Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოსაგზაო პოლიტიკის ეკონომიკური მზომელი


ავტოსაგზაო შემთხვევა
ავტოსაგზაო შემთხვევა

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მხოლოდ თბილისში მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44 პროცენტით გაიზარდა. ამ ადამიანური ტრაგედიების უკან არანაკლები ეკონომიკური დანაკარგები იკვეთება.

20 მაისს „განათლების მულტიმედია ცენტრში“ გაიმართა კონფერენცია, რომელზეც თბილისის ურბანული განვითარების გამოწვევებზე იმსჯელეს. კონფერენცია თბილისის მერის დავით ნარმანიას, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელების, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის, არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო მსჯელობა ტრანსპორტის ორგანიზებისა და მასთან უშუალოდ დაკავშირებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე.

როგორც ცნობილია, საქართველო და, განსაკუთრებით, თბილისი ვერ დაიკვეხნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლებით. ამ მხრივ ვითარება წლითიწლობით მძიმდება, რაზეც უკანასკნელი ხანების სტატისტიკაც მიუთითებს. 2015 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანი შეადგინა, რაც 20 პროცენტით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. ასევე მაღალია დაშავებულთა რიცხვი, ის 9 000-ს აღემატება. წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი სტატისტიკა აღინიშნა თბილისში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44 პროცენტით გაიზარდა.

კონფერენცია თბილისის ურბანული დაგეგმარების, საგზაო უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო მოძრაობის საკითხებზე
კონფერენცია თბილისის ურბანული დაგეგმარების, საგზაო უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო მოძრაობის საკითხებზე

შექმნილ უარყოფით სურათს აქვს ასევე უარყოფითი ეკონომიკური მხარეც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა სამკურნალო და სადაზღვევო ხარჯები 10 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ ზარალი სრულად არის აღრიცხული. ეკატერინე ლალიაშვილი, "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ქვეყანას ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის სტატისტიკა საერთოდ არ გააჩნია:

“საერთაშორისო სტანდარტით დადგენილია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2 პროცენტი ხმარდება საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმების მკურნალობას, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ყოველთვიურ დახმარებას და კომპენსაციებს. ამიტომ ამ თანხებს ევროკავშირში პრევენციულ ღონისძიებებში აბანდებენ“.

ეკატერინე ლალიაშვილი
ეკატერინე ლალიაშვილი

ეკატერინე ლალიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში დაბალია როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების ინფორმირებულობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მიღებული ზარალის შესახებ. იგი იმ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აღწერს, რომელიც საგზაო ავარიების შედეგად დგება:

„ჩვენთან კატასტროფული მდგომარეობა არის იმის გამო, რომ არ ვითვლით ზარალს, არ ვიცით რამდენია ის. ეს მხოლოდ ეკონომიკის და ხელისუფლების ზარალი ხომ არ არის, ეს არის თითოეული ოჯახის ზარალი, რომელსაც მარჩენალი შეიძლება მოაკლდეს და თუ ავარიის შედეგად დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხდება, ოჯახს არა მარტო მარჩენალი აკლდება, არამედ უფრო მეტი ხარჯების გაწევა უწევს მკურნალობის უზრუნველყოფისთვის“.

ეკატერინე ლალიაშვილი აცხადებს, რომ ვითრების გამოსასწორებლად საჭიროა როგორც საზოგადოების მეტი ჩართულობა, ასევე ხელისუფლების მობილიზება, ჯერჯერობით კი ძირითადად მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები გროვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG