ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:11

პოლიტიკა / მსოფლიო

რატომ მიიჩნევენ საფაროვს აზერბაიჯანში გმირად

სომხეთში სტუდენტები აპროტესტებენ რამილ საფაროვის განთავისუფლებას ციხიდან.სომხეთში სტუდენტები აპროტესტებენ რამილ საფაროვის განთავისუფლებას ციხიდან.
x
სომხეთში სტუდენტები აპროტესტებენ რამილ საფაროვის განთავისუფლებას ციხიდან.
სომხეთში სტუდენტები აპროტესტებენ რამილ საფაროვის განთავისუფლებას ციხიდან.

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საერთაშორისო კრიტიკას, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ხვდა მკვლელი ოფიცრის, რამილ საფაროვის, შეწყალებისა და დაწინაურების გამო, თავისი შეშფოთება 6 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც შეუერთა. თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აზერბაიჯანის საზოგადოება თითქმის ერთსულოვნად უჭერს მხარს თავისი მთავრობის სადავო გადაწყვეტილებას, ხოლო ბევრი რამილ საფაროვს გმირადაც კი მიიჩნევს:

ქალი: „ვფიქრობ, ის არის გმირი, რადგან მან აზერბაიჯანელი ხალხის პატივი და ღირსება დაიცვა.“

მამაკაცი: „სომეხმა ოფიცერმა შეურაცხყო აზერბაიჯანის დროშა, ამიტომ მოკლა იგი საფაროვმა.“

დანაშაულში ბრალდებული აზერბაიჯანელი ოფიცერი სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ მან შური იძია სომეხ კოლეგაზე, რომელმაც აზერბაიჯანული დროშა საჯაროდ შეურაცხყო. თუმცა უნგრეთის სასამართლომ ბრალდებულის ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

31 აგვისტოს 35 წლის რამილ საფაროვი დაუყოვნებლივ შეიწყალა პრეზიდენტმა ალიევმა, ხოლო თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა მას მაიორის წოდება ვადამდე მიანიჭა და სამხედრო კარიერაში წარმატება უსურვა.

გასულ კვირაში აზერბაიჯანელი ოფიცრის უნგრეთიდან დაბრუნებამ უკიდურესად აღაშფოთა სომხეთი და ბევრი დამკვირვებელი განაცვიფრა იმ ხელგაშლილობამ, რომლითაც მკვლელობაში მსჯავრდებულ ოფიცერს აზერბაიჯანის ხელისუფლება დახვდა. 8 წლის წინ ახალგაზრდა ლეიტენანტმა მძინარე კოლეგა სასიკვდილოდ დაჭრა იმ ნაჯახით, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა. ინციდენტი 2004 წელს უნგრეთში ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მეცადინეობის დროს მოხდა.

კიდევ უფრო საინტერესოა ზოგიერთი ადგილობრივი გაზეთის შეფასება. ერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ საფაროვს „მთელი მუსლიმანური სამყაროს გმირი“ უწოდა, მეორეში კი გამოქვეყნდა სტატია აი, ამგვარი აზრის შემცველი სათაურით: “საფაროვის განთავისუფლება საზოგადოების ფსიქოლოგიურ განწყობას გააუმჯობესებს“.

ასეთი პათოლოგიური ანტისომხური განწყობის საფუძველს აზერბაიჯანელი პოლიტიკის ანალიტიკოსი ზარდუშტ ალიზადე მთიანი ყარაბაღის ომის მემკვიდრეობაში ხედავს, რასაც, ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლება პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს:

„აზერბაიჯანში მტრებად თვლიან არა მხოლოდ სომეხ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებსაც ჩვენი მიწები აქვთ ოკუპირებული; არა მხოლოდ სომეხ ტერორისტებს, რომლებიც ბრძოლაში დახოცეს. ასეთი მზაკვრულად შემუშავებული პროპაგანდის წყალობით, მტრად ითვლება ყველა სომეხი. ამიტომ კაცი, რომელმაც მძინარე სომეხი მოკლა, ავტომატურად განეკუთვნება გმირთა კატეგორიას.“

1988-94 წლებში აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიისათვის მიმდინარე ომში ორივე მხარემ ათიათასობით კაცი დაკარგა, ხოლო ასიათასობით ადამიანი დევნილად იქცა. მთიან ყარაბაღს, რომელიც აზერბაიჯანის 20 პროცენტს შეადგენს, მთლიანად ადგილობრივი სომხები აკონტროლებენ, რასაც აზერბაიჯანი დაუშვებლად მიიჩნევს. მკვლელი ოფიცრის შეწყალებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც აპირებს საკუთარი შეშფოთება 7 სექტემბერს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეხვედრაზეც გამოხატოს.

ამასთან, როცა საფაროვის საქმეზე საერთაშორისო რეაქციის შესახებ საუბრობენ, ბევრი აზერბაიჯანში იხსენებს იმასაც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ წაუყრუა წინა წლებში სომხეთის მიერ ასეთივე დამნაშავის შეწყალების ფაქტს.

2001 წელს სომხეთმა მეყსეულად შეიწყალა ვაროიან გარაბედიანი, სირიაში დაბადებული ექსტრემისტი, რომელმაც 1983 წელს საფრანგეთის აეროპორტში მოწყობილი აფეთქებით 8 კაცი მოკლა. გარაბედიანი 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ სომხეთში დაბრუნდა და პირდაპირ ერევნის აეროპორტშივე მიიღო შეწყალება.

თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, რამილ საფაროვის გადაწყვეტილებამ უკიდურესად აღაშფოთა სომხეთი. ვარაუდობენ, რომ სომხეთის პარლამენტი, პასუხად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რესპუბლიკას. მოვლენების ასეთი განვითარება კი ბევრს აფიქრებინებს, რომ ორი ქვეყანა შეიძლება კვლავ ომის გზას დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, როგორც გმირს ისე შეხვედროდა ლეიტენანტ რამილ საფაროვს, აკრიტიკებს სამხრეთ კავკასიის საქმეების ექსპერტი კარნეგის ფონდიდან ტომას დე ვაალიც, რომლის აზრითაც, ამ ნაბიჯმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს.

„სამწუხაროდ, ერთადერთი, ვინც ამით მოგებული დარჩა, ორივე მხარეს მყოფი რადიკალური ელემენტები არიან“, - წერს ტომას დე ვაალი ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სახაროვი
10.09.2012 11:01
ანონიმ! მადლობა ჯოჯოხეთიდან! ისე შენს ქვეყანას რაც გავუკეთე,გამიკვირდა კარგად რომ მომიხსენიე .რომ იცოდე,ჩემი „გადასახლება“ შენისთანების გასაგონად იყო,თორე მე დავალებით ვადგენდი ახალი ატომური ბომბის ნახაზებს...ეეჰ არ დამცალდა თორეე... :-)

ავტორი: kea
07.09.2012 14:09
როგორ აღშფოთდნენ სომხები და თურმე თვითონაც იგივე ჩაუდენიათ... ეხ, რა ეშველება ამდენ ავადმყოფურ სიძულვილს:((

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
07.09.2012 12:35
ასეთი სიძლვილით ეს ორი ერი ერთმანეთს ადრე თუ გვიან მაინც დასცხებს. ჩვენც შაუში მოვყვებით

ავტორი: ანონიმი
07.09.2012 11:40
ვიღაც კრეტინი ევროპელის შეცდომის გამო ვიღაც ოსის ოჯახი დაიღუპა. ის ოსი ჩავიდა ევროპაში მონახა ის კრეტინი ევროპელი და მოკლა. ის ოსი რუსეთ-ოსეთის გმირად გამოაცხადეს. ეხლა ეს. მოკლედ კარგ და პროგრესულ დროში მოგვიწია ცხოვრება. ბეჩავი აკადემიკოსი სახაროვი გადასახლებიდან, გორკიდან პირდაპირი ტელეფონით ანდროპოვს ესაუბრებოდა ხოლმე მაგრამ ამანაც ვერ უშველა საქმეს. აბა ამათ რა უშველის. არა უჭირს ამ პერესტროიკის მერე იფეთქებს იელოსტოუნის სუპერვულკანი და ყველაფერი ოკ იქნება.

ყველაზე პოპულარული