტილი კაფეები, კაფეების თავზე გამოღებული ფანჯრები და კაფეს მეზობლების ღამეული გადაძახილები.
ტფილისი ქალაქია, სადაც ამბობენ, რომ სიკვდილი არ არსებობს.
აქ, მტკვრის კალაპოტში, ადრე გველეშაპი იყო გაწოლილი, დღეს კი ამ კალაპოტში დრო მიედინება. დღეს უკვე ერთ მტკვარში ორჯერ ვეღარ შეხვალ.
ტფილისი ბუკინისტია, ვისთანაც ყოველდღე ახალ საიდუმლოს ნახულობ.
მე დავიწყე ტფილისის გადაფურცვლა.

ქვიშხეთი , 1935


ესეც ტფილისელი დეკონსტრუქტივისტის, რაჟდენ ხელაიას ფრაგმენტი ცნობილი სტატიიდან, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში Geo Urban Studies:


რაჟდენ ხელაია
ტფილისური ტექსტის შესავალი

<...> როგორც ნებისმიერ ქალაქს, ტფილისსაც აქვს თავისი ენა და მეტყველება და იგიც იმ სოციალური თუ ისტორიული სისტემებით გვესაუბრება, რომლის ფარგლებშიც “აცნობიერებდნენ” ქალაქის ქუჩები, შენობები, მოედნები, ქედები და მდინარეები (კუნძულიც კი) თავიანთ მნიშვნელობასა და ფუნქციას. “თვითგამორკვევის” ამ ხანგრძლივ პროცესში ძალზე ძნელია ერთიანი საზრისის ამოკითხვა და გარკვეული მითოლოგიური ტექსტის რეკონსტრუირება. კულტურული თვალსაზრისით ტფილისი განსხვავდება სხვა ქალაქებისგან და მისი საზრისი არაა ისეთი ერთმნიშვნელოვანი, რომ საშუალება მოგვცეს, მყარ ნიადაგზე დავაფუძნოთ “ტფილისური ტექსტი” და საერთო ნიშნებით დავახასიათოთ იგი.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ტფილისის შესახებ შექმნილ ტექსტებში ისეთივე სემანტიკური მთლიანობა უნდა იგრძნობოდეს, როგორიც ერთ კონკრეტულ ტექსტში და იგიც რაღაც საერთო კანონზომიერებას უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ამას ბევრი რამ უშლის ხელს, უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ არ არსებობს აღწერის ერთიანი ობიექტი და კონკრეტული ქალაქის ადგილს ამგვარ სურათში აბსტრაქტული (აზიური თუ ევროპული) ქალაქები და მისი ნიშნები იკავებენ.
ამ მრავალფეროვნების გამო ქალაქისთვის (ქალაქური ტექსტისთვის) დამახასიათებელი “ლოკალური ლექსიკონი” იმდენად ჭრელია, რომ ძნელია ტფილისური ტექსტის თემატური პარადიგმის რეკონსტრუირება, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის კვლევას. სწორედ ამიტომ, ტფილისური ტექსტის კვლევა არამხოლოდ ქართველოლოგიის ფაქტად იქცევა, არამედ სომხური, რუსული, თურქული, სპარსული, ინგლისური, ამერიკული, ინდური და, თქვენ წარმოიდგინეთ, სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის სივრცესაც მოიცავს <...>.

Geo Urban Studies, 2001, Vol. 12

ეს სტატია კი ტფილისური კულტურის კვლევის გარიჟრაჟზეა დაწერილი:


გიგო მესხია
ქუთაისი – ტფილისი

ქარებიდან – ქარებამდე

ტფილისი და ქუთაისი ძველი, მაგრამ ცოცხალი თემაა. ამ ორი სახელის ურთიერთობაში იმხელა ისტორიული შინაარსი დევს, რომ ამ შინაარსის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ქართული ისტორია. ყოველი ქუთაისელი, რომელიც პირველად ჩამოდის დედაქალაქში, გაოცებულია ხოლმე ტფილისის თავისებურებით, დაწყებული არქაული პეიზაჟიდან, ადამიანებით დამთავრებული, სრულიად უცხო ადამიანებით. აი მაგალითად, ქუთაისში წარმოუდგენელია ასეთი ვინმე ნახოთ:


































ან ასეთი:






















ეს მხოლოდ აქ, ამ ვეშაპის პოლისშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომააა, ქუთაისლები ამდენ სისხლს რომ ღვრიან ხოლმე ტფილისელი „უჯიშო“ დარდიმანდებისას და ერთურთის უკუღმა მყვარებლებისას.
გახსოვთ ალბათ, არტემ გეშაქოვი წერს მოგონებებში ოთხი იმერლის შესახებ, თავიანთი მამიდის გასვენებაზე რომ ჩამოსულან ტფილისში და სუ ცხვირ–ყურები რო დაუთლიათ კუკიის ერთ დუქანში ქალაქელებისთვის, მერე კი დამჯდარან ეტლზე და „კივილით, შეგინებით და ცაში თოფის სროლით წასულან. ერთხელ მოვალთ, ულვაშს დაგპარსავთ ყველასო.“
ეს ერთი კერძო ამბავია, სხვა მრავალი გვაქვს მსგავსი. თუმცა ამის მიუხედავად, ტფილისში მეტია სულიერება, იმიტომ, რომ ცოდვაა მეტი. აქ, სადაც არ გაიხედავ, ეკლესია–გუმბათი მოჩანს, ჩაუხვევ – ჩაიბრწყინვებს, აუხვევ – აიბრწყინვებს. სამაგიეროდ გული და ამბორი ქუთაისში მეტია. ტფილისი ფიქრობს, სასაფლაობზე დადის, სასაფლაოები მისთვის „მშვენიერი გამოგონებაა“, სასაფლაოები აუცილებელია, რათა მოკვდავმა ადამიანმა დროგამოშვებით იმაში თავისი ცხოვრება წაიკითხოს. ესაა ბედკრულის ნუგეშინისცემა და დასასრული ბედნიერებისა, ამავე დროს ფიქრი თრობის გარეშე. ქუთაისში კი საფლავზე მთვრალები მიდიან, ხშირად ეშმაკობებსაც იგონებენ სასაფლაოს ღრეობების შემდეგ. საკმარისია ერთი რომელიმე ნამთვრალევი და მჟავე ცოლიკოურით გამომტყვრალი წაიქცეს საფლავებს შორის, რომ მეორე დღესვე რაღაცას მოიგონებენ. დასხდებიან ნაბახუსევით განათლებული სახით და დაიწყებენ: „სამოთხეში გახლდით. მთელი სამოთხე შემოვიარე. მამაჩემს გაუგია რომ მივდიოდი და ჩემს შესახვედრად ლხინი გაუმართავს....“

"არილი", 1927.


გიგო სოლომანაშვილი
მოვიდნენ ბიჭები და გვნახეს
ამ ფოტოზე იოსიფ ბროდსკია გამოსახული. ფოტო შესულია ვარლამ გენგიურის პაროდიულ ციკლში "ლიცა სავეტსკოი ნაციონალნოსტი"

<...> ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველად “მაგიური რეალიზმის” ცნებამ დიმიტრი შევარდნაძის პირიდან გაიჟღერა, როცა 1924 წელს, გალერეა “ბაბილონში” ახალგაზრდა ამერიკელი მხატვრების გამოფენა ნახა. შემდეგ ტერმინი ხორხე ლუის ბორხესმა გამოიყენა, რომელიც იმ დროს ტფილისში ცხოვრობდა და “გიორგი XI-ის სახელობის ბიბლიოთეკაში” სტაჟირებას გადიოდა, უკვე 40-50-იანებში კი ამ ტერმინმა, ერთი ვენესუელელი კრიტიკოსის წყალობით, რამდენიმე სამხრეთ-ამერიკელი მწერლის შემოქმედება გააერთიანა და ცნება, რომელსაც ძარღვებში ტფილისური სისხლი უდუღს, დღემდე ოკეანისგაღმელებს მიემართება.
ცალკე საკითხია რუსული ემიგრანტული ლიტერატურა და ტფილისი. აქ ხომ რუსული ემიგრაციის სამივე თაობამ გაიარა. ტფილისური ტექსტები შექმნეს ა. რემიზოვმა და ბ. ზაიცევმა, ვ. ხოდასევიჩმა და ი. ბროდსკიმ, ა. სინიავსკიმ და ს. სოკოლოვმა, ვლ. სოროკინმა (რომელიც 90-იანების ბოლოს გამოექცა რუსი რელიგიური ფანატიკოსების რისხვას) და ტიმურ კიბიროვმა (კიბიროვმა საერთოდაც სახელი გაითქვა ტფილისური პოეზიის რუსული თარგმანებით გაჯერებული ცენტონებით) <...>.

დაიბეჭდა გაზეთ "ლიტერატურულ ხამსა"-ში, 1992 წელს.


არიადნა გევორქიანი
ტფილისური არითმია

<...> სომხურ ლიტერატურაში ერთი წყეული შეკითხვა არსებობს. რატომაა, რომ ჩვენს პოეზიაში ასე ცოტა ადგილი ეთმობა ტფილისს, სადაც ამდენი სომეხი პოეტი ცხოვრობს? რატომაა სომხური ტფილისის ტექსტი ასეთი ფრაგმენტული? რატომ ვერავინ მოიხელთა მთლიანობაში ტფილისის უნიკალური ფენომენი? სადაა მისი სახე ჯადოსნური ქალაქისა და კავკასიის დედაქალაქისა? იქნებ სწორედ დედაქალაქის სტატუსი გვიშლის ხელს? არ ვიცი, არ ვიცი!..
სტატიაში “დიადი ქალაქი – დიადი ქვაბი” ჯასპერ სარქისიანი წერდა: “გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებითად, თავად ქართველებსაც არ აქვთ ტფილისის ლიტერატურული პარადიგმა, ქალაქი ნაფლეთებად ჩნდება, ისე, როგორც ბრმები ხატავენ ხოლმე სპილოებს, ერთიანი სურათი კი არ ჩანს. ამისთვის ამოსუნთქვაა საჭირო და კიდევ ერთი, მენატურე წყნარად უნდა იჯდეს, ტფილისი კი მედინია, მარად ცვალებადი, მას ფურცელზე ასე ადვილად ვერ გადმოიტან”.
მაგრამ მარტო ამაში არაა საქმე, უბრალოდ, როგორც ჩანს, ჩვენი პოეტები დიალოგს ვერ მართავენ ქალაქთან, პოეტურ დიალოგს. რადგან ტფილისი ნაღდად გხვდება, იქ გცნობენ, სომეხი პოეტი ხარ ბოლო-ბოლო და ისე ვერ გაიპრანჭები, როგორც პარიზსა და ლონდონში, სადაც არც ადგილები გეგებებიან და არც ადამიანები. მაგ. მანუქ ჟაჟოიანი, რომელიც პარიზთან “შენობით” ლაპარაკობს (არავინ იცის, როგორ პასუხობს ამგვარ ფამილარობაზე პარიზი), ტფილისში იმორცხვებს და კალამს გვერდზე დებს <...>.

Ararat Comunications, 2004
ვაგრძელებთ ალტერნატიული ქალაქის კულტურული იერსახის მონიშვნას. ამჯერად სიტყვას თანამედროვე ბასკ მწერალს, ალეხანდრო დე გამბოას ვუთმობთ. ნარკვევი დაიბეჭდა ესპანურ ჟურნალ „ეიდოლონ“–ში, 2007 წელს.


ალეხანდრო დე გამბოა
გზა ქალაქისკენ, წარსულის გავლით

1963 წელს, ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილმა ფერნანდო სავატერმა*, რომელიც მშობლებს ახლდა ტფილისში “ქართულ-ბასკურ საენათმეცნიერო კოლოკვიუმზე”, დღიურში ჩაინიშნა: “მდინარე მტკვარზე ერთი საოცარი ხიდია, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს და ჰყოფს კიდევაც ერთმანეთისგან. ისინი თითქოს გარს გარტყია. როცა ხიდზე გადადიხარ, წინ აღმოსავლეთია, უკან კი დასავლეთს იტოვებ, მარცხნივ გაიხედავ, მდინარის აყოლებაზე, ევროპაა, დინებას ჩააყოლებ თვალს და დაინახავ, რომ მზესთან ერთად აზია გინათებს სახეს”.
ფერნანდო სავატერი სიონის ქუჩაზე, სკვერში. ეს ფოტო ანა მარგველაშვილის გადაღებულია 1998 წელს, მაშინ მამამისი, გივი მარგველაშვილი მასპინძლობდა სავატერს
ახალგაზრდა მოაზროვნის ამ შენიშვნის მიუხედავად, 60-იან წლებში ტფილისს უკვე მყარი ადგილი ჰქონდა მოპოვებული ევროპული დედაქალაქების მეორე რიგში, ბარსელონასთან, ამსტერდამთან, სტოკჰოლმთან და პრაღასთან ერთად, თუმცა მისი მთავარი ხიბლი მაინც შეუთავსებელის შეთავსებაში მდგომარეობდა მაშინ და ეს სიჭრელე დღემდე ძალიან ცოცხალი და მფეთქავია აღმოსავლეთ ევროპის ამ აზიურ დედაქალაქში. მე რომ მკითხოთ, იგი ნამდვილად ღირსია მთელი აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქადაც იწოდებოდეს, რადგან ტფილისი ყველაზე ძველიცაა და თანამედროვეც, მასში საოცარი მთლიანობაც მოჩანს და მრავალშრიანობაც.
ვარშავა 1939 წელს ჯერ ლუფტვაფემ გაანადგურა, შემდეგ კი 1944-ში საბჭოთა არმიის საარტილერიო ჯერმა გაასწორა მიწასთან. ვენა და ბუდაპეშტი საუკუნენახევრის წინ იმპერიული ხელგაშლილობით გადააკეთეს, ისე რომ მათში ნამდვილი ქალაქები არც კი ამოიცნობა. მაშინ ამ ქალაქებს ერთი ზეამოცანა დაეკისრათ, ჰაბსბურგების ავსტო-უნგრული იმპერიის ფასადი ყოფილიყვნენ და ქვაში განხორციელებული სიდიადის სიმბოლოდ ქცეულიყვნენ (ვაი რომ, დროებით). პრაღის იერსახეში ალქიმიკოსებისა და იუდეველების ხელი ერია, პეტერბურგი და მოსკოვი ავსტრო-უნგრეთზე უფრო ველურმა იმპერიულმა ვნებებმა შეიწირეს, ბუქარესტზე და კიევზე ხომ ლაპარაკიც არა ღირს...
რაღა დარჩა? მხოლოდ ძველი კონსტანტინეპოლის ნაშთი დღევანდელ სტამბულში და ბიზანტიის მთავარი მემკვიდრის და ამავე დროს, მასთან მოკამათე საქართველოს დედაქალაქი, ტფილისი <...>.


ადლერ ძიაპშპა
დედაქალაქის პეიზაჟი: მთა, მდინარე, მოედანი
წიგნიდან "კავკასიური სოფია", სოხუმი, 2005.

მთა, მდინარე და მოედანი, აი ჩვენი დედაქალაქის მთავარი პეიზაჟი. ტფილისის ათასხუთასწლიანი ისტორია სწორედ ამ “პეიზაჟური” თვალთახედვით უნდა დავინახოთ, როგორც ბრძოლა ბუნებისა (მთა, მდინარე) და კულტურისა. ეს სიტყვა, “პეიზაჟი”, ტფილისის აღწერისას პირველად უცხოელმა გამოიყენა. რიჩარდ უილბრემისთვის, ვინაც 1837 წელს მოიხილა ტფილისი, ეს პეიზაჟი რამდენჯერმე გადაიშალა. პირველად მაშინ, როცა დიღმიდან შემოსვლისას დაინახა ქალაქი, მეორეჯერ კახეთიდან მობრუნებულმა, მესამე პეიზაჟი კი აბსოლუტურად ტექსტუალურია, იგი ვირტუალური ქალაქია, უილბრემის გამონაგონი, საიდანაც არამხლოდ ტფილისის, არამედ ლონდონის დანახვაც შეიძლება (გაიხსენეთ, რას წერდა ვალტერ ბენიამინი, “მოსკოვში მოსკოვზე მეტად ბერლინის ხედვას სწავლობო”).
“პეიზაჟი იგივე პორტრეტია, Ergo ქალაქის პორტრეტს ვხატავ”, დაწერა მაშინ უილბრემმა. მაშინ, ანუ 1837 წელს, როცა ტფილისის პორტრეტის ხატვა ახლიდან იწყებოდა. მაშინ აღა-მაჰმად ხანის დარბეული ქალაქი ფეხზე დგებოდა. მაშინ გარეთუბანი ცენტრი გახდა, მაშინ პეიზაჟი პორტრეტივით იხატებოდა, ქალაქის პორტრეტი კი პეიზაჟივით იშლებოდა <...>.

----------------------------
* ფერნანდო სავატერი - ცნობილი ბასკი ფილოსოფოსი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG