Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუბერტი მიწისქვეშეთში


როდესაც ჩემი მეზობლის შვილთან, მეთორმეტეკლასელ ჭაბუკთან, საუბარში მოცარტის სახელი ვახსენე, მან სრულიად სერიოზულად მკითხა: "ეგ ისაა, შოპენი რომ ჰქვია?" მისმა მეგობარმა მითხრა, ოპერაში არასოდეს ვყოფილვარო, და ირონიული ჩაცინებით დაუმატა: "დარწმუნებული ვარ, თუ წავალ, მას მერე კოშმარები დამესიზმრება!"

მუსიკის სფეროში მასკულტურის მძლავრი ექსპანსია წამდაუწუმ გვთავაზობს ანეკდოტურ სიტუაციებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი პიანისტის ლექსო თორაძის თბილისში ჩამოსვლა თავის სტუდენტებთან ერთად "რუსთავი 2"-მა "თორაძის და მისი ბენდის გასტროლებად" მონათლა. ჯაზური ტერმინი "ბენდი" ტელეჟურნალისტებმა, როგორც ჩანს, საუნივერსიტეტო ქალაქ საუთბენდის სახელწოდებაში ამოიკითხეს (ლექსო თორაძე სწორედ ინდიანის შტატის საუთბენდის უნივერსიტეტის პროფესორია).

ჩემს წინა ბლოგებში უკვე აღვნიშნე, რომ არანაკლებ კომიკური სიტუაცია შეიქმნა საქართველოში კიდევ ერთი ცნობილი კლასიკური პიანისტის, ელისო ბოლქვაძის, გასტროლების. დროს იმავე ტელეარხის კორესპონდენტმა საზოგადოებას აუწყა, რომ გორში გამოსვლისას პიანისტს, თურმე, ბეთჰოვენის მესამე სიმფონია (?!) დაუკრავს.

რადიოსადგურ "მუზის" წამყვანები (საქართველოში ეს ერთადერთი რადიოა, რომელიც მხოლოდ კლასიკურ მუსიკას გადასცემს) მუდმივად ამახინჯებენ გამოჩენილი მუსიკოსების გვარებს. ვთქვათ, პიერ მონტეს ნაცვლად, პიერ მონტოს აცხადებენ და ა.შ. საქართველოს არც ერთი ტელევიზიით არ გადის გადაცემა კლასიკურ მუსიკაზე - ყველგან, ძირითადად, საეჭვო მხატვრული ღირებულების თანამედროვე საესტრადო სიმღერებს გვთავაზობენ.

ბეჭდვითი მასმედიიდან, ფაქტობრივად, გაქრა მუსიკალური კრიტიკოსის პროფესია. არადა, სხვადასხვა დროს საქართველოს ჰყავდა პავლე ხუჭუა, გივი ორჯონიკიძე, ანტონ წულიკიძე, ევგენი მაჭავარიანი და სხვ. მადლობა ღმერთს, ცოცხალია ამ ჟანრის ერთ-ერთი ბურჯი გულბათ ტორაძე. უბრალოდ, მასზე მოთხოვნილება მინიმუმამდეა დასული.

მსგავს სიტუაციას იშვიათად შეხვდებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ვთქვათ, იმავე შეერთებულ შტატებში თანამედროვე საგაზეთო მუსიკალური კრიტიკოსის ბრწყინვალე მაგალითებად გამოდგებიან ჯოზეფ ჰოროვიცი და, სამწუხაროდ, აწ უკვე განსვენებული ჯონ არდოინი. თუმცა, რა დასამალია, კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ამერიკაშიც არსებობს. ამ ცოტა ხნის წინათ გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" თანამშრომლებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს: აშშ-ის დედაქალაქის მეტროს ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში დილის პიკის საათის დროს ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მევიოლინე ჯოშუა ბელი 43 წუთის განმავლობაში უკრავდა ბახის, შუბერტის, მასნესა და კრაისლერის ნაწარმოებებს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მხედველობაში მიიღეს, რომ მუსიკოსის კონცერტებზე ბილეთის მინიმალური ფასი 100 დოლარია და მგზავრებში შესაძლო აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის გამოძახებაც გაითვალისწინეს. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი გამაოგნებელი გამოდგა: 1097 ადამიანიდან, ვინც მეტროს სადგურზე იმ დილით ცნობილ მევიოლინეს გვერდით ჩაუარა, სახით ის მხოლოდ ერთმა ქალმა იცნო, ხოლო რაც შეეხება სტრადივარის საკრავის ბუდეში შეგროვებულ ჰონორარს, მან 32 დოლარი და 17 ცენტი შეადგინა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშინგტონი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე "ფილარმონიკულ" ქალაქად ითვლება! ამერიკელებმა არა მარტო ვერ იცნეს თავიანთი სახელგანთქმული თანამემამულე, ისინი არ გააოცა მისმა ხავერდოვანმა გლისანდომ და ბრწყინვალე სტაკატომ და, რაც მთავარია, უბრალო მოქალაქეები არ დაინტერესდნენ თვით შესრულებული მუსიკით.

ცხადია, სულ სხვაგვარი იქნებოდა სიტუაცია, მიწისქვეშა გადასასვლელში, ვთქვათ, ემინემი რომ გამოჩენილიყო. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დებულება: "გამოსავალი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან ყოველთვის გამოიძებნება. ანთროპოლოგიური კრიზისი კატასტროფას ნიშნავს."
XS
SM
MD
LG