Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლასტმასის ყვავილების ქვეყანა


ამ თემაზე პირველად მაშინ დავწერე, როდესაც მეტროს სადგური „თავისუფლების მოედანი“ საახალწლოდ საგანგებოდ გაალამაზეს. მგონი, ორი წლის წინ იყო. ვხედავ, ფოიე სავსეა ფერადი ბუშტებით, გირლანდებით, მონიტორებით, რეკლამებით... ვიდრე იქაურობას ვათვალიერებდი და თან მატარებელს ველოდებოდი, მივხვდი, რომ ჩემს ირგვლივ იყო ბევრი ფერი, ბევრი ნივთი, სადღესასწაულო განწყობის შექმნის გულწრფელი მცდელობა, მაგრამ – არ იყო შემოქმედება.

შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ შემოქმედება არ არის არაფერში, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლოხანს იქმნება: არც გაფერადებულ ფასადებში; არც სიმღერებში, რომლებიც სპეციალურად პატრიოტული შინაარსის კონკურსებისთვის იწერება; არც კონცერტებში, რომელთა მონაწილეების სია, თურმე, სამთავრობო კაბინეტებში დგება; არც ფეხბურთის თუ კალათბურთის თამაშში; არც სატელევიზიო გასართობ გადაცემებში თუ ქართულ სერიალებში; არც ფილმებში, რომლებსაც ბოლოხანს თითქმის აღარ იღებენ; არც რომანებში, რომლებიც ბოლოხანს თითქმის აღარ იწერება. მოკლედ, თუ რამ გვაკლია ბოლო წლების განმავლობაში, ეს პური და წამალი კი არ არის, არამედ, პირველ რიგში, შემოქმედებაა.

უხერხულიც კია შეკითხვის დასმა – რატომ? იმიტომ, რომ შემოქმედებას სჭირდება თავისუფლება და ბუნებრივი გარემო. ჩვენთან კი ყველაფერი ხელოვნურია. აი, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რომ დაეშვება და ცენტრისკენ მომავალ გზაზე ბევრი ხელოვნურყვავილიანი აივანი რომ შეგხვდებათ, იმაზე ზუსტი სიმბოლო დღევანდელი საქართველოს აღსაწერად მე არ მეგულება.

შარშან 12 აგვისტოს რაღაც რომ ვითომ გვიხაროდა (ვიღაცას ხომ უხაროდა?!), ყველაზე ხელოვნური მაინც ეგ მგონია. ხელოვნური იყო დავით დარჩიაშვილის სიტყვები, იმ საღამოს მიტინგზე წარმოთქმული: ომს რუსეთთან ოდესმე კი არ მოვიგებთ, არამედ, დღეს – აქ და ახლა – უკვე მოგებული გვაქვსო. და წამი, როდესაც პრეზიდენტის თვალზე წინასაარჩევნო ცრემლი კამერამ მაინცდამაინც მსხვილი პლანით „მოწყვიტა“? და მერე ხელისუფლებამ ეს წამი რეკლამად რომ აქცია? არ იყო ხელოვნური? ქუთაისში ისტორიული უბნები ზარზეიმით რომ აღადგინეს და ფასადებს მიღმა დღემდე რომ სიცარიელეა, ესეც ხომ იმავე ოპერიდანაა?

ჯოზეფ ბაიდენის დახვედრაზეც უნდა ვთქვა. ტელეკამერამ ასახა გახარებული მოსახლეობა, რომელიც ქუჩაში შეეგება ძვირფას სტუმარს დროშებით ხელში. მე კი დარწმუნებული ვარ, ის ხალხი, ვინც ტელეეთერით ვიხილეთ, სულ სიებით იყო ჩამორიგებული. ზოგ მათგანს, შესაძლოა, მართლაც უხაროდა იქ ყოფნა, ზოგი კი, უბრალოდ, დავალებას ასრულებდა. მე, მაგალითად, რუსთაველზე გავლის უფლებაც არ მომცეს და მარჯანიშვილის მეტროდან სოლოლაკში ფეხით მომიხდა წასვლა. პოლიცია სულ აღმართ–აღმართ ქუჩებისკენ მიმითითებდა – რაც შეიძლება შორს ცენტრიდან. იმ სიაში არ ეწერა ჩემი გვარი და იმიტომ. მე კი სხვებზე არანაკლებ მიხაროდა ბაიდენის სტუმრობა, თუმცა, გზაში გვარიანად დავიღალე. ხელოვნურად ქუჩაში გამოყვანილ ხალხს და ხელოვნურად ხალხისგან დაცლილ ქუჩებს განა უსაფრთხოება ჰქვია? სხვა ქვეყნებში უსაფრთხოებას, ალბათ, ბუნებრივად იცავენ და სტუმარსაც ხელს მხოლოდ ის უქნევს, ვისაც გულწრფელად სიამოვნებს მისი დანახვა. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯოზეფ ბაიდენი გუშინ იმასვე განიცდიდა, რაც მე „თავისუფლების მოედნის“ მეტროს ფოიეში ორი წლის წინ განვიცადე.

არადა, რა ბუნებრივი, რა ნაღდი იყო 2003 წლის 23 ნოემბერს სიხარული იმის გამო, რომ რევოლუცია მშვიდობიანად დამთავრდა და ხვალიდან სულ სხვა ქვეყნის მშენებლობა დაიწყებოდა. იმ სხვა ქვეყნის მშენებლობაში თითოეულ მოქალაქეს თავისი ადგილი და ფუნქცია უნდა ეპოვნა, აღმშენებლობაში თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო და ამ გრძნობას მისი გული სიხარულით უნდა აევსო. ახლა ეს მოლოდინი იმდენად გულუბრყვილოდ ჟღერს, რომ, ალბათ, ჯობდა, არც დამეწერა. მაგრამ, ზუსტად ვიცი, მარტო მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც 24 ნოემბრის დილას განახლების და შემოქმედების მუხტით აღსავსემ გაიღვიძა.

სხვათა შორის, პირადად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს და საფრთხესაც თავიდანვე ვაცნობიერებდი. ჩემი მოლოდინის პლუსიც და მინუსიც სწორედ მის პიროვნულ თვისებებს ეფუძნებოდა. ვფიქრობდი, რაკი ამდენი შეძლო, რომ ლამის მთელი საქართველო მიიმხრო და ედუარდ შევარდნაძე შინ მშვიდობით გაუშვა, ეს გამარჯვება მასში პასუხისმგებლობის აფეთქებას გამოიწვევს-მეთქი. მაგრამ აფეთქდა „პიარი“ (PR) და მის ირგვლივ გარემო ხელოვნურობით გაჯერდა.

ჩვენი ბლოგის კომენტატორების მიერ იმ სიტყვის ძიებამ, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულად ასახავდა ხელისუფლების არსს, ორ ცნებამდე მიგვიყვანა: „უსამართლობა“ და „ტყუილი“. ხელოვნურობა ტყუილის ნაირსახეობაა და უსამართლობის ნაწილია. შესაბამისად, ცოტა ირიბ, მაგრამ მარტივ დასკვნამდე მივედი: ჩვენი ბლოგის კომენტატორების (ერთი ნაწილის) აზრით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც აეროპორტის გზაზე მდგარი სახლების აივნებიდან პლასტმასის ყვავილებს მოხსნის და თავისი ქვეყნის მოსახლეობას ბუნებრივი ყვავილების მოვლა-მოშენების სურვილს გაუჩენს. წარმოგიდგენიათ, რა კარგი ქვეყანა გვექნება? აივნებზე მოშენებულ ბუნებრივ ყვავილებთან ერთად, შემოქმედება ჩვენი ცხოვრების წვრილმან-მსხვილმანში შეაღწევს. ხელოვნურობა გახდება შეუსაბამო და, მაშასადამე, სასაცილო. ოღონდ, იმისათვის, რომ სიცილის უნარი სამუდამოდ არ დავკარგოთ, როგორღაც მშვიდობიანად და ჭკვიანურად უნდა ჩამოვხსნათ ხელოვნური ყვავილები ჩვენი აივნებიდან.

ან, იქნებ, ხელოვნური ყვავილების მოვლა უფრო გვეადვილება, ვიდრე – ბუნებრივის?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG