Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის ბავშვი და ზრდასრულთა გულგრილობა


12 წლის გოგონა, რომელიც ახლა ექვსი თვის ორსულია, გასულ ზაფხულში არაოფიციალურად დაქორწინდა 18 წლის თანასოფლელზე, რომელმაც გოგონა ორი კვირის წინ მიატოვა, ინფორმაცია არასრულწლოვანი ორსულის შესახებ ორი დღის წინ გავრცელდა. 17 თებერვალს მოზარდის ქმარი სამართალდამცავებმა არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება. ომბუდსმენი მიუთითებს მშობლებისა და სკოლის დირექტორის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხზეც.

ექვსი თვის ორსული 12 წლის გოგონას ოჯახის წევრებისთვის, როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, პრობლემა ის კი არ არის, რომ არასრულწლოვანი გასულ ზაფხულში არაოფიციალურად დაქორწინდა და ახლა ის ბავშვს ელოდება, არამედ მათ პრობლემად ის იქცა, რომ მოზარდი 18 წლის ქმარმა მიატოვა. 17 თებერვალს მოზარდის ქმარი სამართალდამცავებმა არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. კარდანახელი გოგონას დედა ტელეკომპანია „გურჯაანისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მეექვსეკლასელმა მოზარდმა და მისმა სრულწლოვანმა ქმარმა გასულ ზაფხულში თავად გადაწყვიტეს დაქორწინება და გაიპარნენ.

„მე უბრალოდ ქალი მინდოდა და ვერთობოდიო, ასე თქვა. ამ სიტუაციით ერთობა. ნივთია? მოგწყინდეს და გადააგდო“, - ამბობს გოგონას დედა.

ოჯახი შეიქმნა მშობლების თანხმობით. ამას თვითონ დედაც ადასტურებს. ამ გოგონას კლასის დამრიგებელთან ჰქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა და არასდროს უხსენებია, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო...
მაია ღლიღვაშვილი

მოზარდის და კი რადიო „ჰერეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი 12 წლის და ქმრის ოჯახში არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფენ 18 წლის ბიჭის ოჯახის წევრები.

„თავიდან, ერთი-ორი კვირა, ვითომ კარგად ექცეოდნენ, მაგრამ მერე გინებაზე გადავიდნენ. სექსუალური ძალადობა იყო. ტონუსი ჰქონდა ბავშვს მომატებული. არც წამლებს ყიდულობდნენ. რაც შეგვეძლო და როგორც შეგვეძლო, გაჭირვებით ვყიდულობდით“, - ამბობს მოზარდის და.

უცნაური და მიუღებელი არაფერი ყოფილა მეექვსეკლასელი გოგონას დაქორწინებაში იმ სკოლის დირექტორისთვის, სადაც ექვსი თვის ორსული 12 წლის გოგონა სწავლობს. მაია ღლიღვაშვილი, სკოლის დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გოგონა სიყვარულითა და ოჯახის წევრების თანხმობით დაქორწინდა და, შესაბამისად, არც უფიქრია, რომ ინფორმაცია მეექვსეკლასელი გოგონას გათხოვების შესახებ, მაგალითად, სოციალური მუშაკებისათვის მიეწოდებინა:

„ოჯახი შეიქმნა მშობლების თანხმობით. ამას თვითონ დედაც ადასტურებს. ამ გოგონას კლასის დამრიგებელთან ჰქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა და არასდროს უხსენებია, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებოდით მისი მდგომარეობით. შეძლებისდაგვარად დადიოდა სკოლაში, თუმცა ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას გაცდენები დაუგროვდა“.

შემთხვევის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმა. ომბუდსმენი 12 წლის გოგონას ქორწინების საქმეში არაერთ შესაძლო დანაშაულზე მიუთითებს. მაგალითად, ის ფიქრობს, რომ შესწავლილი უნდა იქნეს გოგონას მშობლის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისა და შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხი. გარდა ამისა, შეიძლება იკვეთებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ, სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად, დღემდე არაეფექტურად ხორციელდება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 31 მაისის ბრძანების მოთხოვნები. ეს არის დოკუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. პაატა ბელთაძის სიტყვებით, 12 წლის გოგონას ორსულობის ფაქტმა ეს ხარვეზები კიდევ უფრო თვალნათელი გახადა:

„დოკუმენტი გულისხმობს, რომ ნებისმიერი უფლებადარღვევის, ძალადობის ფაქტის, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ძალადობის დროს უნდა იყოს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამ შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ამ ფაქტის შესახებ უნდა ეცნობებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, სოციალური მუშაკი უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში და ეს სისტემა უნდა ამუშავებულიყო. ეს მექანიზმი ერთიან სისტემაში უნდა მუშაობდეს, რომ პრევენცია იყოს გარანტირებული. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი არ მუშაობს და ამ შემთხვევამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - ამბობს პაატა ბელთაძე.

ანა აბაშიძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს სისხლის სამართლის კოდექსის იმ 140-ე მუხლს, რომლითაც 12 წლის გოგონას ქმრის მიმართ საქმე აღიძრა. ის ამბობს, რომ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველთან და რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 9 წლადე. ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გოგონას მხრიდან ქორწინებაზე თანხმობას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან იმპერატიულად აკრძალულია 16 წლამდე ასაკის მოზარდთან სქესობრივი კავშირი. კიდევ ერთი თემა, რომელზეც ანა აბაშიძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, ეს ამ პროცესში გოგონას მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის როლია. მისი თქმით, საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა დროს და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ მათ შესაბამის უწყებებს:

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე

„დირექტორმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ 16 წელს მიუღწეველ მოზარდთან კავშირი არის დანაშაული. ფაქტია სახეზე, რომ დირექტორი და ყველა სხვა უფლებამოსილი პირი არ არის ინფორმირებული კანონის შესახებ. მეორე საკითხია ის, რომ როცა ძალადობის შემთხვევაში რეფერირების მექანიზმზეა ლაპარაკი, სკოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუბიექტი, რომელსაც აქვს ვალდებულება მიაწოდოს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუ ის ჩათვლის, რომ ბავშვის მიმართ შესაძლოა ხორციელდებოდეს ძალადობა“.

სოციალური მომსახურების სააგენტომ 12 წლის გოგონას ორსულობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო. მარი წერეთელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გოგონას უკვე ელაპარაკა სოციალური მუშაკი, რომლის შეფასებითაც, მას ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება.

„სკოლას ჩვენთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწვდია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი. როგორც კი ჩვენ ამის შესახებ სოციალური საშუალებით შევიტყვეთ, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება“, - ამბობს მარი წერეთელი.

იმის თაობაზე, რომ მეექვსეკლასელი გოგონას დაქორწინების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის კარდანახის სკოლას, რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა უთხრა. თუმცა, ამასთანავე, დასძინა, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სკოლის დირექტორს:

„იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ დირექტორი ინფორმირებული იყო და ფარავდა დანაშაულებრივ ფაქტს და არ განახორიციელა შესაბამისი ორგანოების ინფორმირება, სამინისტრო მოახდენს კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას. ასეთი დარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში ორი მიმართულებით შეუძლია სამინისტროს იმოქმედოს. ერთი, რომ თუკი დირექტორი არჩეულია სამეურვეო საბჭოს მიერ, ამ საბჭოს უნდა მივმართოთ წარდგინებით, რომ ხელშეკრულება შეუწყვიტოს, ან სკოლა იღებს გაფრთხილებას. გააჩნია რა ფორმით და როგორ იყო დაკავშირებული დირექტორი ძალადობრივ ფაქტთან. ცხადია, თუკი დადგინდება, რომ ძალადობის ფაქტს საერთოდ ჰქონდა ადგილი“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და გამოირკვეს ობიექტური სიმართლე.

ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით...
სამოქალაქო კოდექსი

რაც შეეხება საქართველოში ადრეული ქორწინების საკითხს, სახალხო დამცველი თავის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებს ამ პრობლემაზე და წერს, რომ, მიუხედავად არსებული ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციისა, ხშირია სკოლის მიტოვების ფაქტები ადრეული ქორწინების მიზეზით. განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებელი რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მონაცემების მიხედვით, 18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000- ერთ დღეს, 13 გოგონა კი - 30 წამში. სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ადრეული ქორწინებაა.

განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვემო ქართლის რეგიონში. მიუხედავად ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციებისა, ადრეული ქორწინების თემა კვლავ აქტუალურია და, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ანა აბაშიძეს მიაჩნია, რომ საზოგადოება ამ პრობლემის 10%-საც კი ვერ ხედავს. მისი თქმით, ადრეულ ასაკში ქორწინება, რეალურად, გაცილებით მძიმე გამოწვევაა და, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არც ერთ ორგანიზაციას არ ჩაუტარებია ძირეული გამოკვლევა ამ მიმართულებით. ანა აბაშიძე ლაპარაკობს საქართველოში არსებული კანონმდებლობის სერიოზულ ხარვეზზეც. მისი სიტყვებით, ბავშვთა უფლებათა კონვენცია პირდაპირ მიუთითებს, რომ, მშობლების თანხმობის მიუხედავად, არ შეიძლება ქორწინების ლეგიტიმურად აღიარება სრულწლოვანების ასაკამდე, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, დღემდე დასაშვებია 16 წელს მიღწეული მოზარდის ქორწინება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა რეგულაცია არსებულ სტანდარტს არ შეესაბამება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, „ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე, დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს“.

XS
SM
MD
LG