Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მიერ ცალმხრივ ცეცხლის შეწყვეტას მეორე მხარემ უარით უპასუხა


ექსტრემისტული დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ იგი არ აპირებს შეუერთდეს შვიდსაათიან ზავს, რასაც უწოდებს „დივერსიას“, და მოუწოდებს ღაზის მცხოვრებლებს, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ქუჩაში გადაადგილების დროს. ისრაელის მხრიდან ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა ძალაში ევროპის დროით დილის 9 საათზე შევიდა, თუმცა ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ გავრცელდება იმ არეალზე, - მათ შორის, ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაზე, - სადაც ისრაელის სამხედრო დანაყოფები სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. ისრაელ ჯარისკაცებს ასევე მიეცათ ბრძანება, საპასუხო ცეცხლით უპასუხონ მათ წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს.

ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის არმიამ ავიადარტყმით მოკლა ექსტრემისტული ჯიჰადისტური დაჯგუფების მეთაური დანიელ მანსური. აღნიშული დაჯგუფება „ჰამასის“ მჭიდრო მოკავშირეა, თავად მანსურს კი ისრაელის რაკეტა მის საცხოვრებელ სახლში მისწვდა.

„ჰამასის“ ინფორმაციით, საავიაციო თავდასხმას ღაზის სექტორში ერთი ბავშვიც ემსხვერპლა.

ისრაელმა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო ღაზის სექტორის გაეროს თავშესაფარში მოქმედ სკოლაზე განხორციელებული გამანადგურებელი იერიშები. სკოლაში თავს აფარებდა 3 000-მდე პალესტინელი, რომლებიც საომარ მოქმედებებს გამოექცნენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა „მორალურად აღმაშფოთებელი და კრიმინალური ქმედება“ უწოდა 10 ადამიანის მკვლელობას. ადგილი აქვს „საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას“ და ამ „თავზეხელაღებულობას ბოლო უნდა მოეღოსო“, ნათქვამია ბან კი მუნის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეინ პსაკმა კი განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა „შეძრწუნებულია“ ამ „სამარცხვინო“ დაბომბვით. მანვე მოუწოდა ისრაელს „დაიცვას თავის მიერვე დაწესებული ნორმები და თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე 28-დღიანი საბრძოლო დაპირისპირებას, პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, 1,770-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, უმეტესად - სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეს დაიღუპა 64 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი.

ღაზის გაეროს თავშესაფარში მოქმედ სკოლაზე საავიაციო იერიში ისრაელმა 3 აგვისტოს მიიტანა, თუმცა მანამდე ასეთ თავდასხმას ორჯერ ჰქონდა ადგილი. მთლიანობაში, ასეთ თავშესაფრებში მოქმედ სკოლებს 270 ათასი პალესტინელი აფარებს თავს.

ისრაელის არმიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ იერიშის სამიზნე იყო ჯიჰადისტური დაჯგუფების სამი ექსტრემისტი, რომლებიც მოტოციკლეტით სკოლის მახლობლად გადაადგილდებოდნენ. ისრაელის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარ რეგევმა განაცხადა, რომ ექსტრემისტებმა პასუხი უნდა აგონ, თუკი ისინი საომარი ზონის მახლობლად სკოლებს შეაფარებენ თავს.

4 აგვისტოს დილით გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ, განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში გაგრძელდება მანამ, სანამ მიღწეული არ იქნება მთავარი მიზანი: ტერორისტების ინფრასტრუქტურის განადგურება და ისრაელის მოქალაქეებისათვის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG