Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აწუხებს ლიტვას „ბრექსიტის“ პერსპექტივა


„ბრექსიტის“, ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის, პერსპექტივა შეშფოთებას იწვევს ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსადმი ტრადიციულად მეგობრულად განწყობილლიტვაში. იქ შიშობენ, რომ ბრიტანეთის გასვლასთან ერთად ევროკავშირს მოაკლდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების აქტიური მხარდამჭერი ქვეყანა.

ლიტვას სურს შენარჩუნდეს ის, რაც ჯერ არ განადგურებულა, ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელია, უთხრა ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლინას ლინკევიჩუსმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, როცა საუბრობდა ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგზე - „ბრექსიტის“ მხარდაჭერაზე. ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შიშობს, რომ ლონდონის გარეშე ევროკავშირში შესუსტდება რუსეთთან ურთიერთობაში პრინციპული პოზიციის მხარდაჭერა. ამ ვარაუდს ეთანხმება ლიტველი ევროპარლამენტარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, პეტრას აუსტრევიჩუსი.

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო სანდო და ძალიან სტაბილური პოზიციის მქონე პარტნიორი რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრისას. გაერთიანებული სამეფო მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ წევრ სახელმწიფოდ ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკურ კურსზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამიტომ არის, რომ გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელობის ნებისმიერი შესუსტება გავლენას მოახდენდა - და ძირითადად უარყოფით გავლენას - რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაზე“, - უთხრა ევროპარლამენტის ლიტველმა წევრმა ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს, სატელეფონო საუბრისას.

„ჩემი აზრით, რუსეთი ძალიან იყო დაინტერესებული „ბრექსიტის“ ხილვით. ახლა აღმოვჩნდით რეალობაში, რომელიც ძალიან სამწუხაროადა ეს დიდ სიხარულს იწვევს კრემლში. ზოგადად, „ბრექსიტი“ ნაკლებად ეფექტიანს გახდის რუსეთთან მიმართებით ევროკავშირის პოლიტიკას“, - შიშობს ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუსტრევიჩუსი. მას 24 ივნისს ესაუბრა ჩვენი კორესპონდენტი, ანუ იმ დღეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ამომრჩევლების უმრავლესობა ევროკავშირიდან გასვლას მიემხრო.

სამი დღის შემდეგ კი, 27 ივნისს, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა ბალტიისპირელ და სკანდინავიელ კოლეგებს, რომლებიც იზიარებენ მის მოსაზრებას: ცივილიზებულად უნდა წარიმართოს პროცესი ბრიტანეთთან ახლებური ურთიერთობის დასამყარებლად. ლიტველმა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოსტრატეგიულ მოკავშირედ მოიხსენია, ხოლო ლიტველმა ევროპარლამენტარმა ყურადღება გაამახვილა ლონდონის განსაკუთრებულ როლზე შეერეთებულ შტატებთან ევროკავშირის ურთიერთობაში.

„ევროკავშირი იყო რუსეთთან მიმართებით დასავლეთის პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი რგოლი, ხოლო გაერთიანებული სამეფო - ხიდი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამიტომ, ხიდის ერთ მხარეს გაერთიანებული სამეფოს დაკარგვის შედეგად, შესაძლოა რუსეთის მიმართ პოლიტიკა ნაკლებად იყოს ტრანსატლანტიკურ სოლიდარობასა და ერთსულოვნებაზე დაფუძნებული“, - ამბობს ევროპარლამენტის ლიტველი წევრი.

ვილნიუსი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ზომების მალე მიღებას ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასასვლელად, ანუ იზიარებს გერმანიის პოზიციას, ფრთხილ მიდგომას „ბრექსიტის“ საკითხში, განსხვავებით საფრანგეთისა და იტალიისაგან, რომლებიც სწრაფ „ბრექსიტს“ ემხრობიან.

რა ბედი ელის ასეთ ვითარებაში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობას, პროექტს, რომელშიც, როგორც ცნობილია, საქართველოც არის ჩართული? „როცა საქმე (ევროკავშირის) გაფართოებას ეხება, არა მგონია, „ბრექსიტის“ ფენომენმა, მთლიანობაში, შეამციროს ევროკავშირის მიმზიდველობა. ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და ვფიქრობ, რომ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ცხადყოფს, რომ არ შემცირდება ევროკავშირის გაფართოების მიმზიდველობა“, - უთხრა ჩვენს კორესპონდენტს ლიტველმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG