Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიას შეწირული ბავშვების მხარდამჭერი აქცია


ბავშვები დევნილთა ბანაკში
ბავშვები დევნილთა ბანაკში

კვირას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სოლიდარობის აქციები გაიმართება ასირიელი ქრისტიანების მხარდასაჭერად. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს ტერიტორიაზე შეიფარონ ასირიელი ოჯახები და ბავშვები.

„სოლიდარობა ასირიელ ქრისტიანებს“ - ამ გზავნილით აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, 19 აპრილს გაიმართება. სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქციის შესახებ ინფორმაცია 15 აპრილს გავრცელდა. მომდევნო დღეს აქციაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა, რაც ამ გზით დაგეგმილ აქციებზე დასწრების მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობაა. ასეთი აქტიურობა მოულოდნელი აღმოჩნდა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლიზა გეგეჭკორისთვის, რომელიც ამბობს, რომ კვირას დაგეგმილი აქცია თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური თუ რელიგიური სარჩულისგან:

„ეს არის სამოქალაქო თანადგომა. ჩვენი აქციის სლოგანია „ადამიანი ადამიანისათვის“. ეს მართლაც შთამბეჭდავი შედეგი იყო, როდესაც დავინახეთ, თუ რაოდენ ერთსულოვნები ვართ და როგორ გვტკივა ის, რაც ასირიელების თავს ხდება“, - ამბობს ლიზა გეგეჭკორი.

არ აქვს მნიშვნელობა რელიგიურ მრწამსსა თუ პოლიტიკურ შეხედულებას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც მსოფლიომ უნდა იზრუნოს, ამბობს აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნინო ლაბარტყავა:

აჭარაში, გარდა ქრისტიანებისა, ამ აქციას დაესწრებიან მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც გმობენ ასეთ ბრძოლას, ბავშვების ხოცვას და ქრისტიანებზე ასეთ თავდასხმებს.
ლაშა ადამია

„თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ თუკი არის ამის შესაძლებლობა, რაღაცნაირად შევიფაროთ ასირიელი ქრისტიანების მცირე ნაწილი მაინც, რომ გადავარჩინოთ ისინი. პირადად მე მზად ვარ, რომ ერთი ასირიელი ბავშვი წავიყვანო სახლში და გავზარდო როგორც საკუთარი შვილი“.

თბილისში დაგეგმილ ასირიელი ქრისტიანების მხარდასაჭერ აქციას უერთდებიან საქართველოს სხვა ქალაქები, მათ შორის - თელავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. ბათუმში აქციის ორგანიზატორი ლაშა ადამია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 19 აპრილს ერას მოედანზე შეიკრიბება როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი მოსახლეობა.

„აჭარაში, გარდა ქრისტიანებისა, ამ აქციას დაესწრებიან მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც გმობენ ასეთ ბრძოლას, ბავშვების ხოცვას და ქრისტიანებზე ასეთ თავდასხმებს“, - ამბობს ლაშა ადამია.

ბავშვების მასობრივი ხოცვა, გაუპატიურება თუ დევნა - ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაწყებული ტრაგედია არაა. 2011 წლიდან მოყოლებული, როცა სირიის კრიზისი დაიწყო, დღემდე, გაეროს ოფიციალური მონაცემებით, 8 ათასზე მეტი მოზარდი და ბავშვია მკვდარი. მსგავს მონაცემებს ავრცელებს სირიაში მოკლული ბავშვების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children.

„მახსოვს, ყველაფერი კარგად იყო - უფრო ლამაზი, უფრო მშვენიერი, მაგრამ როცა ომი დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა, ამინდიც კი გაფუჭდა“.

„ვსაუზმობდით, ბომბი რომ აფეთქდა. გარეთ გავიქეცით, გვინდოდა გვენახა რა მოხდა. ბომბი ჩემი მეგობრის სახლს დაეცა. კიდევ კარგი, ჩემი მეგობარი გადარჩა. მის გამო ძალიან შევშინდი. ის რომ მომკვდარიყო, აღარავინ დარჩებოდა გარშემო, ვისთან თამაშსაც შევძლებდი“.

სამოქალაქო საზოგადოებას თითოეულ ქვეყანაშუ ზუსტად ეს ფუნქცია აქვს, რომ აიმაღლოს ხმა, უბიძგოს ოფიციალურ სტრუქტურებს მოქმედებისკენ და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ, მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ამბავი და სად იხოცებიან ბავშვები...
ანა არგანაშვილი

ეს არის ამონარიდები „იუნისეფის“ მიერ 2013 წელს სირიელ ლტოლვილთა ბანაკში გადაღებული ფილმიდან, რომელშივ ბავშვები ომის ამბებს ჰყვებიან. სიტუაცია სირიასა და ერაყში მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს შექმნილმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, ქრისტიანი მოსახლეობის მასობრივი დევნა და ხოცვა დაიწყო. ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად, 2014 წელს, „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმების შედეგად, 3 500 ბავშვი მოკვდა. მათ შორის არიან ასირიელი ქრისტიანი ბავშვებიც.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის თქმით, ომის დროს ბავშვების ხოცვას და მათ წინააღმდეგ ძალადობას მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ. ის ამგვარ სიტუაციაში სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„სამოქალაქო საზოგადოებას თითოეულ ქვეყანაშუ ზუსტად ეს ფუნქცია აქვს, რომ აიმაღლოს ხმა, უბიძგოს ოფიციალურ სტრუქტურებს მოქმედებისკენ და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, რომ, მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ამბავი და სად იხოცებიან ბავშვები, ეს არის ჩვენი, თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში, როგორც მსოფლიოს მოქალაქის, პრობლემა“.

ის აქცია, რომელიც დაიგეგმა კვირას, მიუთითებს, რომ ქრისტიანი ბავშვების დახოცვის გამო ვიკრიბებით. ეს, ცხადია, არალოგიკურია, რადგან ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაყო ბავშვები რელიგიების მიხედვით და, თან, მით უმეტეს, იმ რეგიიონში, სადაც ძალიან რთულია დაითვალო რამდენი ქრისტიანი მოკვდა და რამდენი მუსლიმი მიჰყვა თან...
თუთა ჩხეიძე

სამოქალაქო აქტივისტი თუთა ჩხეიძე ფიქრობს, რომ სამოქალაქი აქტივიზმმა და ამ პროცესში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აქტიურმა ჩაბმამ შესაძლოა ბიძგი მისცეს პოლიტიკოსებს უფრო მეტი გააკეთონ იმ საზარელი ქმედებების აღსაკვეთად, რაც დღეს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ხდება. ამასთან, თუთა ჩხეიძე თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციის ერთ ნაკლსაც აღნიშნავს:

„ის აქცია, რომელიც დაიგეგმა კვირას, მიუთითებს, რომ ქრისტიანი ბავშვების დახოცვის გამო ვიკრიბებით. ეს, ცხადია, არალოგიკურია, რადგან ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაყო ბავშვები რელიგიების მიხედვით და, თან, მით უმეტეს, იმ რეგიიონში, სადაც ძალიან რთულია დაითვალო რამდენი ქრისტიანი მოკვდა და რამდენი მუსლიმი მიჰყვა თან. ამიტომ განურჩევლად იმისა, თუ რა რელიგიურ ჯგუფს განეკუთვნებიან ადამიანები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ ერთნაირად დავუდგეთ გვერდში“.

14 აპრილს, დილით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, სახელწოდებით „საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები“. დღეის მონაცემებით, პეტიციას 7 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება. პეტიციის ხელმომწერნი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ შეიფაროს ასირიელი ოჯახები საქართველოს ტერიტორიაზე.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი კოკაიას თქმით, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს თავშესაფრის თხოვნით ერაყიდან ლტოლვილმა 2 114-მა პირმა მიმართა. ლტოლვილის სტატუსი 77-ს მიენიჭა, ჰუმანიტარული -217-ს. ამჟამად თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია 355 პირი, 333-მა სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო. რაც შეეხება სირიას, ამავე პერიოდში საქართველოს სირიის 167-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან ლტოლვილის სტატუსი ხუთს, ჰუმანიტარული კი 62 პირს მიენიჭა. დღესდღეობით განიხილება 31 საქმე, 51 საქმე შეწყდა იმის გამო, რომ განმცხადებელმა ქვეყანა დატოვა, ხოლო 18 პირს სტატუსზე უარი ეთქვა.

16 აპრილს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასირიელი ბავშვები იშვილოს, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძისა და საქართველოში მცხოვრები ასირიელების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი: "ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, რაღაც ნაწილი, თუნდაც ბავშვების, მიიღოს, რასაც მოჰყვება უკვე სხვა ქმედებები, რადგან სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, იშვილონ ეს ბავშვები", - აღნიშნა გელა დუმბაძემ. შეხვედრაზე სპეციალური კომიტეტის შექმნის ინიციატივაც განიხილეს, რომელიც სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილების პრობლემებს განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG