Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა დღე, ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიშის თანხლებით


 „მზის ფესტივალი“
„მზის ფესტივალი“

5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, განათლების უფლება, დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა თუ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობები - ეს და სხვა არაერთი მწვავე საკითხი შევიდა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ომბუდსმენმა 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გააცნო საზოგადოებას.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შემუშავდეს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კონკრეტულად ბავშვთა უფლებების დაცვას დაისახავს მიზნად. 1 ივნისს ბავშვთა ზრუნვის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და იუსტიციის სამინისტროებმაც წარმოადგინეს. თბილისში რამდენიმე საქველმოქმედო აქციაც გაიმართა, განახლებულმა „მზიურმა“ კი, ტრადიციულად, „მზის ფესტივალს“ უმასპინძლა.

იმ დროს, როდესაც დედაქალაქის მთავრობის პირველი პირები, პოლიტიკოსები და სამინისტროების ხელმძღვანელები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ პირველ ივნისს (ზოგი - საქველმოქმედო აქციით, ზოგი - ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის გახსნით თუ წარჩინენული მოსწავლეების დაჯილდოებით), ერთი მხრივ, სახალხო დამცველის აპარატი და, მეორე მხრივ, ოთხი სამინისტრო ერთად, პარალელურ რეჟიმში, ბავშვთა უფლებების შესახებ ანგარიშებს წარმოადგენდნენ. მთავრობა მიღწეულ წარმატებებზე ამახვილებდა ყურადღებას, ომბუდსმენი კი - შეუსრულებელ რეკომენდაციებზე. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, კვლავ დღის წესრიგში რჩება არაერთი გადაუჭრელი პრობლემა:

„მაგალითად, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრობლემა. პრევენციისთვის აუცილებელია გარკვეული ზომების გატარება, მათ შორის სპეციალური სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაც“.

სახალხო დამცველის ანგარიშის გაცნობა
სახალხო დამცველის ანგარიშის გაცნობა

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, მართალია, 2015 წელს საქართველოში 1 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე კვლავაც მკვეთრად აღემატება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს. თუ იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე ექვსი ბავშვია, საქართველოში ეს რიცხვი არის 12. რაც შეეხება სიკვდილიანობის მიზეზებს, სახალხო დამცველი ასახელებს ორსულთა პატრონაჟის სისტემას, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასა და პერინატალური მომსახურების ხარისხს, უკიდურეს სიღარიბეს თუ მშობელთა ცნობიერების დაბალ დონეს.

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს უწუნებს კოორდინაციას ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხითაც და ამბობს, რომ არაეფექტურია არსებული რეფერირების მექანიზმი. ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საკითხიც.

მაია გედევანიშვილი, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრს ხელმძღვანელობს, გვეუბნება, რომ სიძნელეები კანონის აღსრულებასა და იმ სოციალური პროგრამების გამართულად მუშაობას უკავშირდება, რომლებიც საქართველოში უკვე არსებობს. მისი განცხადებით, ყველაზე ნაკლებად დაცულ ჯგუფად ისევ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე და, ზოგადად, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები რჩებიან. მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. მაია გედევანიშვილს ვკითხეთ, ბოლო წლების განმავლობაში რა გააკეთა სახელმწიფომ ბავშვთა უფლებების დასაცავად და რა არის გასაკეთებელი დღეს:

„კანონით განისაზღვრა მიუსაფარი ბავშვის ცნება, სოციალურ მუშაკს მიენიჭა უფლება მოძალადისგან განაცალკევოს არასრულწლოვანი მსხვერპლი და ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, მაგრამ რაც შეეხება სოციალურ პროგრამებს, განსაკუთრებით, რეგიონებში, საჭიროა მათზე ძალიან ბევრი მუშაობა. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ცალკეული რაღაცები კი კეთდება, მაგრამ სისტემურად ცვლილებებს მაინც ვერ ვიღებთ“.

იმ რეფორმის მიზანი, რომელიც ჩატარდა და რომელიც მოიაზრებდა დიდი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ბავშვების გამოყვანას, იყო ის, რომ ბავშვის უფლება ყოფილიყო დაცული. რა აზრი აქვს მაშინ ამას, თუ ჩვენ გადავიყვანთ ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და იქ მისი უფლებები კვლავ უგულებელყოფილი იქნება...
ეკატერინე სანებლიძე

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მეხუთე თავში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ ვკითხულობთ, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და სავარაუდო მოძალადე არასრულწლოვანთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია არასათანადოდ ხორციელდება. სახალხო დამცველის ოფისში შესული საჩივრების 30 %-ში საუბარია საჯარო სკოლებში მოსწავლეების მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე, 20 % კი ბავშვთა მიმართ ფიზიკურ ძალადობას ეხება.

სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენას „ქორთიარდ მარიოტში“ ესწრებოდა იუნისეფის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანიც. მისი თქმით, დღეს საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო მინიმუმის ქვემოთ ცხოვრობს. საშა გრაუმანმა წელსაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და შეებრძოლოს ბავშვთა სიღარიბეს.

„ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ დამფუძნებელმა ეკატერინე სანებლიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დღეს არსებული პრობლემებიდან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და გვითხრა, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაფინანსება, დღეში 17-18 ლარი, საკმარისი არ არის. შესაბამისად, ნაკლებია რეფორმის შედეგიც:

„იმ რეფორმის მიზანი, რომელიც ჩატარდა და რომელიც მოიაზრებდა დიდი სახელმწიფო ინსტიტუციებიდან ბავშვების გამოყვანას, იყო ის, რომ ბავშვის უფლება ყოფილიყო დაცული. რა აზრი აქვს მაშინ ამას, თუ ჩვენ გადავიყვანთ ბავშვს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და იქ მისი უფლებები კვლავ უგულებელყოფილი იქნება და იქნება ამ დაფინანსების პირობებში, რადგან ამ თანხით უნდა დაიფაროს აღმზრდელის ხელფასი, საკვები, კომუნალური ხარჯი და ყველაფერი, რაც წარმოუდგენელია. ამ თანხით მხოლოდ საჭიროების 50-60 % თუ კმაყოფილდება. ანუ ეს, დაახლოებით, უტოლდება იმ მდგომარეობას, როგორიც იყო რეფორმის გატარებამდე და სწორედ ეს არის სავალალო“.

"მზის ფესტივალი"
"მზის ფესტივალი"

1 ივნისს ბავშვთა ზრუნვის შესახებ ანგარიში ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებმაც წარმოადგინეს. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი პროგრამა დააანონსა, რომლის მიხედვითაც 6 თვიდან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13 ათასამდე ბავშვი 15-კომპონენტიან ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებს:

„ვეცადეთ, რომ ოთხივე სამინისტროს ერთად წარმოგვედგინა მიმდინარე პროექტები და სიახლეები, რაც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, და, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად აისახება არა მხოლოდ ბავშვთა ჯანმრთელობაზე, არამედ, ზოგადად, მათი უფლებების დაცვაზე“.

განათლების სამინისტროს აქვს პრეტენზია, რომ ყველა პროექტი და პროგრამა, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს, ორიენტირებულია საყოველთაო მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობაზე. მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა 1 ივნისს განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო ცდილობს ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოზე. თუმცა მას პირველ ივნისსვე მოუხდა ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შეფასებაც - სკოლის შენობიდან ბათქაში ჩამოვარდა და სამი მოსწავლე დაშავდა.

ბავშვთა საერთაშორისო დღეს თბილისში დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შშმ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ბაკურიანში დასასვენებლად გაუშვეს, საჯარო სკოლების მოსწავლეებს საკრებულომ უმასპინძლა. ნაწილი მთაწმინდის პარკში წაიყვანეს. ზოოპარკში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა, ახალმა „მზიურმა“ კი ტრადიციულ „მზის ფესტივალს“ უმასპინძლა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG