Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფილოსოფოსი ანდრე გლუკსმანი


ანდრე გლუკსმანი
ანდრე გლუკსმანი

პარიზში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ანდრე გლუკსმანი - ახალგაზრდობაში რადიკალი მემარცხენე, მაოისტი, რომელმაც შემდგომში, კომუნიზმის მძიმე დანაშაულების გამო, შეიცვალა პოლიტიკური ორიენტაცია და მემარჯვენე გახდა.

პოლიტიკური მოაზროვნე საჯარო ასპარეზზე ცნობილი გახდა 1970-იან წლებში, ბერნარ ანრი-ლევისთან ერთად. ისინი წარმოადგენდნენ საფრანგეთის „ახალ ფილოსოფოსებად“ წოდებულ ჯგუფს - იმ მოაზროვნეებს, რომლებმაც გაწყვიტეს მარქსიზმთან კავშირი მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ახალგაზრდობის მასობრივმა საპროტესტო აქციებმა ქვეყანა რევოლუციის პირას მიიყვანა 1968 წელს.

მამის სიკვდილის გამო მისმა ვაჟმა, რაფაელ გლუკსმანმა, „ფეისბუქით“ განაცხადა: „აღარ არის ჩემი პირველი და საუკეთესო მეგობარიო“. გარდაცვლილი ფილოსოფოსის ვაჟს, რაფაელს, საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს - უწინ ის პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი იყო. რაფაელ გლუკსმანის მეუღლე ეკატერინე ზღულაძეა, რომელიც საქართველოს წინა მთავრობაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, ამჟამად კი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება და პერსპექტივები თავად ანდრე გლუკსმანსაც აინტერესებდა - დასავლეთის ლიდერებსა და ინტელექტუალებთან ერთად მან არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს დასავლურ მომავალს და მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებები, საგაზეთო პუბლიკაციების ფორმით. ერთ-ერთი ასეთი წერილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც გამოქვეყნდა.

თავის დროზე ანდრე გლუკსმანზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა რუსმა დისიდენტმა, ალექსანდრ სოლჟენიცინმა - მისმა ტექსტმა „არქიპელაგი გულაგი“. ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ გლუკსმანმა 1975 წელს დაწერა წიგნი, სახელწოდებით „მზარეული და კანიბალი“, რომელშიც დაგმო საბჭოთა ტოტალიტარიზმი. ამ წიგნით დაიწყო ღრმა განხეთქილება მასსა და მემარცხენე ეგზისტენციალისტ ინტელექტუალებს შორის, რომლებსაც სათავეში ჟან-პოლ სარტრი ედგა.

გლუკსმანის მშობლები აღმოსავლეთევროპელი ებრაელები იყვნენ. ისინი პალესტინასა და გერმანიაში ცხოვრობდნენ, სანამ 1937 წელს საფრანგეთს შეაფარებდნენ თავს. გლუკსმანი სწორედ აქ დაიბადაამავე წელს. ფილოსოფოსმა 2006 წელს გამოსულ წიგნში, „ბავშვის რისხვა“, გაიხსენა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში ებრაელ ბავშვად ყოფნის ტრავმული გამოცდილება.

მას ბევრი სტატია თუ ესე აქვს დაწერილი, რომლებშიც მხარს უჭერსშეიარაღებულ კონფლიქტებში ინტერვენციას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით. გლუკსმანი ხშირად აკრიტიკებდა დასავლეთს - ის თვლიდა, რომ დასავლეთი თვალს ხუჭავს მსოფლიოში არსებულ და ფართოდ გავრცელებულ ბოროტებაზე.

გლუკსმანი მხარს უჭერდა აშშ-ის ხელმძღვანელობით შეჭრას ერაყსა და ავღანეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა ჩეჩნების ლობისტად, მაშინ როცა მათ რუსეთის მთავრობასთან ჰქონდათ ომი. გლუკსმანი ევროპელ პოლიტიკოსებს აფრთხილებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკის გატარება კარგს არაფერს მოიტანს.

2008 წელს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, გლუკსმანმა ასე შეაფასა ის ფენომენი, რომელსაც თავად „პუტინის დოქტრინას“ უწოდებდა: "საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ, რას ამბობს ბატონი პუტინი. ის ზოგჯერ ძალიან გულახდილად ლაპარაკობს და გვიმხელს თავის აზრებს. 2005 წელს მან საჯაროდ თქვა, რომ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დაშლა1991 წელს. ეს უფრო დიდი იყო, ვიდრე პირველი მსოფლიო ომი, რომელსაც 10 მილიონი ევროპელი ემსხვერპლა? უფრო დიდი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მილიონი სიცოცხლე შეიწირა? უფრო დიდი, ვიდრე ოსვენციმი, ჰიროსიმა, გულაგი? ეს პუტინის მთელ პოლიტიკას ხსნის - მის სურვილს, რაც შეიძლება მძლავრად დააფუძნოს ჰეგემონიური ძალაუფლება რუსეთში, ისევე როგორც ახლო სამეზობლოში და საბჭოთა იმპერიის ყოფილ პროვინციებში“.

„უპასუხისმგებლობა და გულმავიწყობა ახალი კატასტროფების პირობებს ქმნის როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაშიო“, - ამბობდა ანდრე გლუკსმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG