Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა


გალი
გალი
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა დღეს რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო გალის რაიონის სოფელ თაგილონში 15 თებერვალს მომხდარი ინციდენტი. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მეათეკლასელ მამუკა ფიფიას. თუმცა შვილის ცემის ფაქტი 16 თებერვალს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, უარყო მამუკა ფიფიას დედამ, მანანა ფიფიამ.

მანანა ფიფიას ამ ინფორმაციისგან განსხვავებდა ცნობა, რომელიც ენგურის ხიდთან დღეს შეკრებილმა ჟურნალისტებმა მიიღეს გალიდან დაბრუნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილისგან. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფების შეხვედრაზე მამუკა ფიფიას შეურაცხყოფის ფაქტი დადასტურდა.

"შეხვედრაზე მომხდარი დადასტურდა, მაგრამ თავის მხრივ, რუსმა მესაზღვრეებმა უარყვეს კავშირი მამუკა ფიფიასა ცემის და მისთვის ქართულენოვანი სახელმძღვანელოების დახევის ფაქტთან. დაგვპირდნენ, რომ მომხდარს ბოლომდე გამოიძიებენ, რამდენად შეიძლება ვენდოთ ამ დაპირებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს შოთა უტიაშვილი.

შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრება, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე 22 თებერვალს მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. უტიაშვილის განცხადებით, თბილისის დელეგაციას სოხუმის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ შეზღუდვები უახლოეს მომავალში მოიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა ქართველ მეზღვაურებზე, რომლებიც თითქმის ერთი წელია სოხუმის პორტში, თურქეთის კუთვნილ გემზე იმყოფებიან. შოთა უტიაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ოთხი ქართველი მეზღვაურის პრობლემის მოგვარებას სხვა ფორმატით ცდილობს, რადგან ისინი აფხაზური მხარის მიერ დაკავებულები არ არიან. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საკითხი გასარკვევია არა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან, არამედ თურქეთის კერძო კომპანიასა და მეზღვაურებს შორის. რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შემდეგ შეხვედრას, ის ქალაქ გალში 23 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG