შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / მალხაზ ხარბედია

ჯერომ! - პასუხი არ არის

25.08.2009
2009 ჯერომ სელინჯერის საიუბილეო წელია, იგი 90-ის გახდა. მართალია თავად მწერალს არავის და არაფრის გაგონება არ სურს, მაგრამ თაყვანისმცემლებს მაინც ახსოვთ განდეგილი და ყოველ 1 იანვარს ბევრი აღნიშნავს ხოლმე ამ თარიღს.

ჟურნალისტებს უკვე მობეზრდათ ამ ლიტერატურულ მხეცზე ნადირობა, გლობალურ სივრცეშიც ძალიან ცოტას წერენ მასზე, ზოგი დასცინის კიდეც მოხუცს, სხვები კი, პოპულარობის ტალღაზე ამხედრებულნი, სპეციალურ მოგზაურობას იწყებენ სელინჯერის მოსაძებნად. ასე მოიქცა ორი წლის წინ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თავნება მწერალი, ფრანგი ფრედერიკ ბეგბედერი. ჩაითრია რომელიღაც ფრანგი რეჟისორი, წინასწარ მოელაპარაკა რამდენიმე ცნობილ თანამედროვე ამერიკელ მწერალს და გაუდგა გზას “იეტის” საძებნელად, მის ნაცვლად კი თანამედროვე ამერიკა შერჩა ხელთ, სადაც ბეგბედერი სელინჯერის კარგა ხნის გადაშლილი კვალის აღდგენას შეეცადა.

კადრი ფილმიდან "დავიჭიროთ სელინჯერი"
ფილმს “დავიჭიროთ სელინჯერი” ჰქვია, მე მხოლოდ ტრეილერი მაქვს ნანახი, სადაც ერთ-ერთ სცენაში ფრანგი მწერალი ნიუ-ჰემპშირის ტყეებში დაბორიალობს და ჰაერს ეკითხება: “Are you happy Mr. Salinger?” პასუხი არ არის.

ბევრისთვის თანამედროვე ამერიკული პროზა სწორედ ასე დაიწყო, ერთი მოხუცი დეიდა ერთ პატარა ბიჭს ეძახდა, ის ბიჭი კი არ პასუხობდა. დღეს კი თავზეხელაღებული პატარა ბიჭი ერთ მოხუც ბაბუას მიადგა, უძახა, ეღრიჯა, 90 წლის ბებერმა კი ყურიც არ შეიბერტყა.

აბა რა ეგონა! სელინჯერი ვინმე “ფორესტერი” კი არ არის, ბეისბოლის მატჩზე რო გამოიტყუო, ანდა დამწყები მწერლის ბედით დააინტერესო. თავის დროზე გას ვან სენტმა და შონ კონერიმ ვერ შეაცდინეს ჰოლდენის შემქმნელი და ბეგბედერის პროვოკაციებს აყვებოდა? ამ კაცმა, როგორც ჩანს, მართლა ყველაფერი დაიკიდა და ალბათ იგი აღარასდროს მოიხედავს ჩვენკენ, ასე რომ, დავანებოთ თავი.

მახსოვს, 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკის საელჩოდან ჩამოწერილი ჟურნალების მთელი დასტა მომიტანა მეგობარმა. Newsweek-ის ერთ-ერთი ნომრის თვალიერებისას, ბოლოსკენ სელინჯერის და მისი ახალგაზრდა მეუღლის, კოლინ ო’ნილის ფოტოს წავაწყდი. ნიუ-ჰემპშირში იყო გადაღებული, კორნიშში, იქ, სადაც ცხოვრობს სამყაროსგან განაპირებული მწერალი. მუშტმოღერებული ცნობილი სურათის გარდა, ეს სელინჯერის ერთადერთი ფოტო იყო, რომელიც 50-იანი წლების შემდეგ გამოქვეყნდა პრესაში. იმ განრისხებული ფოტოსი არ იყოს, მოხუცი აქაც აშკარად რაღაცაზეა გაბრაზებული, თითები მოჭიმული აქვს, სიამოვნებით დაუშვებდა რომელიმე ჟურნალისტის გოგრაზე კაი შალაბანდს ან წკიპურტს მაინც. თან ცალი ყურით ცოლს უსმენს, შეიძლება ითქვას, დამოკიდებულიც კია მასზე. ამავე დროს, რაღაცას წონის, რაღაცას ითვლის, აფასებს.

სელინჯერი მეუღლესთან ერთად
სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რას და როგორ აფასებს ახლა სელინჯერი, ანდა რისი შეფასების უნარი დარჩა საერთოდ. ისევ ისეთი მახვილი მზერა აქვს? იქნებ მხოლოდ ყოფითი წვრილმანებისთვის იცლის? ისიც კი არ ვიცით, რა აზრის იყო სელინჯერი ვიეტნამის ომზე, ვუდსტოკზე, ბერლინის კედლის დანგრევაზე, უოტერგეიტზე, ჩარლი მენსონზე და მარკ ჩეპმენზე, მამა-შვილ ბუშებზე, 11 სექტემბერზე. რას ფიქრობს რუსეთზე, ჩინეთზე, ქართულ ფეხბურთზე, მდინარე ვერეს ესტაკადაზე, ონის წყალსაცავზე...

მისგან განსხვავებით, თანამედროვე ლიტერატურის კიდევ ერთი განდეგილი, ტომას პინჩონი, ყოველ 6-7 წელიწადში ერთხელ რომანს აცხობს, წერს სტატიებს, რეცენზიებს, მიმართვებს, თუმცა მისი ეს განდეგილობა პინჩონზე აწყობილი მკითხველებისთვის გაცილებით ადვილი გასაგებია, ვიდრე თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანის ავტორის ახირება (ზღვარგადასულ პოპულარობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ქართულ ენაზე რომანის ორი თარგმანი არსებობს, აბსოლუტურად განსხვავებული სათაურებით, ვახტანგ ჭელიძისა და გია ჭუმბურიძის).

პოპულარული კი პირველ რიგში ჰოლდენ კოლფილდის გამოა სელინჯერი, დაუვიწყარი პერსონაჟისა და მთხრობელის გამო. შევეცდები გაგახსენოთ ეს ბიჭი. ბევრს ალბათ ისედაც კარგად გახსოვთ.

თავის დროზე რა არ უწოდეს საბრალო ჰოლდენს, - ბედოვლათი, ახირებული, შესაბრალისი, მანჰეტენელი ულისე, უიღბლო თინეიჯერი და ა.შ. მაგრამ დღემდე მაინც უცვლელად მოაღწია მისმა განუმეორებელმა ხმამ. იგი ყვება, დასცინის, იხსენებს, განიცდის, გარბის, რცხვენია, სწყინს, ავადაა, ნანობს. ფეხბურთის მატჩს ესწრება თავისი სკოლელების მონაწილეობით, ამ დროს კი სიცივისგან ტრაკი ეწვის, მაგრამ თამაშის ცქერით მაინცდამაინც არ იწუხებს თავს. უფრო იმიტომ დგას, რომ სკოლასთან გამომშვიდობების გრძნობა განიცადოს. სკოლიდან გაგდების შემდეგ (თუ არ ვცდები, ეს სკოლა უკვე მეექვსეა, საიდანაც დაიფრინეს) ნიუ-იორკში დააწვება და თავგადასავალიც იწყება. წასვლამდე ერთს დაიღრიალებს დერეფანში, “მაგრად იძინეთ, თქვე კრეტინებო!” ისე, რომ თავისი სართულის “ყველა ნაბიჭვარს” გააღვიძებს და კიბეზე დაეშვება. მოხუც მასწავლებელს კი დაუწერს: “ძვირფასო მისტერ სპენსერ!.. თქვენი ლექციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ თვითონ ეგვიპტელებმა ვერ დამაინტერესეს. ჩამჭრით თუ არა, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ინგლისურის გარდა, ყველაფერში ჩავიჭერი”.

შემდეგ უკვე ცხოვრების გამოცდები იწყება - ტაქსის მძღოლები, მონაზვნები, მელიფტე, სამი გოგო, მეძავი და ყოფილი მასწავლებელი - ვისგანაც თავპირისმტვრევით გამორბის.

ნიუ-იორკში ერთ ბიჭს დაინახავს, ”ღმერთივით ბიჭს”, რომელსაც მშობლების უყურადღებობით ესარგებლა, პირდაპირ ქუჩის სავალ ნაწილზე გადასულიყო და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებდა ამაყად, თან ღიღინებდა: “ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში”... ჰოლდენს ერთბაშად გულზე მოეშვება, ნაღველი გადაეყრება.

სანაღვლოც ბევრი აქვს 16 წლის ბიჭს. სულ თავისი უმცროსი ძმა ახსენდება, ელი, ცოტა ხნის წინ რომ გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით (გარდაცვალების ზუსტი თარიღიცაა - 1946 წლის 18 ივლისი). ელი ცაცია იყო და ბეისბოლის ხელთათმანზე - თითებზეც და ჯიბეზეც - ყველგან ლექსები ეწერა, მწვანე მელნით. როცა თამაშის დროს ბურთს არავინ მიაწვდიდა, იდგა და ლექსებს კითხულობდა. ელი რომ მოკვდა, იმ ღამეს ჰოლდენს გარაჟში ეძინა და სულ მუშტებით ჩალეწა მინები, მერე ავტობუსის მინებსაც მიადგა, მაგრამ დასერილი ხელებით ვეღარაფერი მოახერხა. ხელი ხშირად ახსენებდა ხოლმე თავს, წვიმიან ამინდში, ზოგჯერ მუშტსაც ვერ კრავდა, მაგრამ ამაზე არ ნაღვლობდა, ამბობდა: ქირურგობას მე არ ვაპირებ და ვიოლინოზე დაკვრასო.

ვინც არ მოსწონს, ჰოლდენი ყველას ნაბიჭვარს უწოდებს. მთელი რომანი სავსეა ასეთი „ნაბიჭვრებით“, თუმცა ერთი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, მისტერ ოსენბერგერი, ადამიანი, ვისაც დამკრძალავი ბიურო ჰქონდა, თავის დროზე დიდი ფული ეშოვა ამ ბიზნესში და ვისი სახელობის ფლიგელშიც იყო მოთავსებული ჰოლდენის საერთო საცხოვრებელი. ერთხელ ეს კაცი სკოლას ეწვევა თავისი დიდი „კადილაკით“ და ბავშვებს ჭკუას დაარიგებს, სულ უნდა ილოცოთ და რა დროც უნდა იყოს, ღმერთს ესაუბროთო. ქრისტე ისე უნდა იგულოთ, როგორც თქვენი ძმაკაცი. მეც, პირადად, სულ ქრისტეს ვესაუბრები, მაშინაც კი, როცა საჭეს ვუზივარო. „ამან მომსპო! – ამბობს ჰოლდენი, – წარმოვიდგინე, როგორ გადაჰყავს ამ გამოქექილ ნაბიჭვარს მანქანა პირველ სიჩქარეში და თან ქრისტესა სთხოვს, ცოტა უფრო მეტი მკვდარი გამომიგზავნეო“.

სხვათა შორის, რომანში არა მხოლოდ ნაბიჭვრები ჩანან. როგორც ერთ-ერთმა იმდროინდელმა რეცენზენტმა თქვა (იყო დრო, როცა ამერიკული პრესა ლამის ყოველდღე აქვეყნებდა სტატიებს ამ ნაწარმოებზე), „წიგნში ხშირად გაისმის ანცი ბავშვების მომხიბლავი ხმებიც“. პირველ რიგში ეს ჰოლდენის პატარა დაიკო ფიბია, ვისაც ღამით, ჩუმად მოინახულებს ჰოლდენი და ვინც ფრაზაში: „ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში“, „დაიჭერს“ – „შეხვდებით“ გაუსწორებს ძმას, თანაც დასძენს, ეგ ხომ რობერტ ბერნსის ლექსიაო. აი, სწორედ ამ სცენის შემდეგ მოდის ის მთავარი აბზაცი, საიდანაც რომანს სათაურიც დაადგა ავტორმა.

აშკარაა, რომ “Catcher...”-ი პროტესტის რომანია (პროტესტის სიმღერებამდე ჯერ შორია, ბობ დილანი სულ რაღაც 10 წლისაა, სელინჯერის თანატოლ პიტ სიგერს კი ჯერ მოციქულები არ ჰყავს) და დღემდე მას ყველა იმ ნაწარმოებს ადარებენ, სადაც ბედით უკმაყოფილო, უიღბლო ტიპია აღწერილი, სადაც ხმამაღლა გეუბნებიან: “ცხოვრება მწარეა, ადამიანები კი გაიძვერები არიან და თუკი ვინმეს მოკრძალებით შეჰყურებ, უეჭველად ყველასგან იმედგაცრუება გელის.”

ამ წიგნს ალბათ სიძულვილიც ასაზრდოებდა, რისხვა როგორც ბრძოლის იარაღი, ამბოხი, დაბნეულობა, სიმართლე.

სელინჯერის რომანზე დაბეჭდილ ერთ-ერთ ძველ რეცენზიაში წერს ერთი ავტორი: “ვერც ერთი ადამიანი ვერ დაბრძენდება თუკი თავს არ შეებრძოლება საყოველთაო სიძულვილის საკითხში. მაგრამ ამ სიძულვილის ჩახშობით, მას კიდევ უფრო გააძლიერებს, გამოვლენით კი მის კონტროლს ისწავლის.” სხვათა შორის, ეს ციტატა ჩემს მეგობარსა და ბლოგ-მეზობელსაც ეხება. ყველას რომ ასე ცოცხით ეხვეტა ტესტოსტერონი და ქალაქგარეთ ეყიალა საპიკნიკე კალათით ხელში, რაღა დარჩებოდა? ვისღა ეხსომებოდა არქილოქე, ვიიონი...

მემგონი სელინჯერიც მხოლოდ ასეთი გულახდილობის გამო გვახსოვს, გვახსოვს მისი წიგნი და ის 16 წლის ბიჭი, ერთხელ რომ წამოცდა: “ჯერ ფულის მომგონს მოუკვდა პატრონი და მერე უფულობის”.

და აი, მთავარი კითხვაც, ამ გაგანია კრიზისში: ნეტა რა უფრო ადრე იყო, ფული თუ უფულობა? ჰა? ჯერომ, გაგვეცი პასუხი...
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
30.08.2009 01:25
irma vejini-დან
-----------------------

ახალაია რომ ევასება (ოჯახის წევრებს თუ არ ჩავთვლით) ამერიკელი ჰოლდენი კი არა, ერთი კაცი დაიბადა მარტო და... ბედი არ გინდა - ისიც პრეზიდენტი გახდა (თანაც - არა ამერიკაში!) :))

სამაგიეროდ, ნაღდად ვიცი, რომ თავად ბაჩოს ევასება ჰოლდენი!

2007 წელს უთქვამს - აი ეგ [ჰოლდენი] რომ აქ ჩამოსულიყო, ჩემს სამსახურში ყველაზე კარგი ადგილი რომ მაქვს, იქ განვაწესებდიო!

თანაც - ზედა კოიკაზეო!..

ანუ, მაგრად ევასება, აი! :)))

ავტორი: irma საიდან გვწერთ: vejini
29.08.2009 10:07
დიდი მადლობა ამ სტატიისათვის.სულ მინდა რომ სელინჯერის რაღაც უცნობი აღმოვაჩინო რაც არ გამიგია აქამდე მაგრამ მოთხრობების და ჭვავის ყანის .. მეტი არაფერი ვიცი.თქვენ?და ბოლოს და ბოლოს მიხვდით სად მიდიოდნენ იხვები ტბა რომ იყინებოდა?:) შანსი არ არის ჰოლდენს ახალაია დავასებოდა.

ავტორი: სალომე
28.08.2009 12:32
ის რასაც ჰოლდენი განიცდის სულაც არ მგონია სიძულვილი. ეს უფრო პროტესტია ძალიან დიდი და ვნებიანი, იმიტომ რომ ჰოლდენი 16(?)წლისაა. ეს არის კიდეც დიალოგში მრ. ანტოლინისთან.
როცა ანტოლინი ეუბნება რომ ჰოლდენს შეუძლია შეძულდეს ადამიანები როცა ის 30ის იქნება, იმიტომ რომ ისინი გრამატიკული შეცდომებით საუბრობენ, ან კოლეჯში სპორტსმენები იყვვნენ ჰოლდენი პასუხობს: "you're wrong about that
hating business. I mean about hating football players and all. You really
are. I don't hate too many guys. What I may do, I may hate them for a little
while, like this guy Stradlater I knew at Pencey, and this other boy, Robert
Ackley. I hated them once in a while--I admit it--but it doesn't last too
long......" ხოლო რაც შეეხება ამ ვნებიან პროტესტს ამაზეც დიალოგშია (ციტატის მოძებნა მეზარება) დაახლოებით ასეა, " ახალგაზრდა ცდილობს გმირულად შეეწიროს დასახულ მიზანს, ხოლო მოწიფულობის ნიშანია ემსახუროს მას..."

ავტორი: david საიდან გვწერთ: Berlin
27.08.2009 22:39
და ნუ დაგავიწყდებათ სელინჯერს საინტერესო მოთხრობებიც აქვს დაწერილი. მაგალთად ''კონეტიკუტელი კუტი ძია'' ქართულადაც არის, ჭელიძის თარგმანი კი არაჩვეულებრივია. 2 მოთხრობა ლიბ.გე ზეც დევს http://www.lib.ge/each_author.php?668


ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.08.2009 22:18
ზურაბი საიდან გვწერთ: ვაიმე დედი ყელამდი

"ბაჩო ახლაიას გამინისტრებას აღნიშვნა უნდა, რამე კაი ლიტერატურული ბლოგი არ შეიძლება რო დაიწეროს ამ თემაზე? :)"
------------
ლიტერატურულს ალბათ ბ-ნი მალხაზი შემოგვთავაზებს.

ხოლო ჩემი მოკრძალებული აზრით, ამის აღნიშვნა ყველაზე ზუსტად ზარით შეიძლება.

სვანური ზარით.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.08.2009 21:22
მერაბს თბილისიდან

- გამახსენდა, რომ რომელიღაც მოთხრობების კრებულში წაკითხული მაქვს სელინჯერის ორი მითხრობა - ”ბანანათევზის ერთი დღე” და ”ჭერი (თუ ხარაჩოები?)ასწიეთ დურგლებო”

რუსულად ძალიან ბევრია ინტერნეტში ხელმისაწვდომი აი ამ მისამართებზე:
http://bookz.ru/authors/selindjer-djerom.html
http://lib.ru/SELINGER/

აი, ეს ერთი კი ზუსტად მეზობელ ბლოგს და ტესტოსტერონის +/-დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე გაფიქრებინებს კაცს:
http://lib.ru/SELINGER/r_u18_girlwithnowaist.txt

ავტორი: ზურაბი საიდან გვწერთ: ვაიმე დედი ყელამდი
27.08.2009 20:21
ბაჩო ახლაიას გამინისტრებას აღნიშვნა უნდა, რამე კაი ლიტერატურული ბლოგი არ შეიძლება რო დაიწეროს ამ თემაზე? :)

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.08.2009 19:39
მერაბს თბილისიდან
-------------------
მისალოცობა დადასტურებულია. რომელიღაც კლიმი.

მერაბს თბილისიდან
-------------
გმადლობთ კეთილი რჩევისათვის და მოლოცვისათვის. დღეს, როდესაც ბაჩო ახალაიას გამინისტრება გავიგე, არ მეგონა თუ რამე გამახალისებდა. ასე რომ ორმაგად გმადლობთ!

იმედია, სელინჯერს ინგლისურად ავწევ. თუ არადა, კიდევ უფრო მოსალოცი ვიქნები :)

ავტორი: მერაბი საიდან გვწერთ: თბილისი
27.08.2009 15:42
სოლომონს მოკრძალებულად ვურჩევ სელინჯერის მოთხრობების გაცნობას. თუ "Catcher"-ი მოგწონთ, არ შეიძლება მოთხრობებიც არ მოგეწონოთ. თუმცა, კაცია და გუნება. არ ვიცი, ქართულად თუ არის თარგმნილი. რუსულად უნდა იყოს. ინგლისურად ნამდვილად არსებობს :) დასაწყისისთვის "9 ნოველას" გირჩევთ. მისალოცი ხართ, სოლომონ. კლიმიც დამეთანხმება :)

ავტორი: fuck საიდან გვწერთ: you
27.08.2009 15:12
ყველაზე გულის ამრევი სტატია,რაც ამ წიგნზე წამიკითხავს.

ავტორი: dato
27.08.2009 14:17
მალხაზ, მე სელინჯერი იმიტომაც მომწონს, რომ მან გაუსწრო და გადაუსწრო 60-იანების "მეამბოხეებს" (როგორც ვხედავ, არც თქვენ გხიბლავთ თმაში ყვავილებჩაწნული სამყაროს შემცვლელების რომანტიკა). ბანალური ნათქვამია, მაგრამ დროს გაუსწრო. ჰოლდენმა 50-იანებში დაიწყო და იქვე დაამთავრა ის, რაც ჯერ კიდევ ელოდა ამერიკას 60-იან წლებში. არა, მაგარი კაცია ჯერომ დეივიდი, ვერაფერს იტყვი.

ავტორი: Holden საიდან გვწერთ: Rye
27.08.2009 03:45
jer fuli iyo albaT, imitom rom, fuli rom ar yofiliyo, arc ufuloba iqneboda.

ავტორი: მალხაზ ხარბედია
27.08.2009 02:25
ბლოგში ნახსენებია ერთი ძველი რეცენზენტის დახასიათება: "მანჰეტენელი ულისე". რავი, იქნებ "მანჰეტენელი ტელემაქეც" მოსულა? :))) ბავშვია მაინც...

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
27.08.2009 00:14
60-იანელები..
და ის რეებიც დაანგრიეს, თვითონვე ვერ აკოწიწებენ დღეს, ან თვითონვე არიან, ის რაც დაანგრიეს.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.08.2009 00:13
ძალიან დიდი მადლობა ამ ფანტასტიური მოგზაურობისათვის - უკან, ბავშვობაში.


სელინჯერი (ეს წიგნი, თორემ მეტი არც არაფერი მინახავს მისი) მეორე კურსზე წავიკითხე.

დღემდე მახსოვს ის საოცარი განცდა, ძალიან კარგიც და ძალიან მძიმეც - რაც დამრჩა მაშინ.
კარგი იმიტომ, რომ კარგ ადამიანებზე იყო.
ცუდი იმიტომ, რომ დათოსი არ იყოს ჩავთვალე - ფინალი კარგი ადამიანის გამარჯვების დიდ შანსს არ ტოვებდა.
თუმცა, მაშინ იმასაც მივხვდი, რომ კარგი ადამიანი უკვე იმით არის გამარჯვებული, რომ კარგია და მისი გამარჯვება-დამარცხება წუთიერი გონგით არ იზომება. რომ მძიმე დანაკარგის მიუხედავად არგატეხვა და სხვა ბავშვების კიდეზე დაჭერა ისაა, რისთვისაც ყოველთვის უნდა გაინძრე, მიუხედავად იმისა - ფული უფრო ბანძია, თუ - უფულობა.

მაინც რაღაც მძიმედ დამრჩა... ალბათ ამიტომაა, რომ მეორედ აღარ წამიკითხავს. ახლა მივხვდი, რომ კარგად აღარც მახსოვს თურმე.

მას მერე დიდი დრო გავიდა. მაგრამ ჩვენთან არ მოვიდა ის დიდი გაბრაზების დრო.
ეს გაბრაზება ხომ იმაშია, რამდენჯერ იფიქრებ და ზოგჯერ დაიყვირებ კიდეც - ”ნაბიჭვრებო!” ჩვენთან კი, სამწუხაროდ, გაბრაზების გამოხატვა პირდაპირ დანის ”კნოპკის” გაშლის ან სასხლეტის გამოკვრის ხმაში ხდება მხოლოდ, თუნდაც - ჰოლდენის ასაკში...

ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვახსენეთ ეს საოცარი წიგნი მისი საყვარელი გმირით.

ავტორი: მალხაზ ხარბედია
26.08.2009 22:28
ხუმარა, ძალიან ზუსტი შენიშვნა იყო, უბრალოდ, ამ შემთხვევაში ფოლკნერის სიტყვები იყო ამოსავალი, მარკ ტვენზე რო თქვა: "the first truly American writer, and all of us since are his heirs."

ავტორი: მალხაზ ხარბედია
26.08.2009 22:26
დათო, გეთანხმებით, შეიძლება მართლა არა აქვს აზრი ყვირილს, მითუმეტეს, როცა პერსონაჟი ხაზგასმით ყმაწვილია, 16 წლის, მერე რა რომ მაღალია და უფროსს გავს და თხრობაშიც ეპარება ხოლმე 30 წლის ახალგაზრდის "საკითხები" :)

სამყაროს შეცვლაზე კიდე ბოდიშით :)

რემებად, ფარებად და ნახირებად დაჯირითობდნენ სამყაროს შემცვლელები 60-იანებში, მაგრამ ამ ახალ საუკუნეში ისინი (ვინც გადარჩნენ) ყოველ მეორე დღეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას აწერენ ხელს :D

ავტორი: შალაბანდა
26.08.2009 19:13
აუ ზოგიერთი ჟურნალისტის თავზე მეც დაუშვებდი შალაბანდებს...

ავტორი: xumara
26.08.2009 18:37
მარკ ტვენიდან რო იწყებთ ამერიკულ ლიტერატურას, ჰოთორნმა, ტორომ და მელვილმა რა დააშავა? პო?

ავტორი: dato
26.08.2009 17:48
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, სელინჯერი სწორედ ამას აკეთებს - "ისვენებს", აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია ;) ამაზე რას გვეტყვით, ბატონო მალხაზ? იქნებ მიხვდა, რომ აზრი არა აქვს ჰოლდენის "ყვირილს'? თვითონ რომანიც როგორ მთავრდება - ღია ფინალით. არაფერი არ არის ცხადი, ჰოლდენმა ოდნავადაც ვერ შეცვალა სამყარო, ჰოდა, სავარაუდოდ, მორიგ სკოლაში უკრავენ მალე თავს.

ავტორი: Una საიდან გვწერთ: Tbilisi
26.08.2009 16:09
მალხაზ, კიდევ ერთხელ გაიხარე!
ღრმა ბავშვობის სურნელში გამხვია ამ სტატიამ, თუ ბლოგმა? რა ქვია ამას?

ავტორი: Kakhaberi საიდან გვწერთ: Parizi
26.08.2009 14:12
BRAVOმახოBRAVO!

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
26.08.2009 03:40
ოოო!!! სელინჯერზე გამახსენდა: მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ წავიკითხე და მერე ჩემს მეზობელ გოგონას ვათხოვე. ზუსტად ერთ კვირაში დედამისი ,,საყვარელი ნუნუკა დეიდა,, წიგნით ხელში გვეწვია და მთელი ნახევარი საათი დედაჩემთან ერთად ოთახში ჩაიკეტა. დღემდე არ ვიცი, რა ილაპარაკა ჩემზე, მაგრამ ერთი კი მახსოვს, ნუნუკას გასტუმრების შემდეგ დედამ ნაწყენი და გაოცებული სახით მითხრა: ,,კარგად გამოგინახავს ადრესატი სელინჯერისთვისო!"

პ.ს. რას ვიზამთ, ასეთებიც ხდება.
აი, ეს კი მართლა კარგია: ,,წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არცერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემი საქმეც ეგ არი-რომელიმე ბავშვი რომ იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე-დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში".

და მართლაც... კარგი იქნებოდა, უფროსებმა ვაცადოთ ბავშვებს ცხოვრება.(-:

ავტორი: Blue Note საიდან გვწერთ: ჭვავის ყანა უფსკრულის პირას
26.08.2009 03:16
მალხაზ, სადა ხარ?

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია. მართალია მანქანის ხმაური აქაც აღწევს.
26.08.2009 02:40
მალხაზ,
დიდი მადლობა ამ წერილისათვის. დავრჩი სიჩუმეში გახარებულიც და აღელვებულიც, მანქანის ჩავლის ხმაც უცებ მომესმა, როცა გაიხსენე, რომ სელინჯერისაგან არაფრის შესახებ შეფასება არ ვიცით. რამდენ რამეს აფასებს ეს. მეტს არ დავწერ, რომ ეს ცოტა ხანი გავიყოლიო.

ავტორი: ია ანთაძე საიდან გვწერთ: თბილისი
26.08.2009 02:25
მახო, არაჩვეულებრივი ბლოგია. წერის უნარი დამიკარგა.
     

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS