შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 17:23

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში საქართველოს შესახებ წერს

x

მულტიმედია

აუდიო
  • სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში საქართველოს შესახებ წერს

ტექსტის ზომა - +
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში, რომელიც 2011 წელს მოიცავს და მსოფლიოს 199 ქვეყანას შორის საქართველოსაც გულისხმობს. როგორც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, მიუხედავად მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოში კვლავაც რჩება  რელიგიურ უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები. ანგარიშის ავტორები  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რელიგიურ უმცირესობათა ქონებრივი ინტერესების საკითხს მოიაზრებენ. პრობლემად რჩება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული საკანონმდებლო და საგადასახადო სტატუსი. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხს, - აღნიშნულია, რომ, რელიგიურ უმცირესობათა განცხადებით, ხშირად სკოლებში რელიგიის გაკვეთილი მართლმადიდებლური კატეხიზმოს კურსებად იქცევა.

”საქართველოს კონსტიტუცია და სხვადასხვა კანონი იცავს საქართველოში რელიგიის თავისუფლებას” - ასე იწყება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ, რომელიც 2011 წელს მოიცავს და სადაც საქართველოს, 199 ქვეყანას შორის, ცალკე თავი ეთმობა.  ანგარიშის პირველივე აბზაცის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ავტორების აზრით,  რელიგიის თავისუფლების კუთხით სხვადასხვა საკანონმდებლო ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორის არის გასული წლის ივლისში სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობას აძლევს; ასევე ცვლილება კანონში „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ადამიანს შეუძლია ”საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად”, უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და ის  ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურით შეცვალოს.

სომხეთში, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, უკვე არსებობს გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ადრე არ ყოფილა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა ცოტა რთული პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის ...

თუმცა ანგარიშის ავტორები იმასაც მიუთითებენ, რომ, მიუხედავად ჩამოთვლილი პოზიტიური ძვრებისა,  კვლავაც პრობლემად რჩება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევად შეიძლება მოვიაზროთ. მათ შორის ერთ-ერთი პირველია რელიგიურ უმცირესობათა ქონებრივი ინტერესების საკითხი. შეგახსენებთ, რომ დღემდე დავის საგნად არის ქცეული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ექვსი უმოქმედო სომხური ეკლესია, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და, პარალელურად, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხუთი ქართული ტაძრის მოვლა-პატრონობა, რასაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” დამფუძნებელი არნოლდ სტეპანიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა რელიგიური კონფესიების  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება, შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი ნელ-ნელა გვარდება და  ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა კიდეც, თუმცა, სომხეთსა და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო,  ის პრობლემის გადაწყვეტის უახლოეს პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავს:

”სომხეთში, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, უკვე არსებობს გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ადრე არ ყოფილა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა ცოტა რთული პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის. ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც სომხეთში ჩატარდა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, ასევე მომავალ წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს სომხეთსა და საქართველოში. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები თავს შეიკავებენ გადადგან ასეთი ტიპის ნაბიჯები, რადგან ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს პოლიტიკური ელიტების იმიჯზე ორივე ქვეყანაში.”

როდესაც კლასში შედის ადამიანი, რომელიც იწყებს ლოცვას, ეკითხება მოსწავლეებს არიან თუ არა მონათლულები და შემდეგ ამბობს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი რელიგია ...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამერიკის სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ყურადღება გამახვილებული, არის რელიგიის სწავლება სკოლებში. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, რელიგიურ უმცირესობათა განცხადებით, ხშირად სკოლებში რელიგიის გაკვეთილი მართლმადიდებლობის ქადაგებად არის ქცეული. თეოლოგი ლევან აბაშიძე საქართველოს განათლების შესახებ კანონზე მიუთითებს და ამბობს, რომ რელიგიის სწავლება სკოლებში სწორედ ამ კანონით არის დარეგულირებული. მისი თქმით, კანონის მიხედვით, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონფესია, არამედ მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ცოდნა ზოგადად რელიგიების შესახებ. როგორც ლევან აბაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, აშკარად ირღვევა განათლების შესახებ კანონი:

”როდესაც კლასში შედის ადამიანი, რომელიც იწყებს ლოცვას, ეკითხება მოსწავლეებს არიან თუ არა მონათლულები და შემდეგ ამბობს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტი რელიგია და სხვა არა, ეს არის კანონის დარღვევა და ამის გაკონტროლება თავად სკოლას მოეთხოვება”, - ამბობს ლევან აბაშიძე.

რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობა პენიტენციარულ დაწესებულებებში - ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ანგარიშში წერს. მიუხედავად 2010 წლის დეკემბრის ბოლოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ ციხეებში დაიშვებიან სხვადასხვა კონფესიების ღვთისმსახურები, ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებები აღჭურვილია მართლმადიდებლური ხატებით და სალოცავი კუთხეებით, რელიგიურ უმცირესობებს კი არ ეძლევათ საშუალება  ღვთისმსახურება აღასრულონ. ანგარიშის ავტორები წერენ იმის შესახებაც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი რელიგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა გადასახადისგან ათავისუფლებს, თუმცა ისინი იმასაც შენიშნავენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია გათავისუფლებულია ბევრი იმ გადასახადისგან, რომელსაც სხვა რელიგიური ორგანიზაციები იხდიან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ნიკო
02.08.2012 00:36
ბატ.ანონიმო,ალბათობით ნუ ილაპარაკებთ,მოუნათლავი არ დაწერდა ასე. ესე იგი ის აწუხებს,რომ პატრიარქი შეგნებულად,გამიზნულად უარყოფდა იმ პრეზიდენტს,ერს რომ თხოვდა ქრისტეს გზით იარეთო და მისი დამამხობელი აკურთხაო. არავითარი ცდუნება - შეგნებული მტრობა,არადა ვისგან,ვინც ვალდებულია თავად იყოს პირდაპირი და შეუვალი ქრისტიქნული რჯულის კანონის დასაცავად.ეშმაკი შეეცადა ეცდუნა იესო და იესომ გასცა ღირსეული პასუხი.ესე იგი ეშმაკს უნდოდა ცდუნება და არ გამოუვიდა. ადამიანურ სისუსტედ არ შეიძლება ჩაითვალოს გამიზნული მოქმედება.ასე რომ საბჭოთა სამღვდელოება სანამ იქნება,მანამ იქნება ცდუნებაც,სიძულვილიცა და ადამიანთა ერთმანეთზე გადამტერება.გადახედეთ დღევანდელ სამღვდელოებას.ბევრი მაგალითია სიძვის,მრუშობისაკენ ცდუნების,პოლიტიკური ინტრიგების და მუცლისმოყვარულობისა,ძვირფასი ქონების დაგროვებისა...ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მხოლოდ თითო-ოროლა მამაო თუ იხედება და ქადაგებს.ეს კი ასე იშიფრება - „თევზი თავიდან იწყებს ლპობას“!

ავტორი: ანონიმი
01.08.2012 19:40
ეს ხუთკუნჭულა ალბათ არც მონათლულა და თავის დღეში არც ერთხელ არ მიუღია ზიარება თორე ხო ჩათვლიდა თავს ეკლესიის წევრად. ცნობისთვის: ეშმაკმა იესოც აცთუნა. მან გაუძლო ცთუნებას. ცთუნებას გაუძლეს ებრაული სინოდის ზოგმა წევრმაც, მაგრამ ვერ გაუძლო მაგალითად იესოს სამჯერ უარმყოფელმა პეტრემ და მისი მოციქულების დამფრთხალ დაფანტულმა უმრავლესობამ რომელიც მხოლოდ აღმდგარი ქრისტეს დანახვის შემდეგ გამამაცურდა. ასეა ადამიანი. პატრიარქიც ადამიანია. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ეკლესია თავისი გააკეთოს ოღონდ ნუ აქცევს ნანგრევებად საქართველოს უბადრუკ ნარჩენს ისე როგორც ევროპა აქციეს ნანგრევებად რელიგიური ომების აქტივისტებმა. საკმარისია, იქნებ ვიღაცამ მაინც არ აფრქვიოს ბოღმა,გესლი და სიძულვილი.

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: გერმანიიდან
01.08.2012 09:07
რომელ უმცირესობათა უფლებებზეა საუბარი, უმრავლესობა ბნელ და უღირს მონებად აქცია ეკლესიამ, ილია მეორემ ზვიადის განდევნა იზეიმა, ჯაბას და ედიკას თავფეხი უკოცნა, 1993 წელს რუსის ჯარის შემოყვანა გაუხარდა, შევარდნაძე „აკურთხა“ პრეზიდენტად მაშინ, როცა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობდა და მხოლოდ გარეწრები, ანუ კრიმინალურ-ინწილიგენტური კლანი, იგივე მეხუთე კოლონა ემხრობოდა საქართველოს ნგრევას... სანამ ეს გარეწარი ილია მეორე და მისი დამქაშები პარპაშობენ, ქვეყანაში შუასაუკუნეობრივი გახრწნილება და სიბნელე ინავარდებს

ავტორი: ანონიმი
31.07.2012 23:39
ზოგ რელიგიურ უ,ცირესობას საქართველოში აქვს განსაკუთრებული პრივილეგიები. მაგალითად ზოგს ისე სწამს დემოკრატისა რომ შეუძლია მისი სახელით საქართველოს დედაქალაქის დაუსჯელად ნგრევა და გადაწვა. ასეთი კატეგორიის რელიგიურ უმცირესობას მაგალითად ეკუთვნის ბატონი თენგიზ სიგუა. კარგი იქნებოდა ამ ფაქტის შეტანაც ასეთ ანგარიშებში. ან ყველას უნდა ჰქონდეს საქართველოს დაუსჯელად ნგრევის უფლება ან არავის,თუ ვცდები ბოდიში ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო!!!

ყველაზე პოპულარული