Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბიბლიოთეკა თანამშრომლების გარეშე და 20-წლიანი ოცნება საკუთარ შენობაზე


ერთ-ერთი ბიბლიოთეკა ლაგოდეხში
ერთ-ერთი ბიბლიოთეკა ლაგოდეხში

ლაგოდეხში 20-მდე ბიბლიოთეკაა, თუმცა ბევრი მათგანი დახურულია. წლებია, არასათანადო პირობებში მუშაობენ ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მათ საკუთარი შენობა არა აქვთ. პერსპექტივები არის, თუმცა იმდენად შორეული, რომ მასზე მხოლოდ ოცნებობენ.

ლაგოდეხის ბიბლიოთეკას ბევრი პრობლემა აქვს. ვიდრე ამ პრობლემებზე დეტალურად გიამბობთ, გეტყვით, რომ ამ დროისათვის ბიბლიოთეკას არც ერთი თანამშრომელი აღარ ჰყავს - ყველა, რეორგანიზაციის გამო, სამსახურიდან არის გათავისუფლებული. მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელია საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორიც. ცნობილია, რომ გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკან დააბრუნებენ, თუმცა არა ყველას. გათავისუფლებულთა შორისაა ნანა ღვედაშვილიც:

ნანა ღვედაშვილი
ნანა ღვედაშვილი

“შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გათავისუფლებით მთელი საბიბლიოთეკო გაერთიანება დაღუპულია. როგორ შეიძლება გაათავისუფლო საქმის სპეციალისტები, უმაღლესი განათლებით, და დატოვო პროფესიით ექთნები?! ისინი სამსახურში მხოლოდ თვეში ერთხელ მიდიან, ისიც ხელფასის ასაღებად“.

ლაგოდეხში გამგეობას დაქვემდებარებული სამი აიპი ორგანიზაცია გაერთიანდა და რეორგანიზაციაც ამ პროცესს უკავშირდება. საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლია ხაჩიძე გვეუბნება, რომ ლაგოდეხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 33 ადამიანი მუშაობდა, მომავალში კი მხოლოდ 20-მდე იმუშავებს:

„ჩემ გარდა 32 ადამიანი მუშაობდა ხელშეკრულებით. რეორგანიზაციის შემდეგ, ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ 20-22 ადამიანი იმუშავებს. კადრებს გათავისუფლებულებიდან შეარჩევენ, თუმცა კონკრეტულად ვის, არ ვიცი“.

რეორგანიზაცია რამდენიმე კვირაში დასრულდება, მაგრამ ამავე პერიოდში რომ ბიბლიოთეკაში დღეს არსებული პირობები არ გაუმჯობესდება, ეს უკვე იცის სამსახურის ხელმძღვანელმა. ბიბლიოთეკა ამჟამად „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კერძო საკუთრებაშია განთავსებული. ცალ-ცალკეა ადმინისტრაციის ოთახი, სამკითხველო დარბაზი და წიგნსაცავი. ლაგოდეხის ბიბლიოთეკაში სულ 30 ათასამდე წიგნი ინახება, მათ შორის - თითქმის ყველა პერიოდული გამოცემა. პირობები არასახარბიელოა. ფანჯრებზე პოლიეთილენის ფირია აკრული, იატაკი აყრილია და წიგნის თაროები რომ არ წაიქცეს, იატაკსაც და თაროებსაც ხშირად ამაგრებენ. ბიბლიოთეკაში შეშის ღუმლით თბებიან, ამიტომ ოთახებში კვამლის სუნია. მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკას თვის განმავლობაში 500-მდე მომხმარებელი სტუმრობს. ადმინისტრაციას სამომავლოდ ჰპირდებიან, რომ ბიბლიოთეკას ლაგოდეხის კულტურის სახლის შენობაში გადაიტანენ, თუმცა თავად ის შენობა დაუსრულებელია. კულტურის სახლი საბჭოთა პერიოდში აშენდა და რემონტი ვეღარ მოესწრო.

„პერსპექტივაშია კულტურის სახლი და ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის შენობა, სადაც ამჟამად საბავშვო ბიბლიოთეკაა განთავსებული, თუმცა როდის გადავალთ ამ შენობებიდან რომელიმეში, არ ვიცით. ჩვენ ამ პირობებში, უკვე 20 წელია, ვმუშაობთ. საბავშვო ბიბლიოთეკაშიც სავალალო მდგომარეობაა და უფრო უარესი, ვიდრე აქ, ჩვენთან“.

მე ხშირად დავდივარ, თუმცა კარგი იქნება, თუ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. მინდა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა თანამედროვე და კომფორტული გახდეს...

ვინ არის ბიბლიოთეკის მომხმარებელი? ამ შეკითხვაზე ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ თითქმის ყველა თაობა, განსაკუთრებით კი მოსწავლეები და აბიტურიენტები. იმის გასარკვევად, დადიან თუ არა ლაგოდეხელები ბიბლიოთეკაში, ჩვენ სახელდახელოდ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ:

„შებრძანდით და თავად ნახეთ, იქ რა სიტუაციაა. ოთახები ჩაბინძურებულია. თუ ნორმალურად გააკეთებენ, ყველა ივლის, ვისაც ინტერესი აქვს“.

„მე ხშირად დავდივარ, თუმცა კარგი იქნება, თუ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. მინდა, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა თანამედროვე და კომფორტული გახდეს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სულ, 20-მდე ბიბლიოთეკაა. აქედან დიდი ნაწილი სოფლებშია. მათგან 8 წლების წინ დაიხურა და წიგნები ზოგ შემთხვევაში არასათანადო პირობებში, სოფლის ადმინისტრაციულ შენობებში ინახება. მიუხედავად პრობლემებისა, საბიბლიოთეკო გაერთიანება პერიოდულად წიგნადი ფონდის განახლებას მაინც ახერხებს. ზოგჯერ შემოწირულებებითა და ზოგჯერ სახელმწიფო პროგრამებით, თუმცა აქ საერთოდ,ხელმიუწვდომელია ელექტრონული რესურსები. ეს პროექტი მხოლოდ იდეის დონეზეა, რომელსაც, როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანებაში გვეუბნებიან, განხორციელება, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ უწერია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG