შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

ზაფხულია - დაისვენეთ, დაიცალეთ ტესტოსტერონისგან!

21.08.2009
სიძულვილის და ზიზღისგან განკურნების წამალს ვერა და ვერ იგონებს კაცობრიობა. არადა, თითქოს, სიძულვილის აღმოცენების მიზეზებიც იციან და სიძულვილის, როგორც ფაქტის, როგორც ”ნივთიერების” დახასიათებაც შეუძლიათ; აღმოჩნდა, რომ სიძულვილს სისხლის სუნი აქვს და მოტკბილო-მომწარო გემო.

ტესტოსტერონი, მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ჰორმონიც გამოიკვლიეს; თუკი ტესტოსტერონს ”ადეკვატური მიმართულება” არ მოუძებნე და იმისთვის არ გამოიყენე, რისთვისაც დაგაჯილდოვა ბუნებამ, შეიძლება მთელი სამყარო შეგაძულოს.

უცბად არა, რა თქმა უნდა.

ნელ-ნელა - განწყობის, ამინდის, წელიწადის დროის მიხედვით. სუსტებით, უძლურებით, დაჩაგრულებით დაიწყებ (ტესტოსტერონის მცირეოდენი ”ამოფრქვევით” რომ შეგიძლია გაანადგურო) და გადახვალ უფრო ძლიერზე. ბოლოს და ბოლოს კი მთელი პლანეტის განადგურების სურვილი გაგიჩნდება.

გაზაფხული განსაკუთრებით საშიშია. წელიწადის ამ დროს აგრესიის ჰორმონებმა გაღვიძება იცის. ასეთ ვითარებაში ჩემს მტერს, ტესტოსტერონმა გონება, აზრი თუ განდევნა!

აი, წელს, გაზაფხულზე... გახსოვთ კურდღლის მსხვერპლშეწირვა პრეზიდენტის რეზიიდენციასთან? იმ აზრით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეშინებული კურდღელია, ბაჭია ღობის იქით ისროლეს, უფრო სწორად ტყორცნეს (თუმცა თავდაპირველად, კურდღელი მხოლოდ უნდა გადაესვათ რეზიდენციის ეზოში). მერე რამდენიმე ახალგაზრდამ ”კურდღლის განსახიერება”დაიწყო. განსაკუთრებით გაიხარეს ბავშვებმა (ვინ თქვა, ბავშვი ცარიელი სიკეთეა და სისასტიკე არ ახასიათებსო?). კურდღელი საყოველთაო ჟრიამულის ფონზე შიშისგან კედლებს ეხეთქებოდა... საბედნიეროდ, როგორც მითხრეს, ბაჭიას მაინც არ გაუსკდა გული. გადარჩა.

მსხვერპლშეწირვის რიტუალი, სახელწოდებით ”გაქცეული მიშა” საკმაოდ რეიტინგული სანახაობა აღმოჩნდა. კურდღლის მსხვერპლშეწირვის კრიტიკა ვერ გაბედეს ჩვენმა სახელოვანმა ჰუმანისტმა მწერლებმა, მუსიკოსებმა, არტისტებმა, მარგინალიზებულმა ინტელიგენციამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით კი არ ჩარეცხა, არამედ უფრო ”ამორეცხა”. განსაკუთრებით 2008 წლის 7 ნოემბრის შემდეგ.

ამ ხალხის ერთი ნაწილი წლების მანძილზე კვაზიგმირების, კვაზიმესიების, კვაზიმხედართმთავრების იდეალიზაციით იყო დაკავებული. სუსტის, უძლურის, თუ გნებავთ შეშინებულის და დამფრთხალის დაცვა ცუდ ტონად ითვლებოდა; საბჭოთა სკოლებში ბავშვებს უფრო მეტად აყვარებდნენ მსხვერპლშეწირვის რელიგიურ-პარტიულ რიტუალებს, ე.ი სიკვდილს, და არა სიცოცხლეს; რობოტ-მხედართმთავრებს და არა დაუცველ, სუსტ, თუ გნებავთ შეშინებულ არსებებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სიყვარული.

ამჟამად ეს ხალხი, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკით ძლივს რომ დაიბრუნა საბჭოთა ეპოქაში მოპოვებული, მერე კი დაკარგული პოპულარობა, ცხოველთა უფლებების დამცველებს ასე პასუხობდა: ”ცხოველების მაგივრად ჯობია ადამიანები შეიბრალოთ... ისინი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ სცემა, გააუპატიურა, დახოცა...”

და კურდღელიც რომ შევიბრალოთ? ანდა, რომ გაგახსენოთ, რომ პატარა, ჩვილი, დაუცველი არსების გამოყენება პოლიტიკური პროტესტისთვის, მისი ხმარება იარაღად, პლაკატად თუ პოსტერად ზოგ ქვეყანაში არაეთიკურად, ზოგან კი, უბრალოდ, დანაშაულად ითვლება და რომ ბაჭიის ”გადამგდები”, ის, ვინც ნეტარებას განიცდის, როცა ხედავს, როგორი უმწეოა უცხო გარემოში მოხვედრილი შეშინებული კურდღელი, დიდად არ განსხვავდება იმისგან, ვინც მიტინგებს არბევს და ხელკეტებს ურტყამს უდანაშაულო ადამიანებს.

დიახ, ტესტოსტერონმა არ იცის ხელისუფლება-ოპოზიცია. ტესტოსტერონი არც ასაკს ცნობს, არც პროფესიას... არადა ქვეყნის განვითარების დონეს, მისი კულტურის დონეს ხშირად განსაზღვრავენ იმით, თუ როგორია მოხუცის, ბავშვის და ცხოველის მიმართ დამოკიდებულება, სუსტისა და დაუცველის მიმართ დამოკიდებულება, იმით, თუ როგორ ახერხებს ადამიანის გონება აკონტროლოს თავისი ტესტოსტერონი.

ამ გაზაფხულზე, ტესტოსტერონის მომძლავრების ფონზე, თითქმის იმ დროს, როცა ოპოზიცია კურდღლის მსხვერპლშეწირვით ერთობოდა, ორმა პოლიციელმა დაუცველი არსებებისგან თბილისის მეტროს გაწმენდა გადაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, მართლა დაისაჯა თუ არა ეს ორი პოლიციელი, რომელმაც აბუჩად აიგდო ინვალიდი კაცი (თეა თუთბერიძის მტკიცებით, ისინი ამ ვიდეოს გავრცელებისთანავე გაათავისუფლეს სამსახურიდან). ისევე როგორც არავინ იცის, დაისაჯნენ თუ არა პოლიციელები 2007 წლის ნოემბრის ე.წ. ”გადაცდომებისთვის” - მანქანების უმიზეზო ლეწვისთვის და ხალხის ცემისთვის. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს ავტორს სენსაციური მასალის გადაღების ნაცვლად, პატრულში რომ დაერეკა, უფრო იოლად მოხდებოდა სადისტი-პოლიციელების იდენტიფიცირება. მერე კი შეიძლებოდა არა მარტო გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, არამედ გაესამართლებინათ კიდეც. მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი 144-3 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა), რომლის მეორე პუნქტის ”ა” (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ) და ”ე” (ჯგუფურად) ქვეპუნქტების მიხედვით მსგავსი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის ჩამორთმევის უფლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ეს ქვეყანა მართლაც შედგება როგორც ქვეყანა, ჰორმონების ”არამიზნობრივი გამოყენებისთვის” ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, პოსტისა, გასამართლება დაემუქრება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომძლავრებული ტესტოსტერონის მიზეზით მომხდარი დანაშაულის რიცხვი სწორედ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოიმატებს. ამიტომაც, დროა, მივმართოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას - ტესტოსტერონი ტვინს რომ არ მოაწვეს და შემოდგომაზე ისეთივე სიძულვილით რომ არ ვიცხოვროთ, როგორც გაზაფხულზე, აუცილებლად უნდა დავისვენოთ; გავიდეთ ქალაქიდან, ჩავისუნთქოთ ჰაერი, ცას შევხედოთ. ანდა, წამოვწვეთ - მარტო თუ საყვარელ ადამიანთან ერთად და სიძულვილის ფრქვევის ნაცვლად სიყვარულს მივეცეთ. მოკლედ, შევეცადოთ დავიბრუნოთ ბუნებრიობა.

კურდღლები კი - რამდენიც უნდა ვატრიალოთ ყურებით ბაჭიები - მაინც იარსებებენ. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ამ სამყაროში ერთ კურდღელზე ათი მონადირე მოდის. მაგრამ განადგურებისგან ბაჭიებს განაყოფიერების განსაკუთრებული უნარი იცავს. ე.ი. მონადირისგან განსხვავებით, კურდღელი ჰორმონებს სრულიად ”ადეკვატურად” იყენებს.
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
29.08.2009 17:10
ეჰ ბატონო გოგი როგორც ჩანს მართლა არ იყენებენ
ტესტოსტერონს ”ადეკვატური მიმართულებით”
ეს ვიდეოა ახლა აღმოვაჩინე ჯერ გამეცინა
მერე აღარ:(
http://www.youtube.com/watch?v=XFztAMes0lI&feature=player_embedded

ავტორი: მარიკა საიდან გვწერთ: თბილისი
29.08.2009 03:02
არა, ვულგარულში თქვენ არ მიგულისხმიხართ, გამარტივებული ვიგულისხმე. თუმცა ვულგარულობა და ინტელექტი კარგი კომბინაცია არის ხოლმე. განსაკუთრებით ჰორმონჩიკების სფეროში...

ავტორი: კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
29.08.2009 02:39
27.08.2009 20:44
გოგი, ეპილოგი, ეპილოგი, მაიტა!

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
29.08.2009 02:02
,,აწმყოს მუდამ თვალახვეულები გავდივართ"-მ.კუნდერა

კი მაგრამ, საინტერესოა, რატომ?!
რეალობის გვეშინია და იმიტომ და ალბათ ტკივილისაც, მხოლოდ სულიერის უფრო მეტად, ვიდრე-ფიზიკურის.
სწორედ ამიტომ გამოვნახავთ ხოლმე საკუთარი თავისთვის სხვადასხვა თავშესაქცევ გასართობებს. აი, მაგალითად ,,ჯადოსნური ჰორმონის,, ე.წ. ტესტოსტერონის უქონლობის შემთხვევაში, საკუთარი პრობლემის სხვისთვის გადაბრალებას ან კიდევ ვინმეს ზოოფილიაში დადანაშაულებას.(:
პ.ს. ბედნიერად არიზონა!

ავტორი: გოგი გვახარია
29.08.2009 02:02
მარიკა
ზაფხულის დასრულებამდე კიდევ არის დრო

შევეცდები ახალ ბლოგში ფროიდს გვერდი ავუარო. ვულგარული რომ არ გამოვჩნდე:)

ავტორი: მარიკა საიდან გვწერთ: თბილისი
29.08.2009 01:46
ბატონო გოგი, ზაფხულიც მიილია და ტესტოსტერონის ეროვნული მარაგიც. ახალი ბლოგის დრო არ დადგა? მოგვბეზრდა ამდენი ჰორმონები და ვულგარული ფროიდიზმი.
(ყოველი შემთხვევისთვის გატყობინებთ, რომ ფსიქოლოგი არ ვარ)

ავტორი: გოგი გვახარია
29.08.2009 01:14
salome
ცხვირის წვერში თითი სულ სხვა ასოციაციას იწვევს ჩემში... და რა ვიცი, აბა...:)

david
"თამაშის წესები" ჰქვია ამ ფილმს ბატონო დავით...რა კარგია, რომ გაიხსენეთ.


ავტორი: david საიდან გვწერთ: berlin
28.08.2009 23:58
ბატონო გოგი,
თქვენმა წერილმა კიდევ ერთი ფილმი გამახსენა, რომლიც დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, მგონი რენუარის ფილმია, ფილმის სათაურიც არ მახსოვს მგონი ''კურდღლებზე მონადირენი'' ქვია..

ფილმის სიუჯეტი არ მახსოვს, მახსოვს უბრალოდ დიდ დარბაზში შეკრებილი ხალხი, ''ელიტა'', ისინი ერთობიან, ხალისობენ, ერთფეროვნებას უჩივიან, ფილმის ბოლოს სანადიროთ მიდიან და თოფებით დაერევიან საწყალ კურღლებს...მახსოვს ეს სცენა ნადირობის სცენა დიდხანს გრძელდება და მახსოვს ერთი რეცენზია ამ ფილმზე. რეცენზენტი წერდა ეს ფილმი კარგი მაგალითია იმისა თუ როგორ ჩნდება ზიზღი და ბოროტება, რომ ეს მოწყენილობა, ერთფეროვნება იწვევს აგრესიას. სწორედ ასეთმა ვნებებმა წარმოსვეს ფაშიზმიო, წერს რეცენზენტი.

ავტორი: Arizona Junior საიდან გვწერთ: Arizona
28.08.2009 23:27
რა ტესტოსტერონი და რის ტესტოსტერონი? სად გვაქვს ჩვენ ქართველებს ეგ ჯადოსნური ჰორმონი?! სპორტი ჩვენ არ ვიცით და ჯანმრთელი კვება! ან თუ გვაქვს, მაშინ გამოყენება არ ვიცით! ზოგი ცხოველებს ეტანება, მაგალითად კურდღლებს (ცხოველების სიყვარულის სხვა მაგალითების არსებობს საქართველოში;), ზოგიც კი ... ვერ ხარჯავს ღმერთისაგან ნაბოძებ ამ საჩუქარს, რატომ? იმიტომ რომ არ აძლევენ! რას? ... თემას რომ არ გადაუხვიოთ, ტესტოსტერონი ეს არის სექსუალური ჰორმონი რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს გამოემუშავება, და რაგდანაც ჩვენ ნორმალური ადამიანები არ ვართ, მივდივართ დასკვნამდე რომ ჩვენ ტესტოსტერონი არ გვაქვს. თვენ ალბათ იკითხავტ "აბა რა გვაქვს?" ხინკალი და ხაჭაპური!

ავტორი: salome საიდან გვწერთ: kievidan
28.08.2009 21:24

ახალ პოლიტიკურ ინფოს უხდება ბაჩო ახალაიას ფოტოც თქვენთან. ახალაია ცხვირის წვერს თითით ეხება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ,როცა კაცი ცხვირის წვერს თითით ეხება,ტყუის ან ყოყმანობს,ან რაღაცას მალავსო.მოკლედ, კარგი არაფერი.ასეა? მე შორს ვარ და არ ვიცი.

ავტორი: გოგი გვახარია
27.08.2009 20:44
http://www.youtube.com/watch?v=5avh1u-LYd8

ახალ პოლიტიკურ ინფოს, ვფიქრობ, ეს ვიდეო უხდება

ავტორი: გოგი გვახარია
27.08.2009 20:41
აგერ ბატონო. ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა
ამას ჰქვია "ყველამ თავის ტესტოსტერონს მიხედოს"

(სმაილიკს შეგნებულად არ ვხმარობ)
მომავალ ბლოგში კი ვარიაციას თემაზე "ერთი უჯრედის როლი პოლიტიკაში" არ ვაპირებ

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
27.08.2009 19:55
ბლოგი მომეწონა.

ამ ბლოგმა ორი რამ გამახსენა

1)იტალიელი პარლამენტარი ჩიჩოლინა, რომელმაც კუვეიტში შეჭრილ სადამ ჰუსეინს შეუთვალა, ომსა თავი დაანებე, ჩემთან ჩამოდი და ტესტოსტერონისგან დაგცლიო :)).

2) ბრიჯიტ ბარდოს ვნებიანი ტუჩებიდან ქართველების შესახებ გადმოტყორცნილი მგონი ერთადერთი ფრაზა - ეს ქართველები საშინელი ხალხია, ალყაშემორტმულ სოხუმში ძაღლებს იჭერენ, ატყავებენ და ჭამენო (!).
ბრიჯიტის ინფორმაციის წყარო ალბათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, მაგრამ ასეა თუ ისე, ის ფაქტი, რომ ამ ინფორმაციაში ბრიჯიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძაღლის ბედი აღმოჩნდა, პირადად ჩემში იმის მიზეზად მიმაჩნია, რომ მას შემდეგ ამ ქალბატონის გახსენებაზე ტესტოსტერონის მოზღვავებას ვეღარ ვგრძნობ... თუმცა იქნებ ის ასაკის ბრალია? ჩემისაც და მისისაც?! :))
---------------------
ილიას (ვაშინგტონიდან) ისტორია ფენომენალურია!
გმადლობთ.

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
27.08.2009 17:57
უღრმესი და უდიდესი მადლობა, ჩემო ძვირფასო ადამიანო.(-:

ავტორი: გოგი გვახარია
27.08.2009 17:42
http://www.youtube.com/watch?v=zQB6wQDFzrM&feature=PlayList&p=6D81058ADAEAB9A7&index=0

ეს კოლარის ყველაზე ცნობილი კლიპია, მისი გადაღებიდან 3 თვეში გარდაიცვალა

ავტორი: გოგი გვახარია
27.08.2009 17:41
http://www.imdb.com/title/tt0105032/

http://www.youtube.com/watch?v=jvsfkSboW1Q

სცადეთ, იქნებ მიაგნოთ ნეტში. მაგალითად, ტორენტებზე www.torrents.ru-ზე

თბილი სიტყვებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
27.08.2009 16:34
გოგი, ჩემო ძვირფასო და საყვარელო, (სულ მინდა, რომ ყველაზე თბილი სიტყვები გითხრა და ასე მაინც მოგეფერო) მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ ,,რუსთავი 2-ზე,, აჩვენე ფრანგი რეჟისორის კოლარის(თუ არ ვცდები, ეს მისი ფსევდონიმია) ფილმი ,,ველური ღამეები,,. მართალი გითხრა, მას შემდეგ სულ მინდა ამ სურათის კიდევ ერთხელ ნახვა. ყველგან ვეძებ და ვერ ვპოულობ. არის შესაძლებელი სადმე მისი ნახვა?

პ.ს. ჰო, მართლა, ძალიან მომეწონა ,,უმრავლესობის ვნებებში" ნაჩვენები იური რაიზმანის ფილმი ,,და თუ ეს სიყვარულია". სამწუხაროდ კომენტარი ვერ გავაკეთე.
საოცრად კარგი (კეთილი) ფილმია.

ავტორი: Claire საიდან გვწერთ: Lake Annecy
27.08.2009 04:03
mshvenieri cerilia!!

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
27.08.2009 00:33
ცოტა რამ კურდღელზე.
http://www.ambebi.ge/politika/9391-saakashvili-originalur-saaths-atarebs.html

http://www.ambebi.ge/images/stories/masmedia/whach.jpg

ავტორი: გოგი გვახარია
26.08.2009 18:21
qeti

ჰორმონებზე გაგახსენდათ?:)

"I nuovi mostri" - მარიო მონიჩელი, დინო რიზი, ეტორე სკოლა

http://www.imdb.com/title/tt0078012/

ავტორი: qeti საიდან გვწერთ: tbilisi
26.08.2009 16:20
გიორგი გვახარიას უმორჩილესად ვთხოვ მომწეროს იტალიური ფილმის "ჩვენი დროის ურჩხულების" იტალიური დასახელება და რეჟისროის სახელი
წინასწარ გიხდიტ დიდ მადლობას!!!

ავტორი: ნინო ნ. საიდან გვწერთ: თბილისი
26.08.2009 15:25
საოცრად მომწონს ეს ბლოგი :)სიმყუდროვეა მართლაც... სტატიამაც მაგრად გამახალისა და ილიას ისტორიაც ძალიან მომეწონა. :)

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
26.08.2009 02:25
აი, ახლა კი მართლა მიხარია!

კეთილი იყოს შენი დაბრუნება, გოგი.(-:

ავტორი: გიორგი გვახარია
26.08.2009 00:20
O.K.
კარგი იყო ძალიან. დიდი მადლობა. უკვე თბილისში ვარ და შევუდექი საქმიანობას:)
გადავიკითხე კომენტარები და მადლობელი ვარ ყველასი.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
25.08.2009 21:13
რაღაც უცნაური სიმყუდროვეა ამ ბლოგში. სად გაქრნენ, ნეტა?! თუ ყველამ ერთად უგდო რჩევას ყური და დაიცალა ტესტოსტერონისგან?!

ჰმ... არ ვიცი... ორღიის სუნი მცემს :)

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: Batumidan
25.08.2009 15:58
batono gogi, imedia dRes baTumis universitetSi testosteronisgan daicaleT:))

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
25.08.2009 15:51
უი, მართლა? არ ვიცოდი.
კარგი კია და! (-:

პ.ს. ეჰ... გოგი მომენატრა ძალიან.)-: რა თქმა უნდა-კინოც.

ავტორი: avtori
25.08.2009 13:33
გაბარძგალება, კი, მისი პაროდიაა. მაგრამ რა დროს ეს იყო, თან ამ ბლოგის კონტექსტში რა შუაშია, ვერაფრით ვერ ვხვდები :))

ავტორი: ყოფილი კავკასიოლოგი საიდან გვწერთ: კავკასია
25.08.2009 02:49
ილია,
მაგარი ისტირია მოგვიყევი. ძალიან მომეწონა!

ავტორი: gabarzgaleba
24.08.2009 22:42
მაიკო, "ავტობიოგრაფია ისლანდიურად" ირმა ტაველიძის "ავტობიოგრაფია ფრანგულად"-ის პაროდიააა? :)

ავტორი: dato საიდან გვწერთ: tbilisi
24.08.2009 18:27
didi madloba. SesaniSnavia

ავტორი: ilia საიდან გვწერთ: Washington DC
24.08.2009 18:04
ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ ხოლმე.ვთქვათ ძალიან გინდა შოკოლადის ნამცხვარი. მიდიხარ მაჭაზიაში და ყიდულობ ნამცხვარს. შემდეგ სახლში სავარძელზე თვალებმილულური სულმოუთქმელად გადასანსლავ ამ ნამცხვარს და რამოდენიმე წუთის შემდეგ ხვდები რომ შოკოლადის ნამცხვარი აღარ გაქვს. ან მიირთმევ აჯიკას, რომელიც ყოველგვვარი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გათვალისწინებით ცხარე უნდა იყოს, მაგრამ პირველად გასინჯვისაც რატომღაც არ გგონია ცხარე. დაახლოვებით 30 წამის შემდეგ კი ზედმეტად ცხარეა და ცრემლებმომდგარი ცდილობ პირის გაგრილებას. ან მაგალითად მეზობელი რეკავს პოლიციაში და აცხადებს რომ შენი სახლიდან გამოსული ხმაური 0.8 დეციბალით აჭარბებს დადგენილ ნორმას. ათ წუთში მოსული პოლიცია კი რატომღაც სწორედ შენს მეზობელს აპატიმრებს.მერე ასევე გახსენდება რომ ეს ის მეზობელია, რომლის სხეულზე ეღტი კვირის წინ წითელ გადმონაყარს ათვალიერებდი და მეორე დღეს შენს სხეულზე იგივე წითელ გადმონაყარს ახლა შენი მეზობელი ათვალიერებდა კმაყოფილი ღიმილით.
მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ცხოვრვება ჯაზია, მაინც ცდილობ რომ რაღაც რაღაცეები დააკავშირო ერთმანეთთან და დასკვნები გამოიტანო. მე მაგალითად მჯერა რომ რამდენიმე მილიონის წლის წინ დედამიწას დიდი ასტეროიდი დაეჯახა და დინოზავრები ამოწყვიტა. ასევე მჯერა იმისაც რომ ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენც წავალთ სხვა პლანეტაზე და იმათ დინოზავრებს ამოვწყვიტავთ.
ბრწყინვალე მაგალითია ცხოვრების ბუნდოვანებისა ის რაც მე სემემთხვა 12 იანვარს პარასკევს დილის 7 საათზე. მოგეხსენებათ პარასკევი ყოველთვის უდიდეს ბედნიერებას მანიჟებს(რადგან საბათი-კვირა მოდის) მოკლედ ასე გაცისკროვნებული, შევბლატუნდი L'ENFANT PLAZA მეტროში და თან გეგემებს ვაწყობდი შაბათ-კვირისათვის. იქვე მარჯვენა კუთხეში იდგა ასე 35-40 წლის კაცი ვიოლინოთი. ტანზე გრძელსახელოებიან მაიკია ეცვა და ვაშინგტონის ნაციონალის კეპი ეხურა. მე იმ დროს მივუახლოვდი როცა with "Chaconne" ს ასრულებდა ბახის პარტიტა 2, in D მინორი. ჯიბიდან ორი დოლარი ამოვიღე და ვიოლინოს ყუთში ჩავუყარე თან ზრდილობიანად გავეხუმრე რომ ამ პარასკევ დილით ნამეტანი ნუ დაზაფრავდა ხალხს ბახით და რამე ცოტა ოპტიმისტური შეესრულებინა, რაზედაც მან ოდნავ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. მოკლედ საპასუხოდ მეც ჩავუკარი თვალი და მეტროს ესკალატორზე დავეშვი. იმავე საღამოს ჩემს ცოლტან და სიმამრთან ერთად კენედის ცენტრში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი სიმამრის ცნობით უნდა გვეცქირა ვიოლინოს ცნობილი ვირტუოზის ჯოშუა ბელისათვის.(სიმართლე გითხრათ სულაც არ მეხალისებოდა იმ მოსაწყენ კონცერტზე ყოფნა. მერჩივნნა ჩემს მეგობრებთან სადმე ბარში მარტინი ან მარგარიტა მეწრუპა, მაგრამ სიმამრს ვერ გავუტეხე ხასიათი, რომელიც მეინის შტატიდან სწორედ ამ კონცერტისათვის ჩამოფრინდა)მოკლედ დაიწყო კონცერტი და რას ვხედავ.... სცენაზე სწორედ ის კაცი იდგა ვიოლინოთი, რომელსაც ამ დილით მეტროში ვუსმენდი. თავიდან გავიფიქრე რომ ისტორია ცოლისათვის და სიმამრისათვის გამეზიარებია, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მაინც არ დამიჯერებდნენ და ესაც ჩემი მორიგი ხუმრობა ეგონებოდათ. ვიჯექი ასე გაშტერებული და იმ ჩემს 300 დოლარზე ვდარდობდი, რომელიც ამ კონცერტის ბილეთებში გადავიხადე. ამის მოსმენა ხომ უფასოდ შემეძლო L'ENFANT PLAZA მეტრო სადგურში.
ასე მეგობრებო, ცხოვრება ერთი დიდი, ფაფუკი იმპროვიზაციაა და ვერაფერს გავუგებ და დაგეგმავ..

ავტორი: ada საიდან გვწერთ: vena
24.08.2009 16:26
კახას_ სექსისტური ეს პოსტი კი არა ის კარნავალიზირებული სპექტაკლება, წითელი პანწიკიანი საწყალი ბაჭიების შემოუპატიურებით რომ სრულდება, სასაცილოა პირდაპირ, სატირალი რომ არი იყოს

ავტორი: kaziMir საიდან გვწერთ: terti poni
24.08.2009 16:22
კარგია, როდესაც რეაქცია გაქვს და უფრო მეტიც ანალიზის უნარი ,მიმდინარე მოვლენებზე, რაიმე უხამსობაზე, სიძულვილზე, ზიზღზე..საერთოდ, მემგონი ჩვენ ჭირისუფლობა, ძალიან მოგვწონს და კარგად ვგრძნობთ ამ როლში თავს, სულ "ვაი დედას " ძახილი, მთელი ცხოვრება შავები გვეცვას ხალხის დასანახად , თუმცა ამ შავი კაბის მიღმა კი წითელი "ლიფი" ჩანდეს:)))
ყველაფერზე რეაქციას, დაღლილობამდე მოჰყავხარ, მერე ხდები ზედმეტად ირონიული, და ცინიკოსიც კი..ან გულგრილი,გაიკეთებ ყურსასმენებს და დააჭერ "პლეის" ღილაკს და აჰა მიდიხარ ქუჩაში, მუსიკის ჰანგების თანხლებით და სულერთია რაც ხდება თუნდაც შენს თვალწინ.
გოგი, ისე რამდენი ხანია არ გისაუბრიათ კინოს შესახებ?!:))არა, თუ შეამჩნიეთ მაინც? :))

ავტორი: ada საიდან გვწერთ: vena
24.08.2009 16:05
ვაიმე გული მოვიფხანე ფინალით :):):):)

ავტორი: melanqolikosi
24.08.2009 13:04


ვითამაშოთ,ვითამაშოთ, ვითამაშოთ :
თურმე ბატონი თემურ შაშიაშვილი 6 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის ავრცელებს ინტერნეტ თამაშს " მოკალი პიდერი"-ს ! და ამის პარალელურად თავისი ორგანიზაცია " თეთრების"
საიტზე ამხელს საქართველოს ხელისფლების ცოდვებს
( თითქოს კიდევ რამის მხილება იყოს საჭირო).
ის თამაში კი ასეთია : დადის ტყეში თოფით პატიოსანი მონადირე და ხოცავს ბუჩქებიდან გამომხტარ ტიტლიკანა კაცებს. თუ ვერ დახოცავს ისინი დაესევიან,გააუპატიურებენ და თამაში წაგებულია. ასე რომ საქართველოში ექვსი წლის ბავშვიც კი საშიშია ალანი და აფხაზი პატრიოტისათვის, და აბა სხვებზე რა უნდა ითქვას.
და კრემლი იცავს ალან და აფხაზ პატრიოტებს 6 წლის ქართველი ბავშვებისაგან.

ეს რუსულმა ინტერნეტმა შეგვატყობინა წერილში თუ საიტში " გეი კავკაზ"

ასე რომ თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ კეთილშობილი და ანონიმი მოშტირლიცო ელემენტის მიერ გაფრთხილებული,მე ვიხწყებ თამაშს
" მოკალ ანტიპიდერი".ვნახოთ რა მოხდება.
უღრმესი პატივისცემით და მოწიწებით.

ავტორი: naTia... საიდან გვწერთ: Munich
24.08.2009 00:05
გაიხარეთ ბატონო გოგი... იგივესს ვეუბნები ტბილისელ ახლობლებს კიდევ უფრო შინაურულად, მაგრამ არ ესმით... იქნებ თქვენი მაინც დაიჯერონ :)

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
23.08.2009 21:44
არა... ნამდვილი ბედნიერებაა, როცა დრო გაქვს და შეგიძლია ყველაფერი წაიკითხო, რასაც მთელი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდი, რაზეც ოცნებობდი და ყველაზე საყვარელი მწერლები კიდევ ერთხელ შემოუშვა შენს სამყაროში. შეგიძლია, დაიტენო და აივსო მათი სიყვარულით ისე, როგორც მზის სითბოთი.(რომლის ნაკლებობასაც წელს ძალიან განვიცდი).
უნდა ვთქვა, რომ LIB.GE-ზე (რომელსაც ხშირად მივმართავ ხოლმე და რატომღაც, აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია) მივაგენი დათო გაბუნიას ნოველას ,,ავტობიოგრაფია ისლანდიურად". ვადასტურებ, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო, ფრიად სასიამოვნო და მოულოდნელი აღმოჩენა.(-:
თუ წაიკითხავთ, არ ინანებთ.

ავტორი: ucxo საიდან გვწერთ: ucxoeti
23.08.2009 20:32
ფრიად აქტუალური მოწოდებაა. ტესტოსტერონისგან დაცლა დიდად წაადგებოდა თავად ობიექტს, იმას, ვისთან ერთადაც ობიექტი ამ ღირსსესანიშნავ ფაქტს განახორციელებდა და ალბათ იმათაც, ვინც სიამოვნებით უთვალთვალებდა ამ პროცესს.

ავტორი: david საიდან გვწერთ: Berlin
23.08.2009 19:38
კურდღელით მანიპულირება -ამაზრზენია, თუმცა ამ კადრებმა და თქვენმა წერილმა ერთი კარგი რეჯისორის კარგი ფილმი გამახსენა, ბატონო გოგი.
ლუი მალის '' ლაკომბ ლუსიენი'' :ის ლუსიენი სწორედ ასე სასტიკად რომ ექცევა ცხოველებს . ხან ამტომატით ხოცავს საწყალ კურღლებს, ხანაც მახეს უგებს მათ. თუმცა ფილმის დასასრულს ბუნებაში დარჩენილი, შეყვარებული ტესტოსტერონდახარჯული ლუსიენი სულა არ გავს იმ გაბოროტებულ ადამიანს ფილმის დასაწყისში რომ ჩანს.
გვიყვარდეს ერთმანეთი,,, და გვიყვარდეს ჩვენი ტესტოსტერონი

ავტორი: გოგი გვახარია
23.08.2009 10:48
goia
მგონი თქვენ უფრო ანზოგადებთ, როცა ამას წერთ:
"გგონიათ, რომ გაზაფხულზე საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეები სუსტების დაჩაგვრის ნიცშეანური ვნებებით იყვნენ შეპყრობილები?"

ოპოზიციის უნიფიცირება არ მიცდია ნამდვილად.
ხორცს კი მართლა მაქსიმალურად ვარიდებ თავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ვეგეტარიანელი რომის პაპზე უფრო კათოლიკეა:)

ავტორი: goia საიდან გვწერთ: Tbilisi
22.08.2009 23:10
ბ-ნო გოგი, ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი ბლოგის წერილებში ხელისუფლების ლატენტურ (ზოგჯერ, აშკარა) დამცველად იქეცით? ნუთუ მართლა გგონიათ, რომ გაზაფხულზე საპროტესტოდ გამოსული მოქალაქეები სუსტების დაჩაგვრის ნიცშეანური ვნებებით იყვნენ შეპყრობილები? ან, ასე უნიფიცირებულად რატომ იხსენიებთ "ოპოზიციას", რატომ აქცევთ ყველას ერთ "ქვაბში", ვერ ხედავთ განსხვავებებს?

გეთანხმებით, ნამდვილად დასაგმობი იყო ცოცხალი კურდღლით მანიპულირება,ამ ფაქტმა მეც შემაწუხა, მაგრამ, თქვენს ლოგიკას თუ მივდიეთ, თქვენც ისევე ხართ სუსტების მჩაგვრელი, როგორც სხვები - დავიჯერო, ხორცს არ ჭამთ? იმ ხორცს, რომლის მოხმარებაც სუსტი არსებების სიცოცხლის ფასად გიჯდებათ? არა მგონია, ხორციანი კერძის ყოველი ულუფის შემდეგ ტყეში გარბოდეთ განსაწმენდად. ასე რომ, ბაჭიასთან დაკავშირებული ის ეპიზოდი, რომელსაც თქვენ ასეთი მასშტაბური მნიშვნელობა მიანიჭეთ, ადამიანური ბუნების, კერძოდ, აგრესიის, ჩვეულებრივი, შესაძლოა, უნებური გამოვლენაა და სხვა არაფერი.

დიდი პატივცს ვცემ თქვენს განმანათლებლურ მოღვაწეობას (არ ვაჭარბებ!, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ თქვენი ზოგიერთი წერილი "ხალტურას" ემსგავსება.

ავტორი: tamuna საიდან გვწერთ: tbilisi
22.08.2009 22:51
ბანალური ვიქნები და მეც მადლობას გეტყვით :)
უბრლოდ მეც ძალიან ცუდად მახსოვს ეს აქცია და ამაზრზენი იყო როგორც ორგანიზატორების საქციელი, ისე საზოგადოების ურეაქციობა.
ისე განსაკუთრებით ამაზრზენად ზვიად ძიძიგურის კომენტარი დამამახსოვრდა (

ავტორი: nino საიდან გვწერთ: safrangeTi
22.08.2009 19:45
მიშა, არ მითქვამს გოგისთვის საყვედური ღმერთი, რჯული, ხატი. არც სუბლიმაციის და არც არასუბლიმაციის. ვიცი გოგის ფასი.

ავტორი: salome საიდან გვწერთ: kievidan
22.08.2009 13:53
ნიკას
აგრესიული ქალების ( მაგ.ბურჯანაძე,ბესელია,ზურაბიშვილი)აგრესიას აქვს ორგანიზმში ასაკობრივ-ჰორმონალური ცვლილებების მიზეზი. ერთ-ერთის (ყველაზე აქტიურის)სახის "პოდტიაჟკა" იმის მიმანიშნებელია, რომ მდედრნი პროგესტერონის დეფიციტის პირობებში აქტიურ-საშემოდგომო ფაზისათვის ემზადებიან,მიზანი:გადაარჩინონ ქართველობა გადაგვარებისაგან. ეხ,საწყალი კურდღლები.
ბატონ გოგის დიდი მადლობა .

ავტორი: kakha საიდან გვწერთ: tbilisi
22.08.2009 13:44
გოგი, ძალიან სექსისტურია ეს პოსტი.იქნებ ვინმე სპეციალისტს აჩვენო ნაწერი სანამ დადებ,თორემ ასე ნობელის პრემიის კანდიდატი ხდები, რახან აგრესიულობის გამომწვევი მიზეზი იპოვე და სექსით გართობას გვირჩევ მსოფლიო პრობლემის დასაძლევად.

ავტორი: cnobismoyvare
22.08.2009 11:53
ვისვენებთ,ბატონო, მთელი ძალღონით, რაც შეგვიძლია უფრო "კულტურულად" ვისვენებთ.

" ახმად კადიროვის დაბადების დღის წინ გროზნოში ისევ გაისმა აფეთქებების ხმა, ისევ დაიღუპნენ ადამიანები. ფონდი "ანტიტერორი"-ს ყოფილი კნსულტანტი რუსლან მარტაგოვი :

" რასაც ეხლა ვხედავთ სამწუხაროდ არის ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო დიდი აფეთქების პრელუდია. კადიროვი ხშირად იმეორებს რომ ეს ბაევიკებისაგონიაა. მაგრამ ისინი აგონიაში იყვნენ
1995 წლის გაზაფულზე და 2000 წლის დასაწყისში,
მაგრამ გუნდმა კრემლიდან მოახერხა მათი რეანიმაცია. კრემლი ატარებს პროვოკაციულ პოლიტიკას რომლის მიზანიც არაა ტერორიზმის აღმოფხვრა,
პირიქით,მისი მიზანია ტერორიზმის გაფართოება და გაღრმავება. მთავარი მიზეზი კრემლშია... ჩრდილო კავკასიაში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციას იყენებენ მხოლოდ ხელისუფლების ვერტიკალის გასაძლიერებლად. ხელისუფლებას უნდა მართული კონფლიქტი რომლის მეშვეობითაც ის იცავს და განამტკიცებს თავის პოზიციებს...

გროზნოში აფეთქებები მოხდა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის მიერ გამოთქმული მუქარებიდან ორი დღის შემდეგ..."
( " თავისუფლება", რუსული რედაქცია, 2009 წლის 22 აგვისტო).

ავტორი: გოგი გვახარია
22.08.2009 11:47
nino
სუბლიმაციაცაა და სუბლიმაციაც, ნინო. ვფიქრობ, ბევრმა არასწორად გაიგო ეს წერილი. სუბლიმაციაც შეიძლება დესტრუქციული იყოს. განა "ბაჭიის აქცია", ან პოლიციელები მეტროში სუბლიმაცია არაა? არა მგონია ამ საქმეს მხოლოდ სექსი შველოდეს:) ეიზენშტეინი ფროიდზე წერდა, ფსიქოანალიზს აკლია ფსიქოსინთეზიო...მეც მომწონს ეს მოსაზრება

ნიკა

აგრესიულ ქალებსაც ხომ აქვთ ეს... მამაკაცის ჰორმონი..არა?:)

დანარჩენს მოგვიანებით გამოგეხმაუურებით
შვებულებეაში ვარ ახლა
ვისვენებ:)


ავტორი: Misha საიდან გვწერთ: New York
22.08.2009 04:37
nino-ს საფრანგეთიდან,არა მგონია გოგი სუბლიმაციის საყვედურს იმსახურებდეს. მისი ყველა გადაცემა, სიტყვა სწორედაც რომ განათლებისა და ხალხისთვის სარკეში ჩახედვის შანსის მიცემაა.საკმაოდ უმადური შრომაა, მაგრამ აუცილებელი. თუნდაც ერთი ადამიანი თუ აზროვნებს, გადარჩენისა და წითელი ზონიდან გამოსვლის რაღაც შანსი მაინც არსებობს.გოგი ორუელის "1984" Winston'ს მაგონებს რაღაცით.

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
22.08.2009 02:41
,,თავისუფლებას" და ,,წითელ ზონას" მოგესალმებით და გეტყვით, რომ საოცრად მომენატრა თქვენთან ურთიერთობა. განსაკუთრებული სიყვარულით და მთელი გულით მოვიკითხავ ჩემთვის უძვირფასეს და არაჩვეულებრივ ადამიანს,გოგის.
ზოგჯერ, ალბათ, აუცილებელია მოსწყდე ყოველგვარ საკომუნიკაციო საშუალებას და გაერიდო ყველას და ყველაფერს, გაექცე ,,ქალაქის მტვერს" (მით უმეტეს, თუ რთული წელი გქონდა). ერთი სიტყვით, საჭიროა დაისვენო და დატკბე ყოველი წუთით. რაღაცებზე უნდა დაფიქრდე, ზოგიერთი რამ გადააფასო და ეს, რა თქმა უნდა, კარგია.
ყველა გადაცემა ვნახე, რაც ამ თვენახევრის განმავლობაში ,,წითელ ზონაში" გავიდა.(სიმართლე გითხრათ, ჩემი ურთიერთობა ეკრანთან მხოლოდ პარასკევი საღამოთი შემოიფარგლებოდა).
მოკლედ, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ისევ თქვენს გვერდით ვარ და ამდენი რამ მაქვს წასაკითხი.
ვიცი, რომ ახალი სეზონი უნდა დაიწყოს, მაგრამ საინტერესოა, როდის?
პ.ს. ჰოოოო.... ,,ტესტოსტერონმა" ერთი ფოტო გამახსენა, რომელიც ძალიან მიყვარს.
ჟურნალი ,,კინო" ხომ საერთოდ მოვლენა იყო, მგონი კომენტარებში ვიღაც საუბრობდა მასზე. ძალიან დამწყდა გული, რომ ერთ მშვენიერ დღეს მითხრეს აღარ გამოდისო.
დღეიდან თქვენს გვერდით მიგულეთ.(:
    შემდეგი 
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS