Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილება გადანაწილების პრინციპით


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე 7 ივლისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მსჯელობდნენ. პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ექსპერტთა ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება დაგვიანებით ხორციელდება და სწორედ ეს განაპირობებს არასასურველი ცვლილებების აუცილებლობას. საბიუჯეტო ცვლილებების ფონზე კიდევ ერთხელ იჩინა თავი დაპირისპირებამ საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის.

სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტი 7 ივლისის საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მაგალითად, ითქვა, რომ, საერთო ანგარიშით, საგადასახადო შემოსავლები 200 მილიონ ლარამდეა შემცირებული, თუმცა ამ დანაკლისის შევსებას მთავრობა რამდენიმე წყაროდან და, მათ შორის, „მეოთხე თაობის ლიცენზიებიდან მისაღები სახსრებით“ ფიქრობს. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თავდაპირველი ჯამური მაჩვენებელი არ იცვლება და აქ მხოლოდ გადანაწილების პრინციპი მოქმედებს:

„ჯამში, სამინისტროების შემცირება მოხდა, დაახლოებით, 160 მილიონი ლარის ოდენობით, – მათ შორის, მიმდინარე ხარჯებია, დაახლოებით, 90 მილიონ ლარამდე -და აღნიშნული თანხების გადანაწილება მოხდა: ძირითადი ნაწილი - დაახლოებით, 105 მილიონი ლარი - გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში, საიდანაც დაფინანსდება როგორც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და, დაახლოებით, 53 მილიონი ლარი მიიმართა საგარეო ვალების მომსახურებისა და დაფარვის მიზნით – როგორც ცნობილია, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, ვალდებულებაში დამატებითი თანხებია საჭირო და სწორედ ამ მიმართულებით არის ეს თანხა გათვალისწინებული“.

დაგვიანებულია, იმიტომ რომ ბევრი უაზრო ხარჯის გაწევას ასცდებოდა ხელისუფლება, რაც უკვე აქვთ გაწეული, და არ მიადგებოდნენ ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის...
ზურაბ მელიქიშვილი

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 2%–მდე შემცირების კვალდაკვალ ჩაფიქრებულ საბიუჯეტო ცვლილებებს სათანადო მომზადება და, შესაბამისად, დრო ესაჭიროებოდა და ასევე დრო წაიღო ამცვლილებებში 13–14 ივნისის სტიქიის შედეგების ასახვამაც, მაგრამ ეს არადამაჯერებელია პოლიტიკური ოპონენტებისთვის, რომლებიც საბიუჯეტო ცვლილებებს დაგვიანებულად მიიჩნევენ. ასე ფიქრობს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი:

„დაგვიანებულია, იმიტომ რომ ბევრი უაზრო ხარჯის გაწევას ასცდებოდა ხელისუფლება, რაც უკვე აქვთ გაწეული, და არ მიადგებოდნენ ისეთ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებში თანხების შემცირება“.

ბიუჯეტის დაგვიანებულმა კორექტირებამ პრობლემები რომ წარმოშვა, ამაზე რადიო თავისუფლებასთან რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილიც ლაპარაკობს და ის ამ კონტექსტში ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხარჯების შემცირებაზე აკეთებს აქცენტს. ზოგადად კი, ექსპერტი თვლის, რომ შექმნილ სიტუაციაში საჭირო იყო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არანაკლებ 250–300 მილიონი ლარით შემცირებულიყო და არა 160 მილიონი ლარით, რომელიც რეალური შემცირება არ იყო და ეს თანხა გადანაწილების პრინციპს დაექვემდებარა:

„ცვლილებების ერთ-ერთ მიზნად დასახელდა ის, რომ ლარის კურსის გამყარება მომხდარიყო დოლართან მიმართებაში. მაგრამ ახლა გამოდის, რომ ბაზარზე ისევ მოხვდება იმავე ოდენობის თანხა და, შესაბამისად, ლარის კურსზე დადებითი გავლენა არ ექნება ბიუჯეტის კორექტირებას. მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო ძალიან ბევრ სოციალურ ხარჯზე, რასაც ვერ ცვლის და ამ ვალდებულებებს ვერ აკლებს ხარჯებს“.

დასკვნაში ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისათვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას...
ნოდარ ხადური

ბიუჯეტის კორექტირების პროცესის ფონზე კიდევ ერთხელ იჩინა თავი ბოლო პერიოდის გამოკვეთილმა ტენდენციამ და, კერძოდ, მთავრობის კრიტიკამ ეროვნული ბანკის მისამართით. მაგალითად, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს არ აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც საბიუჯეტო ცვლილებების შეფასებას ეყრდნობა:

„სამწუხაროდ, არის ურთიერთგამომრიცხავი და, მაგალითად, დასკვნაში ერთ ნაწილში წერია, რომ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაფარვისათვის სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადები. მე, სიმართლე გითხრათ, არ მესმის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, რომელიც თავის თავზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთავრობასა და პარლამენტს ურჩიოს გადასახადების გაზრდა“.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიძლევით გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას და ეს არც არის ჩვენი კომპეტენციაო, განაცხადა 7 ივლისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა. მისი თქმით, საგადასახადო ცვლილებების საჭიროება ეროვნული ბანკის დასკვნაში სულ სხვა მიზნით არის ნახსენები:

„ჩვენ ვსაუბროთ იმაზე, რომ, თუ გვინდა სამომავლოდ ის პოტენციური რისკები, რომლებიც მომავალში შესაძლოა საგარეო შოკებით წარმოიშვას და რამაც შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს ლარის გაცვლით კურსზე, ავიცილოთ თავიდან და გავანეიტრალოთ, ეს უნდა იყოს ბიუჯეტში ასახული და გათვალისწინებული“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ფინანსთა მინისტრის შეფასებებში პოლიტიკური ჟონგლიორობის ნიშნებს ხედავს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დასკვნა შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან და ის გულისხმობს არა გადასახადების ცალკეული პარამეტრების გაზრდას, არამედ გადასახადების მეტად მობილიზებას.

7 ივლისის განხილვის შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს და ამით მას უკვე პარლამენტის სხდომაზე განხილვისთვის გაუხსნა გზა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG