ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:56

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

სიმონ ჯანაშია - პროფესორი

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
24 ივნისი, კვირა
თუ სახლში ხანდახან მუშის როლში გიწევს ყოფნა, კვირაობით დიდი ალბათობით ელიავას ბაზრობას უმეგობრდები. აქაურობა „ლეგოს“ სათამაშოს, ან ჩვენი ბავშვობის კონსტრუქტორებს ჰგავს. უამრავი მასალისა და ინსტრუმენტის ნახვის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე ერთი მიზნით მიდიხარ, სრულიად შესაძლებელია, სხვადასხვა რამის ნახვის შემდეგ, მრავალი იდეა გაგიჩნდეს. ელიავას ბაზრობა ასევე საგანმანათლებლო ფუნქციებსაც ასრულებს. ტექნოლოგიების, შრომის ეფექტიანობის ან საყოფაცხოვრებო სტანდარტების შესახებ ახალი ცოდნა თუ გინდა შეიძინო, აქ უფასო კურსის გავლა შეგიძლია. მთავარია, არ დაგეზაროს კითხვა დაუსვა გამყიდველს, და თუ მას პასუხი არ ეზარება, შემდეგ უკვე სხვა რამ ხდება მნიშვნელოვანი - რომ დროზე დაიხსნა თავი!

სახლში შრომა ძალიან ჰგავს კომპიუტერულ პროგრამირებას. შედეგის დანახვა სწრაფად შეგიძლია და, თუ მიზანსაც მიაღწიე, სიამოვნებასაც სწრაფად იღებ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მოსწონთ ხოლმე ახალგაზრდებს პროგრამირება. სხვა რაიმეს როდესაც სწავლობ, შედეგის დანახვას დიდი დრო ჭირდება. მასწავლებლები ხშირად ეუბნებიან სკოლის მოსწავლეებს, რომ თუ ისწავლიან, მაშინ ეს მათ როდისღაც, მომავალში გამოადგებათ. არადა, ბავშვს რომ ნამდვილი ინტერესი გაუჩინო სწავლისადმი, მნიშვნელოვანია, შედეგი სწრაფად დაანახო. შედეგში კი, ცხადია, მასწავლებლის მიერ თავსმოხვეული თამაშიდან თავის დაძვრენა კი არ იგულისხმება, საკონტროლოს სწორად დაწერა ან სწორი პასუხის გამოცნობა, არამედ ისეთი რამის შექმნა, რაც მანამდე არ არსებობდა და რითაც მოსწავლე იამაყებდა.

მეორე, რითაც განათლება სასიამოვნო შრომას უნდა უტოლდებოდეს, ის არის, რომ პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო, შედეგის მიღწევამდეც კი. ყველაზე რუტინულ საქმეშიც კი, თუ რაიმე გასართობს აღმოაჩენ, მაშინ ერთი და იმავეს გამეორებისასაც კი ახალს და საინტერესოს აღმოაჩენ. სტუდენტობისას, გერმანიაში, კონვეიერზე მიმუშავია. მონოტონურ ფიზიკურ სამუშაოშიც კი პოულობ ისეთ რამეს, რაც შენთვის ინტელექტუალური სტიმულირების საფუძველზე გართობის ტოლფასი ხდება. მუდმივად ჰქმნი მიზნებს, რომლებსაც უნდა მიაღწიო და შემდეგ ცდილობ, ეს მიზნები უფრო და უფრო გაართულო. რამდენ ხანში შევძლებ იმ საქმის გაკეთებას, რაც დამევალა? ნაკლებ დროში მეტის გაკეთება თუ არის შესაძლებელი? რაიმე კანონზომიერებებს თუ ვიპოვი და სხვ. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ სწავლა მუდმივად სიახლეებს შეიცავდეს. ეს კი სასწავლო გარემოს - არა მხოლოდ ფიზიკურის - ცვლილებებს მოითხოვს. გარემოს კი ჩვენ თვითონ ვცვლით, როდესაც მას ისეთად წარმოვიდგენთ, როგორიც ჩვენთვის არის საინტერესო.
Loading
12:00:00 / -:--:--

25 ივნისი, ორშაბათი
ინტერნეტში ამინდის პროგნოზს ვამოწმებ. მაინტერესებს, იქნება თუ არა ამ კვირაში ქარი. თუ რომელიმე დღეს ქარის სიჩქარე საათში 25-30 კილომეტრია, ეს ნიშნავს, რომ ამ დღის ნაწილი უნდა გამოვათავისუფლო. რამდენიმე წელია, ზაფხულობით და შემოდგომაზე, ქარს ველოდები. თუ ის ამოვარდება, ავდივარ თბილისის ზღვაზე. იქ თითქმის ყოველთვის პატარა, მაგრამ ჩემნაირად გახარებული ადამიანების ჯგუფი მხვდება. ჩვენ ყველას ის გვაერთიანებს, რომ სიამოვნებას წყლის სპორტით, კერძოდ კი ვინდსერფინგითა და კაიტსერფინგით ვიღებთ.

ვინდსერფინგიც და კაიტსერფინგიც გულისხმობს დაფაზე დგომისას წყალზე სრიალს. ორივეს ქარი ჭირდება. პირველი ქარს აფრით იჭერს, მეორე კი - ფრანით. ორივე საკმაოდ დიდ სიჩქარეს ავითარებს. მილიონნახევრიან ქალაქში ამ სპორტით მხოლოდ ათიოდე სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა და პროფესიის ადამიანი ვართ დაკავებული. ერთმანეთი უმეტესობამ იქ გავიცანით. ყველანი ან დამწყებები ვართ და ან საშუალო დონის სერფერები. ერთმანეთს ვეხმარებით რჩევებით, აღჭურვილობით და ინფორმაციით.

ჩვენ იახტკლუბის მოპირდაპირე, მოუწყობელ სანაპიროზე ვიკრიბებით ხოლმე. აქ მეტი ადგილია აღჭურვილობის გასაშლელად და პატარა ყურეა, სადაც უკეთ შეიძლება ვარჯიში. ჩვენ გარდა აქ ბევრი სხვა ადამიანიც დადის. მათ ყოველთვის ვერ ვხედავთ, მაგრამ მათი არსებობის ამბავს აურაცხელი ნაგავი, პარკები, პლასტმასის ბოთლები, საჭმლის ნარჩენები და ჰიგიენის ნივთები გვამცნობს. უცნაურია, ადამიანებს ამ ნაგავში დროსტარება რომ მოსწონთ...
როდესაც უცხო აფრებსა და ფრანებს ხედავენ, სხვებიც ინტერესდებიან. თუმცა, ცნობისმოყვარეობა იშვიათად იწვევს მათ ჩართვას. რამდენიმე კვირის წინ ფრანი ავაწყვე, ცაში გავუშვი და მანევრირებაში ვვარჯიშობდი. ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა. მეკითხება: „ეს შენია?“ „დიახ“, ვუპასუხებ. „ამუღამებ?“ „დიახ.“ „ეს შენი ჰობია?“ „დიახ. შენი ჰობი რა არის?“ - ამჯერად მე ვეკითხები. „ჩემი ჰობი?“ - დაფიქრდა... გაიხედა მთისკენ. „ფარას ხომ ხედავ?“ „ვხედავ“ - ვეუბნები. „აი, მანდ, იმ პატარას ხომ ხედავ? მაგის ჩაქაფულია ჩემი ჰობი!“ გაგვეცინა ორივეს. თუ საქართველოს ოცდაათ წელს გადაცილებული მოქალაქეების უმეტესობის სხეულის ფორმებს გავიხსენებთ, დიდი ალბათობით ეს „ჰობი“ ბევრის მთავარი ინტერესია.

დღეს ზაზა ბიბილაშვილი ვნახე. თანამოაზრეებთან ერთად რიხარდ ვაგნერის საზოგადოება ჩამოუყალიბებია. წელს ვაგნერის შესახებ წიგნების ქართულად თარგმნასა და გამოცემას გეგმავენ. რამდენი კარგი რამ იარსებებდა ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ასე იქცეოდეს?!

26 ივნისი, სამშაბათი
უნივერსიტეტში სიახლეებია. ახალ იურიდიულ სტატუსზე გადავდივართ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად არამომგებიანი იურიდიული პირის სტატუსი მივიღეთ. სავარაუდოდ, ამან მეტი თავისუფლება უნდა მისცეს სახელმწიფო უმაღლესებს. ჩვენთანაც, სავარაუდოდ, შიდა სტრუქტურა შეიცვლება. ახალი ამაში არაფერია. იმდენად ხშირად იცვლება ეს სტრუქტურა, რომ პროფესორების ნაწილი ვერც ასწრებს არსებული სტრუქტურის ფარგლებში მაქსიმალურად თვითრეალიზებას.

ხშირი ცვლილებები, ზოგადად, განათლების სისტემის ფარგლებშიც ბევრ სირთულეს ქმნის. პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მექანიზმების დანერგვა ხდება ხშირად, არამედ ისიც, რომ საკმარისი დრო არ რჩება ამ მექანიზმების ეფექტიანობის შესაფასებლად. ვხედავთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საფუძვლად კვლევა არ უდევს. ასევე, გადაწყვეტილებების მიღებისას პრაქტიკულად არ ხდება იმ ხალხის ინტერესების შესწავლა, რომელმაც ეს ცვლილებები უნდა განახორციელოს. სისტემის დონეზე, ცხადია, სირთულეები გაცილებით კომპლექსურია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც კი, სადაც ბევრი მცოდნე, აქტიური და პატივსაცემი ადამიანი მუშაობს, გადაწყვეტილებების მიმღებები საჭიროდ არ თვლიან, რომ მათთან ერთად მომავლის რაიმე კონკრეტული გეგმა დეტალურად განიხილონ. შედეგად ვიღებთ განმახორციელებლების მხრიდან დაბალ მოტივაციას და ურთიერთპატივისცემის ნაკლებობას.

განათლების თემაზე დისკუსიაში ვერთვები ფეისბუკში. განვიხილავთ სკოლის დირექტორის ბლოგს, სადაც სერიოზული პრობლემზეა საუბარი. ავტორი აღწერს თავის სკოლას, სადაც მეცხრე კლასის ბოლოს ჩატარებულ გამოცდებში 120 მოსწავლიდან 35-ზე მეტი ჩაიჭრა. სკოლის დირექტორისა და მისი თანამოაზრეების თანახმად, სკოლის ზედა საფეხურზე სწავლა დამსახურების მიხედვით უნდა ხდებოდეს. მისი მსჯელობიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი მიზანი სულაც არ არის, მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე აღწევდეს დადებით შედეგს. გამოდის, რომ გამოცდების მიზანი არის არა რეალური ვითარების გარკვევა და შემდეგ საკუთარი მეთოდების დახვეწა, არამედ მოსწავლეების თავიდან მოშორება. ეს იმას ჰგავს, მედიცინაში დიაგნოსტიკის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ პაციენტების შერჩევისთვის, და არა მათი მკურნალობისთვის. ვინც ყველაზე მეტ მკურნალობას საჭიროებს, იმათ საავადმყოფოდან ვაგდებთ და შემდეგ ამაყად ვსაუბრობთ ჩვენს მიღწევებზე.

27 ივნისი, ოთხშაბათი
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სკანდალი ამ კვირაში არ მომხდარა, ვიღაცას მაინც აინტერესებს განათლების საკითხები. ჟურნალისტი მთხოვს ინტერვიუს ახალ საგამოცდო სისტემასთან დაკავშირებით. აბიტურიენტები ჯერ სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ რვა საგანში, შემდეგ კი ოთხ გამოცდას უმაღლესში მისაღებად. შემდეგი წლიდან დაგეგმილია, რომ მისაღები გამოცდების რაოდენობა ერთამდე დავა. მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად ადეკვატური იქნება ეს გამოცდები იმისთვის, რომ უნივერსიტეტებისთვის სამართლიანად შეირჩნენ აბიტურიენტები. მეორე საკითხია, რამდენად უზრუნველყოფს ეს სისტემა უნივერსიტეტში სწავლისთვის საკმარისად მომზადებული ახალგაზრდების გამოვლენას. ბევრს აინტერესებს, რით ჯობია ახალი სისტემა ძველს.

პრინციპულად უმაღლესებში მიღების სისტემა არ იცვლება. მნიშვნელოვანი პრობლემები ისევ რჩება. უმაღლესებში მოსახვედრად მხოლოდ გამოცდების შედეგებია მნიშვნელოვანი. უმაღლესები თავად ვერ არჩევენ მათ, ვისთვისაც პროგრამებს ჰქმნიან. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტებში რეალურად ვერც სარგებლობენ სტუდენტების მიერ მოტანილი გამოცდილებით.

ყურადღება პრაქტიკულად არ ექცევა იმას, თუ რას აკეთებს სკოლაში მოსწავლე გამოცდებზე მომზადების გარდა. ეს კი უმნიშვნელოს ხდის ბევრი მოსწავლისთვის სოციალური უნარ-ჩვევების შეძენას. ამიტომ სკოლას ამთავრებენ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც თვითორგანიზების, ლიდერობის, რისკზე წასვლის, რაიმეს შექმნის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის „ჰობი“ ჩაქაფულია...

დღეს სტუდენტებს საბოლოო პრეზენტაციები აქვთ. სასარგებლო გამოცდილება შეიძინეს სკოლებში პედაგოგიური პრაქტიკის გავლის დროს. ბევრმა მხოლოდ სკოლაში გააცნობიერა ის კომპეტენციები, რაც უნივერსიტეტში შეიძინა. თუმცა ბევრი კომპეტენცია მათ მაინც აკლიათ. პრეზენტაციებამდე მათ რეგისტრაცია უნდა გაევლოთ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. გახსნილი იყო ცხრილი, სადაც დღევანდელი თარიღის გასწვრივ დროის ის ინტერვალები იყო ჩამოწერილი, რომლებიც პრეზენტაციებს ეთმობოდა. სტუდენტებს საკუთარი სახელი და გვარი სასურველი დროის გასწვრივ უნდა ჩაეწერათ. რამდენიმე სტუდენტმა თვითნებურად დაამატა მისთვის სასურველი აბსოლუტურად სხვა დღე, ზოგმა კი პრეზენტაციის დროები შეცვალა. ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ავუხსენი, რომ ისინი არსებულ ჩარჩოებში უნდა ჩაეწერონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათთვის ჩვეულებრივი რამეა წესების საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და სხვებთან შეუთანხმებლად შეცვლა. ამას ჩვენ გარშემო ყოველდღე ვხვდებით. ზოგი მანქანას შუა ქუჩაში აჩერებს, ზოგი მანქანის ფანჯრიდან ნაგავს ისვრის, ზოგი კი ცხვირწინ, რიგში მდგომ ადამიანებს ვერ ამჩნევს.

28 ივნისი, ხუთშაბათი
დღის ბოლოს მეგობრებს ვხვდები. დიდხანს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ ხრავს პოლიტიკაზე გამუდმებით საუბარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს. თითქოს ჭკვიანი ადამიანები ჩვენს ირგვლივ, დღეებს პოლიტიკური პარტიების წევრების გამონათქვამების, გამომეტყველებისა და წარსულის დეტალების განხილვაში ატარებენ. ასე დაწვრილებით, მგონი, საკუთარ ცხოვრებასაც კი არ იცნობენ. ან რა უნდა გაიგონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, როდესაც სხვისი ცხოვრება მათთვის უფრო საინტერესოა? შედეგად კი არაფერი რჩება გარდა იმ დიალოგების, რომლებიც ეძღვნება იმის გარჩევას, უნდა ეთქვა თუ არა, ან როგორ უნდა ეთქვა რაიმე პოლიტიკოსს. მიხარია, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკოსები არ იმსახურებენ ჩვენს ამდენ ყურადღებას.

ვმსჯელობთ ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაციის, „ბორანის“ საქმიანობაზე. ძალიან ბევრი პროექტია დარეგისტრირებული. ბევრ ადამიანს სჭირდება საკუთარი პირობების გაუმჯობესება. თუმცა, რაც მახარებს, ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო სხვების დასახმარებლად. ჩვენს საიტზე www.borani.org, ვფიქრობ, გაცილებით მეტი კეთდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის კავშირები და ღირებულებები, რაც მებორნეების მეშვეობით ყალიბდება, გაცილებით უფრო დიდი შენაძენია, ვიდრე ის ნივთი, რომლის შესასყიდადაც შემოწირულობები გროვდება.

29 ივნისი, პარასკევი
უნივერსიტეტში სტუდენტებს შევხვდი. ბაკალავრიატის პირველი კურსის ბოლოს არჩევანს აკეთებენ ძირითადი და მეორადი სპეციალობების შესახებ. ვუხსნიდი, რატომ უნდა გახდეს ადამიანი მასწავლებელი. მოვუყევი კალიფორნიაში ჩემი ამასწინანდელი ყოფნის გამოცდილების შესახებ, როდესაც სერფინგის კურსი ავიღე. მშვენიერი მასწავლებლები მყავდა: ხალისიანი, მცოდნე და მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირებულები. ტექნოლოგიებსაც კარგად იყენებდნენ. მაძლევდნენ სპეციალურ ჩაფხუტს, რომ, ოკეანეში შესულს, რადიოს მეშვეობით მასწავლებლის ინსტრუქციების მოსმენის საშუალება მქონოდა.

ვუხსნიდი სტუდენტებს, რომ მასწავლებლები მხოლოდ შავებში ჩაცმული, საშუალო ასაკის, სკოლის დირექტორებზე გაბრაზებული, თვალებჩამქრალი ადამიანები არ არიან. ასევე ვუხსნიდი იმას, რომ მასწავლებლობა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე რომელიმე ოფისში მთელი დღე ჯდომა და კომპიუტერის ყურება.

სამწუხაროდ, მასწავლებლობა დღეს ძალიან ცოტას უნდა საქართველოში. მასწავლებლების დიდი ნაწილი არა მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწაზე, არამედ მოსწავლეების კეთილდღეობაზეც არ ზრუნავს. ბევრი, რომ სთხოვო კიდეც, მაინც არ დარჩება სკოლაში გაკვეთილების შემდეგ იმისთვის, რომ იმ მოსწავლეებს დაეხმაროს, ვისაც სწავლის პრობლემები აქვს. მე კი გამიმართლა: მყავდა ისეთი მასწავლებელი, რომელიც ერთხელ სახლშიც კი მოვიდა. ასე მითხრა, დავინახე რომ მელოდებოდი და, სამწუხაროდ, ყურადღება ვერ მოგაქციე; ამიტომ მოვედი და მითხარი, რაში დაგეხმაროო. მართალია, რომ მასწავლებელი სკოლიდან ხშირად იმიტომ გარბის, რომ დამატებითი შემოსავალი იშოვოს. თუმცა, ბევრი მასწავლებელი მინახავს, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, რომელიც მოსწავლეზე და, განსაკუთრებით, პრობლემების მქონე მოსწავლეზე ზრუნვას უკანასკნელ პრიორიტეტად მოიტოვებს.

გულგრილობა და ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ, იმის ნიშანია, რომ ადამიანები საქმით საკუთარი შინაგანი ინტერესიდან გამომდინარე არ არიან ხოლმე დაკავებული. ამიტომ არის, თავს რომ ექსპერტებად მოგვაჩვენებენ ის ადამიანებიც კი, რომლებიც იშვიათად ცდილობენ საკუთარი ინტერესის სფეროს სიღრმეებში ჩასვლას, საკუთარ სრულყოფაზე, საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნვას.

30 ივნისი, შაბათი
დღეს მივფრინავ სტამბოლში. საზაფხულო სკოლა ტარდება სოროსის ფონდის სტიპენდიატებისთვის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ამერიკაში წასასვლელად გვამზადებენ. აგვისტოდან დაწყებული, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, უნდა ვისწავლო, ვიკვლიო და ვიმუშაო განათლების საკითხებზე ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. ყველაზე ნაკლები შედეგი, რაც ამ ხუთ წელს უნდა მოჰყვეს, განათლების დოქტორის ხარისხია.

ორი წლის განმავლობაში, ნიუ იორკში, კურსები უნდა გავიარო. შემდეგ ჩამოვდივარ საქართველოში და სამი წლის განმავლობაში კვლევას ვატარებ. კვლევა განათლების პოლიტიკის შესახებ იქნება. მინდა შევისწავლო, რამდენად მოქმედებს განათლების ხარისხზე სკოლებისთვის გადაწყვეტილებების მიღების უფლებების გაზრდა. ვფიქრობ, კვლევა შედარებითი იქნება, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პოლიტიკის მქონე ქვეყნების მაგალითები იქნება გამოკვლეული.

საბოლოოდ რა იქნება თემის ფოკუსი, ეს შემდეგი წლების განმავლობაში დადგინდება. რთულია დღეს იმის თქმა, თემის დამტკიცებისას რა ფორმაზე დამთანხმდებიან. მოთხოვნები საკმაოდ მაღალია. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ორი საკვალიფიკაციო გამოცდა უნდა ჩავაბარო. შემდეგ, კომისიას კვლევის გეგმა უნდა წარვუდგინო. ერთხელ თუ დაიწუნეს, მეორედ კომისიაზე გასვლის შესაძლებლობას პროგრამა არ ითვალისწინებს. თუ ვერ დაიცავ შენს გეგმას, უნდა დაემშვიდობო უნივერსიტეტს.

აქ დღიურის წერის ჩემი თავისუფლება მთავრდება და იწყება ცხოვრება ახალი თავგადასავლებით. დროებით, ქეთის და ბავშვებს უნდა დავემშვიდობო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ს. ჯანაშია საიდან გვწერთ: სტამბულიდან
18.07.2012 15:13
მაკო. მადლობა კომენტარისთვის. თუ გაინტერესებთ რა კავშირშია ინტელექტუალური სტიმულირება რუტინულ სამუშაოსთან (კონვეიერის მაგალითსაც ნახავთ), საინტერესო წიგნია http://books.google.com/books?id=epmhVuaaoK0C&dq=Flow:+The+Psychology+of+Optimal+Experience&hl=tr&sa=X&ei=upkGUMz6OsndsgbSw-21CQ&redir_esc=y

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
17.07.2012 18:26
ცოტა გადაპრანჭული და "გაინტელექტუალებული" შესავალი აქვს დღიურს. თუმცა, მასში დასმული პრობლემატიკა აქტუალურია და საინტერესოდაა განხილული. რამდენიმე შენიშვნა მექნებოდა. აი, ისინიც:
თუკი ჯერ დოქტორის ხარისხის არ აქვს ავტორს (მომავალ 5 წელიწადში პროგრამა-მინიმუმია), პროფესორი როგორ არის? თუ საქართველოში პროფესორობა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლობას ნიშნავს და სამეცნიერო ხარისხთან კავშირი არ აქვს?
გასაგებია, რომ მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის მოიყვანა ბატონმა სიმონმა მაგალითისთვის კონვეიერზე მუშაობა. მაგრამ უკეთესი მაგალითის მოყვანაც შეიძლებოდა. რადგან არა მგონია, მასწავლებლობა რუტინული საქმე იყოს და მისი შედარება კონვეიერზე მუშაობასთან შეიძლებოდეს. გარდა ამისა, რა საერთო აქვს კონვეიერზე მუშაობისას ამ სამუშაოს უფრო სწრაფად თუ ლაზათიანად შესრულებას ინტელექტუალურ სტიმულაციასთან? საბოლოოდ მაინც მანქანას უნდა აუწყო ფეხი. ეს კოკეტობა ჩავარდნილი ნომერია.
დანარჩენს რაც შეეხება, დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ საინტერესოდ აქვს განათლების სისტემის პრობლემატიკა წარმოჩენილი.
წარმატებებს ვუსურვებ ბატონ სიმონს, რადგან მისი წარმატება საქართველოს განათლების სისტემაში შეტანილი სასიკეთო წვლილი იქნება.
ქვემოთ, ლელას კი მინდა ვუპასუხო, რომ "მარადმწვანე" სტუდენტობა არასდროსაა გვიანი (ჯერ საერთოდ ეს კონსტელაციაა ალოგიკური: "მარადმწვანე" თუა, გვიანი როგორღაა? მარადიულობამ ადრე და გვიან არ იცის). პრობლემა უფრო ისაა, 4 წლიანი საუნივერსიტეტო განათლებით სწავლას რომ "მორჩება" ადამიანი და თავი დასრულებული, შემდგარი სპეციალისტი ჰგონია.

ავტორი: londa საიდან გვწერთ: tbilisidan
15.07.2012 23:43
ბატონო სიმონ, მუდმივად თვალს ვადევნებ თქვენს სტატიებს, ვიცი, რომ ღრმად ხართ ჩახედული განათლების საკითხებში, მაგრამ დამერწმუნეთ იმდენად კომპლექსურია პრობლემა, რომ ,მე ვფიქრობ, ათეული წლები დასჭირდება მის მოგვარებას. რაც შეეხება სოციალურ პრობლემებს-თუნდაც სადამრიგებლო კლასში იმდენი პრობლემა იყო წლების განმავლობაში, რომ მე უკვე ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მჭირდება (წელს დაამთავრეს სკოლა).კლასში იყო სოციალურად დაუცველების ნაკადი, ფსიქოლოგიური პრობლემებით, დანგრეული ოჯახების შვილები,დევნილები, რომლებიც დღემდე სასტუმროსა და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ...რა,თქმა უნდა, მათთან უნდა შედიოდეს მოწესრიგებული, ყველანაირად მომზადებული მასწავლებელი, რომელიც მატ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო ლამაზს და მრავალფეროვანს გახდის, მაგრამ ამასაც წლები დასჭირდება. დეგრადირებული საზოგადოების ერთი ნაწილია მასწავლებელიც...

ავტორი: ს. ჯანაშია საიდან გვწერთ: სტამბულიდან
11.07.2012 15:12
ნინი,
აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ თვითმართველობა აუცილებელია. ბევრი ადამიანი, რომელიც თავდაპირველად თვითმართველობების დამკვიდრებას უწყობდა ხელს დღეს ფიქრობს, რომ მათი დანერგვა ნაადრევი იყო. ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან. ეს დაახლოებით იგივეა, რომ დღევანდელი პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობა საბჭოთა კავშირის შემდეგ მრავალპარტიული სისტემის შემოღების ნაადრევად შემოღებას დავაბრალოთ.
სკოლაში თვითმართველობების სისუსტე არასათანადო პოლიტიკური ნების საკითხია. პოლიტიკური ნება განსაზღვრავს იმას, ენდობა თუ არა სახელმწიფო სკოლებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ თავისუფლება მისცეს, არამედ სათანადო რესურსებიც. ამაშინ იგულისხმება ფულიც, რომლის კოლექტიურად მართვას შეძლებდნენ სკოლები საკუთარი, სკოლისთვის პრობლემატური საკითხის გადასაჭრელად. ამასთან ერთად სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს სკოლებს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების სწავლაში, ეთიკის ჩამოყალიბებაში და სხვა.
სამწუხაროდ საქართველოში სახელმწიფო ფიქრობს, რომ მასწავლებელს უნდა ვანდოთ ჩვენი შვილების აღზრდა, მაგრამ მაგალითად არ უნდა ვანდოთ იმ წიგნის არჩევაც კი, რომლითაც ეს უნდა გააკეთოს. ეს კი აბსურდია.

ავტორი: ს. ჯანაშია საიდან გვწერთ: სტამბულიდან
11.07.2012 14:59
ანანო, მე ვთვლი, რომ ადამიანი ან არის მასწავლებელი და მუშაობს მასწავლებლად და ან არა. ეს კი მხოლოდ მის ქაღალდზე დაწერილ კონტრაქტზე არ არის მხოლოდ დაფუძნებული. ექიმი, რომელიც პაციენტს უარს ეუბნება მკურნალობაზე, იმიტომ რომ მას სხვადასხვა გარემოებების გამო სხვა პაციენტებზე ჭირდება კონცენტრირება, ის ექიმი ჩემთვის აღარ არის.
ცხადია, რომ ის მასწავლებელი, რომელიც ეძებს შემოსავალს გაკვეთილების შემდეგ ნაკლებად უთმობს ყურადღებას თავის მოსწავლეებს. ისიც თავისთავად ცხადია, რომ მასწავლებლის ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს ვიდრე ის არის დღეს. მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც მასწავლებლებს ხელფასს უმატებენ ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მეტს მუშაობენ. საქართველოს ერთ რაიონში მასწავლებლები წლების განმავლობაში იღებენ დანამატს, მაგრამ მოსწავლეების შედეგები რომ შევადაროთ სხვა რაიონის მოსწავლეებისას, რეალური განსხვავება არ არის. ამის მიზეზი რა თქმა უდნა ბევრია. გარდა იმის, რომ მათი ცოდნა და უნარები იგივეა რაც სხვა რაიონში მომუშავე ადამიანების, ამას იწვევს ისიც, რომ მათი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ არ არის პირდაპირ დამოკიდებული ხელფასზე.

აქაურ მორალისტების საყურადღებოდ. მე რომ მასწავლებლობა დავიწყე 1 ლარი მქონდა ხელფასი და 9 ლარი დახმარება და ხელფასსაც რამოდენიმე თვის დაგვიანებით ვიღებდი. ამიტომ სრულიად მესმის იმათი, ვისაც სხვა საქმეების კეთება უწევს. მეც იგივეს ვაკეთებდი პარალელურად. მეორე მხრივ, 70 000 მასწავლებელში, რომელიც საქართველოში მუშაობს უამრავია, რომელიც სიამოვნებით გადავიდოდა განათლების სფეროდან სხვა სფეროში, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს და ასევე ბევრია, რომელიც აბსოლუტურად შემთხვევით არის მოხვედრილი სკოლაში და ინერციით მუშაობს იქ, სადაც მისთვის მისვლა უბრალოდ მოვალეობის მოხდაა და არა შინაგანი ინტერესი.

ავტორი: ნინი საიდან გვწერთ: რუსთავიდან
11.07.2012 13:27
ბატონო სიმონ, თქვენ იყავით პირველი მხარდამჭერი სკოლებში თვითმმართველობის დამკვიდრებისა, მაგრამ რეალურად სამეურვეო საბჭოებმა დანოუკიდებლობა ვერ მოიპოვეს. დირექტორის ნება-სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამას მანდატურიც დაემატა და შეშინებული მასწავლებელი მხოლოდ იმაზე ფიქრობს ნიშნის და არის დაჯამება არ დაავიწყდეს. თუ ათი წუთით ადრე ჟურნალი არ ჩახურე, ვაი შენი ბრალი. არადა, ხშირად გაკვეთილი ისე გაგიტაცებს, ჟურნალი, შეიძლება, არცკი გაგახსენდეს. ინსტრუქციების შესრულება მხოლოდ იმას არ ავიწყდება, ვისაც გაკვეთილი არ ანაღვლებს. სკოლაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ პრობლემებს მხოლოდ რეალური თვითმმართველობები გადაწყვეთდა, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ცენტრალიზებული მართვა გაძლიერდეს.

ავტორი: izi საიდან გვწერთ: Tbilisi
11.07.2012 02:18
ჩემო ანანო, შენს საწუხარზე ბ-ნი პროფესორი არ დაფიქრებულა, მას სხვა მძიმე ტვირთი აქვს მხრებზე, თან რასაც ბოლო 9წელი შეალია სულ წყალში ჩაუყარეს და მხართეძოზე წამოწოლილები ეძახეს (მე პირადად მხოლოდ მაია მიმინოშვილი არ მიგულისხმია). ახლა წავა ამერიკაში წინათ რომ მენტალობა შეუცვალეს არ გამოადგა, გადაუკეთებენ და რაღაც განსხვავებულს ჩამოგვიტანს. ჩვენ კი ჩვენი 320ლარით იქ ვერასოდეს მოვხვდებით ცვენი თვალით რომ ვნახოთ

ავტორი: მასწავლებელი.. საიდან გვწერთ: საქართველოდან
08.07.2012 17:45
წარმატებებს გისურვებთ ბატონო სიმონ..დარწმუნებული ვარ, თქვენი ბევრს სჯერა..ღმერთმა უმრავლოს ჩვენს პატარა ქვეყანას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ცოდნისმოყვარე ოჯახიშვილები.. კიდევ უფრო წარმატებული და ბედნიერი დაგვიბრუნდით..

ავტორი: სიკო
08.07.2012 01:03
ნაცმოძრაობაზე და მასთან ასოცირებულ ადამიანებზე ალერგია მჭირს. ჩემსავით ძალიან ბევრია.
ნაცებო, როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე - წასვლითაც, რა.

ავტორი: ს. ჯანაშია საიდან გვწერთ: სტამბული
07.07.2012 03:25
ზურაბ,
შექმნაში შეიძლება ბევრი რამ იგულისხმებოდეს. მაგალითად შეიძლება ეს იყოს რაიმე სირთულის გადაჭრის გზა, რაიმეს გაუმჯობესების პროექტი და სხვ. დიდი განსხვავებაა, როდესაც მაგ. მოსწავლეს ვეკითხებით წიგნში დაწერილი ბიოგრაფიის დეტალს, და როდესაც ვთხოვთ, რომ თავად დაწეროს იმავე პიროვნების ბიოგრაფია და გამოაქვეყნოს ინტერნეტში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი მოსწავლეების გაკეთებული პროექტები. http://www.youtube.com/watch?v=8Wh1ML1He1I

ავტორი: nana საიდან გვწერთ: ra mniSvneloba aqvs
04.07.2012 23:32
ამერიკაში და სტამბულში გასწავლიან ქართული, როგორ ვისწავლოთ. რის სწავლაზე და სერტიფიცირებაზეა საუბარი, ჯერ საკითხი ასე დგას, ქართული საერთოდ ვისწავლოთ, თუ სულ ცოტა ვისწავლოთ. ამის გარკვევას თუ სტამბული და ვაშინგტონი უნდოდა არ ვიცოდი. კეთილი მგზავრობა. დარჩი სანამ არ გაარკვევ ამ საკითხს სტამბულში

ავტორი: ასტრონომიის პედ-ა -გოგი საიდან გვწერთ: სკოლიდან
04.07.2012 14:37
ავტორი: anano საიდან გვწერთ: tbilisidan
02.07.2012 19:49-შვილო ანანო, ესენი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, მისი სახელია მიშთარი, ნაცმოძრაობის თანავარსკვლავედი, უზრუნველყოფილთა გალაქტიკა...

ავტორი: Salome
04.07.2012 13:35
ზოგადად ტექსტი ნათარგმნს უფრო გავს :) ან უცხოელის დაწერილს ძალიან კარგად რომ იცის ენა, მაგრამ მაინც როგორღაც არაბუნებრივად ჟღერს - "არსებობის ამბავს რომ გვამცნობს", "პატარა ადამიანების ჯგუფი რომ მხვდება", "საკონტროლოს სწორად დაწერა", "რომელიც უკანასკნელ პრიორიტეტად მოიტოვებს" და ა.შ. მაგრამ როგორც მოძმე ამერიკელი ხალხი იტყოდა Who cares? წარმატებებს ვუსურვებ ბატონ სიმონს, რომელიც ჩემი აზრით ძალიან განათლებული და სასიამოვნო პიროვნებაა.

ავტორი: ლონდა საიდან გვწერთ: თბილისი
04.07.2012 02:59
ბატონო სიმონ, გეთანხმებით , რეალურად ასახავთ განათლების სიტემის მდგომარეობას. მე თვითონ სერთიფიცირებული პედაგოგი გახლავართ და სიყვარულით ვემსახურები ჩემს საქმეს, მაგრამ მხოლოდ ერთიოროლა ადამიანის ენთუზიაზმი საქმეს ვერ უშველის. მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ამ საქმეში არაკომპეტენტურობაა...მაგრამ აბა მასწავლებლის თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს-მინიმალური ხელფასით აკეთო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე , თანაც ხშირად საჭირო საქმეზე დამატებით შეასრულო უამრავი გაუგებარი ინსტრუქციები (წლების განმავლობაში უამრავი სისულელე ვაკეთეთ) ეს შეუძლებელია. სწორედ განათლების სისტემაშია ახლა კორუფცია-უამრავი უცოდინარი ტრენერია, რომელიც დაღლილ,მისავათებულ მასწავლებელს თითქოს სასწავლებლად იბარებს და ატყუებს უბრალოდ.არასამთავრობო სექტორი ხომ მხოლოდ ნაცნობობით არის ხელმისაწვდომი. ჯოხის გადასატეხი ისევ უბრავლო მასწავლებელია,რომელიც თავს ძლივს ირჩენს და ჩაქაფულზე რომ იფიქრებს, ნუღა გაგიკვირდებათ (ასევე უამრავი მოსწავლეა სოციალურად შეჭირვებული) . თვენ კი მიდიხართ, ბატონო სიმონ, ამერიკაში-ისე წასვლამდე ერთი რამ რომ გაგეკეთებინათ, უკეთესად გაერკვეოდით ქართველი ხალხის მდგომარეობაში და სარკაზმიც არ დაგჭირდებოდათ- რომელიმე ხალხმრავალ ადგილას დადექით და თუნდაც ათი წუთით ყველა გამვლელს დაკვირვებული თვალით შეხედეთ... პ.ს. ალბათ ძალიან ვჩქარობთ, დრო უნდა ადამიანებში თვითშეგნების ამაღლებას, სამწუხაროდ...

ავტორი: ანონიმი
03.07.2012 21:32
პროფესორი სწავლის გასაგრძელებლად მიდის. "რაის პროფესორი ხარ, ბიჭო, შეენ!".

ავტორი: ზურაბი საიდან გვწერთ: ბათუმიდან
03.07.2012 19:31
შედეგში კი, ცხადია, მასწავლებლის მიერ თავსმოხვეული თამაშიდან თავის დაძვრენა კი არ იგულისხმება, საკონტროლოს სწორად დაწერა ან სწორი პასუხის გამოცნობა, არამედ ისეთი რამის შექმნა, რაც მანამდე არ არსებობდა და რითაც მოსწავლე იამაყებდა.
მოიყვანე ერთი მაგალითი მაინც ამ საკითხთან დაკავშირებით.. აი მაგალიტად რას შექმნიდი მოსწავლეებთან ერთად, გამარკვიე რას გულისხმობ "შექმნაში"...

ავტორი: ლელა საიდან გვწერთ: საქართველოდან
03.07.2012 18:49
იქნებ ამერიკაში წასვლის ნაცვლად მასწავლებლად დაეწყო საჯარო სკოლაში მუშაობა, ბატონ სიმონს?! ეს ნამდვილად მამულიშვილური საქმე იქნებოდა! რატომ ჰგონია, რომ მისთვის და უნივერსიტეტებში დასაქმებული მისთანა მაღალანაზღაურებადი "პროფესიონალისთვის" შეურაცხმყოფელია სკოლაში მუშაობა?! ადვილია კრიტიკა და სხვისი განსჯა!!! ჯერ თვითონ სცადოს! მის ასაკში ცოტა გვიანი ხომ არ არის მარადმწვანე სტუდენტად ყოფნა?!

ავტორი: ანონიმი
02.07.2012 22:10
"იმ მოსწავლეებს დაეხმაროს, ვისაც სწავლის პრობლემები აქვს" - ცუდი ქართულია. სწორია: "რომელთაც სწავლა უჭირთ". ამან ვის რა უნდა ასწავლოს.

ავტორი: ანონიმი
02.07.2012 21:48
ჯერ მწარე ჭამე კვლა ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა. პერესტროიკის შემდეგ რა თქმა უნდა სიამოვნებით სწავლას ეძლევა უპირატესობა.

ავტორი: anano საიდან გვწერთ: tbilisidan
02.07.2012 19:49
ბატონო სიმონ, მე მყავს დედა მასწავლებელი, 28 წლიანი სტჟით, გამოცდებიც ჩააბარა და 60 ლარი დაემატა, ახლა იღებს 320 ლარს ხელზე, აქედან ჩემი სწავლის ფულს იხდის, კომუნალურ გადასახადებს, ბანკის ვალს კომპიუტერი რომ გამოვიტანეთ და რა ღცება მიხვდებით. ამიტომ იძულებულია კერძო მოსწავლეები აიყვანოს და სკოლის მერე მთელი დღე მათ ამეცადინებს, ხანდახან სადილის გაკეთებას კი არა გაკეთებულის ჭამასაც ვერ ასწრებს, კიდევ ჩამორჩენილი მოსწავლეები რომ ამეცადინოს არ ვიცი რა ეშველება? ნუთუ არ შეიძლება მასწავლებელს ისეთი ხელფასი ჰქონდეს, რომ არ სჭირდებოდეს ფიქრი რით გამოკვებოს ოჯახი? და კიდევ ვის მოუვიდა აზრად მასწავლებელს ყოველ წელს გაუწყვიტოს ხელშეკრულება და ანერვიულოს იმაზე გაუგრძელებენ თუ არა? რა უნდა ქნას 55 წლის მასწავლებელმა თუ მას ხელშეკრულებას არ გაუგრძელებენ? იმისათვის რომ კარგად იმუშავო საჭიროა მოტივაცია და ნორმალური სამუშაო პირობები.

ყველაზე პოპულარული