უსმინეთ

ახლა ეთერშია

საღამოს თავისუფლება

შემდეგი გადაცემები:

ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

თბილისელები - ღია ქალაქელები?

29.08.2009
მოკლედ, დავბერდი კაცი და ილუზიებით ცხოვრებას ვერ გადავეჩვიე. შვებულებაში, ჩემს სათაყვანო თურქეთში რომ ვიყავი, იქაურ უგემურ კერძებს რომ მივირთმევდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, მაინც არაფერია თბილისზე უკეთესი მეთქი. ალბათ, წლევანდელმა ივლისმაც იმოქმედა - ხშირად მიწევდა ღამის თბილისში მანქანით ბოდიალი; ფანჯარა ღია მქონდა და უკეთ ვაკვირდებოდი დასიცხულ თბილისელებს, შუაღამით გზის პირას ნარდის თამაშით რომ იქცევდნენ თავს. ვფიქრობდი, ნამდვილი სამხრეთული ქალაქია... ნდობით აღსავსე ქალაქი, სადაც ყველაფერი ღიაა - ეზოს ჭიშკარი, სახლის კარი, ფანჯრები, გულები. ვანო მერაბიშვილიც კი ვაქე ვიღაცასთან - აი, ხომ ხედავ როგორ გამოსწორდა ცხოვრება? ხალხს აღარ ეშინია ღამით სეირნობა მეთქი. დავბოდიალობდი მანქანით. ვუსმენდი მუსიკას და საყვარელი საქმით ვიქცევდი თავს - მანქანის აიპოდის ტრეკებს ვარჩევდი და ვაკვირდებოდი, როგორ უხდება ესა თუ ის მუსიკა ღამის თბილისის ცხოვრებას.

გარწმუნებთ, არშემდგარი კინორეჟისორისთვის ამაზე დიდი ნეტარება არ არსებობს!

ახლა ვფიქრობ, ალბათ მოსალოდნელი შვებულება მახარებდა და არა ივლისის თბილისი... ეტყობა ისეთი ბედნიერი ვიყავი, ”სინოპის სამოთხის” მოლოდინში, რომ თბილისიც სამოთხედ მეხატებოდა - ქალაქი, სადაც ზაფხულობით ყველაფერი ღიაა - ეზოს ჭიშკარი, სახლის კარი, ფანჯრები, გულები.

მერე შვებულებაც დასრულდა. მითრიდატეს ქალაქიდან, ე.ი. ”სინოპის სამოთხიდან” დაბრუნებულს დამხვდნენ ჯემპრებსა და ჟაკეტებში გამოწყობილი თბილისელები. დამხვდა ჯერ კიდევ ცარიელი, მაგრამ უკვე საშემოდგომოდ გამზადებული ”აბუზული” დედაქალაქი; ნარდის სათამაშოდ, ქუჩაში გამოსული ხალხი ვეღარ დავინახე. ვეღარც ღია კარ-ფანჯარა და ვეღარც გახსნილი გულები. სიცარიელე და ჩაკეტილობა იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ მომეჩვენა, დედაქალაქში დარჩენილებს არც ბაჩო ახალაიას დანიშვნაზე აქვთ რეაქცია. ალბათ იმიტომ, რომ ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა ისვენებს (ზოგი ესპანეთში, ზოგი საბერძნეთში, ზოგიც სამტრედიაში), საშემოდგომო მარათონისთვის იკრებს ძალას. ხალხს კი ამ ქალაქში უჭირს აზრის გამოთქმა ლიდერისა თუ მესიის გარეშე.

ამ ქალაქში ჩაკეტილი ხალხი ცხოვრობს.

ასე მგონია მე დღეს, 2009 წლის აგვისტოს ბოლოს. მას შემდეგ, რაც 4 200 კილომეტრი გავიარე ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ბათუმიდან - თბილისში; მას შემდეგ, რაც ბათუმის უნივერსიტეტში ლექცია წავიკითხე ირანულ კინოზე და ვუპასუხე კითხვას, რატომ უყვართ ირანული ფილმების გმირებს მანქანით სეირნობა: იმიტომ რომ სამყარო აინტერესებთ მეთქი. მგონი ასე ვთქვი. დიდი სამყარო ჩაკეტილია მათთვის, მაგრამ ცნობისმოყვარე და ”ღია” ადამიანისთვის სამყაროს საზღვრები არ არსებობს. მოგზაურობისთვის, გადაადგილებისთვის, ახლის შეცნობისთვის ეს ხალხი ყოველთვის იპოვის სივრცეს.
ქართული კინოს პრობლემა რა არისო, მკითხეს ამ სემინარზე.

ისევ გადაადგილების შიშზე დავიწყე ლაპარაკი. იმაზე, რომ ქართველ კინორეჟისორებს, როგორც წესი, ყოველთვის, ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი წრე აინტერესებდათ... ის სოციალური ფენა, რომელშიც ტრიალებდნენ (ალბათ ამან განაპირობა ფელინის კულტი საქართველოში) და ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდნენ.

გლდანიც კი იშვიათად ჩნდება ქართულ კინოში. ზესტაფონზე, ახალქალაქზე, ხაშურზე, ყვარელზე, ლანჩხუთზე რომ აღარაფერი ვთქვათ მეთქი.

არ ვიცი, რამ გამაბრაზა ასე? შვებულების დასრულებამ? აგვისტოსთვის უჩვეულო სიცივემ? იქნებ სამშობლოში დაბრუნებისთანავე გადაშლილმა პირველივე სურათმა - კვარიათთან, მანქანებით გადაჭედილი ტრასით; თბილისელი გოგო-ბიჭებით, რომლებიც ვეღარ ეტევიან აქაურ პლაჟზე, მაგრამ სივიწროვეში დასვენება არ აწუხებთ. პირიქით, სწორედ ეს მოსწონთ - ერთად რომ არიან! შედარებით ერთნაირები! რა იცი, რა ხდება? იქნებ, შეიყვარო ან შეგიყვაროს აქ ვინმემ? ოჯახი შექმნა?

შენიანთან და შენნაირთან, რა თქმა უნდა.

მერე გარუჯულები დაბრუნდებიან თბილისში. შეიძლება ბაჩო ახალაიას დანიშვნა გაახსენდეთ და საკანი გაშალონ. ანდა პირიქით, საკნების გაშლას შეუშალონ ხელი იმ მოტივით, რომ დიახაც, ქვეყნის ჯარს ახლა ძლერი ხელი სჭირდება.

ჰოდა, დაიწყება ისევ ძველი ცხოვრება - ”კურიერი”, ”კავკასია”, ”მაესტრო”... საკუთარი თავის გარშემო ტრიალი და იმის შეგრძნება, რომ მთელი მსოფლიო, თავისი ობამა-პუტინიანად, ღამეებს ათენებს საქართველოზე ფიქრში; რომ სააკაშვილის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება და რომ ”ნაბუკოს” გამო შეიძლება დიდი გაცვლა-გამოცვლა მოხდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის; რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნა "მაგიურ სამკუთხედებსა” და ვარსკვლავების გადაადგილებას უკავშირდება; რომ ასე, ”წვალებ-წვალების” მიუხედავად, უფალი მაინც არ მიატოვებს ღვთისშობლის წილხვედ ქვეყანას და საქართველო (თავის თბილისიანად), დიახაც, წალკოტად იქცევა.

თუმცა, რა ვიცი. იქნებ დაცხეს სექტემბერში? იქნებ ისევ გახსნან გულები თბილისელებმა? ისევ შეუდგნენ შუაღამით, ქუჩასა და ეზოებში ნარდის თამაშს?
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3
ავტორი: ზურა საიდან გვწერთ: თბილისი
26.09.2009 17:41
ეს არის ისეთი სტატია, რომლის წაკითხვა (თუმცა გააჩნია ვინ კითხულობს და როგორი განწყობით) ისეთი კათარზისს თუ მის მაგვარ გრძნობას იწვევს, როგორსაც ის ფილმები, რომლებიც აღმოაჩინა და ჩვენამდე მოიტანა სტატიის ავტორმა.

დიდი მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის. :)

ავტორი: cnobismoyvare
08.09.2009 22:25


მეხსიერებაში დრო და დრო ამოტივტივდება ხოლმე ბუნდოვანი მოგონება 1960-1970-ანი წლე-
ბის თბილისური ცხოვრების ეერთი პერიოდი როდესაც მსოფლიო ატანილი ჰყავდა ბიტლომანიას,
საბჭოთა კავშირში კი ასეთი მსოფლიო ოფიციალურად ილანძღებოდა მაგრამ თბილისის ქუჩებში დადიოდნენ ჯინსებში გამოწყობილი ბიჭები და გოგონები და დაჰქონდათ ღმერთმა უწყის საიდან ნაშოვნი ბიტლზების ფირფიტები და მათ დანარჩენი,
შურით შემაცქერალი თბილისი ეკიდებოდა ხოლმე.
ოდესღაც მეც ასეთი შურიანი ბიჭი ვიყავი... მერე მივხვდი რომ უცხოეთში სიარულის უფლების მქონე ბატონებსა და ქალბატონებს ჩამოჰქონდათ ეს ფირფიტები;ავრცელებდნენ მათ და ამით დიდად უწყოდნენ ხელს საქართველოში პროგრესული დასავლეთის და ღვთაებრივი ბიტლზების არც თუ ისე ფარული კულტის შექმნას.
როდესაც მახსენდება ეს პერიოდი ამომინდება ხოლმე ამ ხალხისთვის მადლობის ნახევრის თქმა. მადლობისა იმიტომ რომ ისინი ასე ნებით თუ დავალებით მსოფლიოსადმი გახსნილ ხასიათს აძლევდნენ კომუნისტურ მარწუხებში მოქცეულ თბილისს. ნახევრისა კი იმიტომ რომ ისინი ყველაფერს არ გვეუბნებოდნენ თუნდაც იგივე
"ბიტლების" შესახებ. არა და ეს მართლაც საინტერესო და მთელ მსოფლიოზე გავლენის მომდე-
ნიფენომენის ნაწილია.

" ბიტლზები ქრისტეზე უფრო სახელგანთქმულე-
ბი არიან", ტრაბახობდა ლენონი,თურმე, აბა რა უნდა ითქვას მარქსსა და ლენინზე. სამაგიეროდ
სადღაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთში
ამტყდარა როკის საწინააღმდეგო ჯანყი.ვიღაც მქადა-
გებელმა ბიტლები სატანურ მოვლენად გამოაცხადა,
გაღიზიანებულ ახალგაზრდათა ჯგუფმა საჯაროდ დაწვა მათი ფირფიტები. და ექსტრემისტ მემარჯვე-
ნეთა რაღაც სექტა მათ ემუქრებოდა მათი თვითმფრინავის აფეთქებით. ამან "ბიტლებზეც",
რა თქმა უნდა, იმოქმედა.

" 1965 წლამდე ჩვენი შთაგონების წყარო იყო ალკოჰოლი, 1965 წლის შემდეგ ნარკოტიკი",
საჯაროდ აღიარებდა პოლ მაკ კარტნი.

იყოს ეს იმ ნახევრად თუ მესამედად გახსნილი თბილისის ეპიტაფია. ამ თბილისში მრავალი იტლომანი განარკომანდა, ზოგი მათგანი,როგორც ამბობენ, "შემოაკვდათ", ზოგი მათგანი ნარკოტიკმა მოკლა და მათი რაოდენობა არ ყოფილა მცირე. ისინი დაიღუპნენ ისე რომ ვერ გაიგეს რომ ბიტლზები იყვნენ ღმერთის მიერ უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული თავხედები და გადაყვნენ თავის ილუზიებს. მაგრამ კარგი დასავლეთის კულტი
ფესვს უმაგრებდა და იკიდებდა და ბოლოს გაგორბიმანებული დასავლეთის თვალწინ საქართველოს დაემართა აი ის რაც დაემართა.
იყოს ეს უცნაური ეპიტაფია,ზოგისთვის ალბათ
ჭკუის მასწავლებელი სიზმარი. ის გვასწავლის რომ არ უნდა ვენდოთ იმ ხალხს ვინც ტრაბახობს ქრისტეზე მეტი პოპულარობით. რა ნიჭიერიც არ უნდა იყოს ეს ხალხი. თუმცა კარგი იქნება თუ ეს იქცევა კეთილგანწყობილი საუბრების თემად.
იცოცხლეთ და გახარებული მენახეთ ან გამეგოს მაინც თქვენი ნამდვილი სიხარულის შესახებ...

ავტორი: Beso საიდან გვწერთ: Tbilisi
08.09.2009 15:18
ლექსოს:

ქექვასაც გააჩნია..."ზომაზე მეტად ქექვა" უტაქტობაა, მართალია, და,თან, არამკითხეს საქმიანობასა ჰგავს..,თან რაღაც კონტექსტიდანაა ამოვარდნილი...

ავტორი: sarzamin საიდან გვწერთ: saaka
08.09.2009 05:03

gogi gvaxaria ert qalaqs udris, tbilisze mnishvnelovans (tanac).egec tqven.

P.S. seqtemberze mec did imedebs vamyareb.

ავტორი: eliso საიდან გვწერთ: atlanta
06.09.2009 07:13
არაჩვეულებრივად არის დანახული თბილისი, კულტურა, სული, ხალხი, თაობა.

ავტორი: არჩილი საიდან გვწერთ: თბილისი
05.09.2009 11:10
"შედარებით ერთნაირები" კი არა და ყველა ერთნაირია.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
05.09.2009 02:25
ეეჰ, საყვარელო ჯაკლინ...

ავტორი: ab25 საიდან გვწერთ: tbilisi
05.09.2009 01:40
იმედი მაქვს დაცხება :D

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
05.09.2009 01:39
ucxo,
თქვენი დაბნევის მიზეზზე მორცხვად თავს ჩავღუნავ!
მაგრამ გეტყვით,- რეალური სამყარო ფანტაზიით შეავსეთ ხოლო შუალედური სამყარო რეალურობის მძაფრი განცდებით.აი, ნახავთ! კაფელატე და ჩიტის რძე ასარჩევად გექნებათ!

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
05.09.2009 00:23
ucxo,04.09.2009.22:21
უიმე, გზა შეგეშალათ... შუალედებზე არ ვსაუბრობდით?
ღია და ჩაკეტილ ქალაქის შორის შუალედებზე.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
04.09.2009 23:54
პატივცემულებო, ბოდიშს გიხდით.

ბოლო კომნტარი იას ბლოგისთვისაა განკუთვნილი და აქ გამომიშვია.

ვაა, რამ დამაბნია ასე ძალიან, ნეტა? ჯაკლინმა თუ მონატრებულმა კაფე-ლატემ? :)

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
04.09.2009 23:33
რეალური სამყაროს ჩემს მონაკვეთში კაფელატე ისეთივე ეგზოტიკაა, როგორც, მაგალითად, ჩიტის რძე.

მონაკოში ნაკლებპრობლემატური უნდა იყოს ეს ამბავი.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
04.09.2009 22:21
ლაშა, მაპატიეთ,

კიდევ ერთხელ გადავიკითხე თქვენი კომენტარი და მივხვდი, რომ "მატარებელი ბავშვების" დახრჩობაზე კი არ წერთ, არამედ მის დახრჩობაზე "მატარებელი ბავშვების" ყოლის შემთხვევაშიც კი.


ნამდვილად ცვლის ეს კონტექსტს. თუმცა, აქვე მინდა ვაღიარო, რომ ზოგადად დახრჩობების წინააღმდეგი ვარ და საკუთარი ხელით (ლინჩის წესით, მით უმეტეს.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.09.2009 21:36
ucxo
"რომ პაუზებში ხელი ინსტიქტიქტურად კაFე-ლატეს ეძებს." პაუზებში თუ შუალედებში? თუ უკვე შუალედურ მდგომარეობაში ჩავარდით, მაშინ ინსტიქტურად კაფელატე კი არა, სრულიად რეალურად უნდა ადგეთ და რეალურ სამყაროში შესვათ კაფელატე! რეალური სამყარო ამიტომაა შესანიშნავი.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
04.09.2009 20:47
არა, ჯაკლინ, რას ბრძანებთ. პირიქით, ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ პაუზებში ხელი ინსტიქტიქტურად კაFე-ლატეს ეძებს.

ავტორი: ab25 საიდან გვწერთ: tbilsi
04.09.2009 12:25
ძალიან მომეწონა!ყველაპერში გეთანხმებით

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
04.09.2009 01:16
გოგი, თხოვნა მაქვს! სიყვარულზე დაწერე რამე! ყველაფრის სიყვარულზე!მთავარ სიყვარულზე! სიყვარულის სიყვარულზე!შესაყვარებელ სიყვარულზე!სიყვარულის სიჩუმეზე! სიჩუმის სიყვარულზე! ნაპოვნი სიყვარულის სიყვარულზე! სიყვარულის შენახვის სიყვარულზე! შენახული სიყვარულის სიყვარულზე!

ავტორი: მანოლა საიდან გვწერთ: გრანადა
04.09.2009 01:07
არაჩვეულებრივი წერილია! ასეთი ჩაკეტილობა,ლოკალური აზროვნება და როგორ ავტორმა აღნიშნა "გადაადგილების შიში" გვღუპავს სწორედ. სამწუხაროდ, ეს ბარიერები საზღვრების გახსნის შემდეგაც ვერ იქნა დაძლეული, როცა დღეს უამრავი ქართველი ახალგაზრდა საკმაოდ დიდი სიხშირით მოგზაურობს საზღვარგარეთ. თუმცა, აქ გეოგრაფიული გადაადგილება არაფერ შუაშია.

ავტორი: უნა საიდან გვწერთ: თბილისი
04.09.2009 00:46
ჯაკლინ,
ავტორი: ganrazebuli cnobidmoyvare 02.09.2009 15:44
”თბილისზე
ბევრმა მოტლიკინემ არ იცის რომ ძველ თბილისში აკრძალული...”
რა ვქნა, თავი ვეღარ შევიკავე.

ავტორი: ninia საიდან გვწერთ: tbilisi
03.09.2009 23:21
გოგი დზალიან მომეწონა ეს წერილი ისევე როგორც ყველა :) ისე გლდანში სხვა ბევრი რამეც ვიცით:d:d:d ისე კი ჰეპი ენდი კაია:)(ეს ისე სხვათაშორის)

ავტორი: გოგი გვახარია
03.09.2009 20:33
D
:)
აბაააა...მეც ამას ვფიქრობდი. სხვათა შორის, გამოლაგდნენ (გაიხადეს):)
ამას ჰქვია "ჰეპი ენდი"!

ავტორი: D
03.09.2009 19:15
დღეს მაგრა კი ცხელოდა

ავტორი: თიკო
03.09.2009 16:58
ამ სტატიის კითხვის დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ჩემს საკუთარ სიტყვებს ვკითხულობდი...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.09.2009 15:29
ucxo,
"ეს საზღვარი ჩვენ ვართ, თავადაა უნივერსალური ღირებულება".
ნახეთ, უცებ დალაგდა ყველაფერი. მაშ რა გაღელვებთ? გიყვარდეთ ის, რაც გიყვართ. შეიყვარეთ ის, რაც გსურთ, რომ მოგწონდეთ. გიყვარდეთ ყოველი წამი.
ხომ არ გაბრაზებთ ჩემი ბანალური მსჯელობა?

ავტორი: მე საიდან გვწერთ: ბათუმი
03.09.2009 10:49
კარგი წერილია, უდაოდ, ვერაფერს ვიტყვი მაგრამ არის რაღაც მომენტებში ~ბოღმანარევი~ ფრაზები, რაც მაღიაზიანებს–მაგრამ ეს ჩემი აზრია რა ტქმა უნდა ბატონო გოგი

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.09.2009 04:32
Una 02.09.2009 17:16 "თქვენ თბილისზე ისე ტლიკინებთ, რომ ნამდვილად უცხო ხართ მისთვის..."

რა სამწუხაროა ასეთი რამის წაკითხვა...

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.09.2009 04:12
ედიტ პიაფი თავის ბოლო ბოლო ინტერვიუში 1960 წლის თებერვალში
“რა რჩევას მისცემდით ქალს?
-სიყვარული
-გოგონას?
-სიყვარული
-ბავშვს?
-სიყვარული“
http://www.youtube.com/watch?v=J5BtmFohQdk&feature=related

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
03.09.2009 03:48
ჯაკლინ, ძვირფასო,

ღირებულებებს საზღვარი რომ არ გააჩნიათ ერთმანეთთან და ეს საზღვარი ჩვენ ვართ, თავადაა უნივერსალური ღირებულება.

ამაზე შეთანხმებას ვგულისხმობდი.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
03.09.2009 01:16
ucxo,
გამოგეპარა ძვირფასო... მაგაზე იცი უკვე რამდენი საუკუნეა, რაც ვერ შეთანხმდნენ? ასეთი მოხუცი ბრძანდებით? ღირებულებებს საზღვარი არ გააჩნია ერთმანეთთან, ეს საზღვარი ჩვენ ვართ. მაგის გარკვევით არ დაიბეროთ ჭაბუკი გული!


გოგი, გაფილტრული არ არსებობს, რა თქმა უნდა. ვერ გამოვთქვი, რაც მინდოდა. რაღაც ინტელექტუალიზმში გაქცევას ვგულისხმობდი, თუმცა ესეც საშინელი გამოთქმაა. თუ რამე მოვიფიქრე, მოგწერ. ძალიან მაინტერესებს, რას დაწერ.

ავტორი: გოგი გვახარია
02.09.2009 23:34
ჯაკლინ
დასავლეთ ევროპის შესახებ ვწერ ახლა სწორედ ბლოგს. იმედია ხვალ დავამთავრებ

"სუფთა კინო" და "სუფთა ლიტერატურა" არსებობს? რაღა დროს გაფილტრული ხელოვნებაა?:)

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 23:05
ძვირფასო ჯაკლინ,
ღირებულებების შუალედში რომ ჩავსახლდეთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არის ეს ღირებულებები. ჩვენი საზოგადოება ამაზე ჯერ არ შეთანხმებულა.
თუ მე გამომეპარა რამე?

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 21:39
გოგი და მალხაზ, ერთმანეთში ამერიეთ. ხომ არ გეწყინათ? მიხვდით, მე უკვე ჩავჯექი შუალედში. მართალია შემეშალა, რას და რას შორის... მაგრამ არც თუ ისე ძალიან შემეშალა. შეცდომას და არ შეცდომის შუალედში ვარ.

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 21:17
მოდით ჩავსახლდეთ შუალედებში. ყველა თემის, ყველა ღირებულების შუალედებში. ვცადოთ?

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 21:13
დასავლეთ ევროპის ტოლერანტულობა გულგრილობაა სინამდვილეში. ნუ გადაყევით ამ დემოკრატიას. სხვა რამეა მოსაქექი, რა პოსტ ევროპაში და რა ბლოგ-პოსტებში...

მალხაზ, ნახეთ თქვენც გოგივით დაგემართათ, სუფთა კინოზე და სუფთა ლიტერატურაზე არ გამოდის მარტო ლაპარაკი. ეს არ მოგვწონს, თავის მოტყუებაა, სხვა კი არ გამოგვდის კარგად. გთხოვთ, ბანალურ სიყვარულზე ვისაუბროთ. ყველას გთხოვთ!
რა მიყვარს ყველაზე ძალიან, როდის შემიყვარდა, ვინ მიყვარს ყველაზე ძალიან, მას რატომ არ ვუყვარვარ... ბანალური თემები. ეს არის და ეს. მე მიყვარს ბალახი. მოგიყვებით რატომ.

ავტორი: gabrazebuli cnobismoyvare
02.09.2009 20:29

დღევანდელი თბისისთვის კი,პატივცემულო უნა,და,
უნდა გითხრათ,მაინც და მაინც არ ვნანობ, თუმცა ამ თბილისში ალაგ-ალაგ კიდევ გადარჩენილა სასწაულად სიცოცხლე,რაც, წარმოიდგინეთ, მახარებს...

ავტორი: abirvalg
02.09.2009 20:17
წავიდა ეგ დრო, ნარდის თამაშის ფეტიში დასრულდა,ქორწილებში მუსიკა და თოჯინა ვოლგაზე,იტალიური ეზოების ჟრიამული, ქართული ამპარტავნობაში გარდამავალი ოპტიმიზმი, სოციალური აქტიურობა, გაგრა, რთველი, თბილისობა... მოკლედ ნოსტალგია მომაწვა და სევდა.

ავტორი: ket_eva_n საიდან გვწერთ: tbilisi
02.09.2009 19:02
78-ე კომენტარი ჩემი იქნება :)
სულ ვკითხულობ ამ ბლოგს.. ეს პოსტი კი ყველაზე გულახდილი მომეჩვენა..
ძალიან მომწონს თქვენი ხედვა..ხშირად ზუსტად იმას ვკითხულობ, რაზეც დიდხანს მიფიქრია..

ავტორი: Una
02.09.2009 17:16
ganrazebuli cnobidmoyvare, თქვენ თბილისზე ისე ტლიკინებთ, რომ ნამდვილად უცხო ხართ მისთვის...

ავტორი: თამუნა
02.09.2009 17:05
სასაცილო, ნოსტალგიური და სევდისმომგრვრელია ბათუმში ამ სტატიის წაკითხვა. დღეს ვამბობდით ზუსტად ადამიანი ზღვაში ჩასვლის, ზღვაზე გასვლისას გრძნობს ერთობასო...

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoetidan
02.09.2009 17:04
გმადლობთ შებრალებისთვის, ძვირფასო ცნობისმოყვარევ.
მშვენიერი იდეაა - ჯანმრთელი გრუპენსექსი (და საერთოდ სექსი) ნამდვილად დაეხმარებოდა თბილისს ბევრი პრობლემის მოგვარებაში. მათ შორის, შეამცირებდა ონანიზმისა და სლოვობლუდიეს მასშტაბებს.
ნეტავ მე უფრო გაუცხოვებული ვარ თუ თბილისი?


ავტორი: მერრი
02.09.2009 16:57
ქართველ კინორეჟისორებს, როგორც წესი, ყოველთვის, ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი წრე აინტერესებდათ... ის სოციალური ფენა, რომელშიც ტრიალებდნენ - tusovka tusovkisTvis:)

ავტორი: ganrazebuli cnobidmoyvare
02.09.2009 15:44
ბატონო გოგი,კაცო გულები გაუხსენითო კ კედლები კი არ დაანგრიოთო. გულების გახსნა არაა დაკავშირებული კედლების ნგრევასთან. თბილისზე
ბევრმა მოტლიკინემ არ იცის რომ ძველ თბილისში აკრძალული იყო საცხოვრებლებში ფანჯერების ერთმანეთის პირდაპირ გაკეთდენა რათა გამოუსწორებელ ვოუურისტებს თუ ვიღაც სხვა ჯანდაბებს არ ჰქონოდათ მეზობლის საწოლ ოთახებში დაუკითხავად შეხედვის უფლება. გულის
გახსნა არ ნიშნავს სხვის საჭირო ოთახში,ბოდიში,ტუალეტში დაუკითხავად შეხედვის უფლებას. ისე თბილისისთვის უცხო ხალხს ვურჩევ გადასახლდნენ იქ სადასც ჯერ აჩენენ შვილს და მერე კითხულობენ თუ ვინ არიან ეს ბავშვები,მათი შვილები თუ შვილიშცილები და თუ არ მოეწონებათ სამშობიარო სახლებთანვე არსებულ ნაგვის ყუთებში ყრიან. ასეთებს იჭერენ და ვიდრე ყველა არ დაუჭრიათ ინებონ და მირძანდნენ.

ავტორი: cnovismoyvare
02.09.2009 13:55

საწყალი გაუცხოებული უცხო.. მას ალბათ უშველის ჯანმრთელი გრუპენსექსი თავისუფლების მოედანზე
( ჩვენ არა ვართ ინტიმის წინააღმდეგ,მხოლოდ გარშემო ჯანმრთელი კოლექტივი უნდა იყოს, ამბობდნენ პოსტსაბჭოა დემოკრატიის მშობელი ბოლშევიკები, სასურველია რომ მაღალ და ბევრდიპლომირებული დემორატებისაგან შემდგარი ჯანსაღი კოლექტივი იყოს,რა განსხვავება ანანიზმსა და სლოვობლუდიეს შორის?

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 04:31
ძალიან კარგი! თბილისი რომ გაიღება, მაშინ გამოიძინეთ და ღია თბილისის ბუღი და ხმაური სულ შაშ ბეშ ნარდის გაგორებათ ჩაგესმებათ. ყველას ტკბილ ძილს გისურვებთ!

მომეჩვენა, რომ მე მომმართე თუ ucxos და მე შემოგეჭერით?

ავტორი: გოგი გვახარია
02.09.2009 04:09
ucxo,
კი. თორემ აჭიკჭიკდნენ უკვე მართლა

ისე მოდერატორის მიკვირს. არ სძინავს ამ შუაღამეზე?

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 04:00
ucxo,
აქაც იგივე რჩევა მაქვს. შემოსხი ეხლა მაგ აივანზე სიყვარულის გვრიტები და აჰყევი ჭიკჭიკს. ისინი ჩამოსხი უკან.

გოგი, ეს რჩევა შენც არ გამოგადგება?

ავტორი: გოგი გვახარია
02.09.2009 03:32
ჯაკლინ
ავაშენეთ, მაგრამ ინჟინრები (ქრისტეები, მილიციონერები) არ დაგველია
განსაკუთრებით იმათ, ვისაც წერა გვიხდება.. არ ვიცი, როგორ ჩავკლათ ეს ყველაფრისმცოდნე მესიები ჩვენს თავში?:)

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
02.09.2009 03:14
:)) ძალიან მაგარია...
ცუდად ვხდები, ეგზიბიციონიზმით, ონანიზმითა და ვუაიერიზმით წალეკილი თბილისური აივნების წარმოდგენაზე.

ვაიმე!... ქრისტე მიშველის ახლა მე თუ მილიციონერი?!..

ავტორი: ჯაკლინ საიდან გვწერთ: მონაკო
02.09.2009 03:12
გოგი,
მასეთი შუშის სახლები უკვე ავაშენეთ.
მასე უკვე დაგვემართა. ინჟინერიც უკვე მოვიდა.

მე კი იმ სიყვარულს, რომელიც მეწვია, ვმალავ და ჩუმად ვაფრქვევ შენობების გარშემო. ველოდები.

პს: საინტერსო ცნობაა! მადლობ!

ავტორი: გოგი გვახარია
02.09.2009 02:46
ჯაკლინ
ეიზენშტეინს აქვს განუხორციელებელი ფილმის სცენარი, "შუშის სახლი" ჰქვია
ადამიანები ცხოვრობდნენ სქელ კედლებში, ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. მოვიდა ინჟინერი (ქრისტე, მილიციონერი) და ადამიანებს უთხრა, გაუხსენით ერთმანეთს გულები. ააშენეს შუშის ცათამბჯენი. მაგრამ ეგზიბიციონიზმმა, ონანიზმმა და ვუაიერიზმმა წალეკა მოსახლეობა:) "გაირყვნა" სახლი და ნაკუწებად დაიმსხვრა

ასე არ დაგვემართოს. უკიდურესობებში თუ გადავვარდებით
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 3

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS