Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი, უკრაინა და მრავალპოლუსიანი მსოფლიო


რუსეთ-უკრაინის ომში უკვე 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მინსკში დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აღსრულება ჯერ არ უწერია და სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ამავე დროს, ეს რიცხვი არაფერია იმასთან შედარებით, რამდენი ადამიანიც ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში დაიღუპა. ჩეჩნეთის ომებს ათეულობით ათასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი შეეწირა. რუსეთის იმპერიის სისხლიანი ისტორია გრძელდება და არავინ იცის, რითი დამთავრდება.

გაუთავებელი და მუდმივად უსამართლო სისხლიანი დაპყრობების ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტი. დღევანდელი რუსული იმპერიალიზმი ეჯახება თვისებრივად ახალ მსოფლიო რეალობას, რომელშიც ჯერჯერობით გაურკვეველია, ვის მხარესაა უპირატესობაა. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და რუსული იმპერიალიზმის აპოლოგეტი, კრემლთან დაახლოებული ალექსანდრ დუგინი თვლის, რომ ამ ახალ რეალობაში მსოფლიოში ერთდროულად ძალაუფლების რამდენიმე ცენტრი წარმოიშობა და ე.წ. „ევრაზიული იმპერია“ მათგან ერთ-ერთი იქნება. ეს თეორია ახლოს დგას ამერიკელი პოლიტოლოგის, სემუელ ჰანტინგტონის „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეზისთან და ასევე ეხმიანება 2000-იან წლებში დაწყებულ „მრავალპოლუსიანი მსოფლიოს“ კონცეფციასაც. „მრავალპოლუსიან მსოფლიოზე“ საუბარი განსაკუთრებით ინდური წარმოშობის ამერიკელი პოლიტოლოგის, ფარიდ ზაქარიას წიგნის, „პოსტამერიკული მსოფლიოს“ გამოქვეყნების შემდეგ გახშირდა. ზაქარია ამ წიგნში (რომელიც თითქოს კარგად დატკეპნილ თემაზეა, მაგრამ მაინც შესაშურად კარგად არის დაწერილი) ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთპიროვნული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება და მის ადგილზე მრავალპოლუსიანი მსოფლიო აღმოცენდება. ასეთ მრავალპოლუსიან მსოფლიოში ამერიკა ერთგვარი არბიტრის როლს შეასრულებს და ერთპიროვნულად აღარ იმოქმედებს.

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს გაჩენის პირველი ნიშნები ამერიკაში ბარაკ ობამას არჩევის შემდეგ გამოჩნდა. ობამა, თავის წინამორბედ ბუშისგან განსხვავებით, მეტი სიფრთხილით მოეკიდა საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს. ლიბიაში დაწყებულ კონფლიქტის გადასაწყვეტად მან საფრანგეთსა და გერმანიას დაუთმო ინიციატივა, სირიის სამოქალაქო ომში ჩარევისგან თავი შეიკავა, ხოლო დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგად იორდანიის, ერაყისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით იბრძვის. ამერიკის ამ უკანდახევამ ერთბაშად გამოაჩინა ადგილობრივ დონეზე არსებული ძალაუფლებრივი ურთიერთობები. აღმოჩნდა, რომ „ადგილზე“ მდგომარეობა გაცილებით უფრო რთული და მრავალწახნაგოვანია, ვიდრე ეს ბუშის პრეზიდენტობის დროს ჩანდა.

ასეთ მრავალპოლუსიან მსოფლიოში განვითარებადმა ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ მოქმედების ფართო ასპარეზი მიეცათ. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, რუსეთმა და სამხრეთ აფრიკამ ძლიერი განვითარებადი ქვეყნების ასოციაციაც (ე.წ. BRICS) კი შექმნეს, რომელმაც, მათ აზრით, მრავალპოლუსიან სამყაროში საკვანძო როლი უნდა ითამაშოს. BRICS-ის 2013 წლის სამიტის წინ, ვლადიმირ პუტინმა სააგენტო „იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განვითარებადი ქვეყნების ასოციაციას „მრავალპოლუსიანი სამყაროს საკვანძო ელემენტი“ უწოდა. მაშინ როდესაც, BRICS-ის სხვა ქვეყნებისთვის, ახალი მსოფლიო წესრიგის წარმოშობა უფრო მეტად ეკონომიკურად თანასწორ მსოფლიოს გულისხმობს, პუტინისთვის ეს რუსეთის სისხლიანი იმპერიის გაფართოების მაუწყებელია.

პუტინი დარწმუნებულია იმაში, რომ ამერიკის ერთპიროვნული ჰეგემონიის დრო წავიდა და ამიტომ ახლა უფრო თავისუფლად შეუძლია მეზობელი ქვეყნების დატერორება. ამავე დროს, უკრაინაში შექმნილმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ პოსტ-ამერიკულ სამყაროში პუტინს თავისუფალი მოქმედების საშუალება მაინც ვერ ექნება. გერმანია და საფრანგეთი, მართალია, განსაკუთრებით ეფექტიანად ვერ მუშაობენ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციის და ინტერვენციის შესაჩერებლად, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთს გარკვეულ ეკონომიკურ დაბრკოლებებს მაინც უქმნიან.

პუტინი უკვე ხედავს, რომ ამ მრავალპოლუსიან სამყაროში შესაძლოა ამერიკისგან ნაკლები ზეწოლა მოდიოდეს, მაგრამ ამერიკის ადგილზე სხვა „პოლუსები“ გააქტიურდნენ და მის შეჩერებას ცდილობენ. ახლა გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს მულტიპოლუსიანი სამყაროს არსებობა რუსეთის იმპერიისთვის - მეზობელი ქვეყნების ჩაგვრის ახალ შესაძლებლობებს თუ პატარა ქვეყნების სუვერენიტეტის განმტკიცებას. თუ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ვერ უზრუნველყვეს, მსოფლიო წესრიგი მთლიანად მოირყევა და შესაძლოა ამან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენოს არა მხოლოდ უკრაინა და საქართველო, არამედ რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებიც. ის, რაც მომდევნო კვირების მანძილზე უკრაინაში მოხდება, დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი სახელმწიფო იქნება რუსეთი 21-ე საუკუნეში.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG