პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:18

საზოგადოება / საქართველო

ომში ძლეული სიკვდილის შიში

სოხუმისოხუმი
x
სოხუმი
სოხუმი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
სოხუმის მკვიდრს, ირმა შედანიას, დღეს დაბადების დღე აქვს.  დღესაც, ჩვეულებრივ,  მეგობრები შეიკრიბებიან და გაიხსენებენ, თუ როგორ დაიწყო 20 წლის წინ საომარი მოქმედებები მის ქალაქში. მაშინ ირმა 21 წლის გახდა და მეგობრებისთვის სადღესასწაულო ნამცხვარს ამზადებდა. მისი გეგმები მოულოდნელად გამოჩენილმა სამხედროებმა შეცვალეს.

„სროლა რომ დაიწყო, ჩვენ ვიფიქრეთ, სამი დღით ადრე ბიჭებმა იჩხუბეს და იმ ამბის გარჩევა გააგრძელესო. ხალხი შემოცვივდა ეზოში. გარეთ რომ გავიხედეთ,  ტანკის ლულა დავინახეთ. მივხვდით, რომ რაღაც დაიწყო. მამაჩემმა თქვა, დავიღუპეთ, ომი დაიწყოო.“

ირმა იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა მოსახლეობა 15 აგვისტოს, დილიდანვე, ქალაქის დატოვებას.  ხალხი პანიკაში იყო. გემი, რომელიც სოხუმს ტოვემდა, მგზავრებს ვერ იტევდა. გაიცა ბრძანება, რომ გემში მხოლოდ ქალები და ბავშვები ასულიყვნენ. ირმას მამამ გემზე ასვლა ნათესავის, სამხედრო პირის დახმარებით შეძლო. სოხუმიდან იძულებით წასული ოჯახი ჯერ ფოთში, შემდეგ კი ზუგდიდში, ნათესავებთან ჩავიდა.

ერთ წელიწადში მოქალაქეების ნაწილი სოხუმს დაუბრუნდა, მათ შორის - ირმა და მისი დაც.

ირმა შედანიაირმა შედანია
x
ირმა შედანია
ირმა შედანია
„ბრძანება იყო შევარდნაძის, რომ ვინც არ მივა სასწავლებლებში და სამსახურებში, ადგილს დაკარგავსო. კაცი გეუბნება, სამსახურს დაკარგავ, კაცი გეუბნება, სტუდენტის ბილეთს დაკარგავ, ეს არის მოთხოვნა. დავბრუნდით. დედაჩემმა წაგვიყვანა მატარებლით. წამოვიდა მეორე დღეს, ფქვილი და რაღაც სხვა პროდუქტი რომ წამოეღო, რადგან იქ ვერ იშოვა. კუპონები იყო და ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი. მეორე დღეს უნდა მობრუნებულიყო, თუმცა გზა ჩაიკეტა.“

ირმა ამბობს, რომ სწორედ სოხუმში დაბრუნებისთანავე გაიგო, რას ნიშნავს ომი. მის თვალწინ ახლობლები იღუპებოდნენ, რომლებსაც იქვე, ეზოში, მეზობლები ასაფლავებდნენ.

„მეზობელი, 14 წლის ბავშვი, რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარადა, იმის გამო, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა, როგორ მოქცეულიყო, არ იცოდა, რომ უნდა დაწოლილიყო იატაკზე. ბავშვი გაოგნდა და მოულოდნელად ნამსხვრევი მოხვდა თავში და გადაუჭრა თავი. ის ეზოშია დამარხული. მეზობელმა, ამირანმა დაასაფლავა. ასევე უახლოესი ადამიანი, მამაჩემის თანამშრომელი, მეცნიერი ტურჩინსკაია, რომელსაც დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ, ისიც ამირანმა დამარხა. უახლოესი მეზობელი, რომელიც ხელში დაიჭრა, ამირანმა შეუხვია ხელი და დღესაც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, რადგან ჩვენ წამოვედით იქიდან.“
თამაზიკო, თუ რამეს ვნიშნავ შენთვის, ძმურად, პირველი მე მომკალი, რომ დანარჩენი არაფერი არ ვნახო-მეთქი ...

სოხუმში ყოფნისას ირმამ სიკვდილის შიში დაძლია. ის რამდენჯერმე სრულიად შემთხვევით გადაურჩა ბრმა ტყვიას. დღეს თვითონაც უჭირს იმის დაჯერება, რომ ერთხელ თავად ევედრებოდა მეზობელს, ჩეჩენი ეროვნების სამხედროების მოსვლამდე  მოეკლა.

„მეზობელი თამაზი ჩემზე ერთი წლით უმცროსია. და-ძმასავით ვართ. ტელეფონზე ლაპარაკობს და ყვირის, რა გავაკეთოო. მან რუსულად იცოდა ლაპარაკი და რუსულად ამბობდა, რა გავაკეთო, რა გაუკეთო ამ ხალხსო... დედამისი, თავისი და ჩვენ, სამი გოგო ვიყავით. მამამისი სამინისტროში იყო. შემოდის თამაზი, მათ სახლში სასმელების კოლექცია ჰქონდათ და მეჩურჩულება, ირმა, ახლა ყველა დაათვრეო, სათითაოდ უნდა მოგკლათო, ჩეჩნები არიან შემოსული და ვერ დაგტოვებთო. წავიდა დანის გასამზადებლად. შეგნებულად სვამ, ასმევ დას, ასმევ მეზობლებს, თან ვეუბნები, თამაზიკო, თუ რამეს ვნიშნავ შენთვის, ძმურად, პირველი მე მომკალი, რომ დანარჩენი არაფერი არ ვნახო-მეთქი. ეს საუბარია და მამამისი მოვიდა ზაპოროჟეცით და ეს შვიდი კაცი ჩავსხედით ამ მანქანაში. სამინისტროს ბუნკერში წავედით.“

მიუხედავად სოხუმში განცდილი მძიმე დღეებისა, ირმას იქ დაბრუნების სურვილი და იმედი არ დაუკარგავს. ამბობს, რომ ზუგდიდში, სადაც 20 წელია ცხოვრობს, ბევრი მეგობარი და ახლობელი შეიძინა, მაგრამ მაინც საკუთარი სახლი და ქალაქი  ურჩევნია.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: კარაკასი
24.08.2012 13:13
ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ქართველი ერი არის ავადმყოფი, არის ის რომ შევარდნაძე დღემდე არ გასამართლებულა. კაცობრიობის ისტორიას ანალოგი არა ყავს ასე შეუნიღბავი, ქვეყნისთვის გამჩანაგებელი ქმედებები ასე ხელის გულზე იდოს და საზოგადოების ნახირად ქცეული, ტვინ-გაყინული ნაწილი ჯიუტად ვერ ამჩნევდეს თუ არ ამჩნევდეს ამას. არ მოვყვები ამ სუბიექტის, ცოდვილ, სისხლიან წარსულზე, რომლის მეათასედი ცოდვაც კი ნებისმიერ მოკვდავს დაუჯავშნიდა, დანტეს ქვედა ჯოჯოხეთში ადგილს, ვიტყვი მხოლოდ ორს : 1) საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების, ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი პუტჩის ორგანიზატორი. კრიმინალური ხუნტის მეთაური და ამ ბანდების აფხაზეთში, კრემლის დავალებით,( რამეთუ სხვა შემთხვევაში აფხაზთა დიდი უმრავლესობა იარაღს არ აიღებდა ხელში ქართველების წინააღმდეგ ) გაგზავნის ინიციატორი. ( პუტჩი კრემლმა სწორედ აფხაზეთის მიტაცების გამო დაგეგმა და განახორციელა ამ "მანქურთთა" დახმარებით ) და ომის წამომწყები. 2) ერთად ერთი შემთხვევა ისტორიაში როდესაც მთავარსარდალმა, კბილებამდე შეიარაღებული, პირსისხლიანი მტრის წინაშე მდგარი თავისი ჯარი განაიარაღა (მძიმე ტექნიკის და არტილერიის გარდა. ავტომატებს და მცირეკალიბრიან შაშხანებსაც ართმევდნენ სოხუმელებს. პრაქტიკულად ქართველები განაიარაღა ამ მოღალატემ.) იცოდა რა ქართველების ბედოვლათობის ამბავი, ( იქამდეც მეთოდურად, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქართველებს ეს ომი არ მოეგოთ. გუდაუთაზე წარმატებული შეტევის გაჩერება და მოღალატური ხელშეკრულების გაფორმება რასაც გაგრის ტრაგედია მოჰყვა) ამ იუდამ თავის პატრონებს და საქართველოს მტრებს, მათთვისაც კი დაუჯერებელი საჩუქარი გაუკეთა... რომ გადავხედავ ხანდახან თავში ორპირი ქარის მქონე ზოგიერთი სუბიექტის კომენტარს და ამ სუბიექტის მიმართ მათ "ფარულ ვნებას", უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს მოსეს თაობა უკურნებელი სენითაა დაავადებული. იმიტომაცაა, რომ ასე დავჭამეთ ქართველებმა ერთმანეთი და ეს კიდევ კარგახანს გაგრძელდება. არ უნდოდათ ღირსეული მამულიშვილი, აირჩიეს "ბარაბას" გზა და დღეს უფლისგან შემწეობას ელიან ზოგიერთნი... როგორ ფიქრობთ იმ მკვლელებს და კაციჭამიებს რომლებიც დღეს ასე თავისუფლად დაიარებიან, ზოგი ხელისუფლებაში, ზოგიც ოპოზიციაში მოკალათებულა, არ უნდა ეგოთ პასუხი იმ უბედურებაზე რაც ქვეყანას დამართეს? ( "ქვეყანაც რომ დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს" ამბობდნენ რომაელები ) ის კი არა დღე არ გავა შევარდნაძემ რომელიმე გაზეთის, მისი ბიოგრაფიით აღფრთოვანებულ ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცეს. დიახ! უნდა ეგოთ. გადახედეთ რა ხალხითაა ძირითადათ დაკომპლექტებული ხელისუფლებაც და "ოპოზიციაც", "დიდოსტატები" ნაციონალური გაჩანაგების, პუტჩისტები, სახემწიფო დამნაშავეები, მკვლელები. მოკლედ არაფერი არ გამოვა, უვარგისი ხე კარგ ნაყოფს არ გამოისხამს. ვფიქრობ, ეს მოსეს თაობა კიდევ არაერთხელ მოიქნევს კუდს შევარდნაძის და მისი "სულიერი" ძმების მეშვეობით, ახლა ერთმანეთს დაერევიან დამშეული ვირთხებივით, დედა შვილს არ აიყვანს... ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ამჟამად ქართველობა არის ავადმყოფი ერი, არის ეს და მცირე ნაწილს ვისაც მეტ-ნაკლებად გვესმის არსებული რეალობა, რაც არ უნდა ვეცადოთ ვერაფერს შევცვლით... ეს მოსეს თაობა ( ჩვენი ჩათვლით):) როცა აღარ იარსებებს, ( როგორც მოსეს თაობას არ ეღირსა "აღთქმული მიწის ნახვა") ახალი თაობა შეძლებს ქვეყნის აშენებას ჰუმანიზმის და სამართლიანობის იდეებზე და ამას დაიწვებს იმით რომ გაასამართლებს სახემწიფო დამნაშავეებს და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს...

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
15.08.2012 19:05
ცხარე ცრემლებით ვტირი.ნუთუ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.ბარაქალა თქვენ, ადამიანად რომ შეძელით დარჩენა. ასე მგონია, თქვენს ასეთ ტრაგედიად არ ღირდა არც ვითომ დამოუკიდებლობა და არც არაფერი. დღეს რომ გამოდიან, დროშებს იქნევენ და გულში მჯიღს იცემენ, ყველაზე მეტად მათი მეშინია. არავის აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე განკარგოს. თქვენ კი გამძლეობას და სულის სიმხნევეს გისურვებთ.

ავტორი: ანონიმი
15.08.2012 01:00
კაცობრიობის ისტორიის თანმდევი ერთ-ერთი მოვლენა ალბათ მუდამ იყო არის და იქნება ინდივიდუალური სიკვდილის შიშის დაძლევა და ქვეყნის დაღუპვის შიშის დარჩენა მით უმეტეს იმ დროს როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი (სამხედრო-ჩეკისტური თვალსაზრისით რა თქმა უნდა) ქვეყნის (სტალინის მიერ შექმნილის) ზედაფენა შენს ქვეყანას უძახის სტალინის მიერ შექმნილ და ამიტომაც მოსასპობ სიმახინჯეს.

ავტორი: ანონიმი
15.08.2012 00:36
ვითომქართული ვითომსაზოგადოება ენდო და ხელს ართმევდა თუ უჩოქებდა და წინ უგორდებოდებოდა იმას ვინც მადლობა გადაუხადა საბჭოთა სამხედროებისგან ნათხოვარი ზარბაზნით თბილისის დამანგრევლებს. ეს ცოტა უფრო მეტის დაკარგვაა ვიდრე "უბრალოდ" ტერიტორიის დაკარგვა. ხოდა ვიდრე ის უფრო მეტი დაკარგული არ დაბრუნდება არ იქნება ქართველი ხალხის საშველი.

ყველაზე პოპულარული