Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის უფლებებების ცენტრის სტრატეგია, ბათუმში ბავშვთა სახლის გახსნის ფონზე


8 დეკემბერს თბილისში საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების ცენტრის 2014-2017 წლების სტრატეგია წარმოადგინა. სტრატეგია მოიცავს ბავშვის უფლებების მონიტორინგისა და მექანიზმების გაძლიერებას, ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრას, ჯანდაცვის უფლების ხელშეწყობას, ასევე ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ყველა ბავშვისათვის ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას.

2014-2017 წლებში სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრს მუშაობა ოთხი ძირითადი მიმართულებით მოუწევს. ესენია: ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ბავშვის უფლებების განხორციელების სისტემური მონიტორინგი, სახალხო დამცველის რეგიონალურ წარმომადგენლობათა შესაძლებლობების გაძლიერება, ბავშვებისა და ახალგაზრდების სისტემური მონაწილეობის უზრუნველყოფა და ომბუდსმენთა ევროპული ქსელის სრულუფლებიანი წევრობისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება. სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სტრატეგია ეროვნული სამოქმედი გეგმის მიხედვით შემუშავდა:

„2014-2017 წლების სტრატეგია ახალ გამოწვევსაც ასახავს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების სისტემური მონიტორინგი მოხდება ზუსტად სტრატეგიის შესაბამისად - ბავშვის შესახებ ზოგად კანონზე მუშაობის ლობირება, ბავშვის უფლებების სფეროში სასწავლო კურსების განხორციელება, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის 24-საათიანი ცხელი ხაზის და ბავშვთა დახმარების ცენტრის ხელშეწყობა და ასევე სასკოლო და სკოლამდელ პროგრამებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების სათანადო ასახვა“.

გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა შეცვალონ საკუთარი სტრატეგია. მათ ბავშვები უნდა აღიქვან არა როგორც ქველმოქმედების ობიექტები, არამედ აღიქვან ისინი როგორც უფლებების მქონენი...
ევა პასტრანა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებათა დაცვის ატაშეს ევა პასტრანას გაცხადებით, ბოლო ორ წელიწადში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მართლაც გადაიდგა დადებითი ნაბიჯები, ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში კი ბავშვთა უფლებებს ცალკე თავი ეძღვნება, თუმცა, მისი სიტყვებით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 50 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვაგვარ გამოვლინებასაც:

„გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა შეცვალონ საკუთარი სტრატეგია. მათ ბავშვები უნდა აღიქვან არა როგორც ქველმოქმედების ობიექტები, არამედ აღიქვან ისინი როგორც უფლებების მქონენი. ეს საჭიროება არსებობს - ქველმოქმედებიდან გადავინაცვლოთ უფლებებზე მდგარ მიდგომაზე“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სახლი და, ზოგადად, ცხოვრების ეს ფორმა არ არის საუკეთესო ბავშვის ინტერესებისათვის, ის არ ჯდება იმ სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელსაც უკვე წლებია საქართველო ახორციელებს, არც იმ საკნონმდებლო სივრცეშია, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება...
ქეთი მელიქაძე

„სახალხო დამცველის აპარატი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის საქმეში, ისევე როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების მონიტორინგის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი სიამოვნებით უჭერს მხარს ამ ახალ სტრატეგიას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი საქართველოში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომელთა უფლებებიც დღეს არ არის დაცული და ისინი საზოგადოებისაგან იზოლირებულები არიან. ხშირია მათი დისკრიმინაცია. დღეს ჯერ კიდევ მოქმედი სამი ბავშვთა სახლიდან, სადაც ასი ბავშვი ცხოვრობს, უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. სწორედ ამ ბავშვების უფლებებია დასაცავი, ისინი უნდა გამოვიყვანოთ ამ ბავშვთა სახლებიდან და გადავიყვანოთ ოჯახურ გარემოში. სახალხო დამცველის როლი კი ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მან უნდა გაუწიოს მონიტორინგი იმას, რომ სახელმწიფო ამ ბავშვებზე სათანადოდ ზრუნავდეს“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა.

ამ განცხადების ფონზე, ასევე აქტუალური იყო იუნისეფის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქეთი მელიქაძის, გამოხმაურება ცოტა ხნის წინ ბათუმში გახსნილი ბავშთა სახლის თაობაზე. მან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, ერთობლივად მოუარონ ამ პრობლემას, რადგან საქართველოს მიზანია „ბავშვები - სახლში“ და არა „ბავშვები - ბავშვთა სახლებში“:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სახლი და, ზოგადად, ცხოვრების ეს ფორმა არ არის საუკეთესო ბავშვის ინტერესებისათვის, ის არ ჯდება იმ სახელმწიფო პოლიტიკაში, რომელსაც უკვე წლებია საქართველო ახორციელებს, არც იმ საკნონმდებლო სივრცეშია, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი არაერთხელ გაშუქდა, ვიცით, რომ რამდენიმე ბავშვი უკვე შეყვანილია ამ სახლში, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამე უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის,რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. ბავშვები უნდა გაძლიერდნენ თავიანთ ოჯახებში, ბავშვს სწორედ ამაში უნდა დავეხმაროთ, რომ ბედნიერი იყოს სწორედ საკუთარ სახლში“.

სახალხო დამცველმა ამ კონკრეტული ამბის შესახებ თქვა, რომ ომბუდსმენის ბავშვის უფლებების ცენტრი ჩართულია ამ პროცესში და, წესით, პრობლემა კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს. უჩა ნანუაშვილმა სტრატეგიის პრეზენტაციაზე ასევე განაცხადა, რომ სულ ახლახან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა თანასწორობის დეპარტამენტი, რომელსაც დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა ევალება. ამ ფაქტებს შორის, სავარაუდოდ, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ფაქტებიც მოხვდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG