უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / მალხაზ ხარბედია

“თუ კარგად მოიქცევი, დაგალევინებ ერთ ჭიქას”

31.08.2009
ეს სიტყვები მუხრან მაჭავარიანმა გუშინწინ უთხრა მიხეილ სააკაშვილს. კონტექსტის გარეშე ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს უკვდავების ან სიბრძნის წყაროზე იყოს საუბარი, 80 წლის მხცოვანი პოეტი ახალგაზრდა და იმპულსურ მმართველს რომ სთავაზობს, არადა “დაგალევინებ”-ში ერთი ჭიქა ადესა იგულისხმებოდა, ღვინო, რომელიც ყველაზე უინტერესო ჯიშიდან, იზაბელადან იწურება.

იზაბელა წარმოშობით ამერიკულია, საქართველოში მისი ისტორია სულ რაღაც 150 წელს ითვლის და მას არაფერი აქვს საერთო ქართულ ტრადიციულ მეღვინეობასთან. ამ ჯიშმა თავის დროზე მთელს დასავლეთ საქართველოს გადაუარა და აუარება უნიკალური ჯიში წაართვა. ადესის (იზაბელას) დამსახურებაა, რომ დღეს გურიაში თითქმის ვეღარ ნახავთ უნიკალურ გურულ ჯიშებს: ჩხავერს, სხილათუბანს, ხემხუს, საკმიელას, ჯანს. გურიის გარდა, მისი გამანადგურებელი კვალი დღემდე კარგად ჩანს სამეგრელოში და იმერეთში. ჰოდა, პრეზიდენტის სტუმრობის პირველივე კადრებში ამ კვალმა თავი არ დამალა. კლასიკოსმა პრეზიდენტი სწორედ ადესის მაღლარი ვაზის წინ ჩაატარა და ღვინის გასინჯვასაც დაჰპირდა. მართალია სააკაშვილს ერთი კი წამოცდა, კლასიკურ ჯიშად არ ითვლება ადესაო, მაგრამ იქვე ზრდილობიანად დასძინა: “მე ძალიან მიყვარსო”.

შემდეგ უკვე სუფრასთან ვითარდებოდა მოქმედება, სადაც ადესის ქება-დიდება ახალ საფეხურზე ავიდა. პირველი ყლუპისთანავე პრეზიდენტმა თქვა: “ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი გამისინჯავს... თქვენი ლექსივით მსუბუქია და ძაან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს”.

მართალია, პრეზიდენტმა ზეაღმატებული შეფასებები ნამდვილად არ დაიშურა პოეტის მისამართით, მას რამდენიმეჯერ გენიოსიც კი უწოდა, “ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე”, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვერ გათვალა რაღაცეები და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსები ადესის ღვინოს შეადარა, ღვინოს, რომელსაც არც დაძველების (დავარგების) პოტენციალი აქვს, არც ჯანმრთელობისთვისაა მაინცდამაინც კარგი და არც სხვა რამ თვისებებით გამოირჩევა.

ვინ იცის, იქნებ ეს პრეზიდენტის მწარე ხუმრობა იყო, რომელიც უსაქმოდ დარჩენილი თანამედროვე ქართველი კრიტიკოსებისთვის გზის მაჩვენებელი უნდა გამხდარიყო? იქნებ ამ უხერხული შედარებით მიხეილ სააკაშვილი სულ სხვა მიზანს ისახავდა?

ერთი ცნობილი თანამედროვე ღვინის მწერლის, ჯენსის რობინსონის შემთხვევა გამახსენდა, რომელმაც ყმაწვილქალობაში, - როცა სულ ახალი დაწყებული ჰქონდა ღვინოზე წერა და ჯერ კიდევ იმკვიდრებდა თავს, - ვიღაცის სტატია წაიკითხა, სადაც ავტორი ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს კონკრეტულ ღვინოებს ადრიდა. ჯენსის რობინსონი Beaujolais-სთან იყო შედარებული, მსუბუქ, ხილის ტონებიან, ნაკლებადხარისხიან ღვინოსთან, რომელსაც თითქმის არ გააჩნია დაძველების პოტენციალი. ამ ერთი შედარების ჯინაზე, ჯენსისმა გადაწყვიტა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ დავარგების დიდი პოტენციალი ჰქონდა და იმდენი იმეცადინა, რომ Master of Wine-ის ხარისხი სულ ზარ-ზეიმით გადასცეს.

მე რომ მუხრან მაჭავარიანი ვყოფილიყავი, ადესა ღვინოსთან ამ შედარებას ნამდვილად არ მივიღებდი. თუმცა, ბატონ მუხრანს, მემგონი ძალიან მოეწონა შედარება, იგი ხომ თავის ადესას დიდებულ ღვინოდ მოიხსენიებდა?!

ბოლო დროს, საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მოუხშირა მწერლების დაბადების დღეებზე სიარულს, თანაც ყოველთვის დაგვიანებით მიდის ხოლმე. გადაივლის იუბილის ქარიშხალი და მეორე დღეს, ანდა სულაც, რამდენიმე თვის შემდეგ, მიაკითხავს პრეზიდენტი კლასიკოსს და მიულოცავს, ანუგეშებს, ეტყვის რომ გენიოსია, ბლომად ციტატებს მოიყვანს, მერე ინტერპრეტაციებზე გადავა, შემოგვთავზებს იუბილარი კლასიკოსის ტექსტის რეცეფციულ ან დეკონსტრუქტივისტულ წაკითხვას, ბოლოს საჩუქრის ჯერიც დგება...

ამ მხრივ, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მოსვენებული იყო ქართული მწერლობა. არც ხნიერი და არც ახალგაზრდა მწერალი არავის აინტერესებდა, მასთან არავინ დადიოდა, ყველას თანაბარ პირობებში უწევდა ცხოვრება, ყველა თავის წილ ტანჯვასა და პირად გამოცდილებას იღებდა მომავალი რომანებისთვის და პოეტური კრებულებისთვის. მწერალთა ზოგიერთ ჯგუფს შენობიდან ერეკებოდნენ, მეორე ჯგუფს ჟურნალი-გაზეთი-სტამბა-ტელევიზია – ყველაფერი ერთდროულად დაუხურეს, ზურა რთველიაშვილს და ირაკლი კაკაბაძეს ციხეში უკრეს თავი, ზოგიერთი მწერალი კიდე უარეს დღეში ჩავარდა... დღეს ეს ბრძოლა და ბედის წრთობა უკვე ისტორიის საკუთრებაა, ქართველ მწერლებს აღარ მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, ისინი ისევ ისე, ძველებურად, უგამოცდოდ გავლენ ცხოვრებაში.

ამის ნიშნები შარშან, საახალწლო დღეებში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტმა მწერლებს წვეულება გაუმართა რესტორან “წისქვილში”. უკვე წელს, 27 მარტს, აპრილის მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტი გურამ დოჩანაშვილს ეწვია და დიდხანს ესაუბრა ქართულ ლიტერატურაზე, კინოსტუდიის მთავარი რედაქტორის ჭაპანზე, ფლორენციაზე და ბოლოს ჩვენი ქვეყნის მარკ ტვენიც კი უწოდა მას...

და აი, გუშინწინ, მუხრან მაჭავარიანისთვის დაბადების დღის მისალოცად პრეზიდენტი არგვეთში ჩავიდა. მოუჯდა გვერდით თავის საყვარელ პოეტს და ჩამოყარა ციტატები. მუხრან მაჭავარიანი ალბათ გაოგნებული იყო ამ ადამიანის ფენომენალური მახსოვრობით, არადა თითქოს გუშინდელი დღესავით ახსოვდა, ანა კალანდაძის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა რომ გალაკტიონის “ატმის რტოო...” ანა კალანდაძის “თუთად” წაიკითხა (რას იზამ, ორივე ათმარცვლიანია, ინტონაციურადაც ერთნაირი ლექსებია, პრეზიდენტს კი არა, აკაკი გაწერელიასაც კი აერეოდა).

ერთი-ორჯერ პოეტი მამა-შვილურად გაეხუმრა პრეზიდენტს, რამდენჯერმე შეაქო და საქციელი მოუწონა და ერთი დიდი თხოვნაც გაანდო. ეს თხოვნა სოფელ არგვეთში წყლის გაყვანა იყო:

თხოვნა: “ჩემი სახელი დაარქვი თუ გინდა და ამ არგვეთს გაუკეთე ეს წყალი".

პერფორმატიული პასუხი თხოვნაზე: “ჩათვალეთ, რომ მუხრან მაჭავარიანის წყალსადენი გაკეთდება წლის ბოლომდე”.

ვულოცავ არგვეთელებს.

ამ თითქმის ათწუთიანი, გრძელი სიუჟეტის შესახებ ბოლო ორი დღის მანძილზე ბლომად კომენტარი მოვისმინე და წავიკითხე. ფორუმებზე და "ფეისბუკზე" ბევრ რამეს წერდნენ, სხვადასხვა პოზიციიდან, სხვადასხვა გონებრივი შესაძლებლობების, სხვადასხვაგვარი იუმორის ადამიანები. იყვნენ ისეთები, ვინც მოქალაქეობრივ პოზიციასაც უწუნებდა ბატონ მუხრანს. თუმცა არ ვიცი, რამდენად ღირს მუხრან მაჭავარიანის სამოქალაქო პოზიციებში ჩაღრმავება. ღმერთმა უწყის, რას ვიპოვით ამ პოზიციების ფსკერზე. ახლა ეს არაა მთავარი. სტუმარს მასპინძლობა უნდა. ჩემთვის ის უფრო გულდასაწყვეტია, რომ ბევრის თვალში ასეთი შეხვედრები და ვიზიტები, - ხან ატმის ბაღებში და ხანაც ადესის მაღლარის ჩრდილქვეშ, - კუნდერას ე.წ. “უკვდავების კადრებივით” რჩება. მართალია 90-იანი წლებისგან განსხვავებით, “უკვდავების” ეს ტიპი ძალზე შეიცვალა, მაგრამ მისმა სახიფათო ბუნებამ საქართველოში კიდევ უფრო მაცდური სახე მიიღო.

ცოტა ხნის წინ, რადიო თავისუფლების ეთერში ერთი ბრიტანელი ჟურნალისტი ამბობდა: “[სააკაშვილის] რწმენით, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს CNN-ის ეთერით მისი გამოსვლის ან სხვა ქვეყნის ლიდერთან კერძო სატელეფონო საუბრის მეშვეობით.” ეს სიტყვები გუშინწინ გამახსენდა, როცა ამ საუბარს ვუსმენდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამხელა იმედებს შეიძლება ამყარებდეს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვთქვათ, ფარიდ ზაკარიას გადაცემაში პირდაპირ ჩართვაზე, რამდენიმე კამერით გადაღებულ ადესის დეგუსტაციაზე არგვეთში ან პირდაპირ ეთერში ლექსების დეკლამირებაზე...

თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, მანამდე კი დაველოდოთ მორიგ სტუმრობას. ჰო, მართლა, 11 ნოემბერს კიდევ ერთი კლასიკოსის იუბილეა.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: რუსა საიდან გვწერთ: ტიფლის
09.09.2009 03:49
17-შიც))))))))

ავტორი: cnobismoyvare
05.09.2009 11:49

დღე მშვიდობისა !

თქვენ კაი კაცი ხართ და გეტყვით ერთ კარგ ამბავს :

XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ
თავად გიორგი ბერის ძე ჩიჩუას. იგი კოლორიტული პიროვნება იყო,ქველმოქმედი,არაერთი საზოგადო საქმის მოთავე და მონაწილე. "მეგრელთა ზრდილო-
ბა მეტად ნიუანსიანია. ზრდილობა გულისხმობს "ზრდას", ზრდა " ქცევას"-ქცევა კი თავდაჭერას. . გ.ჩიჩუა ებაასებოდა გლეხებს ვითარცა თანასწორს-ამავე დროს გლეხი გრძნობდა რომ მობაასე თავადი იყო. ასეთი თავდაჭერაა ნამდვილი ნიშანწყალი სენიორის, თავადისა..." ასე იხსენებდა მას გრიგოლ რობაქიძე.

გიორგის დიდი ნათესაობა ჰყავდა აფხაზეთში,იგი დედით ანჩაბაძეთა გვარს ეკუთვნოდა.მისი ძმისშვილებიც აფხაზეთში იყვნენ გათხოვილნი.

გიორგი ჩიჩუას ერთადერთი ასული ნუცა აფხაზ ვაჟკაცს-ასტამურ იალ-იფას შეუყვარდა. უკვე ასაკო-
ვან გიორგის ემძიმებოდა ერთადერთი ქალიშვილის ოჯახიდან გაშვება,მაგრამ როცა თავდავიწყებით შეყვარებულმა სასიძომ ალექსანდრე და ივანე შარვაშიძეები აახლა ხელის მთხოვნელად,გატყდა...ასე უთქვამს-აფხაზ ნათესაობას თუნდაც ჩემი ნუცას გულისთვის ვერ გავანაწყენებო!

ნუცასა და ასტამურის ქორწილში,სოფელ უფალკარში ( ახალი სენაკი),რამოდენიმე დღე რომ გრძელდებოდა,,ამბობდნენ ასი ხარი დაიკლაო. ოატარძლისთვის, გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად მდოდარი სულითაც რომ გამოირჩეოდა,ნეფეს ზღაპრული სამკაული მიურთმევია. ლეგენდად შემორჩა ნუცა ჩიჩუასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის უზადოდ შესრულებული ცეკვა "ქართული" და ნუცას ნამღერი რუსული და ბოშური რომანსები....

დიდხანს არ გაგრძელებულა ასტამურ ინალ-იფას ოჯახური ბედნიერება. 1924 წელს მას საბჭოთა ხეისუფლებამ დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი სისრულეში ბათუმში იქნა მოყვანილი. ნაწამები აფხაზი ვაჟკაცის მშობლიურ ოჩამჩირეში გადმოსვენე-
ბა დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ეს საქმე ასტამურის მეგობრებმა,თავად ხეისუფლები-
საგან დევნილმა,უშიშრობითა და შეუდრეკლობით ცნობილმა გუჯუჯ მარღანიამ,დავით მხეიძემ და ვარლამ ჩიქოვანმა ითავეს. ცხედარი ოჩამჩირეში უჩუმრად ჩამოასვენეს და საგვარეულო ძვალთშესალაგს მიაბარეს,ხელისუფებისთვის ასტამურის საფლავის ადგილი უცნობი დარჩა.

1924 წლის შემოდგომა,სოფელი შხეფი,შუაღამე,
ბოლშევიკთაგან საკუთარი სახლიდან გამოსახლებულ და დის ოჯახს შეხიზნულ გიორგი ჩიჩუას სადამსჯელო რაზმმა მიაკითხა და გარეთ გამოიხმო.
გიორგიმ იცოდა რაც ელოდა. 86 წლის მოხუცმა დინჯად დაიწყო ჩაცმა.რაზმელები აჩქარებდნენ:
რაში გჭირდება ეგ ჩოხა, უამისოდაც დაიხვრიტებიო...ღირსებით აღსავსე ბრძენკაცმა
თავშეკავებული პასუხი გასცა: " ახალგაზრდებო,
მამაკაცი სიკვდილსაც ლამაზად უნდა შეხვდეს!" და მშვიდად განაგრძო ღილ-კილოების შეკვრა...

იმავე წელს აფხაზეთის იძულებით დატოვების წინ,მგლოვიარე ნუცა ჩიჩუამ მეუღლის ნაჩუქარი სამკაული შავი ზღვის ტალღებს მიანდო..."
( ნაწყვეტი ბატონი პაატა ქურდაძის მიერ2008 წელს გამოცემული დიდებული წიგნისა "ქართულ-
-აფხაზური ალბომი,შემდგენელი და რედაქტორი ქალბატონი ხათუნა ჭურღულია).

გაუმარჯოს მარადიულ საქართველო-კოლხეთს!
იცოცხლეთ და გაიხარეთ!!!

ხელნაწერები არ იწვის,დიდსულოვანნი არ კვდებიან...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
05.09.2009 04:13
ყველა ბლოგის მოდერატორს!
კარგია, რომ აზრი ემთხვევა! და მადლობ პასუხისათვის.
მაგრამ ვწუხვარ, რომ სიყვარულზე საუბარი ჭირს! თუმცა სიყვარულს საუბარი არ სჭირდება!
მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებულ საფეხურზე, ვიფიქრე, სინქრონულად ხომ არ შეგვეძახა ყველა ბლოგზე სასიყვარულო ოდა?

ავტორი: Rusa საიდან გვწერთ: Tbilisi
05.09.2009 00:34
არ აკეთებ - ცუდი ხარ, აკეთებ- მაინც ცუდი ხარ. ნურც მოფირნდები, ნურც გაფრინდები.. ჩვენ, ქართველები ნაკლებად კონსპირაციულები რომ ვიყოთ, გოგი გვახარიას არ იყოს, გაცილებით უფრო ღია და ჩვენს თავში ჩაკეტილები ვიქნებოდით. მერამდენე ბლოგს ვკითხულობ და თუ გოგის და ნიკოს ბოლოგებს არ ჩავთვლით, გული მცYდება რომ დრო დავკარგე...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.09.2009 21:30
ბოდიში მალხაზის ბლოგის გამოყენებისათვის!
6 ბლოგი ხომ არის? აქედან 5-ს სხვა მოდერატორი ჰყავს? თუ, უკაცრავად და, ეგ ჩემი საქმე არაა სისტემით დაინტერესება?
ჩემი თემა მხოლოდ სიყვარულს ეხება და მინდოდა ყველა ბლოგს თანაბრად მოსდებოდა! დიდი მადლობა!
პატივისცემით, ჯ.

ავტორი: მოდერატორი
04.09.2009 21:30
შემიძლია დაგარწმუნოთ, ყველა ჩვენი მოდერატორი კარგი აზრისაა სიყვარულზე :)

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.09.2009 20:46
ყველა გვერდების მოდერატორს,
ეჭვი მაქვს!

პატივისცემით, ჯ.

ავტორი: მოდერატორი
04.09.2009 20:46
რამ დაგაეჭვათ, ჯაკლინ?

ავტორი: ბონდო საიდან გვწერთ: ბურყვალა
04.09.2009 14:01
საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტს მუხრანი პიარისათვის სჭირდება-ეს ის პოეტია ვინც ყველას გამორჩეულად გვიყვარს...და ძალაუნებურად კეთილგანწყობაზე დგები ორივეს ერთად დანახვისას, თუმცა ვერაფრით ვივიწყებ მიშას "ჩარეცხილებს"...მომკალი და ვერ დავივიწყებ.

ავტორი: sopo todua საიდან გვწერთ: tbilisi
03.09.2009 14:47
ლალის!
არა, ქალბატონო ლალი, სია- ალბათ ცუდად გენიშნათ. გეთანხმებით, ყურს ცუდად ხვდება, განსაკუთრებით ჩვენს დროში.რაც შეეხება დაფასებას, თქვენც და მეც ერთად დავაფასებთ, რადგან მწერლისთვის ყველაზე დიდი დაფსება მისი წიგნებია და არამც და არამც მედლები, ჯინჯილები და მით უფრო- საჯარო სტუმარ-მასპინძლობა. ისე, არაპრეზიდენტული მედლები რომელია?

ავტორი: ბიძათქვენი საიდან გვწერთ: ძუყნური
03.09.2009 11:58
მალხაზ,
ხოო, წყარო დამავიწყდა. თუმცა, ჩავთვალოთ თვითირონიად.
ოღონდ მასეთ სიტუაციაში უპრიანი იქნებოდა, პრეზიდენტმა "მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა" რომ წაიკითხა, მუხრან მაჭავარიანს თავისივე ლექსით ეპასუხა:
"სინათლის არ ჩანს არსაით ხემსი,
უკუნეთია გარშემო სრული.
უბედურთ, - მე და სამშობლოს ჩემსას, –
ორთავეს ერთად ამოგვდის სული".

ავტორი: ბიძათქვენი საიდან გვწერთ: ძუყნური
03.09.2009 11:27
badri,
ფისი-ფისის ამბავსაც თუ მონდომებით, დღეში რამდენჯერმე გააშუქებენ წამყვანი ტელეარხები, იქნებ ვიმსჯელოთ კიდეც, განსაკუთრებით, თუ რამე გვეუცნაურა. ჩემი აზრით, ამაზე მსჯელობა სჯობს იმის მტკიცებას, რომ პრეზიდენტი ტუალეტში საერთოდ არ დადის, მეფეებისგან განსხვავებით.
ხოლო თუ ეს მსჯელობა მავანთათვის საამებელი ვერ გამოვა, მეფეს, ბელადებსა და ნაზირ-ვეზირებს ნუღარ მოიშველიებთ. უხეირო, მცდარი პარალელია და იმიტომ.
ისე, სხვა თუ არაფერი, თქვენი მხრიდან უხერხული არ გგონიათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თანამედროვე პოეტთან შეხვედრისა და ფიზიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილების პროცესის გათანაბრება საინტერესოობის თვალსაზრისით?

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
02.09.2009 21:57
eli-ს პრაღიდან
-------------

ძირს მითოლოგიური ჰაველიზაცია!

მართალი გითხრათ, ნებისმიერ ლიმიტს მოვუხსნიდი ბ-ნ სააკაშვილს ცოლების რაოდენობაზე (არა მგონია, ასეთი რაიმე გააჩნდეს), ოღონდ ბ-ნ ჰაველისაგან გადმოეღო დემოკრატიის, თავისუფალი მედიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის, გაუყალბებელი არჩევნების, ოპოზიციის და მშვიდობის სიყვარული და პატივისცემა (ნაწილობრივ მაინც)!

და თუ ამას შეძლებდა, სიამოვნებით დავთანხმდებოდი მის ტირაჟირებასაც და კლონირებასაც ნაციონალური მოძრაობის ფარგლებშიც და გარეთაც!

ქ-ნ სანდრასთან დიდი ბოდიში ასეთი ”ჩეინჯის” შეთავაზებისთვის, მაგრამ ერის ბედზე ვზრუნავ და იმედია, გამიგებდა...

ისე, ხომ ვიცი, რომ უტოპიაა და მითია ეს.

მითებმა დაღუპეს ბევრი ქვეყანა. ჩეხეთი როგორ გადარჩა არ ვიცი. ეტყობა ამ მითებთან ბრძოლის სწორი გამოცდილებით!

ავტორი: gela საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 21:50
მალხაზ
თემის შემოთავაზება თქვენ უფრო შეგიძლიათ. უფრო ენაწყლიანი ხართ.ომისა და ჯიბრის რეჟიმში ხომ არ ვართ ერთმანეთთან, პრეზიდენტთან, არაპრეზიდენტებთან და სხვებთან? თუ მეშლება რაიმე?

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
02.09.2009 21:49
ბადრის (თბილისიდან)
---------

თქვენმა კომენტარმა ძალიან დამაინტერესა. მინდა სხვებმაც მიაქციონ ყურადღება, როგორც ალოგიკურ-დემაგოგიური აბსურდის შესანიშნავ მაგალითს:

”მართლა შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ რა..მეფის ყველა ნაბიჯზე რომ მსჯელობდა სრულიად გლეხობა.აი ახლა ლევან ბერძენიშვილი ნახევარი საათია უკვე მსჯელობს სააკაშვილის ვიზიტზე მაჭავარიანთან
არ გაინტერესებთ როგორ შარდავს? ტუალეტში უნიტაზს როგორ ექცევა? რატომ? ფრიად საინტერესო თემაა ქილიკისთვის
ეს ქვეყანა ვერასდროს შეელევა მამა-მარჩენალს და მის კულტს ”.

სად ქართველი მეფეები და სად მამა-მარჩენალი (ბიძია ჯო)? სად ქართველი გლეხობის დამოკიდებულება მეფეებთან და სად კულტი (მით უფრო სტალინის)? სად ლევან ბერძენიშვილი და სად ის თემატიკა, თქვენ რომ ასე ხატოვნად აღწერეთ? სად ამ ქვეყნის შელევა მამა-მარჩენალის კულტთან და სად ავტორიტარული პიარმასტერის მიმართ დემოკრატიული კრიტიკა?

კიდევ შეიძლებოდა ამ ციკლის გაგრძელება
სად ... და სად...? მაგრამ აქ შევჩერდები.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 21:49
მალხაზ,
ავურიე ბლოგები და გოგი ზედმეტად შევაწუხე.
თქვენც გაწუხებთ, მაგრამ წყაროებზე მე ასე ვიცი, სოფლებში წყაროს გამყვნას, თუ აღმომჩენს, თუ ამ წყაროსთვის სატუჩის გამკეთებელს ამ პიროვნების სახელს არქმევენ ხოლმე. ამის სავსეა ჩვენი ტოპონიმიკა. ასე, რომ ესეც არაფერია, ტრადიციულია, კარგიცაა.

ჩვენს სოფელში დიდი პაპის სახელი ჰქვია ასევე ერთ წყაროს. მართალია, მან ეს თავის ხელით გააკეთა და სახელი თვითონ არ დაურქმევია.
ჩვენს ხელებშია ჩვენი სიკეთე.
სახელი სწორედ დარქმევაც ერთი დიდი სიკეთეა.

ავტორი: lali საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 21:46
სოფოს
ჰოდა, დააფასეთ. ოღონდ როგორ უნდა დააფასოთ? თუ რაღაც სიაში შეყვანით იმთავითვე დაფასებულები არიან და ამიტომ არ სჭირდებათ არაპრეზიდენტული (ალტერნატიული) მედლების გადაცემა?

ავტორი: luka საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 21:40
ბოდიში, მალხაზ
ჩემნაირ უბირთან როგორ შეიძლება რაიმე კარგის გაგება? ეს თქვენ ხართ ბლოგერი, ჩემზე უკეთესი, რადგან მე იმ დონემდე უნდა ავიზარდო, რომ თქვენ რაიმე სასარგებლო მოგცეთ, რადგან თქვენ ჩემზე კარგად იცით რა ხდება ღვინის,პრეზიდენტის, პოეტისა და ჩემნაირის გულში. მე -არაფერი.მე მხოლოდ კომენტატორი ვარ.მე გამოვთქვი ჩემი აზრი, მე, რომელსაც ლუკა მქვია , ჩემი აზრი, ჩემი ხედვა და უკაცრავად, თუ ჩემი სიბეცის და ჭკუასუსტობის გამო ვერ დავინახე ის,რასაც სხვამ ასე ადვილად დაინახა.ქსონოფობია ამ შემთხვევაში მარტო უცხოს სიძულვილს კი არ ნიშნავს,არაუცხოს სხვაგვარი აზრისა და გემოვნების აუტანლობაცაა.

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 21:34
ბიძაჩემო, გეთანხმები, შეიძლება მართლა პოეტის მწარე ხუმრობა იყოს. მაგრამ თუ ხუმრობაა, ბარემ ბოლომდე ეხუმრა... :) წყაროსთვის საკუთარი სახელის დარქმევა ალბათ თვითირონიაში გავა :)

ავტორი: sopo todua საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 21:17

ლალის!
ძვირფასო ლალი! ეს ის სია არ არის, ასე რომ, ნუ შეშინდებით.ისე, გირჩევთ, იმ მაღალი რანგის შეხვედრებით დაინტერესდეთ, რომელიც ხან სად იმართება და ხან-სად, მაგრამ ყველგან მხოლოდ დითირამბები გაისმის. და ისე, რა არის ცუდი იმაში, თუ მართლა არიან ისეთი მწერლები, რომლებიც პოლიტიკურ კონიუნქტურას არ არიან აყოლილი? არ არის ეს ხალხი თუნდაც დასაფასებელი?

ავტორი: ბიძათქვენი საიდან გვწერთ: ძუყნური
02.09.2009 21:04
ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა, - ბედნიერი გიჟები ცარიელ აუზში რომ ხტებიან და ამბობენ: ექიმმა გვითხრა, თუ კარგად მოიქცევით, წყალსაც ჩაგისხამთო.
ხოდა, ცარიელი აუზი "ადესად" ჩავთვალოთ და გამოვა, რომ არ მოიქცა პრეზიდენტი ჭკვიანად და პოეტმაც არ შეასრულა დანაპირები - არ დაალევინა ნამდვილი ღვინო, ანუ აუზში წყალი არ ჩაუსხა. არც იყო საჭირო, ისედაც ბედნიერად გადაეშვა "ადესაში" სტუმარი.
ეჰ.
ისე, "ადესას" ბაღლინჯოს გემო აქვსო, გამიგია. "ადესა" კი დამილევია, მაგრამ ბაღლინჯო არ გამისინჯავს და არ ვიცი.
ისე, იქნებ პრეზიდენტის კი არა, პოეტის მწარე ხუმრობა იყო ეს?
არა, მაინც რა იყო ეს, ა?

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 20:28
ბადრი, შუასაუკუნეები წარმოსახვითის საუფლო იყო, ამიტომ გლეხები მხოლოდ საკუთარ ან კარის მესიტყვეთა ფანტაზიას თუ გაჰყვებოდნენ. ჩვენთან კი ეს ყველაფერი ყოველდღიურად ტელევიზიით მოჩანს. "მეფე" ყოველ დღე სახლში გივარდება თავის უნიტაზებით :))) აი ამაშია განსხვავება.

ავტორი: badri საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 19:55
მართლა შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ რა..მეფის ყველა ნაბიჯზე რომ მსჯელობდა სრულიად გლეხობა.აი ახლა ლევან ბერძენიშვილი ნახევარი საათია უკვე მსჯელობს სააკაშვილის ვიზიტზე მაჭავარიანთან
არ გაინტერესებთ როგორ შარდავს? ტუალეტში უნიტაზს როგორ ექცევა? რატომ? ფრიად საინტერესო თემაა ქილიკისთვის
ეს ქვეყანა ვერასდროს შეელევა მამა-მარჩენალს და მის კულტს

ავტორი: ბიძათქვენი საიდან გვწერთ: ძუყნური
02.09.2009 19:38
ძალიან კარგი, საინტერესო, ერთმანეთზე უკეთესი ბლოგები გაქვთ და ზუსტად გადმოსცემთ სათქმელს. ეს ჩემი გულწრფელი, სამადლობელი კომენტარია, უადესოდ.

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 19:21
gela, გეთანხმებით, პრეზიდენტთან სასაუბრო თემის გამოძებნა ძნელია, თუმცა დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი თავად გამოძებნის თემას, მაგიტომაცაა პრეზიდენტი :) ამდენი წლის მანძილზე მეტს კი არაფერს აკეთებს, თემებს იგონებს.

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 19:18
ელი, რა თქმა უნდა ჰაველი არ იყო იდეალური, მადლობა ღმერთს. და არ არსებობს უფრო მაზალო რამ, ვიდრე ხალხის 100%-იანი სიყვარული. მტერს არ ვუსურვებ... :)

და რომელ მითს გამოვედევნე? :)

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 19:16
ლუკა, იქნებ ცოტათი მაინც გარკვეულიყავით საკითხში. ადესა იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ უცხოურია, არამედ იმიტომ, რომ ჰიბრიდია, უწამლი ჯიშია, საღვინე არაა და ა.შ. შესანიშნავი უცხოური ჯიშები არსებობს, რომლებიც საქართველოში ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს: კაბერნე, ალიგოტე, სოვინიონ ბლანი და სხვ. მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. თუ თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ჩემი პოსტის პათოსი "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ" იყო, მაშინ სჯობს აქვე დავამთავროთ პოლემიკა, იმიტომ, რომ ვიცი ვერაფერს არსებითს ვერ გავიგებ თქვენგან.

ავტორი: eli საიდან გვწერთ: praha
02.09.2009 16:25
მალხაზ, არც ჰაველი იყო იდეალური პრეზიდენტი და არც მას ჰქონდა 100% იანი სიყვარული ხალხის, განსაკუთრებით მას მერე რაც მეორე ცოლი ითხოვა. ნუ აჰყვებით მითებს.არაა საჭირო მათი ტირაჟირება.

ავტორი: lali საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 16:09
ახლა სიებამდეც მივედით? (თუნდაც ჩვენთის). პროგრესი!

ავტორი: luka საიდან გვწერთ: Tbilisi
02.09.2009 16:07
ისევ დაიწყო "რაც კარგები ვართ,ქართველები ვართ" - რაც კარგი ღვინოა, ქართულია და ადესა უცხოურია და ცუდია, უგემოვნო და როცა კარგი არა გაქვს, გამოდგება და მისთანანი. ქსენოფობია ღვინურად.გააგრძლეთ, საინტერესოა...ე, მანდ კარტოფილიც არ აღმოჩნდეს ადესას და კიდევ სხვა "იზაბელების" გვერდით.

ავტორი: gela საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 16:02
ლალის მარტო ღვინოზე უპასუხეთ, პრეზიდნეტთან სასაუბრო თემა? ძნელია, არა, თემა გამოძებნოთ? თუნდაც არაპოლიტიკური...

ავტორი: luka საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 16:00
ნდაა, ფსიქოთერაპია ბევრისთვის სწორედ რომ დროული იქნებოდა. როგორ ეტყობა ბევრს, რომ მეტი საქმე არ არის საქართველოში თუ არა გალურჯებამდე ვიზიტსა და ადესაზე მსჯელობა.მართლაც რომ ღვინის კულტურის თუ უკულტურობის ქვეყანა ვართ. რაც არაა ღვინო, ის საქმე არაა..., რაც არაა სუფრისა და პრეზიდენტის თემა, ის საქმე არა...

ავტორი: sopo todua საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 13:54
მახო, მოდი, სია შევადგინოთ იმ მწერლების (ისე, ჩვენთვის), ვისთანაც პრეზიდენტს ბარე კი უნდა მისვლა, მეტადრე დღეს, მაგრამ ისინი უარზე არიან. ბევრი გამოვა? მეეჭვება. ოღონდ კამერების გარეშე სტუმრობას ვგულისხმობ, თორემ უცხო კაცი კარზე თუ დაგიკაკუნებს, უნდა დააპურო და თუნდაც ადესა დაალევინო, თუ სხვა უკეთესი არაფერი გაქვს. ამ სიაში, როგორ ფიქრობ, ოთარ ჭილაძე მოხვდებოდა? ჩემი აზრით - არავითარ შემთხვევაში.

ავტორი: Una საიდან გვწერთ: Tbilisi
02.09.2009 12:27
ხალხნო, "ნუ გაიყვანთ პოეტებს ბარიკადებზე"!
დალიეთ მაგარი ყავა, კონიაკით.

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 12:11
ლექსო, ადესათი მეც არაერთხელ მომიწია დალოცვა, რას ვიზამთ :) თუმცა ყოველთვის თავს ვიკავებ ღვინის შექებისგან :)

ავტორი: ბურყვალელი საიდან გვწერთ: ბარდნალიდან
02.09.2009 09:51
მუხრან მაჭავარიანი ის კაცია,ვინც თანაბრად უყვარს ყველას-პოზიციაში თუ ოპოზიციაში;ადესა და პოეზია არაფერ შუაშია, ეს სტუმრობები ჩვეულებრივი პიარია,ბანალურად დაგეგმილი და უნიჭოდ განხორციელებული.მიზანი ცალსახაა:საზოგადოებაში კეთილგანყობის მოპოვება,შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ("ჩარეცხილების")შემორიგება"დემოკრატიის ახალი ტალღა" უმსგავსოებისა და სიბინძურის ოკეანეში!

ავტორი: ლექსო საიდან გვწერთ: თბილისი
02.09.2009 04:27
კარგი ერთი, ისე ლაპარაკობთ, თითქოს შატო მარგო კრუს მეტს არაფერს სვამდეთ. მალხაზს არ ვგულისხმობ, მაგრამ კომენტარებში ისეა საქმე, გეგონება ხალხს ადესა არ ესვას აქამდე და არ ეძახოს, დაგელოცოს გამჩენიო :))
მიშას კიდე ლიმონათიც რომ დაალევინონ ჩარეცხილებმა, მაინც იტყვის, ასეთი არაფერი დამილევიაო.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 04:26
ucxo,
კარგია! გაჰყევით მაგ ფიქრებს და დარჩით მოვლენებს შუა.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 04:18
დიახ, ვცადე და მშვენიერი იყო, ძვირფასო ჯაკლინ.

ლაქაც აორთქლდა და ქალიც ბრიყვული გამომეტყველებიდან ელვის უსწრაფესად გადავიდა შთაგონებულ, იდუმალ პოზაზე.

მშვენიერი და, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელი.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 03:51
ucxo,
არა უშავს! ეგ ფანტაზია შეატრიალეთ და სულ კარგი რამეები გამოვა. ლაქა თავისით აორთქლდება!

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 03:31
დღეს რაღაც ნამეტანი გლახაობის ხასიათზე ვარ.

უცბად ჩემს წინა პოსტში აღწერილი გრძელმუნდშტუკიანი ქალი (სომელიე-დეგუსტატორი)ადესა-იზაბელას სინჯვის პროცესში წარმოვიდგინე. გაოგნებული სახე და მერე გადმოპურჭყება, რომელსაც ელეგანტურობასთან არაფერი აქვს საერთო. ეჰ, რა თეთრი კაბა დალაქავდა... :)

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 03:19
უი, ეკოს ბაუდოლინო ალბათ, ხო? მაპატიეთ მიუხვედრელობა და გმადლობთ კომპლიმენტისთვის :)

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 03:07
მალხაზ, მომიტევეთ, რომ თქვენი გალური წიაღსვლები ბადრის დავაბრალე. გამოუცდელობით მომივიდა :)

გამოგიტყდებით და არ ვიცი რა, ან ვინაა ბაუდილონი. სულ აფხაზეთის წყვდიადის ბრალი უნდა იყოს.

ავტორი: nobismoyvare
02.09.2009 03:07

ავტომატურად არა, სპონტანურად!

ავტორი: მალხაზ ხარბედია
02.09.2009 02:00
ucxo
ბაუდილონო აფხაზეთის წყვდიადში :)

ავტორი: მუხრან მაჭავარიანიN2
02.09.2009 01:47
ნუ ნერვიულობთ. ნუ ნერვიულობთ. სტუმარი, რომ მოდის, რაც გაქვს იმით უმასპინძლებ. რა ვქნათ, აბა...

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 01:37
მომიტევეთ, თუ კოელიოს დაკნინება გამომივიდა და ვინმეს ვაწყენინე.

ნამდვილად არ ვაპირებდი. არც მითქვამს, რომ არ უნდა იკითხოთ. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, ჩემის აზრით, ლიტერატურულ ბლოგში.

კოელიოს ღირსებებს რაც შეეხება, მეც მომწონს ეს გულუბრყვილო ინფანტილიზმი. მაგრამ, ბევრად მოიგებდა, უფრო გულწრფელი და ნაკლებად პრეტენზიული რომ იყოს.

არაფერს ვერჩი. ბოლოსდაბოლოს ჩემს წინა პოსტებში ნახსენებმა მკითხველთა ჯგუფმაც ხომ უნდა იკითხოს რამე?! უკეთ უნდა განმემარტა, რომ პირადად მე, ვერ გავიგე, რა ხილია და რას უნდა შევატანო.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 01:10
მდაა... ვერაფერი გავიგე.კოელიოს პატივისმცემლები ავტომატურად გია ნოდიას კრიტიკოსები არიან? ან პირიქით?

ყავა მინდა მე ახლა მაგარი. კონიაკით!

badri-ს

როგორც გუშინწინ საღამოს ჩვენმა პრეზიდენტმა გვამცნო, გალში რუსული წყვდიადია გამეფებული. წყვდიადში კი კარგი და სასარგებლო მცენარეები ვერ ხარობს.


ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
02.09.2009 01:03
ბატონო მალხაზ, ბატონო სოლომონ,

დიდი მადლობა რჩევებისთვის.

წერილი გამოგიგზავნეთ თქვენს ბლოგზე. იმედიაქ მიიღებთ, რაღაც საეჭვოდ გაიწელა გამოგზავნის პროცესი და მიტომ... გმადლობთ

P.S. მუხრანთან პრეზიდენტის სტუმრობა დიდხანს დიდ ხანს ვერ დავივიწყე. მთელი საღამო გულაჩვილებული დავდიოდი.

ავტორი: cnobismoyvare
02.09.2009 01:03

კბატონო ადამიანო, ღვინით და ჰაშიშით სუფია
ომარ ხაიამი და შიგადაშიგ მონეოწარმართო ჯონ ლენონია თუ ზეთანამედროვე გოთებია კარგი და არა კოელიო. შემდეგ სხვაინაირად სცადე, იქნებ რამეს წააწყდე...
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS