Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 საშუალედო


ჩემს ბავშვობაში ერთი ასეთი სულელური თამაში იყო: დავსხდებოდით, ერთ-ერთი ჩვენგანი იტყოდა „მოდიოდა ერთი კაცი“ და მერე წავიდოდა კითხვა-პასუხი: „რათა ერთი?“ „მაშ რამდენი?“ „ორი“, „რათა ორი?“ „მაშ რამდენი?“ „ხუთი“, „რათა ხუთი?“ „მაშ რამდენი?“ „შვიდი“ და ასე, გაუთავებლად. რა მუღამი იყო ამ თამაშში, ახლა ვერანაირად ვერ ვხვდები, მაგრამ ის კია, რომ რაც, ეს თერთმეტი წელია, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ პროექტით, „წლის 15 საუკეთესო მოთხრობა“ გამოდის, სულ მესმის ეს კითხვა: „რათა თხუთმეტი?“, რაზეც ხშირად პასუხია: „მაშ რამდენი?“. მახსოვს, ერთხელ მეც დავუსვი ეს კითხვა ბაკურს და „მაშ რამდენი?“ არ შემოუბრუნებია. გამომცემლის პოზიციიდან სრულიად გააზრებული პასუხი გამცა: ათი მოთხრობა კრებულისთვის ცოტაა და 20 კიდევ ბევრი, ამიტომ 15-ზე შევჩერდითო. ჭიდაობა აღარ დამიწყია, აღარ მიკითხავს, რატომ 14 ან 16 არა-მეთქი, და ისედაც, მოდით, ნუ გამოვეკიდებით ამ რაოდენობრიობას, მთავარი ხომ თვისებრიობაა, და როგორც დიალექტიკურ მატერიალიზმში გვასწავლიდნენ, რაოდენობრიობის გადასვლა თვისებრიობაში. მით უმეტეს, 15-ს თუ 11-ზე გავამრავლებთ, საკმაოდ ბევრ, 165, მოთხრობას მივიღებთ, ბოლო პერიოდის ქართული პროზის რაღაც ნიშნებს და ტენდენციებს რომ უნდა აჩვენებდეს, მიღწევებსაც და კრიზისულ მომენტებსაც. ყველა ამ კრებულის მთლიანობაში დანახვა და შეფასება, ცხადია, საინტერესო საქმე იქნებოდა, მაგრამ ახლა ამისთვის ვერ მოვიცლით და ამიტომ კრიტიკოს ლექსო დორეულთან მხოლოდ ბოლო კრებულზე ვისაუბრებთ, ყდაზე 2015 რომ აწერია და 2014 წლის მოთხრობები რომაა შესული.

ლექსო დორეული: მე მგონია, რომ იმ ნაწარმოებების მხატვრულ და ესთეტიკურ-კრიტიკულ ანალიზზე უფრო მნიშვნელოვანია იმაზე რეფლექსია და საუბარი, რა სიმპტომურ პრობლემებსაც გამოკვეთს ეს კრებული და უფრო მნიშვნელოვანია საუბარი იმ ლიტერატურის პოლიტიკაზე, რომლის შედეგიც არის ეს 15 საუკეთესო მოთხრობა. ამ თვალსაზრისით, უნდა გამოიყოს ორი მნიშვნელოვანი გარემოება: ერთი, რომ დღესდღეობით საქართველოში მწერლის, როგორც პროფესიონალის, აშკარა კრიზისია. როგორც ამ კრებულმაც აჩვენა, მოთხრობებს მაშინ წერენ და რაღაცნაირად გამოიძახებენ ხოლმე მუზას, როცა გარკვეული მატერიალური გამორჩენის პერსპექტივა ისახება. და ამ კრებულშიც დაახლოებით ნახევარზე მეტი მოთხრობებისა საკონკურსო ფორმატში არის დაწერილი ან რაღაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასეთი ტექსტებიც უნდა იწერებოდეს და ვერანაირად ვერ ავცდებით ამას, მაგრამ როდესაც წლის საუკეთესო 15 მოთხრობაში ასეთი ტექსტი არის ნახევარი ან ნახევარზე მეტი, ეს უკვე ძალიან ცუდია. და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი გარემოება ლიტერატურული პოლიტიკის: თუ გადავხედავთ ჩვენ ამ კრებულში შემავალ ტექსტებს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ვიწრო ლიტერატურული სივრციდან არის ეს ნაწარმოებები აღებული. ჯერ ისედაც რა სივრცეა საქართველოში, სულ რამდენიმე, 3-4 პერიოდული გამოცემა გამოდის, გვაქვს ერთი ან ორი აქტიური ლიტერატურული საიტი და თითქოს „15 საუკეთესო მოთხრობა“ იმის იმედს აჩენს, იმის ილუზიას, რომ რაღაცნაირად ყველა მაინც უნდა მოიცვას, მაგრამ შედეგად ვიღებთ იმას, რომ, გარდა ამ საკონკურსო მოთხრობებისა, ძირითადად ერთი გამოცემიდან დაიბეჭდა მოთხრობები და ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარია, როგორ მოხდა ის, რომ იმავე „ახალი საუნჯიდან“ არც ერთი მოთხრობა არ არის შეტანილი არც წელს და უნდა აღვნიშნო, რომ არც შარშან იყო, და არც „აფრიდან“, ხოლო „არილიდან“, რომელმაც ასევე ბევრი ძალიან საინტერესო მოთხრობა დაბეჭდა წინა წელს, მხოლოდ ერთი მოთხრობა არის შეტანილი.

ლექსოს ნათქვამმა გამახსენა, რომ როდესაც ეს პროექტი დაიწყო, გამომცემლობა რამდენიმე წელი მაშინდელი ლიტერატურული პრესის რედაქტორებს გვეძახდა და ჩვენგან რეკომენდაციებს ისმენდა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, რედაქტორმა ყველაზე უკეთ იცის, წლის განმავლობაში საუკეთესო რა დაბეჭდა, და ეს, ვფიქრობ, დადებითად მოქმედებდა კრებულებზე. ადრინდელი „15-ეულები“ უფრო ობიექტურად ასახავდნენ არსებულ სიტუაციას, ახლა კი წყალი აშკარად აიმღვრა. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ საკუთარ გამოცემას ვგულშემატკივრობ. ეგ ნამდვილად არაა ჩემი სადარდებელი. უბრალოდ, მხოლოდ ის გავიხსენოთ, შარშანწინ ზურაბ ქარუმიძის „ბაში-აჩუკი ანუ მობი დიკი“ რომ არ მოხვდა საუკეთესოთა შორის და დავფიქრდეთ, ვითომ ხშირად იწერება ასეთი დიდოსტატობით საქართველოში დღეს პროზა?

ლექსო დორეული
ლექსო დორეული

ლექსო დორეული: ისევ და ისევ საკონკურსო ფორმატმა მოიტანა, რომ ფორმისა და შინაარსის მიმართება ძალიან არარელევანტური, არათანაბარია. გასაგებია, რომ ავტორს აქვს ორი საათი ან ორი დღე დასაწერად მოთხრობის და ის არ ფიქრობს სულაც იმაზე, აი, ამ კონკრეტულ სათქმელს რა ფორმა მოუძებნოს ან ამ ფორმას რა სათქმელი შეიძლება მოენახოს. და, შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ავტორის მიზანი არის ის, რომ, უბრალოდ, მოჰყვეს რაღაც ჩვეულებრივ ამბავს, და იმისთვის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იქცეს ლიტერატურად, საჭიროა შესაბამისი ფორმა და შესაბამისი ენობრივი გამოხატულება. და მე მგონია, რომ ამ კრებულის მოთხრობების ყველაზე სუსტი მხარე არის ენა და სტილი, იმიტომ რომ განსაკუთრებით დამწყებ ავტორებს საერთოდ არ უფიქრიათ იმაზე, როგორ უნდა ეთქვათ სათქმელი და ძირითადად ფიქრობდნენ იმაზე, რა უნდა ეთქვათ, თუმცა ამ თვალსაზრისითაც დიდი ორიგინალობა, სიმართლე გითხრათ, არავისთან შემიმჩნევია და, ზოგადად, სოციალური პლასტების შესახებ გვხვდება ეს სოციალური ვითომ სატირა, ან კიდევ შემოდის ჩვენი სინამდვილისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი დისკურსი, თავისი უცნობი პერსონაჟებით, სახელებით, რომლებიც შეუძლებელია, რომ დასამახსოვრებელი იყოს, და, ამავე დროს, სქემატური ხასიათებით, რაც კიდევ ერთხელ ართულებს იმ პროცესს, რომ მკითხველმა რაღაცნაირად დაიმახსოვროს ეს ტექსტები და ამ ტექსტების მთავარი ნაკლი და, ალბათ, ღირსებაც ისიც არის, რომ წაკითხვიდან რამდენიმე წუთში გავიწყდება.

და მაინც, პესიმისტურ ნოტაზე რომ არ დაგვემთავრებინა, ლექსოს ვთხოვე, გამოეყო ის მოთხრობები, რომლებმაც მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ლექსო დორეული: მე, მაგალითად, მომეწონა ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობა, სადაც ძალიან საინტერესო ენობრივი თამაშებია და, საერთოდ, ძალიან საინტერესოა ამ ავტორის ენა. ასევე საინტერესოდ მიმაჩნია ის ფორმა, რომელიც ლაშა ბუღაძემ მოძებნა თავის მოთხრობაში და, საერთოდ, ლაშა ბუღაძე ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია, ფორმის თვალსაზრისით, და კარგად აღწერს იმ რაღაც კულტურულ და პოლიტიკურ შრეებს, რომლებიც ჩვენს სოციალურ სინამდვილეში არსებობს. ცუდი არ არის და უპრეტენზიო მოთხრობაა ნიკუშა ანთაძის მოთხრობა. აქვს მოთხრობას კომპოზიცია, რაც, სიმართლე გითხრათ, სხვა მოთხრობებთან შედარებით, დიდი ფუფუნებაა. კვანძი იკვრება და იხსნება, და ესეც დიდი ფუფუნებაა. ასევე მომეწონა თეა თოფურიას ზღაპარი. გაქვავებული სიმბოლიკის სივრცეა, სადაც თითქოს ახალს ვერაფერს მოიგონებ, მაგრამ ამ ზღაპარში არის მოძრავი სიმბოლიკა, რომელიც კლასიკურ ზღაპრებში არ გვხვდება. საინტერესო შეიძლებოდა გამოსულიყო ივა ფეზუაშვილის მოთხრობა „ცა“, მაგრამ ავტორმა ეს ყველაფერი გააფუჭა გაბმული წარუმატებელი იუმორის წყალობით და ასევე გააფუჭა ამბის მორალით, რომელიც ჩვენ გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ ყველა ჩინელი, რომელიც საქართველოში ჩამოდის და მასაჟის ცენტრს ხსნის, ბოზი არ არის.

ლექსოს ამ შეფასებებში ძირითადად ვეთანხმები, იმ დაზუსტებით, რომ ნიკუშა ანთაძის მოთხრობა მაინც იმდენად რიგითია, რომ შეუძლებელია რამენაირად აკმაყოფილებდეს „საუკეთესოს“ კრიტერიუმს. ჩემთვის გაცილებით შთამბეჭდავი იყო მიშა ბახსოლიანის „სასაუზმე ბუდაპეშტი“, ერთგვარი „ქუთაისური ტარანტინო“. სხვა ტექსტებისგან ოსტატობით გამოირჩეოდა ბესო ხვედელიძის „ზღვის სუპი“ და ახალგაზრდა პროზაიკოსის, ცოტნე ცხვედიანის, ამ კრებულში მოხვედრაც ჩემთვის მისასალმებელია, თუმცა ვფიქრობ, მას „ოქროს ქალაქზე“ უკეთესი, გაცილებით წრფელი მოთხრობებიც აქვს, მაგალითად, „ქალაქი და წმინდანები“ ან „მოლოტოვის კოქტეილი“.

ერთი სიტყვით, რაც იყო, იყო. მეთერთმეტე მატარებელმა ჩაიარა. დაველოდოთ მეთორმეტეს. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი კეთილმოსურნე კრიტიკა პროექტის ავტორებზე დადებითად იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG