Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვზე ძალადობის სტატისტიკა იზრდება


სამ მცირეწლოვან ბავშვზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული პირი დაკავებულია. ბავშვები მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაერთვებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტი გურჯაანში მოხდა. ბრალდებულმა დავით თ-მ თავის საცხოვრებელ სახლში ჯანმრთელობა დაუზიანა2 მცირეწლოვანგერს და საკუთარ მცირეწლოვან შვილს. ფიზიკური დაზიანებების გამო ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ. როგორ იცავს სახელმწიფო ბავშვებს ძალადობისგან და სად ხდებიან ყველაზე ხშირად ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი?

სოციალური მუშაკის ნუნუ ქოროღლიშვილის სიტყვებით, ფიზიკური ძალადობის შედეგად საავადმყოფოში მოხვედრილი ბავშვების დედის განცხადებით, ოჯახს მატერიალურად უჭირს, მისი მეუღლე უმუშევარია და გაღიზიანებული იყო:

„დედამ თქვა, რომ არც ტელეფონი ჰქონდა და არც იმის საშუალება ჰქონდა, რომ გასულიყო და ვინმესთვის ეთქვა და, როგორც გაირკვა, არც თავად ჰქონდა სურვილი ვინმესთვის შეეტყობინებინა. ბავშვები სახელმწიფო მზრუნველობაში გადავლენ, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია იმ მექანიზმებზე ლაპარაკობს, რომლითაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვა ხორციელდება. სამ სამინისტროს - შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს - ევალება ბავშვთა დაცვის რეფერალური პროცედურების გატარება. ბავშვზე ძალადობის ფაქტის თაობაზე ნებისმიერ პირს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე, ნომრით 15 05. შეტყობინებაზე სოციალური მომსახურების სააგენტო მყისიერად რეაგირებს. ეთერ ცხაკაიას სიტყვებით, 2010 წლამდე ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოსავლენად მექანიზმი არ არსებობდა, სტატისტიკაც მხოლოდ ამ წლის შემდეგ იწარმოება და ბავშვზე ძალადობის სტატისტიკაც მზარდია:

„2010 წელს იყო 90, 2011 წელს - 141 შემთხვევა, 2012 წელს -208 შემთხვევა, 2013 წელს - 322 შემთხვევა, 2014 წელს - 362 და, დღეის მონაცემებით, არის 180 შემთხვევა, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მარტი-მაისის თვეებში ძალადობის 121 შემთხვევით მეტი შემოვიდა, ანუ სტატისტიკა მზარდია, სამწუხაროდ“.

საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლა, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, იმ არსებული სოციალური ნორმების შეცვლა, რომელიც ამბობს, რომ თუ შენ ჩაერევი, ხმას ამოიღებ და რეაგირებას მოახდენ, თუ მოწმე ხარ ძალადობისა, ეს იქნება სხვის საქმეებში ჩარევა, სამწუხაროდ, ეს არის მანკიერი სოციალური ნორმა, რომელიც ძალიან ფესვგადგმულია ჩვენს საზოგადოებაში...
მაია ქურციკიძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის ეთერ ცხაკაიას სიტყვებით, თუ საჭიროა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი გადაჰყავთ სახელმწიფო მზრუნველობაში - ეს შეიძლება იყოს გადაუდებელი მინდობითი აღზრდა ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოთავსება, ან ხდება მოძალადის სახლიდან განრიდება. ეთერ ცხაკაიას სიტყვებით, ყველაზე ხშირად ბავშვზე ძალადობას ოჯახში ვაწყდებით, მოძალადეთა უმეტესობა კი დედაა. ძალადობის ფორმებს შორის ფსიქოლოგიური ძალადობა და უგულებელყოფა ყველაზე ხშირად გვხვდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ კველევის თანახმად, საქართველოში საზოგადოების 45 % ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება“. საქართველოში საზოგადოების 30 % აცხადებს, რომ ბავშვობაში მათი მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები სხვისი ოჯახის საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ შესაბამისი დაწესებულებებისთვის ბავშვზე ძალადობის ფაქტის შეტყობინებასო. ამასთან, მაია ქურციკიძის თქმით, სახელმწიფო რეაგირებისა და დაცვის მექნიზმები მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს, მაგრამ ყველაზე დიდი სამუშაო საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლის თვალსაზრისითაა გასაწევი:

„საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლა, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა, იმ არსებული სოციალური ნორმების შეცვლა, რომელიც ამბობს, რომ თუ შენ ჩაერევი, ხმას ამოიღებ და რეაგირებას მოახდენ, თუ მოწმე ხარ ძალადობისა, ეს იქნება სხვის საქმეებში ჩარევა, სამწუხაროდ, ეს არის მანკიერი სოციალური ნორმა, რომელიც ძალიან ფესვგადგმულია ჩვენს საზოგადოებაში, ეს უნდა შეიცვალოს და განსაკუთრებით მშობლებმა და აღმზრდელებმა გააცნობიერონ, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები არის ძალიან ცუდი არა მარტო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის და მას აყენებს ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ ტრავმას, არამედ თვითონ ბავშვი ცდილობს ამ მეთოდების გამოყენებას სხვების მიმართ და ძალიან საშიშ შედეგებამდე მივდივართ“.

რადიო თავისუფლებამ მცირე გამოკითხვაც ჩაატარა თბილისის ქუჩებში იმის გასარკვევად, თუ რადენად მისაღებია საზოგადოებისათვის ბავშვის აღზრდის დროს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება. გამოკითხულთა უმრავლესობა ძალადობრივ ფორმებს ემიჯნება:

„საერთო ენა უნდა გამონახო ბავშვებთან“;

„ფიზიკური დასჯა, ალბათ, ძალიან ზედმეტია“.

„წამორტყმა ან მკაცრი ტონი, ან, მაგალითად, არ დაელაპარაკო, გაებუტო და აგრძნობინო, რომ მასზე გაბრაზებული ხარ, სანამ არ იგრძნობს თავის დანაშაულს“.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG