Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვესტიციები საქართველოს რეგიონებში


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს, კონკრეტულად კი მხედველობაში გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური წინსვლა მეტწილად სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზეა დამოკიდებული.

სამწუხაროდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგიონალურ კონტექსტში განხილვა ძნელია, რადგან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ასეთი სახის მონაცემთა დამუშავება მათ უწყებაში არ ხორციელდება.

ერთადერთი სტატისტიკური მონაცემი ინვესტიციების შესახებ, რომელიც შეგვიძლია რეგიონალურ კონტექსტში განვიხილოთ, ეს არის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, ფიქსირებული აქტივი (ძირითადი კაპიტალი) არის წარმოებითი აქტივი, რომელიც მრავალჯერ ან ხანგრძლივად (ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში) გამოიყენება წარმოების ძირითად პროცესში. გამომდინარე აქედან, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივში ნაწილობრივ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც მოიცავს.

ინვესტიციების ძირითადი ნაწილი, როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისზე მოდის. მაგალითად, 2012 წელს საქართველოში ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 3,2 მილიონი ლარი. აქედან თბილისში განხორციელდა 2,3 მილიონი ლარის ინვესტიცია, რაც საერთო რაოდენობის 70%-ია. მეორე ადგილას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია, სადაც განხორციელდა 265.7 ათასი ლარის ინვესტიცია, რაც 8%-იან ნიშნულს უახლოვდება.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება თითქმის ყოველ წელიწადს. ინვესტიციების მოცულობა, რეგიონებთან შედარებით, საკმაოდ დიდია დედაქალაქში, ხოლო ისეთ რეგიონებში, როგორიცაა რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი, ინვესტიციების ძალიან დაბალი დონე ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია შეინიშნება თითქმის მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში, მცირე ცვლილებებით: მაგალითად, 2006 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები რეგიონებიდან აჭარაში ჩაიდო; სამეგრელო-ზემო სვანეთმა პირველობა 2012 წელს მოიპოვა და 2007 წელსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა; ქვემო ქართლს 2009 წელს ინვესტიციებში სერიოზული ჩავარდნა აღენიშნებოდა; იმერეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს, ზოგადად, ფიქსირებულ აქტივებში განხორციელებული ინვესტიციებით საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი აქვს, 2012 წელი მაინც ყველაზე შემოსავლიანი ჰქონდა, რაც, დიდი ალბათობით, პარლამენტის შენობის მშენებლობა-კეთილმოწყობის სამუშაოებთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ ქვეყანაში - როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე - შესამუშავებელია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც რეგიონალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ერთის მხრივ, ეს შეიძლება იყოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადასხვა პროგრამების განხორციელება რეგიონებში, რაც ამ რეგიონებს უფრო მომხიბლავს გახდის ინვესტორისთვის; მეორე მხრივ კი, გამოსაკვეთია ადგილობრივი თვითმმართველობების როლი, რომლებმაც თავადაც უნდა იკისრონ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია და ამ მიზნით გეგმები დასახონ.

XS
SM
MD
LG