Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აივინფექციის შესახებ ახალგაზრდების ცოდნის დონე დაბალია


“საქართველოში აივინფექციის პროექტის” ფარგლებში, ახალგაზრდების ქცევაზე ზედამხედველობის გამოკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. გამოკვლევის ავტორებმა შეისწავლეს ახალგაზრდების ცოდნა აივინფექცია/შიდსის შესახებ და მათი დამოკიდებულება როგორც დაავადების, ასევე თავად დაავადებულების მიმართ. როგორც მკვლევარები აცხადებენ, ამ საკითხის შესახებ ახალგაზრდებმა თითქმის არაფერი იციან.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ქცევაზე ზედამხედველობის გამოკვლევა თბილისის სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის ჩატარდა. კვლევამ სულ 2000 ახალგაზრდა მოიცვა, მათი ასაკი კი 15-დან 24 წლამდე მერყეობდა. როგორც ”საქართველოში აივინფექციის პროექტის” წარმომადგენლები ამბობენ, ეს არის პირველი მასშტაბური გამოკვლევა, რომლის მთავარ მიზანია აივ/შიდსთან მიმართებაში ახალგაზრდების ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქცევის შესახებ აქტუალური ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რათა თბილისში, სადაც აივ პოზიტიური შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება, უფრო ზუსტად დაიგეგმოს ახალგაზრდებზე მიმართული აივინფექციის პრევენციული ღონისძიებები. აი, რას ამბობს პროექტის დირექტორი მამუკა ჯიბუტი:

”ცოდნა აივინფექციის შესახებ, ამ ინფექციის გადაცემის გზების შესახებ საკმაოდ დაბალია. არსებობს ხუთი სტანდარტული შეკითხვა, რომელიც გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით იმის გამოსარკვევად, თუ რა ცოდნა აქვს ადამიანს აივ-შიდსთან დაკავშირებით, და უნდა ითქვას, რომ ხუთივე კითხვაზე სწორი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 10-მა პროცენტმა გასცა.”

რაც შეეხება სტანდარტულ კითხვებს, რომლებზეც ახალგაზრდების 90-მა პროცენტმა სწორი პასუხი ვერ გასცა, ასეთი შინაარსისაა: შეიძლება თუ არა, რომ აივინფიცირებულთან საკვების გაზიარებით დაინფიცირდე? შეიძლება თუ არა, რომ აივინფიცირებული ჯანმრთელად გამოიყურებოდეს? გადადის თუ არა აივინფექცია კოღოს ნაკბენით? კონდომის გამოყენება ამცირებს თუ არა აივინფიცირების რისკს?

გამოკვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ გამოკითხული ახალგაზრდები აივინფიცირებულებთან დამოკიდებულებაში დისკრიმინაციული შეფასებების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. ამ მხრივ განსაკუთრებით ჭარბობენ ვაჟები, რომელთა ასაკიც 15-დან 17 წლამდე მერყეობს. რაც შეეხება დისკრიმინაციის ფორმებს, მაგალითად, გამოკითხულთა 65 პროცენტი ამბობს, რომ არ მისცემდნენ შვილს აივინფიცირებულ ბავშვთან თამაშის უფლებას. ან კიდევ, აივინფიცირებულ მასწავლებელს არა აქვს უფლება ასწავლოს სკოლაში და უნივერსიტეტში. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ აივინფიცირებულები საზოგადოებისაგან იზოლირებულად უნდა ცხოვრობდნენ.
ეს კვლევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობა არცთუ ისე კარგად არის ინფორმირებული ...
გიგი წერეთელი

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველოში ახალგაზრდებს შორის აივინფექცის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია, კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი აქტივობა ადრეული ასაკიდან იწყება, ხოლო ინფექციის გადაცემის გზებისა და პრევენციული მეთოდების შესახებ ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია. მაგალითად, სქესობრივად აქტიური ვაჟების თითქმის ნახევარმა აღნიშნა, რომ სქესობრივი კონტაქტი ჰქონია სექსმუშაკთან.

გამოკვლევის შედეგების ანალიზი მოგვცემს საშუალებას, რომ დავგეგმოთ სახელმწიფო პოლიტიკა აივ-შიდსთან მიმართებაში, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი:

”ეს კვლევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობა არცთუ ისე კარგად არის ინფორმირებული. ამიტომ სქესობრივ ცხოვრებასთან, ნარკოტიკებთან, აივინფექციასთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებს დამატებითი, მიზანმიმართული კამპანიების წარმოებას.”
წელიწადში ინექციური ნარკომანების მხოლოდ 10 პროცენტს იკვლევენ, მაშინ როდესაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს რისკის ჯგუფების არაუმცირეს 80 პროცენტის გამოკვლევა ...
თენგიზ ცერცვაძე

ამ ეტაპისათვის იმ პროგრამის ბიუჯეტი, რომელსაც სახელმწიფო შიდსთან ბრძოლის მიზნით ახორციელებს, სამ მილიონ ლარს შეადგენს. უფასო ტესტირება, აივინფიცირებულებსა და მათთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობა, შიდსის საკითხებში სამედიცინო პერსონალის მომზადება და სხვ. - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც აღნიშნული პროგრამა გულისხმობს.

როგორც შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უზრუნველყოფილია უკლებლივ ყველა ინფიცირებულის სრული უფასო მკურნალობა და მიდის მუშაობა იმაზე, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს, მაინც არსებობს სუსტი რგოლი, რომელიც შიდსთან ბრძოლას ნაკლებეფექტურს ხდის. საქართველოში მაღალი რისკის ჯგუფების გამოკვლევა არასაკმარისი მოცულობით მიმდინარეობს.

”პირველ რიგში, ესენი არიან ინტრავენური ნარკომანები, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები, ვენდაავადებულები, ჰომოსექსუალები და ა.შ. კერძოდ, წელიწადში ინექციური ნარკომანების მხოლოდ 10 პროცენტს იკვლევენ, მაშინ როდესაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს რისკის ჯგუფების არაუმცირეს 80 პროცენტის გამოკვლევა”, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2012 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით 3216 ადამიანია ინფიცირებული. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. უკანასკნელი სამ თვეში კი აივინფექციის 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
XS
SM
MD
LG