შაბათი, 25 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 12:43

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

ნომინაციები მედროვეთა ვირტუალური კონკურსისათვის

x
ხელისუფლების ცვლა ყველგან და ყოველთვის ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს მედროვეებისა და მლიქვნელებისათვის. გამონაკლისი, ცხადია, არც საქართველოა, სადაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, მედროვეთა ნამდვილი ბუმი დაიწყო. ამ საყოველთაო ისტერიაში, რეპრესირებული, დევნილი და შევიწროებული ხალხის გარდა, ძველი ხელისუფლების გააფთრებულ კრიტიკას ხელი მიჰყვეს მათაც, ვისაც მანამდე არანაირი „შეუთავსებლობა“ არ ჰქონია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიასთან თუ პოლიტიკურ კურსთან. 

შესაბამისად, სოციალურ მედიაში და ფორუმებზე, სადაც ამ დღეებში ბევრი მედროვის განცხადების გამომზეურება და კრიტიკული ანალიზი ხდება, გაჩნდა იდეა, გამოვლენილ იქნეს საუკეთესო მლიქვნელური გამონათქვამის ავტორი. ფეისბუკელი მეგობრების თხოვნით, რამდენიმე ნომინანტი მეც შევარჩიე, რაც - მასალის სიუხვის გამო - სულაც არ აღმოჩნდა იოლი საქმე.

ჩემი ვერსიით, მედროვეთა „სატურნირო ცხრილში“ ჯერჯერობით უპირობოდ ლიდერობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ფრაზისათვის, რომელიც მან 5 ოქტომბერს გამარჯვებული კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა. „საქართველოში ბიზნესისათვის რენესანსის დრო დგებაო“, - აი, ასეთი ხოტბით აღნიშნა საქმიანი წრეებისათვის ნანატრი ეპოქის დადგომა ბანკ „რესპუბლიკის“ პრეზიდენტმა. ჩვენს დუხჭირ ყოფაში, რენესანსის მოლოდინს ვერავის აუკრძალავ, მაგრამ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის რომელ მონაკვეთში იგრძნო დეკადანსის მარწუხები ბატონი პაპაშვილის საბანკო ბიზნესმა, რომელმაც, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, განსაკუთრებით ფართოდ გაშალა ფრთები წინა ხელისუფლებასთან ჰარმონიულად თანაარსებობის წყალობით.

ჩემი ღრმა რწმენით, მედროვეთა „შორტ-ლისტში“ მოხვედრა გარანტირებული აქვს სამგზის მაჟორიტარ დეპუტატს ხობიდან გოდერძი ბუკიასაც, რომელმაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომაზე დატოვა აწ უკვე უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები და განაცხადა, რომ იგი ყოველთვის თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს მთავრობასთან. როგორც სოციალურ ქსელში ჩატარებული ბლიც-გამოკითხვით ირკვევა, მთავარი მედროვის ტიტულის მოსაპოვებლად, ბუკიას პოლიტიკურ სპექტრში ბადალი არ ჰყავს. ხობელთა რჩეული ყოველთვის გამარჯვებულის მხარესაა. „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე ჯერ არც კი ჰქონდა დალეული პარლამენტის ტრიბუნაზე ედუარდ შევარდნაძის დატოვებული მწვანე ჩაი, ბატონი ბუკია უკვე გამარჯვებული ლიდერის ნავში იჯდა და ჟურნალისტებს სააკაშვილის მხარდამჭერ ინტერვიუს აძლევდა.

რაკი სიტყვა ჩემს კოლეგებზე ჩამოვარდა, აღვნიშნავ, რომ საუკეთესო მედროვის გარკვევა, დიდი კონკურენციის გამო, ყველაზე მეტად სწორედ ჟურნალისტთა შორის გაჭირდება.

თუმცა, „მეორე უძველესი პროფესიის“ წარმომადგენელთა შორის პირველობას, ჩემი აზრით, ჯერჯერობით არავის უთმობს აკაკი გოგიჩაიშვილი. ჟურნალისტმა, რომელიც თავის საავტორო პროგრამა „ბიზნეს-კურიერში“ დაარსების დღიდან ქართული ბიზნეს-გარემოს კონკურენტუნარიანობაზე, ხელისუფლების ფილიგრანულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქართული ბიზნესის აყვავებაზე ლაპარაკობდა, საპარლამენტო არჩევნებიდან სულ ორი კვირის თავზე აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში ბლომად ყოფილან რეპრესირებული ბიზნესმენებიც. ცენზურის მარწუხებიდან განთავისუფლებულმა ჟურნალისტმა მალე, რომ იტყვიან, ბოლომდე გაშალა აფრები. 13 ოქტომბერს „ბიზნეს-კურიერში“ ბატონმა გოგიჩაიშვილმა სტუმრად დაპატიჟა ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ფსიქოლოგი, რომელმაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ“ და „სექსუალურად აღვირახსნილ“ პიროვნებად გამოიყვანა.

„ცხვირიდან ნიკაპამდე მანძილი, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მეცნიერების აზრით, გვაძლევს პროგნოზს, რომ ეს ადამიანი არის, ასე ვთქვათ... სექსუალურად აღვირახსნილი. ასეთ [სექსუალურად აღვირახსნილ] ადამიანებს აქვთ ხოლმე ამ დონის მანძილი [ცხვირსა და ნიკაპს შორის]. თუმცა, ეს არის მეცნიერების აზრი და ყოველთვის არსებობენ გამონაკლისები,“- სტუდიის ტელეეკრანზე გამოსახულ მიხეილ სააკაშვილის სახეზე დაკვირვებით აი, ასეთი დასკვნა გააკეთა ფსიქოლოგმა ხათუნა მუზაშვილმა.

ამ მეტად ფრივოლურ ფსიქო-ანალიზს კი უდრტვინველად უსმენდა  ჟურნალისტი, რომლის საავტორო გადაცემაში მიხეილ სააკაშვილზე მანამდე ან კარგი ითქმებოდა ან - არაფერი!

მედროვეთა ფერხულში პირველ ეტაპზე, ცოტა არ იყოს, მწერლები მოიკოჭლებდნენ, თუმცა გასულ კვირაში ვაკუუმი ამ მხრივაც საინტერესოდ შეივსო. ვგულისხმობ რევაზ მიშველაძის ინტერვიუს 19 ოქტომბრის გაზეთ „რეზონანსში“, რომელიც მოგვიანებით თითქმის სრულად გადაბეჭდა ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმაც“.

მწერალმა, რომელიც მანამდე არ ყოფილა შემჩნეული ხელისუფლების ოპონენტობაში, „დესპოტური“ უწოდა სააკაშვილის მმართველობას, რომელიც თურმე ქართველი ერის „დაჩმორებას და დადედლებას“ ცდილობდა.

ქართულ ზეპირსიტყვიერებასა და პუბლიცისტიკაში ამ და მსგავსი ევფემიზმებით ბევრი მეტყველებს, მაგრამ „ბნელი წარსულის“ მაღალმხატვრული ასახვის მწერლისეული ოსტატობა ნამდვილ კულმინაციას აღწევს ინტერვიუს იმ ნაწილში, სადაც ბატონი მიშველაძე 1 ოქტომბრის არჩევნებს დიდგორის ბრძოლას ადარებს: „ამ დროს ხალხმა ძალა მოიკრიბა, მისთვის საძულველი ხელისუფლება დაამხო. ეს გაკეთდა ბრწყინვალედ, ისე, რომ რეაქციულ ძალებს უკვე ძალა აღარ შესწევდათ არჩევნები გაეყალბებინათ. ამაში მე ვხედავ „ქართული ოცნების“ დიდ გამარჯვებას. ეს არის მარტყოფისა და დიდგორის ბრძოლის მოგების ტოლფასი. საქართველო გადარჩა.“

მოკლედ, რაკი ღმერთმა გადაგვარჩინა და „რეაქციულმა ძალებმა“ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, მეც ცოტა მოვეშვები, ძვირფასო მკითხველებო, და თქვენთან ერთად შედარებით მშვიდად გავაგრძელებ ნომინანტების შერჩევას მედროვეთა სამამულო კონკურსისათვის. ვინძლო, ამით მაინც გავუწიო სამსახური იმ ჩემს კოლეგებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ უკრიტიკოდ უნდა ალანძღვინონ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა იმ „ცნობად სახეს“, რომლებმაც კოალიცია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება ჩიორა თაქთაქიშვილზე ცოტათი ადრე და დოდოშკაზე გაცილებით გვიან აღიარეს.

Tags: არჩევნები 2012



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: ანონიმი
22.11.2012 15:07
კობა, საინტერესოა, მაგრამ ძალიან ცოტა - უფრო სწორად, ეს ნომინანტები ისედაც სახეზე იყო და არის, რა გამოვლენა უნდოდა. ბოლომდე შეავსე სატურნირო ცხრილი.

ავტორი: ana საიდან გვწერთ: sidnei
13.11.2012 15:25
უფრო მეტ ინფორმაციას ველოდი. განა მედროვეობა არ არის მთელი ცხოვრება ფონდებში იჯდე (და ხომ ვიცით ამ ფონდებს ვინც განაგებდა), ყველა კონურსი და გრანტი შენი თანხმობის გარეშე არ გაიცემოდა და ახლა "ნაცმოძრაობის" მტრის მანტია მოირგო?

ავტორი: magari საიდან გვწერთ: tbilisidan
11.11.2012 21:50
კობა გაიხარე კარგად ვიცინე გეორგიევსკის ტრაქტატის ძეგლს როდის აღადგენს პინგვინების მტავრობა ოკუპაციის მუზეუმს როდის დახურავს

ავტორი: ანონიმი
04.11.2012 19:27
მედროვეობაა დინების გაყოლაც თუ აყოლაც. იყო დინება და სტალინი და ჰიტლერი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. მერე დინება შეიცვალა და დახოცეს. ვიღაც ამერიკელმა დევისმა გადაიღო ფილმი რომ სტალინი კარგად იქცეოდა რომ 1937 წელს დიდ გასართობ პროცესებს აწყობდა,სტალინმა მას ლენინის პრემია და მისი ცოლისთვის ფაბერჟეს რამოდენიმე შედევრი მისცა. ხოდა ასე, ეხლა ასეთი დინებაა თაყაიშვილზე ჯაბების მისაფლავების,თაყაიშვილის პრემიის გასაგები მიზნით გასაგები პირებისთვის მიცემის,თბილისის საბჭოთა ზარბაზნით ვინ იცის მერამდენედ დემოკრატიზაციის დინებაა. იყო წერეთელის შემოტანის დინება,ეხლა წერეთელის გატანის დინებაა. ხოდა ასე. გესწავლოთ დინებებს შორის ადამიანური არსებობა.

ავტორი: GERMANE
03.11.2012 11:17
არამარტო KGB-ს ხელისუფლებაა უცვლელი, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიებისაც - რუსული, ქართული, უკრაინული - უცვლელია. ბოლოს ფსბ-მ დანიშნა - თუმცა ფსბ-ს და კგბ-ს შორის რა განსხვავებაა?

ახლა ვნახე წირვა-ლოცვის ქადაგებები - სექტემბრის თვეში ჩაწერილი - საინტერესოა ვინ მოახდინა ამდენი "შავკაბიანების" მობილიზება - ვინც 5-ს მოხაზავს წარწყმდებაო, ეშმაკის რიცხვი ახლა 5-იაო, დასაგმობი 5-მაგად კიარ უნდა ვაღიაროტ, არამედ 7-მაგად დავგმოთო (ეს ალბათ მანამდე იყო, ვიდრე 41-ად განომრდებოდა ოცნება) და სხვა ასობით ამგვარი მესიჯები.

ნაც-მოძრაობამ, რომელიც ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს უხდიდა ხარკად მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამის გარდა ათეულობით პროექტი დაუფინანსა შავკაბიან კაცებს, პირწმინდად წააგო მართლმადიდებელთა თანადგომა.
არა მგონია ეს ყველაფერი ისე, უბრალოდ მომხდარიყო. ახლა ბევრი შავკაბიანი იწონებს თავს - აი ნახეთ მაში მე რა ვიქადაგეო. ნაცების კაბიანმა კაცებმა ვერ იაქტიურეს თუ არ იაქტიურეს - არ ვიცი.
თუმცა, რა აზრი აქვს - ამ ხალხის წვერგაუპარსავი შავკაბიანი მოკაცო ელემენტების მხარდაჭერა მე უფრო სამარცხვინო მგონია, ვიდრე არჩევნების წაგება.

ავტორი: ანონიმი
02.11.2012 15:10
უცვლელი ხელისუფლებაცაა მედროვეებისთვის კაი რამე! მაგალითად შევარდნაძემ კარგად ისარგებლა ბოლშევიკეური ხელისუფლების ,მიმორხევით ჯერ კომკავშირში,მერე მილიცია-პარტიაში და ბოლოს მსოფლიო დემოკრატიაში შთამბეჭდავი კარიერის გასაკეთებლად. ძერჟინსკის შემდეგ კგბს ხელისუფლება უცვლელია და ქამელეონები ჰარმონიულად მიირხევიან ამ ხელისუფლების ნარნარ განდაგანასთან ერთად.

ავტორი: გუჯი კახობერაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
02.11.2012 11:16
ისღები მოსაზრებაა, მთავარია ბევრი არ გამოგვრჩეს. ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ კონკურსს ეყოლობა ნომინანტები, გამარჯვებულები ესეიგი საჭიროა ჯილდო მაგალითად გენილური "ყვარყვარე თუთაბერის"ორდენი. აქვე მოგახსენებთ თუ დააკვირდით ყოფილი მთავრობის წევრები უცებ აღმოჩნდნენ არასამტავრგბო ორგანიზაციებსი მაგარ ოფისებში, თითქოს წინასწარ იყვნენ მომზადებულები.საინტეტესოა რა ფინანსებით მოაწყვეს მათ ეს ოფისები. ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემიდან კარგად ჩანდა საგარეო საქმეტა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ოფისის ინტერიერი.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
01.11.2012 20:56
"ავტორი: GERMANE
01.11.2012 19:42
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
30.10.2012 01:18
ტატა, როგორ ხართ, როგორ გადაიტანეთ უახლოესი კატაკლიზმები - მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი".-სადა აქვს ტატას აზრი-იგი უაზროდ შეყვარებულია მიშაზე და ნაცXმოძრაობაზე...მზადაა საფლავშიც ჩაჰყვეს მათ-აი მესმის "ერთგულება"-ტატასნაირად მიშას უახლოესი თანამებრძოლებიც კი არ მოქცეულან...აბა!

ავტორი: GERMANE
01.11.2012 19:42
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
30.10.2012 01:18


ტატა, როგორ ხართ, როგორ გადაიტანეთ უახლოესი კატაკლიზმები - მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი.

ავტორი: jambuli საიდან გვწერთ: londonidan
01.11.2012 10:57
თქვენს მიერ ჩამოთვლილმა თითქმის ყველა პიროვნებამ ჩვენც, უბრალო მოქალაქეებიც, განგვაცვიფრებული დაგვტოვეს ასეთი სწრაფი ტრანსფორმაციით. მხოლოდ ერთი დაგავიწყდათ, არადა, მისი დავიწყება ბოლო დროს გამოქვეყნებული ინტერვიუების შემდეგ არაფრით არ ეგების, ეს გახლავთ პოლიტოლოგი, 1 ოქტომბრამდე ეგრეთ წოდებული სამთავრობო ექსპერტი, ბატონი ცოცო ცინცაძე.

ავტორი: ვიღაცა
01.11.2012 09:37
რეზო მიშველაძესთან დაკავშირებით მინდა შევნიშნო, მისი ხმამაღალი სიტყვა, მართალია, არ მომისმენია ამ რვა წლის განმავლობაში, მაგრამ პირად საუბრებში არასოდეს მომჩვენებია სააკაშვილის მეხოტბედ. პირიქით, სადაც ორი ნაცნობი შეიკრიბებოდა, სულ მიშას ლანძღვაში იყო.

ავტორი: კოტე ინაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
31.10.2012 20:16
ყვარყვარეებითა და ფარისეველი მედროვეებით, სავსეა საქართველოს დღევანდელობა. ვფიქრობ ქართული საზოგადოება გადაიღალა ამ პარაზიტებით და ათვიცნობიერებს არსებულ სამწუხარო რეალობას. იმედია, ნაადრევი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დროს, გვეღირსება მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანების ელიტას მივიღებთ.

ავტორი: Zurab Rtveliashvili საიდან გვწერთ: Stockholmidan
31.10.2012 19:48
არაჩვეულებრივი და ძალზე დროული ინიციატივაა ჩემო დძვირფასო მეგობარო , კობა , მე ვფიქრობ რომ ეს პროექტის ფორმატია და უნდა გაგრძელდეს მანამდე ვიდრე ყველა მეტნაკლებად ცნობილ ყვარყვარისტს არ გამოვავლენთ და თავის ადგილს არ მივუთითებთ, რადგან სწორედ ასეთი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური პარაზიტების ხარჯზე არსებობენ და ძლიერდებიან ისეთი ტიპის ოდიოზური რეჟიმები როგორიც იყო თუნდაც სააკაშვილის რეჟიმი, ბოლომდე შენს გვერდით ვარ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში !

ავტორი: თეა საიდან გვწერთ: სოლოლაკიდან :)
31.10.2012 19:00
დიდი მადლობა კობა ძვირფასო, როგორც ყოველთვის ცხრიანში არტყამ! :). განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ცხვირიდან ნიკაპამდე მანძილის საკითხმა! :)))) მოკლედ, პუტინოფობიაში სოციალისტური შეჯიბრებამ ახალი კურსი აიღო მიშოფობიის მიმართულებით! აპლოდისმენტები....

ავტორი: ზურა გალდავა საიდან გვწერთ: რუსეთი
31.10.2012 17:03
კობა კარგი იქნება თუ დავაწესებთ პრიზს- ყვარყვარე და კვირაში ერთხელ მივანიჭებთ ყველაზე გამორჩეულ მედროვეს, გამორჩეული პოზიციისათვის ან გამონათქვამისთვის.ვფიქრობ კაი ხანი გვეყოფა სამუშაოდ

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
30.10.2012 14:03
"რა უნდა ნატოში და ევროპაში ლუმპენიზირებულ მასას..."

აბა კაცო, საერთოდ ნატოში უნდა იღებდნენ სადისტებს, რომლებიც ჯარს თავზე უშვებიან, სამხედრო ბიუჯეტს ფლანგავენ, საკუთარ კაბინეტებს ორსართულიან პენტჰაუზებში აწყობენ და, რაც მთავარია, საბიუჯეტო თანხებით იწვევენ ჩამქრალ ვარსკვლავებს თავიანთი საყვარლებისათვის კლიპების ჩასაწრად... ეს ბოლო პუნქტი მაპისათვს აუცილებელია... ახლა მართლა ვიღა მიგვიღებს ნატოში, ბერა ხომ მხოლოდ შვილია და თან საკუთარ ფულს ხარჯავს...

ავტორი: striker1994 საიდან გვწერთ: UK
30.10.2012 13:58
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
30.10.2012 01:18
...საინტერესოა, როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას ოცნების და მისი ლიდერის მეხოტბე რადიო...

ხოტბას ალბათ ვეღარ გააგრძელებს, მაგმამ ისე, როგორც მიშას რეჟიმს თავს ესხმოდა, არ დაესხმება. ასე დაუნდობლად შევარდნაძესაც არ ექცეოდა. ამის მიზეზი ის მგონია, რომ თავისუფლებას ამერიკა კი აფინანსებს, მაგრამ ის არის ქართული რადიო, სადაც ქართველები მუშაობენ. ქართველთა უმრავლესობისთვის კი, გუბაზ სანიკიძე კლასობრივად უფრო ახლოსაა ვიდრე, მაგალითად, ბოკერია.

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
30.10.2012 01:18
ბატონო კობა, რაც დაწერეთ, მაგაში გასაკვირი სულაც არაფერია.საქართველო ხომ ცნობილია ეგეთი ორპირებითა და მედროვეებით.აი პრინციპული ადამიანებია იშვიათი და მასეთ ადამიანებს ურთულობენ ხოლმე ცხოვრებას მავანნი, თორემ მედროვეები ყველა დროში ახერხებენ კარგად ყოფნას.
მაგრამ თქვენიც მესმის, კონკურენცია გაიზარდა.არადა თქვენ ხომ მართლა დაუღალავად იღწოდით და ახლაც აგრძელებთ ოცნების მხარდაჭერას. უსამართლო არ იქნება ვიღაც მედროვემ ცხვირწინ აგაცალოთ "კარგი პოზიციები" ბიძინას გუნდში?...)))
ისე, პოზიციებზე გამახსენდა მართლა, რა ცუდ დღეში ჩავარდა რადიო თავისუფლების გუნდი?!.)) ევროპული ინსტიტტების მიერ დაფინანსებული რადიოსგან მთავრობის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ითხოვენ ალბათ. საინტერესოა,როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას ოცნების და მისი ლიდერის მეხოტბე რადიო .მაგრამ მე უკვე აღარაფერი მიკვირს და გამიკვირდება.

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
29.10.2012 17:12
მოგესალმებით შორეული მაროკოდან და ყველას გილოცავთ ცვლილებებს გახარებულებსაც და დამწუხრებულებსაც.. (რაც არ უნდა იყოს, ქართველები ხართ ყველა და ძალიანაც მიყვარხართ...) ვინც ბიძინა ივანიშვილში მხოლოდ ფულის ტომარას ხედავს, მე მათ უკვე ვეღარაფერს ვუშველი, რადგან ბუნებისაგან დასჯილები მგონია ისინი...მათ შევახსენებ სულკურთხეული მუხრანის ნათქვამს: "წუთისოფელი ამნაირად იმიტომ მიდის,/ კაი ხანია, კაცი არ ჩანს ნამდვილად დიდი.../ წესი და რიგი, დღეს როა ირგვლივ,/ მყის შეიცვლება, გამოჩნდება როგორც კი იგი!!" ქოსა-მუსტაფას ათქმევინა იბრაჰიმ ყარა-მაჰმად ოღლის ძმის ქორწილში! ცამდე მართალი იყო მუსტაფა-ეფენდი,(ანუ, ბატონი მუხრანი) რაც დამტკიცდა კიდეც საქართველოს მაგალითზე...ეჰ, ქართველებო, ქართველებო, "უჩემოდ ვით იმღერეთა!"-ს ფენომენი გღუპავდათ მუდამ და მომავალშიც, თუ დაღუპვა გიწერიათ, ეს ფენომენი დაგღუპავთ მხოლოდ...ძლივს, მიუხედავად ათასი გაყალბებისა და ტერორისა, დემოკრატიული გზით შეცვალეთ ხელისუფლება და ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაუდგეთ (საწყის ეტაპზე მაინც, ვიდრე სერიოზული მცდარი ნაბიჯის გადადგმა დაუპირებიათ!) უკვე დაუწყეთ ლაფის სროლა...გრცხვენოდეთ! ვიღაცამ ჭაბუა მოიხსენია ფსევდომწერლად..(ნუ, ახლა დეისაძე-ბურჭულაძის დონემდე შეიძლება ვერ ქაჩავდეს, მაგრამ "დათა თუთაშხიას" ავტორი ფსევდომწერლად რომ მოიხსენიო, მეტისმეტია უკვე!)
რაც შეეხება მედროვეებს, ამას წინათ ძალიან მოსწრებულად შენიშნა დათო მაღრაძემ: "ვიდრე დრო არსებობს, მედროვეებიც იქნებიანო" და სწორია ეს კაცი! ეს მოვლენა მაშინ იქნებოდა საგანგაშო, მარტო საქართველოსთვის რომ იყოს დამახასიათებელი! მოეშვით წვრილმან კინკლაობას და აკეთეთ საქმე! ეს ერთი წელი ბეწვის ხიდზე მოგიწევთ სიარული, ვიდრე "ვასოს მაღალი" რევანშისთვის ემზადება და გარკვეულ ბერკეტებს ისევ ფლობს!--ამაზე იფიქრეთ! დასასრულ, დიდი მადლობა ბატონ კობას ასე საჭირო და დროული სტატიისთვის!

პატივისცემით: მარად თქვენი მაღრიბელი დერვიში.

ავტორი: striker1994 საიდან გვწერთ: UK
29.10.2012 14:55
ავტორი: VAZARI
27.10.2012 13:05
დამაფიქრებელია და გულდასაწყვეტი : – ეს უსუფაშვილ–ხიდაშელ–საგანელიძე–ბოსელიები სულ ცოტა ხნის წინ ხუთ პროცენტს ძლივს აღწევდნენ, და ერთი ფულიანი კაცის გამოჩენამ ასე ძირფესვიანად რომ შეცვალა სურათი !
მეშინია, რომ დასკვნებს დასავლეთი გააკეთებს...

დასკვნები უკვე გაკეთებულია, და შესაძლოა სწორედ ეს იყო ბიძინას ჩანაფიქრი. რა უნდა ნატოში და ევროპაში ლუმპენიზირებულ მასას, რომელსაც სულ რამდენიმე თვეში 5 პროცენტიდან 95-ში გადადის და, როგორც მალე დავინახავთ, კიდევ რამდენიმე თვეში 5 პროცენტს უბრუნდება? ბიძინა, როგორც ამბობს, 2013 ან 2014-ში წავა პოლიტიკიდან, მაგრამ მაგ დროისთვის საქართველოს ისეთ ზიანს მიაყენებს, რომ ნატომდე გზა მას ახლიდან გასავლელი ექნება.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
29.10.2012 13:30
ამ თემას ეხმაურება აწ გარდაცვლილი ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარის დეპეშა ჯუმბერ პატიაშვილისადმი, რომლითაც მან ცკ-ს პირველ მდივნად არჩევა მიულოცა: "ედვარდის მოსკოვში გადაყვანის მწუხარება-შენმა არჩევამ გადამატანინა"-ო. ეს ისეთი" დონეა", ვფიქრობ გრან პრი ეკუთვნის...

ავტორი: Usaxelo
29.10.2012 10:38
ორგანულად შეავსებს მედროვეთა სიას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, რომელმაც პოლიტმეტში ჟიჟილაშვილთან ისე ლანძღა ნაციონალური მოძრაობა, რომ მის ფონზე სტუდიაში მჯდომი გოგა ხაინდრავა მოდერატორად გამოიყურებოდა

ავტორი: ანონიმი
29.10.2012 01:27
ავტორი: ანონიმი
28.10.2012 22:04
რომ იცოდეთ, გაგვეცინა: ჰი-ჰი...

ავტორი: ანონიმი
28.10.2012 22:04
бря 2012, 16:12 | Мир | Михаил Вигнанский, Тбилиси

საბჭოთა ზარბაზნით თბილისის დემოკრატიზატორებს ძეგლებს დაუდგავენ,ნობელის და სახაროვის პრემიებზე წარადგენენ და დიდუბის და მთაწმინდის პანთეონში დაანაწილებენ და ბატონი ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის სააკაშვილს პარლამენტში დაიბარებენ.ბარემ ქვემო იმერეთის რეგიონს აჭარის ავტონომიაზე მეტ უფლებებს მისცემენ და გუდაუთური აფხაზურის სწავლებას ლოპოტას ხეობის სკოლაში დააკანონენებენ.

Саакашвили вызовут в парламент по делу о гибели Зураба Жвании

Читайте далее: http://izvestia.ru/news/538497#ixzz2AiDMo4r8

ავტორი: NATIA
28.10.2012 12:28
დრო გვაჩვენებს ვინ იყო მართალი.

ავტორი: GERMANE
28.10.2012 12:14

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.10.2012 01:17




რა მოიძველბიჭებს, ვინა, სააკაშვილი?

ეგეთი ხალხი მაგას სჭირდებოდა თავისი გავლენისა და ხალხზე მოქმედებისთვის

ბიზნესს ვერ იფორმებდნენ ვინმესგან? მივიდოდა შსს, სოდი, კუდი და კიდე მისნაირი ბანდა და "გააკეთილებდნენ" ურჩ ბიზნესმენებს, ამ უკანასკნელების შეფობის გვარ-სახელები კიდევ ჩემზე კარგად იცით თქვენ ყველამ"""


ჰოდა, ტუტუცი, ესაა გასაკვირი - რაში დასჭირდა სააკაშვილს ბიზნესის გაფორმებაზე თავისტეხვა და ამ ხალხისათვის ვიღაცეების მიგზავნა? რატომ გააკეთა ეს სააკაშვილმა, რატომ ჩამოაყალიბა ახალაია-რურუების კლანი ან რატომ გახადა საქართველოსი ეს ხალხი რაიმეს მთქმელად?
ამ ხალხის არც ფულით და არც აზროვნებით არ მოუსულა მიშა ხელისუფლებაში - მოვიდა საკმაოდ უკორუპციოდ (ჩეჩნების საქმეების გარდა!!) და რატომ დასჭირდა ნაგავში ჯდომა - აი ეს ვერ გამიგია.

ახლა არ თქვა თავიდანვე ნაგავი იყოო.
მე სააკაშვილი მაშინაც ნანახი მყავს, არაფერი პოსტი რომ არ ჰქონდა და მერეც - ერთადერთი რაც საერთო იყო ამ პიროვნებებს შორის ეს იყო ტუტუცი ენა ასაკოვანი მამაკაცების მიმართ.

ავტორი: ანონიმი
28.10.2012 01:51
კომუნიზმის დროს სანიმუშო კომუნისტები და დემოკრატიის დროს სანიმუშო დემოკრატები ედუარდ შევარდნაძე,ელდარ შენგელაია,რევაზ ჩხეიძე და ა.შ. არ არიან სანიმუშო მედროვეთა მოწინავეთა და დამკვრელთა რიგებში?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.10.2012 01:17
რა მოიძველბიჭებს, ვინა, სააკაშვილი?

ეგეთი ხალხი მაგას სჭირდებოდა თავისი გავლენისა და ხალხზე მოქმედებისთვის

ბიზნესს ვერ იფორმებდნენ ვინმესგან? მივიდოდა შსს, სოდი, კუდი და კიდე მისნაირი ბანდა და "გააკეთილებდნენ" ურჩ ბიზნესმენებს, ამ უკანასკნელების შეფობის გვარ-სახელები კიდევ ჩემზე კარგად იცით თქვენ ყველამ

და მერე უკვე გვიან, როდესაც წარსულის შემხედვარეები, მიხვდნენ რომ ბევრი სისხლი ეცხოთ ხელებზე და ერთად ქონდათ ეს სისხლი დაღვრილი, უკვე ვეღარ გაწირეს ერთმანეთი, იმიტომ რომ ორივეს ბევრი და ძალიან ცუდი კომპრომატი ქონდა ერთმანეთზე

რევოლუციური ძალადობის პერპეტუმ-მობილე იყო ეს ყველაფერი

ანუ, ზრუნავდვნენ სხვების დუმილზე უფრო ვიდრე თავად ამ სხვებზე, რადგან ამ სხვებს მათზე ბევრი კომპრომატი ქონდათ მოგროვილი

ავტორი: vepxo საიდან გვწერთ: usa
28.10.2012 00:46
მორჩით ამ უაზრო ტლიკინს!!! მიშა დამთავრებულია და შეეგუეთ ახალ რეალობას!!! დრონი მეფობენ და არა მეფენი!
ვისაც კომუნიზმში გსურთ ცხოვრება ,არაა პრობლემა:)ასეთი ჩრდილოეთ კორეაა და დაბადებიდან სიკვდილამდე ,ერთი მართველი და ერთი პარტიაა:)))განთავისუფლდით ერთხელ და სამუდამოთ ამ მონური ,ბოლშევიკური იდეოლოგიისგან და გონებას მიეცით საშვალება თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი გარემოს შეგრძნებისა!:)იმედია მალე ზვიადისტებივით,ახლო მომავალში და 10 წლეულებში არ დაიმკვიდრებს ტერმინი (მიშისტები)

ავტორი: GERMANE
27.10.2012 23:44
ავტორი: ხუთკუნჭულა
27.10.2012 16:12

თქვენი "დემოიკრატიის დედოფალი" ფბ-ზე უნდა იხილოთ თუ როგორ იცავს სოზარ სუბარს ნინიასაგას (დიახ ამ სიმპათიურის და უკალაშნიკოვო ნინია კაკაბაძისაგან!).

სოზარიო, კარგი ბიჭიაო, პატიოსანიაო და ამიტომაც უფლება აქვს რომ საკუთარი სამინისტროს მაკონტროლებელი საზოგადოებრივი პოსტის კანდიდატი თავადვე დაასახელოსო.
აბა მე ხომ არ მოვიჭრი კუდსაო???
აი ესაა დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება.

აქვე მინდა ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
27.10.2012 22:47 - გამოვეხმაურო.

სააკაშვილი მარტო იმიტომაც იყო არ ასარჩევი, რომ ახალაია-რურუები არ მოიცილა. აფსოლუტურად არაფერში ესაჭიროებოდა ეს ხალხი და მაინც არ გააკეთა.
საინტერესოა რატომ.

მე ვფიქრობ. რომ სააკაშვილი თავადვე ინფანტილურად მოიძველბიჭებს გზადაგზა და "კარგი ბიჭის" სახელის "უბანში" გატეხვას მოერიდა (ვითოოოოომ????)

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
27.10.2012 22:47
ხაინდრავა რას იზავს არ ვიცი, მაგრამ როცა იოსელიანის პირადი მოწაფე რურუა ფეისბუკზე მოწოდებას ავრცელებს, რუსული ძალა მოვიდა ხელისუფლებაშიი, ქვეყანას ღუპავენი და საჭიროების შემთხვევაში სისხლის და სიცოცხლის ფასად არ დავთმოთ ქვეყანაო....

მართლაც რომ მაშინებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები: რესპუბლიკელების გამარჯვება = ის რაც მოხდა გამსახურდიას დროს. სწორედაც რომ რესპუბლიკელებმა დააყვედრეს ობამას წინასაარჩევნოდ-რად აღიარე ქართული არჩევნები, ისევ მიშა უნდა დაგეტოვებინაო

მერე რა რო ჯაბა მკვდარია, აბა ნახეთ ნიკუშკები რა ბიჭი იყო მხედრიონში, ისეთი გამოცდილი ბიჭია... მტერსაც კი არ ვუსურვებდი მის ხელში აღმოჩენას

ავტორი: აილა საიდან გვწერთ: თბილისი
27.10.2012 18:33
მედროვენი არა მხოლოდ ისინი არიან, ვინც ახლა ხელისუფლების მიღმა დარჩა და დაბრუნებას ცდილობს,არამედ ხელისუფლებაშიც ბლომად მოიძებნებიან

ავტორი: ხუთკუნჭულა
27.10.2012 16:12

ავტორი: GERMANE
27.10.2012 00:19
„მე იმ ხალხის უფრო მეშინია, რომლებიც არც კი ვიცი ნამდვილად ვინ არიან“

გეთანხმებით ბატონო გერმანე. ხაინდრავა რომ ჯაბას და ქურდებს მიემხრობა ყოველთვის, ხოლო ძიძიგური ქუჩის „აქციებით“ ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს და ამას იზეიმებს, თან გამარჯვებად გაასაღებს იმ ფაქტს, რომ აი, არადემოკრატიული ქვეყანა ვართ და არ ვიმსახურებთ ნატოს წევრობასო, აი ამის უფრო უნდა გვეშინოდეს და არა ვითომ პოეტ ჩარკვიანების და ვითომ მწერალ და ფსევდო ბერი ამირეჯიბის.
საშიში ია ანთაძეა, დღემდე რომ გაყურსულა გოგი ხაინდრავასთან დაკავშირებით, არადა მისსავე ბლოგზე მემუქრებოდა ცილისწამების გამო უნდა გიჩივლოსო ხაინდრავამო. აი ასეთი ია ანთაძეებია საშიში, ბოღმის გამო ყველაფერს რომ იკადრებენ და ქვეყანას საფრთხეში აგდებენ, თორემ მედროვეობა საქართველოში უადვილესად გასათვლელი ფენომენია. რა, არ ვიცოდით, დიდი მწერალ-რეჟისორები რომ ედიკას დროსთან ნოსტალგიურად განწყობილ ფულის დონორ ბიძინას დითირამბებს მიუძღვნიდნენ?
აი, საშიში ისაა, უსუფაშვილი, ხაინდრავა, ძიძიგური და კიდევ ბევრი ერთ გუნდად რომ გვევლინებიან, სურმავას ჩანაწერებზე ჟურნალისტები რომ გატრუნულან და ბოღმა პრემიერი რომ ტერმიტებით ქვეყანას დაეპატრონა

ავტორი: otxmocianeli საიდან გვწერთ: qutaisi
27.10.2012 15:17
ახლა ასეტი ადამიანებიც დასაფასებელია. მთავარია გულით იყოს პატრიოტი და არ გვიღალატოს!

ავტორი: NATIA
27.10.2012 14:02
მედროვე მოღალატეა, მაგრამ ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ ( ზოგიერთ დეპუტატს ვგულისხმობ), როდესაც მას და მის ოჯახის წევრებს აშინებენ და განადგურებითაც ემუქრებიან. ეს დამუქრება ბიძინას პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან მოქმედებს.

ყველამ იცის ეს !

აქედან გამომდინარე, ორჯერ მეტად გმირები არიან ისინი( ჩვენი ცნობილი სახეები ვაციონალებიდან!), ვინც არ ეპუება მათ დამუქრებებს და აგრძელებენ ბრძოლას უკვე მათთვის ძალიან გაძნელებულ გარემოში. მივესალმები მათ და წარმატებას ვუსურვებ.
ისე, ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ არჩევნების წინ თითქოს უმნიშვნელო მოვლენებისადმი, აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.
ეს იყო მათი დიდი შეცდომა მთელი ამ 8 წლის მანძილზე.



ავტორი: nodari საიდან გვწერთ: აქედან
27.10.2012 13:38
ბატონო კობა არ გეთანხმებით!!! მედროვეობა არაფერ შუაშია. მთელი საიდუმლო არის "ცხვირიდან ნიკაპამდე მანძილში" :)) რა ქნან გოგიჩაიშვილმა და სხვა ნომინანტებმა, ესეთი ცხვირ-ნიკაპი არგუნა განგებამ :)))
ისე, დოდოშკაც იმსახურებდა ნომინანტის წოდებას, თავისი "მრავლისმეტყველი" მიმიკით და პანტომიმიკით :)

ავტორი: VAZARI
27.10.2012 13:05
დამაფიქრებელია და გულდასაწყვეტი : – ეს უსუფაშვილ–ხიდაშელ–საგანელიძე–ბოსელიები სულ ცოტა ხნის წინ ხუთ
პროცენტს ძლივს აღწევდნენ, და ერთი ფულიანი კაცის გამოჩენამ ასე ძირფესვიანად რომ შეცვალა სურათი !
მეშინია, რომ დასკვნებს დასავლეთი გააკეთებს...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
27.10.2012 12:21
არადა რა არის ამაში ახალი, რა იყო პირველად ხედავთ ადამიანების მხრიდან ზურგის ქარის მოძებნის და მისი გამოყენების მცდელობას?

ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის, ამაში არც არაფერია ახალი და არც არაფერი განსაკუთრებული

გასაკვირია მხოლოდ ის თუ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი განსაკუთრებით არაპოლიტიკურ სახეებს, პოლიტიკოსების მესმის კიდევ, სარგებელი, რამე რუმე :) თორემ მედროვესა და მლიქვნელს რა გამოლევს

ავტორი: atirdol
27.10.2012 05:26
დროიძეთა ხანა... ნიღბების გადახალისების დრო... ფსიქოლოგებისთვის სავტორო კვლევების უშრეტი წყარო.. კაბა? თქვენს ფსიქოლოგიურ ნაშრომს "ნომინაცია" ეწოდება და დიდად შეუწყობს ხელს გარდამავალი პერიოდის ტალღების თვსობრივ ანალიზს...

ავტორი: liana საიდან გვწერთ: USA
27.10.2012 00:31
სრულიად ვეთანხმები კობას , ამ დროისთვის ყველს თავის გამოჩენა მოუნდა, ნეტავი სად იყვნენ აქმდე და რატომ არ იღებდნენ ადრე ხმას? ჯერ სადაა ბევრი წამოყოფს თავს და ბევრი რამე გაირკვევა.

ავტორი: თავისუფალი სასამართლო საიდან გვწერთ: თბილისი
27.10.2012 00:24
კობა, არ მომეწონა ეს ბლოგი, ძალიან "მშრალია" თან ფაქტობრივი გარემოებებიც არ არის ზუსტი, პაპაშვილი 4-5 წელია აღარ არის "რესპუბლიკა" ბანკის პრეზიდენტი და ნაცბანდის შიშით გაყიდა თავის დროზე წილი ფრანგებზე, გარდა ამისა მასაც სერიოზულად პარსავდა ნაცბანდა, ყოველთვის

ავტორი: GERMANE
27.10.2012 00:19
ბატონო კობა, მე არა ვარ იმ სტიგმატიზირების მომხრე, რომ, რახან პიროვნება სააკაშვილის დროს ხმას არ იღებდა ან თანამშრომლობდა მასთან, ახლაც არ ამოიღოს ხმა ადრინდელ უსამართლობებზე.

მე პირადად უფრო გულისამრევად მიმაჩნია იგივე უსუფაშვილი და იგივე ხაინდრავა - ამ ადამიანებმა საკუთარი მეზობლები და მეგობრები გაყიდეს - არ ვიცი რის ფასად და ჯერაც არ ვიცი ამ ორ პიროვნებას რა მსოფლმხედველობა აქვთ საერთოდ.

რაც შეეხება მართლაც მედროვეებს - ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, გერმანია ნაცისტური რეჟიმის დანაშაულობებს ფსიქოლოგიურად უბრალოდ ვერ მოერეოდა. ყველაფერი იმით აიხსნა, რომ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა უბრალოდ მედროვეა, უბრალოდ შემგუებელია და ზლიერისაკენ მლტოლველია.

მე იმ ხალხის უფრო მეშინია, რომლებიც არც კი ვიცი ნამდვილად ვინ არიან.
ასეთებიდან მართლაც განსაკუთრებული ზვიად ძიძიგურია - დააკვირდით ამ პიროვნების კარიერას და ცხოვრებას - მედროვეაო ვერ იტყვი, მაგრამ, რა პრინციპებით ხელმძღვანელობს?
აი ასეთების უფრო უნდა გვეშინოდეს.
მედროვეების ფსიქოლოგიაც ადვილია და მათი საქციელის წინასწარ გამოცნობაც.
ხაინდრავა კი, ძიძიგური კი ეს ხალხი რას იზამს, როდის და რისთვის მოკიდებენ სტინგერს და კალაშნიკოვს ხელს - ვერ გამოიცნობ - ერთი მხედრიონის მეგობარი იყო, მაშინ როცა ესენი ქართველებს სისხლს სწოვდნენ და აუთოვებდნენ. მეორემ კი - ჩეჩნენ ბოევიკებთან იძმადნაფიცა, მაშინ როცა მათი რაზმები სულ 15-20 კმ-ის მოშორებით მეათე ბრიგადის ცხვირმოუხოცავ ბიჭებს ყელს ღადრავდნენ, ერთდროს "ზვიადისტმა" ტყეში მიმალულ გამსახურდიას ისე უწოდა "ტრაწიანი" რომ ვითომ სულ მის წინააღმდეგ ებრძოლოს.
ნუ რამდენი რამე ვთქვა......
საშიშ ხალხზე წერა უფრო კარგი იქნებოდა. მედროვეები სასაცილოდაც არ ღირს.

ავტორი: ანონიმი
27.10.2012 00:12
Графа в анкете: Ваши политические убеждения.
Ответ: Колебался вместе с линией партии.

ავტორი: Che Guevara
27.10.2012 00:09
ეხ რას დაამშვენებდა ნომინანტთა ამ კოჰორტას დიდი ექსერტი სოსო ცინცაძე! მაგრამ რად გინდა, ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრი ვერაფრით რეაგირებს მედროვეებზე

ავტორი: ისა საიდან გვწერთ: და
26.10.2012 23:34
ენზელ მკოიან - ზედიზედ მეოთხედ პარლამენტის წევრი, 1999 წლიდან!
და აგერ.. http://goo.gl/lNlsz

ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: თბილისი
26.10.2012 23:30
კარგი სტატიაა.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
26.10.2012 23:02
მადლობა, კობა - მედროვეთა მარათონის სტარტის დროული ლუსტრაციისათვის.

სოსო ცინცაძემაც ისეთი ტემპი აკრიფა, რომ საპრიზო სამეულში მოხვედრა გარანტირებული აქვს, მგონი! :))

ავტორი: Uiarago საიდან გვწერთ: armia
26.10.2012 22:44
კაი ნომინაციაა, ბატონო, კობა მაგრამ თქვენი საყვარელი სფეროდანაც, სამხედრო სფეროდანაც ბევრი მედროვის დაგვიანებული ღაღადი ისმის. აი მაგალითად პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა ავიღოთ, რომელიც თქვენ კარგად იცით, რომ მხოლოდ 5 ოქტომბერს ალაპარაკდა, ხოლო მანამდე კი ჩუმად იყო და არავინ იცოდა, თუ რატომ დაიჭირეს და მიუსაჯეს ორთვიანი პატიმრობა

ავტორი: jarji საიდან გვწერთ: lazika
26.10.2012 22:38
თქვენ გაიხარეთ რადიო თავისუფლება და კობა ლიკლიკაძევ, რომ თქვით ის, რასაც ყველა ფიქრობს ამ მედროვეთა დოღის შემხედვარე. იმ მლიქვნელების შემხედვარე, რომლებიც უდრტვინველად უყურებდნენ ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის მიერ ქართული ოცნების ლიდერის და მისი მიმდევრების დევნა-შეურაცხყოფას, ჰქონდათ ტრიბუნაც და იმუნიტეტიც, მაგრამ მაინც დუმდნენ, ელოდებოდნენ, თუ ვის მხარეზე გადაიხრებოდა ისარი. რეზო მიშველაძის ექ ფრაზა კი მაფიქრებინებს, რომ იტერვიუ ჩაფიქრებული ჰქონდა იმ შეთხვევისთვის, თუკი ნაცმოძრაობა გაიმარჯბედა. მოკლედ, ასეთ მედროვეებს წიკლაური და თუთბერიძე ჯობია

ავტორი: ნუცა
26.10.2012 21:04
ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა ფასი აქვს მედროვეთა აზრს... ნებისმიერ საზოგადოებრივი აზრის ნაცვლად შენი აზრი!!! ნურავის ნუ დაუჯერებ, შენ თავს და შენ აზრს მიეცი უპირატესობა. (ანუ მეც გირჩევთ :) ჩემივე ფილოსოფიიდან გამომდინარე, არც მე არ უნდა დამიჯეროთ)
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ბლოგერები

სხვა მასალები

უცხოეთის პრესის მიმოხილვა

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა ევროკომისიის ახალი პრეზიდენტის დამტკიცებასა და სირიის ქალაქ კობანისთვის მიმდინარე ბრძოლაზე.
გაგრძელება

აუდიო ქრის უოკერი: „მკაფიო ნორმების არარსებობას რუსეთი თავის სახეიროდ იყენებს“

გასულ კვირაში რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას ესტუმრა აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქრისტოფერ უოკერი, რომელიც "მეათე სტუდიაშიც" მოვიწვიეთ.
გაგრძელება

აუდიო „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“

​უკვე 20 წელია, რაც საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული