პარასკევი, 22 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 17:42

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

ბილატერალური ოხლოკრატია

x
ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში ბერძენმა ისტორიკოსმა პოლიბიოსმა შექმნა ტერმინი ოხლოკრატია, რომელიც ბრბოს მმართველობას ნიშნავს. პოლიბიოსის მიხედვით, ოხლოკრატია დემოკრატიის გაუკუღმართებული ფორმაა: თუ დემოკრატიის მიზანი ყველა მოქალაქის საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვაა, ოხლოკრატია მხოლოდ პირადულ გამორჩენასა და ანგარიშსწორებას ემსახურება. პოლიბიოსზე ადრე დემოკრატიის მეორე სახეზე, რომელიც არა საყოველთაო კეთილდღეობას, არამედ კერძო ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, უკვე პლატონი საუბრობდა და ხალხის ასეთ მმართველობას ცუდ დემოკრატიას უწოდებდა.

XIX საუკუნის დასაწყისში ბრბოს მმართველობის თემა გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰეგელმა გაააქტუალურა. პოლიბიოსის კვალად იგი ასახელებდა არათავისუფალი პოლიტიკური წყობილების სამ ფორმას: ოხლოკრატიას, ოლიგარქიასა და დესპოტიას. ოხლოკრატია ჰეგელთანაც დემოკრატიის გამრუდებული და დამახინჯებული სახეობაა. ჰეგელის „კლასიფიკაცია“ უშუალო გამოძახილი იყო მის თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ იმ გლობალურ ტრანსფორმაციაზე, რომელსაც დასავლური სამყარო საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის შემდეგ განიცდიდა და რომელსაც შედეგად მოჰყვა ძველი, ფეოდალური სისტემების დემონტაჟი და ახალი ეპოქის დაწყება. ამ ცვლილებებმა გააჩინა ისტორიის ახალი სუბიექტი – „ხალხი“, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის დაწყებიდან პირველად აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ბედის თვითგანსაზღვრის პრობლემის წინაშე. სწორედ ასეთ პირობებში „ბრბოს“ ცნებამაც ახალი აქტუალობა შეიძინა და ადამიანთა ამ კრებითი სახელის მნიშვნელობასა თუ მისგან მომავალ საფრთხეზე თანაბარი კრიტიკულობით ალაპარაკდნენ როგორც კონსერვატორი, ისე ლიბერალი და სოციალისტი პოლიტიკოსები თუ ინტელექტუალები. თავად ჰეგელი, რომელიც ტერმინ „სამოქალაქო საზოგადოების“ შემქმნელიცაა, ლამის პანიკური ტონით ამბობდა, მასები მოიწევენ წინო.

თანამედროვეობის, ანუ მოდერნულობის პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ დისკურსებში ბერძნულ ტერმინ „ოხლოსს“, ანუ ბრბოს, „მასა“ ან „მასები“ ჩაენაცვლა, საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის კი მასების ფსიქოლოგია თუ პოლიტიკური ფუნქცია და როლი ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა. 1930 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მასების ამბოხი“, ესპანელმა ფილოსოფოსმა ხოსე ორტეგა ი გასეტმა „ადამიანი-მასის“ ცნებაც შემოიტანა. ძალიან მოკლედ რომ მოვხაზოთ, ადამიანი-მასა, ორტეგას განმარტებით, არის „საშუალო“ ადამიანი, რომელიც არასდროს მარტო და დიდი საზოგადოებრივი ჯგუფებისგან გარიყული არაა და ყოველთვის იქ დგას, სადაც მრავალი მისნაირია. უმრავლესობაში ყოფნა და მრავლობით რიცხვში, ანუ სხვების – ხალხის, ერის, ქალაქის, რაიონის თუ ინტელიგენციის, ახალგაზრდობის, მართლმადიდებლების და სხვა კრებითი ცნებების – სახელით ლაპარაკი მისი მთავარი მახასიათებელი ნიშანია და ის საკუთარ თავს მუდამ რომელიღაც უმრავლესობას, დიდ კოლექტივს მიაკუთვნებს. ადამიანი-მასა ყოველთვის დარწმუნებულია თავის სიმართლესა და შეუცდომლობაში და ამ რწმენას თითქმის ყოველთვის სხვადასხვაგვარი სახის ძალადობით გამოხატავს. ძალადობა და აგრესიული ტონი მისი არტიკულაციის ერთადერთი საჯარო ფორმაა, რომელიც დიდი კოლექტიური სხეულის ნაწილად ყოფნის განცდასაც ბადებს.

საჯაროდ გამოხატული აგრესიით განცდილი კოლექტიური ერთობის საილუსტრაციოდ ერთი სცენა მახსენდება: როდესაც 2009 წელს გორში სტალინის ძეგლი მოხსნეს, მიწაზე თავდაყირა დადებულ ქანდაკებას რამდენიმე მამაკაცი, ზოგი ხელს, ზოგიც ფეხს ურტყამდა და ხმამაღლა ლანძღავდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამის ჩამდენებს სტალინის სისასტიკე და ბოროტება ჰქონდათ გააზრებული და ამას ისინი ისე აღეშფოთებინა, რომ მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ იოკებდნენ. ჩემი აზრით, ამგვარი ქმედების ჩამდენი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის იქ დგას, სადაც ძალაუფლებაა და სწორედ ძალაუფლების მხარეს ყოფნის დასტურად შეურაცხყოფს დამარცხებულს. ეს ადამიანები არა სტალინისა და სტალინიზმის მოძულე, არამედ უპიროვნო საწყისის მქონე ადამიანი-მასებია, რომლებიც იქ არიან, სადაც ძალაუფლებაა, არა საკუთარი, არამედ ვიღაც სხვისი და მისი სახელით ძალადობა, ძალაუფლების მხარეს ყოფნა მათაც ძალაუფლების ქონის განცდას უქმნის. ისინი სტალინის დროს სტალინის სახელით ურტყამდნენ და ხვრეტდნენ, პოსტსაბჭოთა ხანაში გაეროვნულდნენ, გამართლმადიდებლდნენ, პოლიტიკური ტრანსფორმაციის ყველა სტადია გამოიარეს, თანაც ისე, რომ არასდროს გასულან ძალაუფლების გავრცელების არეალიდან.

ადამიანი-მასებისგან შემდგარი ბრბო არასდროსაა გულწრფელი, მისი აგრესია გამოწვეული არ არის ტკივილით ან უსამართლობის განცდით და, შესაბამისად, არც მისი ქმედებებია სპონტანური. იქ, სადაც ადამიანთა მასა ბრბოდ გადაიქცევა, ყოველთვის საძებნია ძალაუფლების მანიპულაცია, რომელიც აღელვებულ მასას აქეზებს და დესტრუქციული ქმედებისთვის შთააგონებს. ხელისუფლება, რაოდენ დემოკრატიულადაც უნდა იყოს არჩეული, როდესაც იწყებს მასების მანიპულაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, ვერ იქნება დემოკრატიული; ასეთ დროს დემოკრატია ოხლოკრატიად გარდაიქმნება.

ოხლოკრატია სულაც არ გულისხმობს „ანარქიას“, ანუ ძალაუფლების იერარქიული სისტემების მოშლას და ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხალხი თავადვე მართავს საკუთარ თავს. ოხლოკრატია მართულია ძალაუფლების მიერ, რომელიც ამბოხებული მასების აგრესიულ არტიკულაციას არ აღკვეთს, რამდენადაც დემოკრატია მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს გულისხმობს და არა ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ძალადობას მეორეზე. როდესაც სახელმწიფო არ იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, თანაბრად და მიუკერძოებლად დაიცვას ყველა ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის უფლებები, მაშინ ასეთ სახელმწიფოში დემოკრატია ოხლოკრატიად გადაიქცევა. უმრავლესობის ნებაზე აპელაცია, რომ „ხალხს ასე სურს“ და რომ დემოკრატია მხოლოდ ნებისმიერი ნიშნით უმრავლესობის დაკვეთის აღსრულებაა, ოხლოკრატიული ლოგიკის კლასიკური ნიმუშია და მას დემოკრატიასთან  არაფერი აქვს საერთო. ოხლოკრატიის ძალა ერთობაშია და ვინც ამ „ერთობას“ არ მიეკუთვნება, უკვე ავტომატურად ხდება აგრესიისა და ძალადობის სამიზნე.

ოხლოკრატიული სახელმწიფოს კლასიკური ნიმუში იყო ზვიად გამსახურდიას მმართველობა, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, იმართებოდა მიტინგებითა და მასების პერმანენტული ეგზალტაციით, მათი მტრულ, ბოროტ ძალებთან ბრძოლისაკენ მობილიზაციით. იმდროინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომლის წევრთა რიცხვი ორ ათეულსაც არ შეადგენდა, პარლამენტში შესაღწევად შენობის წინ მდგარ კარვებში გამაგრებული აგრესიული მასის გადალახვა უხდებოდა. ძალაუფლებისგან შთაგონებული ადამიანი-მასები საკუთარი ინიციატივით იჩენდნენ თავს და შთამაგონებელთა მიბაძვით უსწორდებოდნენ „აფსუა სეპარატისტად“ თუ „ოს ექსტრემისტად“, სუკის, კრემლის თუ ქემალისტური თურქეთის აგენტებად შერაცხულ თანამოქალაქეებს. თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში აფხაზური ან ოსური გვარის მქონე მოქალაქეთა შევიწროება, თურქ მესხებად წოდებულ მაჰმადიან ქართველებზე თავდასხმები, კათოლიკურ ეკლესიათა გადაცემა საქართველოს საპატრიარქოსათვის, მაჰმადიან და კათოლიკე ქართველებზე ზეწოლა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილთა წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული კამპანიები და ორგანიზებული შეურაცხყოფები და განსხვავებული აზრის სრული შეუწყნარებლობა – ესაა დამოუკიდებელი საქართველოს მიერ გაგებული „დემოკრატიის“ პირველი ფორმები, რომელიც სრულიად ლოგიკურად გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებასა და ორწლიან სამოქალაქო ომში.

არც გამსახურდიას ოპოზიციას, რომლის ლიდერთა უმრავლესობა გამსახურდიასავე ყოფილი თანამებრძოლები ან მისი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, არ უღალატია ოხლოკრატიის ძალადობრივი იდეალებისათვის, რის შედეგადაც განუკითხაობის ისეთი ფორმა მივიღეთ, რომლის დროსაც ყველა, ვისაც და როგორც ძალა შესწევდა, ისე ძალადობდა სხვებზე. საქართველოს დამოუკიდებლობა, ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა ოხლოკრატიიდან დაიბადა და მმართველობის ეს სახეობა, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოებრიობის არქეტიპად იქცა. ოხლოკრატია პოლიტიკური წყობის ის ფორმაა, რომელიც საქართველოში დემოკრატიასთან გაიგივდა და საზოგადოების გადარწმუნება აქამდე არსებულ არც ერთ ხელისუფლებასა თუ პოლიტიკურ მიმდინარეობას რეალურად არ უცდია, არ უთქვამს უარი მასების ეგზალტაციისა და ანგარიშსწორების პოლიტიკაზე.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მასების ეგზალტაციას ჩაენაცვლა საყოველთაო და მასიური კორუფცია, რომელმაც სახელმწიფო სისტემა კლეპტოკრატიად, ანუ მძარცველთა ძალაუფლებად აქცია. სააკაშვილმა წარმატებით შეძლო კორუფციის სახელმწიფო აპარატის დაბალი ეშელონებიდან განდევნა, მაგრამ ამის პარალელურად, ერთი მხრივ, მასების ინდოქტრინაციამ და პოპულიზმმა - „პატრიოტთა ბანაკებითა“ და ძალაუფლების სპექტაკლებით, მედიისა და კულტურის სფეროს ტოტალურმა იდეოლოგიზაციამ, მეორე მხრივ კი ძალის დემონსტრაციისა და ძალადობის პოლიტიკამ, ნაციონალური მოძრაობის ცინიზმამდე მისულმა ანტისოციალურმა იდეოლოგიამ და კრიტიკის მიმართ აგრესიულმა შეუწყნარებლობამ, რომელიც ყველაზე ხშირად თავად პრეზიდენტისგან გაისმოდა, საქართველოში პროტესტის გრძნობასთან ერთად, ხელი შეუწყო საზოგადოებაში არსებული ყველაზე სახიფათო და რეაქციული ტენდენციების გაღვივებას. რადგანაც ნაციონალური მოძრაობა პროდასავლურ და ლიბერალურ პოლიტიკურ პარტიად შეირაცხა, მიუხედავად იმისა, რომ მის ცხრაწლიან პოლიტიკას დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიასთან ცოტა რამ თუ ჰქონია საერთო და ძირითადად მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში შესვლის სურვილებით შემოიფარგლებოდა. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ევროპის კონტინენტზე სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ერთადერთი კეთილგანწყობილი რეჟიმი მხოლოდ უნგრეთის მემარჯვენე-პოპულისტური მთავრობა და მისი პროფაშისტური ტენდენციების მეთაური ვიქტორ ორბანიღა დარჩა. ნაცმოძრაობამ საქართველოში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინა და ამით მხოლოდ ხელი შეუწყო ანტიდასავლური ტენდენციებისა და რელიგიური ნაციონალიზმის გაღვივებას. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ცინიზმია პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მიმდევრებისგან 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული შეშფოთებული განცხადებები, რომ საქართველოში ახალი მთავრობა მედიის თავისუფლებას ზღუდავს და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების პოლიტიკას მიმართავს. ოპოზიციაში გადასული სააკაშვილის პარტია და მისი გულმხურვალე მხარდამჭერები იმის გაპროტესტებას შეუდგნენ, რასაც ცხრა წლის მანძილზე თავადვე სისტემატურად ახორციელებდნენ. ამგვარად ნაციონალური მოძრაობა იქცა საკუთარი თავის კარიკატურად. 2012 წლის დეკემბერში ის „გმირულად“ აღუდგა წინ ოთხ ოდიოზურ რუსოფილს და არ მისცა მათ პუშკინის ძეგლის გვირგვინით შემკობის უფლება. ნაცმოძრაობის იდეოლოგიის მთავარი სააგიტაციო ორგანო, ჟურნალი „ტაბულა“, რომელიც ამართლებდა პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან შეკრებილი ხალხის ბარბაროსულ დარბევას, ხოლო ამგვარი ძალადობის კრიტიკას „ინფანტილიზმსა და უმწიფრობას“ უწოდებდა, ადამიანის უფლებების დაცვას კი „ანტიპოლიტიკის თავშესაფრად“ ნათლავდა, დღეს აღშფოთებული ლაპარაკობს იმ ძალადობაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ადამიანის ბუნების ორგანულ ნაწილად მიაჩნდა

ნაცმოძრაობის ანტისოციალურმა და მოძალადეობრივმა პოლიტიკამ, რომელიც თავისი არსით სრულიად ანტიდასავლურია, წარმოშვა ძალადობისა და ანგარიშსწორების ჯაჭვური რეაქცია, რაც ოხლოკრატიის წინაპირობას ქმნის. ოხლოკრატიის პირველი სიმპტომები ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ კვირაშივე გამოიკვეთა, როდესაც მართლმადიდებელი ექსტრემისტები და ობსკურანტულ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ თანამშრომლები დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ამ გაზეთში გლდანის საპატიმროს თანამშრომლების სიის, მათი მისამართებისა და ტელეფონის ნომრების გამოქვეყნებას აპროტესტებდნენ, რამდენადაც ასეთი პუბლიკაცია, გარდა ადამიანის პირადული სფეროს ხელშეუხებლობის უხეში დარღვევისა, ძალადობისა და ანგარიშსწორებისკენ წაქეზებასაც ნიშნავდა. ოხლოკრატიული შინაარსის იყო „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის შალვა რამიშვილის შემოტანილი გამოთქმა „მენტალური უმცირესობა“, რომელიც მან მწერალ ზაზა ბურჭულაძის მისამართით იხმარა და ამ ახალი ცნების ქვეშ ყველა ის ადამიანი გააერთიანა, ვინც მართლმადიდებელი უმრავლესობის რიგებს არ მიეკუთვნება. მსგავსი განცხადებები ხშირად ისმოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიიდან ჯერ კიდევ საარჩევნო ეიფორიის დღეებში.

არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ან თუნდაც უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის ინტერესების პრიორიტეტულობა არის არა დემოკრატია, არამედ ოხლოკრატია, რომლის საფრთხე საქართველოში დღითიდღე სულ უფრო იკვეთება. ეს საფრთხე კიდევ ერთხელ გაცხადდა 7 თებერვალს, როდესაც პოლიციის უმოქმედობამ ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და პოლიტპატიმრისსტატუსიან მოქალაქეთა ჯგუფს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების აღკვეთა. თუკი ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სახელმწიფო ძალადობდა ადამიანზე, ახლა სახელმწიფოს უმოქმედობა უბიძგებს ადამიანს ძალადობისკენ. თუმცა ამგვარი უმოქმედობისგან არც ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობა იყო თავისუფალი. არც 2009 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ჰელოუინის დღესასწაული დაარბია და არც 2010 წლის 10 მაისს, როდესაც მართლმადიდებელი ექსტრემისტები ილიას უნივერსიტეტის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციას არ უმოქმედია და არ დაუცავს კანონიერება.

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ეკლექტური წარმონაქმნია, რომელიც აერთიანებს როგორც ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს, ისე ყველაზე მეტად ოხლოკრატიულ ულტრატრადიციონალისტ და რელიგიურ ფუნდამენტალისტურ ძალებს. სწორედ მმართველი კოალიციის ეს ფრთა და დევნილის როლში მოვლენილი ნაცმოძრაობა ქმნის კოჰაბიტაციის იმ სადო-მაზოხისტურ ვერსიას, რომელიც ქვეყანაში რეალურს ხდის ოხლოკრატიის საფთხეს და ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მმართველ კოალიციას, ისე ოპოზიციონერ პრეზიდენტსა და მის ერთგულ თანამებრძოლებს. აქედან გამომდინარე, კოჰაბიტაცია ბილატერალური, ანუ ორმხრივი ოხლოკრატიისკენ სწრაფვას უფრო ჰგავს.

დაბოლოს, ლათინური სიტყვა „კოჰაბიტაცია“, საიდანაც ფრანგული ენის მეშვეობით შემოტანილი პოლიტიკური ტერმინი მომდინარეობს, თავდაპირველი მნიშვნელობით თანაცხოვრებას, სექსუალურ კავშირს ნიშნავს. ლიბიდოს მრავალსახეობას კი დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური რეალობაც ადასტურებს.

Tags: ბლოგი,გიორგი მაისურაძე,ოხლოკრატია,მასა,ბრბო



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
26.02.2013 01:38
ვახ გამაკვირვა კომენტარებმა..ძალიან კარგი სტატიაა.

ავტორი: nd საიდან გვწერთ: tbilisi
19.02.2013 13:10
კარგი სტატიაა, კომენტარებზე გაცნობას არც ვგეგმავ, ისედაც ვიცი რაც ეწერება:)

ავტორი: naturali
18.02.2013 11:03
ძვირფასო გიორგი

ორმა სურათმა პირველმა თუ როგორ გიშრებოდათ ყელი ლექციის კითხვისას და იბნეოდით აქაოდა არ ჩავიჭრე ინტელექტუალურ ტვინის თუ რავი რისი ჭყლეტისას
აუდიტორიასთანო

და მეორე თუ ეკლესიას არ აგინებ დიდი დოზით ჩემო პოლკოვნიკო დიდად არავინ იწუხებს უსტარების გამოგზავნაზე თავს

არ დამიჯერებ ჩემი წინა ვირტუალური ცხოვრების ნიკი რომ იცოდე მაგრამ მესამეცაა ასაკთან ერთად გულჩვილი ვხდები

ამიტომ ჩემდა გასაკვირადაც გეტყვი

მიდი ძველებურად ლანძღე ეკლესია და პატრიარქი

უფალი გაუძლებს კიდე ერთ შენისთანა
ტვინ და კიდე რავიცი რა არეულს

ავტორი: NATIA
16.02.2013 20:47
მთავარია, ავტორმა წაიკითხა !
ამაში დარწმუნებული ვარ...

ავტორი: მოდერატორი
16.02.2013 20:27
ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ შეურაცხმყოფელი გამოთქმების შემცველი კომენტარები არ ქვეყნდება.

ავტორი: GERMANE
16.02.2013 17:12
ძალიან კარგია, კარგი ანალიზია, გამსახურდიას უბრალოდ დრო არ ეყო და რაც მტავარია ფული (სესხები) იმისათვის, რომ მდგრადი ოხლოკრატია ჩამოეყალიბებინა. შევარდნაძემ კლეპტოკრატიული ავტორიტარიზმი აირჩია. სააკაშვილმა ელიტარულ კორუფციას და საგარეო პოლიტიკის პრივატიზაციას მოჰკიდა ხელი (მილიარდები ანტირუსული და პრო-დასავლური პათეტიკისათვის!). ახლა კი ნამდვილი ოხლოკრატია მყარდება - ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ.

სხვათაშორის, ამ სამიოდე წლის წინ მქონდა განსაკუტრებული ბედნიერება ერტი ვირტუალური მედიის მაგალიტზე დაკვირვება მოგვეხდინა (მე და ჩემს კოლეგებს, მულტიპროფესიულ ჯგუფს), თუ როგორ ხდება პიროვნების კოლექტივიზირება და ადამიანის მასად ქცევა. ამ საქმეს ის მასინდელი ბლოგი აბსოლუტური პრეციზიულობიტ ასრულებდა - ცნობილი და გავლენიანი დიასახლისი, ამ დიასახლისის მიერ აღზევებული, გმირად ქცეული და ვირტუალური ავტორიტეტი, რომელმაც პირველი წიხლი ჩაარტყა წაქცეულს, დიასახლისის მიერ დამარცხებულად გამოცხადებულს და მერე უბრალო ადამიანები, რომლებიც დამხობილ ზეგლს წიხლს არ აკლებენ. ამ პროცესსი სრულიად იკარგება მიზანი, მისწრაფება, მოლოდინის ვიზიები და საერთოდ ყველაფერი, რაც რეალურ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. მტავარი ხდება მოძებნო მტერი და რაც სეიძლება მწარედ ჩაარტყა. ამ მასობრივი კოლექტივიზაციის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სიმართლის, ნახევრად სიმართლის და სიცრუის ისე სეჯერება, რომ ყველაფერი სასურველი ჭრილით დაანახო საკუტარ მრევლს.

ავტორი: ანონიმი
15.02.2013 19:55
მთელ მსოფლიოში პუტინის "მეგობარი" აბრამოვიჩის ოხროკრატიაა და მანდ თუ მარტო ოხლოკრატიაა გილოცავთ!

ავტორი: ანონიმი
15.02.2013 10:14
ბოდიალი.

ავტორი: ანდრო
15.02.2013 00:15
7-იანი ყვავების "ტყვეობაში" ვართ გიორგი,უნდა განვთავისუფლდეთ.)

ავტორი: უნილატერალური ოხლოკრატია
14.02.2013 23:55
. 2012 წლის დეკემბერში ის „გმირულად“ აღუდგა წინ ოთხ ოდიოზურ რუსოფილს და არ მისცა მათ პუშკინის ძეგლის გვირგვინით შემკობის უფლება. ნაცმოძრაობის იდეოლოგიის მთავარი სააგიტაციო ორგანო, ჟურნალი „ტაბულა“, რომელიც ამართლებდა პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან შეკრებილი ხალხის ბარბაროსულ დარბევას
============================================ ჩამოთვლილი მაგალითები ვერენაირად ვერ ჯდება ოხლოკრატიის განმარტებაში.ნაც მოძრაობას,მისი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე აგრესიული ბრბო არასდროს გამოუყვანია ქუჩაში!!!!

ბილატერალური კი არა,უნილატერალური ოხლოკრატიაა დღეს საქართველოში და ნუ გვატუებთ ბატონო გიორგი...

ავტორი: ანონიმი
14.02.2013 11:47
ეს ბატონი და მისი კოლეგა ბატონ-ქალბატონები, რუსეთის არასასურველ მთავრობას პირდაპირ აკრიტიკებდნენ, კონკრეტულ არგუმენტების მოშველიებით.
რუსეთის სასურველ მთავრობას კი ზოგადი ფილოსოფიური მიმოხილვებით.
თუ ნაციონალებს საბოლლოდ სნაიპერის ტყვიით არ დახოცავენ სათითაოდ( რაც რეალური და შესაძლებელია, პუტინის ფილიალის მუშაკებისგან და პატარა პუტინისგან).

მაშინ ნაციონალური პარტია იქნება ყველაზე საუკეთესო პარტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ადრეც და ახლაც.
ჯერ ერთი შეხედეთ , ძირით
ადი ბირთვი სახელმწოფოებრივად მოაზროვნე ხალხია, დებატებში მოუსმინეთ, მეოცნებებს ხიდაშელი და უსუფაშვილი ყავთ მხოლოდ ლოგიკურად მოსაუბრე, ისიც ხიდაშელი ურევს ხოლმე. მათი სახე გია ჟორჯოლიანი და თედო ჯაფარიძეა, ძველი დროის, მონური სახელმწიფოს პოლიტიკოსები.
ნაციონალები თანამედროვე, თავისუფალი ხალხია.
ამიტომ , თუ ნაციონალებმა გაუძლეს, გადარჩნენ , მაშინ ისინი იქნებიან პირველი პოლიტიკოსები საქართველოში, ვისაც ააქვს იდეა, მიზანი, იცის სად მიდის, ესმის სახელმწიფო.
ამიტომ დიახ , დღეს ნააციონალების გვერდითთ დგომა გამბედაობაა, მიზანდასახულობაა, სახელმწიფოზე ზრუნვაა.
გიორგი მაისურაძე ვიცით ვინც არის. ეს ბატონი და მისი კოლეგები, დაიწყებენ ახლა ყველა მეოცნეებების ჩადენილ ასჯერ უფრო მეტ საშინელებების გამართლებას ვითომ "ფოლოსოფიური" მიდგომებით.
აბა სად არიან ირაკლი კაკაბაძე და ანა დოლიძე?
მსოფლიო პრესა, ამერიკა განსაკუთრებით დაიბომბა ამ მთავრობის კრიტიკული სტატიებით, ისინი სდუმან.
აბა, მიშას დროს მომხდარიყოოოო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იზავდნენ.
გუშინ არ შეგეცოდათ იაგო კაჭკაჭიშვილი,
ასე იცის , "ნაყიდობამ"

ავტორი: tutuci
14.02.2013 09:04
იშვიათად გვესმის ასეთი "ახსნილი" კრიტიკა
პოლიტიკური პარტიების დაცვის მაგივრად აზრი გამოგვეტანა ამ წერილიდან აჯობებდა
თუმცა ჩვენში, როგორც წესი ის არ ხდება რაც უკეთესია და არც ეხლა მოველი სასწაულს

ავტორი: naturali
14.02.2013 08:18
არაა თქვენი საშველი

შენი არ იცოდე და სხვისი არ შეგასმინოს გამჩენმაო

ებრაელების წყევლაა

კიდევ რომ მაგ გოგრებში იმერულად კვახებში თანაც მკვახეებში ეგებ შევიდეს რამე ქართული ანდაზაა

ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკის

ხოლო ძალადობა რომ ძალადობას შობს ეს საყოველთაო სიბრძნეა

ნახეთ ამ ზნედაცემულმა ნაცებმა როგორ დაალაგეს დემაგოგიური ჯაჭვი

ციხიდან პოლიტპატიმრები კი არა კრიმინალები გამოუშვეს

პოლიცია რომელიც ცდილობს ნაკლები ძალა გამოიყენოს ანუ გადაეჩვიოს ეგრევე თავპირის ლეწვას
უმოქმედოა

პროტესტს კი არ გამოხატავენ ციხეში უსამართლოდ და
არაადამიანურად გატარებული წლებისათვის არამედ სადღაციდან მოყვანილმა კრიმინალებმა შეკვეთა შეასრულეს

ჩვენი პროვოკაცია არ ყოფილა არც სხვა გზა იყო თავიდან აგვეცილებია

და ბოლოს ეს უტიფარი რატიანი დავითაშვილს სტუდიაში საერთოდ დავიწყებას თხოვდა შესაბამისი და უარესი წარსულისა

ერთადერთი რაც შეიძლება ბრალად დავდო ხელისუფლებას ისაა რომ ნაცების თამაშს ხომ არ თამაშობენ

საკუთარი უნიათობით რაც არა რეპრესიულ ქმედებებს გულისხმობს არამედ ზედაპირზე დადებულ დანაშაულების დროულად და საქმიანად გამოძიებას რომ ვერ ახერხებს ან მოახერხა და დახლქვეშეთიდან ვაჭრობს

უსამართლობის განცდა უფრო გამძაფრდა ქვეყანაში

სხვათა შორის ის სიტუაცია რაც ეს 9 წელი იყო ქვეყანაში საერთაშორისო ნორმებითაც აძლევდა ხალხს აჯანყების უფლებას

დიახ რადგან მკვეთრად გამოხატული ავტორიტარიზმი სახელმწიფო კრიმინალში და მასების ჩაგვრაში გადაიზარდა

ხალხი ენდო ივანიშვილს და არ წავიდა კუთვნილ

დიახ კუთვნილ უფლებაზე ხეზე ჩამოეკიდებინა ყველა სულიერ თუ ფიზიკურ სექსუალურ ხასიათის მოძალადე და უზუპატორი მთავრობა ჯერ პარლამენტი უფლება მოსილება რომ გაიგრძელადა მერე 10 თვიანი უზურპატორი პრეზიდენთი
რომ გამოაცხო

კარგად ესმით რა ხალხის გულის მოგების შეუძლებლობა ასევე ის რომ მხოლოდ ხელისუფლების მანიით არიან შეპყრობილნი და არანაირად ოპოზიცის განცდით

ფსონი დასავლეთზე დადეს მსხვერპლად მოაჩვენონ თავი
იმათაც ლობისტებისაგან გასუქებულებს ქონი გადაკრული აქვთ სინდისზე და ვერ ხედავენ რა ხდება

ან ეგებ მიშას დაექნია მთავრობა დაენიშნა ვანო და ძმანნი მერე დაექნია პარლამენტი და დასავლეთის დაყრუების ან ზრდილობისათვის წამოკნავლებისათვისაც არ მიექცია ყურადღება

ამ მოცემულობით და გაყალბება დაშინებით მოსულიყვნენ უკან

რადგანაც ეს არ გამოდის მინიმუმ წამებულებად მოხიონ ქვეყნიდან და შეირგომ ნაძარცვი

ამიტომ არიან აგრესიულები და პროვოკატორები

თუ ივანიშვილი გაუბედავი იქნება გაუვათ გეგმა

თუ ხალხი გამოვარდა და ეგებ ამ უუნარობისათვის ოცნებაც გადაქელოს

დადგეს განუკითხაობა და ნატოს ჯარებმა წესრიგი იძულებით დაამყარონ ამათი რესტავრაციის თანხლებით

არაფერი ასეთი არ გამოვა მაშინ თუ ჩვენ არა დაიქცეს ქვეყანა

აღარაა დრო თმენის ან ხელისუფლება ამოძირკვავს ამ კიბოს თავისი მეტასტაზებიანად კანონის და სამართლიანობის აღდგენის გზით

ან ხალხი ორივეს აჟანყების გზით რადგან ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება

როგორ წააგავდა 8 თებერვალი თქვე უტიფრებო 90-იან წლებს

იქ კანონიერ მთავრობას რომელსაც იმის მეათასედი არ ჩაუდენია ამბოხებული მართლა კრიმინალებისათვის

და აქ უსამართლოდ ნაწამები პოლიტპატიმრები მოძალადეების წინააღმდეგ მხოლოდ მუშტით და არა ავტომატით და ტანკებით

რა ასე გინდათ მიიღებთ მაფრამ ვაი რომ ქვეყანაც დაიღუპება

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
14.02.2013 05:23
ავტორი ამ "ოხლოკრატიის ფაქტებს" განსაკუთრებით გამსახურდიასა და სააკაშვილის მმართველობაში აღწერს. გასაგებიცაა, ყველას აქვს თავისი პოზიცია.
მაგრამ არ მგონია ოხლოკრატიას თვითონ გმობდეს.
ეს წერილი ერთგვარი, ინტელექტუალურ საზღვრებში მოქცეული გამართლებაა იმ ძალადობის ფაქტის, რაც 8 თებერვალს მოხდა.
8 თებერვალი მართლა წააგავდა 90-იან წლების სცენარს. ციხიდან გამოშვებულმა ბრბომ დავალება შეასრულა. ჯაბა იოსელიანის დამცველ და მხარდამჭერ კაკაბაძეს მაგის ორგანიზება და პროვოცირება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა.
(ისე ვერც იმას დავეთანხმები,რომ ზვიად გამსახურდიას გადაგდების შემდეგ ოხლოკრატია დამყარდა. განსაკუთრებით დასაწყისში, ის ნამდვილი ანარქია უფრო იყო. უიარაღო ხალხს ხოცავდნენ თბილისის ქუჩებში თუ დასავლეთ საქართველოში. მაგრამ ეგ ძალადობა ბატონ გიორგის არ მიაჩნია რამედ, მაშინ ხომ ამაზე მას ხმაც არ ამოუღია.)
რამდენ გადაცემასაც ვუყურე ოცნების მომხრე არხებზე,რამდენ ოცნების მომხრე გაზეთის თუ ბლოგის წაკითხვაც შევძელი (რადიო თავისუფლების ჩათვლით) პირდაპირ თუ ირიბად ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ძალადობას ამართლებენ( თ).თურმე ამ ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ და წარსულმა მოიტანა ეს აგრესია.
მაგრამ აქ საქმე არა წარსულზე,არამედ უფრო დღევანდელსა და მომავალზეა. ამართლებ რა ასეთი ლოგიკით- კი იყო ძალადობა ,მ ა გ რ ა მ.....
აი ეს მაგრამ ხვალ სხვა მაგრამს მოიტანს. დღეს სცემენ განსხვავებული აზრის პოლიტიკოს და მცირერიცხოვან პოლიციას, რისთვისაც გადაიხდიან 100 ლარს.... ხვალ მიადგებიან ნებისმიერს ვისი თმის ფერი ან შეიძლება გამოხედვა არ მოეწონოთ. და სადამდე მივყვეთ კბილი-კბილის წილ ცნებას?
არავინ უარყოფს იმას,რომ იქ გაბრაზებული ხალხი იყო,არც იმას,რომ მათ პროტესტის გამოხატვის უფლება ჰქონდათ.
შეცდომა დაუშვა მთავრობამ. როცა ასეთ აგრესიულ ბრბოსთან ადამიანები იმ მცირერიცხოვანი პოლიციელების ჯგუფის ამარა დატოვა.
ბიბლიოთეკის წინამდებარე ქუჩა მთლიანად უნდა ყოფილიყო ხალხისგან დაცლილი. თუ რა თქმა უნდა, უსაფრთხოების დაცვა მართლა უნდოდა მთავრობას. და მერწმუნეთ კარიდორს მაშინ მართლა დავინახავდით.
თუ საჭირო გახდებოდა ძალაც უნდა გამოეყენებინათ. დიახ ძალის გამოყენება ლეგიტიმურად მხოლოდ პოლიციას შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივ დაპირისპირებას ნამდვილად ვერ ავიცილებთ და 90 -იან წლებს უკან მივიღებთ.

ავტორი: moqalaqe
13.02.2013 21:47
ოხლოკრატია რა ყოფილა, გვიხსნის ბატონი გიორგი.
კარგით ერთი რა, რას გველაპარაკებით?

კი მაგრამ ზვიადის დროს რომ ვერ მიხვდით, მისი გადამგდებლები რა ცეცხლს დაატიალებდნენ ქვეყანაში,.
ახლა რა მოგივიდათ? ასაკი ხომ მოგემატათ? გამოცდილებაც.
ახლა ვერ ხვდებოდით რომ მეოცნებებიც იგივეს იზავდნენ?
რატომ განა იგივე სახეები არ არიან ოცნებაში?
იგივე დემაგოგები? კიდევ შეცდით?
სინამდვილეში იცით რა ხდბა?!
გადასარევათ იცით ვინ ვინ არის და რისთვის მოდის და რას რა მოყვება, მაგრამ ასე გაწყობთ, სარგებელს ნახულობთ და იმიტომ.
დაიწყება უბედურებები ქვეყანაში და მერე გამოდიან თქვენნაირები და გვმოძღვრავენ.
ოხლოკრატია არ მოსწონს თურმე გიორგი მაისურაძეს.
თქვენ გააქვათ უფლება , წერის და პუბლიცისტობის, ნაციონალებს რომ უკრძალავთ პოლიტიკურ მოღვაწეობას, თქვენ და თქვენ კოლეგებს გააქვთ უფლება, დიდი ზარზეიმით რომ მოიყვანეთ ეს ველური ძალა. ესენი წინებზე დემოკრატიულად იქცევიან???? სამი თვეა, სამიიიიი, და რეებს შვებიან უკვე
გააპროტესტეთ მაინც, ტქვენ, ია ანთიძემ, სალომე ასათიანმა, რა ვერ ხვდებით სად მიდის ქვეყანა???

გაეყოფააააააათ, საკმარისიააააა.....

ავტორი: mia საიდან გვწერთ: Berlin
13.02.2013 21:39
კარგი ბლოგია, მადლობა.
ტაბულას რედაქტორს ასეც ნუ გააბრაზებთ. მისი ჟურნალის გაკრიტიკების უფლება არავის აქვს ;)

ავტორი: Zaza საიდან გვწერთ: Ny
13.02.2013 17:50
რაც ოქლოკრატიაზე ბრცანეთ კველაპერი სწორია, მაგრამ ერთს ჩაგეკითხებით როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიცია დამპყრობელი ქვეყნისგან იმართება და ხელისუპლება მას ებრძვის დავარქვათ მართული მასებით, აი რისი ანალიზი დაგავიწყდათ !
ერთიც, რა ადვილია თუნდაც ერთი სტატიიტ დააფიქსირო ადამიანის სუბიექტური განწყობა...თქვენ ზვიადისდროინდელი ოქლოკრატია ფართო სპექტრში დაახასიათეთ, ხოლო შემდეგდროინდელზე წერთ: არც გამსახურდიას ოპოზიციას, რომლის ლიდერთა უმრავლესობა გამსახურდიასავე ყოფილი თანამებრძოლები ან მისი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, არ უღალატია ოხლოკრატიის ძალადობრივი იდეალებისათვის... ეს მხოლოდ არც იყო? და გამომდინარე ზვიადის ოქლოკრატიული მმართველობიდან არა?...

ავტორი: ანონიმი
13.02.2013 16:54
"გვერდითი გზები შევთავაზეთ", ბიბლიოთეკაში შესასვლელად.
ასეთ რამეს მხოლოდ ველური ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იტყვის.
რადგან ცენტრალური შესასვლელის ოკუპირება ბრბოს მიერ და პოლიციის მათგან განრიდება ანომალიური მოვლენაა ცივილიზებულ ქვეყანაში.
ასე რომ ეს "გვერდით გზები" გაუნათლებელი ხალხისთვის დასაბოლებელია.
წარმოიდგინეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა, მიმდინარეობს რაღაც შეკრება რომელიმე შენობაში, ვთქვათ გლობალიზაციის თემაზე.
გაგიჟებული ანტიგლობალისტები იკავებენ ცენტრალურ შესასვლელს და პლიცია მათ ამის უფლებას აძლევს, უბოდიშებს შეკრების მონაწილლებს და სთავაზობს გვერდით გზებს.
ასეთი რამ არ არსებობს, პირიქით ვხედავთ პოლიცია როგორ არბევს აგრესიულ მასას და მინიმუმ 30 მეტრის სიახლოვეს არ უშვებს, ზოგან 100 მეტრის.
ასე რომ გაუნათლებელ ქართველებში შეიძლება გაჭრა "გვერდითი" გზებმა, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ ელჩების თავში რა ხდებოდა , როცა ღარიბაშვილი ასე ხსნიდა პოლიცცის წარმატებულ ქმედებას.
და საერთოდ პოლიცია რომ უკვე კრიმინალებს ეჩმორიკება, მეჩვენება?
ბატონო გიორგი იუსტიციის მინისტრი რომ მემორალს ხსნის ძველი ბიჭების, ამას რა ქვია? კრიმინალმა რომ მოიმატა იმას?
ამაზეც წერეთ რა.

ავტორი: დემეტრე საიდან გვწერთ: თბილისი
13.02.2013 15:11
აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს, ძალიან კარგი ანალიზია !

ისე ჩემი დაკვირვებით ოხლოკრატია ყოველთვის ავტორიტარიზმით მთავრდება ხოლმე, იმიტომ რომ ოხლოკრატიის მეთოდს ძირითადად ავტოკრატი მმართველები იყენებენ ძლიერი ოპონენტების ჩამოსაშორებლად, ხოლო როდესაც ოპონენტს დაამარცხებენ ბრბოს მეშვეობით, მერე ბრბოს თავის ადგილს მიუჩენენ და ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ წყობას ამყარებემ ხოლმე.

ამის კლასიკური მაგალითია 60-იანი წლების ჩინეთი. კულტურული რევოლუცია და ხუნვეიბინები მაო ძედუნის მიერ იყო მართული და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორებას, ხოლო როდესაც ამ მიზანს მიაღია მერე თავად ხუნვეიბინების რეპრესიები დაიწყო მაომ !

1 ოქტომბერს ფაქტიურად ავტორიტარიზმი დამარცხდა, მაგრამ რადგანაც დემოკრატიული მეთოდებით ოცნებამ ვერ მოახერხა პოლიტიკური ველიდან ავორიტარული ნაც. მოძრაობის გაძევება, ეხლა უკვე ცდილობს ოხლოკრატიული მეთოდებით გააკეთოს იგივე !

საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს ოცნება თუ ნაც. მოძრაობა დიდი მნიშვნელობა არა აქვს სამწუხაროდ, რადგან ორივე შემთხვევაში ავტორიტარიზმის დაბრუნება გველის ! :(

ხოლო ოხლოკრატია როგორც ბრძოლის მეთოდი დროებითი მოვლენაა და იგი მხოლოდ იქამდე იარსებებს სანამ ორი მებძოლი ძალიდან ერთ-ერთი საგრძნობლად არ დასუსტდება !

ავტორი: Manana საიდან გვწერთ: Tilburgi
13.02.2013 14:50
მადლობა ავტორს, ყველაფერში გეთანხმებით.

ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
13.02.2013 14:08
ძალიან კარგი სტატიაა, ბატონო გიორგი, დიდი მადლობა; თუმცა მე ვიტყოდი, არა ბილატერალური ოხლოკრატია, არამედ ბილატერალური ოხროკრატია ( მამა ოხ-როხინე არ მიგულისხმია, რა თქმა უნდა).

ავტორი: თემური
13.02.2013 13:50
ბატონ გიორგის მინდა ვკითხო: ისეთ ველურ საზოგადოებაში როგორიც ქართული საზოგადოებაა მოვა ისეთი მთავრობა რომელიც უცბად დაამყარებს საყოველთაო დემოკრატიასა და კეთილდრეობას? მე პირადად ეს აუსრულებელი ოცნება მგონია.ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა იმის გამო რომ თურმე მან ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დასავლური დემოკრატია არ (ვერც დაამყარებდა) დაამყარა არასწორი აზრი მგონია,ნაციონალური მოზრაობა ცდილობდა საქართველო ნელ ნელა მიახლოვებულიყო ევროპასთან და ამ გზაზე შეცდომებიც დაუშვა რა თქმა უნდა.ერთ ერთი შეცდომა თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი იყო როდესაც მაგალითად რელიგიურმა ექსტრემისტებმა ჰელოუნის დღესასწაული დაარბია მაგრამ რა უნდა ექნა ხელისუფლებას რომელსაც ისედაც აბრალებდნენ ანტიეროვნულობასა და სომხეთის აგენტობას?ერიდებოდა ამ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას თუმცაღა რელიგიური და სხვა სახის ექსტრემიზმს სწორედ ყველაზე ეფექტურად მაშინდელი ხელისუფლება ებრძოდა გავიხსენოთ თუნდაც ბასილ მკალავიშვილი და მისი დაკავება,ერთბაშად და მცირე დროში კი საქართველოში სიველურის აღმოფხვრას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებს,მაგრამ მთავარია იყოს სწორი კურსი და ეს კურსი სწორედ წინა ხელისუფლებას ჰქონდა.ახლანდელს კი რა კურსი აქვს? არც თვითონ იციან და არც ხალხს აგებინებენ საით უნდათ წასვლა, ასეთი ხელისუფლება კი ნამდვილად საშიშია.

ავტორი: naturali
13.02.2013 11:19
რაშია ძირითადი განსხვავება

ოხლოკრატიასა და დემოკრატიას შორის

ორივეს ერთდაიგივე ყურფიჩორათა მასა ქმნის მაგრამ

თუ მასა გაწვრთვნილია და მხოლოდ არ ჩევნებზე ამოიბღავლებს იმ პარტიის სახელს ვინც უკეთ დაამუშავა და მომდევნო არჩევნებამდე არანაირ ან ოხრახუშივით აქაიქ მოყრილ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის მართვაში რომელიც განიკითხავად ელიტის ხურუშზეა აწყობილი

ეს დემოკრატიაა სადაც ელიტამ იცის და აკეთებს იმას რაც უნდა ხალხს

თუ არჩევნების შემდეგ ხალხმა იფიქრა რომ ამ ჩვენმა არჩეულებმა სადღაც გაუტიესო და თითქმის ყოველდღიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ქვეყნის და მისივე ბედის გამგებლობაში

ეს ოხლოკრატიაა

თვალსაჩინოებისათვი ავიღოთ ერთი მაგალითი

51-ე სკოლის სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა მინისტრის გადაწყვეტილებას დირექტორის გათავისუფლების შესახებ

დებულებით სამეურვეო საბჭო ირჩევს და ათავისუფლებს დირექტორებს აპა რა ეს დეცენტრალიზაცია ეს დემოკრატიაა ეს რეფორმაა ვითომ

გამოიწკვართა მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და დააბრეხვა სამეურნეო საბჭომ ვერ უპასუხა ეპოქის გამოწვევებსო მიგვიცხიკვებია მაგათი აზრისთვის და მოვხსენით ჩვენის დაკვირვებითო

ანუ თუ სამეურვეო საბჭო მიუხედავათ მისი უფლებებისა დაეთანხმებოდა სამინისტროს ანუ სწორად აუღებდა ალღოს გამოწვევებს

იქნება დემოკრატიული

ხოლო როცა თავისი აზრი გამოთქვა და მისივე უფლებები შეახსენა და მონაწილეობის სურვილი გამოთქვა

არის ოხლოკრატიული

იმისდამიუხედავად რომ ორივე სცენაში ერთი და იგივე დაბეჩავებული პედაგოგები მონაწილეობენ

ვოტ ტაკ რა იცის მასამ რა უნდა მას ეს ელიტამ იცის

ამიტომ ჩუმად შე ოხლოკრატო

ანუ ეფემერული უფლებების სამეურვეო საბჭოვ

საქმე ისაა რომ ჰეგელის დროს ასე განათლებული ინფორმირებული და აქედან გამომდინარე არცერთ ყურბანა პოლიტიკოსზე ნაკლები არ არის დღეს ეს მასა

ავტორი: ნოდარ სარჯველაძე საიდან გვწერთ: თბილისი
13.02.2013 09:38
მართლაც დიდია ოხლოკრატიის ნიშნები ჩვენში. გარდა იმ მაგალითებისა, რაც ავტორმა აღნიშნა, კიდევ უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება. მაგრამ ვთვლი, რომ ეს მრავალწლიანი ეტაპია პოსტ-კომუნისტური ეპოქის შემდეგ. მასების ამბოხი კი არა, მასების"გაჯეჯილების" პროცესის მომსწრე ვართ. ნელნელა გადავალთ (სწრაფად ვერ მოხერხდება) იმ მდგომარეობაში, როცა უმრავლესობის პრიორიტეტულობას ჩაანაცვლებს უმცირესობის პატივისცემა და განსხვავებულობის დაფასება ნაცვლად ერთგვაროვნების თაყვანისცემისა. ამას ვერ უზრუნველჰყოფს მხოლოდ შიდა პროცესები, საჭიროა კიდევ მეტი ინტერაქცია დასავლეთის სამყაროსთან, რაც მათი სტანდარტების ათვისებით დაიწყება და თვისობრივად ახალი შიდა სტანდარტების თვითდადგენაში გადავა

ავტორი: БУХУТИ
13.02.2013 05:14
კარგია ეს ყველაფერი ბატონო გიორგი,მაგრამ მეჩვენება,რომ შევარდნაძის მმართველობას მაინც ლაითად გადაუარეთ.

http://www.youtube.com/watch?v=C5ghU9YiHxI

http://www.youtube.com/watch?v=teQl6rEypgQ

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მასების ეგზალტაციას ჩაენაცვლა საყოველთაო და მასიური კორუფცია, რომელმაც სახელმწიფო სისტემა კლეპტოკრატიად, ანუ მძარცველთა ძალაუფლებად აქცია.

მძარცველთა,მკვლელთა და კრიმინალთა ძალაუფლებად უფრო სწორი იქნებოდა!!!

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ეკლექტური წარმონაქმნია, რომელიც აერთიანებს როგორც ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს, ისე ყველაზე მეტად ოხლოკრატიულ ულტრატრადიციონალისტ და რელიგიურ ფუნდამენტალისტურ ძალებს.

ოხლოკრატიული შსს მინისტრი გვყავს ბატონო გიორგი!!!რეალის და ბარსელონას ფანები ერთმანეთს რომ დავერევით სამკვდრო-სასიცოცხლოდ,კეთილი ინებოს მაგ ვაჟბატონმა,დროზე მოვიდეს თავისი სპეცნაზით და რეზინის კომბალი ჩაგვცხოს თავში ერთსაც და მეორესაც!!!

ასე გააკვირვოს ევროპა თავისი დემოკრატიით!!მერე კაი ნავარჯიშები სპეცნაზი მიიღეს მემკვიდრეობით!!!უფრო ინტენსიურად ავარჯიშოს და რაც მთავარია წესები ასწავლოს, ევროსტანდარტებით რომ შეძლონ ამის კეთება!!!!

ერთის მხრივ დეპოლიტიზირებას გაიძახიან, მეორეს მხრივ მობრძანდა იქ,ტაში და აპლოდისმენტები შეიფერა,მერე ჩვენი მომხრეები და ჩვენი ოპონენტებიო იძახა!!!

კარგი ოპოზიციას მორალური უფლება არ აქვს ნუ მირტყამთო რომ თქვას!!! თქვენ ჟურნალისტები რას დადუმებულხართ??? ხმას რატომ არ იღებთ???ტყუილად გინდათ პასუხისმგებლობა ააცილოთ ოხლოკრატ ღარიბაშვილს და ეს უაზრო ზაპა-ზუპი პრეზიდენტს,პრემიერს,ბებიაჩემს, ილიკოს და ილარიონს გადააბრალოთ!!!!


ავტორი: irakli
13.02.2013 03:00
გამოსავალი?

თუ ოპოზიციას ძალადობის კრიტიკის მორალური უფლება არ აქვს, ხელისუფლება რეალურ დროში რეალურ ოხლოკრატიას ახალისებს, გამოსავალი რა არის?

ავტორი: ნინო ფურცხვანიძე საიდან გვწერთ: როტერდამიდან
12.02.2013 22:05
აბსოლუტურად ვეთანხმები ავტორს და მადლობას ვუხდი.

ბლოგერები

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული