Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ტრადიციის თანახმად, 21 იანვარს საჯარო ფიცს წარმოთქვამს აშშ-ის კაპიტოლიუმის კიბეებზე. ინაუგურაციამდე ბარაკ ობამამ თეთრ სახლში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის წინაშე უკვე წარმოთქვა პრეზიდენტის ფიცის სიტყვები. მოელიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ბარაკ ობამას ინაუგურაციას დაახლოებით 800 ათასი ადამიანი დაესწრება.

კვირას თეთრ სახლში პრეზიდენტის ფიცის დადების პირადული ცერემონია მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, რადგან საპრეზიდენტო ვადა 20 იანვრის შუადღეს ამოიწურა, მეორე ვადით პრეზიდენტად არჩეულმა ბარაკ ობამამ, კონსტიტუციის დაცვით, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის წინაშე წარმოთქვა საზეიმო ფიცის სიტყვები:

„მე, ბარაკ ჰუსეინ ობამა, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი შემწე!

ჯონ რობერტსი: გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!

ძალიან დიდი მადლობა, ბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ!“


პროტოკოლის თანახმად, დამსწრეთა წინაშე ბარაკ ობამა ფიცის ამ სიტყვებს ინაუგურაციაზე 21 იანვარსაც გაიმეორებს. მოელიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ბარაკ ობამას საზეიმო ფიცის დადებას ვაშინგტონში ორშაბათს დაახლოებით 800 ათასი ადამიანი დაესწრება. 2008 წელს ობამას პირველ ინაუგურაციას კი ორჯერ უფრო მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ინაუგურაციაზე ჰიმნს, რაც აშშ-ის ტრადიციაა, ცნობილი მომღერალი ბიონსე შეასრულებს, რომელმაც 2008 წლის ინაუგურაციის ბალზე სერენადა უმღერა ბარაკ ობამას.

ლათინური ამერიკის წარმომადგენლებისა და გეების პატივსაცემად, რომლებიც მხარს უჭერდნენ ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევას, ინაუგურაციაზე ლექსს წაიკითხავს 44 წლის გეი, კუბელი ემიგრანტი რიჩარდ ბლანკო.

თეთრი სახლის თანახმად, ფიცის მიღების შემდეგ ბარაკ ობამა წარმოთქვამს ოცწუთიან საზეიმო სიტყვას, რომელშიც აშშ-სა და ქვეყნის ტრადიციულ ფასეულობებზე, ასევე პრეზიდენტისეულ ზოგიერთ ინიციატივაზე გამახვილდება ყურადღება.

ინაუგურაციის შემდეგ კაპიტოლიუმში გაიმართება საზეიმო სადილი, შემდეგ კი პენსილვანიის მოედანზე, რომელიც 2.4 კილომეტრზეა გადაჭიმული კაპიტოლიუმიდან თეთრ სახლამდე, ტრადიციული სამხედრო აღლუმი შედგება. ინაუგურაციაზე უსაფრთხოების დასაცავად 100 სამართალდამცველია მობილიზებული, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული ვაშინგტონთან დამაკავშირებელ სახმელეთო, საჰაერო და სანაოსნო გზებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG