Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტრიდ ლინდგრენის ვარსკვლავი


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ასტრიდ ლინდგრენის ორი ახალი წიგნის - ”კალე ბლუმკვისტი და რასმუსის'' და „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ - ქართული თარგმანების პრეზენტაცია ყველა დროის უდიდესი შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს, 14 ნოემბერს, დაამთხვია. წელს ასტრიდ ლინდგრენის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა. ის ათი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მის დაბადების დღეს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ როგორც მის სამშობლოში, შვედეთში, ისე ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც მისი წიგნები დღემდე იბეჭდება.

გახსოვთ პეპი გრძელიწინდას სიმღერა ამავე სახელწოდების შვედური ფილმიდან? ჭორფლიანი და ჟღალთმიანი პეპი, უცნაური კიკინებით და სხვადასხვა ფერის წინდებით, ცხენზე შემომჯდარა და მოიმღერის. ეს არც მეტი, არც ნაკლები, მისი ცხენია. ის მხოლოდ ცხრა წლისაა, სულ მარტო ცხოვრობს ვილა ”ყიყლიყოში” და ათასნაირი თავგადასავლები გადახდება ხოლმე თავს... - რომელ ბავშვს არ მოუნდებოდა ასეთი ცხოვრება?! ეს ის პეპია, რომლის წიგნად შეკრულმა ამბებმა ასტრიდ ლინდგრენის - იმავე ასტრიდ ანა ემილია ერიქსონის - ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ასტრიდი მსოფლიოს ყველა ბავშვს შეუყვარდა. მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ერთ საღამოს ასტრიდს მისმა გოგონამ, კარინმა სთხოვა, პეპი გრძელიწინდას შესახებ მიამბეო, პეპის სახელიც სწორედ მან გამოიგონა. მაგრამ ყველაფერი თურმე მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ თოვლიან ზამთარს ასტრიდი სტოკჰოლმის ქუჩაში დაეცა, ფეხი იტკინა და ექიმმა წოლითი რეჟიმი ურჩია. მის მიერ შეთხზული ზეპირი ამბების ფურცელზე გადატანაც მაშინ დაიწყო. „პეპის“ ”ბულერბიელი ბავშვები” მოჰყვა, მერე გამომძიებელ კალე ბლუმკვისტის თავგადასავლები, „მიო, ჩემო მიო“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“, „ლიონებერგელი ემილი“ თუ „ყაჩაღის ასული რონია“...

საქართველოში ლინდგრენის წიგნები დღემდე გამოდის. კალე ბლუმკვისტის თავგადასავლების მესამე ნაწილი და „აურზაურის ქუჩაზე მცხოვრები ლოტას“ ამბები ქართულად სულ ახლახან, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. თავად ბაკურ სულაკაურის და ლინდგრენის სიყვარული კი ასე დაწყებულა:

”მოგიყვებით, როგორ წავიკითხე ”კარლსონი”. სკოლაში, მერხში, შემთხვევით ვიპოვე ეს წიგნი. როგორც ჩანს, ვიღაცას დარჩა. ძალიან პატარა ვიყავი, დავიწყე კითხვა და კინაღამ გავგიჟდი... მას შემდეგ პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე, ახლაც კი. ისე კი, შვედებს არ უყვართ იმის თქმა, რომ ეს ნაწარმოები მოსწონთ. რეალურადაც არ მოსწონთ, რადგან ეს არის პერსონაჟი, რომელიც ყოველგვარ წესრიგს ეწინააღმდეგება, წესრიგი კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის შვედეთში”.
ბავშვები საოცრად ადვილად ახერხებენ იდენტიფიცირებას გმირთან და თითქოს მის კანში გადადიან. თვითონ გრძნობენ თავს მთავარი გმირის ადგილას ...
ბაკურ სულაკაური

რატომ უყვართ ბავშვებს ეს უცნაური კაცუნა, არცთუ ისე დადებითი თვისებებით, ბაკურ სულაკაურს ეს დღემდე ვერ აუხსნია. სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რა იზიდავთ პატარებს ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებაში:

”ბავშვები საოცრად ადვილად ახერხებენ იდენტიფიცირებას გმირთან და თითქოს მის კანში გადადიან. თვითონ გრძნობენ თავს მთავარი გმირის ადგილას და, შესაბამისად, ყველა ის არაჩვეულებრივი თავგადასავალი, რაც იქ ხდება, ჰგონიათ, რომ მათ გადახდათ და ამ სამყაროში კიდევ და კიდევ სურთ შესვლა”.

14 ნოემბერს ლინდგრენის ორი ახალი წიგნის პრეზენტაციაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში, ალბათ, ორასამდე ბავშვმა მაინც მოიყარა თავი. თან ყველას უნდოდა თითო სიტყვის თქმა - ვის რომელი გმირი უყვარდა და რატომ:

”პეპი ხომ მარტო ცხოვრობს და მაინც სულ კარგ ხასიათზეა, მარტო ცხოვრობს, მომწონს”.
”თან ჩემნაირი ჭორფლები აქვს”.
”რონია! ყაჩაღის ასული, ისეთი საინტერესოა!”
”ერთხელ ჩემი და იყო პეპის როლში, სხვადასხვა ფერის წინდა ეცვა და მას მერე მიყვარს”.
”მე კიდევ კარლსონი, ეგეთი ვინმე ჩემთანაც რომ მოფრინდებოდეს”...


”ლოტა ჩემი საყვარელი გმირია. მომწონდა მისი ცხოვრების სტილი. ალბათ, მეც ასე მინდოდა მეცხოვრა. და პეპი გრძელიწინდაც, - ის ისეთი დამოუკიდებელი და ძლიერი იყო! - გვითხრა შვედეთის ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ:

”მიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენი ათი წლის წინ გარდაიცვალა, ის ისევ განაგრძობს სიცოცხლეს. ამის დასტურია თუნდაც დღევანდელი დღე - მისი წიგნები ისევ ითარგმნება და გამოიცემა... მხოლოდ მისი ნაწარმოებების გმირებიდან არ მოდის ეს უცნაური სითბო. თვითონაც, როგორც ადამიანი, განსაკუთრებული იყო - ეს ჩანდა ბავშვებთან მის ურთიერთობაშიც. ის იმ მცირერიცხოვან ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, ვინც განურჩევლად ყველას უყვარს”.

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს მისი წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით იყიდებოდა გამომცემლობა ”დიოგენეს” მაღაზიაშიც. ლინდგრენის სხვა წიგნებთან ერთად „პეპი“ და „კარლსონი“ სწორედ ”დიოგენემ” გამოსცა. ”დიოგენეს” წიგნების რედაქტორი ანა ჭაბაშვილი იხსენებს, რომ მის ბავშვობაში ლინდგრენი ჯერ კიდევ არ იყო ქართულად ნათარგმნი, ამიტომ პირველი წიგნები - ”მაწანწალა რასმუსი” და „კალე ბლუმკვისტი“ - რუსულად უფროს კლასებში წაიკითხა:
ამ გმირებში ბევრი რამაა მიუღწეველი - მაგალითად, პეპი თავისთვის, ცალკე ცხოვრობს, ოღონდ თან ფულიც აქვს, - ეს თავისუფლება და უცნაური იუმორით გადმოცემული თავგადასავლები ...
აბა ჭაბაშვილი

”პეპი და კარლსონი ცოტა მერე გავიცანი, კინოფილმებით, და, რა თქმა უნდა, წავიკითხე, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოვიდა ცოტა მოგვიანებით, როცა უკვე შვილები მყავდა და მათ ვუკითხავდი, თუმცა უკვე უფროსის თვალით, მაგრამ ვხედავდი ჩემი შვილების რეაქციებს და ეს მართლა საოცარი რამ იყო... მერე სულ ამ გმირების ციტირებასაც ახდენდნენ. ერთხელ, მახსოვს, სახლი იყო დასალაგებელი და დავცქერი გაოგნებული სახით და ვფიქრობ, საიდან დავიწყო-მეთქი და ხმამაღლაც ვთქვი ეს და უცებ ნიკო მპასუხობს ერთ-ერთი ციტატით: ‘რა თქმა უნდა, კაკლის ნაჭუჭებიდან, სულელო...’ ”

ძნელად თუ ვიპოვით მწერალს ასეთი ამოუწურავი ფანტაზიით, გვეუბნება ანა ჭაბაშვილი და თავის აზრსაც გვიზიარებს, თუ რატომ უყვარდებათ ასე ერთგულად პატარებს ლინდგრენის გმირები:

”ამ გმირებში ბევრი რამაა მიუღწეველი - მაგალითად, პეპი თავისთვის, ცალკე ცხოვრობს, ოღონდ თან ფულიც აქვს, - ეს თავისუფლება და უცნაური იუმორით გადმოცემული თავგადასავლები”...

”კარლსონთან” დაკავშირებულ ერთ ამბავს იხსენებს საბავშვო მწერალი სანდრო ასათიანიც, რომელიც თეა თოფურიასთან ერთად წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა წარდგენილი:

”ერთხელ შვედებთან ვსაუბრობდი და მკითხეს, მართალიაო, რომ თქვენთვის კარლსონი კარგი ტიპიაო? ვუთხარი, კი, კეთილია-მეთქი, და მათ თქვეს, არადა, ჩვენ ბავშვობაში კარლსონით გვაშინებდნენ, მოვა და კანფეტებს წაგართმევსო... შეიძლება მოგატყუოს, გაგაცუროს... მერე რომ დავფიქრდი, რასაც ის აკეთებს, მთლად კარგი ვინმე არ გამოდის”...

სანდრო ამბობს, რომ ასტრიდ ლინდგრენი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არასოდეს დიდობს და დიდებივით ბავშვებს ჭკუას არ არიგებს.

ასტრიდ ლინდგრენმა 40-ზე მეტი საბავშვო წიგნი დაწერა, მისი წიგნები მსოფლიოს 80 ენაზე თარგმნეს. მათ მიხედვით არაერთი მხატვრული თუ მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღეს. ეს გმირები დღესაც ცოცხლობენ სტოკჰოლმის შემოგარენში გაშენებულ “ასტრიდ ლინდგრენის პარკში”. 2001 წელს სტოკჰოლმში მისი სახელობის მუზეუმიც დაარსდა - ეს დედამიწაზე. ცაში, თუ კარგად დააკვირდებით, შეიძლება მოძებნოთ ვარსკვლავიც, რომელსაც მისი სახელი ჰქვია - ასტრიდ ლინდგრენი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG