Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაიას პატიმრობა შეეფარდა


ბაჩანა ახალაია
ბაჩანა ახალაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბაჩანა ახალაია და მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვის ვადით აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატები ბაჩო ახალაიას განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნავთლუღის სპეცოპერაციაზე სისხლის სამართლის საქმის დასრულებისას ბაჩანა ახალაიასთან ერთად დამნაშავედ ცნო ასევე ბრალდებულები მეგის ქარდავა, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. მათგან ორს, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს, ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით 3 ახალგაზრდის - მურად გორგაძის, რომან სურმანიძისა და მარად ართმელაძის - მკვლელობა ედებათ ბრალად, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა კი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის ნომერ პირველ დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებულნი. ამას გარდა, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ იქნა ცნობილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნის გამო. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას 7 წლითა და 6 თვით, ხოლო ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდათ:

“ბაჩანა ახალაიას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით და საქართველოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. ბაჩანა ახალაიას სასჯელის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2014 წლის 22 ოქტომბრიდან. ბაჩანა ახალაიას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2013 წლის 26 ოქტომბრიდან 2014 წლის 24 ივლისის ჩათვლით.“

ჩემი ვალია, რომ გავასაჩივრო გადაწყვეტილება და იმაზე მეტად დავასაბუთებ სააპელაციო სასამართლოში, რომ იქ მაინც დადგეს ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა იყოს ობიექტურ სასამართლოში...
მალხაზ ველიჯანაშვილი

მთლიანობაში, ბაჩანა ახალაიას ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის მიხედვით ჰქონდა წარდგენილი - 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და 332-ე მუხლით. ეს მუხლები, შესაბამისად, ითვალისწინებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა წამება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ბრალდებული ბაჩანა ახალაია 22 ოქტომბერს 2 მუხლში დამნაშავედ ცნო, ერთში კი გაამართლა, კერძოდ, გაამართლა 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. შესაბამისად, პროკურორი გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებას აპირებს, რომელშიც ბაჩო ახალაია გამართლდა, ადვოკატი კი იმ ნაწილისას, რომელშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ ვინაიდან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკური მოტივით იქნა გამოტანილი:

“ჩემი ვალია, რომ გავასაჩივრო გადაწყვეტილება და იმაზე მეტად დავასაბუთებ სააპელაციო სასამართლოში, რომ იქ მაინც დადგეს ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა იყოს ობიექტურ სასამართლოში“.

დაცვის მხარესთან ერთად, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ ბაჩანა ახალაიას ოჯახის წევრები. მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი, კერძოდ, ამბობს, რომ, მიუხედავად ქართული სასამართლოსადმი უნდობლობისა, იგი განაჩენის ყველა ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს. შემდგომი ეტაპი კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო იქნება. წინასწარი პატიმრობის ვადების დარღვევის გამო, ბაჩანა ახალაიას ერთი საქმე უკვე ევროსასამართლოშია.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩანა ახალაია 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. მას შემდეგ სასამართლომ იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და უფლებამოსილების გადამეტების 4 სხვადასხვა საქმეში გაამართლა. გასული წლის ბოლოს ბაჩანა ახალაიას მსჯავრდებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე 3 წლითა და 9 თვით მიესაჯა პატიმრობა. 2013 წლის დასაწყისში იგი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. ბოლო ბრალდება რამდენიმე პირის წამების საქმეზე პროკურატურამ ბაჩო ახალაიას 2014 წლის 2 ივლისს წარუდგინა. ბაჩანა ახალაიას წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის საკითხზე მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციაში სპეციალური ჩანაწერიც გაჩნდა.

ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული - სინამდვილეში სრულიად უდანაშაულო - ადამიანები...
ნინო აღლემაშვილი

ეგრეთ წოდებული „ნავთლუღის საქმეზე“ კი, რომელშიც თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ბაჩანა ახალაიას, 7 წლითა და 6 თვით აღეკვეთა თავისუფლება, 22 ოქტომბერს განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა:

“2006 წლის 12 იანვარს ხელისუფლების იმჟამინდელმა წარმომადგენლებმა, ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა, გადაწყვიტეს სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცება და საყოველთაო შიშის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ მიზნით ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული - სინამდვილეში სრულიად უდანაშაულო - ადამიანები. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და, მისი შენიღბვის მიზნით, ბაჩანა ახალაიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება“.

პროკურორის თქმით, რუსთავის პირველი დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად 6 პატიმარი აწამეს.

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე ჩაიარა. სასამართლოს სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა თავად ბაჩანა ახალაია, რომელიც განაჩენს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ამ განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციის განეიტრალებას მისთვის პატიმრობის მისჯით ცდილობს. “ათეულობით ქართველი პატრიოტი სამარცხვინო ბრალდებებით მსჯავრდებულია და უმჯობესია, მათ რიგებში ვიყო”, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG