Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი პროკურორი გერმანელი მფრინავის „განზრახ დანაშაულზე“ ლაპარაკობს


ფრანგი პროკურორის ვარაუდით, კომპანია „ჯერმანუინგზის“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ერთ-ერთი მფრინავი, როგორც ჩანს, დაინტერესებული იყო თვითმფრინავის განადგურებით. 24 მარტს ალპებში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა და დაიღუპა 150 ადამიანი.

მარსელის პროკურორის ბრიუს რობენის თანახმად, თვითმფრინავის თვითჩამწერი მოწყობილობის ხმოვანი მასალის გაშიფვრამ ცხადყო, რომ აერობუს А320-ის ერთ-ერთმა მფრინავმა კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე შეგნებულად დააჭირა ხელი ღილაკს და სამგზავრო თვითმფრინავს სიმაღლე დააკარგვინა, მანამდე კი 28 წლის ანდრეას ლიუბიცმა კაბინის კარი ჩაურაზა ხომალდის კაპიტანს.

„როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, ყველაზე უფრო რეალისტური ჩანს ის მოსაზრება, რომ ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც საკუთარი ნება-სურვილით მოქმედებდა, უარი განაცხადა, გაეღო კაბინის კარი თვითმფრინავის კაპიტნისათვის და ხელი დააჭირა ღილაკს, რითაც თვითმფრინავს სიმაღლე დააკარგვინა“.

ფრანგმა პროკურორმა დასძინა, რომ ლიუბიცი ავიაკატასტროფის ბოლო მომენტამდე ცოცხალი იყო, რასაც აშკარად ცხადყოფს შავი ყუთის ჩანაწერი, რომელშიც მფრინავის სუნთქვა ისმის. ამასთან, ბრიუს რობენს, ფრანგ პროკურორს, ჟურნალისტებმა მფრინავის წარმოშობაზეც დაუსვეს შეკითხვა:

„მე არ ვიცი, თუ რა ეთნიკური წარმომავლობისა იყო ეს მფრინავი. იგი იყო გერმანიის მოქალაქე და არ შედიოდა ტერორისტთა სიაში, თუ თქვენი შეკითხვა ამას გულისხმობს. ნამდვილად არა“.

25 მარტს საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ლიდერები ჩავიდნენ საფრანგეთში, ალპებში, იმ ადგილის მოსანახულებლად, სადაც 24 მარტს კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია „ჯერმანუინგზის“ სამგზავრო თვითმფრინავმა და დაიღუპა 150 ადამიანი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG