შემდეგი გადაცემები:


ვალუტის კურსები

GEL / 
USD
1,7296
GEL / 
EUR
2,3292
GEL / 
RUB
0,0573

კურსები შეიძლება არ იყოს აქტუალური

ბლოგები / გიორგი გვახარია

ნეტარ არიან უსინათლონი

26.06.2009
თქვენი არ ვიცი და მე სულ ასე მემართება - ჩემს არეულ ოთახში (რომელსაც არავის ვალაგებინებ, რამე ძალიან მნიშვნელოვანი ქაღალდი რომ არ გადაუშვან სანაგვეში), რაღაცას როცა ვეძებ, მაინცდამაინც იმას გადავეყრები ხოლმე, რაც უკვე დაკარგული მეგონა.

ამიტომაც კარგად მესმის პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, „შეწყვეტილი ამბორის“ გმირის, უსინათლო კინორეჟისორის, რომელიც, დაბრმავებიდან 14 წლის შემდეგ, აღმოაჩენს, რომ სულაც არაა მარტო, რომ შვილი ჰყავს.

„იგი მამაშენია, შვილო!“ - აუწყებს ამ ყმაწვილს დედა, უსინათლო კინორეჟისორის მეგობარი ქალი. ზუსტად ისე ეტყვის, როგორც იაფფასიან „საპნის ოპერებში“ რომელიმე სერიის დასასრულს ამბობენ ხოლმე.

58 წლის პედრო ალმოდოვარი ამ უსინათლო გმირს, ნერვიული კრიზის ზღვარზე მყოფ კინორეჟისორს, ავტოავარიის შემდეგ ყველაფერი რომ დაკარგა - მხედველობა, შეყვარებული, პროფესია, სიცოცხლის რწმენა - ფინალში შვილით აჯილდოვებს. „ფილმ-ნუარის“ ჟანრში გადაღებული „შეწყვეტილი ამბორი“, რომელშიც, ისევე როგორც ალმოდოვარის ყველა ფილმში, ზღვარი სასაცილოსა და ტრაგიკულს შორის მთლიანად გამქრალია, მთავრდება როგორც ზღაპარი - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. სასწაული ხდება! დაახლოებით ისეთი სასწაული, როგორიც ფილმში „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ - ახლად დაბადებულ ბავშვს, რომლის მშობლები შიდსით დაიღუპნენ, ვირუსი არ აღმოაჩნდა. ცხოვრება გრძელდება!

დღემდე ვერ გამიგია რატომ დაარქვა ალმოდოვარმა იმ ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. რატომ - „ყველაფერი“? რა არის ეს - დედის „შეცნობის“ ინცესტუალური ვნება? ყმაწვილკაცებისთვის დამახასიათებელი აჩემებული სურვილი, გაიგოს „სად წავიდა დედა“? და, შესაბამისად, შურისძიება მამაზე (რომელმაც დედა წაართვა) - მისი გადაქცევა ტრანსსექსუალად, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, შიდსი აქვს?

„მამაკაცები, როგორც პერსონაჟები, მაშინებენ. ყოველთვის არის საშიშროება, საკუთარ თავს მიამსგავსო რომელიმე. თანაც, რვა წლამდე მე ქალების გარემოცვაში გავიზარდე. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ძლიერ სქესს ჩემს ფილმებში სწორედ ქალი გამოხატავს. მამაკაცი კი, როგორც წესი, ნაძირალას განასახიერებს,“ აღნიშნა ალმოდოვარმა კანის კინოფესტივალზე, თავისი ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჰო, პედრო ალმოდოვარის ყველა ფილმი, ფაქტობრივად, ამ ნაძირალაზე შურისძიებაა (ქალების დახმარებით). იგი დაუნდობელია ყველა მამა-მაჩოს მიმართ. უფრო მეტიც, ფილმში „მთრთოლვარე სხეული“ ალმოდოვარი ხავიერ ბარდემ-პოლიციელს სიარულის უნარს წაართმევს, ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვებს, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდება და სექსუალურადაც უძლურს გახდის.

ჰეტეროსექსუალ-პოლიციელს ერთმევა მამად ქცევის უნარი.

„მთრთოლვარე სხეული“ ალმოდოვარის ერთადერთი ფილმია, რომლის ყურების დროს ცრემლი მომერია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკრანიდან ჩაველა ვარგასის „სომოსი“ ისმის. აი, ეს სიმღერა:

http://www.youtube.com/watch?v=Bvtn8AFVnWg

არადა „მთრთოლვარე სხეული“ ალმოდოვარის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ფილმად ითვლება.

ეჭვი მაქვს, ასეთივე ბედი ელის „შეწყვეტილ ამბორს“ - რაღაც მეტისმეტად ცივი იყო ჟურნალისტების რეაქცია. დაიბეჭდა სტატიები, რომელთა ავტორები ალმოდოვარს „დაღლაში“, „განმეორებებში“, დრამატურგიულ გაუმართაობაში ადანაშაულებენ.

„შეწყვეტილ ამბორში“ ალმოდოვარმა საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა - მთავარ პერსონაჟად ჰეტეროსექსუალი მამაკაცი გახადა. თანაც, კინორეჟისორი. ალმოდოვარის ქალები, რომლებიც მის სხვა ფილმებში ჯერ თავიანთ მოუწყობელ ცხოვრებას დასტირიან, მერე კი ერთვებიან ცხოვრების მასკარადში (ასე გადაიქცევა მელოდრამა კომედიად), 58 წლის მაესტროს ფილმში შეიცვალა მამაკაცით, რომელიც ისევე უძლურია, როგორც „მთრთოლვარე სხეულში“.

იქ ინვალიდია. სავარძელზე მიჯაჭვული.

აქ - უსინათლო. ჯოხით დადის.

ორივეს ჭირდება ვინმე, ვინც ატარებს, გზას გაუკვალავს.

დედა, შეყვარებული... ან, სულაც, შვილი.

ეშინიათ არა იმდენად გადაადგილების უნარის დაკარგვის, არა იმდენად სიბრმავის, რამდენადაც მარტოობის.

„სიბრმავეს სიკვდილი ჯობია“ - ამბობს ოიდიპოსი. თუმცა დასტირის არა სიბრმავეს, არამედ „გაძევებას“, გარიყვას, მარგინალიზაციას... იმას, რისიც სიყმაწვილეში ადამიანს არ ეშინია. იმას, რისიც არც პედრო ალმოდოვარს ეშინოდა მაშინ, როცა თავის ხულიგნურ კინოს იღებდა, 80-იან წლებში. მით უმეტეს, რომ სჯეროდა - იგი არასდროს დარჩება მარტო, რადგან ძალიან მდიდარია: ჰყავს მეგობრები, თაყვანისმცემლები... შეუძლია დაპატიჟოს ყველა თავის აგარაკზე, მადრიდის გარეუბანში, და კაეტანო ველოსოს კონცერტი მოასმენინოს, როგორც აქ, ფილმში „ელაპარაკე მას“.

http://www.youtube.com/watch?v=-CsA1CcA4Z8

ალმოდოვარს არც თავისი ენის, სტილის „ამოწურვის“ ეშინოდა, რადგან ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ ჰქონდა გამოყენებული საყვარელი ფილმების ციტატები. იცოდა, რომ სიორკის, უაილდერის, ჰოუქსის, ფასბინდერის და, რაღა თქმა უნდა, ჰიჩკოკის ფილმების ციტირება უსასრულოდ შეიძლებოდა.

მაგრამ იგი უკვე 58 წლისაა. მას აღარ აქვს თავის მოკატუნების, ფარისევლობის, კარნავალში შენიღბვის და სხვისი ფილმების სახეებით თამაშის თავი.

კაეტანო ველოსოს კონცერტი დასრულდა. სტუმრებმა მომავალი ფილმის გამარჯვების სადღეგრძელო დალიეს, დედამისი გაიხსენეს და დაიშალნენ. მოსამსახურე ქალმა ღამე მშვიდობისა უსურვა და მადრიდში წავიდა.

ასე დარჩა მარტო. უზარმაზარ ვილაში.

„შეწყვეტილი ამბორის“ პრემიერამდე აღიარა, რომ ფილმის იდეა დეპრესიაში ყოფნის დროს მოუვიდა. პრინციპში ეს არც იყო დეპრესია. უბრალოდ, თავის ტკივილები დამეწყო და სწორედ მაშინ, როცა ტკივილმა კულმინაციას მიაღწია, მუზა მომივიდა, ახალი ფილმის სიუჟეტი მოვიგონეო - ამბავი ბრმა კინორეჟისორზე, რომელიც თავის ცხოვრებას უყვება ასისტენტს (ფილმის ბოლოს მისი შვილი რომ აღმოჩნდება)... ჰყვება და თან კითხვებს სვამს: ვინ მოუწყო ავტოკატასტროფა? მისი შეყვარებულის საყვარელმა - ბებერმა ოლიგარქმა ხომ არა? ან როგორ მოხდა, რომ მისი უკანასკნელი ფილმი, რომელიც მას არ დაუმონტაჟებია, რადგან კლინიკაში იწვა, ასეთი ცუდი გამოდგა? ვინ „გაუფუჭა“ ფილმი?

შიში, რომ იმას, რაც შენ შექმენი, სხვა „გააფუჭებს“, შიში წარუმატებლობის, შიში სიბრმავის, შიში მარტოობის, შიში უშვილობის...

მხოლოდ და მხოლოდ ამ შიშებზეა აგებული „შეწყვეტილი ამბორი“.

მარტოობის გააზრებას ყველაზე შემზარავი შიში მოჰყვება ხოლმე. ფიზიკურ ტკივილზე, სიკვდილის შიშზე უფრო აუტანელი. როგორც კი ჟან-პოლ სარტრის როკანტენი თავის მარტოობას გაიაზრებს, გულისრევა ეწყება. მაგრამ სწორედ ამ დროს შეიგრძნობს და დაინახავს რაღაცას, რაც არასდროს შეუნიშნავს, არასდროს მოუსმენია.

მარტოობის ამ გააზრებამ შექმნა „შეწყვეტილი ამბორი“ - ფილმი კინორეჟისორზე, რომელიც განგებამ დააბრმავა, რათა სიცოცხლის წითელი კარნავალის ნაცვლად ბუნების მწვანე პეიზაჟი დაენახა და დაეფასებინა.

პირველად პედრო ალმოდოვარის ფილმებში „სამოთხის“ სახე ჩნდება ბუნებაში - კანარის კუნძულებზე, სადაც 14 წლის წინ, ავტოკატასტროფამდე ერთი დღით ადრე, შეყვარებულები ტელევიზორით უყურებდნენ რობერტო როსელინის ფილმს „მოგზაურობა იტალიაში“, რომელშიც, თავის მხრივ, ნეაპოლში სამოგზაუროდ (და ურთიერთობის გასარკვევად) ჩასული ამერიკელი ცოლ-ქმარი (ინგრიდ ბერგმანი და ჯორჯ სანდერსი) უყურებენ, თუ როგორ აწარმოებენ არქეოლოგები გათხრებს პომპეიში („ფილმი ფილმში“, „დანახვა იმისა, თუ როგორ ხედავენ სხვები“, „მზერათა ეროტიკა“ წამყვანი ხდება ალმოდოვარის ბოლო ფილმში).

ფინალში ისევ განმეორდება ეს საოცარი პეიზაჟი. სურათის გმირს თვალი არ აეხილა. მაგრამ მას უკვე ოჯახი ჰყავს. მადრიდში, თავისი სახლის გარეუბანში, მეგობრების „პარტის“ დასრულების შემდეგ, როცა მოსამსახურე ქალი დაემშვიდობება, იგი მარტო აღარ იქნება - თავის ახლად შეძენილ ვაჟთან ერთად ლუდს დალევს და უამბობს, როგორ უყვარდა 14 წლის წინ დაღუპული პენელოპა კრუსის გმირი - ხან ოდრი ჰეპბერნს რომ ჰგავს, ხანაც კი ოდრის ანტიპოდს - მერილინ მონროს.

ყველა ბედნიერია, მაგრამ რატომ გვესმის ისევ ასეთი სევდიანი სიმღერა?

http://www.youtube.com/watch?v=TPmuD3-36dM
ეს ფორუმი დაიხურა
Comment Sorting
     
კომენტარები
ავტორი: Io საიდან გვწერთ: casa
04.07.2009 17:36
ბატონო გოგი!ძალიან სევდიანი და საინტერესო წერილია... პედრო ალმადოვარი ჩემი ერთერთი უსაყვარლესი რეჟისორია... აქ ერთერთმა ბლოგერმა დაწერა ვერ წარმომიდგენია ალმადოვარის სევდიანი ფილმიო,მე კი ვთვლი რომ მის ყველა ფილმში არის თუნდაც სულ ცოტა სევდა...
ჩაველა ვარგასის „სომოს“ -მა უამრავი რამ გამახსენა... ასეთი სევდიანი და თბილი ხმა დიდი ხანია აღარ გამიგია...
და თქვენს წერილში თითქოს ჩემი ფიქრები ამოვიკითხე... მე ხშირად ჩემი თავი Jean-Pierre Jeunet-ის ამელის მაგონებს და ამიტომ გიტოვებთ იან ტიერსენის ჩემთვის უსაყვარლეს ნაწარმოებს...

http://www.youtube.com/watch?v=b4-0AfJKcIU&feature=PlayList&p=B77DB0FA11A20B27&playnext=1&playnext_from=PL&index=2

ავტორი: VIncent
01.07.2009 22:19
მაიკო, მე როგორც გუშინ მითხრა "ამირანის" მოლარემ, წარმოდგენა არ აქვს :D :D

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
01.07.2009 20:54
არა და,როგორი იმედი მქონდა ამ ხუთშაბათს გოგის ნახვის.საჩუქარსაც გადავცემ-თქო.მაგრამ,მოკვდი თუ გინდა, (კავკასიოლოგ,შენი ნათქვამიც გამახსენდა) არა და არა!!!
პ.ს.რა მინდოდა საერთოდ? ვყოფილიყავი ჩუმად ჩემთვის, ძველებურად გამეგრძელებინა გადაცემის ყურება.მგონი,ამდენ ბრძოლასა და ომში გამოვიწვრთენი კიდეც. მაგრამ,მე მაინც არაფერი მეშველება.(:

ავტორი: tina საიდან გვწერთ: kutaisi
01.07.2009 13:16
კარგა ხანია რადიო თავისუფლბისათვის არ მომისმენია. ეს დროის უქონლბის ბრალია, არადა ერთ დროს ეს ჩემი უსაყვარლესი "საქმიანობა" იყო. ეხლა ინტერნეტში ჩავუჯექი თავისუფლების გვერდს და ღმერთო ჩემო როგორ ჩამოვრჩენილვარ მოვლენებს. ამიერიდან ისევ შენთან ვარ თავისუფლების რადიოვ!!!:))

ავტორი: მოდერატორი
01.07.2009 13:16
კეთილი იყოს თქვენი "დაბრუნება"! :-)

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
01.07.2009 11:45
შეიძლება, გკითხოთ და გავიგო,(-: რომელი ხუთშაბათიდან იქნება ალმოდოვარის ფილმის პრემიერა?
პ.ს.როგორც მითხრეს, ამ შაბათ-კვირას არაფერი იცვლება.

ავტორი: susanna საიდან გვწერთ: Tbilisi
01.07.2009 11:01
გოგი, ძალიან კარგი წერილია და თან მუსიკაც რომ ერთვის, საერთოდ გადაგრევს.
ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ ამბობთ: "ეჭვი მაქვს, ასეთივე ბედი ელის „შეწყვეტილ ამბორს“ - რაღაც მეტისმეტად ცივი იყო ჟურნალისტების რეაქცია. დაიბეჭდა სტატიები, რომელთა ავტორები ალმოდოვარს „დაღლაში“, „განმეორებებში“, დრამატურგიულ გაუმართაობაში ადანაშაულებენ." - თქვენ ეთანხმებით ჟურნალისტების ბრალდებებს თუ ეს ეჭვი მხოლოდ მათ რეაქციებზეა დაყრდნობილი?

ავტორი: buxrika საიდან გვწერთ: tbilisi
30.06.2009 17:44
ძალიან სევდიანი წერილია. ვერ წარმომიდგენია ალმოდოვარის ძალიან სევდიანი ფილმი

იმედია მომავალი ბლოგი ცოტა უფრო მხიარული იქნება:)

ავტორი: VIncent
30.06.2009 07:08
რატომ არ ეღირსა, საქართველოს ფულიანი კინომანი, პატარა კინო-თეატრითა და დახვეწილი პროგრამით?
მაგრამ სად აქვს კინომანს ან ფული ან ნერვები, მითუმეტეს საქართველოში..
ხომ შეიძლება ორი სეანსი იყოს? ორიგინალში და გახმოვანებული ( ქართულად, რუსულად, მეგრულად , სვანურად და კიდევ რა ვიცი რად)..
აი, "ცხელ შოკოლადში" დაბეჭდილი სტატიიდან შევიტყვე, რომ ტარანტინოს დუბლირებული ნახვა არ შეიძლება.. კიდევ ტარანტინოსა და ალმოდოვარის "ფანების" ნაწილი გაღიზიანებული ყოფილა..
რაც შეეხება იმ სტატიაში გამოთქმულ აზრს - "კრისტოფ ვოტცის ოსტატობა გაყიდის და იყიდის ჟიურის ოთხი წევრი არტისტის, მათ შორის იზაბელ იუპერის მთელ შემოქმედებას"-მიუხედავად იმისა, რომ ფილმი (და შესაბამისად ვოტცის ოსტატობა) არ მინახავს, გაბრაზებული კაცის სიტყვები მგონია..
მაგრამ მე მიყვარს გაბრაზებული კაცის (და კარგი, ქალისაც :D ) წერილები.თუნდაც მოჩვენებითი კმაყოფილებით დაწერილი.. აი, ბავშვი რომ სკოლაში სამიანს მიიღებს და მაინც კმაყოფილია- ორიანს გადარჩა..

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
30.06.2009 01:50
ბატონო გიორგი, თქვენზე შეყვარებულ ახალგაზრდა ბლოგერებს არ ახსოვთ ის დრო, როდესაც კინოს სახლის დარბაზი გადატენილი იყო და ახლად გამოჩენილ ალმოდოვარის ფილმებს თავად წარმოგვიდგენდით. ისე კარგი იქნებოდა თუ ეს ვირტუალური ბლოგისტერია რომელიმე კინოთეატრის მცირე დარბაზში, (თუნდაც კვირაში ერთხელ) გადაინაცვლებდა, სადაც სიმბოლური ბილეთები გაიყიდებოდა და ჩვენც გავიხარებდით. სალაპარაკო ხომ ძალიან ბევრია მივიწყებულ კინოზე. პატივისცემით სარკმელისა და ფსიქოს ერთგული მაყურებელი.

ავტორი: გიორგი გვახარია საიდან გვწერთ: თბილისი
30.06.2009 01:47
ნინო,
როგორც ვხვდები, ამ ფილმზე მწერთ:
http://www.imdb.com/title/tt0069120/
ლინკი ეს უნდა იყოს (რუსულად გახმოვანებული
http://rapidshare.com/users/IXMDS9/15
თუმცა, ამ სათაურით ორიგინალსაც მოძებნით ინგლისური სუბტიტრებით.
მართლაც კარგი ფილმია, თუმცა ვალერიო ძურლინის უკეთესი ფილმები აქვს გადაღებული.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
30.06.2009 01:30
ძალიან მინდა ფილმ პროფესორის ნახვა, ალენ დელონი რომ თამაშობს. ერთხელ გაუშვით თქვენ, ბატონო გოგი, გადაცემაში სარკმელი. ხომ ვერ მეტყვით, როგორ მოვიძიო ეს ფილმი? არაჩვეულებრივი ფილმია.

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
29.06.2009 23:18
იმედი ვიქონიო, რომ იქნები???
თუ - კი,მაშინ პულსი 120, წნევა 200 და სრული კრიზი მელის სიყვარულის, სიხარულის, გაგიჟების, შერყევის, შოკის ღამის თეთრად გათენების!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: giorgi samniZe საიდან გვწერთ: batumi
29.06.2009 23:04
მე იმაზეც დამწყდება გული, ქართულად "დუბლირებული" თუ გავა... :( ეს არის წარმოუდგენელი საშინელება, რასაც ფილმებს უკეთებენ. მთელი ხმოვანი რიგი ფუჭდება, არის ასინქრონი პირის მოძრაობასთან... ახმოვანებენ ქართული რეკლამების პათოსით და ა.შ. ძალიან ნაჩქარევად და ცუდად... :( მოკლედ, არც კი ვიცი, რა ვინატრო... არ შეიძლება ალმოდოვარი ინგლისური სუბტიტრებით რომ გაუშვან? :))))

ავტორი: გიორგი გვახარია საიდან გვწერთ: თბილისი
29.06.2009 22:19
კინოცენტრში მითხრეს, რომ ეს ფილმი ხუთშაბათიდან გავა "ამირანში". ძალიან დამწყდება გული, რუსულად დუბლირებული რომ იყოს.

ავტორი: O.K. საიდან გვწერთ: FROM BATUMI
29.06.2009 21:53
ბატონო გოგი ნუ გვახარბებთ ალმოდოვარის ფილმს, გთხოვთ, ისეთაც დორბლები მოგვდის:)

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: თბილისი
28.06.2009 23:03
ველი ფილმს, ახლა უკვე ორმაგი ინტერესით! მიყვარს ალმოდოვარი და "მის ვილაში" იმ ორ საათს სიამოვნებით ვესტუმრები.

ავტორი: visi ra saqmra vin საიდან გვწერთ: an saidan
27.06.2009 23:44
ზოგჯერ ნეტარ არიან უსინათლონი, ყრუნი, უგრძნობელნი და უჩინარნი!

ავტორი: სალი
27.06.2009 15:44
მიყვარს ალმოდოვარის მელანქოლია, იუმორი, ნერვიული კრიზისი. მიუხედავად იმისა რომ მის ახალ ფილმზე ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი არსებობს მოუთმენლად დაველოდები :). თვითონ ალმოდოვარისთვის კი ეს ფილმი კინომატოგრაფიისადმი სიყვარულის დეკლარაციაა (თვითონ წერს), ფილმის შექმნას ის ირაციონალურ ვნებას უწოდებს. რაც შეეხება "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" - ამ ფილმის შემდეგ მან თქვა - ესაა Hommage ყველა მსახიობი ქალისადმი თეატრსა და კინოში, ასევე ყველა ქალისადმი ნამდვილ ცხოვრებაში, ვინაიდან მაშინ როდესაც მამაკაცებს სწამთ, რომ მათ უპყრიათ ძალაუფლება, სინამდვილეში ქალები არიან ის, ვინც პრობლემას წყვეტენ, თამაშობენ რა, იტყუებიან თუ იმალებიან... ალბათ ამიტომ აუძლურებს ფილმებში კაცებს, ამით ერთგვარად ცდილობს ნიღაბი ახადოს :)
არ მინდა მჯეროდეს რომ სათაური მან ინცესტური ვნების გამო აირჩია, ჩემთვის ეს ფილმი უფრო სიბინძურეში დედის, როგორც სიწმინდის ფენომენის ძიებად ასოცირდება, როგორღაც თითქმის არაცნობიერად :)

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
27.06.2009 02:40
დღეს წიგნის ფესტივალზე ბერგმანის მსუქან გამოცემას გამოვემშვიდობე, მიუხედავად იმისა რომ ნახევარ ფასში იყო. ვისაც გაინტერესებთ იყიდეთ, წინ კიდევ ორი დღეა. 150 ლარად 150ევროიანი ტაშენის გამოცემა

ავტორი: te საიდან გვწერთ: tbilisi
27.06.2009 02:33
gachagaravebuli gulchvili bavshvi, mis cin arsebuli chreli palitra, arachveulebrivi nichit da gemovnebit, martivi da matematikurad gatvlili kadrebit gvixatavs gulisamachukebel 2saatian serials.qalebs almadovari ukvart, almadovars ki daqalivit esmis mati. misi koveli axali pilmi ki hit-aglumis sanatreli stumaria, romlis pilmebshic garantirebuli gvaqvs - supper musika, plastika, deteqtivi, sisxli, SIKVARULI, aucileblad daxeibrebuli romelime gmiri, erti an ramdenime homoseqsuali da kidev sxva bevr NIUANSEBTAN ertad chveni cremli. mis filmebs mokle da martivi gzit mivyevart cxovrebis mtavar MESIJEBTAN. mokled dzalian sakvarelia da kidev cin gvaqvs misgan mosanichebeli siamovnebebi.

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
27.06.2009 02:00
რატომღაც, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ წმ. მარიამ მაგდალინელი იყო მეძავი. მართალია იგი უფლის წყალობით შვიდი ვნებისაგან გათავისუფლდა, მაგრამ როგორც ასეთი მეძავი, ის არ ყოფილა.
პ.ს.თქვენ, ალბათ, გინდოდათ გეთქვათ წმ. მარიამ ეგვიპტელი, რომელიც 12-წლიდან მეძაობდა და ღვთისმშობლის შემწეობით ის ამ ცოდვისგან გათავისუფლდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში სიწმინდით გაატარა.

ავტორი: niko საიდან გვწერთ: saphrangethi
26.06.2009 21:59
მინაწერი: პატ. ნანა სოხუმიდან. მგონი არა წმ. მარიამ მაგდალინელი, არამედ წმ. მარიამ დამასკელი.

ავტორი: niko საიდან გვწერთ: saphrangethi
26.06.2009 21:57
მადლობა ბატონო გოგი, ძალზე საინტერესოდ აშუქებთ ალმოდოვარს, ვფიქრობ არა მარტო იგი, საერთოდ ყოველი შემოქმედი, გარკვეულ ასაკში, გარკვეულ კომენტარს უკეთებს ცხოვრებას საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ისე წარმოაჩენს საკუთარსავე შემოქმედებაში. ასე იბადება და ყალიბდება შემოქმედის ხელწერა.

ავტორი: კომბლე საიდან გვწერთ: თბილისი
26.06.2009 16:05
ოიდიპოსიო, სარტრიო, კაეტანო და ჩაველა ვარგასიო. სიმბოლოების ცვენაა, ახალი ალმადოვარისადმი სრული უინტერესობის მიუხედავად :)

ავტორი: MAIKO საიდან გვწერთ: TIFLISI
26.06.2009 15:26
რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს რეჟისორი ძვირფასია ჩემთვის. სწორედ იმიტომ იმსახურებს მაყურებლის სიმპათიას, რომ ის საოცრად გახსნილია. არ ეშინია, არ რსცხვენია ილაპარაკოს იმაზე, რაც სტკივა, აწუხებს და სტანჯავს. ამიტომ არის უსაზღვროდ საყვარელი და დაუვიწყარი თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.
ის რეჟისორია და მას ყველაფრის უფლება აქვს, თუნდაც საკუთარი თავის ათასჯერ გამეორების.

ავტორი: გიორგი სამნიძე საიდან გვწერთ: ბათუმი
26.06.2009 14:13
ვკვდები ინტერესით, როდის ჩამოაღწევს ეს ფილმი ჩვენამდე... :( დროზე ქნან რა!

ავტორი: nana საიდან გვწერთ: soxumi
26.06.2009 13:03
ფილმში "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" პედრომ წარმოადგინა ერთი ქალის სხვადასხვა თვისება. რაც ყველაშია. გავიხსენოთ მარია მაგდალინელი, მეძავი გახდა ყველაზე მორწმუნე ქალი.

ავტორი: liramesxi საიდან გვწერთ: batumi
26.06.2009 12:36
მადლობა გოგი,
მგონი მეც მომერია ცრემლი.
წელს 58 შემისრულდა.
     

პროდუქტები და ფუნქციები

პოდკასტიRSS