პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 16:01

ბლოგები / ზაალ ანდრონიკაშვილი

არა ოკუპაციას!

x
1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს: იუნკერები - სამხედრო სასწავლებლების 20-21 წლის სტუდენტები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის მუშურ-გელეხური წითელი არმიის XI არმიისაგან; მარო მაყაშვილი - 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და, რომელიც მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად და 19 თებერვალს დაიღუპა.

ოღონდ დღეს ცოტა უცნაური რაღაც ხდება: რამდენიმე ადამიანის გმირობის კოლექტივიზაცია, “ოკუპაცია” და მთელ ერზე გადატანა ხდება. ისტორია, რომელსაც “ჩვენ” “ჩვენს თავს” ვუყვებით, მაგალითად, ოკუპაციის მუზეუმში, გვეუბნება, რომ უკვე არა შალვა ერისთავი და მარო მაყაშვილი იყვნენ გმირები, არამედ მთელი ქართველი ერი იყო ოკუპაციის მსხვერპლი, გმირულად ებრძოდა ოკუპანტებს და დღესაც აგრძელებს ამ ბრძოლას.

აქ კი უკვე ისტორიულ სიმართლესთან, ცოტა არ იყოს, მწყრალად ვართ, საკუთარ, ამჯერად ეროვნულ “იმიჯს” ვაპრიალებთ და კოლექტიური თვითკმაყოფილების ღრუბელზე განვისვენებთ - ზოგი კი საერთოდაც პირდაპირ იწერს პოლიტიკურ დივიდენდებს.


რატომ ხდება ასე?

1989 წელს მერაბ მამარდაშვილი წერდა, რა იყო აუცილებელი ახალი საქართველოს და ახალი, თავისუფალი ქართველის ჩამოყალიბებისათვის. პირველ რიგში ეს იყო საკუთარი ისტორიის, წარსულის კრიტიკულად შეფასების უნარი: „ამისათვის ქართველმა ხალხმა ჯერ ყურადღებით უნდა ჩახედოს თავის თავს სარკეში, შერცხვეს თავისი სახის, ბაქიაობის და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციების და სტერეოტიპების, შერცხვეს თავისი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი ამ წლების განმავლობაში? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? უნდა შეძრწუნდეს სირცხვილის და საზიზღრობისაგან და მაშინ მის წინაშე გაიხსნება თავისუფლების გზა, თავისუფლების, რომელიც ასაშენებელია, იმიტომ, რომ მხოლოდ სირცხვილისაგან შეიძლება აღორძინების ენერგია გაჩნდეს.”

აი, ეს სარკეში ჩახედვა მგონი დღემდე არ მოგვიხერხებია და დღემდე პატრიოტიზმს ურაპარტრიოტიზმით ვანაცვლებთ. დღემდე ვუყვებით ჩვენს თავს ისტორიას - არა ისეთს, რომელიც გვეტყოდა, როგორები ვართ და გაგვიხსნიდა გზას აღორძინებესაკენ, არამედ ისეთს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ყოველთვის კარგები ვიყავით და ახლაც კარგები ვართ.

ამ მექანიზმს მამარდაშვილი აღწერს სტატიაში „მესამე მდგომარეობა“: „პირველ რიგში [გამარტივებული წარმოდგენა სამყაროს შესახებ - ზ.ა.] ართმევს ადამიანს საკუთარი შრომის მოთხოვნილებას. ანუ შთააგონებს მას, რომ აზრი არის რაღაც, რის დასაუფლებლადაც არანაირი ძალისხმევა არ არის საჭირო, მოსმენა ან წაკითხვაც საკმარისია. მეორე: [...] პრინციპში ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს სამყაროში, რომელიც მისთვის გაუგებარია. მაგრამ გაგების ეს პრინციპი ყოველთვის ერწყმის ადამიანის საკუთარ თავთან ფუნდამენტურ დამოკიდებულებას, როგორც თვითიდენტიფიკაციის უნარის, ასევე თვითპატივისცემის უნარის მნიშვნელობით. თუკი ადამიანი თვითპატივისცემას გამარტივებული სქემების საშუალებით აღწევს, ის უმალ მოკლავს იმას, ვინც ამ სქემების დანგრევას შეეცდება, ვიდრე ამ სქემებს დაემშვიდობება.


რა მოხდა სინამდვილეში?

ჩემი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, რომელსაც შეგიძლიათ დაეთანხმოთ და შეგიძლიათ არა - პატარა ოჯახური ისტორიის მოყოლა მომიწევს. ბაბუაჩემის მამა, მიხეილ ანდრონიკაშვილი საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი იყო, პირველ მსოფლიო ომში გერმანელების ტყვეობაში მოხვდა, 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში გააგრძელა სამსახური. 1921 წლის თებერვლის ბოლოს, ორ უფროს შვილთან ერთად, იუნკერებთან არჩილ და გიორგისთან (რომელსაც შინაურები გოგლიკას ეძახდნენ) ერთად თბილისს იცავდა. როდესაც წითლები თბილისში შემოვიდნენ, ოჯახი საცხოვრებლად კახეთში, ვეჯინში გადაბარგდა - იქ უფრო უსაფრთხო იყო. 1923 წელს პოლკოვნიკმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა - რომელსაც მაშინ ახლობლები და დღეს უკვე ყველა ქაქუცას ეძახის - თავისი რაზმის შეგროვება დაიწყო. მისულა დიდ ბაბუასთანაც. მიხეილს, როგორც ბაბუაჩემი სოსო მიყვებოდა, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, დაუშლია, არ გინდა, მოგებით მაინც ვერ მოვიგებთ და კიდევ უარესი იქნებაო.

აჯანყების შემდეგ საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ კახელ გლეხებს არაოფიციალური რეკომენდაცია მისცა, თავად-აზნაურობა დაეწიოკებინათ. ძალიან მწყდება გული, რომ თავის დროს ბაბუაჩემის ჩაწერა ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მე გამიჭირდება 13 წლის ბავშვის შთაბეჭდილებების გადმოცემა, რომელიც ოთხმოცს გადაცილებულიც ამ ამბავს, გუშინდელივით ჰყვებოდა. როგორ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს სიხარბემ. როგორ ხევდნენ და წვავდნენ წიგნებს, როგორ ჭრიდნენ ჩარჩოებიდან სურათებს, აგდებდნენ და ჩარჩოები მიჰქონდათ, როგორ გლეჯდნენ შინაურ ფრინველებს, იმიტომ, რომ ორი ადამიანი ეთდროულად ექაჩებოდა, შლიდნენ ღობეს და ცალკე ფიცრები მიჰქონდათ. ქონება, რომელზეც ბაბუაჩემს დიდი წარმოდგენა არც მაშინ ჰქონდა და არც მერე, არ დანანებია. მაგრამ არასოდეს დავიწყნია, როგორ იშლებოდა მის თვალწინ არა მარტო სახლი, არამედ ბავშვობა, ოჯახი, ცხოვრება.

ბაბუაჩემი ერთადერთი არ არის, ვინც ამ ისტორიას ჰყვება - სხვაც ბევრი იყო (მსურველს შეუძლია წაიკითხოს ლიზა მაყაშვილის მოგონება თამარ მაყაშვილის შესახებ წიგნში “დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“), ოღონდ მომყოლი ცოტა გადარჩა. ბაბუაჩემი ამბობდა, ჩვენ კიდევ კარგი ურთიერთობა გვქონდა და ხელი არ გვახლეს, თორემ ჯანდიერები ქვით ჩაქოლესო.

ეს ოკუპაციის ცოტა არ იყოს, ალტერნატიული ისტორიაა: ის, რაც ისტორიიდან შაჰ-აბასის ან მურვან-ყრუს შემოსევებიდან ვიცით, XX საუკუნეში გამეორდა, ოღონდ ამჯერად “სოციალური თანასწორობის” გამო, რომელმაც სინამდვილეში საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი შურის და ღვარძლის სახე გამოაჩინა. ეს არ ყოფილა ჩეკა და ენკავედე. ქართველი გლეხი იყო.

ჩეკა და ენკავედე მერე მოვიდა. დიდი ბაბუა და ბაბუაჩემის ძმა, გოგლიკა, როგორც აჯანყების მონაწილეები, დააპატიმრეს. გოგლიკა დახვრიტეს. ბაბუაჩემს მოუსწრო ბრძანებამ დახვრეტების შეჩერების შესახებ.

არ ვიცი, ვინ უფრო მართალი იყო, ქაქუცა თუ ბაბუაჩემის მამა: ალბათ უშედეგო აჯანყება გულის მოსაოხებლად მაინც ჯობდა, ტერორი კი, როგორც ახლა ვიცით, ისედაც დაიწყო. უბრალოდ ამ აჯანყებამ გამოაჩინა, რომ “ქართველი ერი” ერთსულოვანი არანაირად არ ყოფილა. რომ ერის ერთი (მცირე) ნაწილი დამოუკიდებელი საქართველოსათვის იბრძოდა, მეორეს (დიდს) კი სხვა გრძნობები ამოძრავებდა.

არასოდეს დაგისვამთ კითხვა, რატომ აჯანყდა მარტო ქაქუცა? რატომ შეირგო საქართველომ ოკუპაცია ასე გემრიელად? მე დამისვამს. პასუხი ძალიან რთული არ არის: გასაბჭოების შემდეგ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უმცირესობის ხარჯზე თავისი ქონებრივი მდგომარეობა რადიკალურად გაიუმჯობესა. ეპატრონებოდნენ ქონებას, რომელიც არ ჰქონდათ თავიანთი შრომით მოპოვებული. რაც 21 და 24 წელს მოხდა - სხვის სახლებში შესახლება, რომლებშიც ხშირად ჯერ საწოლიც არ იყო გაციებული, “ექსპრორიატორთა ექსპროპრიაცია”, 37-ში გამეორდა. ადამიანები სინდისის ქენჯნას არ განიცდიდნენ იმის გამო, რომ დახვრეტილი ადამიანის მზა ინტერიერებს ეპატრონებოდნენ. ჯერ “ექსპროპრიირებული”, მერე კი ხელისუფლების მიერ ნაწყალობები კეთილდღეობა ტკბილი და მისაღები იყო.

რაც მე მგონია, ის არის, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობა სრულიად შეგნებულად გაცვალა ბოლშევიკურ ლოზუნგებში. ოღონდ ეს არ იყო “ხელისუფლება - საბჭოებს”, “მიწა - გლეხებს” და “ფაბრიკები - მუშებს”. ხელისუფლება, მიწა და ფაბრიკები ბოლშევიკურმა მთავრობამ თავისთვის დაიტოვა. სამაგიეროდ, ხალხს თავისი პატარა, წვრილბურჟუაზიული კეთილდღეობა მისცა. და, აი, ეს პატარა კეთილდღეობა - ერთი ან ორი ოთახი, სხვისი ავეჯი და ჭურჭელი და, რაც მთავარია, უშრომელად მოპოვებული თვითტკბობა და თვითპატივისცემაა ის, რაზეც დამოუკიდებლობა და თავისუფლება მაშინ გაიცვალა.

პოსტსკრიპტუმი. ბაბუაჩემი 92 წლის იყო. 2001 წლის ნოემბერში ქუჩაზე გადადიოდა, როდესაც მანქანამ დაარტყა. მძღოლს უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა. არ გამიკვირდება, თუ დღეს ამ ადამიანს გულზე ყაყაჩო აქვს მიბნეული, მამაცი იუნკერების სადღეგრძელოს სვამს და პატრიოტული გზნებით შეპყრობილი გაიძახის: “არა ოკუპაციას!”

Tags: რუსეთი,ოკუპაცია,ბლოგი,ისტორია



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: შამილ საიდან გვწერთ: ბერლინი
07.03.2013 02:38
თუ ავტორს იმის თქმა უნდა, რომ ამ ყალბ აქციას ნაციონალები აწყობენ და ხალხს აშტერებენ - თქვას პირდაპირ.
ამის მაგივრად ის ხატავს სურათს, სადაც უსაქმური გლეხები და მუშები განათლებულ და მშრომელ უმცირესობას ართმევენ მონაპოვარს. და ამას განიხილავს მამარდაშვილის გამოთქმების ჭრილში. სასაცილოა.

ავტორი: givi საიდან გვწერთ: tbilisi
07.03.2013 00:10
ცოტა რამ ოკუპაციის შესახებ ნამდვილათ ჩვენი მიწები დღეს ოკუპირებულია, და მე პირადათ არ მეგულება ჩემს ირგვლივ ადამიანი ვინც ამას არ აღიარებს. მაგრამ ჩემი სუბექტიური აზრით კლიპები და დოსტოევსკის უარყოფა ამ პრობლემას საუბედუროთ ვერ გადავიწყვიტავს. კლიპს რომ შეეძლოს დეოკუპაცის მოხთენა გარწმუნებთ იმის მიუხედავად რომ ხმა არამაგვს მეც ვიმღერებ. თუ დოსტოევსკის უარყოფა გვიშველის დღესვე ყველა მის ტომს ცეცხლ მივცემ. და მარტო მილან კუნდერას წიგნებს დავიტოვებ მაგრამ სამწუხათ ასე მარტივატ ეს საკითხი არ წყდება. შეიძლება ახალგაზრდა თაობას რომელიც არ არის ნამყოფი აფხაზეთში ნაკლები ინფორმაცია თუ რა სამოთხეაა ეს ტერიტორია . დღე არ გადის რომ არ გავიხსენო აფხაზეთი და იმის მიუხედავათ რომ წაკითხული მაქვს დოსტოევსკი და სხვა რუსი მწერლები ვიწყებ რუსეთის მთავრობის გინებას, მაგრამ იქვე არ მავიწყდება ჩვენი მთავრობის უწმაწურად გახსენება. მაგრამ აქაც არ არის შველა ყველაფერს სჭირდება
სერიოზული ანალიზი როდის და მთავარია რატომ მოხთა რატომ ვერ ავიცილეთ, და შეგვეძლო თუ არა აცილება. 1801წელს ოკუპაციაა არ ყოფილა , მოხთა ანეკსია, და ამაში ლომის წილი ერეკლეს შვილების ბრალია. თორემ ალექსანდრე 1 გაუქმა პავლეს განკარგულება საქართველოს სამეფოს გაუქმების შესახებ, მაგრამ მერე დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის, და გააგიჟეს ალეკსანდრე. 1921 წელს ძალიან მძიმე ეკონომიური მდგომარეობა იყო და რუსეთმა ისევ ქართველების ხელით მოახთინა სამოქალაქო ომის ინსპერირება მერე მოახთინა ოკუპაცია, რომელიც გრძელდებოდა სანამ არ შეიქმნა საბჭოთა კავშირი,და ოკუპაციის რეჟიმი გადავიდა ანეკსიის რეჟიმში, რომელიც დამთავრდა საბჭო კავშირის დაშლით.ამ პერიოდში ბევრმა საქართველოს მოქალაქემ ჩაიდინა ძალიან ბევრი უღირსი საქციელი გაკულაკება 37 წლის რეპრესიები. რამდენიმე დღის წინ მომეცა საშუალება მენახა 1937 წელს ბაბუაჩემზე გამოტანილი განაჩენი მწვანე მელნით დიდი ასოებით ეწერა расстрелять, და ამას ხელს აწერენ ქართველები და არა ინოპლანეტელები, ერთ დღეში მოყვანილია სისრულეში სამი დღე შოკში ვიყავი, სხვებს რომ უყვებოდი ვისაც 37 წელი არ შეეხო ძალიან წყნარად იღებდენ ამას ყველაფერი შესასწავლია და უნდა ვებრძოლოდ მანკიერებას მხოლოდ არა ისე როგორც ამას აკეთებდა ნაცმოძრაობა ვითომ ებრძოდა სტალინს, სტალინისტური მეთოდებით
კლასიკური ოკუპაცია მოხთა 2008 წელს და ის დღემდე გრძელდება. ამის პროგნოზი კი შეიძლებოდა კოსოვოს შემდექ რუსეთს პასუხი უნდა გაეცა დასავლეთისთვის განიხილებოდა მოლდავეთი და ჩვენ, არჩევანი გაკეთა ჩვენზე, რატომ ეს ანალიზის საგანია. დღეს დეოკუპაციის შედეგის მიხწევისთვის უნდა ვიმუშავოდ ორი მთავარი მიმართულებით აფხაზების და ოსების გულის მოგებაზე ძალიან ძნელია მაგრამ შესაძლებელია, და მეორე ტოლვილების დაბრუნება. ასევე საჭიროა მუშაობა გარე სამყაროსთან მათ შორის რუსეთან, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და ეს ლეგიტიმურია. შენ უნდა გაითვალისწინო მათი ინტერესი. ასეთი პატარა და სუსტი ქვეყნისთვის როგორიც ჩვენ ვართ აუცილებელია არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება. ამას კი ჭკუა და განათლება სჭირდება."აღმაშენებლობა " უკვე გავიარეთ გვჭირდება გიორგი მეუთის/ბრწყინვალის/ პოლიტიკა არარის საჭირო ახალი ცივის მთა, მაგრამ ვინც დასასჯელია იმან პასუხი უნდა აგოს თუნდაც მონანიებით

ავტორი: ანონიმი
06.03.2013 20:37
დიდი მადლობა უღრმესად პატივცემულ რადიოს იმის ახსნისთვის რომ ქართველები უღირსი და მოსასპობი ხალხია. მიხეილ თამარაშვილზე მისაფლავებული გულუბრყვილო ჯაბა ამბობდა რომ მარტო მეგრელები არიან გასაწყვეტები. ეხლა დაზუსტდა რომ არც ქართლ-კახელ-იმერელ-თუშ-ფშავ-ხევსურ აჭარლები არ არიან დასანადობები. იმედია რომ ჯერ ამ რადიოს თანამშრომლებს დააყრიან დუსტს და შეუსევენ ვირუსებს.

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: upureti
06.03.2013 16:10
ესეც თქვენ ქოცებო http://www.youtube.com/user/GreenRoomGE?feature=watch

ავტორი: სალი
05.03.2013 19:42
სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანთა უმრავლესობას უბრალოდ ბანალურად უკეთესი ცხოვრბა უნდა, უფრო მეტი მატერიალური კეთილდღეობით, მეტი სტაბილურობით, უკეთესი კვებით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემით. გვავიწყდება და ვთხოვთ იდეებისთვის ბრძოლას - სამშობლოსთვის, რომელიც შიმშილისთვის გვწირავს, დროშისთვის, რომელიც მატერიალური ფორმის მიუხედავად უკიდურესად აბსტრაქტული სიმბოლოა, ბოლშევიზმისთვის, მჩაგვრელი მეფისთვის.
ისიც გვავიწყდება რომ ჯანდიერების გადამწველი გლეხი ის ჯაჭვახსნილი წლების განმავლობაში ჩაგრული ჯანგოა, ახლა ასე რომ მოგვწონს ტარანტინოს ფილმში.

ავტორი: naturali
05.03.2013 18:59
კაი რა ანონომ რისი პატრიოტია ხუხაშვილი

კაი მამაპაპური ტრადიციული პატრიოტი აი გიორგი ,,ანჟელა,, მაზნიანია რეზიდენციასთან ქვიშაზე და ვარსკვლავებზე ურიცხვი თუ ურცხვი ლაშქარი რომ შეყარა

გახსოვს ნუგზარ ზვიადისტ წიკლაურმა რო სთქო

ქართული პატრიოტული ელიტა არნახულ შეკავშირებას მოახდენსო

გიორგი ,,ანჟელა,, პატრიოტთა თავკაცი თუა ისე იგი ტოჟე ელიტარია

ნეტა ეგ და წიკლაური როგორ ,,შეკავშირდებიან,, ჰააა

ავტორი: ანონიმი
05.03.2013 18:08
"როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რუსეთში არსებული აქტივები სწრაფი წესით გაეყიდა და როცა სწრაფი წესით ყიდი ქონებას, ყოველთვის განიცდი დანაკარგებს. ასე რომ, ამაში არაფერია გასაკვირი. ბიძინა ივანიშვილმა ეს გააკეთა საქართველოს სახელით. ამ დანაკარგზე წავიდა შეგნებულად, მას უნდოდა მალე გათავისუფლებულიყო რუსეთთან გარკვეული კავშირებისგან. ეს იყო მისი მხრიდან გადადგმული შეგნებული ნაბიჯი", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამას რაღა ქვია, მაგრამ მართალია ხუხაშვილი, ისე გაბრუეს და დააჯერეს მითები მასას, რომ აბა უკეთესი წარმოდგენა როგორ ექნება ხუხაშვილს ხალხზე.
ამ გულისამრევ სიცრუესაც შეასრუტინებს 54 %, ისინიც შეისრუტავენ. წინაღობა ექნებთ ტვინებში თუ რა. ხუხაშვილს ფეხზე არ კიდია საქართველო, კეზერაშვილს რა მიზეზითაც ეკიდა ზუსტად იმ მიზეზით
არა, ეს სულ სხვაა, ხუხასვილი პატრიოტია, ბიძინას ტყუილი და ხუხაშვილის დემაგოგია დედის რძესავით ტკბილია , აბააა!!!!!!!

ავტორი: naturali
05.03.2013 11:48
კიდევ ეერთხელ

თუ ღმერთი გწამთ მოდერატორო შეგახსენებთ ხოლო თუ არ გწამთ მოგახსენებთ

სამოთხის კარებთან წმინდა პეტრე დგას და არა პან გი მუნი

წმინდა პეტრე წმინდა წერილებს ეყრდნობა და არა გაეროს რეზოლუციებს

ხოლო თუ ვინმემ გითხრათ რომ მოდერატორობა უკვდავებას განიჭებთ ან წმინდა პეტრეს ხანდახან სძინავს

მოგატყუეს.

იმ რეზოლუციებში გამოთქმის თავისუფლებაც წერია

აქ მგონი ბლოკების ცეხი არაა

ავტორი: ნატურალი
03.03.2013 20:35
მოდერატორო

გთხოვთ გამობეჭდოთ თქვენი პასუხის
ავტორი: მოდერატორი
03.03.2013 19:20
ჩემი პასუხი აქაურ უინტელექტუალურეს სამსჯავროზე

და მერე დამბაჩამ და ბარიერმა გაგვასწოროს

ავტორი: ნატურალი
03.03.2013 19:10
მოდერატორს

პასუხი ალბათ იქნება რომ ჩემი კომენტარი უმცირესობას აკნინებს

შეგახსენებთ რომ მიუხედავად იმისა რომ პირდაპირი ციტირება არ მომიხდენია მთლიანობაში მე უფლის დამოკიდებულება გადმოვიტანე ჩემი სიტყვებით

ასე რომ თუ წმინდა წერილზე დაყრდნობით კომენტარს თქვენ ვეტოს ადებთ

გზაც დამილოცნია ცისფერი იდეალების დამკვიდრებაში
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
03.03.2013 19:20
თუ იცოდით, შეგახსენებთ; თუ არა - მოგახსენებთ, რომ თავის საქმიანობაში რადიო თავისუფლება ემყარება არა წმიდა წერილს, არამედ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, მიღებულს 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.

ავტორი: naturali
03.03.2013 16:30
ჩემო ძვირფასო გერმანე

შენ თუ ჩემს კომენტარებში ყოფიერების სიმსუბუქიდან მოვლენილი კმაყოფილება დაინახე

კაცობრიობას ჰაბლის ტელესკოპი აღარ სჭირდება

თავისუფლად შეუძლია შენ გაგიშვან ორბიტაზე და ვარსკვლავებს კი არა შორეულ სამყაროებს და უსაზღვროებას გადასწვდება შენი ფიქრიანი მზერა

ცრემლი მომადგა მოულოდნელად როგორც ნაცკოორდინატორი

ავტორი: БУХУТИ
03.03.2013 16:24
მიშამ თავისი მისია შეასრულა და წავა ვალმოხდილი პრეზიდენტის პოსტიდან.ბევრი რამ გააკეთა, ბევრი ვერ მოსაწრო, ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ სახელმწიფო შექმნა. შექმნა ის რაც არ გვქონდა,თანამედროვე ქართული სახელმწიფო...

ნაძირლები, არაკაცები, გონებაშეზღუდულები,ქრთამისტები,მედროვეები, ქურდები, მკვლელები ერთი სიტყვით პატარა ადამიანები, კაცმაცუნები, სხვის ლანძღვა-გინებაში რომ ხედავენ თავიანთი უსუსური არსების წარმოჩენას, კიდევ კარგა ხანს იქნება დედამიწაზე!!! იქნება მანამ, სანამ უფალი არ მოაგროვებს ყველას ერთად და ცეცხლის ტბაში არ გადაუძახებს ერთ,მშვენიერ დღეს....

მანამდე მელანქოლიას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ბრმათა წინამძღოლობით სიბნელეში ბოდიალს შეეწირება ბევრი!!!

ავტორი: ანონიმი
03.03.2013 14:43
რა გითხრათ იცით? ყველა ხალხს ჰყოლია იუდები, დავითები ვინც თავის ერთგულ ქვეშევრდომებს სიკვდილზე უშვებდნენ და გასაგებია რასაც უშვრებოდნენ მათ ცოლებს. იყვნენ საკუთარი ძმების მიერ ნახმარი თამარებიც. და ეს მარტო ორიოდე ბიბლიური მაგალითით თუ შემოვიფარგლებით. იყვნენ საკუთარი ცოლისთვის ცხვირის მომჭრელი და ამ ცხვირის სიმამრისთვის გამგზავნი დადიანები. ამ დადიანმა ჯერ აფხაზებთან ერთად კინაღამ გადაწვა ქუთაისი და მერე თავისი მოკავშირე აფხაზები კინაღამ ზღვაში გადაყარა. იყო ავგიორგიც და ის გიორგიც რომელიც ძმაბიჭებთან ქეიფობდა მაშინ როდესაც აღა მაჰმად ხანს თბილისთან შეაკვდა სომეხი გაბრიელ მაიორი! იყო კიტოვანიც და იყო მამარდაშვილიც რომელსაც გამსახურდიაზე უფრო მეტად კიტოვანი მოსწონდა! რას ვიზამთ, არამზადა და მით უმეტეს პრივილეგირებული დეგენერატი ყველგანაა და არა მარტო ქართველებში! მაგრამ ნორმალური ხალხი არანორმალურებისგან განსხვავებით ტალახიან გუბეშიც ხედავს ვარსკვლავებს და ეს აძლევს ამ ნორმალურ ადამიანებს სიცოცხლის ძალას! ხოდა ქვეშევრდომების ცოლებზე და ასტროლოგიაზე გადაყოლილი და მონღოლების მოახლოების ვერ გამგები და სხვათა შორის მშვენიერი სახელმწიფოს და ქვეყნის დამღუპველი ლაშა გიორგების ტალახში არის შოთას,ილიას,დავით გარეჯელის,გრიგოლ ხანძთელის, ილიას და ოლღა გურამიშვილის თუ დავით სარაჯიშვილის ნაირი ვარსკვლავები ხოდა თუ შეიძლება გამხნევდით და ნუ აჩმახებთ.

ავტორი: დემნა
03.03.2013 14:39
გერმანე ნატურალს როგორ ელაპარკებით, თავსა როგორ უყადრებთ ამის დამწერი:

მოკალი რა, ბიძინა, მოკალი, იმპიჩმენტი რა დიდი საქმეა და მოვისვენებთ ყველა, დავიწყებთ ფიქრს ქვეყანაზე და მომავალზე, არ გვინდა ეს უტაკუცო გატაკუცება რა.
გლადიატორებს აქვთ ბრძანება - ცერა თითი დაღმა - დამარცხებული ეგრევე უნდა განადგურდეს.

ნატურალი ხომ იმ იმათშია ცერს დაბლა რომ წევენ.

ავტორი: GERMANE
03.03.2013 01:09
ნატურალ, რა ჭირს სააკაშვილს ჩემი დასაცავი - ამხელა ქალი იცავს, თან პირველადი დახმარების გაწევაც სეუძლია.

შენ ხარ დასაცავი, ნატურალ.

ისე, ერთი კითხვა - რა ჯობია, აპოლო 13-სი იჯდე და გიხაროდეს ვარსკვლავებთან თამაში თუ იჯდე და იცოდე წინასწარ, რომ დაიფერფლები?

მე მგონი, ადამიანურად და ლოგიკურად შენი პოზიცია ჯობია - რაც მინდა იმას ვხედავ და ბედნიერი ვარ.

ავტორი: ანონიმი
02.03.2013 23:53
კარგით რა, ნუ გაახურეთ ,მაინც ვერ აჯობებთ ვლადიმირ სოლოვიოვს!!!

ავტორი: naturali
02.03.2013 21:19
გერმანე

შენ უკვე მიშას იცავ

მე ფსონი დავდე შენზე როცა იტყვი ბაჩო მე ვარ თუთბერიძე ცოლად მომყავს ხოლო ოქროპირიძე ,,ნინო,, მეჯვარედ მიმყავსო

ვიგებ !!!! შენი იმედი მაქვს

ავტორი: ანონიმი
02.03.2013 20:59
მთელი ერი რა თქმა უნდა არ ებრძოდა ოკუპაციას. ის კაცი ვინც მოინდომა 1921 წელს მომსპარი საქართველოს სახელმწიფოებრის აღდგენა და საკმაოდ ბევრი ქართველი აიყოლია ამ რადიოს დახმარებითაც დაასამარეს!!!

ავტორი: GERMANE
02.03.2013 20:51
ბატონებო და ქალბატონებო,
ჩვენი ერი და ხალხი კიდევაც ანგელოზია და უაღრესად განათლებული (პოლიტიკურად ვგულისხმობ).

მას შემდეგ რაც ევროპაში დემოკრატიის პირმშოებმა, უძველესი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ხალხმა - იტალიელებმა არჩევნებში ხმის თითქმის 70% მისცეს ერთ ჯამბაზს (პროფესიით და მისი პოლიტიკური სეხედულებით) და ერთ კრიმინალს (გადასახადების დამმალავს, საკუტარი მაფიის ჩამომყალიბებელს, აღვირახსნილ და ტესტოსტერონით დაავადებულ სივიო ბერლუსკოსეს), უკვე არაფერი მიკვირს.
რა გასაკვირია რომ საქართველომ ის ვერ დაინახა, რასაც ბრმაც დაინახავდა. იტალიელებმა საერთოდ თქვეს - ვხედავთ, ვიცით და მაინც ეგ ბუნგა-ბუნგა გვინდაო.

აი ამას ქვია ეროვნული სიამაყე და თვითდაფასების გრძნობა.
იტალიელები მაგრები ვართ და ჩვენ ვერავინ გვასწავლის არჩევანსო.

არაა გამორიცხული რომ ქართველებმა მალე ხელისუფლებაში დიდი სტალინის პარტია ვიხილოთ დიდი ინტელიგენციის წარმომადგენლობით.
მკაცრი ხელი - მოკალი ბოლოსდაბოლოს და მოგვასვენეო - აი ეს ფსიქოლოგია ყველას ეცნობა რაღაცით. ჩვენ, ქართველებმა ეს გავაპოლიტიკურეთ.

მოკალი რა, ბიძინა, მოკალი, იმპიჩმენტი რა დიდი საქმეა და მოვისვენებთ ყველა, დავიწყებთ ფიქრს ქვეყანაზე და მომავალზე, არ გვინდა ეს უტაკუცო გატაკუცება რა.
გლადიატორებს აქვთ ბრძანება - ცერა თითი დაღმა - დამარცხებული ეგრევე უნდა განადგურდეს.

იმპიჩმენტის პროცესისი დაწყებაც კი პრეზიდენტს ყველანაერ უფლებამოსილებას უჩერებს - ამას კი მხოლოდ უბრალო უმრავლესობა ყოფნის. გაწელეთ ეს "ფაქტების მოგროვების პროცესი" სექტემბრამდე და დანისნეთ კენჭისყრა 3 ოქტომბერს - მორჩა და გათავდა - გინდაც ჩავარდეს და არ მოხდეს იმპიჩმენტი, ხო არაა პრეზიდენტი?
მიდი რა ბიძინა, ნუ გვაყურებინებ ვაჟა ფშაველას სცენარებს.

ავტორი: ფრიდო
28.02.2013 23:32
ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
28.02.2013 13:10
'''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''''
პატარა და მარადიული?! ყველაზე საინტერესო თქვენი კომენტარია!!

ავტორი: მიშა
28.02.2013 20:21
ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
28.02.2013 13:10

არ მგონია ეგ "მარადიული ჭეშმარიტება" ვინმემ არ იცოდეს. უბრალოდ ადამიანები პრობლემებს ხშირად მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან ხედავენ. არადა, რაზეც წუხართ, ზუსტად ეგ მაინცა და მაინც კარგად არ იკითხება ბლოგში. იდეაში შიძლება ეგ იყო. შაჰ აბასის და მურვან ყრუს გვერდით კი დგას ქართველი გლეხი:)
"ჯანგო" მაინც არ იყოს ახალი გამოსული ეკრანებზე:)))
"ჯანგოს" მოგონებაზე ერთი, არც თუ ძალიან ძველი, სიმღერაც გამახსენდა:

http://www.youtube.com/watch?v=k0c1c0ZsTLA

სხვათა შორის, საინტერესოა ნეტავ ქართველებს ჰქონდათ თუ არა სოციალურ სამართლიანობაზე სიმღერები, და როგორი ტექსტებით?
მომისმენია, ბევრი მოტივირებული სიმღერა საინტერესო შინაარსით თანასწორუფლებიანობის შესახებ, რომლებიც მაშინ ევროპის ქვეყნებში იწერებოდა. რაც ცხადია ფაშისტების მოსვლის შემდეგ აიკრძალა. აი ერთი ორი გერმანული სიმღერაც მაგალითისთვის:

http://www.youtube.com/watch?v=r7wqImNOU8A
http://www.youtube.com/watch?v=TWq7aWlf7lU

აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები:
იყო საქართველოში თანსწორობის იდეები კარგად გააზრებული, ორგანიზებული, ინტერპრეტირებული?
თუ არა იყო, მიზეზები სად უნდა მოიძებნოს?
იქნებ საყოველთაო განათლების სიმცირეში, ან ტოტალურ დეზორგანიზაციაში?

აქ ასევე, არაფერია ნათქვამი თუნდაც ვარაუდის დონეზე, რატომ მოხდა ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება (თუ დაუშვებთ, რომ საერთოდ ქონდა ამას ამხელა გამოვლინება) ?
"საუკუნეების დაგროვილი ბოღმით"- ძნელია ახსნა.
რატომ ვერ მოხდა ქონების გადანაწილების შედარებით ცივილური ფორმებით ორგანიზება?
ქონება, რომელსაც თავადები ფლობდნენ მუქთაზე, გლეხის შრომით იყო ძირითადად შექმნილი. გლეხებიც ხომ იქვე ცხოვრობდნენ. ამიტომ "სხვისი" ქონების დაპატრონებაზე საუბარი არ არის ბოლომდე სწორი.
სხვა საქმეა პირადი ნივთები, ქონების გადანაწილების შედარებით სამართლიანი ფორმა.
ამაზე კი, პირველ რიგში, ზუსტად უფრო თავადებს უნდა ეზრუნათ, რადგან ისინი ფლობდნენ ძირითადად ქვეყნის მართვის სადავეებს, მათ ჰქონდათ შედარებით მეტი განათლებაც, შეძლებაც და მანდატიც. შესაბამისად, უმტკივნეულო ფორმირების და ქვეყნის უსაფრთხოების მეტი პასუხისმგებლობაც. რამდენად ვერ, თუ არ გამოამჟღავნეს მათ ეს პასუხისმგებლობა, ბლოგში ამაზე არაფერი წერია. ცხადია აქაც, ცალმხრივობა არ ივარგებს და არ შეიძლება გვერდი აუაროთ ისეთ ხალხს, რომლებსაც ეს პასუხიმგებლობა მართლაც გაცნობიერებული ჰქონდა. ამისთვის ილია ჭავჭავაძის ხსენბაც საკმარისია. ეს მცირე რაოდენობა, აშკარაა არ ეყო საქმეს. ასევე არაფრია ნათქვამი "ხიდჩატეხილობაზე". რაც ზუსტად პრობლემის ღერძია. ასეთივე "ხიდჩატეხილობა" არსებოს დღესაც, და ის უფრო გამრავლებული, გამრავალფეროვნებულია. თუკი ადრე, თავადის და გლეხის, ერთი "სურათი" არსებობდა, მოდერნულმა ცხოვრებამ, განმანათლებლობამ, ადამიანის თვითგამორკვევამ ბევრი რამ გაართულა. დაპირისპირება გაჩნდა უამარავ სხვადასახვა სოციალური ჯგუფს შორის. დღევანდელ რეალობაში ჩვენ თითქოს პოლიტიკურ აზრთა სხვადასხავობაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ეს განსხვავება კი რეალურად სხვა იმპულსებით იკვებება და არა იდეური სხვაობებით. ეს იმპულსები "ხიდჩტეხილობებიდან", "წყენებიდან" მოდის, რომელიც სხვადასხვა დროს გროვდება და მერე ისე იჩენს თავს ადამიანებს ერთმანეთის გვერდით დგომის, ხალისი ეკარგებათ, თუნდაც მიზეზი ოკუპაცია იყოს.
როცა "ადამიანს" ქუჩაში ცემით კლავენ და მეორე "ადამიანი" საკუთარი მედიასაშუალებებიდან ამ ყველაფერზე მხოლოდ იცინის, ერთ წელიწადში, კი იგივე სახეები "არა ოკუპაციას" გაიძახიან, თანაც თავადიშვილური ამპარტავნობით და გაბოროტებული პოლიტიკური ქვეტექსტებით, ვერანაირი სოლიდარობა ვერ შედგება ვერც ოკუპაციაზე და ვერც ვერაფრეზე.

გამოსავალი მდგომარეობს, თანსწორობის, თანასწორუფლებიანობის იდეების, ღირებულებების მეტად გააზრებაში, კულტივირებაში. რაც ჩემი აზრით თავის დროზე ვერ განხორციელდა და ის დღემდე გვახსენებს თავს. ასევე სახელმწიფოებრივი აზროვნების, პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
სახელმწიფოს, რომელიც მაშინაც "ჩამოშლის" პირას იდგა და დღესაც შემაშფოთებლად ყანყალებს.
ეს კი, თანსაწორუფლებიანობის იდეების სერიოზული გააზრების გარეშე, "პატრონ-ყმულ" ჩარჩოს ვერ გაცდება. პოლიტიკოსების საჯარო ქცევები, მათი სიტყვები ამის ნათელი დასტურია. ისტორიული ფაქტების გამოაშკარავება, გადაფასება პროგრესის გზაზე კი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
28.02.2013 13:10
რა სამწუხაროა, რომ ამ კომენტარების ვერცერთმა ავტორმა ( მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა) ვერ ჩამიაყალიბა ერთი პატარა, ოღონდ მარადიული ჭეშმარიტება : როდესაც საქართველოში სოციალური შუღლი მწვავდება, ეს ნიშნავს, რომ მესამე ძალა-მტერი დაინტერესებულია ჩვენით და ომს იწყებს. აი, სწორედ ეს წერია ამ სტატიაში და სირცხვილი მას, ვინც სხვაგვარად გაიგო.

ავტორი: კნიაზ ვახვარი
28.02.2013 00:37
მოკლედ რა გითხრათ იცით? ჯობია იკითხოთ დათა ვაჩნაძის ნაწერები! რატო? იმიტომ რომ ა: თქვენი ენით რომ ვთქვა ის იყო ავთენტური კახელი თავადი; ბ) მას უყვარდა ადამიანები და საქართველო! გ) ის უკეთ იცნობდა საქართველოს,კავკასიას და მათ პრობლემებს და ორატორობის გარდა ბევრს ცდილოდა რეალურადაც ამ პრობლემების გადასაწყვეტად. დანარჩენი მერე. იცოცხლეთ და გაგიმარჯოთ. ნუ დაუმალავთ თქვენს მკითხველებს თქვენ ნათესავ დათა ვაჩნაძის,ვთქვათ ბრწყინვალე ნაშრომს "კავკასიის პრობლემები",მოკითხვა ვახვახიშვილებისგან.

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 16:50
რამდენად მისაღებია, რომ პარლამენტარებმა საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სამოსით იარონ?

აი ეს არის საშვილი ერთიანობისთვის და "არა , ოკუპაციას" გულმხურვალედ დასაძახებლად.
თავი მომჭერით თუ გინდათ და პრეზერვატივების არ იყოს, მაინც რუსების მიერ შემოგდებული მგონია ეს თემა / რა ველურები ვართ იმას უმტკიცებს წლებია ცივილიზებულ სამყაროს რუსეტი
თუ კი ჩეჩნების პარლამენტში გრძელი კაბებით და ფაფხებით დადიან კაცები, ქალები თავწაკრულები ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყნებში შუასაუკუნების ჩაცმულობით, ჩვენც ხომ ასე უნდა გამოვიყურებოდეთ.

ავტორი: ანონიმი
27.02.2013 02:20
ძვირფასო და უღმესად პატივსაცემო ბატონო თქვენი საყვარელი მამარდაშვილის მშობელი მამა მსახურობდა დემოკრატიული საქართველოს მომსპობ წითელ არმიაში. და იხმარეთ ცოტა უფრო ზუსტი გამოთქმები. რას ნიშნავს ქართველთა დიდი ნაწილი აყვა ბოლშევიკებს? არიან თუ არა ამერიკელების დიდი ნაწილი აშშ-ს ელჩი დევისი რომელიც სტალინმა სტალინის ორდენით დააჯილდოვა ამერიკელების ოსტატურად მოტყუებისთვის, ლენინიდან ანდროპოვამდე ყველა ოხერის ამერიკელი მილიარდერი არმანდ ჰამერი,აშშ-ს დაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩეკისტი ოლდრიჩ ეიმსი და ა.შ? ეს რამოდენიმე კაცი უფრო გავლენიანი იყო ვიდრე თქვენს მიერ უდიერად მოხსენებული ბეჩავი ქართველები. თქვენც მარქსისტი და კამოს თანამოაზრე ხართ და თქვენთვის რაოდენობა ხარისხში გადადის არა და ის რამოდენიმე ამერიკელი თქვენს მიერ გალანძღულ ქართველთა დიდ ნაწილზე უფრო გავლენიანი ძალაა. ეს ფაქტი დაადასტურა ვინმე ბეიკერის მიერ საბჭოთა მაფიოზი ჯაბასთვის ხელის ჩამორთმევამ და ამის შედეგებმა. იცით ვერ ვიტან არც ქართველი და არც სხვა ხალხების მთრევლებს და მლანძღველებს, მაგრამ თქვენს პროვოკაციას არ ავყვები და არ შეგაგინებთ. აი თქვენ!!!

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
26.02.2013 23:40
სხვათა შორის, გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ 21-ს თებერვალში საქართელოს 7 მხრიდან შემოუტიეს და 7-ვე მიმართულებას ქართელი ხელმძღვანელობდაო :(

ავტორი: GERMANE
26.02.2013 21:12
ბატონო ზაალ, ტრაგიკულია ჩვენი ისტორიაც, ჩვენი შეხედულებაც ჩვენს ისტორიაზე და ჩვენი ქართული ეროვნულობაც.
ტრაგიკულია იმიტომ რომ ყველა ის, რასაც მე პირადად მასწავლიდნენ ქართველი განმანათლებლები - დაწყებული "ქართლის ცხოვრების ქრონიკებით" და გაგრზელებული იალია-აკაკის თაობის ინტელიგენციით, გაგრძელებული საბწოური ქართული ინტელიგენციიტ და ამდროინდელი ინტერპრეტაციებიტ ქართული და ქართველების ისტორიისა -დიახ ეს ყველაფერი უმეტესწილად სიცრუეა. აგებული ქართველთა "გმირობებზე" და "განსაკუტრებულობებზე", განმსჭვალულია "ღვთისობლის წილხვრდომი" მიწის იდეოლოგიით და სიმართლესთან, რეალობასთან ნაკლებად შეხება აქვს.
ის რაც ხდებოდა მხედრიონის დროს, ის რაც მოხდა აფხაზეთის ომის დროს და ის რაც ხდება ახლა - ადამიანების მასობრივად მანიპულირება და მათი მოტივირება ბრბოდ გადასაქცევად - ეს ყველაფერი არაერთხელა გვაქვს ქართველებს გავლილი.

რატომ არ აღვიქვამთ რუსის ჯარს ოკუპანტად და რუსეთის ახლანდელ ხელისუფლებას ქართველების წინააღმდეგ პირდაპირი ომის გამჩაღებელ ხელისუფლებად?
და თუ აღვიქვამთ (ეგებ მედავოს ვინმე!) -მაშ სადღაა ჩვენი მამულიშვილობა? მაშ რა ხდება, რომ რუსს ჯაროისკაცს წინააღმდეგობის, შიშის გარეშე შეუძლია პიჯაკი გადააფაროს ბეტეერის კაპოტს, წელზევიტ შისველი წამოწვეს და მზის აბაზანები მიიღოს? რატომაა რომ გვებრალება სადღაც კარაგანდა- თუ ვლადივასტოკელი რუსი ჯარისკაცი, კბილებამდე სეიარაღებული და საკუტარ მობილურს ვაძლევთ აქ, ჩვენს დედაქალაქში, თბილისში სემოსულს- დედას დაურეკე არ სეეშინდესო. ეს თუ ვინმეს ჩვენი ჰუმანიურობა ჰგონია -ცდება. ესაა მონური ფსიქოლოგია და ქცევა. საქართველო არის და დარჩა ფსიქოლოგიური მონა რუსის ცარზმისა. აბა თურქ ჯარისკაცზე თუ გვეტკინება ასე გული - გამოსცადეთ.
ისევ და ისევ მონური ფსიქოლოგიაა ისიც, რომ საქართველოში 400 ათასზე მეტი დევნილი ადამიანიდან 4-საც ვერ ნახავთ, რომ საკუთარ მიწაზე დასაბრუნებლად თავგანწირვისა და ბრძოლის მუღამი ჰქონდეს. თუკი გადაუხდიან ავღანეთში წასულების მსგავსად კარგ თანხას - მასინ დაფიქრდება და არც მაშინაა გამორიცხული, რომ საკუტარ ფაღარათს გამოასწროს.
მაპატიოს ყველამ, მაგრამ მე პირადად გახლდიტ ოჩამჩირეში და მოწმე ვარ როგორ დაიცალა ეს რეგიონი ადამიანებისაგან ასე 30 წუთში. ჩვენი "საერთაშორისო წითელი ჯვრის" სანიტარკა, რომელშიც 2 დაჭრილი იწვა, მოიპარეს ადგილობრივებმა, ეს დაჭრილები, მძღოლი და სანიტარი (ყველა უიარაღო!) გადმოყარეს და მანქანა გაიტაცეს. ბევრს საკუტარი ცოლ-შვილი ზუგდიდში გაახსენდა. არადა, დიდი არაფერი ყოფილა, ყოველ სემთხვევაში ასე 4-5 საათის მანძილზე. გამთენიისას გაისმოდა დეტონაციების ხმა, ოღონდ ბომბების ჩამოვარდნის გარეშე, ჰაერსი, ალბათ ასე 20-30 მეტრის სიმაღლზე სკდებოდა რაღაც და ანათებდა. ასე გაგრძელდა ალბათ ნახევარი- ან იქნებ ერთი საათი. არავიტარი არტილერია-დაბომბვა, არავიტარი მტრის სეტევა. ამის მერე დაიცალა ოჩამცირე-გალის რეგიონი. ოჩამჩირიდან გაქცეულებმა პანიკა გამოიწვიეს გალსი და ასე დაცარიელდა ტითქმის ასი პროცენტიტ ქართულდასახლებული რეგიონი.
მერე იმისი დროც კი "დაგვიტოვეს" რუსებმა, რომ ყველაფერი იარაღი კარგად დაგვეტვირთა, ოცამჩირის სამხედრო ჰოსპიტალი, რკინიგზის სადგურთან მდებარე საავადმყოფოში რომ იყო, სრული პანიკის გარეშე კარგად დაგვეცალა, აგვეკრა გუდა-ნაბადი და წავსულიყავით - ესეც ბრძანება იყო. ქმრებისაგან მიტოვებული ოჯახები მეათე ბრიგადას მოჰყვებოდა - ბევრი ადგილობრივი მამაკაცი უბრალოდ მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა ზუგდიდისაკენ!
ასე დაცარიელდა გალი-ოცამცირე.
ზუგდიდში კი ე.წ. ზვიადისტები (ოღონდ არა მართლა ზვიადისტები) "ელოდა ჯარს - ქობალიების, ძმები ძიძიგურების და სხვათა თამადობით - აბა რომელი მეათე ბრიგადელი დაივიწყებს ახლანდელი დიდი პოლიტიკოსის ქილიკს და ბღავილს - "ტრუსიკებიც გახადეთ მაგ ნაბიჭვრებს, კახელები საწნახელში ტიტველი არიენ და შიგნიტ ფსამენო, მიჩვეულია მაგენიო."
საუბარი იყო იარაღის აყრაზე და მართლა გაშიშვლებაზე.
მერე ის პოლიტიკოსი პუტინის ყველა თაყვანიმცემელს დაუმეგობრდა და ახლა დიდი პოლიტიკოსია ბატონი ბიძინას გვერდით. ძმა კი დადის ქალაქიდან ქალაქში 20-25 კაცით და კარებებს უჭედავს გამგებლებს - ნაციონალ გამგებლებს.
აი ესაა იმ საქართველოს უახლესი ისტორია, რომელსაც მე ვიცნობ და რომელიც მე მინახავს.

ავტორი: მოდერატორი
26.02.2013 17:50
შეურაცხმყოფელი კომენტარები არ ქვეყნდება!

ავტორი: მიშა
26.02.2013 16:39
ისტორიის ხელახლა, დისტანციიდან შეფასება, მოვლენების და ფაქტების მეტად გამოაშკარავება ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია დღევანდელი საქართველოსთვის, მაგრამ ასეთი ინტერპრეტაცია

"ეს ოკუპაციის ცოტა არ იყოს, ალტერნატიული ისტორიაა: ის, რაც ისტორიიდან შაჰ-აბასის ან მურვან-ყრუს შემოსევებიდან ვიცით, XX საუკუნეში გამეორდა, ოღონდ ამჯერად “სოციალური თანასწორობის” გამო, რომელმაც სინამდვილეში საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი შურის და ღვარძლის სახე გამოაჩინა. ეს არ ყოფილა ჩეკა და ენკავედე. ქართველი გლეხი იყო."

და გლეხის შაჰ-აბასის, ან მურვან-ყრუს გვერდით მოხსენიება რამდენად სამართლიანია?:)
მაშინ როცა, თავად შაჰ აბასისის, მურვან ყრუს და კიდე ვისიც გინდათ შემოსევბის მთელი სისატიკე ყველაზე მეტად ალაბათ გლეხების კისერზე გადადიოდა.

ისტორიის გადაფასება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თუ ასეთი მასშტაბური სისასტიკეს, როგორსაც აღწერთ, მოხდა საუკუნის დასაწყისში
გაცილებით სერიოზულად საკვლევი ყოფილა ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.
საინტერესო იქნებოდა პასუხებიც ამ კითხვებზე:

ა) თვითონ ჩოლოყაშვილის რაზმში გლეხები იბრძოდნენ თუ არა?
თუ იბრძოდნენ რა თანაფარდობით, ანუ ამ რაზმის აბსოლუტური უმრავლესობა თავადები იყვნენ?

ბ) კოჯრის შეტაკებაში მონაწილეობდნენ თუ არა გლეხები და დაახლოებით არა თანაფარდობით? თუ აქაც მარტო თავადები იბრძოდნენ?

გ) და პირიქით - თავადების რბევაში ზოგიერთი თავადიც ხომ არ ღებულობდა
რაღაც ფორმით მონაწილეობას? ანუ, მრბეველ მასებთან შიგა და შიგ "კოჰაბიტირებული" თავადებიც ხომ არ იყვნენ საკუთარი კეთილდღეობის გადასარჩენად?

ისტორიკოსი არ ვარ და დოკუმენტური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ასეთივე გადმოცემებით გამიგია, რომ როგორც ჩოლოყაშვილის რაზმში ისე კოჯრის შეტაკებაში თავადების გარდა გლეხებიც მონაწილეობდნენ. რა რაოდენობით, რა თანაფარდობით ეს ნაღდად არ ვიცი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეთ ფართომასშტაბიან (ლამის შაჰ-აბასის ექვივალენტ), კლასობრივ დაპირისპირებაზე მე დღემდე არაფერი მსენია.
ახლობლებისგან და ნაცნობებისგან გადმოცემულ ცალკეულ შემთხვევებზე გამიგონია.

თქვენი ოჯახის წევრის ტრაგედია მძიმეა. თუმცა,
ვერაფრით გამოვრიცხავ ის ადამიანი სხვაგან იდგეს და სულ სხვა რამეს "გაიძახოდეს".
არ ვიზიარებ აქციის არც პათოსს, არც ფორმას და როგორც მეზობელი ბლოგერი იტყოდა ზუსტად რომ "აღშფრთოვანებას". "პარალელს" კი კონკრეტული საძაგლობის ჩამდენთან მაინც არ გავავლებდი.

P.S.
ამავე დროს საინტერესო და მიმზიდველად იდუმალია, რომ "აღშფრთოვანების ფენომენის" მკვლევარები და თან გამქილიკებლებიც დრო და დრო უნებურად, თავადვე ავლენენ ხოლმე აღშფრთოვანების სინდრომებს:)

მაგალითად:

"ცრემლთა ცვენის" მიმდევრობა სასრულია და მისი რაოდეონობა ნულის, უკეთეს შემთხვევაში ერთის ტოლია, როცა პატიმრები, ან ქუჩის მომიტინგეები ცემით სიკვდილის პირას მიჰყავთ.

მაგრამ, თუ ქალაქის ბიუჯეტის მილიონების გამფლანგველ მერს პატიმრობის საფრთხე დაემუქრება, მაშინ "ცრემლთა ცვენის" მიმდევრობა უსასრულოა და ის მიისწრაფის ოკუპაციის აპოკალიფსისკენ.



ავტორი: თიკო საიდან გვწერთ: თბილისი
26.02.2013 16:24
არ გამიკვირდება ყაყაჩო აქვს გულზე მიბნებულიო. ანუ ზოგადად, ასეთი ადამიანებისგან მოელით გატანილი მოხუცების უყურადღებოდ დატოვებას? მე რატომღაც მგონია რომ მაშინ, 2001 გვმოძღვრავდა და ახლა მისი მამიკოსფულებითსაზღვარგარეთულდიპლომიანი შვილი აგრძელებს ბრძოლას ტირანიასთან დემოკრატიისათვის.

ავტორი: caulfield საიდან გვწერთ: ჭვავის ყანიდან
26.02.2013 15:02
სმაწუხაროა, რომ ოკუპაცია ისეთი თემაა, რომელიც მანიპულირების საშუალებად ითვლება და ამის გამოყენება ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად, არადა, ვინც კი ეკრანზე ვნახე ამ თემაზე მოლაპარაკე, უმეტესობას სიყალბის ელფერი დაჰკრავდა. თანაც რა უნდა ითქვას ახალი, ყველა სიტყვა ნათქვამია ოთხმოცდაცხრა წლიდან მოყოლებული და დღეს უკვე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ გაცვეთილი, ათიათასჯერ ნათქვამი სიტყვებით გული აუჩუყდება. ნამდვილად გეთანხმებით ბატონო ზაალ, რომ ერთადერთი რაც ამ წლების განმავლობაში არ გაგვიკეთებია არის ის, რომ არასოდეს გვიცდია სიმართლისათვის ჩაგვეხედა თვალებში. სამწუხაროდ ისტორიასაც ჰეროიკულ-რომანტიული საბურველით გვასწვლიდნენ, რამაც დაგვიკარგა ჩვენი შეცდომების გაანალიზების უნარი. ისე, თქვენს მიერ აღწერილი 21-24 წლის მოვლენები სულაც არ არის გასაკვირი, იგივე სურათი გვაქვს დღესაც. მასა მუდმივად ცდილობს თავის საკეთილდრეოდ გამოიყენოს შექმნილი სიტუაცია. ერთ-ერთი კახელი ქალი პირდაპირ ამბობდა კამერასთან, რომ ძალიან ნაწყენია ივანიშვილზე(პერსონალურად!) , რომ მას ბიძინასგან სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა, რომლებიც არ გაუმართლდა და ეხლა უკვე ძალიან იფიქრებს საკუთარ პოლიტიკურ ორიენტაციაზე. თუმცა, მე ვფიქრობ ეს არ არის გამორჩეულად ჩვენი ეროვნული მახასიათებელი , ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ადამიანური ბუნების ნაწილია და ძალიან ძნელია გაღატაკებულ ადამიანს იდეების ერთგულება მოსთხოვო, თუმცა არსებობენ ასეთებიც, მაგრამ ეს მოვლენა მასობრივი ხასიათის ვერაფრით იქნება, რათქმა უნდა თუ მასას არ გამოუჩნდა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც შესძლებს მათ გაერთიანებას რაღაც იდეის გარშემო და შემდეგ უკვე ამ მასობრივი ენერგიის საჭირო მიმართულებით წარმართვას. ეტყობა იმ დროისთვის არ მოიძებნა ასეთი ადამიანი, თანაც იმ დროს ინფორმაციის ასეთი მასობრივი საშუალებებიც არ არსებობდა და მოხდა ის, რაც მოხდა.

ავტორი: daniel საიდან გვწერთ: tbilisi
26.02.2013 03:52
ამ სტატიის შეფასება ისევ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულებების მიხედვით მოხდება რაც ძალიან ცუდია. ვეთანხმები ავტორს რომ თვითშეფასება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამ სტატიის შეფასება სხვადასხვა პოლიტიკური მხრიდან.

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
26.02.2013 01:30
ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტექსტების წაკითხვის საშუალება სულ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა.
ის, რაც საქართველოში 1921-1991 წლებში ხდებოდა, ბევრად უფრო რთული და დასაფიქრებელია, ვიდრე ტერმინი ოკუპაცია გადმოსცემს. ვითომ იყო საქართველოს საოცრად დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო 21-ს თებერვლამდე, ხოლო შემდეგ მოვიდნენ ბოროტი რუსები და 70 წელი მონობაში აცხოვრეს საწყალი ქართველები. ასეთი იდიოტური ილუზიით თავების გამოვსება, პირველ რიგში, იმ უამრავი ადამიანის ხსოვნის უპატივცემულობა მგონი, რომელიც საბჭოთა ბოროტებას შეეწირა.
ოთარ ჭილაძის ,,გოდორი" რომ ქართული ლიტერატურის სასკოლო კურსის ნაწილი იყოს, ალბათ როდესმე ისტორიისთვის თვალის გასწორების და საბჭოთა წარსულზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღების უკეთესი შანსი გვექნებოდა. ეტყობა ამის დრო ჯერ არ მოსულა :(

ავტორი: ლიი
25.02.2013 22:53
"ვინ ვიყავი ამ წლების განმავლობაში? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? უნდა შეძრწუნდეს სირცხვილის და საზიზღრობისაგან და მაშინ მის წინაშე გაიხსნება თავისუფლების გზა, თავისუფლების, რომელიც ასაშენებელია, იმიტომ, რომ მხოლოდ სირცხვილისაგან შეიძლება აღორძინების ენერგია გაჩნდეს.”
_____________________________________________

სირცხვილის გრძნობის სანაცვლოდ კი, ან "რუსეთია ყველაფერში დამნაშავე" და ან, "რისი გრცხვენიათ?! ქართველი რომ ქართველს აწამებს?! არ მესმის თქვენი. მერე რა?! ეგ არაფერი! ასეთი რამ ყველგან ხდება. :)"!!!!!!

უღრმესი მადლობა ამ ბლოგისთვის!

ავტორი: ანნა საიდან გვწერთ: აშშ
25.02.2013 22:41
ამ შესანიშნავ და დროული სტატიის კომენტარებში,რატომ კეთდება აქცენტი სოც. ასპექტებზე,როცა უმნიშვნელოვანესი საკითხი---ერთმანეთის არგატანისა-დღის წესრიგში რჩება? სანამ საზოგადოება მსგავს ანალიზს აკეთებს ...........

ავტორი: ნატურალი
25.02.2013 21:59
არა ოკუპაციას ---კი ნატოს

არა დოსტოევსკის -----კი კუნდერას

არა ხიზილალას ----კი ბიგმაკს

არა პუშკინს -----კი დეფის

არა სოჭს ----- კი ჭიდაობას კურტანიძესთან

არა ნატაშას ------ კი ელტონ ჯონს

ისე ტატას და სხვების გასაგონად ის რომ ზაალი თავის წინაპარს ციტირებს ბრძოლა უაზროაო

ჩემთვის არაფრით არ ნიშნავს დათვისთვის ბაბაიას დაძახების სურვილს ზაალისაგან

ხოლო ნაცზონდერრობოტებს ავტომატურად ჩაერთოთ რეჟიმი რუსეთუმე საბჭოთა

მიუხედავად ჩემი პრეტენზიებისა ზაალის ზოგ მოსაზრებასთან დაკავშირებით

ანდრონიკაშვილს ვისი წინაპრებიდან ორი დაუხვრეტიათ აჯანყებაში მონაწილეობისათვის და ამ სტატიიდან გამომდინარე ცილს ნუ სწამებთ

ავტორი: aliko საიდან გვწერთ: USA
25.02.2013 20:04
სტატია ათიანშია გარტყმული, მაგრამ მე კომენტარებმა გამაოცა და კიდევ ერთხელ დამანახა რა დამანგრეველი ძალა აქვს სოციალურ შურს და ბოღმას- წარმატებულის, ნიჭიერის, მშრომელის მიმართ ზიზღს. ამ დამანგრეველი ძალის შედეგები
საფრანგეთის, რუსეთის რევოლუცია, ჩინეთი, კამბოჯა, გილიოტინა, ჩეკისტების თარეში, ფანიაშვილების საზარელი ისტორია რუისში, მასიური დაბეზღების ინსტიტუტი...ამ ვირუსის ნიშნები აშშ-შიც შეინიშნება.

ავტორი: naturali
25.02.2013 18:16
გზანი წამებისანი გემახსოვრებათ ასეთი რიმანი

თეთრგვარდიელი ჯეელია ერთი შჩედრინი ერთ მომენტში დაღლილი მიშას რომ უყვარს დაცინვა ისეთ საცვალ ტანსაცმელში გამოწყობილი ზის და გაფრენილ დროს იხსენებს ბალ მეჯლისებს ფანჩატურებში ჩაის სმას და გახამებულ საწოლს

აი ეს დრო ენატრება და ამ დროის დაბრუნებისათვის იბრძვის

იმას კი ვერ ხვდება რატომ უგებენ ომს მისნაირ გაწრთვნილ და სტაჟიან სამხედროებს მშიერ ტიტველი ბოლშევიკები

პაშოლ ვონ დიახ აი ასე მიმართავდა გლეხობას თუ მოსამსახურეებს რუსი აზნაურობა ხელის გულზე შემწვარი კვერცხიც რომ მიერთმია დილაადრიანად

ხოდა ამ ნაგროვებმა ბოღმამ ღვარძლად ტრანსფორმირებულმა მოაგებინა სამოქალაქო ომი ფენას ანუ როგორც თვითონვე ეძახდნენ ბიდლას

ზაალ ჩემო არა მგონია ბაბუაშენის ბაბუას და კიდე უფრო შორს ხელისგულები ქონოდათ გადატყავებული შრომით
ასევე არა მგონია ყველა მემამულე ყოფილიყო მტარვალი მაგრამ ეს არ ცვლის შურისძიების გეზს თუ დამცირებულს შანსი მიეცა

ხოლო ტოტალური სახელმწიფოს ჩალიჩი ეს შანსი არ მისცე პერპექტივაში გროვდება და ოდესღაც როცა გაწყდება დროთა ჩვეული დინება უფრო საშინლად ამოვლინდება

ამიტომ დააფუძნეს დემოკრატია დამფუძნებელმა მამებმა დემოკრატიაში ანუ თავისუფლების ილუზიაში მყოფ მაძღარ მონებს რამეს წარმოვადგენ და კანონი ყველას ეხებაო ეს ეფიქრა

დიახ ანგარიშიანად თორემ მხოლოდ სულელს სჯერა რომ ეს ფილანტროფების აქცია იყო

ასევ რომ გადმოხტი სათავადაზნაურო უნაგირიდან და იმაზე იფიქრე ეროვნული შემოსავალი სამართლიანად ნაწილდებოდეს ხოლო ელიტა ოხლოსი ერთი იყოს კანონისათვის და ექსპროპრიაციის საფრთხეც გაქრება

ვკითხულობ ბლოგებს კომენტარებს და ვფიქრობ რამდენი ტვინარეული და დარეხვილი აბარია უფალს

ავტორი: ნათია საიდან გვწერთ: თბილისი
25.02.2013 15:59
და თავად-აზნაურობას ეს ქონება საკუთარი შრომით ჰქონდა მოპოვებული? თუ გლეხების შრომის ხარჯზე? ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს შურისძიებას, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ გლეხს, რომელიც მშიერია და ყოფილი ბატონისგან უმოწყალო მოპყრობა ახსოვს, ბევრი არ მოეთხოვება. სასაცილოა ოკუპაციათან შეგუების მათთვის გადაბრალება.

ავტორი: მავანი
25.02.2013 15:30
კარგი წერილია. 37-მა წელმა გამოაჩინა ადამიანის ყველაზე ცუდი თვისება, რითაც ის არაფრით განსხვავდება ცხოველისგან. ამ თვისებას ეროვნება აქ აქვს და თანაბრად შეეხო იმ დროის საბჭოთა კავშირის ყველა ერებს, მათ შორის ქართველებსაც. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ადამიანის ცხოველური თვისებები " დაბმულია" კანონის ჯაჭვით, თორემ ისინი, როგორც ადამიანები, ჩვენზე, ქართველებზე, კარგი არაფრით არიან. ეს მოსალოდნელი აქცია " არა ოკუპაციას" არის პოლიტიკური ბინძური თამაშების ერთ-ერთი ეპიზოდი და არაფერი საერთო არ აქვს ოკუპაციის რეალურ დაგმობასთან. ეს მიშას მიერ შემუშავებული გეგმაა, მთავრობის დამხობის სურვილით, რომელსაც დღეს " არა, ოკუპაციას" ჰქვია! ნიჭიერი ნაძირალაა, ყველაფრის მკადრებელი დემაგოგი, ტალეირანის გამეორება და საშიში ქვეყნისთვის.

ავტორი: shalva საიდან გვწერთ: rustavi
25.02.2013 15:29
,,გასაბჭოების შემდეგ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უმცირესობის ხარჯზე თავისი ქონებრივი მდგომარეობა რადიკალურად გაიუმჯობესა.``


საინტერესოა ბაბუათქვენის ბაბუამ საიდან დააგროვა აწ. ანხსენები ქონება? :)

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: თბილისი
25.02.2013 15:03
სტატიაში არათანამიმდევრული ლოგიკური მონხაზებია , რაც მის აზრობრივ შინაარსს საეჭვოს ხდის!

ავტორი: ელიზა
25.02.2013 14:52
ბატონო ზაალ,
მამარდაშვილის ფილოსოფია გხიბლავთ, ალბათ სხვა ფილოსოფოსების "მეგობარიც" ბრძანდებით.
თუ ასეა , თქვენი მამაპაპის დარბევას მაინცდამაინც ქართულ ანომალიად არ უნდა თვლიდეთ.
საფრანგეთის 1789 რევოლუციის შემდეგ, ქვეყანა სამოქალაქო ომის და ოთხივე მხრდიან შემოსეული მტრის გამო უკიდურეს ქაოსში იყო.
ამის მიუხედავათ ფრანგი გლეხები არისტოკრატიას კიდეც არბევდნენ ,თავებსაც ჭრიდნენ და ხიშტზეც აგებდნენ.
ამ თემაზე ბევრი დაწერილა და ცალხაზოვანი პოზიციაც თითქმის არ არსებობს, არც დარბეული არისტოკრატების შთამომავლობას არა აქვა ნოსტალგია ფეოდალური წყობილების. რადგან დღეს იმ რევოლუციის გრძელვადიანი პერსპექტივის შედეგი სახეზეა.
8 თებერვლის მოვლენები , პოლიტიკოს-იურისტებს რომ თავი დავანებოთ, ოცდამეერთე საუკუნის ჩვენი გამოჩენილი და მოაზროვნე ადამიანების უმრავლესობამ "ლოგიკურად ახსნა" :
"ნორმალური და ბუნებრივი მოქმედებაა, 9 წლის განმავლობაში ღირსება შელახული, გამწარებული ხალხისგანო".
თქვენი წინაპრების დამარბეველი მშიერი გლეხები, რამდენი საუკუნის ბოღმას ატარებდნენ შიმშილის, დამცირების და ღირსების შელახვის გამო?
საუკუნის წინანდელი გლეხებს კეთილგონიერებას როგორ მოვთხოვთ , როცა დღეს ერი ვერ შეთანხმებულა და ვერ გაურკვევია არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
ან საჭიროა თუ არა სამეფო ოჯახის შეკოწიწება.
დღეს , წინა ხელისუფლებას " სრულიად ერმა " გამოუტანა განაჩენი "ჩაქოლვა", მისი აღიარებული წარმატებების მიუხედავად.
შეცდომები არ აპატია.......
თუ ობიექტურები ვიქნებით და კარგად წავიკითხავთ საქართველოს ისტორიას, სასიკეთი საქმეების ფეხდაფეხ ქართულ არისტოკრატიას, ისე ყავთ განაწამები ხალხი და დაზარალებული სახელმწიფოებრიობა, რომ რაზე გწყდებათ გული ბატონო ზაალ , არ მესმის.
ხალხი ხომ ყოველთვის სამართლიანია, როგორც დღეს.
არ აპატიეს შეცდომები თქვენს წინაპრებს......
რაც შეეხება:
" ამისათვის ქართველმა ხალხმა ჯერ ყურადღებით უნდა ჩახედოს თავის თავს სარკეში, შერცხვეს თავისი სახის, ბაქიაობის და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციების ..........."
რათქმაუნდა, უდაოდ, მაგრამ თითოეულმა ქართველმა უნდა გააკეთოს ეს, გვარიშვილობის და განათლების მიუხედავად.
რადგან დღეს ფარისევლობა, უგნურება, სულმოკლეობა, სიხარბე და რაც მთავარია არასახელმწიფოებრივი აზროვნება არა მგონია რომ რომელიმე სოციალურ ფენაში განსაკუთრებით მეტია ან ნაკლები.

იმედია არ დაბლოკავთ მგონი არაკორექტული არაფერია, (ამის წინაც რატომ არ გაუშვით ვერ ვხვდები)



ავტორი: მოქალაქე საიდან გვწერთ: ოკუპირებულიდან
25.02.2013 14:02
ჩიხია. ხშირად მიფიქრია ამაზე. რამდენი იუნკერი დაიღუპა კოჯორში? 1000-ზე ნაკლები . სად იყო ერი? სად იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი ნაცია? არსად. ის უბრალოდ არ არსებობდა. 2008-შიც ცოტა მეტად რომ გაგვეწირა თავი შეიძლება ასე არ დავმარცხებულიყვავით. :(

ავტორი: მაკა ვასაძე საიდან გვწერთ: თბილისი
25.02.2013 12:33
კარგი და დროული სტატიაა. მართალია ავტორი, როდესაც ამბობს ისტორიულ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო... გაანალიზო... მამარდაშვილის გარდა შეიძლებოდა ილია ჭავჭავაძის წერილებიდანაც მოეყვენა ციტირებები... ილია ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და სწორედ ამ მწარე სიმართლისთვის მოკლეს, სხვათაშორის ბოლშევიკებმა არა... და კიდევ ერთს დავამატებდი, კარგი იქნებოდა ავტორს გარდა სოციალური მიზეზებისა, გაეანალიზებინა იდეურიც. ვინაიდან, ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლას ბევრი მოაზროვნე, დიდი ქართველი იმედით შეხვდა. ეს იმედი მართალია უკავშირდებოდა პატრიოტულ სულისკვეთებას, საქართველოს გამთლიანების, სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მოლოდინს... მართალია, შემდგომ, სულ ცოტა ხანში, ყველა ყველაფერს მიხვდა. ზოგი ქვეყნიდან წავიდა, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც დაიჭირეს და დახვრიტეს და ა.შ. საინტერესო იქნებოდა ამ კუთხითაც ყოფილიყო სტატიაში ანალიზი... ისე ერთ-ერთი კომენტარის ავტორს იმაში კი ვეთანხმები, რომ იმ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა, ალბათ, რამდენიმე მილიონს არ შეადგენდა.

ავტორი: კახა ბენდუქიძე
25.02.2013 12:08
"შეიძლება ეს კოგნიტიური დისონანსის შედეგად რაციონალიზებული ქცევაა, მაგრამ მაგრად გამიხარდებოდა მაგათ ვინმემ რომ თავზე დააფსას"

ავტორი: ანონიმი
25.02.2013 12:01
საოცრება, თქვენი გამკვირვებია.
ბიძინა ივანიშვილის არჩევა ოკუპაციისთვის კის თქმა არ არის?
ან ბაბუატქვენის სახლკარს შესეული ხალხის მენტალიტეტი და ბიძინას ამომრჩევლის რითი განსხვავდება ერტმანეტისგან.
მილიარდერობის გარდა აბა სხვა რა ღირებულებების გამო აირჩიეთ ივანიშვილი ჩამომითვალეთ რა, გემუდარებით.
დამისახელეთ ერთი თვისება მისი როგორც პოლიტიკოსის, განათლება თუ გამოცდილება თუ სიბრძნე

ავტორი: ავთო საიდან გვწერთ: თბილისიდან
25.02.2013 11:21
"აი, ეს სარკეში ჩახედვა მგონი დღემდე არ მოგვიხერხებია და დღემდე პატრიოტიზმს ურაპარტრიოტიზმით ვანაცვლებთ. დღემდე ვუყვებით ჩვენს თავს ისტორიას - არა ისეთს, რომელიც გვეტყოდა, როგორები ვართ და გაგვიხსნიდა გზას აღორძინებესაკენ, არამედ ისეთს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ყოველთვის კარგები ვიყავით და ახლაც კარგები ვართ." - 100%! განა უზუსტესად არ არის ნათქვამი? მაგრამ ზოგს არაფრის გაგონება არ უნდა, რაც მისებურ ხედვაში არ ზის.

ავტორი: დანტე
25.02.2013 11:05
პოსტსკრიპტუმი. ბაბუაჩემი 92 წლის იყო. 2001 წლის ნოემბერში ქუჩაზე გადადიოდა, როდესაც მანქანამ დაარტყა. მძღოლს უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა. არ გამიკვირდება, თუ დღეს ამ ადამიანს გულზე ყაყაჩო აქვს მიბნეული, მამაცი იუნკერების სადღეგრძელოს სვამს და პატრიოტული გზნებით შეპყრობილი გაიძახის: “არა ოკუპაციას!”-მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ის მანქანა ემსახურებოდა ამჟამინდელ ნაციონალს, რომელიც დანაშაულში რომც ემხილებინათ-მისი მომხრეები სასამართლოში ტაშით შეეგებებოდნენ!

ავტორი: БУХУТИ
25.02.2013 10:38
ავტორი: კოტე
25.02.2013 03:40
--------------------------------------------------------------
ბატონი ზაალ ანდრონიკაშვილის პრობლემა იმაშია კოტე ბატონო, რომ საკუთარი ოჯახის ისტორიას მიხეილ ანდრონიკაშვილის, საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკის ბიოგრაფიით იწყებს და არა მისი დიდი წინაპრის,მალხაზ ანდრონიკაშვილის ბიოგრაფიით.

ბატონი მალხაზ ანდრონიკაშვილი 1810 იმერეთის აჯანყების დროს ებრძოდა რუსეთის ჯარს. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოლომონ ლიონიძესთან ერთად გადავიდა ახალციხეში. აქედან სოლომონ II-ის დავალებით ჯერ ოსმალეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად, შემდეგ კი ირანში. 1815 ჩავიდა ეჩმიაძინში და სომეხთა კათალიკოსის შუამდგომლობით საქართველოს მთავარმართებლისაგან პატიება და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიიღო. გარდაცვალებამდე კახეთში ცხოვრობდა.

ანუ ქართული სახელმწიფოს საბოლოოდ გაუქმებამდე ხმამაღლა ამბობდა ბატონი მალხაზი "არა ოკუპაციას"!!!
თქვენ რატომ გაღიზიანებთ ეს სითყვა ბატონო ზაალ არ მესმის...
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არის

ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან, მაგრამ მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არის.
გაგრძელება

ვიდეო პაატა შეშელიძე დანაზოგების შესახებ

31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი.
გაგრძელება

აუდიო ნავთობზე ფასების კლება

​ივნისიდან მოყოლებული, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 პროცენტით დაეცა, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ისეთ ექსპორტიორ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
გაგრძელება

ადვოკატით სარგებლობის უფლება

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მოუხსნეს თავისი ადვოკატით სარგებლობის უფლება.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული