Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცური კინო


(წერილები კანიდან - 5)

როგორც თავიდან აღვნიშნე, კინორეჟისორმა ქალებმა კანის ვერც წლევანდელ ფესტივალზე გვასახელეს. ვალერი დონზელის საკონკურსო ფილმი “მარგერიტი და ჟულიენი” ყველაზე დაბალი ქულით შეაფასეს კრიტიკოსებმა. გას ვან სენტს მხოლოდ თავისი ახალი ფილმის ფინალში დაუსტვინეს. დონზელის სურათის ჩვენება კი სტვენა-სტვენით გრძელდებოდა. “უბრალოდ სირცხვილია კანში ასეთი ფილმის ჩვენება” - უყვირია ვიღაცას დარბაზში შუა სეანსის დროს.

მე ეს რეპლიკა არ გამიგია. ფინალამდე გაცილებით ადრე გამოვიქეცი. ფრანგული საერთაშორისო ტელეარხის, TV 5-ის ეთერში დღეში რამდენჯერმე გადის ასეთი სტილის ფილმები - ცუდი მსახიობებით, არანაირი რეჟისურით, ცუდად დამონტაჟებული, ცუდად გადაღებული, ცუდი ხმით. უბრალოდ, ეს ფილმები არაა ინცესტზე, როგორც “მარგერიტი და ჟულიენი”. თუმცა, საეჭვოა, ინცესტის თემით რაიმე სკანდალს მიაღწიო დღეს მსოფლიო კინოში. სკანდალი უფრო ასეთი დაბალი დონის ფილმების ჩვენებაა “ა” კლასის მსოფლიო ფესტივალზე, იქ, სადაც თავის დროზე ლუკინო ვისკონტის შედევრმა “სიკვდილი ვენეციაში” ვერ გაუძლო კონკურენციას მეტისმეტად ძლიერ საკონკურსო პროგრამაში და “პალმის” გარეშე დარჩა.

სხვათა შორის, წლევანდელი ფესტივალის მთავარი სკანდალიც ქალებს უკავშირდება. როგორც გაირკვა, ფესტივალის სასახლის დაცვამ რომელიღაც ფილმის ოფიციალურ პრემიერაზე დარბაზში არ შეუშვა ქალები დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით იმ მოტივით, რომ კანის პრემიერაზე “დრესკოდის” დაცვა აუცილებელია.

ერთი სიამოვნებაა ჩამოჯდე სადმე წითელ ხალიჩასთან და დაათვალიერო ოფიციალურ პრემიერაზე მიმავალი ბატონები და ქალბატონები ძმები ლიუმიერების სასახლის მოსაწვევებით ხელში - ძლიერი ქარი (ეს დღეები აქ სულ ქარი უბერავს) ამ სანახაობას ნამდვილ სატირად აქცევს ფრანგული “პეტი ბურჟუაზიის” თემაზე - ქალები რის ვაივაგლახით ცდილობენ დაიჭირონ თავიანთი გახსნილი კაბები, თანაც ისე, რომ მაღალი ქუსლებიდან არ გადმოვარდნენ. უჭირთ კაცებსაც - ბევრი მათგანი თითქოს გრძნობს, რომ ეს ფრაკები და პეპლები აშკარად სასაცილოს ხდის მათ პლიაჟიდან მომავალი ყმაწვილების გვერდით - საბანაო “ნიფხვებით” და პირახოცებით. არანაკლებ სასაცილოა, როცა ეს ნახევრად შიშველი გოგოები და ბიჭები, ჯერ კიდევ ქვიშიანი სხეულებით, ცოტა ხნით შეჩერდებიან ხოლმე წითელ ხალიჩასთან და სურათებს უღებენ ჰოლივუდის ვარსკვლავებს - შოპარდის სამკაულებით რომ მოურთავთ სხეულები.

“Сука, ты мне обещал показать фильмы фестиваля и познакомить меня с Девидом Духовным” - ამას ქალი ეუბნებოდა კაცს, საგანგებოდ ფესტივალზე ჩამოსული და გამოპრანჭული ქალი სასტუმრო “მერიოტის” შესასვლელში, “15 რეჟისორის პროგრამის” მორიგი სეანსის წინ. ჩვენ რიგში ვიდექით, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ. მამაკაცი დაცვასთან მივიდა და ჰკითხა, როგორ შეუძლია იყიდოს ბილეთი ფესტივალის სეანსზე. გაიკვირვა, როცა აღმოჩნდა, რომ კანში ბილეთებს არ ყიდიან. დაჰპირდა ეტყობა საწყალი თავის სატრფოს. ჰოდა მიიღო კიდეც ეს ისტერიკა. ზოგჯერ ხალხს ვერ წარმოუდგენია, რომ ბევრი ფულიც კი არაა საკმარისი ოცნების შესასრულებლად. მაგალითად, დევიდ დუხოვნის გასაცნობად.

ერთი შეხედვით, სწორედ ეს, თანამედროვე სამყაროს სატირული სახეა იტალიელი რეჟისორის, პაოლო სორენტინოს ახალი ფილმი “სიჭაბუკე”- ამბავი 80 წლის დირიჟორზე (მაიკლ კეინი), რომელიც შვეიცარიის ალპებში ისვენებს თავის მეგობართან, კინორეჟისორთან ერთად (ჰარვი კეიტელი). მოქმედება ვითარდება სორენტინოსთვის დამახასიათებელი სტილით - სიზმრების, ხილვების, წარმოდგენების მთელი სერიით, რომელიც ხან ფელინის გვიანდელ ფილმებს გაგახსენებთ, ხან კენ რასელის კიტჩ-კლიპებს და ხანაც პიტერ გრინეუეის ბაროკალურ კინოეტიუდებს.

ეპიგონობა ყოველთვის იყო სორენტინოს პრობლემა. მაგრამ მისი თაყვანისმცემლები ამას “პოსტმოდერნიზმით” ხსნიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სორენტინოს ბუტაფორულ ოპერეტებში მთავარია სატირული პათოსი და თვითირონია.

“სიჭაბუკეში” ეპიგონობას ემატება რაღაც “იუმორინას” მსგავსი სატირა თანამედროვე სამყაროზე, რომელიც აღარ აფასებს მაღალ ხელოვნებას და მასკულტურის ჭაობშია ჩაფლული (ო, ღმერთო ჩემო, მართლა და მართლა!), მოხუც არტისტებზე, რომელთაც შვეიცარიის კურორტზე, აუზში მაღალფეხება მის მსოფლიო აცდუნებს... ამ ყველაფერში იმდენი უხამსობაა, იმდენი გაცვეთილი, ათასჯერ გადაღეჭილი სახე, რომ ფილმმა შესაძლებელია ფემინისტების მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მაყურებელიც კი ქალთა უფლებების მებრძოლი დამცველი გახადოს. ვფქირობ, სწორედ ამ ხალხმა უსტვინა ფინალში “სიჭაბუკეს”. დარბაზში განმეორდა იგივე, რაც ტერენს მალიკის “სიცოცხლის ხის” პრემიერის დასასრულს, როცა მალიკის თაყვანისმცემლებმა საყვარელ რეჟისორს ოვაციები გაუმართეს... გამაყრუებელი სტვენის და უკმაყოფილო მაყურებლის შეძახილების ფონზე.

იმ ფესტივალზე “სიცოცხლის ხე” ოქროს პალმით” აღინიშნა. არაა გამორიცხული, იგივე განმეორდეს ახლაც. უბრალოდ, “სიჭაბუკის” ფინალი იმდენად ცუდია, რომ სორენტინოს თაყვანისმცემლებიც აღიარებენ, ჰო, ფინალი ვერ გამოუვიდაო.

სხვათა შორის, ფინალის პრობლემა აქვს წლევანდელი “ოქროს პალმის” კიდევ ერთ კანდიდატს, ფრანგ რეჟისორ ჟაკ ოდიარს ფილმში “დეპანი”. ოდიარი ცდილობს როგორმე დაუკავშიროს ერთმანეთს სოციალურ-პოლიტიკური დრამა და თრილერი, მაგრამ ამისათვის ან კოსტა-გავრასი უნდა იყო, ან ფრანჩესკო როზი. ნეტისმეტად რთულია. ეს რეჟისორი ადრეც შემჩნეული იყო ერთგვარ სიხარბეში - ყოველთვის სურდა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა.

“დეპანის” მოქმედება შრი-ლანკაში იწყება, სამოქალაქო ომი დასასრულს უახლოვდება. ქვეყანაშჲ მოდის ახალი ხელისუფლება, რომელიც შურს იძიებს ყველაზე, ვინც ძველს ემხრობოდა, ანდა თანამშრომლობდა მასთან. მათ შორის ფილმის მთავარ გმირზე, დეპანზე. საფრანგეთის ხელისუფლება მას აძლევს დევნილის სტატუსს იმ შემთხვევაშჲ, თუკი ოჯახით გაიქცევა შრილანკიდან. ოჯახი კი აღარ ჰყავს - ომის დროს დაეღუპა ცოლიც და შვილებიც. დეპანი მიაგნებს 7 წლის გოგონას, ომისგან დაობლებულს, ასევე ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ცოლად გაასაღებს, ჩადის საფრანგეთში, სადაც ხელისუფლება პარიზის გარეუბანში, ლტოლვილებისთვის აშენებულ მაღალსართულიან სახლში შეასახლებს. ბავშვი სკოლაში დაიწყებს სიარულს, დეპანიც მონახავს სამუშაოს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ დევნილთა ამ “ბლოკებსაც” თავისი კანონები აქვს -აქ იარააღსა და ნარკოტიკებს ყიდიან. აღმოჩნდება, რომ თანამედროვე საფრანგეთში ცხოვრება უკვე არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე დეპანის შრილანკაში, სადაც მებრძოლები დეპანისგან იარაღის ყიდვას ელიან. მაგრამ ოდიარის ფილმის გმირი ცდილობს ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტოს სამშობლოსთან.

ჟაკ ოდიარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტორია თანამედროვე ფრანგულ კინოში. “კაცური კინო” - ასე დაარქვა ერთმა ფრანგმა რეცენზენტმა სტატიას, რომელიც ოდიარის “წინასწარმეტყველს” მიუძღვნა. ფრანგებს აქ კანში, სადაც აქამდე ნაჩვენებმა ფრანგულმა ფილმებმა სამარცხვინო მარცხი განიცადეს, ახლა მხოლოდ ოდიარის იმედი აქვთ. შეიძლება გამართლდეს კიდეც მათი იმედი და “დეპანი” ფესტივალის რომელიმე მთავარი პრიზით დაჯილდოვდეს. მაგრამ ოდიარსაც და სხვა რეჟისორებსაც, რომელთა ფილმები უკვე უჩვენეს კანში, სერიოზული საფრთხე შეუქმნა ფესტივალის ბოლოს ნაჩვენებმა, მექსიკელი რეჟისორის მიხაელ ფრანკოს ფილმმა “ქრონიკა” ტიმ როტით მთავარ როლში, ერთადერთმა ფილმმა წლევანდელ კანის ფესტივალზე, რომლის მსვლელობისას საათზე არ დამიხედია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG