Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის 4 წლისთავი, სამშვიდობო მსვლელობით


გორში აგვისტოს ომის მე-4 წლისთავის აღნიშვნა „ქალთა სამშვიდობო მოძრაობამ“ წიგნის პრეზენტაციით დაიწყო. „ფეხზე დაგიდგები, ჩემო საქართველო“– ასე ჰქვია ლაურა ერიაშვილის წიგნს, რომელშიც 33 დაღუპული მებრძოლის ცხოვრებისეული ისტორიაა მოთხრობილი. ყველა მათგანი გორელი იყო, ბევრ მათგანს კი სწორედ ლაურა ერიაშვილი ასწავლიდა გორის პირველ სკოლაში. 80 წლის პედაგოგმა გადაწყვიტა დაღუპულთა მშობლების, მეუღლეებისა და მეგობრების მოგონებები შეეკრიბა.

„ბევრი ჩემი ნამოწაფარი იყო და არ მაძლევდა ჩემი სპეციალობა იმის საშუალებას, რომ მათი სიცილი, მათი განცდები, მათი ნიჭი და სიზარმაცეც, რომელიც მახსოვდა, არ გადმომეცა. მე მგონი, კარგი გავაკეთე“, – ამბობს ლაურა ერიაშვილი.

მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ყოველი წლის აგვისტოს დასაწყისში ტრადიციულად ხსოვნის საღამოებს მართავს. წელს ცხინვალიდან, ლიახვის ხეობიდან დევნილი ქალბატონები და დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და პოლიტიკურ ლიდერებს კიდევ ერთხელ სამშვიდობო მოწოდებებით მიმართეს. მოძრაობის ლიდერის მანანა მებუკის განცხადებით, ცხინვალში ანალოგიურ ღონისძიებას ლირა კოზაევა მართავს. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა, განურჩევლად ეროვნებისა, პატივი ყველა დაღუპულს მიაგეს.

სიკვდილმა, ომმა ეროვნება არ იცის. ჩვენი „ქალთა სამშვიდობო მოძრაობა“ ყოველთვის იყო დაფუძნებული მშვიდობაზე და ორიენტირებული ურთიერთმეგობრობასა და ურთიერთძმობაზე ...
ნაზი ბერუაშვილი

„ადამიანი როდესაც იღუპება და ის ომში იღუპება, ეს ადამიანები ზეცად ადიან და სამოთხეში ხვდებიან, სამოთხეში კი ეროვნებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ის ქართველია, ოსია, აფხაზია, რუსია – არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ვიძახით, რომ ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, ისინი შეწირულები არიან“, – აცხადებს მანანა მებუკე.

ნაზი ბერუაშვილი 4 წლის წინ ლიახვის ხეობიდან დევნილად იქცა. ახლა კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და ხშირად საკუთარ თავს ეკითხება, რა გააკეთა იმისთვის, რომ ომი თავიდან აეცილებინა. 2008 წლიდან ნაზი ბერუაშვილი სამშვიდობო მოძრაობაში ჩაერთო და ოს ქალბატონებთან მოლაპარაკება დაიწყო. მისი აზრით, აუცილებლად დადგება შერიგების დრო:

„ სიკვდილმა, ომმა ეროვნება არ იცის. ჩვენი „ქალთა სამშვიდობო მოძრაობა“ ყოველთვის იყო დაფუძნებული მშვიდობაზე და ორიენტირებული ურთიერთმეგობრობასა და ურთიერთძმობაზე. ხის სიძლიერე და ხის სიმაღლე მიწის პირიდან კი არ იზომება, ფესვებიდან იზომება და ქართულ-ოსური ურთიერთობა ფესვებშია გამჯდარი და ფესვებიდან ვიცი, რომ ყლორტებს ამოიტანს. მე ამიტომ ძალიან შემართული ვარ იმისკენ, რომ ქართველებმა და ოსებმა ბედნიერი მომავალი მოვიპოვოთ, ავაშენოთ მშვიდობა და ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად ამ მოკლე წუთისოფელში.“

ცხინვალიდან დევნილი ნანა საბანაძე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ კაცობრიობას ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ ომი საშინელებაა:

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ ერთმანეთს, რომ ომი საშინელებაა. ჩვენ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობის დამყარების და შენარჩუნების საქმეში. არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, რომ რაღაცა ნაპერწკალზე ომი გაჩაღდეს ისე მოულოდნელად, ისე ცამოწმენდილზე, როგორც ეს 2008 წლის შემთხვევაში მოხდა. ჩვენ გვინდა მშვიდობა და გვინდა, რომ თითოეული ადამიანი გულში ფიქრობდეს არა ომზე, არამედ მშვიდობაზე.“

4 წლის წინანდელი აგვისტოს დღეების თვალცრემლიანი გახსენების შემდეგ ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლებმა გორის ქუჩებში ყვავილებით და სანთლებით მსვლელობა მოაწყეს და, ბოლოს, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

სამშვიდობო მოძრაობის წევრები მესამე ქვეყნებში ოს ქალბატონებს ხშირად ხვდებიან ხოლმე და სამოქალაქო დიალოგის განვითარებას ხელს უწყობენ. მათი აზრით, როგორც სახალხო დიპლომატიის, ისე ოფიციალური მოლაპარაკების პროცეში ქალთა ჩართულობა უნდა გაიზარდოს, რადგან შერიგების პროცესში ქალის როლი მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG