Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიჭიერი ეტლში


საბედნიეროდ, კარგად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც სიარულის უნარი დაკარგა. “საბედნიეროდ”-მეთქი, ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ტკივილი და განსაცდელი მხოლოდ და მხოლოდ მადლი შეიძლება გახდეს ადამიანისთვის, თუკი ფარ-ხმალი არ დაყარა და ეს განსაცდელი კარგად “გამოიყენა”.

22 წლისა საირმის დაღმართზე რომ დავეცი და ვერ მივხვდი, რატომ ვეღარ მემორჩილება ხელ-ფეხი, რატომ არ შემიძლია ფეხზე ადგომა, იმას კი არ განვიცდიდი, რომ რაღაც საშინელება დამემართა, არამედ სირცხვილის და უხერხულობის გრძნობა მტანჯავდა - შუა გზაზე ვიჯექი ჩაკუზული და ვერ ვდგებოდი! მანქანები არ აჩერებდნენ, მხოლოდ ფანჯრიდან ყვიროდნენ: “ჯიგარ, კაიფში ხარ?”. რამდენიმე ფეხითმოსიარულემაც გაიარა. ერთი ბავშვით იყო. ჩამოეფარა სასწრაფოდ და ზიზღით შემომხედა. ეს ზიზღიანი მზერა კაცისა, რომელიც თავის შვილს ეფარება, გაშეშებული და უძლური რომ არ დაანახვოს, კიდევ დიდხანს გამყვა მერე - სიზმარში ვხედავდი ამ მამას და ვერ ვიტანდი ვერავის, ვინც ბავშვს თვალზე ხელს აფარებდა. მერე იყო ხანგრძლივი პერიოდი სახლში ჯდომისა და საზოგადოებისგან დამალვისა, იმის შიშით, რომ ეს სცენა განმეორდება და ისევ შეგრცხვება, შეგეშინდება, ნარკომანი არ ეგონო ვინმეს. მერე იყო გამოჯანმრთელება, მაგრამ დღემდე იმ ადამიანის “შენიანად” აღქმა, რომელსაც ჩვენში “ინვალიდს”, “ხეიბარს”, “უძლურს” უწოდებენ.

ამიტომ ვამბობ მადლია-მეთქი - თავისებური საჩუქარია ეს განსაცდელი. იმ ადამიანებს იხსენებ მუდმივად, ვინც გასაჭირში გვერდზე გედგა. ავტობუსში რომ ვერ ადიოდი, ცდილობდა, შენი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, ეშაყირა. გაიმედებდა და უყვარდი ისეთი, როგორიც ხარ! მადლია, რადგან ძალიან კარგად იცი, ახლა როგორ უნდა მოიქცე, როცა ქუჩაში დაცემულ ადამიანს დაინახავ, როცა ეტლში მჯდარი კაცი, ქალი, ბავშვი დაგელაპარაკება. იცი, რომ არ უნდა ჩაიკუზო, ენა არ უნდა მოუჩლიქო, არ იძახო ენჯეოშნიკური ტერმინები (“შშმპ”, მაგალითად)... უნდა დარჩე ისეთი, როგორიც ხარ. უბრალოდ მხიარულად ჰკითხო - “დახმარება ხომ არ გინდა?”

ჩვენ ყველას გვჭირდება დახმარება. ამიტომ ვცხოვრობთ ერთად. ამიტომ ვართ ერთ სივრცეში. ვერაფერს ვერ შევძლებთ მარტო, რადგან ყოველი ჩვენგანი - ის, ვინც ეტლში ზის და ვინც არ ზის - ინვალიდია!

დიდი ხნის წინ, როცა “ცხელი შოკოლადის” გამოცემა დაიწყო, ჟურნალის რედაქტორმა, შორენა შავერდაშვილმა მითხრა, “ეს იქნება ჟურნალი წარმატებულ ადამიანებზე, რათა მკითხველს ამ ხალხმა სტიმული მისცესო”. კარგად მახსოვს ეს სცენა. რედაქციაში ვისხედით და ახალ ნომერზე ვფიქრობდით. მახსოვს, როგორ გამიელვა უცბად აზრმა: “მოდი გავაკეთოთ ჟურნალი წარუმატებელ ადამიანებზე, იმათზე, ვისაც უჭირს! ამოვიდა ყელში ამდენი ოპტიმიზმი”.

რუსთავი-2-ის სატელევიზიო შოუს, “ნიჭიერის” ფინალმა გამახსენა ეს დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ ”შეჯიბრი” მომღერლებს, აკრობატებს, მოცეკვავეებს და ილუზიონისტებს შორის სრული უაზრობა მგონია, ვნახე ფინალი და დავრწმუნდი - ეს არხი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც შოუს მოფიქრება, დადგმა, გადაღება შეუძლია... შეუძლია, ტელევიზორს ვერ მოწყვიტოს თუნდაც ისეთი უჟმური მაყურებელი, როგორიც მე ვარ. მაგრამ მთავარი სხვა არის - “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა წყვილი, რომლის გამარჯვება გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაცაა, იმის იმედი, რომ 2015 წლის საქართველო მაინც უკეთესია, ვიდრე ის საქართველო, რომელშიც პირადად მე 1978 წელს ვცხოვრობდი.

ქვეყანაში, სადაც განსხვავებული შესაძლებლობების ხალხის გადაადგილებისთვის პირობები ვერა და ვერ იქმნება; სადაც ადამიანებს ეტლში ძალიან ხშირად გარეთ გამოსვლის სურვილი არა აქვთ იმიტომ, რომ მათ უყურებენ, როგორც “ეგზოტიკას”, იმიტომ, რომ ვერ შედიან აფთიქში, ვერ ადიან ავტობუსში, ვერ ესწრებიან კონცერტებს, შეიძლება ითქვას, არც აქვთ არსად წასასვლელი; სადაც “ენჯეოშნიკებიც” კი ამოკლებენ ტერმინებს და მათ “შშმ პირებს” ეძახიან (არ აგერიოთ “შსს”-ში)... აი, ამ ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ შოუში კარგი მომღერლების და აკრობატების მონაწილეობით, იმარჯვებენ ახალგაზრდა მოცეკვავეები - თემო და ქეთი. იმარჯვებს სიარულის შესაძლებლობას მოკლებული თემო და ქეთი, რომელიც კი არ “ატარებს” თემოს, არამედ მასთან ერთად ცეკვავს! ეტლიც კი - ვიღაცისთვის ცხოვრების ტვირთი - თემოს და ქეთის ნომრებში გამოყენებულია, დიახაც, როგორც საჩუქარი, როგორც ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ნიჭი გამოავლინოს.

“ნიჭიერის” ფინალის შესახებ საკმაოდ სკეპტიკური მოსაზრებებიც მოვისმინე. ისიც თქვეს, ქართველმა მაყურებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ხმა იმიტომ მისცა, რომ შეეცოდაო. მე არ მესმის, რატომაა “შეცოდება” დამამცირებელი ქვეყანაში, სადაც შეცოდება, თუ თანაგრძნობა დიდი ხანია, დეფიციტია. შეცოდების თუ თანაგრძნობის უნარი რომ ჰქონდეს ქვეყანას, მაშინ იმაზეც იფიქრებდა, რომ ასიათასობით ეტლზე მიჯაჭვული ადამიანისთვის სიცოცხლის ელემენტარული პირობები შეექმნა. და თუ თემომ და ქეთიმ - ცრემლი რომ ვერ შეიკავეს სცენაზე და აქვითინდნენ - ამ ქვეყანას შეცოდების, სიბრალულის თუ თანაგრძნობის უნარი გაუღვიძა, ეს სწორედ მათი ნიჭის წყალობით მოხდა! ე.ი. მათ დაიმსახურეს გამარჯვება.

ის, რომ რუსთავი-2-ის შოუს 12 ფინალისტს შორის 3 ნომერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა წარმოადგინეს, ასევე ამტკიცებს იმას, რომ ქვეყანაში რაღაცები შეიცვალა - ის ხალხი, ვისაც ჩვენში “ინვალიდებს” უწოდებდნენ, არა მარტო გარეთ გამოვიდა, არა მარტო სცენაზე დადგა, არამედ კამერებშიც გაუსწორა თვალი მაყურებელს. თანაც, ეს მოხდა იმ არხზე, რომელიც დიდი ხანია უკვე, მინიმუმ კვირაში ორჯერ, ეპატიჟება “ტუჩდაბერილ პოპვარსკვლავებს” კითხვით - “ახლა მითხარი, პირადში რა ხდება?” და საუკეთესო დროს უთმობს უნიჭობის, ზედაპირულობის, მეშჩანობის ტირაჟირებას იმ მოტივით, რომ “ასეთია ტელემაყურებლის დაკვეთა”. ჰოდა აღმოჩნდა რა? აღმოჩნდა, რომ სატელევიზიო პროექტის, “ნიჭიერის” რეიტინგი მნიშვნელოვნად მაღალია ამ შოუებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ მაყურებელი მზადაა, გაიცნოს ახალი სახეები, ახალი ხალხი, სხვანაირი ხალხი, მათ შორის ის ხალხი, ვის დანახვასაც უკრძალავდნენ ბავშვებს - ხელს აფარებდნენ თვალებზე...

არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, პირველი შოკი, რომელიც ევროპაში განვიცადე, სწორედ ეტლიანი ადამიანის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება იყო. ბერლინში ავტობუსი რომ დავინახე, რომლის კარზე პანდუსი იყო დამონტაჟებული, გამახსენდა, როგორი წვალებით (თანაც, შაყირ-შაყირით) ცდილობდა უხსოვარ დროს ჩემს აყვანას ავტობუსში დათო ბადრიძე - ძველი მეგობარი და ჩემი ფიქრებიც გამახსენდა - რა მეშველებოდა ასეთი მეგობრები რომ არ მყავდეს!

ევროპაში ასეთი მეგობრის როლს სახელმწიფო ასრულებს. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანებზე, რომელთაც დახმარება სჭირდება. სახელმწიფო და საზოგადოება. ამიტომაც ბევრისგან გამიგია - ქვეყნის სიძლიერე იმაშიც ჩანს, თუ როგორია ამ ქვეყანაში უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება! ესაა პირველ რიგში ევროპა და არა “კოფი-შოპები” და “სექს-შოპები”, როგორც ბევრს ჰგონია საქართველოში.

“ნიჭიერის” ფინალი იმის იმედს იძლევა, რომ ჩვენ ძნელად, მაგრამ მაინც ვუახლოვდებით ამ სივრცეს. ჯანდაბას, იყოს დღეს მხოლოდ შეცოდება! გული თუ აგიჩუყდა, არის შანსი აგიჩუყდეს ტვინიც. აი მაშინ შეიძლება გვეშველოს კიდეც.

და ეს არაა “ოპტიმიზმი, რომელიც ყელში ამოვიდა”. უბრალოდ, პატარა საახალწლო იმედია. მეტი არაფერი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG