ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:45

საზოგადოება / მსოფლიო

ვინ იყო „პატიმარი ნომერი 7“?

რაულ ვალენბერგირაულ ვალენბერგი
x
რაულ ვალენბერგი
რაულ ვალენბერგი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
4 აგვისტოს 100 წელი სრულდება რაულ ვალენბერგის დაბადებიდან. შვედი დიპლომატი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათიათასობით უნგრელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტს, მრავალთა აზრით, საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში უნდა დაღუპულიყო.

თუმცა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთში რაულ ვალენბერგის ასი წლის იუბილეს უფრო მოკრძალებულად აღნიშნავენ. რუს ებრაელთა კონგრესმა დააფინანსა მცირე ცერემონია და დისკუსია, რომელიც 3 აგვისტოს მოსკოვში, ჰოლოკოსტისა და ებრაელთა მემკვიდრეობის მუზეუმში გაიმართა. რაულ ვალენბერგის ხსოვნის დღესასწაულს ესწრებოდნენ ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები შვეციიდან, უნგრეთიდან და ჰოლანდიიდან. თუმცა, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალა გერბერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შეხვედრას არც ერთი მაღალი რანგის რუსი მოხელე არ დასწრებია:

„გულწრფელად გეტყვით, რომ მე არ ველოდები ხელისუფლების რომელიმე წევრის მოსვლას. საერთოდ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ ეს თემა, გარკვეულწილად, მობეზრდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს თემა მათთვის ამოწურულია, ჩვენთვის კი - არა.“

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში შვეციის საელჩოში მომუშავე რაულ ვალენბერგმა დაახლოებით 20-დან 100 ათასამდე უნგრელი ებრაელი გადაარჩინა საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილს. დიპლომატი, რომელიც იმხანად 32 წლის იყო, ებრაელებს შვეციის მთავრობის მიერ გამოცემულ „მფარველობის პასპორტებს“ ურიგებდა. ასევე მან დაარწმუნა ბევრი ნაცისტი ოფიცერი, უარი ეთქვათ ბუდაპეშტის ებრაული გეტოების განადგურებაზე. სხვადასხვა მონაცემების თანახმად, ნაცისტებმა დაახლოებით 550 ათასამდე უნგრელი ებრაელი გაანადგურეს.

ხოლო როდესაც „წითელმა არმიამ“ უნგრეთის ოკუპაცია მოახდინა, შვედი დიპლომატი საბჭოთა კონტრდაზვერვამ შეიპყრო. საბჭოთა კავშირმა განაცხადა, რომ ვალენბერგი 1947 წლის 17 ივლისს მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ სინამდვილეში ვალენბერგი სიკვდილით დასაჯეს.

შვედი დიპლომატის ბედი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული ისტორიაა. 

შვედეთ-რუსეთის კომისია, რომელმაც ფაქტის მოკვლევა 1990-იანი წლებიდან დაიწყო, 2011 წელს დაიშალა.

2009 წლის ნოემბერში მოულოდნელად რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მკვლევართა ჯგუფს უთხრეს, რომ კაცი, „პატიმარ ნომერ 7-ის“ სახელით ცნობილი, „დიდი ალბათობით“, რაულ ვალენბერგი იყო.
როგორც ჩანს, ვალენბერგი ფიზიკურად გაანადგურეს, ანუ შეგნებულად მოკლეს და მოსკოვი ამას დღემდე მალავს ...

დოკუმენტების თანახმად, „პატიმარი ნომერი 7“ 1947 წლის 23 ივლისს დაიკითხა, ე.ი. მაშინ, როდესაც, ადრე გავრცელებული ცნობებით, შვედი დიპლომატი ექვსი დღის მკვდარი უნდა ყოფილიყო. 

სუზან ბერგერი, აშშ-ში მოღვაწე გერმანელი ისტორიკოსი, რომელიც დიდი ხანია  სწავლობს ვალენბერგის საქმეს, ერთ-ერთი წევრია მკვლევართა იმ ჯგუფისა, რომელმაც ზემოხსენებული აღმოჩენა გააკეთა. სუზან ბერგერის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუსაჯაროებია ყველა საჭირო დოკუმენტი:

„პროგრესი არსებობს, გარკვეულწილად, იმ თვალსაზრისით, რომ სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ვალენბერგის საქმესთან პირდაპირ დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, რაც არ იყო ხელმისაწვდომი შვედურ-რუსული სამუშაო ჯგუფისათვის, ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის არქივებში.“

რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “მემორიალის“ წევრი ნიკიტა პეტროვი კი ამბობს, რომ საბჭოთა კაგებეს მემკვიდრე ფედერალური უშიშროების სამსახური ხელს უშლის გამოძიებას:

„რაც მთავარია, ყოველივე აქედან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: როგორც ჩანს, ვალენბერგი ფიზიკურად გაანადგურეს, ანუ შეგნებულად მოკლეს და მოსკოვი ამას დღემდე მალავს.“

ეს, რაც შეეხება გამოხმაურებას რუსეთში.

4 აგვისტოს ისრაელში, უნგრეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე მიაგებენ პატივს რაულ ვალენბერგის ღვაწლს. შვეციაში ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია იქნება იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც შაბათს სტოკჰოლმთან ახლოს ხსოვნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. აშშ-ის კონგრესმა რაულ ვალენბერგი სიკვდილის შემდგომ კონგრესის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ვალენბერგის ასი წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილ საგანგებო აქტს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ლევან საიდან გვწერთ: თბილისი
09.08.2012 23:41
ბატონო მოდერატორო,

გმადლობთ გამოხმაურებისათვის.

ახლა რაც შეეხება ჩემს შენიშვნასა და თქვენს პასუხს. მე რათქმაუნდა, წავიკითხე თქვენი შენიშვნა, მათ შორის ჩემი დადანაშაულება არაკორექტულობაში (ამაზე ქვემოდ)ისევე როგორც თქვენი განმარტება სამსახურების მიერ მასალის "ურთიერთსესხების" შესახებ, ისევე როგორც თვით "ინგლისურენოვანი ლინკი თქვენივე სამსახურის სხვა გვერდზე.

ჯერ ინგლისურენოვან გვერდს შევეხები. იმ სტატიის ავტორი ინგლისელი (ყოველ შემთხვევაში არაქართველი) ავტორია. და თუკი ამ სტატიიდან ისესხეთ რაიმე მასალა და გადმოაქართულეთ ის (თუმცა ეს სტატია ნაკლებად გავს გადმოქართუებულს), მართებული იქნებოდა, თუკი ამ სტატიის ავტორს მოიხსენიებდით თქვენი სტატიის ბოლოს (რაც გაკეთებული არაა).

თუ - თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა- "ცენტრალური სამსახურის კორესპონდენტის" მიერ მომზადებულ მასალის გადმობეჭდვა გევალებათ უცვლელად უნდა გადმოგეტანათ და ავტორად "რედაქციისგან" (Editorial) უნდა იყოს მიწერილი, მკითხველი რომ მიხვდეს, რომ ეს ტექსტი რედაქციის პოზიციაა: არც ესაა, სამწყხაროდ გაკეთებული, სტატიას ავტორად ქართული გვარი დაეწერა და არა Tom Balmforth. ეს კი საავტორო უფლების დარღვევაა თქვენგან.

მე რაღასი მდებთ არაკორექტულობაში ბრალს ? იმაში, რომ მე ქართულის გარდა რუსულსაც და ინგლისურსაც ვფლობ და ტექსტების შედარების უნარი შემწევს ? არაკორექტულია ის, ვინც ისესხებს სხვისგან ტექსტ (და რაც ჩვეულია ინტრენეტში) და არ მიუთითებს ნასესხების ავტორს (რაც ასევე ჩვეულია, თუმცა ამას 'პლაგიატი" ეწოდა დიდი ხანია უკვე).

ჩემი ამ (მკითხველისთვის მოსაწყენი ალბათ) შენიშვნის მიზანი მარტივია, ვიყოთ კორექტულები, ვცეთ ერთმანეთის ნამუშევარს ფასი, მეტარდე მათ, ვისაც ეს სამსახურებრივადაც ევალება.

სხვა მხრივ, წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.

ავტორი: levan საიდან გვწერთ: Tbilisi
07.08.2012 21:16
მეგობრებო,

არ მოგწერდით ამ წერილს, რადიოს ქართულ სამსახურის გარდა რუსული სამსახურის გადაცემათა მსმენელი რომ არ ვიყო ხშირად.

ნეტავ რა გასაჭირი გაქვთ, დალოცვილებო, ასეთი, რუსულ გადაცემათა გადაქართულებას რომ ეწევით ? რაულ ვალლენბერგის შესახებ რუსულ გადაცემის ასლი რატომაა ეს ქართული გადაცემა ?

ამდენი სიახლე გარშემო, ამდენი მოვლენა და, რაღა რუსულენოვანს აქართულებთ, მაინცა-და-მაინც ?


პასუხი

ავტორი: მოდერატორი
07.08.2012 21:38
დიდი მადლობა, რომ ერთგულად და კრიტიკულად გვისმენთ. მაგრამ თქვენი შენიშვნა, ამ შემთხვევაში, არაკორექტულია. ქართული რედაქციაც, რუსულიც, და სხვა ეროვნული სამსახურიც მნიშვნელოვან საერთაშორისო სიახლესა თუ თარიღზე, ძირითადად, ჩვენი რადიოს ახალი ამბების ცენტრალური სამსახურის კორესპონდენტის მიერ მომზადებულ ინგლისურენოვან სტატიებს ვთარგმნით. გთხოვთ, დარწმუნდეთ http://www.rferl.org/content/russia-few-gather-to-remember-raoul-wallenberg/24666158.html
ისე კი, თუ მოვლენა მნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევაში ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის რესურსსაც ვიყენებთ. ისევე როგორც ისინი, ჩვენსას.

ავტორი: ანონიმი
07.08.2012 12:22
ნეტაი რუსთაველზე დახვრეტილ ბაადურ მჭედლიშვილს რამდენი წელი შეუსრულდებოდა ხომ არ იცით?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.08.2012 18:23
ძალიან საინტერესოა რუსული პოლიტიკა ებრაელების მიმართ, ასე შეფარულად არავის მოუხერხებია ანტისემიტიზმის თესვა და გახარება ქვეყანაში

მაინც რა ყოჩაღები არიან ეს კაგებეშნიკები, რას ერჩოდნენ ამ კაცს თორემ შესრულება რომ უმაღლესი ხარისხის ქონდათ მაგაზე აღარც ვისაუბრებ

ავტორი: ქეთი საიდან გვწერთ: თბილისი
03.08.2012 22:27
სათაურია ცუდად შერჩეული. თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას. სტატია მშრალი მომეჩვენა. ბევრი საინტერესო რამის დაწერა შეიძლებოდა ამ კაცზე. მოკლედ, ზედაპირული ინფორმაციაა მოცემული, მაგრამ მაინც კარგია, რომ ვიღაც წერს ასეთ პიროვნებებზე :)

ავტორი: ანონიმი
03.08.2012 22:10
ვალენბერგის ბედით ისევ დაინტერესებული არიან და ეს მოსაწონია! მაგრამ რუსეთში რუსული რესპუბლიკის შექმნის მომხრე საბჭოთა მხეცი დემოკრატი იდიოტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი დემოკრატების ბედი არავის აინტერესებს და ესაა ცუდი!

ყველაზე პოპულარული