Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი აღშფოთებული ქართველი, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ ფეისბუკზე


1. ბიძინასთან მებრძოლი

ვინ არის: ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი უცნაური პოლიტიკური შეხედულებები. ზოგისთვის ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერია და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და მოსაწონია. სხვების აზრით, საქართველოს წიწიბურა გადაარჩენს. ისეთი ხალხიც არსებობს, ვისაც "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" ჭკვიანურ გამონათქვამად ეჩვენება. მაგრამ, უმეტესობას ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც აქვს და ამიტომ საკამათო პოლიტიკურ თემებს ადვილად აარიდებ თავს. არ გინდა განიხილო, რამდენად მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსია ნინო ბურჯანაძე? - მოდი, მაშინ, მარკების შეგროვებაზე ვილაპარაკოთ (ჯიმეილი მკვლელია! ფილატელისტობას გვართმევს). ან იქნებ ბრძნულად შევსებული ტოტალიზატორის ბილეთი განვიხილოთ და "შტუტგარტერ კიკერსის" და "ვაკერ ბურგჰაუზენის" მოულოდნელი ფრე გამოვიგლოვოთ (მაგას რომ არ გაესხა, 20 თეთრი ხუთას ლარს იგებდა). ბიძინასთან მებრძოლთან ეგ ხრიკები არ გაგივა. მისთვის ფეხბურთი, მარკები, დისშვილის დაბადების დღეები, ბრიუსელში დაჩეკინება და რობინ უილიამსის სიკვდილი არ არსებობს. მისი ყოველი დილა ფეისბუკზე ბნელად თენდება, რადგან ჭორვილაში საურონი ზის.

რას აზიარებს: უცნაური „საინფორმაციო სააგენტოების“ სტატიებს, რომლებიც „ასავალ-დასავლის“ ნაციონალური ანალოგებია და რომლებიც ადასტურებს, რომ ნარმანია სოფლელია, ივანიშვილი სოფლელია და, საერთოდაც, ვაზისუბანში ვიღაცა დაჭრეს.

ტიპური სტატუსი:

2. მაგინებელი მორწმუნე

ვინ არის: ვთქვათ, ზიხარ შენთვის სამსახურში საქმიანი სახით და, ბუნებრივია, ფეისბუკზე დაძვრები. ათვალიერებ 10 წლის უნახავი კლასელის მიერ შარშანწინ შარმ-ელ-შეიხში გადაღებულ ფოტოებს (როგორ მობერებულა. მე ხომ ისევ ახალგაზრდულად გამოვიყურები?). მერე კი, სულიერი საზრდოს მიღებასაც გადაწყვეტ და, როგორც ყველა კულტურული ადამიანი, რადიო თავისუფლების ფეისბუკის გვერდზე "წითელი ზონის" ბოლო გადაცემას მიაშურებ. გადაწყვეტ გაიგო, თუ რას ამბობენ სხვა კულტურული ადამიანები და კომენტარებს გადახედავ, სადაც პირკატა გეცემა. ინტელექტუალური სჯა-ბაასის ნაცვლად თვალში მოგხვდება უგვანი გინება, რომლის წაშლაც გვერდის ადმინისტრატორს ვერ მოუსწრია. გინების ავტორის პროფილზე გადასვლისას კი აღმოაჩენ შუახნის მამაკაცს, რომელიც ორი რამით არის დაკავებული: ან უკიდურესად უხამს კომენტარებს უწერს მისთვის უცნობ ადამიანებს, რომელთაც მტანჯველ სიკვდილს უსურვებს და დედის სისხლს უხსენებს და ან ნაზ და მოსიყვარულე კომენტარებს უწერს მისთვის ნაცნობ ადამიანებს და ეზოტერულ რელიგიურ დღესასწაულებს ულოცავს.

რას აზიარებს: ფოტოებს, რომლებზეც სააღდგომო პასკა და კვერცხებია გამოსახული ხახვისთავა გუმბათისა და სტაფილოსფერი გრადიენტის ფონზე ზედ წარწერით „ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“ და სადაც 52 ადამიანია დათაგული. სუფრაზე გადაღებულ ფოტოებს, საიდანაც მწვადნაჭამი ხალხი გოროზად გიყურებს. ლექსებს სიყვარულზე. რუსული ტელევიზიის სიუჟეტებს, სადაც ნაჩვენებია, როგორ ეშვება ევროპა გარყვნილების ჭაობში.

ტიპური სტატუსი:

3. ეულად გაბრაზებული

ვინ არის: ზოგი ფეისბუკზე ნინია კაკაბაძეს უმეგობრდება მარტო იმიტომ, რომ მაშინვე სასტიკად აღშფოთდეს, როგორც კი ის რამე ნაკლებად აღმაშფოთებელს გააზიარებს. მის ბრაზს კი მერე ასობით ადამიანი აიტაცებს ხოლმე. სხვები იმ ენამყრალი ბებრის ყველა ვიდეოგზავნილს უსმენენ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ქართველებს არაფერი გვეშველება და ამას მერე მეგობრებიც დაუდასტურებენ ლაიკებით. ეულად გაბრაზებულიც მუდმივად აღშფოთების რეჟიმშია, ოღონდ მას ყველაზე მცირედი, უმნიშვნელო და ერთი შეხედვით ფეხზე დასაკიდებელი რამეები აღიზიანებს. აი, მაგალითად, არა ის, რომ მძღოლები ზებრაზე არავის ატარებენ; არა ის, რომ ფეხით მოსიარულეები ძროხებივით გადააჭრიან ხოლმე თავზე მიწისქვეშა გადასასვლელს; არა ის, რომ ფეხით მოსიარულეებმა ტროტუარები მძღოლებს დავუთმეთ. არა - ის კითხულობს, ამის დედა რომ ვატირე, რატომ უნდა მჭირდებოდეს შუქნიშნის გასამწვანებლად ბოძზე თითის დაჭერაო? რაღა გასაკვირია, რომ მის ბრაზს არავინ იზიარებს?

რას აზიარებს: სხვადასხვა რამეს, რამაც, რატომღაც ნერვები მოუშალა. მაგალითად, "ინტერპრესნიუსის" ცნობას, რომ თბილისის მერი დიღომში ახალ საფეხბურთო მოედანს გახსნის (დამპლებო, ჭადრაკს როდის მიხედავთ?)

ტიპური სტატუსი:

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG