Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცუდად დგომას ცუდად შრომა ჯობია


”ნახე ”ცხელი შოკოლადის” ახალი ნომერი? საშინელი ყდაა. ქვეყანაში რა ხდება და ესენი რას ბეჭდავენ?...”

ასეთი შეტყობინება მივიღე ჩემი ოპოზიციონერი მეგობრისგან.

კი, ვნახე; გიგი თევზაძე და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პედაგოგები. რაღაცნაირი, სალონური, ”ენჯეოშნიკ-სვეტსკური” ყდა - პროფესორები, რომლებიც, თითქოს, მართლაც არ იმჩნევენ, რა ხდება ქუჩაში.

”ცხელი შოკოლადის” ავტორებს რომ არ ვიცნობდე, მეც გავღიზიანდებოდი. მაგრამ ხომ ვიცი, როგორი კონცეფტუალისტები არიან? სწორხაზოვნებას ისევ გაურბიან; მაისის უზომოდ გათხელებული და დაპატარავებული ჟურნალის ყდაზე არა ქუჩაში დადგმულ საკანს, არამედ გაღიმებული და კმაყოფილი პროფესორების კოლექტიურ პორტრეტს გვთავაზობენ.

ვიცნობ ”შოკოლადელებს” და ვიცი, რისი თქმა უნდათ; ”ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”.

ამ დალოცვილ ანდაზას რამდენი უხეირო კაცი ხეირიანად გამოჰყავს და გამოუყვანია, მეც იმათშიო... წერს ილია და გვახსენებს, ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიანო.

თბილისი ”საკნების ქალაქად” იქცა. ხელისუფლება ამბობს, რომ დიალოგზე თანახმაა, თუმცა პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე ვასილ სანოძეს ამართლებს, ”წუწაობდაო” გვარწმუნებს... სცემენ ჟურნალისტებს. ისვრიან ფეკალურ მასებს. ნომერი პირველი ”პრიალა” ჟურნალი კი თითქმის მთელ ნომერს განათლებას უძღვნის.

ვიღაცისთვის ეს არაადეკვატურობაა. ვიღაცისთვის კონფორმიზმი. ვიღაცისთვის მეტიჩრობა.

ჩემთვის - პოზიცია. თუ გნებავთ, რჩევა. მიმართვა მთელ ქართულ საზოგადოებას - ”არ დაგვავიწყდეს განათლება, რადგან კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო იარაღი ფიქრის უნარია!”

ერთი გაყვითლებული რვეული მაქვს, მერაბ მამარდაშვილის ლექციების ჩანაწერებით. ”რუსეთი შეიძლება გამოფხიზლდეს, შეიძლება ღირსების გრძნობაც გაეღვიძოს, მაგრამ რუსულ სივრცეში ძნელად იბადება აზროვნების სურვილი.”

რუსეთზე თქვა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ საქართველოც იგულისხმა. ილიას სიტყვები გაიმეორა.

ახლაც ასე არაა? ”ღირსება, ღირსება...” ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად იმეორებდნენ ქუჩაში, 1989 წლის აპრილში, 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” დღეებში... ამ სიტყვებს იმეორებენ დღესაც.

ღირსებაც გვაქვს. რწმენაც. უწმინდესს ვუჯერებთ. მაგრამ ამპარტავნობას ბოლო არ უჩანს - კრიზისი გრძელდება და უკვე ისეთ ფორმას იღებს, რომ განათლების თემაზე მსჯელობაც კი ”არაადეკვატურად” აღიქმება.

არ ვიცი, გაიმეორებდა თუ არა დღეს ”ქართული აკადემიის” აქტიური წევრი, ნინელი ჭანკვეტაძე თავისი გმირის, თამრიკოს სიტყვებს: ”უშნო ქართველებო, ქეიფების და პანაშვიდების ხალხო! მეზიზღებით! მეზიზღებით”... ამას გვეტყვის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში ”ცხელი ზაფხულის სამი დღე”. ეკრანიდან თვალს გაგვისწორებს და პირდაპირ ჩვენ მოგვმართავს მას შემდეგ, რაც დაინახავს, როგორ დამარცხდა მისი მასწავლებელი, არქეოლოგი სულხანი ”უშნო ქართველებთან” ბრძოლაში.

სულხანი - დიალოგის, ფიქრის, განათლების მომხრე იყო. მისი სტუდენტი თამრიკო კი აქტიური ბრძოლის, მოქმედების, უკომპრომისობის. სულხანი მზად იყო დაეთმო ის, რასაც თამრიკო ”ღირსებას” უწოდებდა... თუკი ეს დათმობა ნგრევას შეაჩერებდა.

და დათმო კიდეც. შეეწირა უსამართლობას.

გამარჯვებით შეიძლება ვერ გაიმარჯვა. მაგრამ ის კი გააგებინა თავის ძალიან გულახდილ, ძალიან ემოციურ, მაგრამ თავის თავში მეტისმეტად დაჯერებულ უმცროს მეგობარს, რომ სანუკვარი სიმაღლის ასაღებად ფიქრია საჭირო, აზროვნების სურვილი, ”დაანგარიშების” უნარი. ამ უკანასკნელს რაღაც განსაკუთრებული შემართებით ებრძოდა დარდიმანდი ქართველი - ”ვაჭარს”, ”სოვდაგარს”, ”სოლომონ ისაკიჩს” ეძახდა იმას, ვინც გათვლასა და დაგეგმვაზე ააწყო თავისი ცხოვრება.

ეზარებოდა. სტუმარი მხოლოდ იმიტომ ეჯავრებოდა, რომ უნდა ამდგარიყო და ტანთ ჩაეცვა... ჰოდა აბა ფიქრი და ანგარიში არ დაეზარებოდა?

”ვიცი, რომ ჩემდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს” - წერს ილია და უსამართლობას ეწირება.

მსხვერპლმა გაამართლა. ღირსების გრძნობამ გაიღვიძა ქართველებში. ღირსეული საზოგადოება ილიას სურათებით ქუჩაში გამოვიდა.

1989 წლის აპრილში. 2009 წლის აპრილში.

ყველაფერი ლამაზად დაიდგა. ”ჯიგრულად”. ერთი-ორი პროვოკატორის საქციელს თუ არ ჩავთვლით, ხალხი მშვიდად იდგა. მაღაზიის ვიტრინებს არ ამტვრევდნენ და მანქანებს არ წვავდნენ. უსმენდნენ ოპოზიციის ლიდერებს და კმაყოფილი შეძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. სიტყვები ”არავითარი დიალოგი! არავითარი დათმობა!” ხალხს განსაკუთრებით გამოაცოცხლებდა ხოლმე.

”ოპოზიციის ლიდერებიდან რომლის იმედი გაქვს?” - ვკითხე ჩემს მეზობელს, ოთხი ღამე რომ გაათენა საკანში რუსთაველზე.

”მე უფლის იმედი მაქვს. უკან არ უნდა დავიხიოთ, მოვითმინოთ და აუცილებლად გადადგება ეს გველეშაპი.”

ჰო... უფლის იმედი დამავიწყდა. უამრავი ქართველის ცხოვრების სტილის, ”ესთეტიკის” შემქმნელი - გქონდეს ღირსების გრძნობა, არ უღალატო შენს რწმენას... და აუცილებლად დასაჩუქრდები... ფიქრი, ანგარიში, შრომა, განათლება?... ეს მერე. ”გველეშაპისგან” როცა განთავისუფლდები... როცა ის პროფესორები, ცოტა არ იყოს, ირონიულად რომ გიღიმიან ”ცხელი შოკოლადის” მაისის ნომრის ყდიდან, ვეღარაფერს დაგაძალებენ, ვეღარ გეტყვიან, ცუდად დგომას ცუდად შრომა ჯობიაო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG