Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სწავლობს ქართველი სამხედროების საქმეს


ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიაში გამგზავრების წინ
ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიაში გამგზავრების წინ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეხვდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ჯგუფის გამოძიების საგანია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის მიერ წელს, იანვარში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რამდენიმე არასრულწოვანმა ბრალი სექსუალურ ექსპლუატაციაში დასდო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიის მონაწილე ფრანგ და ქართველ სამხედროებს. ბრალდების გამოსაძიებლად საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივნისის დასაწყისში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ბანგიში შეხვდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს გრისლენ გეზენგეს, რომელიც დახმარებას და სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ადგილზე ჩატარებით დაინტერესდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ტექნიკური დეტალები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა წარიმართება სავარაუდო დაზარალებულების გამოკითხვით, ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით. საგამოძიებო ჯგუფის წევრები ბანგიში შეხვდნენ ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც და შეთანხმდნენ, რომ სავარაუდო დაზარალებულების დაკითხვა ჩატარდება ბავშვთა უფლებების სრული დაცვით და საერთაშორისო სამართლის ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმა გააცნეს ბანგიში, გაეროს მისიის წარმომადგენლებსაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება გაეროს მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სავარაუდო დაზარალებულების კანონიერი ინტერესები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG