Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტექდათვალიერების მორიგი გადავადების მოლოდინი


საქართველოს მთავრობამ შესაძლოა ორი წლით გადასწიოს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღების ვადა. მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს ტექნიკური დათვალიერება აუცილებელი გახდეს 2017 წლის 1 მარტიდან, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 2015 წლის 1 მარტისა.

საქართველოს პარლამენტმა ერთი წლის წინ ცვლილება შეიტანა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, ყველა სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება აუცილებელი გახდა 2015 წლის 1 მარტიდან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ტექდათვალიერების აღდგენის აუცილებლობა მაშინ ასე ახსნა:

„ტექდათვალიერების აღდგენას, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაახლოება გვაიძულებს. ავარიების დაახლოებით 30-35%-ის მიზეზი ავტომობილების გაუმართაობაა. ტექდათვალიერება კი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო გამართული ავტომობილებით იმოძრაონ“.

მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ჩათვალა, რომ ტექდათვალიერებით მათი დატვირთვა არ იქნებოდა გამართლებული. ამიტომ ორი წლით გადავადება, ჩემი აზრით, სავსებით ნორმალურია...
დემურ გიორხელიძე

გადაწყვეტილების მიღებიდან არასრული ერთი წლის თავზე მთავრობა კვლავ განიხილავს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემოღების გადავადების საკითხს, მაგრამ, როგორც მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე არ სახელდება მიზეზი, რის გამოც ტექნიკური დათვალიერების ვადამ ორი წლით უნდა გადაიწიოს, თუმცა იმის გამო, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე თავად მთავრობის მეთაურია, ხოლო საბჭოს წევრების უმეტესობა - მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ასე ფიქრობს ეკონომისტი დემურ გიორხელიძე, რომლის თქმითაც, მთავრობამ გააცნობიერა, რომ ათობით ათასი ოჯახისათვის ასობით ლარის გადახდა არ იქნებოდა იოლი საქმე და რომ ეს გამოიწვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას.

„მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ჩათვალა, რომ ტექდათვალიერებით მათი დატვირთვა არ იქნებოდა გამართლებული. ამიტომ ორი წლით გადავადება, ჩემი აზრით, სავსებით ნორმალურია. ვფიქრობ, რომ ამ თემას საერთოდ არ უნდა დავუბრუნდეთ, რადგანაც ადამიანი გონიერია და თავისი ავტომობილის ტექნიკურად გამართვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხო მოძრაობა მის ინტერესებშია. ამიტომ უნდა მივცეთ მათ საშუალება ნელ-ნელა პასუხისმგებელნი გახდნენ თავიანთ თავზე“, უთხრა დემურ გიორხელიძემ რადიო თავისუფლებას.

საინტერესოა, როგორ შეხვდნენ თავად მძღოლები ცნობას ტექდათვალიერების გადავადების შესახებ. ვახტანგ გოგოლაძე, 2003 წელს გამოშვებული მერსედესის მძღოლი, სავალდებულო ტექდათვალირების მომხრეა:

მაშინ ავტომობილის არანაირი დათვალიერება არ ხდებოდა! ხდებოდა ფულის კუპიურის დათვალიერება! შემდეგ ამან მიიღო ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების, ამომრჩევლების რიცხვის გაზრდის მავნე პრაქტიკის სახე. ანუ თუ შენ ჭკვიანად მოიქცევი და ხმას მომცემ, მაშინ გაგიუქმებ ტექდათვალიერებას...
შალვა ოგბაიძე

„ქალაქში არ უნდა მოძრაობდნენ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები, რომლებიც საფრთხეს თვითონაც იქმნიან და სხვასაც უქმნიან. ასე რომ, ტექდათვალიერება აუცილებელია, მაგრამ არ უნდა იყოს წლების მიხედვით. შეიძლება გყავდეს 20 წლის მანქანა, რომელიც 5 წლის მანქანაზე ტექნიკურად გამართული იქნება“.

ვახტანგ გოგოლაძე ასევე მიიჩნევს, რომ ტექდათვალიერებას არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმალური ხასიათი, როგორიც წლების წინ ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ათი წლის წინ მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება იმის გამო გაუქმდა, რომ აღნიშნული სფერო გაჯერებული იყო კორუფციით. გაუქმების ერთ-ერთი ინიციატორი, შალვა ოგბაიძე, საგზაო პოლიციის მაშინდელი ხელმძვანელი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს:

„მაშინ ავტომობილის არანაირი დათვალიერება არ ხდებოდა! ხდებოდა ფულის კუპიურის დათვალიერება! შემდეგ ამან მიიღო ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების, ამომრჩევლების რიცხვის გაზრდის მავნე პრაქტიკის სახე. ანუ თუ შენ ჭკვიანად მოიქცევი და ხმას მომცემ, მაშინ გაგიუქმებ ტექდათვალიერებას, მოგცემ 20-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს, 5- ლარიან დაზღვევას. მოგცემ მართვის მოწმობას 17 წლის ასაკში, თუ ტარება არ იცი, იმ შემთხვევაშიც კი და ა.შ. აი, ასეთი დაუთქმელი ხელშეკრულება გააფორმა მთავრობამ თავის მოსახლეობასთან“.

ასეთი ავტომობილები (მათი ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრი) სწორედაც რომ შეღავათიან რეჟიმში უნდა იბეგრებოდნენ და ეს შეღავათი საქართველოს ბიუჯეტს შემოუბრუნდება ნაკლები დანახარჯით ჯანმრთელობაზე, მის პრევენციასა და აღდგენაზე...
შალვა ოგბაიძე

შალვა ოგბაიძის თქმით, მთავრობა კვლავ ერიდება ამომრჩევლის განაწყენებას და ვერ იღებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელზეც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს ტერიტორიაზე 900 000-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. ამასთან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა (90-93 პროცენტი) ნახმარია, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია და მისი წილი მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. შალვა ოგბაიძის თქმით, სავალდებულო ტექდათვალიერების აღდგენის გარდა, ასევე უნდა გამკაცრდეს ბენზინის ხარისხის კონტროლი და წახალისდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო ისეთი ავტომობილების შემოყვანა, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარენ და მავნე ნივთიერებების ნაკლებ ემისიას ახდენენ.

„ასეთი ავტომობილები (მათი ძრავის ყოველი კუბური სანტიმეტრი) სწორედაც რომ შეღავათიან რეჟიმში უნდა იბეგრებოდნენ და ეს შეღავათი საქართველოს ბიუჯეტს შემოუბრუნდება ნაკლები დანახარჯით ჯანმრთელობაზე, მის პრევენციასა და აღდგენაზე. საქართველოში ახალი ავტომობილების გაყიდვის წილი სულ რაღაც 6-7%-ია, დანარჩენი არის მეორადი ავტომობილები. ჩვენ კი უნდა წავიდეთ სწორედ ისეთი ქვეყნის მშენებლობისაკენ, რომელშიც ჩვენი ოჯახის წევრებს არ დაემუქრებათ მუხრუჭმოშლილი, ფერდებდაზიანებული, გამონაბოლქვიანი ავტომობილებისგან გაზრდილი რისკი“, უთხრა შალვა ოგბაიძემ რადიო თავისუფლებას.

შალვა ოგბაიძის თქმით, ახლა მთავარია 2017 წლის 1 მარტამდე პერიოდი მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიყენოს სწორად, ანუ საზოგადოების თვითშეგნების ასამაღლებლად, რათა ორი წლის შემდეგ მაინც მთავრობამ კვლავ არ თქვას უარი სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღებაზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG