Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი - სტიქიური და გონებრივი კატასტროფების ადგილი


13 ივნისის წვიმამ, რომელიც თბილისში სტიქიურ უბედურებად გადაიქცა, რომელსაც ადამიანების მსხვერპლი, სახლების მძიმე დაზიანება, ქუჩების გადარეცხვა, თბილისის ზოოპარკის განადგურება და სხვა ჯერ კიდევ დაუთვლელი და გაუაზრებელი კატასტროფები მოჰყვა, ლაკმუსის ქაღალდივით გამოამჟღავნა, რომ საქართველოს ევროპულობისა და ეკონომიკური აღმავლობა-ზეგანვითარებულობის ფანტაზიების მიღმა ტიპური „მესამე სამყაროს“ ქვეყანა იმალება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში თბილისზე განხორციელებული ძალადობრივმა სამშენებლო პოლიტიკა, რომლის დროსაც მთლიანად იყო უგულებელყოფილი ეკოლოგიური და სოციალური ასპექტები, არ არსებობდა ქალაქის განვითარების გეგმა და პროცესები „ბაზრის უხილავი ხელის“ სტიქიას ემორჩილებოდა, სტიქიურ უბედურებად შემოუბრუნდა თბილისს.

ერთადერთი ინსტინქტი, რაც ამ სამშენებლო ბუმს ამოძრავებს, ხელისუფალთა უგუნურება და ბიზნესმენთა სრულიად ამორალური უპასუხისმგებლობა და მომხვეჭელობისა და გაუმაძღრობისკენ დაუოკებელი ლტოლვაა. ლოჯიების მიშენებებით დაწყებული სამშენებლო განუკითხაობა თბილისის ცენტრალური უბნების უზარმაზარი კორპუსებით გადაჭედვაში გადაიზარდა. გარდა იმისა, რომ თბილისმა სახე დაკარგა და ერთ-ერთ უმახინჯეს ქალაქად იქცა, თითქოს მის მცხოვრებლებს სილამაზის აღქმის ორგანო ამოკვეთეს, ქალაქში გაქრა საზოგადოებრივი სივრცე, სასიარულო, სამოძრაო, შეხვედრისა თუ სეირნობის ადგილები. ბეტონის კორპუსები დაემსგავსა საპყრობილეებს, რომლებშიც ადამიანები არიან გამომწყვდეული და მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ, გარდა სახლებში გამოკეტვისა. შენობათა სიმჭირდოვემ სახლები დაჩრდილა, ბინები დააბნელა, ბუნებრივი ვენტილაცია შეუძლებელი გახადა. თბილისი დაემსგავსა შავ ხვრელს, რომელიც საკუთარ თავს შთანთქავს.

აღვირახსნილი სამშენებლო ბიზნესის წყალობით, რომელსაც არანაირი სხვა ინტერესი, გარდა მოგებისა და მდიდართა კიდევ უფრო გამდიდრებისა არ გააჩნია, ფაქტობრივად, განადგურდა მწვანე საფარი. ავტომანქანებით გადატენილი თბილისი იქცა მომწამლავი გაზების კამერად, სადაც სუნქვა შეუძლებელი და ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ურბანისტები თუ ეკოლოგები ხელისუფლებასაც და ბიზნესსაც აფრთხილებდნენ მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ, მაგალითად, როდესაც საქმე ეხებოდა მდინარე ვერეს ხეობაში ავტობანის მშენებლობას და მდინარის „სარკოფაგში“ მოთავსებას, ძალაუფლების მქონეები თვითდაჯერებული სიყრუით პასუხობდნენ. სააკაშვილის მეგალომანიას და 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ასაღორძინებელი საერთაშორისო დახმარების ფინანსებით გაუმართლებელ პომპეზურ მშენებლობებს ღირსეულ გამგრძელებლად მოევლინა ივანიშვილის როგორც ესთეტური, ასევე სოციალური, ეკოლოგიური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად აბსურდული „პანორამა თბილისის“ პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია, რა მასშტაბის კატასტროფებით ემუქრება თბილისს.

ხელისუფლების უგუნურებას და გამორჩენაზე ორიენტირებულ ანტისოციალურ პოლიტიკას საყოველთაო ზნეობრივი და მორალური დეგრადაცია დაემატა: გიგანტური ავტომანქანები დაეპატრონნენ ქალაქს და ძალადობრივად, ფაქტობრივად, მიისაკუთრეს ფეხით მოსიარულეთა სივრცე. მანქანებით გადახერგილი ტროტუარები ამორალურობის გალერეაა. ძალაუფლება და ქონება დღევანდელ საქართველოში ადამიანებსა და ბუნებაზე ძალადობისა და ძარცვის ინსტრუმენტებია და თვითგანადგურების ამ მარათონს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

ყველაფერ ამას კიდევ ერთი სტიქიური უბედურება ემატება, რომელიც, როგორც მიწისძვრას ცუნამის ტალღა მოჰყვება, ისე დაატყდა სტიქიისგან გაპარტახებულ თბილისს: ესაა მენტალური, გონებრივი დეგრადაციისა და ობსკურანტიზმის ტალღა, რომელიც მომხდარ უბედურებებში რეალური მიზეზების ძიებისა და რაციონალური ახსნის ნაცვლად, ზებუნებრივი ძალების ჩარევას ეძებს. გონებრივი კატასტროფის ამ ტალღამაც აღარ დააყოვნა და უკვე 14 ივნისს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის საკვირაო ქადაგების სახით დაატყდა თბილისს. თურმე სტიქიური უბედურება ცოდვის ბრალი ყოფილა, რადგანაც კომუნისტებმა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეკლესიებიდან ზარები ჩამოხსნეს, გადაადნეს და „მის ფასად“ ზოოპარკი დააარსეს: "მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ იყო მცირე ინფორმაცია ზოოპარკის შესახებ. როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყეს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ასე რომ, ზოოპარკი დაარსდა ტაძრებისა და მონასტრების ზარების ფასად, ამიტომ ეს ზოოპარკი ვერ გაიხარებს. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ბევრს ეს არ ახსოვს და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს პრესაში არსებობდა. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები". ეს სიტყვები არის ტიპური ნიმუში იმისა, რასაც ჯერ კიდევ XVII საუკუნის ევროპელმა ჰუმანისტებმა „ობსკურანტიზმი“ უწოდეს, როდესაც გონება იმდენად დაბინდულია, რომ უმარტივესი ლოგიკური აზროვნების ადგილს მაგია და ჯადოქრობა იკავებს. „ღმერთი“, რომლის სახელითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქადაგებს, ტოტალიტარული რეჟიმის სადამსჯელო სამსახურს უფრო წააგავს, ვიდრე ახალი აღთქმის მიმტევებელ და მოსიყვარულე ღმერთს. ეკლესია იდეალურად არჩევს მომენტს, როდესაც ადამიანებს უჭირთ და შანსს არ უშვებს ხელიდან, რათა ისინი კიდევ უფრო მეტად დათრგუნოს და დააშინოს, შურისძიებისა და ძალადობისკენ მომართოს და რეალური მიზეზების მოძიების ნაცვლად გონება აუმღვრიოს. ასეთ ქმედებას წმინდად პრაგმატული მნიშვნელობა აქვს ეკლესიისათვის: ამით ის საკუთარ ძალაუფლებასაც იმტკიცებს და სახელმწიფოსაც კიდევ უფრო მეტ ქონებას გამოსძალავს.

თუმცა ამგვარ გონების უკუნს ერთი იმედის მომცემი ნაპერწკალიც შეიძლება თან ახლდეს, თუკი ევროპულ გამოცდილებასაც გავიხსენებთ. 1755 წლის 1 ნოემბერს ლისაბონში მოხდა დიდი მიწისძვრა, რომელსაც ხანძარი და ცუნამიც მოჰყვა, რამაც ქალაქი ფაქტობრივად მთლიანად დაანგრია. ამ მოვლენამ ევროპის თეოლოგიურ და ფილოსოფიურ წრეებში დიდი დებატები გამოიწვია, რაც ევროპული განმანათლებლობის დაბადებაში გადაიზარდა. ამან კი თანამედროვე, გონების უპირატესობაზე დაფუძნებულ ევროპას ჩაუყარა საფუძველი. იქნებ XXI საუკუნის საქართველოშიც გაჩნდეს იმედის ნაპერწკალი, რომ 2015 წლის 14 ივნისი ეკლესიის გონებრივი და ზნეობრივი სიღატაკის, პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობისა და ბიზნესმენთა აღვირახსნილობის მხილების დღედ გადაიქცევა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG